მთავარი,სიახლეები

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია

05.07.2017 •
ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი გადაწყვეტილია

„ბათუმის ავტობუსების პროექტის“ დასაფინანსებლად სესხისა და გრანტის მიღების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საუბარია 500 ათასი ევროს ოდენობის სესხზე და 1,5 მილიონი ევროს გრანტზე. ამ თანხით ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შეძენა იგეგმება. ბათუმის მერიაში ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით დეტალებს არ ახმაურებენ.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებების ტექსტების მიღების მიზნით მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა დაწყებულია. ეს მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროცაა ჩართული, უახლოეს 10 დღეში უნდა დასრულდეს და შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმდეს.

ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ ბათუმში პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ბათუმის მერია დეტალების გახმაურებას [სესხის პირობები და სხვ.] სწორედ პრეზენტაციაზე გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით საუბარია ქალაქისთვის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ახალი ავტობუსის შეძენაზე, რაც ძველი მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად საკმარისი არ არის. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, 16 სამარშრუტო ხაზზე ყოველდღიურად 107 ავტობუსი მოძრაობს, მწყობრში კი სულ 130 ავტობუსია [ამას ემატება 6 ავტობუსი, რომლებიც ქალაქგარეთ მოძრაობს].

ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე ბოლო რამდენიმე წელია მიდის საუბარი. ინფორმაცია, რომ ახალ ავტობუსებს ბათუმის მერია იბიარდის დახმარებით შეიძენდა, 2 წლის წინ გავრცელდა.

IMG_20170704_101236

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი / 4.07.2017

გადაბეჭდვის წესი


ასევე: