მთავარი,სიახლეები

მინისტრის ყოფილი მოადგილე „ოცნებიდან“ ქედაში „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია

03.10.2017 • 4110
მინისტრის ყოფილი მოადგილე „ოცნებიდან“ ქედაში „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია

მთავარ ფოტოზე: როსტომ შერვაშიძე არჩილ ხაბაძესა და ირაკლი ჭეიშვილს შორის. 

ქედის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე როსტომ შერვაშიძეა. იგი მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ბელარუსში ბიზნესაქმიანობას ეწეოდა,  „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. „პატრიოტთა ალიანსის“  მერობის კანდიდატი ქედაში „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო როსტომ,  „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყავით, ქედის მერობისთვის კი „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იბრძოლებთ, რატომ შეცვალეთ პოლიტიკური არჩევანი? რატომ გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ – იმიტომ, რომ მურმან დუმბაძის დეიდაშვილი ხართ თუ იდეოლოგიური წინააღმდეგობები გქონდათ?

სოფლის განვითარების ბევრი გეგმა გვქონდა, მოვედით იმისთვის, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობა წინ წამოგვეწია, მაგრამ ვერ წამოვწიეთ, რაც მინდოდა განმეხორციელებინა – არ გამაკეთებინეს, ამიტომაც წამოვედი.

კონკრეტულად რის განხორციელება გინდოდათ და ვინ გიშლიდათ ხელს?

სოფელში ადამიანი რომ ცხოვრობს, იმას ფრინველი უნდა ჰყავდეს, საქონელი, ხილი უნდა ჰქონდეს მოშენებული, მეფუტკრეობას, მეთევზეობას უნდა ეწეოდეს. ხალხს თევზის ბასეინები ვერ გავუფორმეთ, ქედაში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა გვინდოდა, სურვილი და მზაობა იყო თევზის საკვები ჰოლანდიიდან კი არ შემოგვეტანა, არამედ ადგილზე, ქედაში გვეწარმოებინა. ეს ყველაფერი გაწერილი გვქონდა გეგმით, მაგრამ არ მოგვისმინეს, არ გვისმენდა მთავრობა, ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვემორჩილებოდით.

თუმცა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი…

რესურსი რაც გააჩნდა, ამას ვიყენებდით, შემოგვქონდა მოტობლოკები, სკა, სათბურები, ბევრი რაღაც დავარიგეთ, მაგრამ გლეხისთვის ეს საკმარისი არ იყო.

აცხადებთ, რომ წინააღმდეგობები გქონდათ, თუმცა ამის შესახებ არასდროს დაგიფიქსირებიათ, რატომ?

მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დავინიშნე, 2016 წლის აპრილი იყო, როდესაც იმდროინდელ მინისტრთან, ზაურ ფუტკარაძესთან შევედი და ვუთხარი, რომ „პატრიოტთა ალიანსში“ გადავდიოდი და ეს მთავრობის თავმჯდომარისთვის [არჩილ ხაბაძისთვის] ეცნობებინა. მას შემდეგ ხუთი თვე ვიმუშავე სამინისტროში, ბოლოს განცხადება დავწერე და წამოვედი. მე გუნდის წევრი ვიყავი, თუმცა „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ.

თქვენი აზრით, რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არაა მინიმუმ დაახლოვებული მმართველ პოლიტიკურ ძალასთან? თქვენ „ოცნების“ ხელისუფლებაში იყავით… ბათუმის მერობის კანდიდატი [თენგიზ თავდგირიძე] მერიის თანამშრომელია და ზურაბ პატარაძის საქმიანობა მოსწონს…

მე არ ვიცი ვის რა მოსწონს, იმიტომ უნდა დაიჯეროს, რომ წინ წავიყვანოთ ხალხი.

რა გეგმებით მოდიხართ, რას გააკეთებთ ქედისთვის მომდევნო ოთხ წელიწადში, რას შეცვლით?

სოფლების მიხედვით ბიუჯეტი სწორად უნდა განაწილდეს, გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა თანხა მიდის მის სოფელში გზებზე, წყლებსა თუ სხვა საქმეზე და რაც მთავარია მეფუტკრეობა, მეხილეობა, მეთევზეობა, მეფრინველეობა უნდა განვითარდეს სოფლად, ვაზი უნდა გაშენდეს, ორი საწარმო გავაკეთეთ და დღეს არც ერთი მათგანი ადგილზე მოწეული პროდუქციით არ მუშაობს, ადგილზე მოსახლეობა ვერ აბარებს ხილს, 2 000 ტონა ტყემლიდან, მხოლოდ ორი ტონა მიიღო საწარმომ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ბიუჯეტიდან 4 % უნდა გამოიყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ჩვენ თუ მოვალთ, თემებში თითო აგრონომები გვეყოლება, ამისთვის დამატებით შტატებს გამოვყოფთ.

თქვენ ახსენეთ საწარმოები, რომელიც მაშინ გაიხსნა, როდესაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდით, რა პირობით გაიცა სახელმწიფო გრანტები ქედაში საწარმოების მოსაწყობად? ხელშეკრულებით, საწარმოს ადგილზე მოწეული ყურძნისა თუ სხვა ხილის  ჩაბარების ვალდებულება აქვს?

დიახ, ეს ერთ-ერთი ვალდებულება იყო, თუმცა რა ოდენობის ყურძნის მიღების ვალდებულება აქვთ, ზუსტად არ მახსოვს. ერთ კილოგრამ ცოლიკაურში 1 ლარსა და 20 თეთრს უხდიდა საწარმო, ამ თანხაში კი გლეხს ყურძნის ჩაბარება არ უღირდა, საწარმოს მფლობელს ვთხოვე კილოგრამში 1,50 -1,60  გადაეხადა, თუმცა…

რა პრობლემას ხედავთ განათლების სისტემაში სოფლად?

ბაღები არ არის, სოფელ ზვარიდან ქედაში ჩამოჰყავთ ბავშვები, ხომ შეიძლება აშენდეს, სკოლამდელი განათლების დაწესებულებები არასაკმარისი ოდენობითაა.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

ყველაფერი უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტის გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტში, სადაც მერობისთვის კენჭს იყრით, მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაზე მოდის, როგორ გესახებათ სოფლის მეურნეობის განვითარება? რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და რატომ?

ახალი ველოსიპედის გამოგონება არააა საჭირო, რაც მოდიოდა ადრე, მაგალითად  თამბაქო უნდა დაირგოს, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა  განვითარდეს, ვაზი გაშენდეს.

ოთხი წლის განმავლობაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა გეკავათ, რა შეიცვალა თქვენი მუშაობის დროს სოფლის მეურნეობაში? კმაყოფილი ხართ თქვენი მუშაობით? 

აჭარის სოფლის მეურნეობაში ბევრი რამ გაკეთდა, არ მინდა ვთქვა მე ვიყავი და გაკეთდა, 2500 მოტობლოკი დარიგდა, 2 000 ცალი ფინური სკა, 2 500 ზე მეტი სათბური… მე მქონდა გაწერილი გეგმა, თუმცა მუშაობით არ ვარ კმაყოფილი, როგორც გითხარით, ხელისშემშლელი ბევრი გვყავდა.

მოუგვარებელ პრობლემად რჩება წყლისა და კანალიზაციის პრობლემა ქედაში, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება?

ქედის საკანალიზაციო სისტემაზე ფული გახარჯულია და საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, სოფელ გულებში წყლის ავზები გაკეთდა და მილები არ არის ჩადებული, ონკანამდე წყალი არაა, ვინც იმუშავებს ჩემთან ერთად, განორიცხულია მას ჰქონდეს პრემია-დანამატი, პრემია-დანამატი სოფლის განვითარებაზე წავა, მე ასეთი პრინციპით მოვდივარ.

თქვენ ყოფილი საჯარო მოხელე ხართ, ოთხი წლის განმავლობაში იღებდით პრემია-დანამატს?

მე ვმუშაობდი და რა თქმა უნდა ვიღებდი.

თუ გახსოვთ რა ოდენობის პრემია დანამატი აიღეთ ოთხი წლის განმავლობაში?

ვერ გეტყვით, არ მახსოვს.

და ახლა რატომ ან როგორ უნდა დაგიჯეროთ ამომრჩეველმა, რომ არ აიღებთ პრემია-დანამატს და თანხები მიმართული იქნება სოფლის განვითარებაზე?

ამომრჩეველმა, ქედის ხალხმა იცის როსტომ შერვაშიძე როგორ მუშაობდა.

აჭარის მაღალმთიანეთში, მათ შორის ქედაშიც დაბალი ანაზღაურება აქვთ საბავშვო ბაღების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, თქვენი მერობის შემთხვევაში, გადაიხედება თუ არა სახელფასო პოლიტიკა? 

უნდა მოვუმატოთ, უნდა გადაიხედოს ხელფასები, ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება მატება.

როგორ წარმოგიდგენიათ ტურიზმის განვითარება სოფლად?

ქედაში ბევრი ტურისტი შეიძლება მივიზიდოთ, თუ იქნება შესაბამისი ინფრატსრუქტურა და ხელმისაწვდომი ფასები.

სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ სოფელში ტურისტების ოდენობა გაიზარდოს?

გზები უნდა მოაწესრიგოს, სოფელ მეძიბნაში უნიკალური ჩანჩქერია, ჩანჩქერთან მისასვლელი გზაა გასაყვანი.

ქედაში დაგეგმილია ჰესების მშენებლობა, რამდენად გაითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს პროექტის განხორციელებისას?

ჰესები უნდა გვქონდეს, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ.

რამდენად შესაძლებელია თქვენი ყველა დაპირების შესრულება?  არსებობს ამისთვის საჭირო  ფინანსური რესურსი?

მე ქედის განვითარების გეგმა მაქვს შემუშავებული, დღეს, 21 -ე  საუკუნეში, გზასა და წყალზე არ უნდა ვსაუბრობდეთ,  გზების და წყლების მოწესრიგება დიდი ხანია უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ ვიტყვი, რომ არ კეთდება. კეთდება, მაგრამ ნელი ტემპით და არა ხარისხიანად. 11 მილიონი ლარია ქედის ბიუჯეტია, თუ ბიუჯეტი სწორად გაიწერება ფინანსური რესურსი საკმარისია.

გადაბეჭდვის წესი