რა ფილმებს ნახავთ დღეს და ხვალ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ბათუმში

ბათუმში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი” მიმდინარეობს.  ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიწყო ხულოში, ქედასა და ქობულეთში ფილმების ჩვენებით, 5 ოქტომბერს კი ბათუმში გადმოინაცვლა. „ბათუმელები“ გთავაზობთ 6-7 ოქტომბრის საფესტივალო პროგრამას. ანიმაციური ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

6 ოქტომბერი, პარასკევი

ბათუმის თოჯინების თეატრი, 12 საათზე:

საუკეთესო საბავშვო ფილმი; ჰელუ ბერლუ; სახე; ქარი ჩალებში; ნეგატიური სივრცე; თხები; კავშირი; წარმოსახვა; ღილაკი.

ბათუმის თოჯინების თეატრი, 14 საათზე:

საუკეთესო საბავშვო ფილმი; კურდღლები 10. ვინ მოიპარა ჩიტის სახლი; მთვარის გოგონა; პატარა არსება; მიწა ბოროტების გარეშე; ახალი ჩანაწერი; ცდა და შეცდომა; ბებია; მარტორქა; ეთნოფობია.

ბათუმის თოჯინების თეატრი, 16 საათზე:

საუკეთესო საბავშვო ფილმი; ჰელუ ბერლუ; სახე; ქარი ჩალებში; ნეგატიური სივრცე; თხები; კავშირი; წარმოსახვა; ღილაკი.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, 17:00 საათზე:

საუკეთესო სტუდენტური ფილმი; აპრიორი; დატოვე ანაბეჭდი; პენელოპა; დამბლა; ცეცხლის დღესასწაული; სახლში აღზრდილი; ოჰ, დედა!; ღამე მშვიდობისა ყველას!; ცა ჩვენს შორის; ყუთი.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, 19 საათზე:

საუკეთესო სტუდენტური ფილმი; წინააღმდეგობის გადალახვა; 0 გრადუსზე ქვევით; გზიდან აცდენილი; წვერი; როგორც პატარა ჩიტი, მე…; მექანიკური; ცისფერი ნოტა; მე მინდა…; მუკო; ბაოზა; შერლოტი; მგზავრი.

7 ოქტომბერი, შაბათი 

ბათუმის თოჯინების თეატრი, 10 საათზე

ექო თოფუზის ვორქშოფზე შექმნილი ფილმები.

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, 10 საათზე

ბავშვების მიერ შექმნილი ფილმები; საუკეთესო საბავშვო ფილმი.

ფილმების ჩვენების გარდა ფესტივალის ფარგლებში ბათუმში არაერთი ვორქშოპი გაიმართება. „თოფუზი“ 7 ოქტომბერს, ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრში 20 საათზე დაიხურება.

ფესტივალის მიზანია ქართული ანიმაციური ფილმწარმოების განვითარებაა საქართველოში და შემდეგ მისი ინტეგრაცია მსოფლიოში.

საკონკურსო კატეგორიაში გასულ ფილმებს ორი ჟიური ექვს კატეგორიაში შეაფასებს: საბავშვო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო ფილმი”, საერთაშორისო ჟიური კი დაასახელებს გრანპრის მფლობელსა და გამარჯვებულებს ნომინაციებში: „საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის”, „საუკეთესო სტუდენტური ფილმი”, „ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი”, „საუკეთესო დებიუტი” და „საუკეთესი ტელესერიალი”. გარდა ამისა, გამოვლინდებიან საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარისტი, საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო ტექნიკით შესრულებული ფილმი.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „თოფუზის” ორგანიზატორია ანიმაციის განვითარების ფონდი. ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შპს „მიფასის“ მხარდაჭერით.

ბათუმში მოქალაქეებმა ტროტუარები მიიტაცეს

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კერძო სახლების მესაკუთრეებს ტროტუარები აქვთ მიტაცებული. ასეთი დაახლოებით შვიდი ოჯახია, ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც იქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, მშენებელი დავიდოვია, რომელიც ბათუმში კომპანია DS ჯგუფით ოპერირებს. ამ ბიზნესმენის სამსართულიანი სახლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 117 ნომერში დგას. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი მარინა დავიდოვას საკუთრებაა.

დავიდოვის სახლის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ამ სახლის მფლობელს ტროტუარი 100%-ით აქვს შემოღობილი
დავიდოვის სახლის ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ამ სახლის მფლობელს ტროტუარი 100%-ით აქვს შემოღობილი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი

სერგეი დავიდოვისთვის გვინდოდა გვეკითხა, გავლენიან ბიზნესმენს მაინცა და მაინც ქალაქის 30 კვადრატული მეტრის მიტაცება რაში დასჭირდა. დავიდოვისთვის ამ კითხვის დასმა ვერ მოვახერხეთ.

როგორ ვერ შენიშნა ბათუმის მერიამ მსგავსი თვითნებობა და როგორ ვერ აღკვეთა ის? – ამ კითხვით ბათუმის მერიას მივმართეთ. ჯერჯერობით მერიისგან პასუხს ველოდებით. უწყებას ასევე ვთხოვეთ განმარტოს, თუ აპირებენ დაუბრუნონ ქალაქს მიტაცებული ტროტუარები? – ცხადია, მათ განმარტებას ამ საკითხზეც დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი

 

 

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიტაცებული ტროტუარი

რა შეიცვალა ენმ-დან ევროპულ საქართველოში გადასვლით – მერობის კანდიდატის ხედვები

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის შემდეგ პეტრე ზამბახიძე პარტიიდან წასულებს, უგულავა-ბოკერიას ფლანგს შეუერთდა. მათ საკუთარი პარტია – „ევროპული საქართველო“ შექმნეს.

პარტია, რომელთანაც წლების მანძილზე ურთიერთობა აკავშირებდა, მისივე განმარტებით,  რიგ საკითხებთან მიმართებაში „განსხვავებული პოზიციების გამო“ დატოვა. 2012 წლამდე პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით სამი მოწვევის უმაღლესი წევრი იყო. ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც ის ამ პარტიის კვოტით მოხვდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე  პეტრე ზამბახიძე „ევროპული საქართველოს“  ბათუმის მერობის კანდიდატია, ყოფილი თავისი პარტიიდან მას ლევან ანთაძე  უწევს კონკურენციას.

ბატონო პეტრე, რატომ უნდა ავირჩიოთ ევროპული საქართველო, ამ პარტიის ლიდერებმა ხომ იგივე გზა გაიარეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა?

ჩვენი გაერთიანება ევროპული ღირებულებების პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის ძირითადი მიზანია პროფესიონალები მოვიდნენ თვითმმართველობაში მაღალ თანამდებობებზე. მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ  პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია. ჩვენი მთავარი მესიჯია აღმოვფხვრათ კორუფცია ბათუმის მერიაში და პროფესიონალებს მიეცეთ საქმის კეთების საშუალება. ჩვენი გეგმა და შეთავაზება არის რეალისტური და არასდროს  დავემსგავსებით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც უამრავი დაპირება მისცა საზოგადოებას, მაგრამ ძირითადი მათგანი არ შეასრულა.

თქვენი მთავარი დაპირება რა არის?

ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმ ნაწილში, სადაც არც ერთ დროს არ მომხდარა განვითარება და გზების კეთილმოწყობა, ისევე როგორც ქუჩების და ეზოების მოწყობა და რეაბილიტაცია. ჩვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაკეთდეს გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის ზრდაში, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ბულვარის გაგრძელებამ თავის დროზე საზოგადოებას დაანახა, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ამ მზარდი პოტენციალის გამოყენება იქნება  ბულვარის გაგრძელება კვარიათამდე, გონიოს ყოფილი პოლიგონის გამოყენებას ვგეგმავთ საინვესტიციოდ. თვითმმართველობის ბიუჯეტი მოიზიდავს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და ცოტათი მაინც გააუმჯობესებს პირობებს იქ დასაქმებული ადამიანებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი პროექტი არის სპორტული მოედნებისა და სტადიონების რეაბილიტაცია. ასევე, მთავარი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს, არის ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც  გაუსაძლის პირობებში, ე.წ „მუყაოს ქალაქში“ ცხოვრობენ.  ჩვენ მათ შევთავაზებთ დახმარებას ბიუჯეტიდან. ბიუჯეტი  ბათუმის მუნიციპალიტეტში არის ძალიან მაღალი, უბრალოდ ეფექტურად არ იხარჯება და, ძირითადად, ფუფუნებისთვის, ცალკეული ისეთი ღონისძიებების მოწყობაზეა მიმართული, რაც სიცილსაც კი იწვევდა. პირველ ეტაპზე  ავაშენებთ სოციალურ სახლებს  იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უმძიმესი პირობები აქვთ. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთრება გაფორმებული არა აქვთ და ბევრი სხვა პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ცვლილება საპენსიო ზრდის თვალსაზრისით.  ჩვენ ბიუჯეტიდან შევძლებთ ბათუმში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, დავაწესოთ პენსიაზე თვითმმართველობის დანამატი.

მაინც რა ოდენობის დანამატზე საუბრობთ?

50 ლარის დანამატზე ბათუმში მცხოვრები პენსიონერებისთვის,  ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი.

დათვლილი გაქვთ ამ ყველაფერს რა თანხა სჭირდება და რამდენად რეალურია ეს?

ჩვენ ზუსტად ვიცით ის პროგრამები და ყველა პარამეტრი, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის ხარჯების დაფინანსებისთვის.  სამწუხაროდ, ამას არ ანგარიშობს და არ ითვლის არც ერთი სხვა პოლიტიკური გაერთიანება, მით უმეტეს ხელისუფლება. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ დღეს აჭარაში და ბათუმში დარჩენილი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია და ეს ხარჯები იქნება დაფინანსებადი.

მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმის ბიუჯეტის სამოცდაათი პროცენტი ნაშთის სახით რჩება აჭარის ბიუჯეტში. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით აბსოლუტურად შესაძლებელია იმ პრობლემების მოგვარება, რაც მოსახლეობას აქვს. ვგეგმავთ ხელფასების ზრდას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ თვითმმართველობის დაბალ საფეხურზე, რომლებიც დასაქმებულები არიან განათლების, ხელოვნებისა და ასეთი ტიპის დაწესებულებებში. ესენი არიან ბაღის მასწავლებლები და შემოქმედებითი მუშაკები, სპორტის მესვეურები და ავტობუსების გამცილებლები, მეეზოვეები… მეეზოვეებს უწევთ უმძიმეს პირობებში მუშაობა – სიცხეში და სიცივეში, მაგრამ მათი ანაზღაურება მერყეობს 250-ლარიდან 500 ლარამდე. ამ ადამიანების მხარდაჭერა არის უპირველესი საზრუნავი თვითმმართველობისთვის. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ საზოგადოების ჩართულობითა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციით შევძლებთ ასეთი ტიპის პრობლემების უფრო მეტად გამოკვეთას, მიზნობრივ ჯგუფებამდე მიტანას და მათი პირობების გაუმჯობესებას.

ასევე მნიშვნელოვანია ღია მმართველობა, რასაც ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას. ქალაქის მერი არ იქნება კაბინეტში ჩაკეტილი და არც მხოლოდ ძვირადღირებული ღონისძიებების სტუმარ-მასპინძელი. ქალაქის მერი იქნება თითოეულ  უბანში, ქუჩაში და ყოველდღიურად. ქალაქის მერის მობილურის ნომერი ექნება ყველას.

ანუ მერობის შემთხვევაში ყველა ზარს უპასუხებთ, ამას ჰპირდებით ამომრჩეველს?

რა თქმა უნდა, თორმეტი წელია ეს ნომერი მაქვს, თუმცა ხანდახან ტელეფონი ითიშება. მინდა გითხრათ ასევე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდული პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს თვითმმართველობას აუცილებლად სჭირდება. ჩვენს მიზნებშია ასევე გარემოს ადაპტირება და უსინათლოების უფლებების დაცვა.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ჩვენ გვაქვს, არის ის, რომ განვითარების პირობებში საჭიროა როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სახანძროს ახალი კერები. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვფიქრობთ გავიზიაროთ ის პრაქტიკა, რაც არის ევროპის ქვეყნებში. მუნიციპალური ბიუჯეტიდან შევისყიდით სატრანსპორტო საშუალებებს, პირველ რიგში საჭიროა კიბე, რომელიც მრავალსართულიანი მშენებლობის პირობებში ქალაქს უნდა გააჩნდეს. საჭიროა ხანძრის ჩაქრობის ეფექტური საშუალებები. სამწუხაროდ, ეს პარკი არ არის განახლებული, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების პარკის განახლება. ამ ყველაფერს  მოქმედი ხელისუფლებაც დაჰპირდა მოსახლეობას, მაგრამ არ შეუსრულა.

და თქვნ შეასრულეთ, როცა ხელისუფლებაში იყავით?

მანამდე? – არასწორია. ეს არის ოთხწლიანი გეგმა. თუ თქვენ რეალურად გადაავლებთ თვალს, რაც გაკეთდა, შეგიძლიათ შეადაროთ იმ განვითარებას, ან შეჩერებას, რაც ამ ბოლო  სამი წლის განმავლობაში იყო. ნებისმიერი სამი წელი შეადარეთ მანამდელ სამ წელს. რაც ადრე არ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მე გეუბნებით რეალურ ოთხწლიან გეგმაზე, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაშიც შეიძლება ყველაფერი ვერ გაკეთდეს. ერთხელ გაკეთდეს და დამთავრდეს – ასეთი რამე არ ხდება, ქალაქი ცოცხალი მექანიზმია.

ქალაქში მნიშვნელოვან პრობლემაა დაუგეგმავი მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ამ მხრივ მაშინაც იყო პრობლემები, როცა თქვენ  მმართველ პარტიაში იყავით… 

მომეცით უფლება ვთქვა, რომ ამ პერიოდში თუნდაც ორ და სამსართულიან ძველ სახლებს ზემოდან აშენებენ, ამორტიზებულ სახლებს თუნდაც გამაგრების პირობებში. ეს არის  მიუღებელი. ეს ცვლის გარემოს და პარკირების პრობლემა ასეთ დროს კიდევ უფრო მწვავე ხდება. ჩვენ გეგმაში გვაქვს ქალაქის განვითარების გეგმის მომზადება და მისი დამტკიცება. ოღონდ k2 კოეფიციენტის ცვლილება მეგობრობით და ნაცნობობით არ უნდა ხდებოდეს, არამედ საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. უნდა იყოს ერთიანი წესი ყველასთვის.  მათ შორის იმ ადამიანების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ინვესტორის მოლოდინში არიან, მაგრამ ქალაქის განვითარება, ინვესტორები და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანები – ეს კომპონენტები ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ძველ ბათუმში მაღალსართულიანი სახლები არ უნდა შენდებოდეს.

იმ ძეგლებზე რას იტყვით, რომელებიც არ არის სახელმწიფოს საკუთრებაში და დანგრევის პირასაა?

მათზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ – თვითმმართველობამ სხვადასხვა პროექტით უნდა მოაწესრიგოს ისე, რომ ეს სახლები საცხოვრებლად იყოს ნორმალური. ეს იმ შემთხვევაში, როცა იქ ინვესტორის ინტერესი ნაკლებია.

თუ შეიძლება დააზუსტეთ – ამ დრომდე და წინა ხელისუფლებაშიც ინვესტიციის შემოსვლა კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე არასწორი იყო? 

რა თქმა უნდა. ამას ადრეც ვამბობდი, არ მომწონდა. ვფიქრობ, ჩვენ ინვესტიციების შემოსვლასაც ხელს შევუწყობთ და განვავითარებთ ბათუმს იმ ნაწილში, სადაც მართლა საჭიროებს განვითარებას.

მშენებლობები ისევ ისე უნდა გაგრძელდეს ქალაქში, თუ შეცვლით რამეს?

ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ ამ განვითარებამ არ უნდა შექმნას განუვითარებლობის შთაბეჭდილება. არ უნდა შეიქმნას ქალაქში ჰაერისა და მზის სხივების მოძრაობის პრობლემა.

„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“

სანამ „ქართული ოცნება“ შუახევის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად წარადგენდა, ფრიდონ ფუტკარაძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ძალოვან უწყებაში  ფრიდონ ფუტკარაძე 2004 წლიდან მუშაობს. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი შუახეველ ამომრჩეველს და რატომ გადაწყვიტა შსს-დან თვითმმართველობაში გადანაცვლება? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო ფრიდონ, 14 წელია პოლიციაში მუშაობთ და რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობაში გადასვლა. რატომ გახდა მერის თანამდებობა თქვენთვის საინტერესო?

სანამ პოლიციაში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვიყავი პედაგოგი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში 7 წელი იურიდიული სამსახურის უფროსი. იქედან პროკურატურაში გადავედი, სადაც განხორციელდა რეფორმა და პროკურატურის რაღაც ნაწილი შეუერთდა შსს-ს. ასე მოვხვდი შსს-ში. იურისტი ვარ პროფესიით და შსს და პროკურატურაც ერთ-ერთი მიმართულებაა  სამართლის დარგის. მანამდე მოსამართლის თანაშემწეს გამოცდები მაქვს ჩაბარებული, ადვიკატურის… მე კომფორტულად ვგრძნობდი ყველგან თავს.

და რომელია რეალურად თქვენი სფერო, პოლიცია თუ თვითმმართველობა?

თვითმმართველობაშიც მაქვს გამოცდილება.

ძალოვანი უწყება სხვა სისტემაა, ვერტიკალური მმართველობა ახასიათებს, თვითმმართველობა სულ სხვაა და რატომ გაგიჩნდათ სფეროს შეცვლის სურვილი?

მე მქონდა შემოთავაზება პოლიტიკური გუნდის მიერ და ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი მუნიციპალიტეტისთვის და ხალხისთვის ამ პოზიციიდან უფრო მეტს გავაკეთებდი.

დღეს ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ კი არ გააძლიერა თვითმმართველობა, არამედ, პირიქით, დაასუსტა. ამის მაგალითია თუნდაც  საკრებულოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კარნახით ხდება. თქვენ რამდენად იქნებით დამოუკიდებელი მერი და არ იქნებით გავლენიანი ჩინოვნიკების მითითებების შემსრულებელი?

არ ვიქნები, რადგან მე ვიქნები დავალებების შემსრულებელი იმ ადამიანების, ვისაც ვხვდები და ვისთან ერთადაც უნდა გავიარო თითოეული პრობლემა თუ საკითხი. კი არის პოლიცია და თვითმმართველობა განსხვავებული სფეროები, მაგრამ მე ყველაფერზე მაქვს ჩემი შეხედულება. მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან… კონკრეტულ სოფელში თუკი რაიმე პრობლემა არის გადასაჭრელი, იქ მაცხოვრებლებზე უკეთ არავინ იცის, ამიტომ მათი დავალებების შემსრულებელი გამოვალ.

რაიმე კონკრეტული პროექტები თუ გაქვთ და  როგორ უნდა განავითაროთ, ამაზე შეგიძლიათ ისაუბროთ?

ჩემი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და განათლების, კულტურის განვითარება.

უნდა შევისწავლით განათლების და კულტურის სფერო და ჩვენი გეგმის ნაწილია ის, რომ რაც შეიძლება განათლების და კულტურის მეტი კერა იყოს თითოეულ სოფელში. თუ რომელიმე სოფელში, მაგალითად, ვინმე კარგად ქარგავს, ან მღერის ოჯახის 2-3 წევრი, ჩვენი მიზანია, რომ მათ მიეცეთ წახალისება, თუნდაც ფინანსური ან ჩართვა სხვადასხვა პროგრამაში, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ შუახევის კულტურულ ველში.

სოფლის მეურნეობის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

მთის კანონის ამოქმედება გვაძლევს საშუალებას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების კუთხით შეღავათები გვქონდეს. უნდა მოვიძიოთ მეტი ინვესტორი, რომ აქ შეიძლება ფულის დაბანდება და იმაშიც ჩავახედოთ, რომ ამ მხრივ მთის კანონიც უწყობს ხელს.

„ქართული ოცნება“ მეხუთე წელია ხელისუფლებაშია. როგორ ფიქრობთ, აქამდე რატომ ვერ დაარწმუნეთ ინვესტორები ან რატომ ვერ მოიძიეთ რესურსები?

აქამდე კეთდებოდა ინფრასტრუქტურული ნაწილი, 36 ათასი მეტრი ასფალტია დაგებული სოფლებში, გზის და წყლის პრობლემები არის შეუქცევადი და უნდა დასრულდეს. სოფლებში არ უნდა დარჩეს მიწა დაუმუშავებელი. არის ასეთი მიწები და მოსახლეობას შეუძლია იქ თხილი, კაკალი ჩარგოს და ამ კუთხით იგეგმება სანერგე მეურნეობებთან მუშაობა.

სოფლებიდან იზრდება მიგრაცია, როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი?

დასაქმების ადგილები რომ გაჩნდება, მოსახლეობა აღარ წავა სოფლიდან არც ქალაქში და არც თურქეთში სამუშაოდ. მაგალითად ჭალა, წყაროთაში [სოფლები] რომ გაიხსნება საბავშვო ბაღი, 14 ადამიანი დასაქმდება. ეს ხომ არის იმის საფუძველი, რომ ამდენი ადამიანი აღარ წავიდეს სხვაგან. ანუ ეს არის მიმდინარე პროცესი და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვხშიროთ უმუშევართა რიგებიდან ეს ადამიანები.

მსგავსი ტიპის დაპირებები აქვს თითქმის ყველა კანდიდატს?  

მე მაქვს არგუმენტები. ის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება, ახლა არის 16 მილიონი ლარი. აქედან ათი მილიონი ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, გარდა ამისა, „გომარდულის“ ამოქმედება იგეგმება წელს და მოიხსნა ყადაღის პრობლემა და ასეთი არგუმენტები მომყავს დამაჯერებლობისთვის. გარდა ამისა, მინდა, რომ მუნიციპალიტეტში მოწესრიგდეს სივრცითი მოწყობის საკითხები, უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად.

 

სარფში მოქალაქეს დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ნ.მ-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 554.15 გრამი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 32,850 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

თორმეტი განრისხებული კანდიდატი

ავტორი: შოთა გუჯაბიძე

ზუსტად კი არ მახსოვს თორმეტი თუ იყვნენ.

იქნებ თერთმეტი იყვნენ, ან ცამეტნი?

ოთხი წლისწინანდელი ამბავია.

ახალი მერი უნდა ავირჩიოთ ქალაქმა დღე-დღეზე, პირველი არჩეული მერი უნდა ჰყავდეს ბათუმს ქალაქად არსებობის 126 წლის განმავლობაში.

პატარა ამბავი არაა ამხელა ქალაქის პირველი პირი, თან იმ ფონზე, როცა ძველი ბათუმი თვალდახელშუა ინგრევა.

დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა იმის შეტყობას, რომ ნებისმიერი გამარჯვებული მერი ისეთივე რუდუნებით გააგრძელებდა ძველი ბათუმის ნგრევას, როგორითაც წინა და მომავალი.

ვიცოდით, რომ რაც უნდა პირობა დაგვეტყუებინა კანდიდატისთვის, მაინც არაფერს შეასრულებდა. კანდიდატი დაგპირდება იმაზე მეტს, რაც გინდა და უფრო ბევრს, რასაც მისი ფანტაზია სწვდება. ეს მხოლოდ კანდიდატს შეუძლია.

ვიცოდით-ში საზოგადოება „ბათომს“ ვგულისხმობ, ვინც ყველაზე ხმამაღლა მოვთქვამთ ძველ ბათუმზე.

დავაფიცოთო.

ამ აზრმა ვერ ჰპოვა აღფრთოვანება, თითებს გადააჯვარედინებდა ბოლო-ბოლო. მითუმეტეს, რომ ცოცხალი მაგალითი გვყავდა წინა პრეზიდენტის სახით, რომელმაც ყველა ქვასა და ბუჩქზე დაიფიცა, რაც კი გზად შეხვდა.
დავუგინოთო, თქვა ვიღაცამ.

ამ დროს სარეკლამო კომპანიასაც წარმოვადგენ, „იალონი სტუდიოს“, რომელსაც რამდენიმე კანდიდატმა წინასაარჩევნო რეკლამა შეგვიკვეთა. თვალებში ეტყობოდა უკლებლივ ყველას, ნდობა რომ არ შეიძლებოდა და ყველამ გადაგვაგდო ჰონორარის ამბავში, მიუხედავად იმისა, რომ ქვას გააპობდა გვეგონა, ისეთი ხელშეკრულებები დავუდეთ.

შევთანხმდით რამდენიმე ბათუმური თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, მგონი სულაც ყველა, შევადგინეთ დაგინების ტექსტი და შევყარეთ ათორმეტი რჩეული მოყმე ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

ოღონდ გინებას უფრო დემოკრატიული სახელი მოვუძებნეთ და მემორანდუმი დავარქვით.

იმდენი ხანი და იმდენი ხალხი ვმუშაობდით მემორანდუმის ტექსტზე, რომ მხოლოდ ლია ლიქოკელის ლექსებს ჩამოუვარდებოდა სრულყოფილებით.

სულ კაი რაღაცეები ეწერა მემორანდუმში, მე ესა და ესო, არ დავანგრევ ქალაქსო, მიწათსარგებლობის და განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმებს დავამტკიცებო, დანგრევას ჯვარი წერია, იქით მოვუვლი და დავიცავო, განსაკუთრებით რაც ღირებულია და ჩვენმა წინაპრებმა სისხლი ჩააქციეს მის შექმნა-შენარჩუნებაშიო, ძირსნაყარს არაფერს შევჭამო.

ეს ბოლო ახლა დავამატე, რაღათქმაუნდა.

ზოგი ვერც ხვდებოდა, რა იყო ეს მიწათსარგებლობა და განაშენიანების რეგულირება, მაგალითად მე, მაგრამ მოსწონდათ თავი ამ ყოფაში. ერთი ხმა მომცენ და მერე რაცხა იქნებაო.

ისე კაი დაგემართოთ, როგორც ჩვენი წინათგრძნობა ახდა.

კინაღამ ოთხი წელი გავიდა და მემორანდუმის არცერთი პუნქტი არ შესრულებულა.

შესრულებულა არა, კვატი.

ძველი ბათუმის ნგრევა კი ახალ მასშტაბებს იძენს სწორედ ჩვენი არჩეული მერის ხელმოწერით.

ჩადენილია არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული.

გამოძიებულია ნული.

დასჯილია ნული.

ვგროვდებით.
ვგროვდებით.
ჟურნალისტების იყო მრავლობა.
ჟურნალისტების იყო მრავლობა.
მარჯვენა ფლანგი შეივსო.
მარჯვენა ფლანგი შეივსო.
კანდიდატები მემორანდუმს ჩაუღრმავდნენ.
კანდიდატები მემორანდუმს ჩაუღრმავდნენ.
პარადი ნათია აფხაზავას მიჰყავდა.
პარადი ნათია აფხაზავას მიჰყავდა.
უცხოელებიც გვესწრებოდნენ და მოვლენამ ავტომატურად შეიძინა საერთაშორისო მასშტაბი.
უცხოელებიც გვესწრებოდნენ და მოვლენამ ავტომატურად შეიძინა საერთაშორისო მასშტაბი.
წამყვანი, კანდიდატები, ჟურნალისტები და მოსეირე საზოგადოება.
წამყვანი, კანდიდატები, ჟურნალისტები და მოსეირე საზოგადოება.
გიორგი ერმაკოვს ცოტა დააგვიანდა.
გიორგი ერმაკოვს ცოტა დააგვიანდა.
და უშუალო კონკურენტის გვერდით მოუწია ადგილი.
და უშუალო კონკურენტის გვერდით მოუწია ადგილი.
ბეჭდვაში რაღაც შემეშალა და წვერავას ცოლმა ხელი ხაბურზანიას უწყისში მოაწერა.
ბეჭდვაში რაღაც შემეშალა და წვერავას ცოლმა ხელი ხაბურზანიას უწყისში მოაწერა.
ამ დროს გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადამდგარია.
ამ დროს გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადამდგარია.
კანდიდატებს ორ-ორი წუთი მიეცათ საარჩევნო პროგრამისთვის.
კანდიდატებს ორ-ორი წუთი მიეცათ საარჩევნო პროგრამისთვის.
ახლა რომ გაგახსენდათ ქალაქი, მაშინ სად იყავითო, როცა … (ამან გადაგვაგდო)
ახლა რომ გაგახსენდათ ქალაქი, მაშინ სად იყავითო, როცა … (ამან გადაგვაგდო)
ამანაც.
ამანაც.
მემორანდუმის ტექსტს ყველაზე დიდხანს გიორგი ერმაკოვი კითხულობდა.
მემორანდუმის ტექსტს ყველაზე დიდხანს გიორგი ერმაკოვი კითხულობდა.
ფანჯარაში დანგრეული ისტორიული სახლის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსი შენდება.
ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფი.
ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფი.
ხელმოწერების მერე ყველა დასერიოზულდა.
ხელმოწერების მერე ყველა დასერიოზულდა.
დასასრულს კანდიდატებმა ერთმანეთს გულწრფელად უსურვეს გამარჯვება.
დასასრულს კანდიდატებმა ერთმანეთს გულწრფელად უსურვეს გამარჯვება.
ძალიან ქართულად მოვიდა ერთი კანდიდატი, შვილის ქორწილიდან, მსუბუქად ნასვამი და დაგვიანებით.
ძალიან ქართულად მოვიდა ერთი კანდიდატი, შვილის ქორწილიდან, მსუბუქად ნასვამი და დაგვიანებით.
ის კაცი ვინ იყო, მაინც ვერ დავადგინე.
ის კაცი ვინ იყო, მაინც ვერ დავადგინე.
გარეთ გამოსულს სალომე სურმანიძე შემხვდა.
გარეთ გამოსულს სალომე სურმანიძე შემხვდა.

 

მთავარ ფოტოზე: შოთა გუჯაბიძე. იური მეჩითოვის ფოტო. 

ფოტოები გადაღებულია 2014 წლის 10 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბათუმის მერობის კანდიდატებთან მემორანდუმის გაფორმების დროს. 

 

ნინო რევიშვილი: განათლებაში რომ ხვალ შედეგი გვქონდეს, დღეს უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ

საქართველო „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს რომელსაც 250-მდე უცხოელი, განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტი ესწრება.

კონფერენციის თემაა  „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ახალი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ განათლებაში დაცული იყოს სოციალური თანასწორობა. „ბათუმელები“ ამ თემაზე კონფერენციაში მონაწილე განათლების ქართველ და უცხოელ ექსპერტებს ესაუბრა.

ნინო რევიშვილი,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ  საქართველოში სოციალური უთანასწორობის პრობლემა ძალიან დიდია და ამას გვაჩვენებს მისაღები გამოცდების შედეგებიც.

„გვაქვს მონაცემები იმის მიხედვით, თუ როგორი სკოლის როგორი ბავშვები აბარებენ გამოცდებს და სად აბარებენ. გამოცდებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს ასევე საგანმანათლებლო შეფასებების ათწლიანი გამოცდილება, რაც გვაჩვენებს რომ ძალიან დიდი განსხვავებაა მაგალითად სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეებს შორის და ესეც სწორედ რესურსების უთანასწორო განაწილებაზე მეტყველებს“ – გვეუბნება ის.

ნინო რევიშვილი. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე.
ნინო რევიშვილი. ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე.

მისი თქმით, საერთაშორისო მონაცემები და შეფასებები უნდა გამოვიყენოთ განათლების პოლიტიკის ფორმირებისთვის და ინფორმაცია მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, თუ რა არის არსებითი და ძირითადი რისკები და როგორ შეიძლება ამ რისკების შემცირება.

„ერთ-ერთი რისკი კი არის სოციალური უთანასწორობა. ამიტომ, უნდა გაანალიზდეს ისიც, თუ რატომ ვერ მიდის პროფესიონალი მასწავლებელი ქალაქის ან სოფლის სკოლაში, აქ მართვის და სისტემური ხარვეზი იკვეთება, მაგრამ ქალაქის სკოლაში უფრო არის მეტი შესაძლებლობა პროფესიონალის მიწვევის, სოფელში კი ნაკლებად.

დღეს არის სხვადასხვა პროგრამა იმისთვის, რომ უფრო მეტი ანაზღაურებით მიიზიდონ პროფესიონალები სოფლის სკოლებში, მაგრამ ეს სურათს ვერ ცვლის, იმიტომ, რომ მსურველი ძალიან ცოტაა. არის სკოლები, სადაც  მასწავლებელთა ჭარბი რაოდენობაა, სოფლებში კი არის სკოლები, სადაც პედაგოგების უკიდურესად მცირე რაოდენობაა. ეს ბალანსი უნდა დავიცვათ“.

ნინო რევიშვილის თქმით,  დღეს ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ არ ხდება შეფასება, რამდენად ერთნაირად სჭირდება ყველა სკოლას დახმარება. მისი აზრით, პირველ ეტაპზე, შეზღუდული რესურსების პირობებში, ეს დახმარება მთლიანად უნდა წავიდეს ისეთ სკოლებში, სადაც რეალურად სჭირდებათ დახმარება.

„სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს ის, რომ დაეხმაროს სოფლის სკოლებს.  ეს უნდა გამოიხატოს უპირველეს ყოვლისა რესურსების განაწილებაში. ადგილობრივი მასწავლებლების გაძლიერებაში. იმისათვის რომ განათლებაში შედეგი გვქონდეს ხვალ, დღეს უნდა არსებობდეს იმის პოლიტიკა, რა უნდა გავაკეთოთ“. ექსპერტის აზრით, დეკლარირებულ დონეზე ეს პოლიტიკა თითქოს არსებობს, თუმცა შემდეგ, ძალიან ბევრი მიზეზი ჩნდება, რაც პროცესში ცვლილებას იწვევს.

„ერთ-ერთი მიზეზი არის პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ძალიან არასტაბილური საფუძველი. ძალიან სწრაფად იცვლება კონტექსტი, რომელშიც უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. მემკვიდრეობითობის განცდა გვაქვს ძალიან სუსტი.

ყველა გადაწყვეტილებას აქვთ თავისი სოციალური და პოლიტიკური ფასი, სავარაუდოდ ეს კონტექსტი განაპირობებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ალბათ ამ ფასს ვიხდით“ – გვეუბნება ნინო რევიშვილი. მისი თქმით, ფინეთის წარმატების ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ ქვეყანაში არის შექმნილი სოციალური თანასწორობის ფონი:

„სოციალურ თანასწორობას კი ამ ქვეყანამ მიაღწია იმით, რომ ჰქონდათ ძლიერი პოლიტიკური ნება, მდგრადი სისტემური პოზიცია და რესურსები ნაწილდებოდა იმის მიხედვით, სად იყო ამის საჭიროება ყველაზე მეტად“.

ჯო-ანნე ბაირდი
ჯო-ანნე ბაირდი

განათლების დეპარტამენტის დირექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჯო-ანნე ბაირდი  „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საგანმანათლებლო ორგანიზაციები საზოგადოებაში უფრო მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე პოლიტიკოსები, რადგან ისინი უფრო დიდხანს არსებობენ, ვიდრე პოლიტიკოსები.

„ამიტომ, იმისთვის რომ განათლების სისტემა სამართლიანი იყოს, ყველა ტიპის მოსწავლე უნდა იყოს ჩართული და ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ხარისხიანი განათლების მიღების“ – ამბობს ის.

სამართლიანობის მიღწევა კი როგორც ჯო-ანნე ბაირდი ამბობს, ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს პრობლემას. „საუნივერსიტეტო განათლება უფრო მეტად ელიტებისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ  ასეთი დაშვების შემთხვევაშიც კი სახელმწიფომ სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს უნდა მისცე მეტი დრო და დასაქმების შესაძლებლობა.“

ჯო-ანნე ბაირდს  ქართული საგანმანათლებლო სისტემის შეფასებაც ვთხოვეთ. მისი თქმით, საქართველოშიც არსებობს ამ მიმართულებით პრობლემები. თუმცა მისი აზრით, ამინდს არ ქმნის განათლების სისტემა, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები: „ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ უნივერსიტეტები ,რომ ბაზრის შესაბამისი სპეციალისტები გამოუშვან, მაგრამ თუ არ არსებობს სამუშაო ბაზარი,  მაშინ განათლება ვერაფერს ვერ იზამს“ – ამბობს ის.

განათლების ექსპერტი სტივენ ბაკკერი კი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციებმა და მკვლევარებმა უნდა გააცნობიერონ, რა რესურსები აქვთ სკოლებს, რა განსხვავებები არსებობს მოსწავლეებს შორის და უნდა გაითვალისწინონ  – „ის, რომ ჩვენ ერთნაირი ტესტი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას მოსწავლეს ჰქონდა ერთნაირი შესაძლებლობა მომზადებისთვის“.

სტივენ ბაკკერი
სტივენ ბაკკერი

სტივენ ბაკკერის აზრით, საქართველოს გარკვეული ნაბიჯი გადადგა განათლების შეფასების მიმართულებით, თუმცა „ყველაფერს კრიტიკული თვალით უნდა უყურებდე, რომ გააუმჯობესო ცოდნის დონე. ამისთვის კი კიდევ ბევრია გასაკეთებელი“ – ამბობს ის.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც 1975 წელს დაარსდა. ორგანიზაციაში 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.

 

ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება

ბათუმის შემოსასვლელში, პორტის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის [ესტაკადის] მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, თუმცა ტენდერი, შეზღუდულ ვადაში ჩატარდება – წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 17 ოქტომბერს დასრულდება.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ გამოუცხადებიათ და მათ პროექტი „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ შეუკვეთეს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში თანხა – 100 ათასი ლარი, სწორედ „სამხარაულის ბიუროს“ გადაუხადეს.

კომპანია „აიდიემში“ დაგვიდასტურეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება მათ „სამხარაულის ბიურომ“ შეუკვეთა.

ბათუმში [ბაქოს ქუჩაზე], ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტში 15 297 410 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა დასრულდეს.


„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“ – ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

რკინიგზაზე [რომელიც ბათუმის პორტს და საქართველოს რკინიგზის ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს] გადასასვლელი ხიდი ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს, რასაც აქ თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, თუმცა ესტაკადის პროექტი მოგვიანებით, 2012 წელს მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო. ბათუმის მერიაში გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. კონკრეტულად როდის შევიდა ეს პროექტი და რატომ ამბობდა მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ეს კითხვა მერიამ უპასუხოდ დატოვა.

048 saniagvre qselis gegma
ფოტო პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ესტაკადის ასაშენებლად ტენდერია გამოცხადებული

ბიბლიოთეკა ბორბლებზე წარსულიდან [ფოტოამბავი]

როცა ელექტრონული წიგნები არ არსებობდა, ლიტერატურა წიგნის მაღაზიებს და ბიბლიოთეკებს ე.წ. „ბუქმობილით“ მიჰქონდათ სოფლებსა და გარეუბნებში მცხოვრებთათვის.

პირველი ასეთი ბიბლიოთეკა, როგორც ცნობილია, 1850 წლის ბოლოს გამოჩნდა ინგლისის ქალაქ უორინგტონში. ცხენებშებმული ურიკით, პირველივე წლის განმავლობაში 12 000 წიგნი მიიტანეს მკითხველამდე. მოძრავი ბიბლიოთეკები მოგვიანებით ავტომანქანებში მოეწყო. წიგნების სახლამდე მიტანა განსაკუთრებით პოპულარული მეოცე საუკუნის შუა წლებში გახდა და ამერიკული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამერიკისა და ინგლისის ბიბლიოთეკებში დღემდე ინახება მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეების მოძრავი ბიბლიოთეკების – „ბუქმობილების“ ფოტოები, კადრებში ჩანს, როგორ ელიან წიგნებით სავსე მანქანებს მკითხველები.

გრინსბორო, ჩრდილოეთ კაროლინა, 1936 წელი

ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County
ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County

 

„ბუქმობილი“, 1960 წელი

ფოტო: Bibliobussen
ფოტო: Bibliobussen

„ბუქმობილი“ კოლუმბიის პარკში, 1940 წელი

ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County
ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County

ღია „ბუქმობილი“, 1921 წელი

ფოტო: Numismatic Bibliomania Society
ფოტო: Numismatic Bibliomania Society

 

„ბუქმობილი“ ინდონეზიაში, მეოცე საუკუნის დასაწყისი

ფოტო: wikimedia
ფოტო: wikimedia

ამერიკა, ორეგონის „ბუქმობილი“, 1920 წელი

ფოტო: Multnomah County Library
ფოტო: Multnomah County Library

„ბუქმობილის“ სამი თანამშრომელი, 1930

ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County
ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County 

მოძრავი ბიბლიოთეკა ირანში, 1970 წელი

ფოტო: wikimedia
ფოტო: wikimedia 

რიგი „ბუქმობილთან“, ნიდერლანდები

ფოტო: Bibliobussen
ფოტო: Bibliobussen

ბიბლიოთეკის „ბუქმობილი“ კამპტონ როუდზე, 1933 წელი

ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County
ფოტო: Public Library of Cincinnati & Hamilton County

„ცენზურა და ტექსტი“ – ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია ბათუმში

დღეს, 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 234-ე აუდიტორიაში, გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარჯანიშვილის თეატრის დრამატურგის ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ცენზურა და ტექსტი“.

საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისთვის, ისე, საზოგადოების ფართო წრეებისთვის.  ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ამავე თემაზე, ლაშა ბუღაძე ბსუში ხვალაც ისაუბრებს. 6 ოქტომბერს ლექცია 12:00 საათზე დაიწყება.

ყველაფერი ერთ სივრცეში ორსულების, მშობიარეებისა და ახალშობილებისთვის

რატომ არის ბათუმის საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საუკეთესო არჩევანი ორსულთა და მეძუძური დედებისთვის? მედიცინის დოქტორი ლევან ქორიძე, ჰოსპიტლის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს, რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი პაციენტებს.

IMG_6851
ლევან ქორიძე

ბატონო ლევან, რა სამედიცინო სერვისებს სთავაზობს მეან-გინეკოლოგიაში საერთაშორისო ჰოსპიტალი პაციენტებს?

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პერინატალური დეპარტამენტი სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს პაციენტებს.

ორსულობის მეთვალყურეობა თანამედროვე ტიპის ქალთა კონსულტაციაში ხდება, სადაც ორსულთა პატრონაჟი ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით. გათვალისწინებულია 4 უფასო ვიზიტი შესაბამისი გამოკვლევებით. მომავალ დედებს კონსულტაციებს უწევენ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტები: ნონა ჩიკვაიძე, ქეთევან გვარიშვილი, მზია ხალვაში და ნინო თავდგირიძე.

წარმოდგენილია ამბულატორიული გინეკოლოგია. ჰოსპიტალში ნებისმიერი გინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მაღალკვალიფიციური მკურნალობაა შესაძლებელი. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (კოლპოსკოპია, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევებით შესაძლებელია დიაგნოზის შემჭიდროვებულ ვადებში დადგენა.

წარმატებით მუშაობს ქირურგიული გინეკოლოგია. უახლესი აპარატურით ტარდება ურთულესი ლაპარასკოპიული ოპერაციები.

ონკოგინეკოლოგია ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა ჩვენს ჰოსპიტალში. IUHB-ში არაერთი რთული და მასშტაბური ოპერაციები გაკეთდა ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ.

ჰოსპიტალში ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვა წარმოებს. განყოფილებაში ხდება მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება, პრევენცია, მართვა; ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობის დროს ორსულობისა და მშობიარობის მართვა. ფუნქციონირებს ობსერვაციული პალატაც, სადაც საჭიროების შემთხვევაში იზოლირებულ პირობებში მიმდინარეობს როგორც ორსულების, ისე მშობიარობის მართვაც.

სამეანო ბლოკში მომავალ დედებს ჩვენ მშობიარობას ინდივიდუალურ სამშობიარო პალატაში ვთავაზობთ. საკეისრო კვეთა შესაძლებელია ზოგადი ენდოტრაქეალური ან ეპიდურული ანესთეზიით.

ჩვენი ჰოსპიტლის ნეონატალოგიის განყოფილება, რომელსაც ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგი ლელა გობაძე ხელმძღვანელობს, დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით. განყოფილებაში შექმნილია კომფორტული გარემო დედისა და ახალშობილისათვის. იგი აღჭურვილია თანამედროვე მართვითი სუნთქვის აპარატებით, კუვეზებით, ახალშობილის მონიტორინგისათვის საჭირო აპარატურით, ინფუზომატებით, მონიტორებით, ფოტოთერაპიის აპარატებით, ინვაზიური მანიპულაციებისათვის აუცილებელი ხელსაწყოებით. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინფექციის კონტროლს.

წელს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა სახელმწიფოსგან მიიღო პერინატალური მომსახურების მესამე, ანუ ყველაზე მაღალი დონის სერტიფიკატი. ასეთი შეფასება მიიღო მხოლოდ ორმა კლინიკამ აჭარაში და თქვენი ჰოსპიტალი ერთ-ერთია. პაციენტებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რას ნიშნავს მესამე დონე? რის გარანტიას აძლევს ეს პაციენტს?

დიახ, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით რეგიონში, ვისაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პერინატალური მომსახურების მესამე დონე მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალში ყველა პირობა არსებობს ორსულთა, მშობიარეთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მძიმე და უკიდურესად მძიმე შემთხვევების მართვისთვის. ამისათვის ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება იყო აუცილებელი, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიული სერვისის სიმძლავრე და მოცულობა, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და რაოდენობა. როგორც მომავალი დედებისთვის, ისე მშობიარეებისა და ახალშობილებისთვის გვყავს ყველა პროფილის ექიმი, ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს სრულყოფილი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, გვაქვს დიალიზის აპარატი.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ერთ სივრცეშია მოქცეული ყველა საჭირო რგოლი როგორც ორსულებისა და მშობიარეებისათვის, ისე ახალშობილის მკურნალობისთვის. ჩვენ არ გვეკარგება დრო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანაში. ყველა მოსალოდნელ გართულებულ მშობიარობას ესწრება ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგთა გუნდი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში გადაგვყავს რეანიმაციის განყოფილებაში, სითბური ჯაჭვის წყვეტის გარეშე, არ იკარგება პირველი „ოქროს“ წუთები, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემდგომი მკურნალობის ეფექტურობა. ყოველივე ეს კი პაციენტის გადარჩენის გარანტიას იძლევა.

გახსნიდან დღემდე ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში 210 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჩვენ გვყავდა დღენაკლული პატარები, რომლებიც დაიბადნენ 700 გრამი, 900 გრამი, შესაბამისად ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებით. მათზე თვეების განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი ნეონატოლოგ-რეანიმატოლოგები, უდიდეს შრომას, ემოციებს დებენ მათ გადარჩენაში. ყველასათვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა პატარები უკვე გამოჯანმრთელებული ტოვებენ სტაციონარს და უკვე მშობლებს ეძლევათ დამოუკიდებლად ზრუნვის საშუალება. უნდა აღინიშნოს, რომ დღენაკლული პატარები რეანიმაციიდან გაწერის შემდეგაც იმყოფებიან ჩვენი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.

0G3A4170

საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩაერთო პროგრამაში, რომელიც ახალშობილთა გულის პათოლოგიების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას გულისხმობს. როგორ მუშაობს ეს პროგრამა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ამოქმედება?

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად გულის თანდაყოლილი მანკით საშუალოდ 500 ბავშვი იბადება. მათი 40% გულის არსებული პრობლემის გამო სიცოცხლის პირველივე დღეებში იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში, 70% კი საჭიროებს მანკის მკურნალობას სიცოცხლის პირველ წელს. აქედან გამომდინარე, დროულ დიაგნისტიკას ამ პატარების მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ წელს ოფიციალურად ჩავერთეთ პროგრამაში, რომელიც გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამოვლენას ითვალისწინებს, თუმცა ამ მხრივ ახალშობილების სკრინინგი ჰოსპიტალში გახსნის დღიდან წარმოებდა. გარდა ამისა, ჩვენს ჰოსპიტალში ხდება ახალშობილთა ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზისა და მუკოვისციდოზის სკრინინგი, რაც განკურნებადი მეტაბოლური დარღვევების ადეკვატური მართვის საშუალებას იძლევა; ასევე სმენითი პრობლემების სკრინინგი.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ჩვენთან პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ხოლო მედიკოსებს აქვთ პროფესიული შესაძლებლობების სრული რეალიზაციისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობა.

მომავალი დედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც მათ უწევთ ყოფნა. რამდენად კომფორტული და მათ მოთხოვნებზე მორგებულია გარემო თქვენს განყოფილებაში?

სახლის პირობებთან მიახლოებული, ოჯახზე ორიენტირებული სამშობიარო გვაქვს და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ქალი მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ ბლოკ-პალატაში ახლობელ ადამიანთან ერთად იმყოფება, რაც სტრესული მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება, მუდმივადაა ექიმისა და ბებიაქალის მეთვალყურეობის ქვეშ. სურვილის მიხედვით შესაძლებელია მეუღლის დასწრება მშობიარობაზე. დანერგილი გვაქვს კანი/კანთან კონტაქტი (საკეისრო კვეთის შემთხვევაში მამასთან). დიდი ყურადღება ექცევა დედის ჩართულობას ახალშობილის მოვლის პროცესში. დედა და ახალშობილი 24 საათის განმავლობაში ერთად იმყოფებიან, გარდა იმ პერიოდისა, რომელიც საჭიროა სამედიცინო და ჰიგიენური პროცედურებისთვის.

როგორც ორსულებს, ისე ახალბედა დედებს უამრავი კითხვა აწუხებთ ჯერ ორსულობის მიმდინარეობისა და ნაყოფის მდგომარეობის, შემდეგ კი უკვე პატარების მოვლის თაობაზე. ისინი ჩვენთან ამომწურავ პასუხებს იღებენ. ჩვენი სპეციალისტები მათ აწვდიან ინფორმაციას თვეების მიხედვით ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ, ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე, აძლევენ რეკომენდაციებს ბავშვის მოსავლელად და აწვდიან სხვა სასარგებლო ინფორმაციას.

პალატა
პალატა

„ოცნების“ უპარტიო მერობის კანდიდატი ხულოში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძეა. იგი განათლებით იურისტია, მუშაობდა იურიდიულ დეპარტამენტებში – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონულ ცენტრში; ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“. მიმდინარე წლის თებერვლიდან მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე.

  • ბატონო გოჩა, რატომ გადაწყვიტეთ ხულოს მერად იყაროთ კენჭი მმართველი პარტიიდან და ხართ თუ არა ამ პარტიის წევრი?

ამ გუნდთან ერთად მერობის კანდიდატობა გადამაწყვეტინა ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა. ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენი გუნდის უპირველესი მოწოდება არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარება. ზოგადად, მთის განვითარება პრიორიტეტია, შესაბამისად, განხორციელებულმა პროექტებმა, დამოკიდებულებამ ხალხის მიმართ, გადამაწყვეტინა, რომ ჩავერთო ამ ფერხულში. ვფიქრობ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია დავეხმარო ხალხს. რაც შეეხება წევრობას, პარტიის წევრი არ გახლავართ.

  • ფიქრობთ, როგორც მერი გაცილებით მეტს გააკეთებთ ხულოსთვის, ვიდრე იმ კომპანიაში ყოფნით, სადაც ბოლოს მუშაობდით? 

გოდერძი არის ერთი მიმართულება. კომპანია ამ დროისთვის 6 ახალ პროექტს ახორციელებს, მომავალშიც შესაძლებელია ახალი პროექტების განხორციელება. თუმცა, ხულოს მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, შავი ტბა, საბაგირო, ბეშუმი, ულამაზესი ბუნება და კომპლექსურად, შესაძლებელია ხულოს მუნიციპალიტეტი ტურისტულად უფრო მიმზიდველი გახდეს, შესაბამისად, საინვესტიციო პოტენციალიც მაღალია.

  • ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მერმა რა შეიძლება გააკეთოს იგივე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ხულოში და, ზოგადად, ტურიზმის განვითარებისთვის?

თავიდანვე უნდა მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო, უნდა ჩამოყალიბდეს სერვისები. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ “ საქართველოს კანონიც არის მიღებული, ანუ საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფომ გამოთქვა მზაობა, რომ შეიქმნას შესაბამისი საინვესტიციო გარემო და ამ კუთხით ხელშემწყობი ნაბიჯია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, გრანტები. ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მოქმედებს რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო.

  • თუნდაც ამ სერვისის განვითარების ხელშესაწყობად რა შეუძლია მუნიციპალიტეტს თავისი რესურსით? თუ ისევ აჭარის და საქართველოს მთავრობისგან გამოყოფილი ტრანსფერის იმედად რჩებით? 

მუნიციპალიტეტს მომავალში იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, შეუძლია გასწვდეს და გარკვეული საკითხები მოაგვაროს. მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს, შეაფასოს თავიდან ბოლომდე ადგილზე არსებული რესურსი, შესაძლებლობები და ამის შემდეგ მივიდეს მოქალაქესთან კონკრეტული წინადადებით… ხულოში კარგი გარემოა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით და ამ სფეროს ხელშეწყობის მიზნით უნდა ვიმუშაოთ.

  • მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები გაგრძელდება და ახალი, მოსახლეობაზე მორგებული პროექტებიც დაფინანსდება. რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოჰყოფდით და რა ახალი პროგრამების განხორციელებას გეგმავთ? 

როდესაც მოსახლეობას ვხვდებით, ისინი აქცენტს აკეთებენ ძირითადად მეცხოველეობაზე. იყო აქცენტი რამდენიმე შეხვედრაზე, რომ მცირე საწარმოები შეიქმნას. ხულოში არის ერთი რძის გადამამუშავებელი წარმატებული საწარმო  და ვფიქრობ, ამ და სხვა ტიპის საწარმოები რომ გაიხსნას, ამას ხელი უნდა შევუწყოთ. დავაინტერესოთ და დავარწმუნოთ უნდა ინვესტორები, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს შესაბამისი რესურსი, რომ მათ ხელი არ შეეშლებათ ადგილზე საქმიანობაში და რომ მათი საქმიანობა იქნება სარგებლიანი. აქცენტი გაკეთდა ხილის გადამამუშავებელ საწარმოზეც. არის მგონი შესაძლებლობა და ღირს ამ კუთხით ვიმუშაოთ. მაგრამ მუნიციპალიტეტმაც უნდა იაქტიუროს, შეხვდეს მეწარმეებს და იქონიოს მოსახლეობასთან მუდმივი კონსულტაცია.

  • ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შემუშავებული უნდა იყოს. თუ იცნობთ, რამდენია და რა პრიორიტეტებია?

ჩემი მონაწილეობის გარეშე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია. 17 სხვადასხვა პროგრამა მიმდინარეობს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ხულოს მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.

  • ეს, ალბათ, ტრანსფერების ჩათვლით. 

კი. ტრანსფერების ჩათვლით. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში დავჯდეთ და ვიმუშაოთ საკუთარი შესაძლებლობების, შემოსავლების გაზრდაზე.

  • ხულოს ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლის წყარო რა არის, რა ინფორმაცია გაქვთ?

ჩემი ინფორმაციით, ძირითადად ქონების გადასახადი.

  • ქონება ახსენეთ და მთავარი ქონება არის მიწა, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება კი პრობლემაა, ვინაიდან ხულოში, ისევე როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. რა შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კუთხით?

როდესაც მოსახლეობას ვხვდებით ავტომატურ რეჟიმში, ეს საკითხიც წამოიწია… ნაწილობრივ ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, გარკვეულ ნაწილს მიწის ნაკვეთები დაუკანონეს საკუთრებაში. ეს პროცესი მიმდინარეობს, რამდენადაც ვიცი და მომავალში მუნიციპალიტეტის როლი ხელშეწყობის კუთხით მისი უფლებამოსილების ფარგლებში იქნება ის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას – იქნება ეს ინფორმაციის მიწოდება, თუ სხვა პროცედურები.

  • ხულოში ხშირია სტიქიური პროცესები, პრობლემაა ეკომიგრაცია. თქვენი აზრით მუნიციპალიტეტს რა რესურსი აქვს ან ექნება ამ პრობლემების პრევენციისთვის თუ მოსაგვარებლად, მაშინ როცა ზოგი გამოსავალს განსახლებაში ხედავს?

ვიტყვი, რომ თითქმის ყველა სოფელში სახელმწიფომ, მთა რომ არ დაცარიელდეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

  • რას გულისხმობთ, „მთის კანონს“?

„მთის კანონი“, სხვა პროგრამები, ტურიზმის განვითარება, გზების მშენებლობა. 6 იალაღის ელექტროფიკაცია მოხდა, რომელიც ემსახურება 12 სოფელს და ვფიქრობ, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე გაზიფიცირების საკითხი დაიძრა… იქ სადაც შესაძლებელია და ეროზირებული პროცესები არ არსებობს, მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ სერვისი, ინფრასტრუქტურა, რადგან ვთვლი, რომ მთაში მოსახლეობის დამაგრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მაგრამ სადაც არის ეროზირებული პროცესები, შეუძლებელია ცხოვრება, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ჩვენს მოქალაქეებს დავეხმაროთ, რომ სხვა, ღირსეულ ადგილზე გააგრძელონ ცხოვრება და საქმიანობაც.

  • მოსახლეობა ამბობს, რომ გვირაბების გაყვანამ რიგ სოფლებში სასმელი წყლის დაკარგვაც კი გამოიწვია, დაიბზარა მიწა, სახლები… მოსახლეობას გეოლოგიურ დასკვნებს თხოვენ, რასაც ვერ აკეთებენ ფინანსების არქონის გამო.

სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს დაბაშიც და სოფლებშიც. მაგრამ რეალურად, როდესაც ვხვდები მოქალაქეებს, მათგან მიღებული ინფორმაციით შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. დაბაში 2 თვის განმავლობაში დაიძლევა პრობლემა იმ კუთხით, რომ 16-17 საათამდე იქნება წყალი, სამუშაოები მიმდინარეობს და გაგრძელდება. რაც შეეხება სოფლებს, იქ არის სათავეები, სადაც შეიძლება სასმელი წყლის შეკრება, მუნიციპალიტეტს აქვს რესურსი ეს გააკეთოს ეტაპობრივად.

რაც შეეხება ჰესებს – სადაც მე მივედი, ვისთანაც მქონდა შეხვედრა, წარმომადგენლებს ჰქონდათ ხელში დასკვნებიც, მაგრამ საუბარი ვინმეს ბრალეულობაზე ან არაბრალეულობაზე, არ შეიძლება. ვფიქრობ, ჩემი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობასთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაჯდეს მუნიციპალიტეტი, ჩავერიოთ ამ პროცესში და ვიყოთ მოდერატორი. მაგრამ ჩემი, როგორც მერობის კანდიდატის პოზიციაა – მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები. მუნიციპალიტეტმა უნდა შეძლოს მოაგვაროს მწვავე საკითხები.

  • არჩევნებს დავუბრუნდეთ. ვის მოიაზრებთ კონკურენტად და როგორ აპირებთ თანამშრომლობას ოპოზიციასთან მერად არჩევის შემთხვევაში? ამასთან, ხულოს მოსახლეობაც შედარებით ყველაზე უფრო აქტიურია პოლიტიკურად და მომთხოვნი.

თითოეული ადამიანი, ვინც ახლა მერობის კანდიდატია, ძალიან ღირსეულია. მინდა გამოვხატო მათ მიმართ ჩემი პატივისცემა. რაც შეეხება მომავალში ჩემს მუშაობას, ჩემთვის გულწრფელად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, მათი აზრი… ჩემი არჩევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი, ვალდებულია, მიუხედავად თავისი პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური თუ სხვა შეხედულებისა, მოემსახუროს ხალხს. ამიტომ, მე ყოველთვის მზად ვარ მოვუსმინო ადამიანებს და ამის შემდეგ მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ხულოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი.

  • თქვენი აზრი გვაინტერესებს ქალების ნაკლებობაზე პოლიტიკაში. მართალია „ოცნების“ პარტიულ სიაში [ხულოს საკრებულოს არჩევნებისთვის] პირველ ათეულში სამი ქალია, მაგრამ არ არის არც ერთი ქალი მერობის კანდიდატი, არც მაჟორიტარი კანდიდატი…

მართლაც მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. „ნიმდელი“ გახლავართ და ეს საკითხი, ასევე ზოგადად ნაადრევი ქორწინების საკითხი პრობლემაა. ამასთან, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მთელი რიგი საკითხების განხილვისას, სადაც მონაწილეობენ ქალები, გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს. მომავალში უნდა ვიმუშაოთ, რათა მეტი ჩართულობა იყოს ქალების არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა მიმართულებით, რათა უფრო მეტად იქნენ ქალები წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის დონეზე. ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდაა და მათი ჩართულობა ძალიან გამოადგება მუნიციპალიტეტს, მე ჩემი მხრივ მაქსიმალურად შევუწყობ ამას ხელს.

  • არჩევის შემთხვევაში რეორგანიზაციას ხომ არ აპირებთ და ამასთან, ხომ არ გეგმავთ თქვენს წარმომადგენლად რომელიმე თემში ქალის დანიშვნას?

სამომავლოდ შესაძლებელია და იქნება გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი, რომელიც დასაქმებულია. ვფიქრობ, მათი ცოდნა და გამოცდილება მომავალშიც გამოადგება მუნიციპალიტეტს. ადამიანები, რომლებიც მომავალში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, უნდა სარგებლობდნენ ავტორიტეტით, უნდა უსმენდნენ ხალხს, მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეთ მოსახლეობასთან, უნდა ფლობდნენ ინფორმაციას სოფლის შესახებ, არსებული საკითხების გადაჭრის გზების შესახებაც უნდა მომაწოდონ ინფორმაცია. მე მაქსიმალურად ვიქნები ჩართული, მაგრამ ასეთი ადამიანებია საჭირო, ვინაიდან გამოწვევები მართლაც ბევრია, რომლებიც, შევძლოთ უნდა და დავძლიოთ.

  • ზოგადად, მუნიციპალიტეტებში ქონების გადაცემა იქნება თუ სხვა საკითხები, ერთი რელიგიის წარმომადგენლებს ანიჭებენ უპირატესობას. რა დამოკიდებულება გექნებათ, არჩევის შემთხვევაში როგორც მერს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან? 

საქართველო, ზოგადად, მულტიკულტურული ქვეყანაა, ჩვენი ხალხი ტოლერანტულია. ჩემი ნათესავებიც, უმრავლესობა ხულოში მუსლიმია. ჩვენი მოვალეობაა ხელი შევუწყოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის  ღირსეულ თანაცხოვრებას და მე მზად ვარ, მიუხედავად აღმსარებლობისა პატივი ვცე ადამიანის შეხედულებებს, სხვა გამოსავალი არც არსებობს. ამ მხრივ მუნიციპალიტეტში, ჩემი აზრით, არც არსებობს რაიმე პრობლემა. ქონებას რაც შეეხება, გარკვეულ პროცედურებთანაა ყველაფერი დაკავშირებული და ხულოს მუნიციპალიტეტში, რამდენადაც ვიცი, ამ კუთხითაც არის რაღაც შეთანხმებები მიღწეული და ამ მხრივ სირთულეს, სიმართლე გითხრათ, არ ვხედავ.

  • ახალგაზრდების ადგილზე დამაგრება ახსენეთ და ამ კუთხით განსაკუთრებული პროექტი ან ხედვა გაქვთ?

ხულოში მიმდინარეობს სპორტული სკოლის დარბაზის რეაბილიტაცია. რამდენადაც ვიცი, არსებობს კომპლექსური სკოლის პროექტიც და აჭარის და საქართველოს ხელისუფლებების დახმარებით არაერთ კარგ პროექტს განვახორციელებთ ხულოელებისთვის. სპორტული დარბაზები უნდა აშენდეს დაბის გარეთაც, სოფლებშიც და არა მარტო ჭიდაობის, ან ფეხბურთის… მუნიციპალიტეტში სპორტი,  ახალგაზრდობის ჩართვა სხვადასხვა სახეობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა გამოცხადდეს პრიორიტეტად.

გოდერძიზე მიმდინარე პროექტები საერთო საინვესტიციო ღირებულება გახლავთ 80 მილიონი ლარი. იქ იქმნება 500 სამუშაო ადგილი  და როდესაც დასრულდება ეს პროექტი, პროფესიული კუთხით, ვფიქრობ, მუნიციპალიტეტს დასჭირდება მომავალში ადამიანები ამა თუ იმ პროფესიული განათლებით. ამ კუთხით  ბევრი სამუშაოა და ჩემი მიზანი იქნება პროფესიული სასწავლებლის ჩამოყალიბება ადგილზე,  ხულოში. კადრების ადგილზე მომზადების და გადამზადების პროექტი მაქვს. ქობულეთში არსებობს ასეთი სასწავლებელი, ბათუმშიც, განათლების სამინისტროსთან ერთად, ამ დარგების სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად უნდა ვიმუშაო ამ კუთხით.

  • მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო თუ ჯანდაცვის დაწესებულებებში, არსებულ პირობების გათვალისწინებით, ხელფასები დაბალია. რაიმე რესურსს ხედავთ მუნიციპალიტეტის დონეზე ამ კუთხით რომ მიმართოთ?

ხელფასებს რაც შეეხება, იცით, რომ საერთო პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს. ამიტომ, ახლო მომავალში მუნიციპალიტეტი ამ კუთხით ვერაფერს შეცვლის. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაშიც, ვინაიდან ეს საერთო პოლიტიკაა, გამიჭირდება რაიმეს თქმა.

ოქროსფერი 50-თეთრიანების გამოცვლა 2018 წლის ბოლომდე კომერციულ ბანკებსაც დაევალათ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 4 ოქტომბრის დადგენილებით, ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა დარჩა 2017 წლის ბოლომდე [ანუ, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით აღნიშნული მონეტების მიღების ვალდებულება], თუმცა, 2018 წლის ბოლომდე მათი გამოცვლა განხორციელდება როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მეშვეობით.

ადრინდელი დადგენილებით, აღნიშნული მონეტების გამოცვლა 2018 წელს მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო. ახალი დადგენილებით მონეტების გამოცვლა 2019 წლიდან განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.

ეროვნულმა ბანკმა ცვლილება შეიტანა „ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ 2004 წლის დადგენილებაშიც. ახალი რედაქციით, 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა გაგრძელდა 2021 წლის ბოლომდე. შემდგომში მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.


გასულ წელს ე.წ. ყვითელი 50-თეთრიანი მონეტების ყიდვა-გაყიდვაზე სოციალურ ქსელებში დაწყებულმა აჟიოტაჟმა მოსახლეობაშიც გადაინაცვლა. ამ ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ერთ მონეტაში 10 ლარიდან 100 დოლარამდეც კი იხდიდნენ. მაშინ ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, მონეტა შეიცავს ღირებულ ლითონს და ის გასაყიდად საქართველოდან თურქეთში გააქვთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მონეტები მოჭრილია 1993 წელს, მიმოქცევაშია 1995 წლიდან, წონა – 2,5 გრ, დიამეტრი – 19 მმ, სისქე 1,4 მმ. მონეტის შემადგენლობა – სპილენძის შენადნობი ოქროსფერი და ის სხვა რაიმე ღირებულ ლითონს არ შეიცავს.

 

ველოსიპედების მარში ბათუმში

7 ოქტომბერს, ბათუმში, გულის საერთაშირისო დღესთან დაკავშირებით ველოსიპედისტების მარში გაიმართება. ველოსიპედისტების მარში 10:00 საათზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს.

მარშში მონაწილეობა შეუძლია ყველა ველომოყვარულს თავისი ველოსიპედით. გამარჯვებულებს გადაეცმათ სიმბოლური საჩუქრები.

ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭეერბი არიან საქართველოს გულის ფონდი, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და CRITICAL MASS BATUMI. მსვლელობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს საპატრულო პოლიცია.

მსვლელობის მარშრუტი:

 

ველოსიპედების მარშის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარზაციაა. სამსახურში ველოსიპედით სისტემატიური სიარული ახანგრძლივებს სიცოცხლეს და ამცირებს კიბოს რისკს.

 

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი შუახევში: გავხსნით სოფლის კლუბებს, დავაგებთ გზებს

მირზა თურმანიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია შუახევის მუნიციპალიტეტში. ამ პარტიაში გაწევრიანებამდე, ის 2004 წლიდან უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს კი შუახევის საკრებულოს წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა მაკარაძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.  2008 წლიდან გამგებლის მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2011 წელს აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, როგორც კანდიდატი გვეუბნება, უმუშევარია. „ქვეყნის დამაქცევლები რომ მოვიდნენ მთავრობაში, შემდეგ დავწერე განცხადება და წამოვედი“- გვეუბნება ის. მირზა თურმანიძე თავის საარჩევნო გეგმებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ბატონო მირზა, მოქმედ ხელისუფლებას თქვენ უწოდებთ „დამაქცევლებს“. როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, რა შეცვალეთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სასარგებლოდ?

მაშინ ჩემს საკურატორო დარგებში შედიოდა განათლება, კულტურა, სპორტი. მაშინ გაკეთდა შუახევის ახალი საავადმყოფო, 36-მდე ახალი სკოლა, აშენდა და გაკეთდა თანამედროვე სპორტსკოლა. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში მიღწეული წარმატებების მონაწილე მეც ვარ. ამ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია. ერთი ის გააკეთეს, რომ ბიუჯეტის თანხები უკან დააბრუნეს ცენტრალურ ბიუჯეტში ორჯერ. რამდენ სოფელში გზა არ არის…

გამგებელიც ხომ იყავით, მაშინ რატომ არ გაკეთდა წყალი და გზები?

გამგებლის მოვალეობას ვასრულებდი სადღაც 1-2 თვე. მაშინდელი ფინანსური რესურსებით მოხერხდა ცენტრალური დაბის მოასფალტება მუნიციპალური განვითარების ფონდით. წყალი იმიტომ ვერ გაკეთდა, რომ არსებული მილები რაც იყო, იმის რეაბილიტაცია მოხდა, რადგან რაიონის ბიუჯეტს ამდენი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა 15 მილიონია ბიუჯეტი და დაბის წყლით მომარაგება მაინც ვერ შეძლეს.

გინდათ, რომ აგირჩიონ მერად, თქვენ რა პრიორიტეტებს გამოყოფთ, რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტში?

შუახევის საავადმყოფო ამ ხელისუფლებამ ამბულატორიად აქცია. ექიმი იქ არ მუშაობს და ვინც არის, იმასაც სათანადო ანაზღაურება არ აქვს. მედდას ხელფასი არ აქვს და სანიტარს. წინა დღით ვიყავი, საავადმყოფოს კი არა, მორგს გავს. ამიტომ ამ შენობას უნდა გამოყენება. ჩვენ ვიბრძოლებთ, ბიუჯეტს უკან არ დავაბრუნებთ და გამოვნახავთ ფორმას, რომ მედპერსონალს ხელფასები გავუზარდოთ.

შემდეგი პრიორიტეტი იქნება გაზმომარაგება. მთავრობის ნება რომ იყოს, ახალციხიდან შესაძლებელია გაზსადენის გამოყვანა. სვანეთში თუ არის გაზი, აჭარის მაღალმთიანეთში რატომ ვერ უნდა გაკეთდეს? ვაპირებთ საბავშვო ბაღების მშენებლობას. სოფელ ნენიაში 30 ბავშვია და ამ ხელისუფლებამ ბაღის მშენებლობა ჩანჩხალოში დაგეგმა, სადაც მოსახლეობა განსახლებას ექვემდებარება და მაღალი მიგრაციაა, სკოლაც კი იხურება. ამიტომ ბაღი უნდა გაკეთდეს იქ, სადაც მეტია კონტინგენტი და შემდეგ იმ სხვა სოფლებშიც, რა თქმა უნდა. ჩემი გამგებლობის დროს, 4 ბაღი გავხსენით, ეგ იყო და ეგ, სხვა არ დამატებია. 5 წელია აშენებენ შუბანში საბავშვო ბაღს და ვერ გახსნეს, 3 წელია ფურტიოში შენდება და ვერ ააშენეს, მაშინ, როცა ბიუჯეტის კორექტირების დროს თანხები ემატება.

გარდა ამისა, მე ვნახე აუზების პროექტები, სადაც ასი ათასამდე ლარია დახარჯული წყაროთაში, ბუთურაულში, ფურტიოში, ახალდაბაში 50 ტონიანი აუზებია გაკეთებული წყლის მომარაგებისთვის და წყალი არ არის შიგ. ჯერ ააშენეს აუზები და შემდეგ დაიწყეს წყლის ძიება. ამიტომ თანხები გაფლანგეს, არაკომპეტენტურობა იკვეთება.

თითქმის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება იდენტურია. თქვენ რას გააკეთებთ ისეთს, რაც გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან, რა იქნება ისეთი, რაც აქამდე არავის გაუჟღერებია?

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სოფლის შიდა გზები, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. პროგრამაში გვიწერია, რომ შევიძებთ თოვლის საწმენდ ტრაქტორებს, ასევე თვითმცლელებს და მანქანებს, რომლებიც ინერტულ მასალას მიიტანს ამ უბნებში და მოვაშანდაგებთ გზებს სოფლებში. გზა, წყალი – ეს არის მთავარი სოფელში.

გარდა ამისა, გავხსნით სოფლის კლუბებს, რომელიც ერთადერთი კულტურული კერა იყო სოფლებში. სულ გააუქმეს ეს ცენტრები სოფლებში კი არა თემებშიც კი აღარ არის, რომ ახალგაზრდები შეიკრიბონ და ინტერნეტით, ან რაიმე რესურსით ისარგებლონ. ორი ანსამბლი ჰყავთ, რომელსაც ჩინოვნიკები თავიანთ დაბადების დღეებზე დაატარებენ და ქეიფობენ. მარტო თავიანთ გართობაზე ფიქრობენ, მაქსიმუმ შუამთობაზე ჩაატარებინებენ კონცერტს. სხვა არანაირი კულტურული ღონისძიება არ არსებობს.

მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

ტურისტული მიმართულებით გვაქვს პროექტები. პირველ რიგში, გზა უნდა გაკეთდეს, რომ ტურისტი ამოვიდეს, რადგან ნებისმიერი სოფელი ტურისტული პოტენციალის მატარებელია ჩვენთან. ერთი გომარდული გაიხსნა და ისიც გააჩერეს.

თქვენ როგორ ხედავთ გომარდულის პერსპექტივას?

ხელისუფლებას ათი პროცენტი წილი ჰქონდა ამ სამთო კურორტში და შეეძლო არ დაეყადაღებია ქონება და ეზრუნა მის ამუშავებაზე, მაგრამ ნაბიჯი რომ არ გადადგმულა მის ხელშესაწყობად, ფაქტია.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ რატომ წამოხვედით?

მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და კონკრეტული საქმე და მიმართულება მქონდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ვარ და მომწონს მისი ხედვები, გუნდი და ლიდერები. მათი შეხედულებები ქვეყნის განვითარებაზე.

წინა ხელისუფლების დროს და ახლაც თვითმმართველობას რეალური დამოუკიდებლობა არ აქვს. თუკი აგირჩევენ მერად, თქვენ შეძლებთ რომ იყოთ ცენტრალური ხელისუფლების მითითებებისგან დამოუკიდებელი?

თვითმმართველობა შუახევს ჯერ არ ჰქონია და ახლა ვეუბნები მოსახლეობას, რომ აქვთ შანსი და ეს გამოიყენონ. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ეს შეიცვლება, მოსახლეობის ჩართულობით, ადგილებზე გასვლით სოფლებში. მათი პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით იქნება შესაძლებელი. თუ გექნება საზოგადოებასთან კავშირი და არ იქნება ბუა გამგებელი, მოსახლეობაც იქნება ჩართული. ამის გარანტია არის ჩვენი პარტიის მიმართულება ხალხისკენ, ამომრჩევლისკენ.

არაყი, ხაშლამა და ფხალლობიო – ვახშმები ქედასა და ხულოში ბიუჯეტის ხარჯზე

ქედის მუნიციპალიტეტს კომერციული მომსახურება 9 984 ლარზე  სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომა ქედაში“ ჩასატარებლად აქვს გამოცხადებული.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  სადღესასწაულოდ ქედაში ცხრა სუფრა მოეწყობა, სადაც მთლიანობაში ცხრა კეცის მჭადი, 90 ცალი იმერული ხაჭაპური, 180 ნაჭერი აჩმა, ამავე ოდენობის ბაქლავა, 27 თეფში მწნილის ასორტი, 18 თეფში ნიგვზით შეკაზმულ ფხლის მწნილი, 9 კილოგრამი ყველი, 18 ცალი ქათამის, 27 კილო  თევზი, მწვადი (სამწვადე ხორცი 30 კგ) , 36 ღრმა თეფში ფხალლობიო, 30 კილო  ხილი, 45 ცალი  ჩვეულებრივი პური, ამავე ოდენობით ლავაში და 3 ლიტრი საწებელი უნდა იყოს.

ცხრა სუფრის გარდა, ქედის გამგეობა ამავე ტენდერით 40 კაცის გასამასპინძლებლად მომსახურებას ყიდულობს. სუფრის მენიუ ასეთია – ოსტრი, შემწვარი წიწილა, ჩქმერული, ორაგული, ხბოს  ჩაშუშული, ღორის მწვადი, სოკო სულგუნით, ხაშლამა, კიტრი- პომიდვრის სალათა, ბადრიჯანი ნიგვზით – ასორტი, ყველის ასორტი, მწნილის ასორტი, ფხალლობიო, ხორცის ბლინები, სუფრის მწვანილი, ხაჭაპური, მწვადი, მინერალური წყალი და გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და ცოლიკაურის ღვინო უნდა იყოს, ღვინო – ცოლიკაური

ქედის გამგეობის მიერ კომერციულ მომსახურებაზე 27 სექტემბერს  გამოცხადებული  ტენდერი ხვალ, 5 ოქტომბერს დასრულდება. გამარჯვებულმა სუფრის მოწყობის გარდა, ქედის გამგეობას ხუთი ადამიანისთვის არანაკლებ 60 ლარიანი ფასიანი საჩუქარი უნდა უყიდოს, ასევე უნდა შეარჩიოს ერთ მხატვარი და ორი ანიმატორი.

„ტბელობის“  ჩასატარებლად 150 კაცის სუფრაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული ხულოს გამგეობას. მენიუ ასეთია:  სინორი, ქათამი – შემწვარი ტაბაკა, კაიმაღი, ქათმის ბარკალი, ბორანი, შემწვარი ხორცი, კიტრი, პომიდორი, ხაშლამა, ჩლეჩილი და იმერული ყველი, პური, მჭადი, მჟავის ასორტი[კიტრის, ჯონჯოლის, ნიორისა და წიწაკის], არაყი, ხაჭაპური, ოჯახური, თევზი, მწვანილი, ლიმონათი და მინერალური წყალი.

ხულოს გამგეობას სახალხო დღესასწაულის ტბელობის ჩასატარებლად ელექტრონული ტენდერი 5 101 ლარზე აქვს გამოცხადებული. ტენდერი 6 ოქტომბერს დასრულდება, სუფრასთან ერთად ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა გამგეობას 100 ცალი ლამინირებული მოსაწვევი ბარათი უნდა დაუმზადოს და ქართველი კლასიკოსების შემოქმედებიდან 40 წიგნი მიაწოდოს.

 

 

 

ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. სატვირთო მანქანის მძღოლი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ექიმებს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო მეორე ქალა ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო მართვის საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რატომ გაახსნევინეს ბათუმში ახალი მუზეუმი ენმ-ს მერობის კანდიდატს

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ახალი მუზეუმი გაიხსნა. ბილალ სემიჰ ბოზდემირის სახელობის მინერალური ქვების მუზეუმის გახსნაზე საზეიმო ლენტის გაჭრა ლევან ანთაძეს მოუწია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატს.

„მუზეუმის გახსნაში მივიღე მონაწილეობა, აბა, მთავრობა მოწვეული იყო და არ მოვიდა, როგორც ვიცი,“ – ამბობს ლევან ანთაძე. მისი თქმით, ეს მუზეუმი თურქეთის მოქალაქემ, ბილალ ბოზდემირმა გახსნა, რომელიც გეოგრაფი და გეოლოგია, ხოლო ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს სამედიცინო ფაკულტეტზე.

„მან დააგროვა მინერალური ქვების კოლექცია და კერძო ინვესტიციით გახსნა მუზეუმი, სახელმწიფო არ დახმარებია. მე პირადად, ამ პირმა, ვინც მუზეუმი გახსნა, ფეისბუქის საშუალებით მიმიწვია მუზეუმის გახსნაზე“, – დასძენს ლევან ანთაძე.

რატომ არ დაესწრნენ ახალი მუზეუმის გახსნას მთავრობის წარმომადგენლები? – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ახალი მუზეუმის გახსნის შესახებ შესაბამისად ინფორმირებული არ იყვნენ. მთავრობის პრესსამსახურის უფროსი, სოფო გუჯაბიძე განმარტავს, რომ მას ახალი მუზეუმის შესახებ ორგანიზატორებმა ტელეფონით დაურეკეს, მაგრამ შემდეგ არ გაუგზავნიათ  მოსაწვევი მთავრობისთვის და არც დეტალური ინფორმაცია მუზეუმის შესახებ.

მოსაწვევის მიუღებლობა დაგვისახელეს მუზეუმის გახსნაზე დაუსწრებლობის მიზეზად აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ინფორმაცია ახალი მუზეუმის გახსნის შესახებ ჰქონდათ.

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროში არ ფლობენ ინფორმაციას, გაიარა თუ არა კანონით სავალდებულო პროცედურები ახალმა მუზეუმმა. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მუზეუმის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნებართვა არ სჭირდება.

muzeumi 1

muzeumi 2

muzeumi 4
მინერალური ქვების მუზეუმი ბათუმში

კონკურსი მოსწავლებისა და სტუდენტებისთვის

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ პროექტ ფარგლებში – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“, აცხადებს ესეების კონკურსს “რატომ ევროპა”.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და  სტუდენტთა/მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

                              

კონკურსის პირობები

➧ წარმოდგენილი ესე უნდა ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს, რომელიც აჭარაშია გავრცელებული ევროპის შესახებ

➧ პასუხობდეს თემას – “რატომ ევროპა”

➧ დასაბუთებულად აბათილებდეს ანტიდასავლური მედიის მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს  

ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების მიღების ვადა 2017 წლის 15 ოქტომბერიდან გაგრძელდა 2017 წლის 5 დეკემბრამდე.

ზღვა ინფორმაციულ ნაკადში თანდათან უფრო რთული ხდება გადამოწმებული ინფორმაციის მიღება. საქართველოში ძლიერდება ანტიდასავლური, პრორუსული განწყობები. იქმნება მითები, მცდარი წარმოდგენები ევროპისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქართულენოვანი მედია იყენებს ჰომოფობიურ, დისკრიმინაციულ, სიძულვილის შემცველ განსაზღვრებებს, რომლითაც აღწერს ევროპას და ევროპულ ფასეულობებს. მედიაში გავრცელებული მითები გადმოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად ვისმენთ მას ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სხვა ადგილებში.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან. დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება.

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე: batumipress@gmail.com

პროექტს – „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” – ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

 

 

ხუთი ცნობილი ქალაქის ყველაზე ძველი ფოტო

დღეს ყველას შეუძლია სხვადასხვა ქალაქში უამრავი ფოტოს გადაღება, მაგრამ ოდესღაც ყველაზე დიდი და ცნობილი ქალაქების კადრებიც კი დიდი იშვიათობა იყო. ქვემოთ მოცემული ფოტოების საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ ასზე მეტი წლის წინანდელი,  მსოფლიოს დიდი ქალაქების პირველი კადრები.

მას შემდეგ, რაც ფრანგმა ფოტოგრაფმა, ლუი ჟაკ მანდე დაგერმა დაგეროტიპის პროცესი სრულყო, ეს მეთოდი მალევე გავრცელდა 1840-1850 იან წლებში. კამერა ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფირფიტა ვერცხლისწყლის ორთქლით მჟღავნდებოდა. პოზიტიური გამოსახულების, დაგეროტიპის გამრავლება შეუძლებელი იყო.

 ბომბეი. 1850 წელი

ფოტო MY MODERN MET
ფოტო MY MODERN MET

უცნობი ფოტოგრაფის ფოტო ინდოეთში, ბრიტანეთის მმართველობის დროსაა გადაღებული. გუმბათიანი შენობა, რომელიც შოტლანდიური ტაძრის გვერდით მოჩანს, ყინულის სახლია, სადაც ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოტანილი ყინული ინახებოდა.

პარიზი. 1839 წელი

 ფოტო - PARIS ZIGZAG
ფოტო – PARIS ZIGZAG

პარიზის ყველაზე ძველი ფოტო 1839 წელსაა გადაღებული და ლუი ჟაკ მანდე დაგერს ეკუთვნის. ეს არის ასევე ყველაზე ძველი ფოტო, რომელზეც ადამიანის გამოსახულება ჩანს: ფოტოს მარცხენა, ქვედა კუთხეში ფეხსაცმლის მწმენდავს ვხედავთ მუშაობის პროცესში.

ნიუ-იორკი. 1848 წელი 

 ფოტო topito.com
ფოტო topito.com

მანჰეტენის ვესტ-საიდი: გორაკზე ფერმა ჩანს, დაბლა კი ქუჩა გადის, რომელიც მოგვიანებით ბროდვეიდ იქცა.

ბოსტონი. 1860 წელი

 ფოტო - PetaPixel.com
ფოტო – PetaPixel.com

გარდა იმისა, რომ ეს ბოსტონის ყველაზე ძველი ფოტოა, არის ასევე საჰაერო ბუშტიდან გადაღებული ყველაზე ძველი კადრი.

ჩიკაგო. 1855 წელი

oldest-photos-cities-Chicago-1855
ფოტო: mymodernmet.com

შენობა, რომელსაც ფოტოზე ვხედავთ 1871 წელს ჩიკაგოს ხანძარს შეეწირა.

გამოფენები, რომლებიც ამ შემოდგომაზე ევროპაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ

ზაფხულის ჩავლილი სიცხე და სასიამოვნო, გრილი ამინდი – შემოდგომა საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. თუ გეზი ევროპისკენ გაქვთ და უკვე მოინიშნეთ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილები, გირჩევთ, სიას ქვემოთ მოცემული გამოფენებიც დაამატოთ, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შემოდგომაზე გაიმართება.

ბილ ვიოლა, რეტროსპექტივა – Guggenheim Museum, ბილბაო

შემოდგომაზე თუ ბასკეთში აღმოჩნდებით, შეგიძლიათ გუგენჰეიმის მუზეუმს ესტუმროთ, სადაც ვიდეოარტის პიონერის, ბილ ვიოლას რეტროსპექტივა იქნება წარმოდგენილი, 70-იანი წლების პირველი, ექსპერიმენტული ნამუშევრებიდან დღემდე შექმნილი ვიდეოარტები, რომელშიც ბილ ვიოლამ თანამედროვეობის უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენა.

გამოფენა გრძელდება 9 ნოემბრამდე.

Biennale Arte 2017 – ვენეციის 57-ე ბიენალე

ერთ საუკუნეზე მეტია, რაც ვენეცია მსოფლიო ხელოვნების ყველაზე დიდ გამოფენას მასპინძლობს ყოველწლიურად. ვენეციის ბიენალეზე ყველაფრის დასათვალიერებლად შეიძლება რამდენიმე დღეც კი არ გეყოთ. ეს გამოფენა თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული უამრავი ადამიანის თავშეყრის ადგილია.

ბიენალეზე ყოველ წელს 50 მეტი ქვეყნის პავილიონია განთავსებული.

გამოფენა გაგრძელდება 26 ნოემბრამდე

ხელოვანები თავიანთ დროში – Istambul Modern, სტამბოლი

სტამბულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ბოსფორის სანაპიროზე მდებარეობს. სხვადასხვა პერიოდის 100-ზე მეტი მხატვრის ტილოს აერთიანებს კოლექტიური გამოფენა, რომელიც კონცეპტუალურ ველს ქმნის და გვაჩვენებს, როგორ აღიქვამენ სხვადასხვა პერიოდის მხატვრები დროს. გამოფენა განსხვავებულ თურქეთს წარმოაჩენს, ქვეყნის აქამდე უცნობ მხარეს, რომლებსაც მხოლოდ მხატვრები ამჩნევენ.

გამოფენა გაგრძელდება 31 დეკემბრამდე

ერის სული – შავკანიანთა ხელოვნების ძალა – Tate Modern, ლონდონი

გამოფენა ლონდონში ტარდება და საზოგადოებრივ-კულტურული მოძრაობა Black Power-ის ოცწლიან აქტივიზმს ასახავს, რომელიც 60 დან 80-იან წლებამდე იყო აქტუალური. გამოფენის არსი ამ პერიოდის ამერიკის უკეთ გაცნობა და შავკანიანთა ხელოვნების ფუკუსში მოქცევაა.

გამოფენა გრძელდება 22 ოქტომბრამდე

ჩინეთი და ეგვიპტე, მსოფლიოს აკვანი – Neues Museum, ბერლინი

ბერლინის ამ გამოფენას არ გამოტოვებენ ძველი, ათასწლოვანი კულტურით დაინტერესებული ადამიანები. გამოფენაზე „ჩინეთი და ეგვიპტე, მსოფლიოს აკვანი“ ძველეგვიპტური ხელოვნების ნიმუშები, სკულპტურები და ნივთებია წარმოდგენილი ასევე ძველი ჩინური ხელოვნების იმ ნუმუშებთან ერთად, რომელიც ევროპაში არასოდეს გამოფენილა. ერთი შეხედვით ორ, სრულიად განსხვავებულ და თვითმყოფად ძველ კულტურას შორის დაინახავთ უამრავ მსგავსებას, რომელიც აქამდე არ შეგინიშნავთ.

გამოფენა გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.

მთავარ ფოტოზე: კადრი ბილ ვიოლას ვიდეოარტიდან.

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს – გოგიტა გოგიტიძეს შენიშვნა მისცა.

გოგიტა გოგიტიძემ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განათავსა. ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა. ოლქი სამართალდამრევის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა თამარ დიასამიძის შემთხვევაშიც. თამარ დიასამიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია და მან სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ თამარ დიასამიძეს მხოლოდ შენიშვნა მისცა და მის დაჯარიმებაზე უარი თქვა.

„ეს გადაწყვეტილება სამომავალოდ წაახალისებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას,“ – მიიჩნევს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი. მისი აზრით, სასამართლოს შეეძლო ჯარიმის გამოყენება, როცა დარღვევა აშკარაა, ხოლო სარჩელი – მტკიცებულებებით გამყარებული.

ამას გარდა, მადონა ბერიძე სასამართლოს მხრიდან ერთი და იგივე ტიპის დარღვევის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებაზეც საუბრობს. ის  სხეფის პედაგოგის – მარინა დარჩიძის საქმეს იხსენებს, რომელმაც პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოქვეყნა „ქართული ოცნების“ დროშებით. მარინა დარჩიძე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა.

 

ბათუმის ოლქმა „ოცნებასთან“ დაახლოებული „ნეიტრალური“ წარმომადგენელი შეცვალა

ბათუმის ოლქმა რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებელ წარმომადგენლად არჩეული დავით ქარცივაძე მოხსნა. დამოუკიდებელ წარმომადგენლებს ნებისმიერ საუბნო კომისიაში დაუბრკოლებლად შესვლის და ოლქისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვთ. კანონის მიხედვით, ასეთი წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, დავით ქარცივაძე კი წლების განმავლობაში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში. ამჟამად იგი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია.

ოლქის გადაწყვეტილებით, დავით ქარცივაძე დამოუკიდებელი წარმომადგენელი საუბნო კომისიებში აღარ იქნება. აქამდე ოლქი ამტკიცებდა, რომ კანონი არ დაურღვევია, რადგან ოფიციალურად დავით ქარცივაძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, ხოლო „პოლიტიკური ნეიტრალურობა“ სუბიექტური შეფასების საკითხია.

„არაფერი არ იყო დარღვეული, მაგრამ მაინც ასე გადაწყვიტა ოლქმა, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ გამხდარიყო,“ – გვითხრა სულიკო შვენთიძემ, ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა.

ბათუმის საარჩევნო ოლქს უბნებში სულ 9 დამოუკიდებელი წარმომადგენელი ეყოლება. ბათუმის ოლქის ინფორმაციით, 5 ახალი წევრი დღევანდელ სხდომაზე შეარჩიეს: თედო დუმბაძე, ხათუნა ბერაძე, ირაკლი გვილავა, თორნიკე მეგრელიშვილი და დალი მამულაძე.

ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა წარმოადგინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

„ამ კადრებში ჩანს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები საარჩევნო ოლქის წევრები, გამგეობის სამსახურის უფროსები, სკოლის დირექტორები და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი აკეთებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაშიც ხელფასს იღებენ, მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის აგიტაციაში. ეს ფოტოები დღისით, სამუშაო საათებშია გადაღებული,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

ფოტოების ნაწილი „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატს – მირიან ქათამაძეს ეხება. ამ კანდიდატს თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ქობულეთში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მერობის კანდიდატი ქობულეთის მოქმედ გამგებელთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხვდება.

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მირიან ქათამაძის იქ მისვლის მიზანი იყო ის, რომ ხალხისთვის ეთქვა, პრობლემას ჩვენ გიგვარებთო. სხვა პარტიის კანდიდატის მიმართ ხომ ასეთი მიმღებლობა არ ექნებოდა იგივე მეწყრის გამო შექმნილ საგანგებო შტაბს,“ – აღნიშნავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

სცადა თუ არა სხვა პარტიის წარმომადგენელმა მისულიყო დატბორილ ადგილებში სამთავრობო შტაბთან ერთად? – მირდატ ქამადაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ეს არ უცდია.

მირიან ქათამაძე ამ დრომდე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების შემთხვევას არ გამოხმაურებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წინაასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებოდნენ, მაგალითად, შუახევში ზაზა ზოიძე – გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, ასევე ფრიდონ დავითაძე – გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი, მამუდ მიქელაძე – ხიჭაურის სკოლის დირექტორი, დავით ქათამაძე – ბარათაულის სკოლის დირექტორი…

ჰქონდათ თუ არა ამ პირებს აღებული შვებულება – „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვითხრეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მირდატ ქამადაძის თქმით, მათ ფოტოები სოციალური ქსელი „ფეისბუქიდან“ მოაგროვეს. „დავამუშავებთ ამ მასალას და შემდეგ მივმართავთ უწყებათშორის კომისიას, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ დღეს გავასაჯაროვეთ ეს ფაქტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოვიწვიეთ,“ – დასძენს მირდატ ქამადაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდნენ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

„ჩვენ შევისწავლით ყველა ამ ფაქტს. საინტერესოა, რა პერიოდშია ეს შეხვედრები გამართული, ჰქონდათ თუ არა შვებულება აღებული საჯარო მოხელეებს და ასე შემდეგ. გასაკუთრებით საინტერესოა ქობულეთის შემთხვევა. თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ეს იქნება წინასაარჩევნო გარემოსთვის ძალიან დამაზარალებელი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.

IMG_20171004_113046
ბრიფინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

მთავარ ფოტოზე: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად

სააგენტო საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 30 ათას ლარს გადაიხდის. რაც შეეხება ფრესკების რეაბილიტაციას, ის პროექტის შედგენის შემდეგ დაიწყება. ჯერ უცნობია, დაახლოებით რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„ამ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევები, თავისი ხარჯთაღრიცხვით. წინსწრებით ვერ ვიტყვით და არც ვიცით, თუ რა იქნება საჭირო ფრესკების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. როცა დაიდება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, მექნება კომუნიკაცია კულტურის სამინისტროსთან, ეროვნულ სააგენტოსთან, მთავრობასთან აუცილებლად – თუ დიდ თანხაზე იქნება საუბარი, რაღაც რომ გადანაწილდეს, ვინაიდან მარტო ჩვენი სააგენტო ამას ვერ გაწვდება. რაღაც ეტაპობრივი ჩაშლა შესაძლებელი იქნება. ანუ, ეტაპობრივად რომ დაიწყოს – ყველაზე რთული და დაზიანებული მონაკვეთიდან და ამის თანხა შეიძლება ჩვენმა სააგენტომ გაითვალისწინოს მომავალი წლის ბიუჯეტში“ – განაცხადა სატელეფონო საუბარში ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში დგას საკათედრო ტაძრის გადახურვის თემაც, ალაგ-ალაგ დაზიანებულია სახურავი საიდანაც წყალი ჩადის, „ეს პრობლემა კი, სააგენტოს მიერ, გაცილებით მარტივად მოსაგვარებელია. რაც შეეხება ფრესკებს, რთული საკითხია. საჭირო იქნება ლაბორატორიული კვლევები, აქ მეცნიერებასთან გვაქვს საქმე და ვნახოთ რა დასკვნას დადებენ სპეციალისტები“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში „სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს.

ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შედგენისათვის ჩასატარებელია:

[checklist]

  • მოსამზადებელი სამუშაოები (საარქივო მასალის დამუშავება და სახელოვნებათმცოდნეო კვლევა);
  • ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა და მონიტორინგი;
  • ფოტოფიქსაცია (პირდაპირი და არეკლილი შუქით, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით, მაკრო და მიკრო);
  • მოხატულობის (ფრესკები) დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაცია;
  • ფერწერული ფენის ლაბორატორიული ანალიზი;
  • საფუძვლისა და ბათქაშის ლაბორატორიული ანალიზი;
  • ბიოლოგიური ანალიზი;
  • ხსნადი მარილის ანალიზი;
  • საკათედრო ტაძრის შიდა სივრცის არქიტექტურული პროექტი (ანაზომები);
  • ხარჯთაღრიცხვა

[/checklist]

დაზიანებული ფრესკები ბათუმის საკათედრო ტაძარში / ლელა დუმბაძის ფოტო
დაზიანებული ფრესკები ბათუმის საკათედრო ტაძარში / ლელა დუმბაძის ფოტო

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროექტირების მოღვაწეობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

პრეტენდენტის გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ, უშუალოდ ამ ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული საკვლევი-საპროქტო სამუშაოები და არა მასში დასაქმებული პირების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ანალოგიური ხასიათის სამუშაოები;

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 საკულტო სახეობის უძრავი ძეგლის კვლევისა და პროექტის მომზადების გამოცდილება (მათ შორის ლაბორატორიული კვლევის მომსახურების გამოცდილებაც);

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე მინიმუმ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გამოცდილება საკულტო სახეობის უძრავი ძეგლის კვლევისა და პროექტის მომზადების სფეროში.

პროექტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 16 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად.

 ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. კედლისა და სვეტების მოხატულობა ალაგ-ალაგ მოშლილია.  ამაზე „ბათუმელები“ 2014 წელსაც წერდა.
 მთავარი ფოტო: ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / თორნიკე თავაძის ფოტო

სეს: ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება მისი მექანიკურად განადგურებაა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებისას, გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს. ამ დროს მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება კი მისი მექანიკურად განადგურებაა.

სეს-ის განცხადებით ერთ-ერთი მარტივი მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფრების დამზადებაა, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტები ან მსგავსი მასალა. თავშესაფარში გამოსაზამთრებლად შესული ფაროსანა უნდა შეგროვდეს და მექანიკურად განადგურდეს.

ფაროსანასთან ბრძოლის სხვა ეფექტური მეთოდების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ ნახოთ საინფორმაციო ბროშურაში –https://bit.ly/2xPme0t

რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ ახალ ნომერში [ანონსი]

ჟურნალ „ბათუმელების“ სექტემბრის ნომრის დარიგება იწყება. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ამ თვიდან „ბათუმელები“ თავად უზრუნველჰყოფს ჟურნალის მიტანას ხელმომწერებთან თბილისში.

ფოკუსი თემაზე: არჩევნები, სოროსი და საქართველო
ავტორი: დათო ქოქოშვილი

პოლიტიკა: „ოცნების“ ნაბიჯი წინ და ნაბიჯი უკან 
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ეკონომიკა: ვემსახურები ბანკს
ავტორი: თედო ჯორბენაძე

განათლება: რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა
ავტორი: ლელა დუმბაძე

ჯანმრთელობა: საჭიროზე მეტი ექიმი 
ავტორი: ნანა კვაჭაძე

უცხოეთი: ახალი ბირთვული საფრთხე 
ავტორი: იოშკა ფიშერი

კავკასია: ჩემი არაოფიციალური შინაპატიმრობა ახალგორში
ავტორი: თამარ მეარაყიშვილი

მოგზაურობა: განთიადი ზღვაზე
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

საზოგადოება: ყრუდ და მდუმარედ
ავტორი: ია ფრანგიშვილი

ტექნოლოგიები: ქართველები ცერნში
ავტორი: ჯაბა ანანიძე

ფოტოპროექტი: გადამზიდავები
ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მუსიკა: გია ყანჩელი პაუზებს შორის
ავტორი: ჯაბა ანანიძე

კინო: „ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“
ავტორი: თამარ ნერგაძე

ისტორია: ქართველი ებრაელები დაბა კულაში
ავტორი: ირინე ბერიძე

ლიტერატურა: მიწას ეფინება და არ დნება
ავტორი: ლია ლიქოკელი

კულინარია: უწყვეტი მესხური ძაფები
ავტორი: თამარა მირიანაშვილი

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია
ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ბათუმში დიდი რაოდენობით სუბოქსინი და ჰეროინი ამოიღეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარი – 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს: იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2 783 594 ტურისტი შემოვიდა

საქართველოში, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს, ის 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია. სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

შსს-ს მონაცემებიით, 2017 წლის სექტემბრის თვე 763 729 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.

„პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

[checklist]

  • ტურისტი – 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);
  • ტრანზიტი – 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);
  • სხვა – 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).

[/checklist]

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა: „ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (30%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა“.

მთავარი ფოტო: გონიო-კვარიათი / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ენმ-ს სიის პირველი ნომერი ხელავაჩაურში: ეგონათ ივანიშვილი ანგელოზი იყო

„აქამდე ეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ანგელოზი იყო და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია. ახლა პირიქით ფიქრობენ,“ – ასე ხედავს ამომრჩევლის განწყობას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი – მიხეილ ბოლქვაძე. ამავე პარტიის მერობის კანდიდატისგან განსხვავებით, იგი ხელვაჩაურში პრემიების გაუქმებას არ აპირებს და ამბობს, რომ პრემიას მხოლოდ წამახალისებელი ფუნქცია ექნება. მიხეილ ბოლქვაძე ბოლო ორი მოწვევის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია. წინასაარჩევნო გზავნილებზე საუბრის დროს ძირითადად მართველ პოლიტიკურ გუნდზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის, მოქმედ გამგებელზე – ნადიმ ვარშანიძეზე, რომელიც, მისი თქმით, 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყო.

ბატონო მიხეილ, რას შეცვლით ხელვაჩაურის საკრებულოში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში?

ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. პროგრამების დიდი ნაწილი, რაც ჩვენი მმართველობის დროს დაიწყო, შეჩერებულია. დღეს სოფლის რწმუნებულებს ბეჭედიც კი არ აქვთ და სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ ხელვაჩაურის გამგეობასთან… დავასახელებ იგივე სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, გზები იქნება ეს, გაზიფიცირება, წყლის სისტემები, თუ მოსაცდელები. ეს პროგრამა წელს გაუქმდა. მთლიანობაში, თუკი 2012 წლამდე მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა დაახლოებით 30 ინფრასტრუქტურული პროექტი, ამჟამად ხორციელდება დაახლოებით 11. სამაგიეროდ, გაიზარდა გამგეობის სახელფასო ფონდი. 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 200 ათასი ლარით. იცით ალბათ, რომ ყველაზე წარმატებული გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აღმოჩნდა. მან აჭარაში ყველაზე დიდი ოდენობის პრემია და დანამატი აიღო. გარდა ამისა, 2017 წელს ბიუჯეტიდან ერთი მანქანის რემონტისთვის 46 ათასი ლარი გამოყო. ეს მანქანა ნადიმ ვარშანიძეს ემსახურება. ჩვენ გვქონდა ინიაციატივა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, რომ იგივე არასამეწარმეო იურიდიულ პირებში, მაგალითად, კულტურის მიმართულებით ვინც მუშაობს, გაზრდილიყო ხელფასები, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს. 160 ლარი აქვთ დაახლოებით ხელფასი იმ ადამიანებს, ვინც ააიპ-ებში მუშაობს. უარი გვითხრეს პროგრამაზეც, რომლითაც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სახურავების შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. უმრავლესობის პასუხი არის ხშირად ის, რომ საკმარისი თანხა არ აქვთ, თუმცა გასული წლის ბიუჯეტში მილიონ 600 ათასი ლარი გაუხარჯავი დარჩა.

კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას განახორციელებთ და სად ნახავთ ამისთვის ფინანსურ რესურსს?

იგივე გაზიფიცირება, რაც ჩვენს დროს დაიწყო… ჩვენ მივედით მახოს ხიდამდე და გეგმა გვქონდა, რომ ავიდოდით ბეშუმამდე. ბეშუმი კი არა, ახლა თხილნარშიც ვერ შეიყვანეს გაზი. ახალშენში შეიყვანეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ. იქ მე ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ სპეციალურად გააკეთეს, მაგრამ მაინც მოვიგე არჩევნები და საკრებულოში შევედი. ჩვენ შევამცირებთ პრემიებს და დანამატებს და ამის ხარჯზე იქნება შესაძლებელი იგივე გაზიფიცირებისთვის თანხის გამოძებნა.

თქვენმა მერობის კანდიდატმა, თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ პრემიებს და დანამატებს გააუქმებს. თქვენ ახსენეთ – შემცირება. რომელს უნდა დაუჯეროს ამომრჩეველმა?

პრემია უნდა იყოს მხოლოდ წამახალისებელი, მაგალითად, ვინც 6 საათზე ვერ გადის სამსახურიდან და ღამის 12-მდე მოუწია მუშაობა, მას ერგება პრემია. დანამატი საერთოდ გაუქმდება, ვისაც დაბალი ხელფასი აქვს, მას უნდა მოემატოს შრომის ანაზღაურება. ამ გზით ჩვენ ხელვაჩაურის ბიუჯეტში დაახლოებით 400 ათას ლარს დავზოგავთ. იგივე წყლის პრობლემა – ხელვაჩაურის სოფლების თითქმის ნახევარს ისევ წყლის პრობლემა აქვს.

სად ნახავთ წყლის სისტემისთვის ფულს, ასევე გაზიფიცირებისთვის?

გაზიფიცირება როცა ხდებოდა, ჩვენი მმართველობის დროს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვყიდულობდით მილებს და დანარჩენს „სოკარი“ აკეთებდა. ახლა ეს პროგრამაც გაუქმებულია და ბიუჯეტში უმრავლესობამ ამისთვის საკმარისი თანხა ვერ იპოვა. კოორდინებული მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელია ფინანსური რესურსის გამონახვა. ახლა ხელვაჩაურის გამგებელს ერთი კვირა სჭირდება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდეს. მე და თემურ დუმბაძეს სანიმუშო ურთიერთობა გვექნება, თუ აგვირჩევენ და კოორდინაციის პრობლემა აღარ იარსებებს. ჩვენ გვაძლევდა ფულს, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობა. ახლა ტრანსფერების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. წელს 4 მილიონი უნდა მოეცა საქართველოს მთავრობას და მოგვცა მხოლოდ ორნახევარი მილიონი. ჩვენს დროს დაახლოებით 14 მილიონ ტრანსფერ ვიღებდით. ამჯერადაც მოლოდინი მაქვს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მივიღებთ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან.

რატომ გაქვთ ამის მოლოდინი, ამ არჩევნებით ხომ ცენტრალური ხელისუფლება არ იცვლება?

არაა ასე. თუკი თვითმმართველობებში ჩვენ აგვირჩევენ, აუცილებლად შეიცვლება მთავრობაც. მათ აუცილებლად მოუწევთ გაითვალისწინონ თვითმმართველობის ინტერესები. ხელვაჩაურის ადგილობრივი ბიუჯეტი დაახლოებით 16 მილიონი ლარია. ამასაც სწორად გადანაწილება უნდა.

როგორ წარმოგიდგენიათ ადგილობრივი ბიუჯეტის გადანაწილება?

მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამები, რაც ჩვენს დროს იყო, იგივეა, არაფერი შეცვლილა და გაჩნდა ახალი საჭიროებები. მედიკამენტების პაკეტს გარკვეულწილად შეიძლება ფარავდეს ადგილობრივი ბიუჯეტი. ასევე შესაძლებელია პროგრამა შშმ პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. აუცილებელია იგივე ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა. მაჭახლის ხეობას მივანიჭეთ დაცული ტერიტორიის სტატუსი, მაგრამ ამის შემდეგ იქ არაფერი შეცვლილა. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ხელვაჩაურში არც ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი არ იყო გარემონტებული. 4 სკოლა დაგვრჩა გასარემონტებელი და ისიც ვერ გაარემონტეს. გარდა ამისა, არაერთი გზა დაიგო, განათება…

თქვენ წააგეთ არჩევნები. ახლა რის გამო მოინდომებს ამომრჩეველი თქვენს დაბრუნებას?

წავაგეთ, მაგრამ 2016 წელს არჩევნებში ავიღეთ დაახლოებით 30 პროცენტი. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ელექტორატი არის მზარდი. თუკი თავიდან ბიძინა ივანიშვილი ეგონათ ანგელოზი და მიხეილ სააკაშვილი კაციჭამია, ახლა პირიქით ფიქრობენ…

ფიქრობთ, რომ „ოცნებაზე“ განაწყენებული ადამიანები თქვენი ამომრჩევლები გახდებიან?

შესაძლოა, ასეც მოხდეს. ჩვენი ამომრჩევლის რაოდენობა გაიზრდება ძირითადად იმით, რომ აქამდე ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანები დაგვიჭერენ მხარს… „ქართული ოცნების“ ძირითადი პრობლემა არის ის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერდა მხარს, ისინი ჩრდილში აღმოჩნდნენ. იგივე ნადიმ ვარშანიძე ჩვენი გუნდის აქტიური მხარდამჭერი იყო და შემდეგ უცებ გახდა მეოცნებე. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნადიმ ვარშანიძე საზღვაო აკადემიის რექტორი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა ურეხში 2010 წლის არჩევნებზე.

ანუ საზღვაო აკადემიის რექტორობაც პოლიტიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს?

არა, მე შტაბის უფროსობა ვიგულისხმე. ის საარჩევნო შტაბში მუშაობდა 2012 წელსაც.

თქვენი გუნდის წევრები ვინ არიან, კიდევ ვინ შევა საკრებულოში, თუკი ხელვაჩაურში ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ აირჩევს?

ესენი არიან ცნობილი სახეები ხელვაჩაურის მოსახლეობისთვის, მათ შორის, გვყავს ქალი კანდიდატი შორენა ცინცაძე. ასევე არიან: ქენან კახიძე, მერაბ ვარშალომიძე, ზურაბ გვიანიძე…

მთავარ ფოტოზე: მიხეილ ბოლქვაძე ამომრჩეველთან შეხვედრის დროს

 

misha 1
მიხეილ ბოლქვაძე ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მორაობის“ კანდიდატების დასახელების დროს

თამაზ ბაკურიძე პატიმრების მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელიას ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ დღეს, 3 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბაკურიძე ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას მიერ, ერთ-ერთი ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას  გამოეხმაურა:

“ამ გამოსვლის მხოლოდ იმ ნაწილს ვეთანხმები სადაც ის ამბობს, რომ ციხეებში აღარ ხდება გაუპატიურებები, აღარ ხდება ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები. არ არის ისეთი მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის – ამაში ვეთანხმები. მაგრამ არ ვეთანხმები როცა ის ამბობს, რომ დღეს ვითარება გვაქვს იდეალური. არ გვაქვს ჩვენ იდეალური ვითარება, იმიტომ რომ მოგვდის უამრავი წერილები პატიმრების, რომლებიც ითხოვენ ელემენტარული წამლის მიწოდებას და რომლის საშუალებაც არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”.

თამაზ ბაკურიძეს მაგალითისთვის ბათუმის ნომერ მესამე საპყრობილე მოაქვს და ამბობს, რომ მათ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი წერილი შედის პატიმრებისგან, სადაც ისინი შესაბამისი სამედიცინო მომსახურების არქონასა და კვების პრობლემებზე საუბრობენ.

“ბათუმის ნომერ მესამე საპყრობილეში საქართველოს ყველა კუთხიდან წამოიყვანეს სასტიკ დანაშაულში ბრალდებულები. პატიმრები ხულოდან, შუახევიდან ან ქედიდან გადაანაწილეს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. ეს არის როგორც  უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა, ისე ძალიან დიდი ხარჯი, რადგან ოჯახის წევრებს ექმნებათ სირთულეები. რუსთავიდან უნდა ჩამოვიდეს ბათუმში, ხულოდან უნდა ჩავიდეს რუსთავში და ა.შ.” – ამბობს ის

თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ  საჭიროა შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და ამ ჯგუფში უნდა შედიოდეს, როგორც მედიის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

“ეს აპრობირებული მეთოდია და მიღებულია ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მოქმედებდა ადრე. ეს წინადადება თავიდანვე შევთავაზეთ ჩვენ ხელისუფლებას, მაგრამ წინადადებად დარჩა დღემდე და მას არ ეღირსა რეალიზება” – ამბობს ბაკურიძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა, რის შემდეგაც მან აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის შეკითხვას ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ … როდის შეიქმნა ზოგადად საქართველოში ეს პრობლემა? საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა, მათ შორის ბათუმი.  ეს თემა წამოვიდა 2012 წლიდან, რატომ?  იმიტომ, რომ მოხდა მისი [თემის] პოლიტიზირება. მე ვფიქრობ, ამ თემას პირველ რიგში უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკური ნაწილი.  რა თქმა უნდა, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რელიგიური გრძნობების გამოხატვის საშუალება, თუ მათ სურვილი აქვთ. მაგრამ ეს უნდა იყოს პირველ რიგში ქართული თემა. თავის დროზე უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება და აუცილებლად ქართული ფულით, თუნდაც ბიუჯეტის ფულით გაკეთებულიყო. ჩემი შეხედულება ეს არის. “ – განაცხადა ლევან ანთაძემ შეხვედრაზე.

შეხვედრა მერობის კანდიდატთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიის მიზანი იყო ბათუმის ურბანული და გარემოსდაცვითი პრობლემების: მწვანე საფარი, ჰაერის დაბინძურება, ტრანსპორტი, პარკირება, ქალაქის იერსახე და სხვა გადაწყვეტის გზებზე მერობის კანდიდატის ხედვების მოსმენა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

ინტერვიუ მერობის კანდიდატთან: ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი

 

მინისტრის ყოფილი მოადგილე „ოცნებიდან“ ქედაში „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია

მთავარ ფოტოზე: როსტომ შერვაშიძე არჩილ ხაბაძესა და ირაკლი ჭეიშვილს შორის. 

ქედის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე როსტომ შერვაშიძეა. იგი მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ბელარუსში ბიზნესაქმიანობას ეწეოდა,  „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. „პატრიოტთა ალიანსის“  მერობის კანდიდატი ქედაში „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო როსტომ,  „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყავით, ქედის მერობისთვის კი „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იბრძოლებთ, რატომ შეცვალეთ პოლიტიკური არჩევანი? რატომ გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ – იმიტომ, რომ მურმან დუმბაძის დეიდაშვილი ხართ თუ იდეოლოგიური წინააღმდეგობები გქონდათ?

სოფლის განვითარების ბევრი გეგმა გვქონდა, მოვედით იმისთვის, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობა წინ წამოგვეწია, მაგრამ ვერ წამოვწიეთ, რაც მინდოდა განმეხორციელებინა – არ გამაკეთებინეს, ამიტომაც წამოვედი.

კონკრეტულად რის განხორციელება გინდოდათ და ვინ გიშლიდათ ხელს?

სოფელში ადამიანი რომ ცხოვრობს, იმას ფრინველი უნდა ჰყავდეს, საქონელი, ხილი უნდა ჰქონდეს მოშენებული, მეფუტკრეობას, მეთევზეობას უნდა ეწეოდეს. ხალხს თევზის ბასეინები ვერ გავუფორმეთ, ქედაში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა გვინდოდა, სურვილი და მზაობა იყო თევზის საკვები ჰოლანდიიდან კი არ შემოგვეტანა, არამედ ადგილზე, ქედაში გვეწარმოებინა. ეს ყველაფერი გაწერილი გვქონდა გეგმით, მაგრამ არ მოგვისმინეს, არ გვისმენდა მთავრობა, ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვემორჩილებოდით.

თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი…

რესურსი რაც გააჩნდა, ამას ვიყენებდით, შემოგვქონდა მოტობლოკები, სკა, სათბურები, ბევრი რაღაც დავარიგეთ, მაგრამ გლეხისთვის ეს საკმარისი არ იყო.

აცხადებთ, რომ წინააღმდეგობები გქონდათ, თუმცა ამის შესახებ არასდროს დაგიფიქსირებიათ, რატომ?

მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დავინიშნე, 2016 წლის აპრილი იყო, როდესაც იმდროინდელ მინისტრთან, ზაურ ფუტკარაძესთან შევედი და ვუთხარი, რომ „პატრიოტთა ალიანსში“ გადავდიოდი და ეს მთავრობის თავმჯდომარისთვის [არჩილ ხაბაძისთვის] ეცნობებინა. მას შემდეგ ხუთი თვე ვიმუშავე სამინისტროში, ბოლოს განცხადება დავწერე და წამოვედი. მე გუნდის წევრი ვიყავი, თუმცა „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.

თქვენი აზრით, რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არაა მინიმუმ დაახლოვებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან? თქვენ „ოცნების“ ხელისუფლებაში იყავით… ბათუმის მერობის კანდიდატი [თენგიზ თავდგირიძე] მერიის თანამშრომელია და ზურაბ პატარაძის საქმიანობა მოსწონს…

მე არ ვიცი ვის რა მოსწონს, იმიტომ უნდა დაიჯეროს, რომ წინ წავიყვანოთ ხალხი.

რა გეგმებით მოდიხართ, რას გააკეთებთ ქედისთვის მომდევნო ოთხ წელიწადში, რას შეცვლით?

სოფლების მიხედვით ბიუჯეტი სწორად უნდა განაწილდეს, გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა თანხა მიდის მის სოფელში გზებზე, წყლებსა თუ სხვა საქმეზე და რაც მთავარია მეფუტკრეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, მეფრინველეობა უნდა განვითარდეს სოფლად, ვაზი უნდა გაშენდეს, ორი საწარმო გავაკეთეთ და დღეს არც ერთი მათგანი ადგილზე მოწეული პროდუქციით არ მუშაობს, ადგილზე მოსახლეობა ვერ აბარებს ხილს, 2 000 ტონა ტყემლიდან, მხოლოდ ორი ტონა მიიღო საწარმომ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ბიუჯეტიდან 4 % უნდა გამოიყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ჩვენ თუ მოვალთ, თემებში თითო აგრონომები გვეყოლება, ამისთვის დამატებით შტატებს გამოვყოფთ.

თქვენ ახსენეთ საწარმოები, რომელიც მაშინ გაიხსნა, როდესაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდით, რა პირობით გაიცა სახელმწიფო გრანტები ქედაში საწარმოების მოსაწყობად? ხელშეკრულებით, საწარმოს ადგილზე მოწეული ყურძნისა თუ სხვა ხილის  ჩაბარების ვალდებულება აქვს?

დიახ, ეს ერთ-ერთი ვალდებულება იყო, თუმცა რა ოდენობის ყურძნის მიღების ვალდებულება აქვთ, ზუსტად არ მახსოვს. ერთ კილოგრამ ცოლიკაურში 1 ლარსა და 20 თეთრს უხდიდა საწარმო, ამ თანხაში კი გლეხს ყურძნის ჩაბარება არ უღირდა, საწარმოს მფლობელს ვთხოვე კილოგრამში 1,50 -1,60  გადაეხადა, თუმცა…

რა პრობლემას ხედავთ განათლების სისტემაში სოფლად?

ბაღები არ არის, სოფელ ზვარიდან ქედაში ჩამოჰყავთ ბავშვები, ხომ შეიძლება აშენდეს, სკოლამდელი განათლების დაწესებულებები არასაკმარისი ოდენობითაა.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

ყველაფერი უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტის გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტში, სადაც მერობისთვის კენჭს იყრით, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, როგორ გესახებათ სოფლის მეურნეობის განვითარება? რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და რატომ?

ახალი ველოსიპედის გამოგონება არააა საჭირო, რაც მოდიოდა ადრე, მაგალითად  თამბაქო უნდა დაირგოს, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა  განვითარდეს, ვაზი გაშენდეს.

ოთხი წლის განმავლობაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა გეკავათ, რა შეიცვალა თქვენი მუშაობის დროს სოფლის მეურნეობაში? კმაყოფილი ხართ თქვენი მუშაობით? 

აჭარის სოფლის მეურნეობაში ბევრი რამ გაკეთდა, არ მინდა ვთქვა მე ვიყავი და გაკეთდა, 2500 მოტობლოკი დარიგდა, 2 000 ცალი ფინური სკა, 2 500 ზე მეტი სათბური… მე მქონდა გაწერილი გეგმა, თუმცა მუშაობით არ ვარ კმაყოფილი, როგორც გითხარით, ხელისშემშლელი ბევრი გვყავდა.

მოუგვარებელ პრობლემად რჩება წყლისა და კანალიზაციის პრობლემა ქედაში, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება?

ქედის საკანალიზაციო სისტემაზე ფული გახარჯულია და საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, სოფელ გულებში წყლის ავზები გაკეთდა და მილები არ არის ჩადებული, ონკანამდე წყალი არაა, ვინც იმუშავებს ჩემთან ერთად, განორიცხულია მას ჰქონდეს პრემია-დანამატი, პრემია-დანამატი სოფლის განვითარებაზე წავა, მე ასეთი პრინციპით მოვდივარ.

თქვენ ყოფილი საჯარო მოხელე ხართ, ოთხი წლის განმავლობაში იღებდით პრემია-დანამატს?

მე ვმუშაობდი და რა თქმა უნდა ვიღებდი.

თუ გახსოვთ რა ოდენობის პრემია დანამატი აიღეთ ოთხი წლის განმავლობაში?

ვერ გეტყვით, არ მახსოვს.

და ახლა რატომ ან როგორ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ არ აიღებთ პრემია-დანამატს და თანხები მიმართული იქნება სოფლის განვითარებაზე?

ამომრჩეველმა, ქედის ხალხმა იცის როსტომ შერვაშიძე როგორ მუშაობდა.

აჭარის მაღალმთიანეთში, მათ შორის ქედაშიც დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, თქვენი მერობის შემთხვევაში, გადაიხედება თუ არა სახელფასო პოლიტიკა? 

უნდა მოვუმატოთ, უნდა გადაიხედოს ხელფასები, ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება მატება.

როგორ წარმოგიდგენიათ ტურიზმის განვითარება სოფლად?

ქედაში ბევრი ტურისტი შეიძლება მივიზიდოთ, თუ იქნება შესაბამისი ინფრატსრუქტურა და ხელმისაწვდომი ფასები.

სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ სოფელში ტურისტების ოდენობა გაიზარდოს?

გზები უნდა მოაწესრიგოს, სოფელ მეძიბნაში უნიკალური ჩანჩქერია, ჩანჩქერთან მისასვლელი გზაა გასაყვანი.

ქედაში დაგეგმილია ჰესების მშენებლობა, რამდენად გაითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს პროექტის განხორციელებისას?

ჰესები უნდა გვქონდეს, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ.

რამდენად შესაძლებელია თქვენი ყველა დაპირების შესრულება?  არსებობს ამისთვის საჭირო  ფინანსური რესურსი?

მე ქედის განვითარების გეგმა მაქვს შემუშავებული, დღეს, 21 -ე  საუკუნეში, გზასა და წყალზე არ უნდა ვსაუბრობდეთ,  გზების და წყლების მოწესრიგება დიდი ხანია უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ ვიტყვი, რომ არ კეთდება. კეთდება, მაგრამ ნელი ტემპით და არა ხარისხიანად. 11 მილიონი ლარია ქედის ბიუჯეტია, თუ ბიუჯეტი სწორად გაიწერება ფინანსური რესურსი საკმარისია.

ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა

ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან?

მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა იქნება ყველასთვის, რაც განათლების კუთხით ახალი პროგრამების ამოქმედებას გულისხმობს. მთაში ბევრ საგანში პედაგოგების დეფიციტია, განსაკუთრებით უცხო ენის პედაგოგების პრობლემაა. 2013 წლამდე მოქმედებდა ეს პროგრამა და 500 ლარით ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან მასწავლებლის ხელფასი, მაგრამ ვფიქრობ, ეს თანხები არასაკმარისია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა იყოს დამატებითი თანხები ამისთვის გათვალისწინებული.

რამდენი ლარის დამატებას ფიქრობთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან?

ჩვენ გადავხედეთ თანხებს და დამატებით შესაძლებელია 500 ლარის გაცემა, თუმცა ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, უფრო მეტიც შეიძლება გაიცეს, რადგან განათლებაში დაგვიანება ნიშნავს იმას, რომ 20 წლის შემდეგ შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი საზოგადოება და მე ამას გადაუდებელ ღონისძიებად მივიჩნევ. ამასთან ერთად, ჯანდაცვაში არის ძალიან ბევრი ხარვეზები. კონკრეტულად, ძალიან დაბალი ხელფასები აქვს მედდებს და ვფიქრობ რომ მათ ხელფასი მაქსიმალურად უნდა გაეზარდოთ. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა აქვს, რადგან დღეს უკვე 15 მილიონამდეა ბიუჯეტი გაზრდილი. აქედან ადგილობრივი შემოსავლები 3 მილიონამდეა გაზრდილი. როცა არ იქნება თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებული, მას შეუძლია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით რის გაკეთებას გეგმავთ?

პირველ რიგში გაზიფიცირება უნდა მოხდეს რაიონში, რადგან არ განადგურდეს ბუნება და მეტი ტურისტი და ინვესტორი შემოვიდეს. ტურიზმთან ერთად კი უნდა მოხდეს აგროსექტორის განვითარებაც. ვფიქრობთ, რომ შუახევში უნდა გაიხსნას ხილის გადამამუშავებელი ქარხანა. როცა მთავრობაში ვიყავით, ჩვენ ვმუშაობდით პროექტზე და შეჩერდა. ამ პროექტში ჩართული იყო აჭარის მთავრობა, ჰოლანდიის საელჩოს შუამდგომლობით გაგზავნილი იყო ბიზნესმენები, მოლაპარაკება იყო რომ ხიჭაურში გაგვეხსნა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, მაგრამ ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა და ეს ყველაფერი შეჩერდა, შემდეგ კი არავინ არ დაინტერესებულა. სოფლის მეურნეობის კუთხითაც გვქონდა ბევრი პროგრამა წამოწყებული, იგივე ხმაურიანია გომარდული, რომელიც დღემდე გაჩერებულია.

თუმცა არ გაამართლა ამ პროექტმა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

დავალიანება შექმნა ამ ხელისუფლებამ. შექმნილი იყო სააქციო საზოგადოება „გომარდული“, რომლის ათი პროცენტის მფლობელი იყო აჭარის მთავრობა, რაც იმას ნიშნავდა რომ დროებით შეღავათები უნდა გაეკეთებინა კერძო სექტორისთვის, ბიზნესმენებისთვის და ხელისუფლებას ბიუჯეტიდან მაქსიმალური დახმარება უნდა გაეწია. ეს გულისხმობდა გზის მიყვანას კურორტამდე, საბაგირო გზის მშენებლობას. ჩვენ გვქონდა ეს ყველაფერი გეგმაში და ჯდებოდა დაახლოებით ერთი მილიონ 300 ათასი ევრო და ამაში შედიოდა ველო ტრასები და წყლის პროექტი. ეს პროექტი ისევ დევს გამგეობაში, მაგრამ მაინც ვერ განახორციელეს.

ბატონო ომარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ინიციატივები მოდიოდა ზემოდან ქვემოთ და არა პირიქით. შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ინიციატივა მაინც, რომელიც უშუალოდ თქვენგან წამოვიდა და განხორციელდა მუნიციპალიტეტში?

იგივე გომარდულის პროექტი იყო თემურ ზოიძის ინიციატივა, რომელიც ჩემამდე იყო გამგებელი. შემდეგ ჩვენ ამ ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. რაც შეეხება ჩემს ინიციატივას, დაბის ტერიტორიაზე გაკეთდა მსოფლიო სტანდარტების სპორტის სასახლე, სადაც ფრენბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებია. ამის პარალელურად, ჩვენ გვქონდა დაგეგმილი მიმდებარედ გაკეთებულიყო კოტეჯის ტიპის სასტუმროები, ღია ტიპის აუზი და კორტები.

და რატომ არ გაკეთდა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს? საკმაოდ დიდხანს იყავით გამგებელი.

ვთქვი, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, პოლიციის შენობა აშენდა, დაბის მოასფალტება მოხდა. სოფელ კვირიაულში ვაპირებდით სანატორიუმის გახსნა და ამის გაგრძელებაზე ღომას კურორტის განვითარებას.

ანუ იმის თქმა გინდათ, რომ თუკი აგირჩევენ მერად, ძველ პროექტებს მიიყვანთ ბოლომდე?

აუცილებლად. გარდა ამისა, ჩირუხის მიმართულებით ვგეგმავდით კიდევ მსოფლიო ბანკის პროგრამით 6 კილომეტრიანი გზის გაკეთებას და ახალგაზრდული ცენტრების გახსნას. მთლიანობაში ამ პროექტს – გოდერძი-გომარდული – ჩირუხი და ღომა უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავდა.

ხუთი წლის განმავლობაში თქვენ იყავით შუახევის გამგებელი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, შეგიძლიათ გვითხრათ რა გააკეთეთ?

ჩვენ ისეთ რეჟიმში ვმუშაობდით, არ გვქონია იმის დრო, რომ მაგაზე გვეფიქრა.

ანუ თქვენთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა პრიორიტეტი არ იყო?

პრიორიტეტი უფრო დიდი იყო, არაფრისგან ვიწყებდით მშენებლობას.

ახალ პროგრამაში რა გაქვთ გარემოს ადაპტირებაზე გათვალისწინებული?

რასაც გავაკეთებთ ახალს, ყველგან გათვალისწინებული იქნება ადაპტირებული გარემო. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ იმ ოჯახებს, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ, დამატებით დავუნიშნოთ 50 ლარიანი დახმარება. ჩვენ სხვა სოციალური პროექტებიც გვაქვს დაგეგმილი, მედიკამენტები არის ძალიან ძვირი და ვფიქრობ, პირველადი მოხმარების მედიკამენტების პაკეტი უნდა შეიქმნას, ახალშობილებს ვაუჩერი მიეცეთ და 1200კვტ ელექტროენერგია მიეცეს მოსახლეობას უფასოდ.

თქვენი არჩევის შემთხვევაში როგორი იქნება თვითმმართველობის პოლიტიკა მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში, ვგულისხმობ ქონების, მიწების გადაცემის საკითხს.

ვინც არ უნდა იყოს, ეკლესია იქნება, თუ მსხვილი ინვესტორი, ყოველთვის ხალხის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველაფერი უნდა გადაწყდეს ხალხთან ერთად. ხალხის რეალურ წარმომადგენლობას წარმოადგენს საკრებულო.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებს ნაკლებად გამოხატავს. თქვენ რას შეცვლით ამ მიმართულებით?

კონკრეტული მაცხოვრებლების ბრალია, რომ არ არის პროცესებში ჩართული, მაგრამ მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადამიანების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინტერესები.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სორისის ფონდი

სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები და საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიის შტაბი. გამგეობის ინფორმაციით, დღეს მდინარის დონემ დაიწია.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია ოცამდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის კომისია შეისწავლის.

„ძირითადად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, ასევე წყალი შევიდა 10-მდე სახლში. ზარალი უმნიშვნელოა, რადგან ჩვენ წინასწარ ავალაგებინეთ საოჯახო ტექნიკა მოსახლეობას პირველი სართულიდან. ამ დროისთვის წყლის დონე დაწეულია და არც რომელიმე ქუჩაზეა გადაადგილება შეზღუდული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ.

ქობულეთის გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები ამჯერად გააქტიურდა კვირიკეში, ჩაისუბანსა და ჩაქვში, თუმცა რომელიმე ოჯახის გასახლების აუცილებლობა არ დამდგარა.

რით დაეხმარება ქობულეთის გამგეობა იმ ოჯახებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ? – სულხან ევგენიძე ამბობს, რომ გეოლოგებმა მდგომარეობა უკვე შეისწავლეს და განსახლების საჭიროება არ დგას.

„გეოლოგებს არ უთქვამთ, რომ სადმე არ იცხოვრება, ასეთი დასკვნა არ დადებულა. ძირითადად გაიცა რეკომენდაციები, რომ მოეწყოს სპეციალური სამაგრები. ჩვენ ამ კუთხით გამოვაცხადებთ მალე ტენდერს პროექტის შესყიდვაზე. შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა დაჯდება სპეციალური სამაგრეების მოწყობა,“ – აღნიშნავს სულხან ევგენიძე.

სტიქიის შედეგად დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სტიქიის შედეგად დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

დატბორილი ქობულეთი. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
დატბორილი ქობულეთი. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

დაბა ჩაქვსა და ჩაისუბანში მეწყრული პროცესები განვითარდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
დაბა ჩაქვსა და ჩაისუბანში მეწყრული პროცესები განვითარდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

„პოლიტიკა და დემოკრატია“: აუცილებელი საკითხავი – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

დღეს 3 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) და „ბათუმის დემოკრატიის სკოლა“ წიგნის პრეზენტაციას გამართავს. წიგნის სახელწოდებაა – „პოლიტიკა და დემოკრატია: აუცილებელი საკითხავი II“-ის პრეზენტაციას გამართავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოცემა აერთიანებს აღიარებული, გავლენიანი მოაზროვნეების ტექსტების ქართულ თარგმანებს.

„ესეები სხვადასხვა დროს ტიტულოვან საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდა და დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიაზე“.

პრეზენტაცია გაიმართება „ბათუმის დემოკრატიის სკოლის“ ოფისში, ახმედ მელაშვილის 20-ში 17: 00 საათზე.

წიგნში წარმოდგენილია შემდეგი თემები:

პოლიტიკური იდეები მე-20 საუკუნეში, ისაია ბერლინი;
გეოპოლიტიკის სიმძიმე, რობერტ კაგანი;
დელეგაციური დემოკრატია, გილიერმო ო’დონელი;
დემოკრატია და სახელმწიფოს ხარისხი, ფრენსის ფუკუიამა;
საჯაროსა და კერძოს დიქოტომიის ფემინისტური კრიტიკა, ქეროლ პეიტმანი;
ევროპული ლიბერალური წესრიგი საფრთხეშია, ტიმოთი გარტონ ეში;
ევროკავშირის მნიშვნელობის გააზრება: კოსმოპოლიტური ევროპისკენ, იურგენ ჰაბერმასი.

წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

Exit mobile version