მთავარი,სიახლეები

ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა

04.10.2017 • 2775
ენმ-მ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფოტომასალა გაასაჯაროვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატების შეხვედრების ამსახველი ფოტო მასალა წარმოადგინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

„ამ კადრებში ჩანს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში არიან ჩართულები საარჩევნო ოლქის წევრები, გამგეობის სამსახურის უფროსები, სკოლის დირექტორები და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ისინი აკეთებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაშიც ხელფასს იღებენ, მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის აგიტაციაში. ეს ფოტოები დღისით, სამუშაო საათებშია გადაღებული,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

ფოტოების ნაწილი „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატს – მირიან ქათამაძეს ეხება. ამ კანდიდატს თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ქობულეთში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მერობის კანდიდატი ქობულეთის მოქმედ გამგებელთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხვდება.

„ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მირიან ქათამაძის იქ მისვლის მიზანი იყო ის, რომ ხალხისთვის ეთქვა, პრობლემას ჩვენ გიგვარებთო. სხვა პარტიის კანდიდატის მიმართ ხომ ასეთი მიმღებლობა არ ექნებოდა იგივე მეწყრის გამო შექმნილ საგანგებო შტაბს,“ – აღნიშნავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

სცადა თუ არა სხვა პარტიის წარმომადგენელმა მისულიყო დატბორილ ადგილებში სამთავრობო შტაბთან ერთად? – მირდატ ქამადაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს ეს არ უცდია.

მირიან ქათამაძე ამ დრომდე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების შემთხვევას არ გამოხმაურებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი ფოტოების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წინაასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებოდნენ, მაგალითად, შუახევში ზაზა ზოიძე – გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, ასევე ფრიდონ დავითაძე – გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი, მამუდ მიქელაძე – ხიჭაურის სკოლის დირექტორი, დავით ქათამაძე – ბარათაულის სკოლის დირექტორი…

ჰქონდათ თუ არა ამ პირებს აღებული შვებულება – „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვითხრეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მირდატ ქამადაძის თქმით, მათ ფოტოები სოციალური ქსელი „ფეისბუქიდან“ მოაგროვეს. „დავამუშავებთ ამ მასალას და შემდეგ მივმართავთ უწყებათშორის კომისიას, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ჩვენ დღეს გავასაჯაროვეთ ეს ფაქტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოვიწვიეთ,“ – დასძენს მირდატ ქამადაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდნენ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები, ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

„ჩვენ შევისწავლით ყველა ამ ფაქტს. საინტერესოა, რა პერიოდშია ეს შეხვედრები გამართული, ჰქონდათ თუ არა შვებულება აღებული საჯარო მოხელეებს და ასე შემდეგ. გასაკუთრებით საინტერესოა ქობულეთის შემთხვევა. თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ეს იქნება წინასაარჩევნო გარემოსთვის ძალიან დამაზარალებელი,“ – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.

IMG_20171004_113046

ბრიფინგი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“


მთავარ ფოტოზე: „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: