სიახლეები

სააგენტო საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

04.10.2017
სააგენტო საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო პროექტს შეისყიდის

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 30 ათას ლარს გადაიხდის. რაც შეეხება ფრესკების რეაბილიტაციას, ის პროექტის შედგენის შემდეგ დაიწყება. ჯერ უცნობია, დაახლოებით რა თანხა დასჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

„ამ ეტაპზე უნდა ჩატარდეს კვლევები, თავისი ხარჯთაღრიცხვით. წინსწრებით ვერ ვიტყვით და არც ვიცით, თუ რა იქნება საჭირო ფრესკების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის. როცა დაიდება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, მექნება კომუნიკაცია კულტურის სამინისტროსთან, ეროვნულ სააგენტოსთან, მთავრობასთან აუცილებლად – თუ დიდ თანხაზე იქნება საუბარი, რაღაც რომ გადანაწილდეს, ვინაიდან მარტო ჩვენი სააგენტო ამას ვერ გაწვდება. რაღაც ეტაპობრივი ჩაშლა შესაძლებელი იქნება. ანუ, ეტაპობრივად რომ დაიწყოს – ყველაზე რთული და დაზიანებული მონაკვეთიდან და ამის თანხა შეიძლება ჩვენმა სააგენტომ გაითვალისწინოს მომავალი წლის ბიუჯეტში“ – განაცხადა სატელეფონო საუბარში ლაშა ასლანიშვილმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, დღის წესრიგში დგას საკათედრო ტაძრის გადახურვის თემაც, ალაგ-ალაგ დაზიანებულია სახურავი საიდანაც წყალი ჩადის, „ეს პრობლემა კი, სააგენტოს მიერ, გაცილებით მარტივად მოსაგვარებელია. რაც შეეხება ფრესკებს, რთული საკითხია. საჭირო იქნება ლაბორატორიული კვლევები, აქ მეცნიერებასთან გვაქვს საქმე და ვნახოთ რა დასკვნას დადებენ სპეციალისტები“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში „სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს.

ფრესკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შედგენისათვის ჩასატარებელია:

[checklist]

  • მოსამზადებელი სამუშაოები (საარქივო მასალის დამუშავება და სახელოვნებათმცოდნეო კვლევა);
  • ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა და მონიტორინგი;
  • ფოტოფიქსაცია (პირდაპირი და არეკლილი შუქით, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით, მაკრო და მიკრო);
  • მოხატულობის (ფრესკები) დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაცია;
  • ფერწერული ფენის ლაბორატორიული ანალიზი;
  • საფუძვლისა და ბათქაშის ლაბორატორიული ანალიზი;
  • ბიოლოგიური ანალიზი;
  • ხსნადი მარილის ანალიზი;
  • საკათედრო ტაძრის შიდა სივრცის არქიტექტურული პროექტი (ანაზომები);
  • ხარჯთაღრიცხვა

[/checklist]

დაზიანებული ფრესკები ბათუმის საკათედრო ტაძარში / ლელა დუმბაძის ფოტო

დაზიანებული ფრესკები ბათუმის საკათედრო ტაძარში / ლელა დუმბაძის ფოტო

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პროექტირების მოღვაწეობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;

პრეტენდენტის გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ, უშუალოდ ამ ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული საკვლევი-საპროქტო სამუშაოები და არა მასში დასაქმებული პირების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ანალოგიური ხასიათის სამუშაოები;

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 საკულტო სახეობის უძრავი ძეგლის კვლევისა და პროექტის მომზადების გამოცდილება (მათ შორის ლაბორატორიული კვლევის მომსახურების გამოცდილებაც);

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე მინიმუმ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გამოცდილება საკულტო სახეობის უძრავი ძეგლის კვლევისა და პროექტის მომზადების სფეროში.

პროექტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 16 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად.

 ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. კედლისა და სვეტების მოხატულობა ალაგ-ალაგ მოშლილია.  ამაზე „ბათუმელები“ 2014 წელსაც წერდა.
 მთავარი ფოტო: ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი / თორნიკე თავაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: