ნეტგაზეთი • RU

მაღლივი სამშენებლო პროექტები ძეგლის დაცვის ზონაში

მოქალაქე არჩილ ბერიძემ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბათუმში, ჭავჭავაძის #35-ში, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის შეთანხმებისთვის მიმართა. საპროექტო ტერიტორიის მოპირდაპირედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა მდებარეობს, რომელშიც ახლა „თი ბი სი“ ბანკის სათავო ოფისია.

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ზუსტად არ დგინდება რამდენსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს  ძეგლის დაცვის ზონაში ინვესტორი. სააგენტოს არქიტექტორის, ლიკა გელოვანის თქმით, შენობის კასკადურ ნახაზში 10-13 სართულია მითითებული, თუმცა მეორე ნახაზში ჩანს, რომ სიმაღლე კიდევ უფრო გაზრდილია. დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბები სხდომაზე ვერ დააზუსტეს. სხდომის დღის წესრიგში მითითებული ინფორმაციით, მშენებელს პროექტი ხუთ საკადასტრო ერთეულზე აქვს დაგეგმილი.

საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, ყოფილი რკინიგზის სადგურის გარდა, კიდევ ერთი ძეგლი – საკათედრო ტაძარი მდებარეობს.

კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „რკინიგზის სადგურის ადმინისტრაციული შენობის მდებარეობა ქალაქის ორ ცენტრალურ ქუჩას შორის გარკვეულწილად აძლიერებს ძეგლის ღირებულებას და უზრუნველყოფს შენობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს.

დომინანტობის შეფასებისას, მიუხედავად მომგებიანი ადგილმდებარეობისა, შენობის მასშტაბი და მიმდებარე გარემო განაპირობებს ძეგლის რიგითობას. ძეგლის მდებარეობა დატვირთვის თვალსაზრისითაც მოხერხებულია. დამაკმაყოფილებელია აგრეთვე ავტოსადგომების მოწყობის შესაძლებლობაც. ყოველივე ეს ქმნის კარგ პირობებს ძეგლის ადაპტაციისათვის“.

ზონალურ საბჭოში მიიჩნიეს, რომ ძეგლის მოპირდაპირედ დაგეგმილი შენობის მასშტაბი, ძეგლის ირგვლივ „გეოგრაფიკის“ მიერ აღწერილ პირობებს უარყოფითად შეცვლის.

„ამიტომაც მე უარს ვამბობ სიმაღლის გამო“, – განაცხადა მირზა ცეცხლაძემ, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. პროექტი საბჭოს არც სხვა წევრებმა მოიწონეს. მიმართავს თუ არა მშენებლობის მსურველი სააგენტოს სახეცვლილი პროექტით, ეს მომავალში გამოჩნდება.

სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ჭავჭავაძის ქუჩაზე [#51-57-ში] კიდევ ერთი  პროექტი განიხილა. ამ მისამართზე მშენებლობას შპს „ინთაუნი გეგმავს“.

დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა გორგილაძის 22-ში ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობის პროექტი, თუმცა მშენებლობის მსურველი სხდომაზე მაინც მივიდა, თან პროექტიც მიიტანა და მისი განხილვა მოითხოვა. მას შემდეგ კი, რაც ზონალური საბჭოს წევრებმა პროექტი დაათვალიერეს, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მშენებელს სთხოვა, ის დამალოს და აღარ გამოაჩინოს.

ბათუმში, გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს. სააგენტოს ზონალურმა საბჭომ პროექტი რამდენჯერმე განიხილა და დაიწუნა. ამჯერად მშენებელმა განაცხადა, რომ თანახმაა საბჭოს წევრების მოსაზრებები გაითვალისწინოს და შესაბამისად შეცვალოს პროექტი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით, ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლის დაცვის ზონაში ახალი პროექტის განხორციელებას კანონი გამონაკლის შემთხვევებში უშვებს, თუმცა იქვე ადგენს, რომ ისტორიული განაშენიანების ლანდშაფტი უნდა შენარჩუნდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი