მთავარი,სიახლეები

დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

23.05.2017 • 2933
დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა

„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“- ამ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ამ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა.

„სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე. ჩვენ არ ვიცით, რომელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება პატარაძემ, ან რატომ მოხდა ასეთი შეთანხმება პირდაპირი წესით და არა ტენდერით,“ – ამბობს დეპუტატი.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასეთი ხელშეკრულება არ გაფორმებულა:

„… თავმჯდომარე ნამდვილად ხვდება პერიოდულად ინვესტორებს საქმიან თემებზე სასაუბროდ ხან ანბანის კოშკში და ხან სხვაგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ საიდუმლოდ იდება ხელშეკრულებები.“- ამბობს სოფო გუჯაბიძე.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით კი, ესტაკადის მშენებლობის პროექტი უკვე მომზადებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. კითხვაზე:  ვინ მოამზადა პროექტი და რა პირობებით? პასუხს სამინისტროსგან ველოდებით და მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ესტაკადასთან დაკავშირებით პროექტი მერიაში 2005 წელს შევიდა, თუმცა მაშინ ნებართვა არ გაცემულა, ვინაიდან პროექტის წარმდგენს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რომ ხიდის მშენებლობა სხვა მესაკუთრეს არ დააზარალებდა. სხვა ახალ პროექტთან დაკავშირებით მერიაში ინფორმაცია არ აქვთ.

გადასასვლელი საავტომობილო ხიდი ბათუმის პორტთან ასლან აბაშიძის დროს დაანგრიეს.

ე.წ. ესტაკადის პროექტის შესახებ აჭარის მთავრობამ გასულ წელს გაახმოვანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: