მთავარი,სიახლეები

რამდენი სალონი დაჯარიმდა ბათუმში სტერილიზაციისა თუ დეზინფექციის წესების დარღვევისთვის

28.06.2018
რამდენი სალონი დაჯარიმდა ბათუმში სტერილიზაციისა თუ დეზინფექციის წესების დარღვევისთვის

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში იანვრიდან დღემდე 42 სალონია შემოწმებული, მათგან 19 შემთხვევაში სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის, სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების, ასევე სახიფათო ნარჩნების შეგროვების წესების დარღვევა.

სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, ნუგზარ ცეცხლაძის ინფორმაციით გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 19 ოქმი შედგა, მათ შორის: 8 არასტერილურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, 5 არარეგისტრირებულ ობიექტებთან დაკავშირებით, ხოლო 6 ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის დარღვევა, მათ შორის: დეზინფექციისა და სტერილიზაციის წესების დარღვევა, ასევე სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესების დარღვევა.

ნუგზარ ცეცხლაძის განმარტებით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული ოქმები განსახილველად სასამართლოში იგზავნება, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს დამრღვევ დაწესებულებას.

„სასამართლოდან სულ შემოვიდა 8 დადგენილება, აქედან 6 შემთხვევაში არის სალონი დაჯარმებული 50 ლარით, რასაც ითვალისწინებს კანონი, 2 შემთხვევაში არის სიტყვიერი შენიშვნა მიცემული სასამართლოს მიერ. სიტყვიერი შენიშვნა ეხებოდა რეგისტრაციის გავლის დროს დარღვევას,“ – ამბობს ნუგზარ ცეცხლაძე.

ჯარიმები ძირითადად შემდეგ დარღვევებზე მოდის: სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების, ასევე, სახიფათო ნარჩნების შეგროვების წესების დარღვევა და ა.შ.

დანარჩენ საქმეებთან დაკავშრებით საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით: საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 100 ლარის ოდენობით.

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობას უწევს დაწესებულებებს, სადაც ტარდება ისეთი ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები, როგორიცაა: თმის მოვლა/პარსვა, მანიკიური და პედიკიური, პირსინგი, ტატუირება და მიკროპიგმენტაცია, აკუპუნქტურა, ელექტროლიზისი და ვაქსინგი.

ეს პროცედურები სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის პროცედურებად ფასდება.

სილამაზის სალონები 2017 წელსაც შემოწმდა, მაშინ შერჩევითი წესით 30 ობიექტი შეამოწმეს, რომელთაგან 10 დაჯარიმდა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/120530/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/133649/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: