ნეტგაზეთი • RU

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2018 წელს, იანვრიდან დღემდე, ქუჩების დანაგვიანებისთვის 60 ჯარიმა დაიწერა, მათგან ნაწილი სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დატოვებისთვის, ნაწილი კი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით და სხვა ტიპის დანაგვიანებისთვის.

ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. სამსახურის უფროსი, შოთა თოდაძე ამბობს, რომ 28 მაისიდან 25 ივნისამდე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მათმა სამსახურმა 25-მდე ოქმი დაწერა და 40-მდე გაფრთხილება გასცა.

მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად გახდებიან ფაქტის შემსწრე ან ორი მოწმე დაადასტურებს დანაგვიანების ფაქტს და პიროვნების ვინაობას, ან კიდევ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი კამერის ჩანაწერი, ეს კი, რიგ შემთხვევებში, რთულია:

„წარმოიდგინეთ, 12-სართულიანი შენობა და იქ ვიღაცამ ჩამოიტანა ნაგავი, როგორ უნდა გაარკვიო ვინ არის? მეზობლებსაც არ უნდა ამის თქმა, ამბობენ, რომ არ იციან. ამ დროს მონიტორინგის ჯგუფს ვურეკავთ და ძირითადად ისინი ადგენენ. პოლიციაც გვირეკავს და გვატყობინებს ხანდახან, იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა“ – ამბობს შოთა თოდაძე.

მისი თქმით, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი აკეთებს რემონტს, ჩამოაქვს ნაგავი კორპუსის წინ და ელოდება გამოძახებულ მანქანას, რომელმაც სამშენებლო ნაგავი უნდა გაიტანოს: „ყოფილა შემთხვევები, გვეუბნებიან, რომ მანქანა უკვე გამოძახებულია, მაშინ ველოდებით. ასეთ დროს ვუხსნით, რომ ნაგავი უნდა ჩამოიტანონ მაშინ, როცა მანქანა მოვა.

ასევე, უნდა განსხვავდეს რაა სამშენებლო ნაგავი და რა – სამშენებლო მასალა. სამშენებლო მასალისთვის ვერ დავაჯარიმებთ, დანაგვიანებაში ვერ ჩავუთვლით, როცა ააქვს მასალა მეპატრონეს სახლში და ეს ჩანს.“

შოთა თოდაძე ამბობს, რომ არის დანაგვიანების შემთხვევები კვების ობიექტებთან და სურსათის მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებთან, სადაც პერსონალი ურნებში ყრის მუყაოს ყუთებს და საკვების ისეთ ნარჩენებს, როგორიცაა გამოყენებული ზეთი და ცხოველური ცხიმები.

„არის შემთხვევები, გამოიტანენ და პირდაპირ ქუჩაში ყრიან, ზოგი ტომარაში აწყობს, მაგრამ არ შეიძლება ასე გადაყრა. „საზანდარი“ გავაფრთხილეთ, ჭავჭავაძის ქუჩაზე რესტორანი დავაჯარიმეთ 500 ლარით, ურნაში ჩაასხეს ცხოველური ნარჩენები,“ – ამბობს შოთა თოდაძე.

ბათუმში სხვა ტიპის დანაგვიანებასთან ერთად მოსახლეობას ცხოველების მიერ მწვანე საფარის დანაგვიანებაც აწუხებს. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება იწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის პატრონს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ადგილს. ძაღლის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებაზე ბოლო თვეებში მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურმა ერთი ადამიანი დააჯარიმა.

„ცოტა კურიოზული შემთხვევა გვქონდა. ჩვენმა ინსპექტორმა დააჯარიმა ძაღლის მეპატრონე, რომელიც ასეირნებდა ძაღლს და დასუფთავებაზე არ იზრუნა. ჩვენმა ინსპექტორმა დაინახა, შეაჩერა მანქანა და დააჯარიმა 50 ლარით. ამ დროს უკანტოქტო პატრულმა ჩვენი თანამშრომელი დააჯარიმა, რადგან მანქანის შეჩერება მას სასწრაფოდ მოუხდა. თუ დავინახეთ, დავაჯარიმებთ, მაგრამ ოთხი ადამიანი რამდენ რამეს დავინახავთ, არ ვიცით. ქალაქის ტერიტორიაზე ძროხებზეც პრობლემაა, ეს რთული პროცესია საკმაოდ, სპეციალური სამსახურია, ჩვენ გვირეკავენ და ოქმს ვწერთ,“ – ამბობს შოთა თოდაძე.

ძროხები პლაჟზე. გურამ მურვანიძის ფოტო.

შოთა თოდაძის თქმით, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა დაჯარიმებას აპროტესტებენ: „არის შემთხვევები, როცა გეუბნებინ – „მაინც დავყრი“, ასეთ დროს ვეუბნები – „დაყრი და კიდევ დაგაჯარიმებთ!“ ზოგადად, ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის თვითშეგნებაზე. ახლა ვაპირებთ დავიაროთ ობიექტები და გავაფრთხილოთ, უნდა იცოდნენ, რომ დანაგვიანებაზე ჯარიმაა.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com