ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას – ღამით და დილით მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29-30 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – წვიმა-ელვა-ჭექა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 28  – 33  გრადუსი  
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 28 – 33  გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი) იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა 25.9 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

__________________

ია ფრანგიშვილის ფოტო

ბათუმს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზი, რამაც გამოიწვია სისტემური გათიშვა.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენ აბონენტს არ მიეწოდება შუქი ქალაქში.

“ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დაზიანების მიზეზის დადგენა. უცნობია, როდის აღდგება შუქის მიწოდება.

შენიშვნა: “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ალტერნატიული ხაზის ჩართვით ქალაქში შუქის მიწოდება სრულად აღდგა.

საქართველოს რკინიგზამ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები დანიშნა

საზაფხულო სეზონის დაწყებასა და მგზავრთნაკადის გაზრდის გამო,   საქართველოს რკინიგზამ თბილისსა და ქუთაისიდან, ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებლები დანიშნა.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №808 თბილისიდან 10 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 15 სთ 30 წთ-ზე იქნება. ელექტრომატარებელი №807 ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 17 სთ 10 წთ-ზე გამოვა,  ხოლო თბილისში 22 სთ 03 წთ-ზე იქნება.

2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ჩქარი ელექტრომატარებელი №806 თბილისიდან 6 სთ 30 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 30 წთ-ზე ჩავა. მატარებელი №805  ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 14 სთ 20 წთ-ზე გამოვა,  ხოლო თბილისში 19 სთ 22 წთ-ზე იქნება.

1 ივლისიდან რეისები დაემატება ქუთაისი-ბათუმის მიმართულებასაც. ჩქარი ელექტრომატარებელი №898 ქუთაისი – ბათუმი 8 სთ 05 წთ-ზე გავა და ბათუმში 11 სთ 01 წთ-ზე ჩავა.  ხოლო მატარებელი №897  ბათუმი – ქუთაისი, ბათუმიდან 21 სთ 00 წთ-ზე გამოვა და ქუთაისში 23 სთ 55  წთ-ზე იქნება.

მაღლივი სამშენებლო პროექტები ძეგლის დაცვის ზონაში

მოქალაქე არჩილ ბერიძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბათუმში, ჭავჭავაძის #35-ში, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შეთანხმებისთვის მიმართა. საპროექტო ტერიტორიის მოპირდაპირედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა მდებარეობს, რომელშიც ახლა „თი ბი სი“ ბანკის სათავო ოფისია.

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ზუსტად არ დგინდება რამდენსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს  ძეგლის დაცვის ზონაში ინვესტორი. სააგენტოს არქიტექტორის, ლიკა გელოვანის თქმით, შენობის კასკადურ ნახაზში 10-13 სართულია მითითებული, თუმცა მეორე ნახაზში ჩანს, რომ სიმაღლე კიდევ უფრო გაზრდილია. დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბები სხდომაზე ვერ დააზუსტეს. სხდომის დღის წესრიგში მითითებული ინფორმაციით, მშენებელს პროექტი ხუთ საკადასტრო ერთეულზე აქვს დაგეგმილი.

საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, ყოფილი რკინიგზის სადგურის გარდა, კიდევ ერთი ძეგლი – საკათედრო ტაძარი მდებარეობს.

კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციული შენობის მდებარეობა ქალაქის ორ ცენტრალურ ქუჩას შორის გარკვეულწილად აძლიერებს ძეგლის ღირებულებას და უზრუნველყოფს შენობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს.

დომინანტობის შეფასებისას, მიუხედავად მომგებიანი ადგილმდებარეობისა, შენობის მასშტაბი და მიმდებარე გარემო განაპირობებს ძეგლის რიგითობას. ძეგლის მდებარეობა დატვირთვის თვალსაზრისითაც მოხერხებულია. დამაკმაყოფილებელია აგრეთვე ავტოსადგომების მოწყობის შესაძლებლობაც. ყოველივე ეს ქმნის კარგ პირობებს ძეგლის ადაპტაციისათვის“.

ზონალურ საბჭოში მიიჩნიეს, რომ ძეგლის მოპირდაპირედ დაგეგმილი შენობის მასშტაბი, ძეგლის ირგვლივ „გეოგრაფიკის“ მიერ აღწერილ პირობებს უარყოფითად შეცვლის.

„ამიტომაც მე უარს ვამბობ სიმაღლის გამო“, – განაცხადა მირზა ცეცხლაძემ, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. პროექტი საბჭოს არც სხვა წევრებმა მოიწონეს. მიმართავს თუ არა მშენებლობის მსურველი სააგენტოს სახეცვლილი პროექტით, ეს მომავალში გამოჩნდება.

სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ჭავჭავაძის ქუჩაზე [#51-57-ში] კიდევ ერთი  პროექტი განიხილა. ამ მისამართზე მშენებლობას შპს „ინთაუნი გეგმავს“.

დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა გორგილაძის 22-ში ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობის პროექტი, თუმცა მშენებლობის მსურველი სხდომაზე მაინც მივიდა, თან პროექტიც მიიტანა და მისი განხილვა მოითხოვა. მას შემდეგ კი, რაც ზონალური საბჭოს წევრებმა პროექტი დაათვალიერეს, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მშენებელს სთხოვა, ის დამალოს და აღარ გამოაჩინოს.

ბათუმში, გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ პროექტი რამდენჯერმე განიხილა და დაიწუნა. ამჯერად მშენებელმა განაცხადა, რომ თანახმაა საბჭოს წევრების მოსაზრებები გაითვალისწინოს და შესაბამისად შეცვალოს პროექტი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით, ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლის დაცვის ზონაში ახალი პროექტის განხორციელებას კანონი გამონაკლის შემთხვევებში უშვებს, თუმცა იქვე ადგენს, რომ ისტორიული განაშენიანების ლანდშაფტი უნდა შენარჩუნდეს.

 

49 მილიონი ლარი საქართველოს აეროპორტებს შორის მგზავრთა გადაყვანისთვის

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.  4 წლის განმავლობაში საქართველოს მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის აეროპორტების გაერთიანებას 49 672 332 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, ავიარეისები: მესტია-ქუთაისი-მესტია, ნატახტარი-მესტია-ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, უნდა შესრულდეს მცირე ზომის [არანაკლებ 15 ადგილიანი] საჰაერო ხომალდით. ხოლო, ავიარეისი: თბილისი-ბათუმი-თბილისი, საშუალო ზომის [არანაკლებ 30 ადგილიანი] საჰაერო ხომალდით.

მცირე ზომის საჰაერო ხომალდით – საორიენტაციო ჯამური რაოდენობა არის 2248 რეისი; საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით კი – საორიენტაციო ჯამური რაოდენობაა 2487 რეისი.

კვირაში დაგეგმილი რეისების რაოდენობა საშუალო ზომის საჰაერო ხომალდისთვის:

თბილისი – ბათუმი – თბილისი

 იანვარი – 14 რეისი;
თებერვალი – 14 რეისი;
მარტი – 14 რეისი;
აპრილი – 14 რეისი;
მაისი – 14 რეისი;
ივნისი – 14 რეისი;
ივლისი – 14 რეისი;
აგვისტო – 14 რეისი;
სექტემბერი – 14 რეისი;
ოქტომბერი – 14 რეისი;
ნოემბერი – 14 რეისი;
დეკემბერი – 14 რეისი.

კვირაში დაგეგმილი რეისების რაოდენობა მცირე ზომის საჰაერო ხომალდისთვის: 

მესტია – ქუთაისი – მესტია

იანვარი – 2 რეისი;
თებერვალი – 2 რეისი;
მარტი – 2 რეისი;
აპრილი – 2 რეისი;
მაისი – 2 რეისი;
ივნისი – 2 რეისი;
ივლისი – 2 რეისი;
აგვისტო – 2 რეისი;
სექტემბერი – 2 რეისი;
ოქტომბერი – 2 რეისი;
ნოემბერი – 2 რეისი;
დეკემბერი – 2 რეისი;

ნატახტარი-მესტია – ნატახტარი

იანვარი – 6 რეისი;
თებერვალი – 6 რეისი;
მარტი – 6 რეისი;
აპრილი – 6 რეისი;
მაისი – 9 რეისი;
ივნისი – 9 რეისი;
ივლისი – 9 რეისი;
აგვისტო – 9 რეისი;
სექტემბერი – 9 რეისი;
ოქტომბერი – 6 რეისი;
ნოემბერი – 6 რეისი;
დეკემბერი – 6 რეისი;

 ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი

იანვარი – 3 რეისი;
თებერვალი – 3 რეისი;
მარტი – 3 რეისი;
აპრილი – 3 რეისი;
მაისი – 4 რეისი;
ივნისი – 4 რეისი;
ივლისი – 4 რეისი;
აგვისტო – 4 რეისი;
სექტემბერი – 4 რეისი;
ოქტომბერი – 3 რეისი;
ნოემბერი – 3 რეისი;
დეკემბერი – 3 რეისი;

ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ რეისების საორიენტაციო ჯამური რაოდენობები მითითებულია მოცემული დაგეგმილი განრიგის მიხედვით, 3 წლისა და 6 თვის პერიოდზე. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდება მომსახურების დაწყების თარიღიდან არაუმეტეს 4 წლის ვადით და, თუ დაგეგმილი განრიგის ფარგლებში იქნება შეუსრულებელი რეისები და აუთვისებელი თანხები, მათი გამოყენება მოხდება მთელი ამ სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, ავიაბილეთების ფასს ადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მიმართულებების მიხედვით. ამასთან:

[checklist]

  • ავიაბილეთების რეალიზაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილი წესითა და პირობებით უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“;
  • ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული თანხები გადახდილ უნდა იქნას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ ან გაიქვითოს „მიმწოდებლისთვის“ ყოველთვიურად გადასახდელ თანხებთან;
  • თუ „მიმწოდებელი“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენას შეასრულებს 40-ზე მეტ ადგილიანი საჰაერო ხომალდით, 40 ადგილზე ზევით გაყიდული ბილეთების თანხები იქნება „მიმწოდებლის“ საკუთრება, მათ შორის ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იქნება საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვროს 40 ადგილზე ზევით მგზავრობის საფასურიც. გასათვალისწინებელია, რომ „მიმწოდებელი“ მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გაყიდოს მისი კუთვნილი ბილეთები, მის მიერვე დადგენილ ფასად, თუ სრულად არის რეალიზებული „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბილეთები შესაბამის ფრენაზე.

[/checklist]

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 9 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება. აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სატენდერო პროცედურების დასრულებას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება, აქედან 3 თვე ტენდერში გამარჯვებულს მიეცემა იმისთვის, რომ საჰაერო ხომალდის მობილიზება მოახდინოს.

2018 წლის ხუთ თვეში [ივლისი-ნოემბერი] კი ადგილობრივ ავიარეისებზე აეროპორტების გაერთიანება გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე, რაზედაც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს. შესყივის თანხა 2 329 400 აშშ დოლარია.

ამ შემთხვევაშიც მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ორი ტიპის – საშულო და მცირე ზომის საჰაერო ხომალდებით შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

მცირე ზომის საჰაერო ხომალდისთვის თვეში დაგეგმილი სიხშირეები:

მესტია – ქუთაისი – მესტია
ივლისი – 8 სიხშირე
აგვისტო – 8 სიხშირე
სექტემბერი – 8 სიხშირე
ოქტომბერი – 8 სიხშირე
ნოემბერი – 8 სიხშირე

ნატახტარი – მესტია – ნატახტარი
ივლისი – 36 სიხშირე
აგვისტო – 36 სიხშირე
სექტემბერი – 36 სიხშირე
ოქტომბერი – 24 სიხშირე
ნოემბერი – 24 სიხშირე

ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი 
ივლისი – 16 სიხშირე
აგვისტო – 16 სიხშირე
სექტემბერი – 16 სიხშირე
ოქტომბერი – 12 სიხშირე
ნოემბერი – 12 სიხშირე

საშუალო ზომის საჰაერო ხომალდისთვის კვირაში დაგეგმილი სიხშირეები:

თბილისი-ბათუმი-თბილისი 
ივლისი – 56 სიხშირე
აგვისტო – 56 სიხშირე
სექტემბერი – 56 სიხშირე
ოქტომბერი – 56 სიხშირე
ნოემბერი – 56 სიხშირე

აღნიშნული მოცულობები შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს და გადანაწილდეს ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი

რამდენი სალონი დაჯარიმდა ბათუმში სტერილიზაციისა თუ დეზინფექციის წესების დარღვევისთვის

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში იანვრიდან დღემდე 42 სალონია შემოწმებული, მათგან 19 შემთხვევაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის, სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების, ასევე სახიფათო ნარჩნების შეგროვების წესების დარღვევა.

სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის ინფორმაციით გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 19 ოქმი შედგა, მათ შორის: 8 არასტერილურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, 5 არარეგისტრირებულ ობიექტებთან დაკავშირებით, ხოლო 6 ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის დარღვევა, მათ შორის: დეზინფექციისა და სტერილიზაციის წესების დარღვევა, ასევე სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესების დარღვევა.

ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული ოქმები განსახილველად სასამართლოში იგზავნება, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს დამრღვევ დაწესებულებას.

„სასამართლოდან სულ შემოვიდა 8 დადგენილება, აქედან 6 შემთხვევაში არის სალონი დაჯარმებული 50 ლარით, რასაც ითვალისწინებს კანონი, 2 შემთხვევაში არის სიტყვიერი შენიშვნა მიცემული სასამართლოს მიერ. სიტყვიერი შენიშვნა ეხებოდა რეგისტრაციის გავლის დროს დარღვევას,“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

ჯარიმები ძირითადად შემდეგ დარღვევებზე მოდის: სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების, ასევე, სახიფათო ნარჩნების შეგროვების წესების დარღვევა და ა.შ.

დანარჩენ საქმეებთან დაკავშრებით საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით: საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 100 ლარის ოდენობით.

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობას უწევს დაწესებულებებს, სადაც ტარდება ისეთი ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები, როგორიცაა: თმის მოვლა/პარსვა, მანიკიური და პედიკიური, პირსინგი, ტატუირება და მიკროპიგმენტაცია, აკუპუნქტურა, ელექტროლიზისი და ვაქსინგი.

ეს პროცედურები სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის პროცედურებად ფასდება.

სილამაზის სალონები 2017 წელსაც შემოწმდა, მაშინ შერჩევითი წესით 30 ობიექტი შეამოწმეს, რომელთაგან 10 დაჯარიმდა.

ამავე თემაზე:

ბათუმში შემოწმებული 11 სილამაზის სალონიდან ყველგან დარღვევები გამოვლინდა

დარღვევები სკოლებში, დაჯარიმებული სილამაზის სალონები და ბაღები ბათუმში

როდის იყო ყველაზე ცხელი დღე ბათუმში

პირველი მეტეოროლოგიური სადგური აჭარაში მე-19 საუკუნის ბოლოს გაიხსნა.

„ეს იყო 1881 წელს, სწორედ მაშინ გაიხსნა პირველი საზღვაო მეტეოროლოგიური სადგური ბათუმის კონცხზე,“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი რუსუდან დიასამიძე.

იგი აჭარაში ამინდის პროგნოზზე 40 წელზე მეტია მუშაობს და იცის, როდის იყო ბათუმის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე:

  • „ეს იყო 1981 წლის 28 ივლისს, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში 41 გრადუსი იყო. ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ერთ დღეს დაფიქსირდა.“

ყველაზე უხვნალექიანი დღე კი ბათუმში 1988 წლის 8 ივნისს ყოფილა, როდესაც 7 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ბათუმში მოვიდა 257 მმ ნალექი. ეს არის ყველაზე წვიმიანი დღე ბათუმის ისტორიაში.

____________

ია ფრანგიშვილის ფოტო 

ტურისტებისთვის საწოლების რაოდენობა ბათუმში 536-ით გაიზარდა

ბათუმში ტურისტებისთვის რეგისტრირებული საწოლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 536-ით გაიზარდა. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვლევა ამ კუთხით წელს არ ჩატარებულა. დეპარტამენტმა 2018 წელს ბათუმში გახსნილი სასტუმროების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.

დღევანდელი მონაცემებით, ბათუმში 8 ახალი სასტუმრო გაიხსნა. გასული წლის კვლევის მიხედვით კი, ბათუმში მდებარე სასტუმროებში სულ 13 261 საწოლი იყო, მთლიანად აჭარაში – 21 602.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ წლევანდელი მონაცემი არაა სრული, „რადგან სეზონის განმავლობაში ბევრი პატარა განთავსების ობიექტი ემატება რეგიონს“, – გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

რაც შეეხება აჭარას, ტურიზმის დეპრატამენტის ინფორმაციით, წელს მხოლოდ ერთი ახალი სასტუმრო დაემატა რეგიონს. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმროში 100 საწოლია.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის რეგისტრირებული განთავსების ობიექტებიდან 277  ბათუმშია განთავსებული, 92 – ქობულეთში, 60 კი – აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში.

მთავარ ფოტოზე: ჰოსტელი Green Door ბათუმში 

ამ თემაზე:

ოფიციალურად რეგისტრირებული 13 261 საწოლი ტურისტებისთვის ბათუმში

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან დღემდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის.

ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. სამსახურის უფროსი, შოთა თოდაძე ამბობს, რომ 28 მაისიდან 25 ივნისამდე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მათმა სამსახურმა 25-მდე ოქმი დაწერა და 40-მდე გაფრთხილება გასცა.

მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად გახდებიან ფაქტის შემსწრე ან ორი მოწმე დაადასტურებს დანაგვიანების ფაქტს და პიროვნების ვინაობას, ან კიდევ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი კამერის ჩანაწერი, ეს კი, რიგ შემთხვევებში, რთულია:

„წარმოიდგინეთ, 12-სართულიანი შენობა და იქ ვიღაცამ ჩამოიტანა ნაგავი, როგორ უნდა გაარკვიო ვინ არის? მეზობლებსაც არ უნდა ამის თქმა, ამბობენ, რომ არ იციან. ამ დროს მონიტორინგის ჯგუფს ვურეკავთ და ძირითადად ისინი ადგენენ. პოლიციაც გვირეკავს და გვატყობინებს ხანდახან, იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა“ – ამბობს შოთა თოდაძე.

მისი თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი აკეთებს რემონტს, ჩამოაქვს ნაგავი კორპუსის წინ და ელოდება გამოძახებულ მანქანას, რომელმაც სამშენებლო ნაგავი უნდა გაიტანოს: „ყოფილა შემთხვევები, გვეუბნებიან, რომ მანქანა უკვე გამოძახებულია, მაშინ ველოდებით. ასეთ დროს ვუხსნით, რომ ნაგავი უნდა ჩამოიტანონ მაშინ, როცა მანქანა მოვა.

ასევე, უნდა განსხვავდეს რაა სამშენებლო ნაგავი და რა – სამშენებლო მასალა. სამშენებლო მასალისთვის ვერ დავაჯარიმებთ, დანაგვიანებაში ვერ ჩავუთვლით, როცა ააქვს მასალა მეპატრონეს სახლში და ეს ჩანს.“

შოთა თოდაძე ამბობს, რომ არის დანაგვიანების შემთხვევები კვების ობიექტებთან და სურსათის მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებთან, სადაც პერსონალი ურნებში ყრის მუყაოს ყუთებს და საკვების ისეთ ნარჩენებს, როგორიცაა გამოყენებული ზეთი და ცხოველური ცხიმები.

„არის შემთხვევები, გამოიტანენ და პირდაპირ ქუჩაში ყრიან, ზოგი ტომარაში აწყობს, მაგრამ არ შეიძლება ასე გადაყრა. „საზანდარი“ გავაფრთხილეთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე რესტორანი დავაჯარიმეთ 500 ლარით, ურნაში ჩაასხეს ცხოველური ნარჩენები,“ – ამბობს შოთა თოდაძე.

ბათუმში სხვა ტიპის დანაგვიანებასთან ერთად მოსახლეობას ცხოველების მიერ მწვანე საფარის დანაგვიანებაც აწუხებს. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება იწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის პატრონს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ადგილს. ძაღლის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებაზე ბოლო თვეებში მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურმა ერთი ადამიანი დააჯარიმა.

„ცოტა კურიოზული შემთხვევა გვქონდა. ჩვენმა ინსპექტორმა დააჯარიმა ძაღლის მეპატრონე, რომელიც ასეირნებდა ძაღლს და დასუფთავებაზე არ იზრუნა. ჩვენმა ინსპექტორმა დაინახა, შეაჩერა მანქანა და დააჯარიმა 50 ლარით. ამ დროს უკანტოქტო პატრულმა ჩვენი თანამშრომელი დააჯარიმა, რადგან მანქანის შეჩერება მას სასწრაფოდ მოუხდა. თუ დავინახეთ, დავაჯარიმებთ, მაგრამ ოთხი ადამიანი რამდენ რამეს დავინახავთ, არ ვიცით. ქალაქის ტერიტორიაზე ძროხებზეც პრობლემაა, ეს რთული პროცესია საკმაოდ, სპეციალური სამსახურია, ჩვენ გვირეკავენ და ოქმს ვწერთ,“ – ამბობს შოთა თოდაძე.

ძროხები პლაჟზე. გურამ მურვანიძის ფოტო.

შოთა თოდაძის თქმით, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა დაჯარიმებას აპროტესტებენ: „არის შემთხვევები, როცა გეუბნებინ – „მაინც დავყრი“, ასეთ დროს ვეუბნები – „დაყრი და კიდევ დაგაჯარიმებთ!“ ზოგადად, ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის თვითშეგნებაზე. ახლა ვაპირებთ დავიაროთ ობიექტები და გავაფრთხილოთ, უნდა იცოდნენ, რომ დანაგვიანებაზე ჯარიმაა.“

4 თვით პატიმრობა ყოფილ პოლიციელს რესტორანთან ჰაერში გასროლისთვის

კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, გაგა ბაუჟაძეს სასამართლომ 4 თვით პატიმრიბა შეუფარდა. 1 წლით და 8 თვით იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

გაგა ბაუჟაძემ რესტორან „საჭაშნიკესთან“, გორგილაძის ქუჩაზე, სამსახურებრივი პისტოლეტიდან ჰაერში ორჯერ გაისროლა. პოლიციელმა რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გაისროლა. პოლიციას ქუჩაში მყოფმა მოქალაქეებმა მიაწოდეს ინფორმაცია ამის შესახებ.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს და ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი.

უკანონო გასროლის დროს, გაგა ბაუჟაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა.

„ამის მიუხედავად მას სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა,“ – აღნიშნავს ადვოკატი დავით საფარიძე.

ყოფილ პოლიციელს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ანუ მან ბრალი სრულად აღიარა. შეთანხმება დღეს, 28 ივნისს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაამტკიცა.

მოსამართლე ქუჩაში ქალის გაძარცვაზე: ღმერთის უნდა ეშინოდეს, ვინც ათ მცნებას არღვევს

„გაძარცვა ჩემმა ქმარმა ქალი ქუჩაში, ჩანთა წაართვა მაიაკოვსკის ქუჩაზე, შუადღე იყო… თურქეთში უნდა გადავსულიყავით, ოზურგეთიდან ვართ, ჩაის ვკრეფთ… გვშიოდა ძალიან და წავიდა, რამეს ვიშოვიო. მერე მოვიდა და მითხრა, ეს რა დამემართა, ქალს ჩანთა წავართვი და იქვე ახლოს დავაგდეო. ჯიბე ამოატრიალა 15 თეთრი ედო… იმ ქალსაც არაფერი ჰქონია,“ – ეს ბრალდებულის ცოლმა მოგვიყვა, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ძარცვის საქმეზე მოწმეების ჩვენებები მოისმინა.

გამომძიებლების თქმით, ბრალდებული კონსტანტინე გ. ძარცვიდან მეორე დღეს, გოგიტიძის ქუჩაზე, ლომბარდთან დააკავეს.

„შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოვუღეთ ოქროს ძეწკვი, გაწყვეტილი იყო,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა ირაკლი თავდგირიძემ.

„ოქროს ძეწკვი იმ ქურთუკის ჯიბეში იდო, რომელიც მას დაკავების იზოლატორში ჩააცვეს,“ – ამბობს ადვოკატი რევაზ გობრონიძე.

ექსპერტებმა დღევანდელ პროცესზე თქვეს, რომ ოქროს ძეწკვის საორიენტაციო ღირებულება 140 ლარია, პირადი ნივთების კი, რაც ქალს ჩანთაში ედო – 18 ლარის. დაზარალებულს ჩანთაში ფული არ ჰქონდა.

დავის საგანი დღევანდელ პროცესზე ოქროს ძეწკვის საორიენტაციო ღირებულება გახდა – თუკი ნაძარცვი საქონლის ჯამი 150 ლარს არ გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში ბრალდებულს ძარცვის პირველი მუხლით შეედავებოდნენ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ბრალდებით კი, კონსტანტინე გ.-ს 6 წლამდე პატიმრობა ელის.

„საიდან დაადგინეთ ეს საორიენტაციო ღირებულება, ამის რამე მტკიცებულება არსებობს?“ – ჩაეძია ექსპერტს ადვოკატი რევაზ გობრონიძე.

„ინტერნეტბაზარზე ვკითხულობთ ფასებს და ასე ვადგენთ,“ – უპასუხა ადვოკატს ექსპერტმა ბაქარ ქემხაძემ.

ადვოკატმა ასევე გაამახვილა ყურადღება პროცედურულ დარღვევაზე: „პატაკს, რომელიც პოლიციელმა შეადგინა, არ აქვს შტამპი, არც რეზოლუცია, რა დოკუმენტია ეს?“ – იკითხა მან.

„პატაკი საიდუმლოა და ის ინახება საიდუმლო დოკუმენტებში,“ – თქვა გამომძიებელმა ლევან აბაშიძემ.

ბრალდებული სასამართლო პროცესებს არ ესწრება. მიზეზი წინა სხდომაა, სადაც კონსტანტინე გ.-მ პროკურორს და პოლიციელებს შეაგინა.

„ის პოლიციელებმა ათრიეს იზოლატორში… მას უნდა მიეცეს სხდომებზე დასწრების უფლება,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.

„უპატივცემულობის გამოხატვას სასამართლო ვერ შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

ბრალდებული გირაოს – 3500 ლარის სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა კონსტანტინე გ.-მ მისი გადახდა ვერ შეძლო და პატიმრობაში დარჩა.

„რომ წაართვა ხელჩანთა, ამას თვითონაც ადასტურებს, მაგრამ საიდან ეს ოქრო ძეწკვი, ხალხო? ლუკმა-პურისთვის მოიპარა აგი, ღმერთის არ გეშინიათ?“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ადვოკატს, ვიდრე სხდომა დასრულებულად გამოცხადდებოდა.

„ღმერთის უნდა ეშინოდეს იმას, ვინც ცრუობს, კაცს კლავს, ათ მცნებას არღვევს,“ – დაასრულა მოსამართლემ.

ზურაბ პატარაძის და ლაშა კომახიძის ვიზიტი ნახიჩევანში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რეგიონებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაა.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასილ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასილ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

„ნახიჩევანში მულტიფუნქციური, მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოები დავათვალიერეთ, გავეცანით მათ პროდუქციას და გავიზიარეთ გამოცდილება. მისასალმებელია, რომ წარმოების  და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნახიჩევანს. აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორი მზად არის ჩაერთოს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს დეკორატიული ფილებისა და შენობების ფასადების მოპირკეთების მიმართულებით.

ზურაბ პატარაძის თქმით, ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, დაიგეგმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს

მინისტრის მოადგილე აგვიანებს – აქცია „კირნათი ჰესთან“

დღეს ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, კვლავ შეიკრიბა მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა, რომლებიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრას ელოდნენ, თუმცა იგი დანიშნულ დროს არ გამოჩნდა და შეხვედრა ხუთ საათამდე გადაიდო, იქამდე კი აქცია შეჩერდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მთავრობის წარმომადგენელი დროულად არ გამოცხადდება, ისინი გზას გადაკეტავენ.

მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა: დაიწიოს წყლის დონემ, მოეწყოს სოფლის ინფრასტრუქტურა, შეიძინონ მოსახლეობისგან ის სახლები, რომელთაც დატბორვა ემუქრება და გასცენ შესაბამისი კომპენსაცია.

„ვაპროტესტებთ, ჰესის მშენებლობის გამო რომ დაიტბორება ჩვენი ყანები და საკარმიდამოები. მოვითხოვდით ანაზღაურებას, საშველი არ არის. ჩამოვდივართ, გვპირდებიან, ხვალ მოდით, ზეგ მოდით… მოვიდა დღეს აუარება ხალხი, მაგრამ მთავრობიდან წარმომადგენელი არ ჩანს. გუშინ გვითხრეს, ხვალ შეიკრიბეთ ამა და ამ დროზეო, ახლა კი რაიონის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ თბილისიდან წამოსულია, გზაშია და ხუთ საათზე იქნება აქაო. ვაპროტესტებთ, რომ კომპენსაცია არ მიეცა ხალხს,” –  ამბობს რევაზ შოთიძე, აქციის მონაწილე.

კირნათი ჰესის მშენებლობა

„თვითნებურად მოახდინეს დაგუბება, ეზოებში მივიდა წყალი. ეუბნებიან, არაფერი მოგივათო. ეს კაშხალი ნახეთ, შვიდი მეტრი კიდევ უნდა აივსოს წყლით და ეს ხალხი სად წავა… მაღალმთიანი ზონის სტატუსიც მოგვიხსნეს, არც სინათლის შეღავათი გვაქვს…  აქ რომ წყალი დადგება, წარმოუდგენელი იქნება ცხოვრება. იტბორება მოსახლეობა, 10-17 მოსახლე უნდა გადავიდეს სხვაგან, იქ ვეღარ იცხოვრებს, შეღავათები არ არის, კომპენსაციები არ არის… ჩემი წინადადებაა, ჩაიკეტოს ეს ყველაფერი დროებით, სანამ ხალხთან არ შეთანხმდებიან,”  – ამბობს ადგილობრივი გურამ წითელაძე.

ხელისუფლებიდან აქციაზე მხოლოდ ხელვაჩაურის გამგებელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ. ხელვაჩაურის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ დღეს მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომა მიქაუტაძე შეხვდება.  „ბათუმელები“ ამ სამინისტროსგან ორი დღეა ცდილობს კომენტარის მიღებას „კირნათი ჰესთან“ შექმნილი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ამაოდ. ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს არც „აჭარენერჯიში“, რომელიც „კირნათი ჰესს“ ფლობს. აქ გვითხრეს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და კონკრეტულ შეკითხვებს მხოლოდ კომპანიის დირექტორი უპასუხებს, რომელიც ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.

წელიწადზე მეტია კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხის შესახებ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

_________________

ამავე თემაზე:

მარადიდის მოსახლეობა: ჰესის გამო ჭოროხი გაუფრთხილებლად დააგუბეს, სოფელი დაიტბორა

ბათუმის მერიის კონკურსის შედეგები -28-დან 17 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენა თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილება სამსახურის უფროსების დანიშვნასთან დაკავშირებით. რიგ თანამდებობებზე მან პირები მართლაც დანიშნა, რიგი თანამდებობების შესავსებად კი, კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვაკანტური პოზიციების ნახევარზეც ვერ გამოავლინა გამარჯვებული.

28 თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე მერიაში  813 განაცხადი შევიდა. პირველ ეტაპზე მერიის საკონკურსო კომისიამ 281 განაცხადი გადაარჩია, მეორე ეტაპი – ტესტირება მხოლოდ ოცმა კანდიდატმა გადალახა. მესამე ეტაპზე – გასაუბრების შემდეგ კი, 11 გამარჯვებული გამოავლინეს. კონკურსი 17 პოზიციაზე ჩაიშალა.

კონკურსის შედეგების მიხედვით, მერიამ ვერ დააკომპლექტა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილებები. ამ მიმართულებით მერიას 11 ვაკანსიაზე ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი. საკონკურსო კომისიამ  გამარჯვებული მხოლოდ უფროსის ვაკანსიაზე გამოავლინა, დანარჩენ 10 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. საკონკურსო კომისიამ ვერც  ახალშექმნილი ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფროსი და სპეციალისტები შეარჩია.

მერია ჯერ არ აქვეყნებს ინფორმაციას გამარჯვებულების ვინაობის შესახებ, თუმცა „ბათუმელებს“ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს მირიან მეტრეველი უხელმძღვანელებს. მანამდე ის ამავე სამსახურში მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

მერიამ ვერ დააკომპლექტა ასევე ახალშექმნილი მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური, კონკურსის შემდეგ ამ სამსახურში ისევ ვაკანტური დარჩა ექვსი პოზიცია.  ერთი ვაკანსია დარჩა შესავსები განათლების, კულტურისა სპორტის სამსახურის ერთ-ერთ განყოფილებაში.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე პოზიციაზე კონკურსის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ კონკურსანტებმა მინიმალური ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლეს.

გამოაცხადებს თუ არა მერია ვაკანტურ პოზიციებზე განმეორებით კონკურსს, ამის შესახებ ჯერ არ არის ცნობილი.

არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობდა დღევანდელ გამოწვევებს – ასე განმარტა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში სტრუქტურული ცვლილებების დაწყების მიზეზი. ამას მოჰყვა კონკურსიც. შედეგად მერიაში მანამდე არსებული 11 სამსახურიდან ორი – ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახური გაუქმდა და მათი განყოფილებები სხვა სამსახურებში გადანაწილდა.

კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თენგიზ პეტრიძე, დაწინაურდა და ვიცე-მერი გახდა, არქიტექტურის სამსახურს უფროსმა ირაკლი ახალაძემ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და კერძო კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ. ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ზაალ მამუჭაძე კი, სამსახურიდან წასვლიდან მალე ისევ მერიის სტრუქტურაში, ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს.

ახალი მერის არჩევისა და უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სამსახურების შენარჩუნება შეძლეს იმ ხელმძღვანელებმა, რომლებიც სამსახურების მართვაზე ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის არჩევამდე და მის პერიოდშიც იყვნენ პასუხისმგებლები. მაგალითად, მერიის ადმინისტრაციას ისევ ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, თანამდებობები შეინარჩუნეს ასევე მერიის ქონების მართვის, საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, შიდა აუდიტის და სამხედრო აღრიცხვის სამსახურების ხელმძღვანელებმა – შეძლებენ თუ არა ისინი განახლებულ სტრუქტურაში უფრო ეფექტურად მუშაობას, ეს მომავალში გამოჩნდება.

მერიამ კონკურსი სულ 28 თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი, ძირითადად, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტების შერჩევას ითვალისწინებდა. კონკურსი  განყოფილებების უფროსებს არ შეხებია.

„უჭირს ბიძინას თუ რატომ ვეხმარებით?“ – 40 ათასი საბაგიროს დემოტაჟისთვის და 6400 ლარი ჯართისგან

დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ძველი საბაგირო გზის დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალა, დაახლოებით 16 ტონა შავი ლითონის ჯართი, რომლის საწყისი ღირებულებაც 6 400 ლარია, ელექტრონული აუქციონის წესით გაყიდოს.

თუმცა, მანამდე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული საბაგირო გზის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟზე, რომელიც არ შედგა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„ბოტანიკური ბაღის“ დირქტორის, ირაკლი არჩაიას განცხადებით, ტენდერი არ შედგა, დემონტაჟისთვის გაცემულ ნებართვას კი ვადა 30 ივნისს გასდის: „ჩვენ მივმართეთ ბათუმის მერიას რომ გვიშუამდგომლოს შესაბამის უწყებასთან, რათა მოგვცენ ხელახალი ნებართვა დემონტაჟისთვის. ამის შემდეგ ისევ გამოვაცხადებთ ტენდერს.“

ირაკლი არჩაიას თქმით, ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება, ვინაიდან „ახლა აქტიური ტურისტული სეზონია და გზების ჩაკეტვა რომ არ მოხდეს. ამასთან, დემონტაჟის დროს მისაღები იქნება უსაფრთხოების ზომები“.

მწვანე კონცხზე ახალ საბაგირო გზას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია ააშენებს.

„თქვენ რომ წარმოადგინეთ ეგ საკითხი მაშინ ითქვა, რომ ამას ექნებოდა კომერციული დატვირთვა და დახარჯულ თანხას ამოვიღებთო, მაგრამ დავხარჯეთ 48 ათასი ლარი და ვიღებთ 6 400 ლარს და ვეხმარებით ბატონ ბიძინას?

აუტიზმის პროგრამა გვაქვს გაჩერებული, ბავშვებს ვერ ვეხმარებით და მაგ ფულით, 41 600 ლარით 23 ბავშვს შეიძლება მიეღო წლის ბოლომდე სამედიცინო მომსახურება და რატომ ვყრით ამ ფულს.

უჭირს ბიძინა ივანიშვილს, თუ რატომ ვეხმარებით? არ ვიცი ამას რა ქვია“ – განაცხადა სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოში ლევან ანთაძემ.

ამ თემაზე:

მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს

საკრებულო მსჯელობს, როგორ აიძულოს მოსახლეობა გადაიხადოს სანდასუფთავების გადასახადი

დღეს, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე  მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიძულონ მომხმარებელი, სანდასუფთავების მოსაკრებელი გადაიხადოს.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, არჩილ ვანაძის თქმით, დღეს არ არსებობს სანდასუფთავების გადასახადის იძულებით ამოღების მექანიზმი.

საკრებულოს წევრების მხრიდან იყო მსჯელობა, რომ სანდასუფთავების გადასახადი შესაძლოა მიებას წყლის ან ელექტროენერგიის გადასახადს. „თუ არ გადაიხდიან სანდასუფთავების მოსაკრებელს, მომხმარებლებს გაეთიშებათ წყალი ან შუქი,“ – ამბობდნენ საკრებულოს წევრები.

სანდასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებას 2018 წლის პირველი მაისიდან შპს „სანდასუფთავება“ ახორციელებს, რომლის 100% წილის მფლობელი ბათუმის მუნიციპალიტეტია.

„მოსაკრებლის ადმინისტრირების ღონისძიებების გამკაცრების პარალელურად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი შემოწმების შედეგების მიხედვით განისაზღვროს 2018 წლის პირველი მაისით  – იმ პერიოდით, როდესაც მოსაკრებლის ადმინისტრირების უფლებამოსილება გადაეცა შპს „სანდასუფთავებას“.

მიმდინარე ეტაპისათვის შპს „სანდასუფთავების“ მიერ აქტიურად ხორციელდება ახალი აბონენტების რეგისტრაცია და არსებული აბონენტების მონაცემების განახლება,“ – ნათქვამია საკრებულოს დადგენილების პროექტში.

 

ბათუმში მეოთხე სართულიდან ჩამოვარდნილი კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან, შუახნის კაცი ჩამოვარდა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ მედიკოსებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

მიკროავტობუსის მძღოლები ამ წუთებში ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ქალაქში სამარშრუტო ხაზების შემცირებას შეეხება.

მძღოლები ამბობენ, რომ ხაზების გაუქმებით, ისინი, ფაქტობრივად, უმუშევარი რჩებიან.

„დღეში უნდა იმუშაოს 10-მა მარშრუტკამო, ამას ამბობს მერია, 40 ვმუშაობთ და სხვებმა რა უნდა ვქნათ, სად ვიმუშაოთ.

ეს ნომერი ოთხ სოფელს ემსახურება, ადამიანები ზოგი ქალაქში მუშაობს, ზოგი სწავლობს, ზოგი საავადმყოფოში მიდის და ბაგრატიონის ქუჩაზე რატომ უნდა ჩამოვიდნენ?“-ამბობს N36 სამარშრუტო ხაზის მძღოლი ზაზა შაინიძე.

მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ ხაზების გაქუმებით ისინი უმუშევარი დარჩებიან

მძღოლების აზრით, ქალაქი არა მიკროავტობუსების რაოდენობის, არამედ კერძო ავტომობილების გამოა გადატვირთული. „ერთ ოჯახში 3-4 მანქანა რომ ჰყავთ და ქალაქში ფეხით არ დადიან და ყველა მანქანით რომ გადაადგილდება, ეს ტვირთავს ქალაქს და არა 40 მარშრუტკა, რომელიც საცობს ვერ შექმნის“.

მძღოლები ამბობენ, რომ ისინი არ არიან ტექნიკური მოთხოვნების წინააღმდეგი, მთავარია, არ დაკარგონ სამუშაო.

„ჩვენთვის მიუღებელია ხაზების შემცირება, ჩვენ ვკარგავთ სამუშაოს. ტექნიკური ხარვეზები რაც არის, ის გამოსწორდება. დააკვირდით მუნიციპალურ ავტობუსებს როგორი გამონაბოლქვი აქვთ, ისინი ბევრად აბინძურებენ ჰაერს, სახელმწიფო ანტომანქანებიც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, აი მაგათ მიხედონ,“ – ამბობს გია ფუტკარაძე.

ბათუმის მერია დღეს, 28 ივნისს, მიკროავტობუსის მძღოლების ახალი რეგულაციების დაწესებას აპირებს.
ფოტო: ლელა დუმბაძის

სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციას მანამ, სანამ მერია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მძღოლებმა მიკროავტობუსები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს.

გაფიცული მიკროავტობუსის მძღოლები
ფოტო: ლელა დუმბაძის

საკრებულოს მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებით ქალაქში აღარ უნდა იმოძრაონ სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.

ამასთან, ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს ყოველდღიურად მუშაობს [სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე] 460 მიკროავტობუსი. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, მათი რაოდენობა 250-მდე უნდა შემცირდეს.

ქალაქში 2018 წლის პირველი ივლისიდან ახალი სქემით უნდა ემოძრავათ შემდეგ მიკროავტობუსებს: №№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.

თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ ახალი სქემა ახალი კონკურსისა და ნებართვების გაცემის შემდეგ ამოქმედდება.

ახალი კონკურსის პირობები და კრიტერიუმები კი საკრებულომ დღეს, 28 ივნისს, სხდომაზე უნდა განიხილოს.

ამ თემაზე:

რა შეიცვლება ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში

კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

მიკროავტობუსისთვის სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 5-ის ნაცვლად შესაძლოა 50 ლარი გახდეს

 

 

 

NDI ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვას მართავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 30 ივნისს, 10:30 საათზე, ბათუმის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში (მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. #62-64) საჯარო განხილვას გამართავს,
რომელსაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორი და მედიის
წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა ფოკუსირებული იქნება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთაზე.

შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლები ლაშა კომახიძე, ბათუმის მერი, სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან გობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინტელექტის” დირექტორი და ცაგო კახაბერიძე, გაზეთ ,,ბათუმელების” ჟურნალისტი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით დანერგილ მექანიზმებზე ისაუბრებენ. პანელის მოდერატორი NDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ლაშა გოგიძე იქნება. შეხვედრის მეორე ნაწილი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთასა და განხილვას დაეთმობა. აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანზიაციები ფოკუს ჯგუფის კვლევას ჩაატარებენ.

NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში პირველად მართავს ერთიან შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ამოკვეთისა და შემდგომ მათზე მუშაობის საშუალება ეძლევათ. აღნიშნული პროგრამის მიზანია მხარეთა ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის გაზრდა, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაძლიერებასა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

აღნიშნულ ღონისძიებას NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.

აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი კორექტირდება

ხვალ, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ უნდა იმსჯელოს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს,  უნდა დაკორექტირდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბაზაში აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი.

არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კომისიის სხდომაზე
არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კომისიის სხდომაზე

კორექტირება გახორციელდება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (აბონენტების) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღში, რომლითაც 2018 წლის 1-ლი მაისის შემდგომ მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს. აღნიშნულ აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად, დადგენილების პროექტის მიხედვით, განისაზღვრება 2018 წლის 1-ლი მაისი.

დადგენილების პროექტი დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს
დადგენილების პროექტი დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს

ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის განცხადებით, მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება  გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებს შპს „სანდასუფთავება“ (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის გათვალისწინებით). „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად აბონენტების მონაცემების კორექტირება შემოწმების შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება მომსახურების მიღების მთლიან პერიოდზე, რაც გულისხმობს შემოწმების შედეგების წინა წლებზე გავრცელებასაც. არჩილ ვანაძის განცხადებით, ეს საკითხი ხშირად მოსაკრებლის გადამხდელებთან უთანხმოების საგანი ხდებოდა. ამიტომ, მოსაკრებლის ადმინისტრირების ღონისძიებების გამკაცრების პარალელურად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი შემოწმების შედეგების მიხედვით განისაზღვროს 2018 წლის 1-ლი მაისით – იმ პერიოდით, როდესაც მოსაკრებლის ადმინისტრირების უფლებამოსილება გადეცა შპს „სანდასუფთავებას“. მიმდინარე ეტაპისათვის შპს „სანდასუფთავების“ მიერ აქტიურად ხორციელდება ახალი აბონენტების რეგისტრაცია და არსებული აბონენტების მონაცემების განახლება.

დადგენილების პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

საკრებულო ხვალ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იმსჯელებს

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი განიხილეს.

განკარგულების პროექტით წარმოდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N629 დადგენილებისა და „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N644 ბრძანების მეთოდოლოგიის შესაბამისად მომზადდა.

2.კომისიის სხდომაზე - მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ეთერ ლომაძე.
კომისიის სხდომაზე – მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვის, რისკების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ეთერ ლომაძე.

განკარგულების პროექტის მიხედვით, 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში განსაზღვრულია 10 სტრატეგიული მიმართულება:

  • მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი;
  • ბათუმის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;
  • ბათუმის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია;
  • მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება;
  • ქალაქის ურბანული განვითარება;
  • მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
  • ინკლუზიური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემა
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ინსტიტუციონალური გაძლიერება.
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად განსაზღვრულია სტრატეგიული ღონისძიებების, პროგრამებისა და აქტივობების ჩამონათვალი შესაბამისი აღწერის, დაინტერესებული მხარეების, ბენეფიციარების მითითებით. გეგმა ასევე მოიცავს ღონისძიებების შესაბამისად გაწერილ 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმასა და ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც უნდა გაიზომოს კონკრეტული პროგრამების შესრულება. გეგმაში ასევე მოცემულია ღონისძიებების შესაბამისად განსაზღვრული რისკ-ფაქტორები, მათი შეფასება და დაძლევის ღონისძიებები.

განკარგულების პროექტის მიხედვით,  მუნიციპალიტეტის  2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსება განხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით.

დოკუმენტის ბათუმის საკრებულოში გადმოგზავნამდე, მიმდინარე წლის 18 აპრილს, ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა საჯარო განხილვაზე აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო და თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა.

საჯარო განხილვაზე ქალაქის მერმა თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა (18.04.2018 წ.)
საჯარო განხილვაზე ქალაქის მერმა თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა (18.04.2018 წ.)

განხილვაზე ბათუმის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად შეიქმნა: „დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების 10 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ქალაქის ფუნქციურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. მასში აბსოლუტურად აისახება ქალაქის წინაშე არსებული ყველა საჭიროება. სტრატეგიული გეგმის შექმნის პროცესში, რომელსაც ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა დაედო საფუძვლად, მერიის ყველა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ განხორციელდა დოკუმენტის როგორც დროში გაწერა, ასევე ბიუჯეტის განსაზღვრა. გარდა ამისა, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ყველა იმ მხარის ინტერესი და მოსაზრება, რომელიც გამოთქმული იყო ამ პერიოდში“.

სტრატეგიის სამუშაო ვერსია განსახილველად გამოქვეყნებული იყო ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე. ორგანიზებული იყო დისკუსიები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მოგროვილი დოკუმენტები და მონაცემები, გამოთქმული მოსაზრებები კი შეჯერებულ იქნა მოქმედ კანონმდებლობასა და აჭარის და საქართველოს სხვადასხვა სტრატეგიებთან.

საკრებულოს წევრები საჯარო განხილვაზე (18.04.2018)
საკრებულოს წევრები საჯარო განხილვაზე (18.04.2018)

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 28 ივნისის მორიგ სხდომაზე განიხილავს. დოკუმენტი, მიღების შემთხვევაში, ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

ბათუმის მერიამ შესაძლოა მშენებლობის მსურველისგან საბანკო გარანტია მოითხოვოს

ბათუმის ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე არსებული დაუსრულებელი მიშენება-დაშენებების პრობლემის მოგვარებას კანონის შეცვლა სჭირდება. ასე ქალაქის მერიაში ფიქრობენ. მერიის ინფორმაციით, ასეთი დაუსრულებელი მშენებლობები ქალაქში წლების განმავლობაში დაგროვდა და ქალაქის იერსახეს აზიანებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური რეგულაციებით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენება შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი პროექტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ იწყება მშენებლობა, თუმცა საბოლოო სახეს ვერ ღებულობს იმის გამო, რომ ზოგიერთი ბინათმესაკუთრე არ არის დაინტერესებული მოცემული მშენებლობით (მიშენებით ან დაშენებით). საბოლოო ჯამში აღნიშნულით ვღებულობთ ქალაქის იერსახისათვის შეუფერებელ შენობა-ნაგებობებს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მერიამ განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნა.

მერიაში მიიჩნევენ, რომ შესაბამის საკანონმდებლო ნორმატიული აქტის შეცვლა მერს მისცემს საშუალებას მშენებლობით დაინტერესებულ პირს მშენებლობის ნებართვის ასაღებად მოსთხოვოს მშენებლობისთვის საჭირო თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენა. დამკვეთის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს მუნიციპალიტეტს მისცემს უფლებას და შესაძლებლობას თავად უზრუნველყოს მშენებლობის დასრულება შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

კითხვაზე, რატომ განიხილავს  მერია ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ მიშენება-დაშენების შემთხვევაში და არა ახალი პროექტის შეთანხმებისას, მითუმეტეს, რომ ბათუმში დაწყებული ბევრი მშენებლობის დასრულება ინვესტორებმა ვერ შეძლეს და მათ შორის რამდენიმე ქალაქის ცენტრალურ ნაწილშიც კი წლებია მიტოვებულია, მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ მიმართულებით მერია სხვა ინიციატივაზე მუშობს.

 

 

სარფთან, თურქეთის მხარეს, გზა ცალმხრივად გაიხსნა

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა, საავტომობილო გზა ცალმხრივად გაიხსნა.

ხოფა-ქემალფაშას გზის მონაკვეთზე მეწყერი დღეს დილით ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა.

მეწყრის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი ჟანდარმერიის  თანამშრომელია. ხოფის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევის ადგილზე AFAD-ი, AKUT-ი და ხოფის სამძებრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

ფოტო: თურქეთის საკონსულო

მანქანები ტროტუარზე – დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 354 მძღოლი დააჯარიმეს

სტატისტიკის თანახმად, დღეს, 27 ივნისს, ბათუმის ავტოტრანსპორტმა ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 354 მძღოლი დააჯარიმა. მათგან, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 283 მძღოლი, ნიშანში დგომისთვის – 46, ტროტუარზე დგომისთის – 20, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 4 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის –  1 მძღოლი.

ფოტო: “ბათუმელები”
მზია აფაქიძის ფოტო
მზია აფაქიძის ფოტო
მზია აფაქიძის ფოტო
მზია აფაქიძის ფოტო

როგორ გამოიყურება მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლი

მსოფლიოს ყველაზე უშნო ძაღლის კონკურსის გამარჯვებული 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად ჟა-ჟა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური გამოცემა Independent-ი ავრცელებს.

ყოველწლიური კონკურსი დაიწყო, როგორც პაროდია სუფთა ჯიშის ძაღლების ტრადიციული კონკურსისა, სადაც ძაღლები უბეწვო სხეულებით, გადმოგდებული ენებითა და უცნაური თვალებით მეპატრონეებთან ერთად გამოვიდნენ წითელ ხალიჩაზე. მათ მსაჯები აფასებდნენ.

შეუხედავი ძაღლების მეპატრონეებს საკმაოდ კარგი სტიმული აქვთ, ყოველწლიურად მიიყვანონ თავიანთი ძაღლები ამ სასაცილო ღონისძიებაზე. მაგალითად, ჟა-ჟას მეპატრონემ, მეგან ბრეინარდმა მინესოტას შტატიდან, 1500 აშშ დოლარი მოიგო პრიზად.

ჟა-ჟა და მეგანი

თავად ჟა-ჟა კი, თავისი გიგანტური ენით, დაღრეკილი კბილებითა და ვარდისფერი “მანიკიურით” ასე გამოიყურება:

ფოტო: Nathan Congleton TODAY

კონკურსის სხვა მონაწილეები [წყარო:www.independent.co.uk]:

სარფში, თურქულ მხარეს მთის ჩამოშლის გამო, საზღვარზე მიმოსვლა შეჩერებულია

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, თურქეთის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყრის შედეგად კლდის ნაწილი ჩამოიშალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის გამო სარფი-ტრაპიზონის დამაკავშირებელი მაგისტრალი დროებით დაკეტილია.

“უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, მოძრაობა აღდგება და სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“ბათუმელებმა” დეტალების გადასამოწმებლად ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს მიმართა.

“პორტში მიმდინარეობს სამუშაოები და ამ სამუშაოებისთვის პერიოდულად კლდეს  აფეთქებენ და გადააქვთ მასალები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს ჩამოიშალა კლდის  მასა და ჩაიხერგა გზა, რომელიც დაახლოებით ორ-სამ საათში გაიხსნება,” – უთხრეს “ბათუმელებს”  საკონსულოში.

საკონსულოს ინფორმაციით, საზღვართან ახლოს იყო დაკვამლიანებაც. „ეს გამომდინარე იქედან, რომ გარკვეულ მონაკვეთზე ნაგავს წვავდნენ“, – განმარტეს საკონსულოში.

ფოტო: თურქეთის გენერალური საკონსულო ბათუმში

 

ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო, რომელიც 25 ივნისს გაიხსნა – საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ახალი გზა სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ექსპერტები კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებზე საუბრობენ, რომლის შესრულებაც გზაზე მოძრაობას შედარებით უსაფრთხოს ხდის. ეს მოთხოვნები ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე შესრულებული არ არის.

ქობულეთის შემოვლითი გზა ჯამში 31.7 კმ-ია. გზა ორზოლიანია.

გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი: „რადგან გზა ორზოლიანია, ხოლო მოძრაობის დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ, არსებობს სერიოზული რისკები. პირველ რიგში, ზოლებს შორის უნდა არსებობდეს გამყოფი ბარიერი, რაც, როგორც ვიცი, ამ გზაზე არ არსებობს. გზაზე უნდა იყოს ე.წ. უბეები, ანუ ადგილი, სადაც ავტომანქანის გადაყენება იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, გზაზე უნდა დამონტაჟდეს წერტილოვანი და სექციური კამერები. წერტილოვანი კამერა აფიქსირებს კონკრეტულ მონაკვეთში რა სიჩქარით გადაადგილდება ავტომანქანა. სექციური კამერა კი, საშუალო სიჩქარეს ითვლის. ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.“

„ჯერ განათება უნდა დამონტაჟდეს. ამის შემდეგ იქნება სექციური და წერტილოვანი კამერები,“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე კამერებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათავსებს.

რაც შეეხება გამყოფ ბარიერს – გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გამყოფი ზოლი იმ შემთხვევაში მოეწყობა, თუ მოძრაობის ზოლების დამატების საჭიროება იქნება.

„ჯერჯერობით ამ გზაზე მოძრაობის ინტენსიობა არაა ხშირი. თუ ამის საჭიროება დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დეტალური ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოითხოვოთ,“ – აღნიშნეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მთავარი ფოტოზე: ქობულეთის შემოვლითი გზა / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

გაფუჭებული კონდიცირების სისტემის გამო მგზავრები მატარებელს ქობულეთიდან არ უშვებდნენ

დღეს, 27 ივნისს, ბათუმი-თბილისის მატარებელი მგზავრებმა ქობულეთში შეაჩერეს. ამის მიზეზი მატარებელში გათიშული კონდიცირების სისტემა გახდა. მგზავრების თქმით, მატარებელში ბათუმიდან გასვლის შემდეგ გამოაცხადეს, რომ კონდიცირების სისტემა არ მუშაობდა, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. მატარებელში არ იღება ფანჯრები.

„ქობულეთში გავაჩერებინეთ და ველოდებით, ან გააკეთონ სისტემა, ან მოვიდეს სხვა მატარებელი. შეუძლებელია ასე მგზავრობა, თან, როგორც ჩანს, წინასწარ იცოდნენ, რომ მატარებელში კონდიცირების სისტემა იყო გაფუჭებული და არ თქვეს ამის შესახებ. ურეკამდე ვერ ჩავაღწევთ, ისეთი სიცხეა შიგნით.  რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ გრილა მატარებელში და ქურთუკია საჭიროო და გავითვალისწინე. პერსონალს აყენებენ საფრთხის ქვეშ, ერთ-ერთმა თანამშრომრომელმა თქვა, რომ ამის შესახებ წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ ხალხიო, ანუ იცოდნენ, რომ არ მუშაობდა კონდიცირება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე ცეცხლაძემ, რომელიც ამ მატარებლით მგზავრობს.

მოგვიანებით კონდიცირება ჩაირთო და მატარებელი დაიძრა, თუმცა მგზავრები ეჭვობენ, რომ კონდიცირების სისტემა შესაძლოა ისევ გამოვიდეს მწყობრიდან.

დღეს გარემოს დაცვის სააგენტომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შესახებ გააკეთა განცხადება. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში 20%-ით გაიზარდა

„2017 წელს ბათუმისა და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ზე მეტია.  მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ენერგოკომპანიის განცხადებით, იმისთვის, რომ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხერხდეს, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის „ენერგო-პრო ჯორჯია“  პირველ ეტაპზე რამდენიმე მილიონ ლარს დახარჯავს.

„ერგე 1“ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“  საკუთრებაა. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დროს ახალი ანძების მონტაჟი იმავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება, რომელზეც ძველი დგას.

„ერგე 1“ მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული და მას კაპიტალური რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია სჭირდება. ვარაუდობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ხაზის გამტარუნარიანობა მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება.

 

როდის დასრულდება მტირალას ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის მშენებლობა

მტირალას ეროვნული პარკისკენ მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პარკის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურული განყოფილების უფროსის, ფრიდონ შერვაშიძის ინფორმაციით, გრუნტის სამუშაოები  უკვე დასრულებულია.

„საკმაოდ რთული სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან პროექტში ხიდების მშენებლობაც არის ჩასმული.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიზიტორი გვყავს და გზაზე მოძრაობა არ წყდება, სამუშაოები მაინც ინტენსიურად მიმდინარეობს,“-გვეუბნება ის.

აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით, ეროვნულ პარკთან მისასვლელი გზის მშენებლობაზე ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 234,532 ლარია გამოყოფილი.

„უნდა გაკეთდეს 3,5 კილომეტრი კაპიტალურად. ხელშეკრულების მიხედვით გზის მშენებლობა სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა გზის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლოსთვის დასრულდება, “- გვეუბნება ის.

მტირალას ეროვნულ პარკს 2018 წლის იანვრიდან დღემდე 19 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.

სამგზავრო გადაყვანის ნებართვაზე კონკურსი ცხადდება

ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე დღეს კომისიის წევრებმა იმ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის გამოცხადებას ითვალისწინებს.  აღნიშნული პროექტის მიღების მიზანს M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკურსის ჩატარებით ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა წარმოადგენს.

საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილების უფროსი - ემზარ ქავჟარაძე
საქალაქო ტრანსპორტის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის
განყოფილების უფროსი – ემზარ ქავჟარაძე

განკარგულების პროექტის თანახმად, ნებართვის მაძიებელთა კონკურსი  „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 29 მაისის N43 დადგენილებით დამტკიცებულ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდება.

აღნიშნულ განკარგულებას საკრებულოს წევრები ხვალ, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და დამტკიცების შემთხვევაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იქნება 10 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს  ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გასაცემად კონკურსის ორგანიზება. საკონკურსო კომისიის შექმნის, კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ კომისიის შედეგები წარედგინება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამარჯვებულზე ნებართვის გასაცემად. განკარგულების პროექტის თანახმად, საკონკურსო კომისიაში ბათუმის საკრებულო სამი წევრით იქნება წარმოდგენილი.

საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა

კომისიის სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის და ფასის გადახდის წესზე.

სხდომაზე წარმოდგენილი შესაბამისი დადგენილების პროექტის მიხედვით,  ფიქსირებული ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის – 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო M3 კატეგორიის ავტობუსებისთვის 20(ოცი) ლარი იქნება.

სექტემბერში გოგოლის ქუჩა ჩაიკეტება – რა ეტაპზეა ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა აღმაშენებლის, ლეონიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ფიროსმანის, კობალაძისა და მიმდებარე ქუჩებზე. მერიაში ვერ აზუსტებენ ტენდერის გამოცხადების თარიღს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის იანვრიდან დაიწყება.

ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა დასრულებულია ე.წ. ჭაობის უბანში ჯავახიშვილის ქუჩის ჩათვლით, თითქმის გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე. დასრულებულია ამ უბანში ტესტირებებიც და ინდივიდუალურ დაერთებებს ახალ ქსელზე „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს.

წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემა მოწყობილია ბონი-გოროდოკის დასახლებაშიც. ბონის დასახლებაში თითქმის დასრულებულია დაერთებები, ხოლო გოროდოკის უბანში მიმდინარეობს ქსელის ტესტირება და პარალელურად დაერთებებიც.

ჯაბა ტუღუშის თქმით, პრიორიტეტია ის ქუჩები, სადაც მერიას გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქვს შესყიდული: „სადაც ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, პირველ რიგში, იქ ხდება დაერთებები, პარალელურად კი სხვა უბნებშიც“.

ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს თამარის დასახლებაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. აქ სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები ერთად კეთდება. აგვისტოს ბოლომდე დასრულდება ტესტირებაც და თამარისა და ბარცხანის დასახლებებში ახალ ქსელზე დაერთებები დაახლოებით ნოემბრის თვიდან დაიწყება მას შემდეგ, რაც აშენდება ბარცხანის სატუმბი სადგური, რომელიც გოგოლის ქუჩით უნდა შეუერთდეს ბაგრატიონის კოლექტორს.

ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ივლისის შუა რიცხვებიდან მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

სექტემბრის თვიდან კი, ერთი თვით გადაიკეტება გოგოლის ქუჩა, სადაც ჩაიდება მილი, რომელიც ბარცხანის სატუმბ სადგურს დააკავშირებს ბაგრატიონის კოლექტორთან.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ჭაობის უბანში კანალიზაციის ახალი სისტემის მოწყობა დასრულებულია, ხოლო თამარის დასახლებაში ახლა კეთდება, „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ გრაფიკის მიხედვით დაერთებები ახალ სისტემაზე თამარისა და ბარცხანის დასახლებაში 2019 წლის თებერვალში დასრულდება, „ჭაობის უბანში“ კი 2019 წლის ბოლოს. კომპანიის ინფორმაციით 2018 წლის ბოლოს დასრულდება დაერთებები ბონი-გოროდოკის დასახლებაში.

რაც შეეხება მახინჯაურს – აქ სასმელი წყლის მილები რეაბილიტირებულია, თუმცა არ არის ახალი საკანალიზაციო სისტემა. მახინჯაურის აბონენტები სასმელი წყლის ახალ სისტემაზე გადავლენ სექტემბრის ბოლოდან, მას შემდეგ რაც მახინჯაურის წყლის რეზერვუარი შევა ექსპლუატაციაში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.

ახალი საკანალიზაციო ქსელი მახინჯაურში და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე, ჯაბა ტუღუშის თქმით, დამატებით ფაზაში უნდა მოეწყოს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლებთან დონორობაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და დეტალებზე საქართველოს მთავრობასთან მიდის კონსულტაციები.

„საუბარია ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, ხელვაჩაურის და სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზე. ხელვაჩაურში მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კეთდება წყლის სისტემა და გაგრძელდება. კანალიზაციის ქსელს კი ან KfW დააფინანსებს ან სხვა დონორი იქნება მოსაძებნი. წყალარინების სისტემის პროექტი გვაქვს და ამ ეტაპზე მიდის გადახედვა, შესწავლა თუ როგორი გზით წავიდეთ, რა მეთოდი იქნება უფრო რენტაბელური,“ – აცხადებს ჯაბა ტუღუში.

მახინჯაურსა და სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, უხეში გათვლებით, 50 მილიონამდე ევრო დასჭირდება.

ჯაბა ტუღუშის თქმით, ახალი ქსელით ერთმანეთისგან იმიჯნება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. მისივე თქმით, დღეს რიგ უბნებში, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არის რეაბილიტირებული ან მოწყობილია ახალი ქსელი, მაგრამ დაერთებები არ არის დასრულებული, იქ  პარალელურად მუშაობს როგორც ახალი, ისე ძველი საკანალიზაციო სისტემა და როცა მთლიანად ამოქმედდება ახალი ქსელი, ამის შემდეგ ჩაიკეტება ძველი.

მთავარი ფოტო: სამუშაოები ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე/25.06.2018/

ამავე თემაზე:

კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, დადგენილების პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.

ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - არჩილ ვანაძე
ქ. ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – არჩილ ვანაძე

კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახული იქნება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერის თანხა. ასევე, საკუთარი შემოსავლების, ელექტრონული ტენდერების და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე გათვალისწინებული იქნება ახალი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსება. მათ შორის:

[checklist]

  • განხორციელდება შპს „ბათუმის წყალის“ კაპიტალის ზრდა,  ქალაქის რეაბილიტირებულ უბნებში ეზოების ქსელის კანალიზაციის სისტემის ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით;
  • ახალის სასწავლო წლისათვის მომზადების მიზნით, განხორციელდება საბავშვო ბაღების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და აღსაზრდელებისათვის სათამაშოების შეძენა;
  • უნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დაიწყება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა – საწყის ეტაპზე ორი ახალი სერვის-ცენტრის შენობის მშენებლობა;

[/checklist]

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე - ზურაბ ნაკაიძე
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე – ზურაბ ნაკაიძე

კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 1,420.6 ათასი ლარით იზრდება. მათ შორის:

[checklist]

  • სპეციალური ტრანსფერით – 520.6 ათასი ლარით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით;
  • სხვა შემოსავლებით – 900 ათასი ლარით, რომლის მობილიზება მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან დივიდენდის სახით არის დაგეგმილი.
  • Item 3

[/checklist]

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა

დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები  1,471.9 ათასი ლარით იზრდება.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში დადგენილების პროექტით წარმოდგენილ ცვლილებებს ბათუმის საკრებულო ხვალ, 28 ივნისის  მორიგ სხდომაზე განიხილავს.

რატომ გაჩნდა დემოკრატიზაციის გაგების დეფიციტი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„უცხოელი ექსპერტების 90 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო შეძლებს დემოკრატიზაციას ევროპული ინტეგრაციის გარეშე, თუმცა ეს უფრო რთული იქნება. ამის საპირისპიროდ, შიდა ექსპერტების უმრავლესობა [56 პროცენტი] ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გარეშე დემოკრატიზაცია შეუძლებელია“, – კვლევის „გამოწვევები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ შედეგებზე „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. რას აჩვენებს უცხოელი ექსპერტების დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიზაციაზე – თემაზე „ბათუმელები“ პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

ბატონო კორნელი, რატომ გაკეთდა აქცენტი ევროინტეგრაციის გვერდის ავლით საქართველოს დემოკრატიზაციაზე? 

იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც არსებობს საქარველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, უცხოელ ექსპერტებს რეალურად არ ესახებათ ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უახლოეს მომავალში იქნება, ვთქვათ, უახლოეს 5 და 10 წელიწადში. უცხოელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველომ დემოკრატიზაციის პროცესი იმდენად უნდა გააღრმავოს, რომ ევროპეიზაცია, რომელიც გეოპოლიტიკურ ასპექტებსაც შეიცავს, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს. ანუ ისე წავიდეს პროცესი, რომ პირიქით, თქვან ევროსტრუქტურებმა, რომ დემოკრატიზაციის დონით საქართველომ წინ წაიწია და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენ რას ვიტყვით. ამისთვის საჭიროა აქტიურობა, სამოქალაქო ჩართულობა, ჩვეულებრივი მოქალაქების მხრიდან მუდმივი კონტროლი ხელისუფლების მიმართ.

ერთ-ერთ კვლევის შედეგიც გაჟღერდა შეხვედრაზე – რომ ბოლო წლებში 68-დან 52 პროცენტამდე შემცირდა საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია სჯობს ნებისმიერი სხვა ტიპის მმართველობას…  

სამწუხაროდ ასეა. ხალხის დაახლოებით 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატია არ არის მნიშვნელოვანი და მისთვის მნიშვნელოვანია, ვთქვათ, სამუშაო ადგილები. ეს საგანგაშოა. როცა ადამიანს ეკითხებიან, თუ რატომ არის დემოკრატია მისთვის მნიშვნელოვანი, ის ასახელებს სამუშაო ადგილს და არა, მაგალითად, თავისუფალი არჩევნების უფლებას. კვლევებიდან ჩანს, რომ საზოგადოებაში არსებობს ფართო დეფიციტი დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის გაგებასთან დაკავშირებით.

ამიტომაც ვხდებით რეგიონში ადამიანებს, რომ გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი. დემოკრატიზაცია არ არის მხოლოდ ვიწრო ელიტების, პოლიტიკური პარტიების, ან სამოქალაქო ელიტის საქმე. კვლევები დღეს აჩვენებს, რომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ ავუხსენით საზოგადოებას კარგად, რა არის დემოკრატია, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი. ერთგვარად შეიმჩნევა, რომ დემოკრატიზაციის პროცესში არის გადაღლა.

თქვენი აზრით, რა განაპირობებს დემოკრატიზაციის პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას, ვის აწყობს ეს? 

ფაქტია, რომ ეს მოცემულობა ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს რუსული პროპაგანდისთვის… კვლევები აჩვენებს, რომ ხალხს თანდათან ნაკლებად სჯერა დემოკრატიის და მაცივრისკენ იხედება. ადამიანები ფიქრობენ, რომ დემოკრატია ლამაზი სიტყვაა, მაგრამ მას შიგთავსი არა აქვს. ეს ძალიან დამაფიქრებელი, თან ევროპასთან ინტეგრაციის ამ ეტაპზე. რუსული პროპაგანდაც ამაზე დგას – რომ დემოკრატია ზღაპარია, რომ ეს დასავლეთმა მოიგონა, ზედმეტი ტვირთია და მოდით ევრაზიულ კავშირში, ერთმანეთს მივხედავთ. ეს მოცემულობა არის რუსული პროპაგანდის შედეგი და სამოქალაქო სექტორის სისუსტე, ასევე ხელისუფლების, რომელსაც აღარ აქვს მკაფიო გზავნილები ევროპეიზაციაზე, ტელევიზიებიც ამაზე აღარ საუბრობენ… ასე თუ გაგრძელდა, არსებობს სერიოზული რისკი, რომ დემოკრატიზაციის პროცესის ეროზია მივიღოთ და ეს იქნება საუკეთესო ნიადაგი რუსული პროპაგანდისთვის.

ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანებს სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? 

ვფიქრობ, უფრო გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე. ადამიანებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამ პროცესზე, მათ გასაგებ ენაზე ვერ უხსნის ვერავინ, რა პროცესთან გვაქვს საქმე, რატომ არის, მაგალითად, ევროპეიზაცია მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ადამიანებს ამ თემებზე. ევროპეიზაცია არ არის მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის საქმე. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპეიზაცია მას სჭირდება, ის ამის საჭიროებას გრძნობს და არა ის, რომ მიშამ, ან გრიშამ თქვა და ამიტომ მინდა დემოკრატია.

ოქსფორდის უძველესი „Jesus colleage“-ს გუნდის კონცერტი ბათუმში

დღეს, 27 ივნისს, 19:00 საათზე, ბათუმის საზაფხულო თეატრში ოქსფორდის უნივერსიტეტის უძველესი „Jesus colleage“-ს გუნდი, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდთან ერთად, ევროპული მუსიკის უკვდავი კლასიკოსების ნაწარმოებებს შეასრულებს.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდის საქართველოში ვიზიტს ოქსფორდის უნივერსიტეტი აფინანსებს.

ისინი ერთი დღით დარჩებიან ბათუმში და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და სხვა ტურისტულ ობიექტებს მოინახულებენ.

„ოქსფორდის უნივერსიტეტთან ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა, მათი მკვლევარები აქტიურად მონაწილეობენ ფიჭვნარის არქეოლოგიურ გათხრებში და აქედან გამომდინარე, მათთან გვაქვს კულტურული კავშირები,“-ამბობენ სამინისტროში.

გუნდის წევრები ხვალ, 28 ივლისს, გაემგზავრებიან ბათუმიდან.

ჰქონდა თუ არა საზღვაო აკადემიის გემს საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება

ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელ გემ „კადეტთან“ დაკავშირებით, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, 25 ივნისს საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, შეკითხვები ისევ არსებობს. ჰქონდა თუ არა გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება? – „ბათუმელები“ დღეს ამ საკითხს არკვევდა.

„საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემი “Cadet”-ი რეგისტრირებულია ქართული დროშის ქვეშ და ასევე მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ქართული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც არ არის აღიარებული ევროკავშირის მიერ. საზღვაო კოდექსის თანახმად, საერთაშორისო ნაოსნობის უფლება ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემს მხოლოდ მაშინ ენიჭება, როდესაც მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ევროკავშირის მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება (მაგალითად, DNV-GL, ABS, RMRS და ა.შ.) ან საზღვაო კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელია ერთჯერადი საერთაშორისო ნაოსნობის უფლების მინიჭება გამონაკლისის სახით, თუ გემი მიდის სხვა ნავსადგურში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ზემოთ აღნიშნულმა გემმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები და იმყოფება ნაპირიდან 27 საზღვაო მილის მოშორებით. იბადება კითხვა, აქვს თუ არა უფლება ამ გემს საერთაშორისო ნაოსნობის განხორციელების და თუ აქვს, რის საფუძველზე?“ – წერს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

ურუშაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაირღვა თუ არა საქართველოს საზღვაო კოდექსი, ამ საკითხზე „HUB Georgia”-ს იურისტები მუშაობენ.

ჰქონდა თუ არა საწვრთნელ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება – „ბათუმელებმა“ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ივანე აბაშიძეს მიმართა.

ივანე აბაშიძის თქმით, ბათუმის საზღვაო აკადემიის კუთვნილი გემის გადაადგილება „სრულიად კანონიერ ჩარჩოშია მოქცეული“. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და “კადეტს” საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება მიანიჭა.

“რეგულაციები არის მკაცრი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი იმ გემების მიმართ, რომლებიც სავაჭრო-სანაოსნო საქმიანობას ეწევიან და ასეთი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახდენს ევროკავშირის მიერ აღიარებული ორგანიზაციები. რაც შეეხება საზღვაო აკადემიის გემს – „კადეტი“, პირველ რიგში, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა არის საერთაშორისო ნაოსნობა. საწვრთნელი გემი როდესაც მიდის საერთაშორისო ნაოსნობაში, არ იგულისხმება, რომ ეს გემი ადგა და წავიდა 15 სახელმწიფოში, ან ხუთში, ან სამში. საწვრთნელი გემი, მთავარია, ატარებდეს წვრთნას, გააჩნდეს საწვრთნელი პროგრამა და გავიდეს ტერიტორიული ზღვის მიღმა, საერთაშორისო ზღვებში ნაოსნობის გამოცდილება რომ ჰქონდეს.

„ჯორჯიან ვერიტასი“ არის ერთ-ერთი ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციასაც აქვს უფლება ორ შემთხვევაში განახორციელოს მისმა გემმა საერთაშორისო ნაოსნობა – ერთი, როდესაც გემი არ არღვევს არაფერს, არავის კანონმდებლობას და საერთაშორისო ნაოსნობაში მიდის ისე, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლება და გაათავისუფლა გარკვეული მოთხოვნებიდან. ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა გემს მისცა უფლება გამონაკლისის სახით განეხორციელებინა ნაოსნობა იმის გამო, რომ ეს ნაოსნობა არ არღვევდა საერთაშორისო სამართლის დადგენილ ნორმებს. ანუ ჩვენ ამ გემს არ ვუშვებთ სხვა სახელმწიფოში. ეს გემი მიდის ნეიტრალურ წყლებში. მეორე შემთხვევა არის, როცა გემს აქვს უფლება სარემონტო სამუშაოების გამო წავიდეს სხვა ნავსადგურში,“ – ამბობს ივანე აბაშიძე.

მისივე თქმით, საზღვაო კოდექსიდან გამომდინარე გემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები იმ შემთხვევაში არის სავალდებულო შესასრულებლად, როდესაც ეს გემი მიემართება ისეთ იურისდიქციაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება.

საქართველოს ტერიტორიული წყლები 12 მილია. 12 მილის შემდეგ იწყება საერთაშორისო წყლები, სადაც ნაოსნობა თავისუფალია. ნაპირიდან 200-მილიან ზონაში ნებისმიერი გემი საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ იმყოფება.

ამავე თემაზე: 

პირველად ბათუმის საზღვაო აკადემიის ისტორიაში გემი კადეტი საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა

Exit mobile version