მთავარი,სიახლეები

რატომ გაჩნდა დემოკრატიზაციის გაგების დეფიციტი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

27.06.2018 • 1997
რატომ გაჩნდა დემოკრატიზაციის გაგების დეფიციტი – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„უცხოელი ექსპერტების 90 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო შეძლებს დემოკრატიზაციას ევროპული ინტეგრაციის გარეშე, თუმცა ეს უფრო რთული იქნება. ამის საპირისპიროდ, შიდა ექსპერტების უმრავლესობა [56 პროცენტი] ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გარეშე დემოკრატიზაცია შეუძლებელია“, – კვლევის „გამოწვევები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ შედეგებზე „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. რას აჩვენებს უცხოელი ექსპერტების დამოკიდებულება საქართველოს დემოკრატიზაციაზე – თემაზე „ბათუმელები“ პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

ბატონო კორნელი, რატომ გაკეთდა აქცენტი ევროინტეგრაციის გვერდის ავლით საქართველოს დემოკრატიზაციაზე? 

იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც არსებობს საქარველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, უცხოელ ექსპერტებს რეალურად არ ესახებათ ის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი უახლოეს მომავალში იქნება, ვთქვათ, უახლოეს 5 და 10 წელიწადში. უცხოელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველომ დემოკრატიზაციის პროცესი იმდენად უნდა გააღრმავოს, რომ ევროპეიზაცია, რომელიც გეოპოლიტიკურ ასპექტებსაც შეიცავს, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს. ანუ ისე წავიდეს პროცესი, რომ პირიქით, თქვან ევროსტრუქტურებმა, რომ დემოკრატიზაციის დონით საქართველომ წინ წაიწია და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენ რას ვიტყვით. ამისთვის საჭიროა აქტიურობა, სამოქალაქო ჩართულობა, ჩვეულებრივი მოქალაქების მხრიდან მუდმივი კონტროლი ხელისუფლების მიმართ.

ერთ-ერთ კვლევის შედეგიც გაჟღერდა შეხვედრაზე – რომ ბოლო წლებში 68-დან 52 პროცენტამდე შემცირდა საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია სჯობს ნებისმიერი სხვა ტიპის მმართველობას…  

სამწუხაროდ ასეა. ხალხის დაახლოებით 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატია არ არის მნიშვნელოვანი და მისთვის მნიშვნელოვანია, ვთქვათ, სამუშაო ადგილები. ეს საგანგაშოა. როცა ადამიანს ეკითხებიან, თუ რატომ არის დემოკრატია მისთვის მნიშვნელოვანი, ის ასახელებს სამუშაო ადგილს და არა, მაგალითად, თავისუფალი არჩევნების უფლებას. კვლევებიდან ჩანს, რომ საზოგადოებაში არსებობს ფართო დეფიციტი დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის გაგებასთან დაკავშირებით.

ამიტომაც ვხდებით რეგიონში ადამიანებს, რომ გავიგოთ, რას ფიქრობენ ისინი. დემოკრატიზაცია არ არის მხოლოდ ვიწრო ელიტების, პოლიტიკური პარტიების, ან სამოქალაქო ელიტის საქმე. კვლევები დღეს აჩვენებს, რომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ ავუხსენით საზოგადოებას კარგად, რა არის დემოკრატია, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი. ერთგვარად შეიმჩნევა, რომ დემოკრატიზაციის პროცესში არის გადაღლა.

თქვენი აზრით, რა განაპირობებს დემოკრატიზაციის პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას, ვის აწყობს ეს? 

ფაქტია, რომ ეს მოცემულობა ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს რუსული პროპაგანდისთვის… კვლევები აჩვენებს, რომ ხალხს თანდათან ნაკლებად სჯერა დემოკრატიის და მაცივრისკენ იხედება. ადამიანები ფიქრობენ, რომ დემოკრატია ლამაზი სიტყვაა, მაგრამ მას შიგთავსი არა აქვს. ეს ძალიან დამაფიქრებელი, თან ევროპასთან ინტეგრაციის ამ ეტაპზე. რუსული პროპაგანდაც ამაზე დგას – რომ დემოკრატია ზღაპარია, რომ ეს დასავლეთმა მოიგონა, ზედმეტი ტვირთია და მოდით ევრაზიულ კავშირში, ერთმანეთს მივხედავთ. ეს მოცემულობა არის რუსული პროპაგანდის შედეგი და სამოქალაქო სექტორის სისუსტე, ასევე ხელისუფლების, რომელსაც აღარ აქვს მკაფიო გზავნილები ევროპეიზაციაზე, ტელევიზიებიც ამაზე აღარ საუბრობენ… ასე თუ გაგრძელდა, არსებობს სერიოზული რისკი, რომ დემოკრატიზაციის პროცესის ეროზია მივიღოთ და ეს იქნება საუკეთესო ნიადაგი რუსული პროპაგანდისთვის.

ეს გამოწვეულია იმით, რომ ადამიანებს სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე? 

ვფიქრობ, უფრო გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე. ადამიანებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ამ პროცესზე, მათ გასაგებ ენაზე ვერ უხსნის ვერავინ, რა პროცესთან გვაქვს საქმე, რატომ არის, მაგალითად, ევროპეიზაცია მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვესაუბროთ ადამიანებს ამ თემებზე. ევროპეიზაცია არ არის მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის საქმე. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ევროპეიზაცია მას სჭირდება, ის ამის საჭიროებას გრძნობს და არა ის, რომ მიშამ, ან გრიშამ თქვა და ამიტომ მინდა დემოკრატია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: