მთავარი,სიახლეები

მოსამართლე ქუჩაში ქალის გაძარცვაზე: ღმერთის უნდა ეშინოდეს, ვინც ათ მცნებას არღვევს

28.06.2018 • 2206
მოსამართლე ქუჩაში ქალის გაძარცვაზე: ღმერთის უნდა ეშინოდეს, ვინც ათ მცნებას არღვევს

„გაძარცვა ჩემმა ქმარმა ქალი ქუჩაში, ჩანთა წაართვა მაიაკოვსკის ქუჩაზე, შუადღე იყო… თურქეთში უნდა გადავსულიყავით, ოზურგეთიდან ვართ, ჩაის ვკრეფთ… გვშიოდა ძალიან და წავიდა, რამეს ვიშოვიო. მერე მოვიდა და მითხრა, ეს რა დამემართა, ქალს ჩანთა წავართვი და იქვე ახლოს დავაგდეო. ჯიბე ამოატრიალა 15 თეთრი ედო… იმ ქალსაც არაფერი ჰქონია,“ – ეს ბრალდებულის ცოლმა მოგვიყვა, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ძარცვის საქმეზე მოწმეების ჩვენებები მოისმინა.

გამომძიებლების თქმით, ბრალდებული კონსტანტინე გ. ძარცვიდან მეორე დღეს, გოგიტიძის ქუჩაზე, ლომბარდთან დააკავეს.

„შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოვუღეთ ოქროს ძეწკვი, გაწყვეტილი იყო,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა ირაკლი თავდგირიძემ.

„ოქროს ძეწკვი იმ ქურთუკის ჯიბეში იდო, რომელიც მას დაკავების იზოლატორში ჩააცვეს,“ – ამბობს ადვოკატი რევაზ გობრონიძე.

ექსპერტებმა დღევანდელ პროცესზე თქვეს, რომ ოქროს ძეწკვის საორიენტაციო ღირებულება 140 ლარია, პირადი ნივთების კი, რაც ქალს ჩანთაში ედო – 18 ლარის. დაზარალებულს ჩანთაში ფული არ ჰქონდა.

დავის საგანი დღევანდელ პროცესზე ოქროს ძეწკვის საორიენტაციო ღირებულება გახდა – თუკი ნაძარცვი საქონლის ჯამი 150 ლარს არ გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში ბრალდებულს ძარცვის პირველი მუხლით შეედავებოდნენ, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ბრალდებით კი, კონსტანტინე გ.-ს 6 წლამდე პატიმრობა ელის.

„საიდან დაადგინეთ ეს საორიენტაციო ღირებულება, ამის რამე მტკიცებულება არსებობს?“ – ჩაეძია ექსპერტს ადვოკატი რევაზ გობრონიძე.

„ინტერნეტბაზარზე ვკითხულობთ ფასებს და ასე ვადგენთ,“ – უპასუხა ადვოკატს ექსპერტმა ბაქარ ქემხაძემ.

ადვოკატმა ასევე გაამახვილა ყურადღება პროცედურულ დარღვევაზე: „პატაკს, რომელიც პოლიციელმა შეადგინა, არ აქვს შტამპი, არც რეზოლუცია, რა დოკუმენტია ეს?“ – იკითხა მან.

„პატაკი საიდუმლოა და ის ინახება საიდუმლო დოკუმენტებში,“ – თქვა გამომძიებელმა ლევან აბაშიძემ.

ბრალდებული სასამართლო პროცესებს არ ესწრება. მიზეზი წინა სხდომაა, სადაც კონსტანტინე გ.-მ პროკურორს და პოლიციელებს შეაგინა.

„ის პოლიციელებმა ათრიეს იზოლატორში… მას უნდა მიეცეს სხდომებზე დასწრების უფლება,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.

„უპატივცემულობის გამოხატვას სასამართლო ვერ შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

ბრალდებული გირაოს – 3500 ლარის სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა, თუმცა კონსტანტინე გ.-მ მისი გადახდა ვერ შეძლო და პატიმრობაში დარჩა.

„რომ წაართვა ხელჩანთა, ამას თვითონაც ადასტურებს, მაგრამ საიდან ეს ოქრო ძეწკვი, ხალხო? ლუკმა-პურისთვის მოიპარა აგი, ღმერთის არ გეშინიათ?“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ადვოკატს, ვიდრე სხდომა დასრულებულად გამოცხადდებოდა.

„ღმერთის უნდა ეშინოდეს იმას, ვინც ცრუობს, კაცს კლავს, ათ მცნებას არღვევს,“ – დაასრულა მოსამართლემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: