ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“

23.05.2017 • 3141
ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია: „არ ვიცი, საიდან ღებულობენ ამ ინფორმაციებს… მზად ვართ ჩვენ თვითონ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროექტებია დაგეგმილი რეგიონში, ვის ვხვდებით, რატომ ვხვდებით… ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები.“

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მთავრობა დაგეგმილი ხიდის მიმდებარედ თავისუფალი სივრცის ათვისების შეთავაზებას გეგმავს ინვესტორებისთვის, სავაჭრო ან სხვა საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის პირობით.

ზურაბ პატარაძე იმედოვნებს, რომ ამ სივრცის ათვისებით ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეულწილად დაიზოგოს ესტაკადის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა.

„… წინასაარჩევნო პერიოდში არაერთგზის დავაანონსეთ რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, ბათუმის ესტაკადის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, სატრანსპორტო მიმოსვლას, ცნობადობის ამაღლებას, ტურისტულ სეზონს და ასე შემდეგ. ეს იყო ბათუმელების დაკვეთა, ეს იყო ჩვენი რეგიონის დაკვეთა და ჩვენ მივდივართ ამ გზით. ეს პროექტი უკვე გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში…

უმაღლეს საბჭოში შეხვედრის დროს ჩვენ დავაანონსეთ ასევე, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ვინც დაინსტერესებულია ბათუმში სხვადასხვა პროექტის განხორციელებით. დაგეგმილი ესტაკადის გვერდით არის არაჩვეულებრივი სივრცე და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს სივრცე დარჩეს ცარიელი. იქ უნდა აშენდეს სავაჭრო ცენტრი ან სხვა ტიპის ობიექტი, რაც მნიშვნელოვანია რეგიონისათვის, გვაქვს შეთავაზებები, უკვე გვქონდა შეხვედრა ინვესტორებთან და უახლოეს დღეებშიც გვექნება. ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ღრმად პატივცემულ ოპონენტებს. რომ არ გაუჩნდეთ ეჭვები კორუფციაზე და ასე შემდეგ.

ჯერჯერობით არანაირი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. თუმცა ძალიან მოხარულები ვიქნებით, რომ გაფორმდეს და განხორციელდეს ეს პროექტი. ჩვენს რეგიონს შევძინოთ ეკონომია და ეს სახსრები რაც გამოყოფილია ესტაკადის მშენებლობაზე, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდეს და ჩვენ მივიღოთ დამატებით ახალი სივრცე, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. “ – განმარტა მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმში ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით პირდაპირი წესით ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაცია დღეს უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა გაავრცელა.

პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია. ელგუჯა ბაგრატიონმა ეჭვი გამოთქვა მთავრობასა და თურქულ კომპანიას შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე, რომელთანაც მისი ინფორმაციით, პატარაძემ პირდაპირი შესყიდვის განხორციელებაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


„საზღვაო პორტთან ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყაზახურ მხარესთან, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მიმდინარეობს სხვა ალტერნატიული გზების მოძიებაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია თემით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან. მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ამჯერად უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ,“ – განაცხადა გასულ წელს ზურაბ პატარაძემ.

მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ 2015 წლის ნოემბერში მედიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა: „არ არის ასე მარტივი. გარდა ესტაკადის ქვეშ არსებული მიწისა, იქ არის დამატებით 7 ჰექტარი მიწა, რომელიც ასევე კომერციული მოლაპარაკების ნაწილია. სამი სხვადასხვა ინვესტორი გვყავს, რომლებსაც სამი სხვადასხვა პროექტი აქვთ მიწასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვა ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან ერთად არის შემდეგი, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ესტაკადა, მიწა, რომელიც იქ იქნება, გრძელვადიანი უზუფრუქტით უნდა გადაეცეს უკვე ინვესტორს, რათა მათ განახორციელონ იქ თავიანთი საქმიანობა“.

რომელ ინვესტორებზეა საუბარი, არც სამინისტროში და არც აჭარის მთავრობაში და მითუმეტეს მერიაში, არ აკონკრეტებენ. რეესტრის ამონაწერების მიხედვით ბათუმის მერიის საკუთრებაში ესტაკადის ასაშენებელ სავარაუდო ტერიტორიაზე მხოლოდ 6 კვ/მ მიწის ნაკვეთია. დანარჩენი მიწის თავისუფალი ნაკვეთები, ჯამში 5 ჰექტარამდე ფართობი, 2014 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. მათ მიმდებარედ არსებული თავისუფალი ფართობი კი „საქართველოს რკინიგზას“, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ესტაკადის მშენებლობას სწორედ ის აფერხებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ვის და რა პირობით გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები. პროცესი კი უკვე მეოთხე წელია ისევ გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. არადა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომ კვლავ მზად იყვნენ ესტაკადა აეშენებინათ, რისთვისაც 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდათ გათვალისწინებული. სანაცვლოდ, ნავსადგურს უნდა მიეღო 4 ჰექტარამდე ტერიტორია, სადაც პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით 22 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ჩადებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: