მთავარი,სიახლეები

ეროვნული ბანკი ოქროსფერ 50-თეთრიანებზე: ეს, უბრალოდ, რაღაც პანიკა და აჟიოტაჟია

10.03.2016
ეროვნული ბანკი ოქროსფერ 50-თეთრიანებზე: ეს, უბრალოდ, რაღაც პანიკა და აჟიოტაჟია

 

ე.წ. ყვითელი 50-თეთრიანი მონეტების ყიდვა-გაყიდვაზე სოციალურ ქსელებში დაწყებულმა აჟიოტაჟმა მოსახლეობაშიც გადაინაცვლა. ამ ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ერთ მონეტაში 10 ლარიდან 100 დოლარამდეც კი იხდიან. ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, მონეტა შეიცავს ღირებულ ლითონს და ის გასაყიდად საქართველოდან თურქეთში გააქვთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მონეტები მოჭრილია 1993 წელს, მიმოქცევაშია 1995 წლიდან, წონა – 2,5 გრ, დიამეტრი – 19 მმ, სისქე 1,4 მმ. მონეტის შემადგენლობა – სპილენძის შენადნობი ოქროსფერი და ის სხვა რაიმე ღირებულ ლითონს არ შეიცავს.

„ეს შეიცავს სპილენძის შენადნობს, რომელსაც სამონეტო მეტალს უწოდებენ ზოგადად და ბევრი ქვეყანა იყენებს. რაიმე განსაკუთრებული ღირებულება მას არ გააჩნია. ნუმიზმატიკური თვალსაზრისითაც, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის თავის დროზე მიმოქცევაში გაშვებული, ალბათ ამ კუთხითაც არ არის ღირებული თუ საინტერესო“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ეროვნული ბანკის თანამშრომელმა ნანა კობერიძემ.

ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მონეტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ მათაც სოციალური ქსელებიდან იციან და ფიქრობენ, რომ ეს, უბრალოდ, რაღაც პანიკა და აჟიოტაჟია ვიღაცის მხრიდან ატეხილი და კონკრეტულად თუ რა ხდება, ამისი თქმა არ შეუძლიათ:  „თუმცა, ისიც დაიწერა ქსელში, რომ იმ ნომრებზე, რაც მითითებული აქვთ, იმათ, ვინც თითქოს შეისყიდდა მონეტებს, არ პასუხობენ ან გათიშულია“.

ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტები 2017 წლის ბოლომდე დარჩება მიმოქცევაში. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისი მიმოქცევიდან ამოღების მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ 2006 წელს მოიჭრა ახალი, ვერცხლისფერი მონეტები.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ოქროსფერი მონეტების ამოღება გრძელდება და ამოღებული მონეტების ბედს ბანკი მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც ამ მონეტების მიმოქცევაში ყოფნის ვადა ამოიწურება.

ოქროსფერ, სამონეტო მეტალს ასევე შეიცავს 2-ლარიანი მონეტები – შიდა რკალის შემადგენლობა: სპილენძი-ალუმინი-ნიკელი-ოქროსფერი; ასევე 10-ლარიანი [ქრისტეშობის 2000 წლისადმი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური] მონეტები -გარეთა რკალი: სპილენძი-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.

50 2 1 2222

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: