მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“

05.10.2017 • 4881
„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“

სანამ „ქართული ოცნება“ შუახევის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად წარადგენდა, ფრიდონ ფუტკარაძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ძალოვან უწყებაში  ფრიდონ ფუტკარაძე 2004 წლიდან მუშაობს. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი შუახეველ ამომრჩეველს და რატომ გადაწყვიტა შსს-დან თვითმმართველობაში გადანაცვლება? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს.

ბატონო ფრიდონ, 14 წელია პოლიციაში მუშაობთ და რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობაში გადასვლა. რატომ გახდა მერის თანამდებობა თქვენთვის საინტერესო?

სანამ პოლიციაში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე ვიყავი პედაგოგი, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგეობაში 7 წელი იურიდიული სამსახურის უფროსი. იქედან პროკურატურაში გადავედი, სადაც განხორციელდა რეფორმა და პროკურატურის რაღაც ნაწილი შეუერთდა შსს-ს. ასე მოვხვდი შსს-ში. იურისტი ვარ პროფესიით და შსს და პროკურატურაც ერთ-ერთი მიმართულებაა  სამართლის დარგის. მანამდე მოსამართლის თანაშემწეს გამოცდები მაქვს ჩაბარებული, ადვიკატურის… მე კომფორტულად ვგრძნობდი ყველგან თავს.

და რომელია რეალურად თქვენი სფერო, პოლიცია თუ თვითმმართველობა?

თვითმმართველობაშიც მაქვს გამოცდილება.

ძალოვანი უწყება სხვა სისტემაა, ვერტიკალური მმართველობა ახასიათებს, თვითმმართველობა სულ სხვაა და რატომ გაგიჩნდათ სფეროს შეცვლის სურვილი?

მე მქონდა შემოთავაზება პოლიტიკური გუნდის მიერ და ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი მუნიციპალიტეტისთვის და ხალხისთვის ამ პოზიციიდან უფრო მეტს გავაკეთებდი.

დღეს ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ კი არ გააძლიერა თვითმმართველობა, არამედ, პირიქით, დაასუსტა. ამის მაგალითია თუნდაც  საკრებულოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კარნახით ხდება. თქვენ რამდენად იქნებით დამოუკიდებელი მერი და არ იქნებით გავლენიანი ჩინოვნიკების მითითებების შემსრულებელი?

არ ვიქნები, რადგან მე ვიქნები დავალებების შემსრულებელი იმ ადამიანების, ვისაც ვხვდები და ვისთან ერთადაც უნდა გავიარო თითოეული პრობლემა თუ საკითხი. კი არის პოლიცია და თვითმმართველობა განსხვავებული სფეროები, მაგრამ მე ყველაფერზე მაქვს ჩემი შეხედულება. მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან… კონკრეტულ სოფელში თუკი რაიმე პრობლემა არის გადასაჭრელი, იქ მაცხოვრებლებზე უკეთ არავინ იცის, ამიტომ მათი დავალებების შემსრულებელი გამოვალ.

რაიმე კონკრეტული პროექტები თუ გაქვთ და  როგორ უნდა განავითაროთ, ამაზე შეგიძლიათ ისაუბროთ?

ჩემი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და განათლების, კულტურის განვითარება.

უნდა შევისწავლით განათლების და კულტურის სფერო და ჩვენი გეგმის ნაწილია ის, რომ რაც შეიძლება განათლების და კულტურის მეტი კერა იყოს თითოეულ სოფელში. თუ რომელიმე სოფელში, მაგალითად, ვინმე კარგად ქარგავს, ან მღერის ოჯახის 2-3 წევრი, ჩვენი მიზანია, რომ მათ მიეცეთ წახალისება, თუნდაც ფინანსური ან ჩართვა სხვადასხვა პროგრამაში, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ შუახევის კულტურულ ველში.

სოფლის მეურნეობის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

მთის კანონის ამოქმედება გვაძლევს საშუალებას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების კუთხით შეღავათები გვქონდეს. უნდა მოვიძიოთ მეტი ინვესტორი, რომ აქ შეიძლება ფულის დაბანდება და იმაშიც ჩავახედოთ, რომ ამ მხრივ მთის კანონიც უწყობს ხელს.

„ქართული ოცნება“ მეხუთე წელია ხელისუფლებაშია. როგორ ფიქრობთ, აქამდე რატომ ვერ დაარწმუნეთ ინვესტორები ან რატომ ვერ მოიძიეთ რესურსები?

აქამდე კეთდებოდა ინფრასტრუქტურული ნაწილი, 36 ათასი მეტრი ასფალტია დაგებული სოფლებში, გზის და წყლის პრობლემები არის შეუქცევადი და უნდა დასრულდეს. სოფლებში არ უნდა დარჩეს მიწა დაუმუშავებელი. არის ასეთი მიწები და მოსახლეობას შეუძლია იქ თხილი, კაკალი ჩარგოს და ამ კუთხით იგეგმება სანერგე მეურნეობებთან მუშაობა.

სოფლებიდან იზრდება მიგრაცია, როგორ ფიქრობთ, რამ უნდა შეაჩეროს ეს პროცესი?

დასაქმების ადგილები რომ გაჩნდება, მოსახლეობა აღარ წავა სოფლიდან არც ქალაქში და არც თურქეთში სამუშაოდ. მაგალითად ჭალა, წყაროთაში [სოფლები] რომ გაიხსნება საბავშვო ბაღი, 14 ადამიანი დასაქმდება. ეს ხომ არის იმის საფუძველი, რომ ამდენი ადამიანი აღარ წავიდეს სხვაგან. ანუ ეს არის მიმდინარე პროცესი და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვხშიროთ უმუშევართა რიგებიდან ეს ადამიანები.

მსგავსი ტიპის დაპირებები აქვს თითქმის ყველა კანდიდატს?  

მე მაქვს არგუმენტები. ის, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება, ახლა არის 16 მილიონი ლარი. აქედან ათი მილიონი ინფრასტრუქტურაზე იხარჯება, გარდა ამისა, „გომარდულის“ ამოქმედება იგეგმება წელს და მოიხსნა ყადაღის პრობლემა და ასეთი არგუმენტები მომყავს დამაჯერებლობისთვის. გარდა ამისა, მინდა, რომ მუნიციპალიტეტში მოწესრიგდეს სივრცითი მოწყობის საკითხები, უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: