სიახლეები

მემორანდუმი ბათუმის მერობის კანდიდატებთან

09.06.2014
მემორანდუმი ბათუმის მერობის კანდიდატებთან


მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბათუმის ისტორიული უბანი ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულებაა, მისი შენარჩუნება და განვითარება საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის საგანს წარმოადგენს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ფუნქცია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. 

 

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბებული ძველი ბათუმის სული მის მდებარეობაში, ზღვასთან სიახლოვესა და განუყოფლობაში, ბუნებრივი ლანდშაფტისა და არქიტექტურული წესრიგის ჰარმონიაში მდგომარეობს. ძველი და ახალი ტენდენციების სინთეზი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ისტორიული და თანამედროვე კონტექსტების დაბალანსება ბათუმისათვის ისევ რთულ და გადაუჭრელ ამოცანად რჩება.

 

ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნაწილში უხეშად ჩარევა, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების ძეგლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ინდივიდუალური გემოვნებით ძველი ბათუმის მოწყობის მცდელობა აკნინებს და ზიანს აყენებს ქალაქის ღირებულებას და რიგ შემთხვევებში სრულიად ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქის განვითარებისთვის.

 

ბათუმის მდგრადი განვითარებისთვის ძველი ქალაქის  ისტორიულ-კულტურული ღირებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით,  აუცილებელია:

 

  • ძველი ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განახლება. მის საფუძველზე რეკომენდირებული ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცება. დაცვის ზონაში განაშენიანების რეგულირების გეგმის (ე.წ. გრგ) დამუშავება და ამოქმედება.
  • ბათუმის ურბანული  განვითარება  განხორციელდეს სტრატეგიული დაგეგმარების ძირითადი დებულებების შესაბამისად ისე,  რომ ქალაქგეგმარების  და  მშენებლობის  საკითხები  წყდებოდეს „ძველ ქალაქთან“  თანაარსებობის პრინციპების  დაცვით;
 
  • “ძველი ბათუმის”, კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპების შესაბამისი,  რევიტალიზაციის  გეგმის შემუშავება და ინტეგრირება ქალაქის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებთან;
 
  • სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, გამოყენების და განვითარების პროცესში საჯაროობისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
 
  •  „ბათუმის ბულვარის“ თვითმმართველობის მართვაში დაბრუნება და მისი, როგორც ისტორიული ბაღის  ღირებულებების წარმოჩენა და განვითარება .

მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ სრულ ძალისხმევას ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარების მიზნით, რაც გამოიხატება ამ მემორანდუმში ჩამოყალიბებული ყველა პუნქტის შესრულებაში“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.