ნეტგაზეთი • RU

როდის იყო ყველაზე ცხელი დღე ბათუმში

პირველი მეტეოროლოგიური სადგური აჭარაში მე-19 საუკუნის ბოლოს გაიხსნა. „ეს იყო 1881 წელს, სწორედ მაშინ გაიხსნა პირველი საზღვაო მეტეოროლოგიური სადგური ბათუმის კონცხზე,“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი რუსუდან დიასამიძე. იგი აჭარაში ამინდის პროგნოზზე 40 წელზე მეტია მუშაობს და იცის, როდის იყო ბათუმის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე:

  • „ეს იყო 1981 წლის 28 ივლისს, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში 41 გრადუსი იყო. ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ერთ დღეს დაფიქსირდა.“
  • ყველაზე უხვნალექიანი დღე კი ბათუმში 1988 წლის 8 ივნისს ყოფილა, როდესაც 7 საათისა და 20 წუთის განმავლობაში ბათუმში მოვიდა 257 მმ ნალექი. ეს არის ყველაზე წვიმიანი დღე ბათუმის ისტორიაში.

რუსუდან დიასამიძე მიიჩნევს, რომ აჭარაში განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას ამ დღეებში არ უნდა ველოდოთ, მიუხედავად გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებისა, მოსალოდნელი ცხელი დღეების შესახებ.

„სააგენტო არ ჰყოფს დასავლეთ საქართველოს, არ აკონკრეტებს. მაგალითად, მდინარე რიონის ხეობასა და ზუგდიდში, ფიზიკური ოროგრაფიითა და მდებარეობიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი 40-42 გრადუსი სიცხე. აჭარაში, ჩვენთან, ზღვის სანაპიროზე, ასეთი მაღალი ტემპერატურა არ არის. მაგალითად, დღეს მაქსიმუმ იქნება 32-33 გრადუსი სიცხე. ზღვის სანაპიროზე 37 გრადუსამდე დამახასიათებელია ტემპერატურა ზაფხულში. არ ვფიქრობთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება, ჩვეულებრივი, სასიამოვნო ზაფხულია,“ – ამბობს რუსუდან დიასამიძე.

____________

ია ფრანგიშვილის ფოტო 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com