მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება

05.10.2017 • 4536
ბათუმის პორტთან ესტაკადა აშენდება – 15 მილიონიანი ტენდერი შეზღუდულ ვადაში ჩატარდება

ბათუმის შემოსასვლელში, პორტის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძის [ესტაკადის] მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მშენებლობისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, თუმცა ტენდერი, შეზღუდულ ვადაში ჩატარდება – წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს დაიწყება და სამ დღეში, 17 ოქტომბერს დასრულდება.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ესტაკადა უნდა აშენდეს, შპს „აიდიემის“ მიერაა მომზადებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერი არ გამოუცხადებიათ და მათ პროექტი „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს“ შეუკვეთეს. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში თანხა – 100 ათასი ლარი, სწორედ „სამხარაულის ბიუროს“ გადაუხადეს.

კომპანია „აიდიემში“ დაგვიდასტურეს, რომ დოკუმენტაციის მომზადება მათ „სამხარაულის ბიურომ“ შეუკვეთა.

ბათუმში [ბაქოს ქუჩაზე], ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტში 15 297 410 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა დასრულდეს.


„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“ – ეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა მიმდინარე წლის მაისში გაავრცელა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

იმავე დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

რკინიგზაზე [რომელიც ბათუმის პორტს და საქართველოს რკინიგზის ქსელს ერთმანეთთან აკავშირებს] გადასასვლელი ხიდი ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს, რასაც აქ თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, თუმცა ესტაკადის პროექტი მოგვიანებით, 2012 წელს მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო. ბათუმის მერიაში გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. კონკრეტულად როდის შევიდა ეს პროექტი და რატომ ამბობდა მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ეს კითხვა მერიამ უპასუხოდ დატოვა.

048 saniagvre qselis gegma

ფოტო პროექტიდან, რომლის მიხედვითაც ესტაკადის ასაშენებლად ტენდერია გამოცხადებული

გადაბეჭდვის წესი


ასევე: