მთავარი,სიახლეები

მარადიდის მოსახლეობა: ჰესის გამო ჭოროხი გაუფრთხილებლად დააგუბეს, სოფელი დაიტბორა

25.06.2018 •
მარადიდის მოსახლეობა: ჰესის გამო ჭოროხი გაუფრთხილებლად დააგუბეს, სოფელი დაიტბორა

ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, აქცია მიმდინარეობს. მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.

წელიწადზე მეტია კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხის შესახებ, თუმცა მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

„აქ ვართ დილიდან და დაშლას არ ვაპირებთ, სანამ არ მოვილაპარაკებთ ხალხის სასარგებლოდ. ხელვაჩაურის მერიიდან იყვნენ მოსული და მაშინ გამოჩნდნენ მარტო კომპანიიდან. ისე ჩუმად გამოუშვეს წყალი, ასე თუ შეიძლებოდა, ვერ წარმომედგინა. ინფორმაცია გვაქვს, რომ ყველა დღე უნდა უმატონ წყალს ხუთი სანტიმეტრი და ამ შემთხვევაში არ ვიცი რა იქნება, ხალხი ძალიან აღელვებულია,“  – უთხრა „ბათუმელებს“ უშანგი დიდმანიძემ, აქციის მონაწილემ.

„ჭოროხი თითქმის გზაზე ამოვიდა. გვითხრეს, ჰესის ტესტირებას ვაკეთებთ, როგორ იმუშავებსო, დააგუბეს და ამოვიდა ჭოროხი სოფელში. მდინარე აღარ მოძრაობს, დაგუბდა ერთ ადგილას. ამბობენ, რაღაც ნიშნულზე უნდა ავიდეს და კიდევ მოიმატებს წყალიო. ამას არ დავუშვებთ,“ – ამბობს ნორა დიდმანიძე, სოფელ მარადიდის მცხოვრები.

მარადიდი

სოფელ მარადიდში ახლა პრობლემა ყველაზე მეტად ჭოროხისპირას მცხოვრებთ აწუხებთ. დაგუბებულმა მდინარემ დატბორა ციური დიდმანიძის საკარმიდამო ნაკვეთის ნახევარი, მან 112-საც კი მიმართა:

„უკვე მეოთხე დღეა ეს ამბავია. ნაკვეთის ნახევარი დაიტბორა, წიწილები მყავდა, ვერც ერთი ვერ ვიპოვე,  მარადიდში დაახლოებით 15 ოჯახია ამ მდგომარეობაში ახლა,“ – ამბობს ციური დიდმანიძე.

მარადიდი, საკარმიდამო ნაკვეთი

დატბორილი ეზო

დატბორილი მარადიდი

„ბათუმელებმა“ „აჭარენერჯისთან“ დაკავშირება ამ დრომდე ვერ შეძლო. კომპანიასთან მოლაპარაკებებში ჩართულია ხელვაჩაურის მერიაც.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: