მთავარი,სიახლეები

ოქროსფერი 50-თეთრიანების გამოცვლა 2018 წლის ბოლომდე კომერციულ ბანკებსაც დაევალათ

05.10.2017
ოქროსფერი 50-თეთრიანების გამოცვლა 2018 წლის ბოლომდე კომერციულ ბანკებსაც დაევალათ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 4 ოქტომბრის დადგენილებით, ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული 50 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა დარჩა 2017 წლის ბოლომდე [ანუ, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით აღნიშნული მონეტების მიღების ვალდებულება], თუმცა, 2018 წლის ბოლომდე მათი გამოცვლა განხორციელდება როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკების მეშვეობით.

ადრინდელი დადგენილებით, აღნიშნული მონეტების გამოცვლა 2018 წელს მხოლოდ ეროვნული ბანკის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო. ახალი დადგენილებით მონეტების გამოცვლა 2019 წლიდან განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.

ეროვნულმა ბანკმა ცვლილება შეიტანა „ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“ 2004 წლის დადგენილებაშიც. ახალი რედაქციით, 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა გაგრძელდა 2021 წლის ბოლომდე. შემდგომში მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.


გასულ წელს ე.წ. ყვითელი 50-თეთრიანი მონეტების ყიდვა-გაყიდვაზე სოციალურ ქსელებში დაწყებულმა აჟიოტაჟმა მოსახლეობაშიც გადაინაცვლა. ამ ინფორმაციების მიხედვით, თითქოს ერთ მონეტაში 10 ლარიდან 100 დოლარამდეც კი იხდიდნენ. მაშინ ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიით, მონეტა შეიცავს ღირებულ ლითონს და ის გასაყიდად საქართველოდან თურქეთში გააქვთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მონეტები მოჭრილია 1993 წელს, მიმოქცევაშია 1995 წლიდან, წონა – 2,5 გრ, დიამეტრი – 19 მმ, სისქე 1,4 მმ. მონეტის შემადგენლობა – სპილენძის შენადნობი ოქროსფერი და ის სხვა რაიმე ღირებულ ლითონს არ შეიცავს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: