მთავარი,სიახლეები

კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

24.06.2018 • 6381
კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს მალე კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა.

ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლამდე. ამასთან, ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიკროავტობუსს ძარაზე არ ჰქონდეს მექანიკური დაზიანება ან/და კოროზია. ნებართვა არ გაიცემა იმ მიკროავტობუსზე, რომლის სიმაღლეც 2,57 მეტრზე დაბალი იქნება.

ახალი კრიტერიუმები, რომელიც ჯერ პროექტის სახითაა საკრებულოში, ადგენს თუ როგორი უნდა იყოს მიკროავტობუსის სამგზავრო სალონი – მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით [სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვ.]. ახალი კრიტერიუმები ადგენს სავარძლის პარამეტრებსა და მათ განლაგებას. ყურადღება მიექცევა ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების არსებობას.

თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა, კონკურსში გამარჯვებულად კი ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას. მაგრამ ნებართვას ვერ მიიღებს ვერცერთი მაძიებელი, რომლებიც 35-ზე ნაკლებ ქულას დააგროვებენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მიკროავტობუსს, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს შემდეგი თანმიმდევრობით: გამოშვების წელი 2013-2018; აქვს მგზავრთა სალონის კონდიცირების გამართული სისტემა; ავტობუსის სიმაღლეა 2,7 მეტრი და მეტი.

ნებართვის მოპოვების კონკურსის ეტაპებია: ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია რამდენად შესაბამისობაშია ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან; მაძიებლის მიერ საკონკურსოდ წარდგენილი ავტობუსების შეფასება; კონკურსის შედეგების შეჯამება. კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს შესაბამისი კომისია, რომელსაც ბათუმის საკრებულო შექმნის. კომისიას საკონკურსოდ გამოაქვს კონკრეტული მარშრუტი [სამარშრუტო ხაზი]. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით.

ნებართვის მფლობელი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებულია მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსები აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით. ამასთან, „უზრუნველყოს მიკროავტობუსებში [მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება] გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და უნდა ახდენდეს მათ აღრიცხვას“.

შესაბამისი პროექტის მიხედვით, ნებართვის მფლობელმა „ნებართვის მფლობელის [მძღოლების] ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გამცემს წინასწარ ორი დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ“.

კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების საკითხს ბათუმის საკრებულო 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

ამავე სხდომაზე ბათუმში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის საკითხიც განიხილება M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის [სამარშრუტო მიკროავტობუსები], რომელიც არსებული 5 ლარის ნაცვლად, 50 ლარით უნდა განისაზღვროს. ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ, „თუ ინფლაციის საშუალო დონე ბოლო 3-წლიანი დროის მონაკვეთში აღემატება 6%-ს.“

სამარშრუტო მიკროავტობუსებს, 2018 წლის პირველი ივლისიდან საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული ახალი სქემებით უნდა ემოძრავა, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ ახალ სქემებზე გადასვლა კონკურსზე იქნება დამოკიდებული. მერიაში ფიქრობენ, რომ კონკურსის ჩატარება და ნებართვის მფლობელების გამოვლენა მიმდინარე წლის აგვისტომდე მოესწრება.

[red_box]საკონკურსო შეფასების ახალი კრიტერიუმები [პროექტი]:[/red_box]

საკონკურსო შეფასების დღეს მოქმედი კრიტერიუმები:

მთავარი ფოტო: ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა / „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: