მთავარი,სიახლეები

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი შუახევში: გავხსნით სოფლის კლუბებს, დავაგებთ გზებს

04.10.2017 • 2670
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი შუახევში: გავხსნით სოფლის კლუბებს, დავაგებთ გზებს

მირზა თურმანიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია შუახევის მუნიციპალიტეტში. ამ პარტიაში გაწევრიანებამდე, ის 2004 წლიდან უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს კი შუახევის საკრებულოს წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა მაკარაძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო.  2008 წლიდან გამგებლის მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2011 წელს აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, როგორც კანდიდატი გვეუბნება, უმუშევარია. „ქვეყნის დამაქცევლები რომ მოვიდნენ მთავრობაში, შემდეგ დავწერე განცხადება და წამოვედი“- გვეუბნება ის. მირზა თურმანიძე თავის საარჩევნო გეგმებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

ბატონო მირზა, მოქმედ ხელისუფლებას თქვენ უწოდებთ „დამაქცევლებს“. როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, რა შეცვალეთ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სასარგებლოდ?

მაშინ ჩემს საკურატორო დარგებში შედიოდა განათლება, კულტურა, სპორტი. მაშინ გაკეთდა შუახევის ახალი საავადმყოფო, 36-მდე ახალი სკოლა, აშენდა და გაკეთდა თანამედროვე სპორტსკოლა. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში მიღწეული წარმატებების მონაწილე მეც ვარ. ამ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია. ერთი ის გააკეთეს, რომ ბიუჯეტის თანხები უკან დააბრუნეს ცენტრალურ ბიუჯეტში ორჯერ. რამდენ სოფელში გზა არ არის…

გამგებელიც ხომ იყავით, მაშინ რატომ არ გაკეთდა წყალი და გზები?

გამგებლის მოვალეობას ვასრულებდი სადღაც 1-2 თვე. მაშინდელი ფინანსური რესურსებით მოხერხდა ცენტრალური დაბის მოასფალტება მუნიციპალური განვითარების ფონდით. წყალი იმიტომ ვერ გაკეთდა, რომ არსებული მილები რაც იყო, იმის რეაბილიტაცია მოხდა, რადგან რაიონის ბიუჯეტს ამდენი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ახლა 15 მილიონია ბიუჯეტი და დაბის წყლით მომარაგება მაინც ვერ შეძლეს.

გინდათ, რომ აგირჩიონ მერად, თქვენ რა პრიორიტეტებს გამოყოფთ, რა უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტში?

შუახევის საავადმყოფო ამ ხელისუფლებამ ამბულატორიად აქცია. ექიმი იქ არ მუშაობს და ვინც არის, იმასაც სათანადო ანაზღაურება არ აქვს. მედდას ხელფასი არ აქვს და სანიტარს. წინა დღით ვიყავი, საავადმყოფოს კი არა, მორგს გავს. ამიტომ ამ შენობას უნდა გამოყენება. ჩვენ ვიბრძოლებთ, ბიუჯეტს უკან არ დავაბრუნებთ და გამოვნახავთ ფორმას, რომ მედპერსონალს ხელფასები გავუზარდოთ.

შემდეგი პრიორიტეტი იქნება გაზმომარაგება. მთავრობის ნება რომ იყოს, ახალციხიდან შესაძლებელია გაზსადენის გამოყვანა. სვანეთში თუ არის გაზი, აჭარის მაღალმთიანეთში რატომ ვერ უნდა გაკეთდეს? ვაპირებთ საბავშვო ბაღების მშენებლობას. სოფელ ნენიაში 30 ბავშვია და ამ ხელისუფლებამ ბაღის მშენებლობა ჩანჩხალოში დაგეგმა, სადაც მოსახლეობა განსახლებას ექვემდებარება და მაღალი მიგრაციაა, სკოლაც კი იხურება. ამიტომ ბაღი უნდა გაკეთდეს იქ, სადაც მეტია კონტინგენტი და შემდეგ იმ სხვა სოფლებშიც, რა თქმა უნდა. ჩემი გამგებლობის დროს, 4 ბაღი გავხსენით, ეგ იყო და ეგ, სხვა არ დამატებია. 5 წელია აშენებენ შუბანში საბავშვო ბაღს და ვერ გახსნეს, 3 წელია ფურტიოში შენდება და ვერ ააშენეს, მაშინ, როცა ბიუჯეტის კორექტირების დროს თანხები ემატება.

გარდა ამისა, მე ვნახე აუზების პროექტები, სადაც ასი ათასამდე ლარია დახარჯული წყაროთაში, ბუთურაულში, ფურტიოში, ახალდაბაში 50 ტონიანი აუზებია გაკეთებული წყლის მომარაგებისთვის და წყალი არ არის შიგ. ჯერ ააშენეს აუზები და შემდეგ დაიწყეს წყლის ძიება. ამიტომ თანხები გაფლანგეს, არაკომპეტენტურობა იკვეთება.

თითქმის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირება იდენტურია. თქვენ რას გააკეთებთ ისეთს, რაც გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან, რა იქნება ისეთი, რაც აქამდე არავის გაუჟღერებია?

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სოფლის შიდა გზები, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. პროგრამაში გვიწერია, რომ შევიძებთ თოვლის საწმენდ ტრაქტორებს, ასევე თვითმცლელებს და მანქანებს, რომლებიც ინერტულ მასალას მიიტანს ამ უბნებში და მოვაშანდაგებთ გზებს სოფლებში. გზა, წყალი – ეს არის მთავარი სოფელში.

გარდა ამისა, გავხსნით სოფლის კლუბებს, რომელიც ერთადერთი კულტურული კერა იყო სოფლებში. სულ გააუქმეს ეს ცენტრები სოფლებში კი არა თემებშიც კი აღარ არის, რომ ახალგაზრდები შეიკრიბონ და ინტერნეტით, ან რაიმე რესურსით ისარგებლონ. ორი ანსამბლი ჰყავთ, რომელსაც ჩინოვნიკები თავიანთ დაბადების დღეებზე დაატარებენ და ქეიფობენ. მარტო თავიანთ გართობაზე ფიქრობენ, მაქსიმუმ შუამთობაზე ჩაატარებინებენ კონცერტს. სხვა არანაირი კულტურული ღონისძიება არ არსებობს.

მოსახლეობის დასაქმების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

ტურისტული მიმართულებით გვაქვს პროექტები. პირველ რიგში, გზა უნდა გაკეთდეს, რომ ტურისტი ამოვიდეს, რადგან ნებისმიერი სოფელი ტურისტული პოტენციალის მატარებელია ჩვენთან. ერთი გომარდული გაიხსნა და ისიც გააჩერეს.

თქვენ როგორ ხედავთ გომარდულის პერსპექტივას?

ხელისუფლებას ათი პროცენტი წილი ჰქონდა ამ სამთო კურორტში და შეეძლო არ დაეყადაღებია ქონება და ეზრუნა მის ამუშავებაზე, მაგრამ ნაბიჯი რომ არ გადადგმულა მის ხელშესაწყობად, ფაქტია.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ რატომ წამოხვედით?

მე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და კონკრეტული საქმე და მიმართულება მქონდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ვარ და მომწონს მისი ხედვები, გუნდი და ლიდერები. მათი შეხედულებები ქვეყნის განვითარებაზე.

წინა ხელისუფლების დროს და ახლაც თვითმმართველობას რეალური დამოუკიდებლობა არ აქვს. თუკი აგირჩევენ მერად, თქვენ შეძლებთ რომ იყოთ ცენტრალური ხელისუფლების მითითებებისგან დამოუკიდებელი?

თვითმმართველობა შუახევს ჯერ არ ჰქონია და ახლა ვეუბნები მოსახლეობას, რომ აქვთ შანსი და ეს გამოიყენონ. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ეს შეიცვლება, მოსახლეობის ჩართულობით, ადგილებზე გასვლით სოფლებში. მათი პრობლემების მოგვარება მათი ჩართულობით იქნება შესაძლებელი. თუ გექნება საზოგადოებასთან კავშირი და არ იქნება ბუა გამგებელი, მოსახლეობაც იქნება ჩართული. ამის გარანტია არის ჩვენი პარტიის მიმართულება ხალხისკენ, ამომრჩევლისკენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: