მთავარი,სიახლეები

სტიქიის შედეგები ქობულეთში

03.10.2017
სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები და საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიის შტაბი. გამგეობის ინფორმაციით, დღეს მდინარის დონემ დაიწია.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია ოცამდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის კომისია შეისწავლის.

„ძირითადად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, ასევე წყალი შევიდა 10-მდე სახლში. ზარალი უმნიშვნელოა, რადგან ჩვენ წინასწარ ავალაგებინეთ საოჯახო ტექნიკა მოსახლეობას პირველი სართულიდან. ამ დროისთვის წყლის დონე დაწეულია და არც რომელიმე ქუჩაზეა გადაადგილება შეზღუდული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ.

ქობულეთის გამგებლის თქმით, მეწყრული პროცესები ამჯერად გააქტიურდა კვირიკეში, ჩაისუბანსა და ჩაქვში, თუმცა რომელიმე ოჯახის გასახლების აუცილებლობა არ დამდგარა.

რით დაეხმარება ქობულეთის გამგეობა იმ ოჯახებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ? – სულხან ევგენიძე ამბობს, რომ გეოლოგებმა მდგომარეობა უკვე შეისწავლეს და განსახლების საჭიროება არ დგას.

„გეოლოგებს არ უთქვამთ, რომ სადმე არ იცხოვრება, ასეთი დასკვნა არ დადებულა. ძირითადად გაიცა რეკომენდაციები, რომ მოეწყოს სპეციალური სამაგრები. ჩვენ ამ კუთხით გამოვაცხადებთ მალე ტენდერს პროექტის შესყიდვაზე. შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა დაჯდება სპეციალური სამაგრეების მოწყობა,“ – აღნიშნავს სულხან ევგენიძე.

სტიქიის შედეგად დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

სტიქიის შედეგად დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

დატბორილი ქობულეთი. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

დატბორილი ქობულეთი. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი


დაბა ჩაქვსა და ჩაისუბანში მეწყრული პროცესები განვითარდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

დაბა ჩაქვსა და ჩაისუბანში მეწყრული პროცესები განვითარდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: