ბათუმში რუსული დროშის ფრიალის საქმე – ეკა ჭითანავა რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივის

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ეკა ჭითანავამ, რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივლა. მან გამოძიებას განცხადებით უკვე მიმართა. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქე ეკა ჭითანავას ძალადობაში სდებდა ბრალს.

საუბარია შაბათს, საღამოს, ანბანის კოშკთან მომხდარ ინციდენტზე – დიდ ეკრანთან შეკრებილი რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ. მატჩის ყურების დროს რუსეთის დროშის ფრიალი ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. რუსეთის მოქალაქემ, რომელიც რუსულ დროშას აფრიალებდა, პოლიცია გამოიძახა და თქვა, რომ მას სცემეს. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

„საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რაც ფიზიკურ ძალადობას დაადასტურებდა. მისთვის ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი ეკა ჭითანავას ინტერესებს იცავს, რომელმაც გამოძიებას დღეს უკვე მისცა ჩვენება ძალადობის საქმეზე.

ჩვენების მიცემის შემდეგ ეკა ჭითანავამ პოლიციას წერილობით მიმართა და გამოძიების დაწყება რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ ცრუ დასმენის ფაქტზე მოითხოვა.

იურისტი პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ ამის საფუძველი არსებობს, რადგან ექსპერტიზას ფიზიკური დაზიანება არ დაუფიქსირებია. „არსებობს მოწმეების ჩვენებებიც, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ ადგილი მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა,“ – ამბობს იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ცრუ დასმენის კუთხით ცალკე გამოძიების დაწყებაზე.

გამოძიება გრძელდება ძალადობის მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკა ჭითანავას განცხადება ცრუ დასმენის შესახებ ძალადობის საქმეში გაერთიანდა.

 

 

„ბათუმის წყალი“ დაასახელებს იმ ქუჩებს, სადაც სანიაღვრე არხებს მოსახლეობა ანაგვიანებს

სანიაღვრე ცხაურის მთავარი დანიშნულება ქალაქში არსებული სანიაღვრე წყლების შეკრება და უსაფრთხო გადინებაა. ცხაურაში ნაგვის ჩაყრა კი ხელს უშლის წყლის გადინებას, იზღუდება გამტარუნარიანობა, რამაც შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დაგუბება გამოიწვიოს.

როგორც „ბათუმის წყალში“ ამბობენ, ყოველდღიურად მუშაობს რამდენიმე მობილური ჯგუფი, რომლებიც წყლის ცხაურებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან წმენდენ.

„მობილური ჯგუფი ფიზიკური ძალის და სპეცტექნიკის მეშვეობით ასუფთავებს სანიაღვრე ცხაურებს და არხებს. ხდება პლასტმასის ბოთლების, პოლიეთილენის პარკების, სიგარეტის ნამწვავების თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ამოღება და გაწმენდა“, – ამბობენ „ბათუმის წყალში“.

ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ჩაყარონ ნაგავი სანიაღვრე არხებში. „ბათუმის წყალში“ ასევე გვეუბნებიან, რომ ისინი პერიოდულად აპირებენ იმ ქუჩების დასახელებას და ფოტომასალების გამოქვეყნებას, სადაც სანიაღვრე არხებსა და ცხაურებს მოსახლეობა დაანაგვიანებს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული სანიაღვრე არხი ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე.

სამარშრუტო ხაზებზე კონკურსი გამოცხადებულია – როდის დაიწყება განცხადებების მიღება

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადებულია. კონკურსის ორგანიზება, საკრებულოს დავალებით, ბათუმის მერიამ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც საკონკურსო კომისია შეიქმნება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამისთვის კი მათ ვადა 13 ივლისამდე აქვთ.

„კომისიაში იქნებიან მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე საკრებულოს სამი წევრი. დეტალები, კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამ კომისიის შეკრების შემდეგ დაკონკრეტდება. ასევე დაზუსტდება, თუ ვის სახელზე უნდა დაწეროს წერილობითი განცხადება ნებართვის მაძიებელმა, თუმცა ეს დიდი ალბათობით, იქნება ქალაქის მერი. მერის სახელზე შემოსული განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ კი დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიას,“ – აცხადებენ მერიაში.

ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა განცხადებას თან უნდა დაურთოს სხვადასხვა დოკუმენტაცია. მათ შორის, სამარშრუტო ხაზზე განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და სხვა მაჩვენებლების შესახებ, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს დადგენილი ფორმით, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიით და მასში ასახული უნდა იყოს:

[checklist]

  • მგზავრთა გადაყვანის განსახორციელებლად აუცილებელი ავტობუსების ჩამონათვალი [რაოდენობა, კატეგორია, მარკა, მოდელი, ტევადობა];
  • მითითებული უნდა იყოს თი­თოეული ავტობუსის გამოშვების წელი, EURO სტანდარტთან შესაბამისობა და კონდიცირების სისტემის არსებობა;
  • ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუსების არსებობის დამა­დას­ტურებელი დოკუმენტები ან ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ავტობუ­სე­ბის მომავალში გადასვლაზე გაფორმებული ოფიციალურად დამოწმებული წინასწარი შეთანხ­მე­ბა ავტობუსების მწარმოებელთან ან ოფიციალურ გაყიდვების აგენტთან ან ნებისმიერ სხვა პირ­თან ამ უკანასკნელის საკუთრებაში ავტობუსის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერ­თად;
  • საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციე­ლე­ბის დაწყების გრაფიკი.

[/checklist]

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, დოკუმენტები, განცხადების გარდა, წარდგე­ნილი უნდა იყოს დალუქული კონვერტით იმდაგვარად, რომ დოკუმენტების ნახვა ლუქის დაზიანების გარეშე იყოს შეუძლებელი. კომისია ვალდებულია არ ჩაიბაროს დაულუქავი კონვერტით წარდგე­ნილი დოკუმენტაცია და ის დაუყოვნებლივ უკან დაუბრუნოს წარმომდგენს.

დაუშვებელია ასევე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების მიწოდება საფოს­ტო გზავნილის სახით. ამ სახით მიღებული განცხადება კომისიის მიერ არ განიხილება და გამომგზავნს უბრუნდება გზავნილზე მითითებულ მისამართზე გაუხსნელად.

კონკრეტულ მისამართს, თუ სად უნდა მიიტანოს განცხადება ნებართვის მაძიებელმა, მერია განსაზღვრავს.

კომისია განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღის ვადაში შეამოწმებს ნებართვის მაძიებ­ლის განცხადებას და დოკუმენტებს. ნებართვის მაძიებელი კი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ მითითებულ ვადაში წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან მიაწოდოს კომისიას მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე გაასწოროს განცხადებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს განცხადე­ბის მიღების, კონკურსის ჩატარების ან/და გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი.

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდა, რომლებზეც მოძრაობის ახალი სქემები და ინტერვალები საკრებულომ დაამტკიცა.

ეს სამარშრუტო ხაზებია: №№ 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56. კონკურსის შემდეგ ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55. დარჩენილ ხაზებზე მოძრაობის ახალი სქემები კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა. კონკურსის ახალი პირობები და სხვა კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს დადგენილებაში.

დღეს არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ კომპანიას აქვს.

ამავე თემაზე:

კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები

ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

შეზღუდვები ტრაილერებისთვის თურქეთში შესვლაზე, საპასუხოდ მძღოლები სარფში გზას ჩაკეტავენ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ტრაილერის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლები თურქეთის ტერიტორიაზე ერთჯერადი შესვლის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ.

„წლების მანძილზე მრავალჯერადი შესვლის უფლება გვქონდა. 960 ლარს ვიხდიდით წელიწადში ერთხელ და შეუზღუდავად შევდიოდით თურქეთში. საერთაშორისო გადაზიდვებში ვართ ჩართული. ეს მრავალჯერადი შესვლის უფლება გაგვიუქმეს იანვრიდან. ვაკეთებდით ერთჯერად ნებართვას. ბოლო ოცი დღეა ერთჯერადი ნებართვის აღებაც გართულებულია და პრაქტიკულად აღარ გვაძლევენ. მივდივართ ოფისში და ვერ გვეუბნებიან, როდის მოგვცემენ ამ ნებართვას,“ – ამბობს გადამზიდავი, ტრაილერის მძღოლი ბადრი ბერიძე.

თურქეთში ერთჯერადი შესვლის ავტორიზაცია განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისთვის (ცარიელი შესვლის ჩათვლით) თურქეთის ტერიტორიაზე. ნებართვას თურქული მხარე გასცემს.

„ცარიელი მივდივართ აქედან და თურქეთიდან მოგვაქვს ჩვენი ტვირთი. ერთჯერადი ნებართვა თუ იმავე დღეს გინდა ღირს ასი ლარი, სამი დღის შემდეგ 70 ლარი,“ – ამბობს ტრაილერის მძღოლი ზაურ ბოლქვაძე.

მძღოლები ამბობენ, რომ თუკი ქართული მხარე თურქულ მხარესთან აღნიშნულ პრობლემას არ მოაგვარებს, ისინი სარფში გზას გადაკეტავენ.

„ტრაილერმა ტრანზიტზე თუ ვერ გამოიარა ისე ვერსად წავა. თუ ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყდება, გადავკეტავთ საბაჟოსთან გზას და არ გამოვატარებთ. მათი დანაკარგი დიდი იქნება,“ – ამბობენ მძღოლები.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, თურქულ მხარესთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკების პროცესი.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ საკითხი ორ დღეში ეცოდინებათ პასუხი, თუ რა ვადაში მოგვარდება აღნიშნული პრობლემა.

ივანიშვილის გიგანტური ხის გადატანის გამო ხეების ჩეხვა მოქალაქეებს შეჩერებული აქვთ

მესამე დღეა ქობულეთში, სოფელ ალამბარში ხეების ჭრა მოქალაქეებს გაჩერებული აქვთ. მათი თქმით, გიგანტური ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის უნდა გადაიტანონ, რის გამოც სოფლის გზას სპეციალურად აფართოვებენ და მიმდებარე ხეებს ჭრიან. აჭარის გზების დეპარტამენტში ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ მოქალაქეები გზის რეაბილიტაციის პროცესს ვერ შეაჩერებენ.

„4 ძირი ხის მოჭრა მაინც მოასწრეს, მათ შორის, კაკლის. შაბათს მოსული იყო სოფლის გამგებელი და გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მეუბნებიან, რომ ეს ხეები მე არ მეკუთვნის, ჩემი და აქ მცხოვრები ხალხის დარგულია ეს ხეები და კომპენსაციას ვითხოვთ, ისე ტრაქტორებს მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. ასე ვუთხარი იმ ხალხსაც, ვინც მოსალაპარაკებლად მოვიდა. მერე აღარ გამოჩენილან,“ – ამბობს ალამბარში მცხოვრები სულიკო ნიჟარაძე.

„ხეების მოჭრის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია,“ – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ამ უწყების დაკვეთით ალმბარი-ზენითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მათ შორის, გზის გაფართოვების სამუშაოებს კომპანია „სამკუთხედი“ აწარმოებს.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხეების ჭრას შესაბამისი ნებართვა სჭირდება ქობულეთის მერიიდან, რაც ამ დროისთვის კომპანიას არ აქვს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, კომპანია ამ დრომდე მხოლოდ გზის რეაბილიტაციით იყო დაკავებული და ხეების მოჭრა ჯერ არ დაუწყია.

„თუ უნებართვოდ არის რამე მოჭრილი, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები… ეს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხე მათ ეკუთვნით, მაგრამ სამართლებრივად ვერ დასტურდება. კომპანიას მითითება მიეცა, რომ სხვა სამუშაოები განახორციელოს ამ ეტაპზე. თუკი მოქალაქეები კომპანიას საქმიანობის განხორციელებაში ხელს შეუშლიან, ჩვენ ჩავერთვებით და მედიატორის როლს შევასრულებთ,“ – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.

გაცემული აქვს თუ არა ხეების ჭრაზე ნებართვა ქობულეთის მერიას – „ჩვენთან შეთანხმებულია გზის რეაბილიტაციის პროექტი. თანხმობაა გაცემული. ცალკე ხეების ჭრას ნებართვა არ სჭირდება. თანხმობა წინა კვირას გავეცით,“ – გვითხრა ზურაბ ამაღლობელმა, ქობულეთის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა.

მოჭრილი ხეები სოფელ ალამბარში / გურამ მურვანიძის ფოტოები

სექტემბრიდან პროდუქტებზე ქართული ეტიკეტირების ახალი რეგულაცია ამოქმედდება

დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც სურსათზე განთავსებული ეტიკეტი უნდა იყოს ძალიან მკაფიო შრიფტით დაწერილი, მომხმარებელს რომ არ გაუჭირდეს ამ ინფორმაციის ამოკითხვა.

ჯარიმები პროდუქტებზე ქართულენოვანი ეტიკეტების არარსებობასა და სხვა წესების დარღვევისთვის 2014 წლიდან ამოქმედდა, თუმცა როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ვასილაძე ამბობს, მომხამრებლები ხშირად ჩივიან, რომ პროდუქტზე დატანილი ეტიკეტი არ იკითხება.

ჯარიმა სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის შეადგენს 400 ლარს პირველ ჯერზე და 1200 ლარს განმეორების შემთხვევაში. კანონმდებლობის თანახმად, სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნები ასეთია:

დაფასოებული სურსათის ყოველ ერთეულს უნდა გააჩნდეს კარგად მიმაგრებული ეტიკეტი, რომელიც უნდა შეიცავდეს ქართულ წარწერას შემდეგი ინფორმაციით:

გამოსაჩენ ადგილას, დასახელებასთან ახლოს, მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგენლობა (ანუ რისგან არის დამზადებული ეს პროდუქტი). ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოყენებული საკვებდანამატებიც. თუ პროდუქტი შეიცავს ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს, ესეც აქვე უნდა იყოს მითითებული. ასევე, გარკვეული ტიპის სურსათზე დამატებით უნდა მიეთითოს ამ პროდუქტის კვებითი ღირებულება, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შემცველობა.

სურსათის წონა ან მოცულობა; სურსათის წარმოშობის ქვეყანა და დამამზადებლისა და იმპორტიორის საფირმო სახელწოდება; დამზადების თარიღი, ვარგისობის/შენახვის ვადა (გარდა რამოდენიმე გამონაკლისისა) და ზოგ შემთხვევაში აგრეთვე შენახვისა და მოხმარების პირობები.

თუ სურსათის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის წონის 0,9%-ზე მეტს გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეადგენს, აუცილებელია მასზე მიეთითოს „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“.

თუკი სურსათი დასხივებულია მაიონიზებელი რადიაციით (მაგალითად, სტერილიზაციის მიზნით), მის დასახელებასთან ახლოს ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი წარწერა ან ასეთი ნიშანი:

 

 

 

რატომ არ დაესწრო ზურაბ პატარაძე ესტაკადის გახსნას

რატომ არ ესწრებოდა ბათუმში ესტაკადის გახსნას ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე [ამჟამად ზურაბ პატარაძე მოვალეობას ასრულებს] სამსახურში დადის, თუმცა მან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა შეწყვიტა.

ბათუმში ესტაკადა 7 ივლისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დასწრებია და არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ პატარაძე. აქამდე ესტაკადის მშენებლობას ზურაბ პატარაძე ხშირად ეხმაურებოდა.

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 ივლისს დატოვა, თუმცა იგი ამ დრომდე მოვალეობას ასრულებს. თანამდებობის დატოვების დროს, ზურაბ პატარაძემ ასევე თქვა, რომ იგი „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება. ამის მიუხედავად, ზურაბ პატარაძე არ დაესწრო ესტაკადის გახსნას, რომელიც მისი მთავრობის ყველაზე მსხვილი პროექტი იყო.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი, შესაბამისად, მან შეწყვიტა რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე საჯარო აქტივობებში მონაწილეობა,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

 ირანელი ქალები დაკავებული მოზარდის მხარდასაჭერად აცეკვდნენ

ირანელმა ქალები სოციალურ ქსელებში ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც მათი ცეკვაა ასახული. ამით ისინი დაკავებული არასრულწლოვანი გოგონას, მაედე ჰოჯაბრის მიმართ გამოხატავენ სოლიდარობას.

„ვის შეუძლია იცეკვოს ჩემთან ერთად?“ – ამ სახელწოდების ვიდეოს საშუალებით, რომელშიც გოგონა ცეკვავს, მაედე ჰოჯაბრიმ 600.000 მიმდევარი შეკრიბა ინსტაგრამზე. ირანის პოლიციამ გოგონა დააკავა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პარასკევს კი, 6 ივლისს ირანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაედე ჰოჯაბრის საქვეყნო მობოდიშების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის „შეცდომას“ აღიარებს.

ამ განცხადების შემდეგ მაედე ჰოჯაბის მხარდასაჭერად უამრავმა ირანელმა ქალმა გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ვიდეო  #dancing_isn’t_a_crime და სხვა ტიპის ჰეშთეგებით, რომელშიც თავად ცეკვავენ.

https://twitter.com/dashmamush2014/status/1015927031828242432

ირანში მოქმედებს მკაცრი კანონები, ერთ-ერთი კი ცეკვის აკრძალვის კანონია, რის მიხედვითაც ქალებს ეკრძალებთ მამაკაცების დასანახად, საჯაროდ ცეკვა.

როგორც BBC-ი წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი ქალი დააკავეს ცეკვის გამო.

„მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაეცინებათ ადამიანებს და არ დაიჯერებენ, რომ უთხრათ თუ როგორ აპატიმრებენ 17-18 წლის გოგონებს ცეკვის, ბედნიერების და სილამაზის გამო, მაშინ, როცა ბავშვებზე მოძალადეები და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენები ხშირად თავისუფლები, დაუსჯელები დადიან“, – წერს ბლოგერი ჰოსეინ რონაგი.

რა უჯდება ბიუჯეტს ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფის შენახვა

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ხმის დონის მონიტორინგის განყოფილება პირველი ივლისიდან ამოქმედდა. როგორც სააგენტოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, მონიტორინგის ჯგუფში ამ დროისთვის სულ 16 ადამიანი მუშაობს, თუმცა შტატში მხოლოდ 6 მათგანია აყვანილი, ათი თანამშრომელი კი ოთხთვიანი კონტრაქტით იმუშავებს.

„ბათუმელების“ კითხვას, იყო თუ არა კონკურსი გამოცხადებული და რა პრინციპით შეარჩიეს თანამშრომლები? – უწყების პრესსამსახური დავით ჩხარტიშვილი გვპასუხობს, რომ ისინი კომპეტენციისა და გამოცდილების  მიხედვით არიან შერჩეულები.

„ამ ხალხმა ჰიგიენის ინსტიტუტში გაიარა ტრენინგები, ჩააბარეს გამოცდა და მიიღეს სერტიფიკატებიც“, – გვეუბნება ის.

ხმის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები „ბათუმელებთან“ ამბობდნენ, რომ ისინი 24 საათის განმავლობაში იმოძრავებდნენ ქალაქის მასშტაბით.

როგორც დავით ჩხარტიშვილი ამბობს, ამ დროისთვის მონიტორინგის ჯგუფს მანქანები არ აქვს და ჯგუფის წევრები საკუთარი ავტომანქანებით გადაადგილდებიან.

„დღეში 10 ლიტრი საწვავია მათთვის გათვალისწინებული. მონიტორინგის ჯგუფს ცალკე ბიუჯეტი არ აქვს“.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი  1 580 200 ლარია. აქედან 1 120 900 ლარი ხელფასებზეა გათვალისწინებული.

ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში პირველი და მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები მუშაობენ და მათი ხელფასი 1000-1300 ლარია.

 

 

 

ბავშვთა სარაგბო ფესტივალის გამარჯვებული ფურტიოს გუნდი გახდა

შუახევში დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა. მოედანზე 9 გუნდის 60-მდე 2004 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის მორაგბეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ფესტივალი ფურტიოს რაგბის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის, შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია, მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ბავშვთა რაგბის განვითარება.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

9-10 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი 
  • ღამით: 20-25 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, ტალღის სიმაღლე – 6-11 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს  ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როდის შეიძლება დატოვო „შინაურული ანდერძი“

„მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, სავალდებულოა თუ არა ანდერძის ნოტარიული წესით დამოწმება. ნოტარიუსთან მისვლა სავალდებულო არ არის, შესაძლებელია ე.წ. შინაურული ანდერძის დატოვება,“ – გვიყვება ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

„შინაურულ ანდერძს“ კანონი  იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მამკვიდრებელს ნოტარიუსთან მისვლა არ სურს, მას ჩვეულებრივ ფურცელზე შეუძლია დაწეროს, ვის უტოვებს ქონებას და ხელი მოაწეროს. „თუმცა დავის შემთხვევაში უპირატესობა ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძს ენიჭება. ანდერძის ნამდვილობა ხშირად ხდება დავის საგანი,“ – დასძენს ანნა მდინარაძე.

საია-ს იურისტი არსებულ პრაქტიკას გვიზიარებს: ადამიანები დავობენ, როგორც „შინაურული ანდერძის“, ასევე ნოტარიული დამოწმებული ანდერძის ნამდვილობაზე. „უმეტესად არგუმენტი არის ის, რომ მოხუცი იყო და ვერ აანალიზებდა რა დაწერა. ის ამას არ გააკეთებდა. სასამართლო იშვიათად ამთავრებს დავას მოსარჩელის სასარგებლო. თუ არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ მამკვიდრებლის ნება არ იყოს გამოხატული, დავის მოგება და ანდერძის გაბათილება რთულია,“ – გვიყვება ანნა მდინარაძე.

ანდერძი იმ შემთხვევაში შეიძლება გაბათილდეს, თუ დაადასტურა, რომ იგი მოტყუებით, შანტაჟით ან იძულებით არის შედგენილი. თუკი პირს რამდენიმე ანდერძი აქვს დატოვებული, უპირატესობა ბოლო ანდერძს ენიჭება.

ანდერძი სადავო ხდება „სავალდებულო წილის“ კუთხითაც, ანუ კანონი მიიჩნევს, რომ პირველი რიგის მემკვიდრეებს [მამკვიდრებლის შვილები, მეუღლე, მშობლები] ანდერძის მიუხედავად ქონებიდან წილი ერგებათ. იურისტის განმარტებით, ანდერძის მიუხედავად, პირველი რიგის მემკვიდრეებს იმ წილის ნახევარი ერგებათ, რასაც ისინი მიიღებდნენ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში.

„პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის რომელიმე მათგანს უპირატესობა არ აქვს. მაგალითად, პირის გარდაცვალების შემდეგ ანდერძი არ გვაქვს და ქონების 50-50 პროცენტი ნაწილდება შვილსა და მეუღლეზე. თუკი აღმოჩნდება, რომ ანდერძი არსებობს, მაშინ ანდერძის შინაარსის მიუხედავად, პირველი რიგის მემკვიდრეები ქონებიდან  25-25 პროცენტს მაინც მიიღებენ. ეს წესი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ეს იყო საკუთრების უფლების ხელყოფა, მაგრამ ეს ხედვა არ გაიზიარეს,“ – ამბობს ანნა მდინარაძე.

ვინ უნდა შეასრულოს ანდერძი, როცა ადამიანი „შინაურულ ანდერძს“ ტოვებს? – იურისტის თქმით, სავალდებულო არაა ანდერძის შესრულება კონკრეტულ პირს დაეკისროს. „შინაურული ანდერძი“ შესაძლოა არც არავისზე იყოს ჩაბარებული და კონკრეტულ ადგილზე იპოვოს ვინმემ. თუკი ანდერძი სადავო გახდება, პირმა იგი სასამართლოში უნდა მიიტანოს. „შინაურული ანდერძის“ ხანდაზმულობის ვადა შეტყობინების მიღებიდან 10 წელია.

ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში, ანდერძის გაფორმების შესახებ ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის სპეციალურ ბაზაში ხვდება. პირის გარდაცვალების შემდეგ კი, ნოტარიუსმა ოჯახს დღე უნდა დაუნიშნოს, როცა ის სპეციალურად დალუქულ კონვერტს გახსნის და დაინტერესებულ პირებს ანდერძის შინაარსს გააცნობს. მამკვიდრებელს შეუძლია სპეციალურად მიუთითოს კონკრეტული პირიც, ვინც ანდერძს შეასრულებს.

რამდენად არსებობს ანდერძის გაქრობის რისკი, ან იმის, რომ ნოტარიუსმა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ანდერძის შინაარსი სხვებს გააცნოს? – იურისტის განმარტებით, რისკი არსებობს, მაგრამ მსგავსი ქმედება სისხლისსამართლებრ პასუხისმგებლობას იწვევს.

 

 

 

 

 

 

 

ეკა ჭითანავა: ბათუმში რუსეთის დროშის ფრიალი გავაპროტესტე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს

ძალადობის მუხლით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, ანბანის კოშკთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაიწყო. კოშთან მდებარე დიდ ეკრანთან შეკრებილები რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ, რა დროსაც რუსეთის დროშის ფრიალი იქვე მყოფმა ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

„მისთვის რუსულადაც არ მიმიმართავს. ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს დროშა თქვენს ქვეყანაში აფრიალეთ-მეთქი. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება… ქალბატონმა 112-ს დაურეკა, წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე ორი მოწმე გამომყვა. რუსეთის მოქალაქემ თქვა, რომ თითქოს ხელით შევეხე და საქმე გვაქვს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან, რაც აბსურდია, მე მხოლოდ რუსეთის დროშის ფრიალი გავაპროტესტე სიტყვიერად,“ – ამბობს ეკა ჭითანავა. 

მოწმეები და ქალი, რომელიც ამბობს, რომ დროშის ფრიალის გამო ფიზიკურად შეურაცხყეს, პოლიციის მე-6 განყოფილებამ უკვე გამოკითხა. გამოძიებას ჯერ არ მოუსმენია თავად ეკა ჭითანავას ჩვენება, მას ადვოკატთან ერთად ორშაბათს დაკითხავენ.

„რედისონში” თიბისის ინიციატივით აჭარის ყველაზე მასშტაბური ბიზნესფორუმი გაიმართა

თიბისი ბანკის ინიციატივით დღეს, 7 ივლისს სასტუმრო „რედისონში“ მასშტაბური რეგიონული ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. დელეგატები მათთვის საინტერესო ვორქშოპებსა და სემინარებს დაესწრნენ. სხვადასხვა, მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღეს ციფრული მარკეტინგის, სასტუმროების მენეჯმენტის, ფინანსების, ლიზინგისა და ბევრი სხვა მიმართულების შესახებ.

თიბისის მიერ ორგანიზებული ბიზნესფორუმი ,,რედისონში”, აჭარა, ბათუმი. 2018 წლის 7 ივლისი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქუდიანი:

„თიბისი ბანკი 2013 წლიდან ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომელსაც მრავალი ფორმატი აქვს. დღევანდელი ფორმატი ბიზნესფორუმია, რაც პირველად დავგეგმეთ ბათუმში. ვცდილობთ ამ ფორუმზე მოვიწვიოთ საინტერესო სპიკერები და ერთმანეთს შევახვედროთ ჩვენი უამრავი ბიზნესპარტნიორი, კლიენტი. სამასამდე დელეგატი მონაწილეობს დღევანდელ ფორუმში. ეს არის საუკეთესო შანსი ახალი ბიზნეს-კონტაქტების დასამყარებლად. ბიზნესის  თვალსაზრისით აჭარა დიდი რეგიონია. აქ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფილიალი და გვყავს ბევრი თანამშრომელი, კლიენტი. ვაკვირდებით განვითარების სწრაფ ტემპს აჭარაში, განსაკუთრებით ტურიზმის განვითარების დინამიკას“.

ნიკა ქურდიანი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

ბიზნესფორუმში ექსპერტებთან ერთად ჩაერთნენ თიბისის მენეჯმენტის, აჭარის მთავრობისა და სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლები.

მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველში“ – დირექტორი:

„მსგავსი შეხვედრები აძლევს საშუალებას ჩვენს ბიზნეს-საზოგადოებას გაიგონ თუ რა სახის სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები მოქმედებს. ჩვენი მთავარი ამოცანა კერძო სექტორის მეშვეობით საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაა.

სესხების გაცემის კუთხით თიბისი არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი, იმ სესხების გაცემის, რომლის სუბსიდირებასაც შემდეგ ვახდენთ სხვა ბანკებთან ერთად“.

გელა მღებრიშვილი Nexia TA-ის მმართველი პარტნიორი:

„ფორუმი ეძღვნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რეგიონისთვის ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თბილისის შემდეგ ბათუმი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია ეკონომიკური კუთხით, სრულად ასათვისებელია ტურისტული თვალსაზრისით მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. აქვე უნდა დაიწყოს ხალხმა თავისი ბიზნესი, აქვე დასაქმდეს“.

თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნესფორუმები აჭარის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს. ფორუმების მიზანი ქვეყანაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ხელშეწყობაა, რისთვისაც აუცილებელია ბიზნესმენებისთვის საინტერესო ბიზნეს-სიახლეების გაცნობა, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო, საქმიანი და ეფექტური კავშირების გაბმა.

სად წავიდა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

„იურიდიული მრჩეველი“ – ახლად დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება სამართლებრივ სფეროში შესაბამისი მომსახურების გაწევაა. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ხიმშიაშვილია. იგი ბოლო სამი წლის განმავლობაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ მუშაობდა. მანამდე იყო ფილიალის იურისტი წლების განმავლობაში და არაერთი პროექტის კოორდინატორი. პარალელურად გიორგი ხიმშიაშვილი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე:

საიას ხელმძღვანელობიდან „იურიდიული მრჩეველის“ დირექტორობამდე

ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვარ ფილიალის ხელმძღვანელი და სად ვარ ახლა, რა არჩევანი გავაკეთე საია-ს შემდეგ. პირველ რიგში მინდა განვმარტო, რომ საიას ფილიალის ხელმძღვანელობა არჩევითი პოზიციაა და შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს პირი ამ პოზიციაზე. მე ორჯერ გახლდით ამ თანამდებობაზე არჩეული, ამიტომ წესდებით უფლება არ მქონდა კვლავ დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა. შესაბამისად, ვადის ამოწურვის შემდეგ, არჩევნების შედეგად გადავაბარე უფლებამოსილება. რაც შეეხება ჩემი საქმიანობის გეგმას, იყო გარკვეული შემოთავაზებები, მაგრამ მიზანშეწონილად მივიჩნიე დავრჩენილიყავი კერძო სექტორში და მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მომწონს და, ამასთან, აქტიურ კომუნიკაციის შესაძლებლობას მაძლევს საზოგადოებასთან.

  • ვის შეუძლია ისარგებლოს „იურიდიული მრჩევლის“ მომსახურებით?

„იურიდიული მრჩევლის“ საქმიანობის მიმართულება ძირითადად არის ბიზნეს სექტორი, რადგან სწორედ ამ სფეროში ჩართულ პირებს სჭირდებათ ხშირად იურიდიული მომსახურება. მაგრამ ცალსახა შეზღუდვა ამ კუთხით არ გვაქვს და შეუძლია სამართლებრივი დახმარების კუთხით მოგვმართოს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც სანდო და კვალიფიციური იურისტის მომსახურება დასჭირდება.

„იურიდიული მრჩევლის“ მომსახურება ხელმისაწვდომია ასევე უცხოელებისთვისაც. ჩვენს იურისტებს შეუძლიათ სამართლებრივი დახმარება გაუწიონ რუსულ და ინგლისურ ენებზე. შესაძლებელია ასევე თარჯიმნით უზრუნველყოფა, თუ პირი არ ფლობს ზემოთ ჩამოთვლი ენებიდან არცერთს.

  • სამართლის რომელ სფეროებში შეუძლია „იურიდიულ მრჩეველს“ მომსახურების გაწევა

ჩვენს იურისტებს სამართლებრივი მომსახურების გაწევა შეუძლიათ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან საკონსტიტუციო სამართლის საქმეზე სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების, პროკურატურის და სამართალდამცავ ორგანოებში, სამართლებრივი ექსპერტიზისა და დასკვნების მომზადება, საგანმანათლებლო და სატრენინგო მომსახურების გაწევა, სატენდერო შესყიდვებში ტექნიკური და სამართლებრივი დახმარება, ავტორიზაციის/აკრედიტაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაცია/დახმარება, საკანონმდებლო წინადადებების, ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება.

  • ვინ არის „იურიდიული მრჩევლის“ გუნდი? 

„კომპანია მეუღლესთან, თამარ გაბელიასთან ერთად დავაფუძნე, რომელიც ასევე იურისტია. გუნდის შემადგენლობაში არის ასევე იურისტი ლაშა ბოლქვაძე, რომელიც „იურიდიული მრჩევლის“ წარმომადგენელია თბილისში. კომპანიას ჰყავს ასევე ბუღალტერი, რომელიც უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

სამომავლოდ ვფიქრობთ გუნდის გაზრდას კვალიფიციური და გამოცდილი იურისტებით. იმისათვის, რომ ხარისხიანი იურიდიული მომსახურება გასწიო, მიზანშეწონილია იურისტი არ იყოს გადატვირთული და იგი მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ხარისხზე. ვინაიდან ამ ეტაპზე მოთხოვნა მზარდია, აქცენტი ამ მიმართულებითაც გვაქვს.

  • როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად კვალიფიციური და სანდოა იურისტი?

რამდენი დღის წინ კლიენტი მოვიდა, რომელიც დავის წარმოების მიზნით ნებისმიერი ხარჯის გაღებისთვის იყო მზად. საწყის ეტაპზე მას ავუხსენი, რა შედეგი მოჰყვებოდა დავას. იყო  შედეგზე გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შედეგი ხარჯთან პროპორციაში ვერ იქნებოდა კლიენტისთვის მომგებიანი. ამიტომ მივეცი მოფიქრების ვადა – მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებოდით მისი ინტერესების დასაცავად. მოფიქრების შედეგად თავად კლიენტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დავა არ იყო მისთვის ეფექტური.

მნიშვნელოვანია, რომ იურისტმა საწყის ეტაპზე ხელი არ შეუწყოს დავის პროვოცირებას, კლიენტს დეტალურად და ყველა მხრიდან უნდა აჩვენოს დავის მხარე და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ იურისპრუდენცია არ არის მედიცინა, რომ ადამიანმა ვერ გაიგოს თუ მას კარგად აუხსნი, მისთვის გასაგებ ენაზე, ყოველგვარი რთული ტერმინოლოგიის გარეშე.

ხშირად ნდობის განმსაზღვრელია მყარი გარანტია, რომელსაც ადვოკატი კლიენტს სთავაზობს, რაც უკვე შეცდომაა და კლიენტს უქმნის არასწორ წარმოდგენებს მის საქმესთან დაკავშირებით. გარანტიის გაცემა ადვოკატის მხრიდან არის ეთიკური ნორმების დარღვევა. კლიენტმა თავად უნდა შეაფასოს, რასთან აქვს საქმე. ჩვენთვის მთავარია, კლიენტთან ერთად სწორედ დაიგეგმოს დავა და მისთვის მაქსიმალურად გასაგები იყო საქმის ირგვლივ არსებული ყველა დადებითი და უარყოფითი დეტალი.

როცა კლიენტისთვის ყველაფერი გასაგებია, მაშინ არის უკვე შესაძლებელი სამართლებრივი ურთიერთობების დაწყება.

  • სამართლებრივი ექსპერტიზა – „იურიდიული მრჩევლის“ უპირატესობა

სხვა იურიდიული კომპანიების დიდი ნაწილი ძირითადად პოსტფაქტუმ იწყებს კანონმდებლობის შესწავლას, „იურიდიული მრჩეველი“ კი მუდმივად თვალს ადევნებს ცვლილებებს კანონმდებლობაში. მაგალითად, თუკი ბიზნესმენი ახალი საწარმოს გახსნას გადაწყვეტს ხულოში, მას „იურიდიულ მრჩეველში“ ეტყვიან, კონკრეტულად რა შეღავათები ექნება ბიზნესს მაღალმთიანეთში.

ჩვენ ვსწავლობთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც შედის პარლამენტში, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს. კომფორტული ბიზნესისთვის, როცა ის მომზადებული ხვდება ცვლილებებს. ჩვენ ამ ცვლილებებს პერიოდულად გავაანალიზებთ.

  • რა გამოწვევა აქვს მართლმსაჯულებას?

ფაქტობრივად ვართ იმ ეტაპზე, როცა მართლმსაჯულების ყველა სისტემის რეფორმა უნდა მოვითხოვოთ სასწრაფოდ. ეს განცდა მე დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიის სხდომებმა დამტოვა: მარტივ საპროცესო მოქმედებაზე გამომძიებელი ამბობს, რომ არ განახორციელა ეს, ან ამის საჭიროება ვერ დაინახა… ჩვენ შესაძლოა სასამართლომდე ვერც მივიდეთ იმის გამო, რომ გამომძიებელია არაკვალიფიციური, ან მტკიცებულება განზრახ ვინმემ გზაში დაკარგა.

პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაშიც: გადატვირთული სასამართლოები, მოსამართლე მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ გაჩენილი კითხვები და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ხარვეზები არის ის საკითხები, რომელზეც დღეს საზოგადოებაში მიმდინარეობს დისკუსია. სასამართლო იქცა ჩაკეტილ სისტემად, სადაც მოხვედრა ნებისმიერ კვალიფიციურ კადრს გაუჭირდება და ამას მოწმობს ის სტატისტიკაც, თუ რამდენი პირი დაინიშნა ბოლო წლებში მოსამართლედ „გარედან მისული“, ანუ ის ვინც არ მუშაობდა სასამართლოში.

როდესაც სასამართლო სისტემის ირგვლივ ჩნდება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ეს უკვე საგანგაშოა. სათავე ამ პრობლემების არის ის, რომ ვისაც ეხება ამ საკითხების გადაწყვეტა ის გვარწმუნებს, რომ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ მეორე მხარეს დგას საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თანმხდებიან, რომ სასამართლო სისტემაში არის ხარვეზები და იგი საჭიროებს გადაჭრას.

  • კლიენტს და იურისტს შორის რა არის მთავარი, ნდობა? 

ნდობა, კეთილსინდისიერება, კვალიფიციურობა – ამ ფაქტორზე უნდა იყოს დამოკიდებული ურთიერთობა კლიენტს და იურისტს შორის. იურისტი კლიენტებს ინფორმაციის კონფიდენციალობის სრულ გარანტიას უნდა სთავაზობდეს.

კლიენტს და იურისტს შორის მთავარი ნდობაა… ხშირად უჩნდებათ შეკითხვა კლიენტებს, რაიმე ფინანსური ჩარევით ხომ არ გადაიბირებენ ადვოკატს. ჩვენთან ურთიერთობის დროს კლიენტი იქნება ყველაზე ღირებული სუბიექტი, რომლის მომსახურება იქნება მორგებული მის ინტერესებს და ვერცერთი გარე ძალა ვერ შეძლებს მასში დისონანსის შეტანას.

საია-ში მუშაობის ცხრაწლიანმა გამოცდილებამ დამანახა, რომ კლიენტს, პირველ რიგში, სჭირდება რწმენა, რომ შენ იქნები სანდო და მიუკერძოებელი და, რა თქმა უნდა, კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევ.

მახინჯაურში ავტომანქანა ბოძს შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ქვეითი  და ავტომანქანის მძღოლი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მოქალაქის პროტესტი ქობულეთიდან: ივანიშვილის ხის გადატანის გამო, ჩვენს დარგულ ხეებს ჭრიან

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მცხოვრები სულიკო ნიჟარაძე ხეების მოჭრას აპროტესტებს. მისი თქმით, ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ალამბრიდან ხეების გადატანა იგეგმება, რის გამოც საავტომობილო გზას აფართოვებენ და მოქალაქეებთან შეთანხმების გარეშე გზის მიმდებარედ ხეებს ჭრიან.

„გადავუდექი წინ ტრაქტორს და სამუშაოების შეჩერებას ვითხოვ… ივანიშვილს ალამბრის მეურნეობიდან მიაქვს ნეკერჩხალი, 6 ძირი ხე გამზადებულია უკვე. ხის გადატანის გამო ჩემს დარგულს ხეებს ჭრიან: კაკალს, წიფელას… ჩემს გარდა სხვა ოჯახების კუთვნილ ხეებსაც უპირებენ მოჭრას. თანაც, როცა ჭრიან ხეს, იქვე მარხავენ და ქვა უნდა დავყაროთ ზედო, ანუ ვერც თქვენ ისარგებლეთ, ვერც ჩვენო“, – ამბობს სულიკო ნიჟარაძე.

ვის ეკუთვნის ხეები, რომლებსაც ჭრიან – სულიკო ნიჟარაძის თქმით, ხეები მას ეკუთვნის, მაგრამ ქობულეთის მერიაში მის დაკანონებაზე უარი უთხრეს. „ჩემი მამა-პაპისეული მიწაა, განცხადებით მივმართე ქობულეთის მერიას, მაგრამ არ მიკანონებენ, წელავენ პროცესს, რომ ჩვენ არაფერი გადაგვიხადონ,“ – ამბობს ის.

„საავტომობილო გზის გაფართოება ხის გადატანის სამუშაოებს არ უკავშირდება,“ – ირწმუნება არჩილ ჩიქოვანი, აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მისი თქმით, ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის 4.8 კილომეტრის რეაბილიტაცია რამდენიმე მიზეზის გამო ხორციელდება.

„პირველი არის ის, რომ აქ არის მეწყერსაშიში ადგილები და გზის ნაწილზე ფერდსამაგრი სამუშაოებია საჭირო. გზის რამდენიმე მონაკვეთზე კი, ავტოსაგზაო შემთხვევები იყო გახშირებული, მსხვერპლიც იყო. ჩვენ მოგვმართეს ქობულეთის სამსახურიდან და ამის შესაბამისად დაიგეგმა სამუშაო,“ – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხეების მოჭრისთვის კომპენსაციის გაცემას გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს, მაგრამ „მოქალაქეს უნდა გაჩნდეს საკუთრების მოწმობა,“ – დასძენს არჩილ ჩიქოვანი.

 

სოფელი ალამბარი /07.07.2018/ გურამ მურვანიძის ფოტოები

 

ამ თემაზე:

ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

დღეს, ღამის 12-მდე საზაფხულო თეატრთან ლუდის ფესტივალი გელით

ბათუმის საზაფხულო თეატრთან ლუდის ფესტივალი მიმდინარეობს. დღეს, ღამის 12 საათამდე აქ ლუდი, მუსიკა და საინტერესო თამაშები დაგხვდებათ. ფესტივალი ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი. ბავშვებისთვის გამოყოფილია ცალკე სივრცე, სადაც მათ სხვადასხვა თამაშში შეუძლიათ ჩართვა.

გაიმართება შეჯიბრი ლუდის სმაში, გამარჯვებულებს კი საჩუქრად ლუდი გადაეცემათ.  ფეხბურთის გულშემატკივრებს კი საშუალება ექნებათ  მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის მატჩებს დიდ ეკრანზე უყურონ.

ლუდის ფესტივალი საქველმოქმედოა. ფესტივალზე შემოსული თანხა ბათუმელი გვანცა დიასამიძის დასახმარებლად გადაირიცხება.

24 წლის გვანცა დიასამიძეს დახმარება სჭირდება

„სახელმწიფომ ჩაის ფაბრიკა გაყიდა, ხელფასი არ გადაგვიხადეს“ – საპროტესტო აქცია ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ჩაის ყოფილი ფაბრიკის შენობასთან შეიკრიბნენ და სახელმწიფოს კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება მოსთხოვეს. მოსახლეობის თქმით, სახელმწიფომ ჩაის ფაბრიკა გაასხვისა, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი, კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა.

„ეს ჩაის ფაბრიკა რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა წლების განმავლობაში. 1997 წელს ფაბრიკა გაჩერდა, მაგრამ ჩვენ, 13 კაცი დარაჯებად ვმუშაობდით. არ გვინდოდა, განიავებულიყო ქონება. იმედი გვქონდა, რომ ფაბრიკა ისევ გაიხსნებოდა.

2005 წლამდე ამ რეჟიმში ვიყავით… სასამართლომ, გაკოტრების საქმე როცა განიხილებოდა, დაადგინა, რომ ჩვენთვის თვეში 20 ლარი უნდა გადაეხადათ, ანუ დაახლოებით 2-2 ათასი ლარი აქვთ ჩვენთვის მოსაცემი. ამის გადახდას გაკოტრების მმართველი, ლევან რომანაძე დაგვპირდა, როცა 2006 წელს ფაბრიკის შენობა აუქციონზე გაიყიდა. სამკერვალო უნდა გახსნილიყო, მაგრამ ესეც არაა.

ამდენი წელია კუთვნილ ანაზღაურებას ველით და არავინ ჩანს, ვინც ყურადღებას მოგვაქცევს. ახლა შენობაც დაანგრიეს, ტექნიკა კი ჯართად ჩააბარეს. ლევან რომანაძე საერთოდ აღარ ჩანს, ვერ ვუკავშირდებით,“ – ამბობს სოფელ ქაქუთში მცხოვრები სულიკო მჟავანაძე.

ქობულეთის მერის რწმუნებულის, არჩილ მართალიშვილის თქმით, ამ თემაზე უკვე ინფომირებულია ქობულეთის მერია. „მე ვიცი, რომ ლევან რომანაძეს უნდა გადაეხადა მათთვის ხელფასი, რატომ არ მისცეს ხელფასი, არ ვიცი. ვის ეკუთვნის საწარმო, არც ამაზე მაქვს ინფორმაცია. მე მივაწოდე ინფორმაცია ქობულეთის მერიას და ისინი მოახდენენ რეაგირებას,“ – გვითხრა მან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ მოქალაქეები ხელფასს ვერ მიიღებენ, რადგან სახელმწიფოს კუთვნილი საწარმო გაკოტრდა.

„ქაქუთის ჩაის ფაბრიკა სპარტაკი“ მეწარმეთა შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის შესაბამისად დაფუძნდა. აღნიშნული კანონის თანახმად, კომპანია წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხს აგებს თავისი ქონებით. ვინაიდან საწარმო იყო გადახდისუუნარო, კომპანიის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით, რის შემდეგაც დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. ქუთაისის სასამართლომ და გაკოტრების მმართველმა „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ შეისწავლა საწარმოს აქტივები და ვალდებულებები და მიიღო მისი დალიკვიდირების გადაწყვეტილება, რითაც გაუქმდა საწარმოს რეგისტრაცია. მეწარმეთა შესახებ საქართველოს მოქმედი კანონი მსგავს შემთხევევაში დამფუძნებლის მიერ ვალდებულებების შესრულებას არ ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – რა გაარკვია გამოძიებამ გახმაურებულ დანაშაულებზე

რა დაადგინა გამოძიებამ წლის დასაწყისში მომხდარ დანაშაულებზე – „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაციის მოწოდება თებერვალსა და მარტში მომხდარ სამ გახმაურებულ შემთხვევაზე.

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. გამოძიება განმარტავდა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.

ახალშობილის ცხედარი პლაჟზე ზღვამ 10 მარტს გამორიყა. „ბავშვი ჩვილია, ყელზე რაღაც ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია და გადაგდებული,“ – უთხრეს იმ დღეს „ბათუმელებს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში. იმ დღეს გამოძიებაც დაიწყო სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის გოგონას განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელშიც იპოვეს პოლიციელებმა მიმდინარე წლის თებერვალში. „რუსთავი 2“-ის სიუჟეტის თანახმად, 20 წლის სტუდენტმა გოგომ სახლში, მალულად იმშობიარა. მისი ფეხმძიმობის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილი პოლიციას სახლში გარდაცვლილი დახვდა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ – მოგვწერეს სამივე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

რომელი ქუჩები მოწესრიგდება ბონი-გოროდოკში – 5 მილიონი ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმში, ე.წ. ბონი-გოროდოკის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის მოსაწესრიგებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 80 ათას 930 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს მერიის ახალი ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო  ტენდერით შეისყიდის.

ტენდერის, რომელიც უკვე გამოცხადებულია, პირობების მიხედვით, ბონი-გოროდოკში იგეგმება შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა: მაიაკოვსკის I, III და IV ჩიხები, ს. მესხის III ჩიხი, დ. ჭონქაძის ქუჩა, გოგოლის შესახვევი, თ. სახოკიას ქუჩა, რ. თაბუკაშვილის ქუჩა, გ. წერეთლის ქუჩა, გ. ვოლსკის ქუჩა, ბონის კულტურის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიწრო ჩიხები.

შესასრულებელი სამუშაოების ზოგადი დახასიათება:

[checklist]

  • ვ. მაიაკოვსკის 1-ლი ჩიხი, ვ. მაიაკოვსკის მე-3 ჩიხი, ვ. მაიაკოვსკის მე-4 ჩიხი – ვარცლის, II ტიპის საგზაო სამოსისა და სანიაღვრე არხების მოწყობა ჭებით;
  • ს. მესხის მე-3 ჩიხი – კეთდება ვარცლი და ეწყობა ახალი ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხები მილებითა და ჭებით;
  • დ. ჭონქაძის ქუჩა – გათვალისწინებულია ვარცლის და II ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა, გზის ორივე მხარეს ტროტუარების, სანიაღვრე მილებისა და ჭების მოწყობა;
  • ი. გოგოლის შესახვევი – ვარცლის მოწყობა, ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა;
  • თ. სახოკიას ქუჩა – ეწყობა ვარცლი და II ტიპის საგზაო სამოსი, ასევე სანიაღვრე მილები და ჭები;
  • რ. თაბუკაშვილის ქუჩა – პროექტით სანიაღვრე გზის ორივე მხარეს მილების ჩადება, ჭების, ტროტუარების, ვარცლის და II ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა;
  • გ. წერეთლის ქუჩა – გათვალისწინებულია გზის ორივე მხარეს სანიაღვრე მილების ჩადება და ჭების მოწყობა, ასევე ტროტუარების, ვარცლის და II ტიპის საგზაო სამოსის მოწყობა;
  • გ. ვოლსკის ქუჩა – ვარცლის და ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა-ტიპი II, აგრეთვე სანიაღვრე მილის ჩადება და ორივე მხარეს ტროტუარის მოწყობა;
  • კულტურის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიწრო ჩიხები – ვარცლის მოწყობა, ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.

[/checklist]

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს შეწყდება. ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ბონი-გოროდოკის დასახლებაში წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემა მოწყობილია. ბონის დასახლებაში თითქმის დასრულებულია დაერთებები, ხოლო გოროდოკის უბანში მიმდინარეობს ქსელის ტესტირება და პარალელურად დაერთებებიც.

ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის თქმით, პრიორიტეტია ის ქუჩები, სადაც მერიას გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქვს შესყიდული: „სადაც ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, პირველ რიგში, იქ ხდება დაერთებები, პარალელურად კი სხვა უბნებშიც“.

დღეს, 7 ივლისს ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა ბათუმის ესტაკადაზე. შესაბამისად, შეიზღუდება მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში – ვინაიდან აქ ივლისის შუა რიცხვებიდან მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა იგეგმება, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

სექტემბრის თვიდან კი, ერთი თვით გადაიკეტება გოგოლის ქუჩა [მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩამდე – ბონის კულტურის სახლიდან ბარცხანაში გასასვლელი – მონაკვეთი] სადაც ჩაიდება საკანალიზაციო მილი, რომელიც ბარცხანის სატუმბ სადგურს დააკავშირებს ბაგრატიონის კოლექტორთან.

ამ თემაზე:

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

მთავარი ფოტო: მაიაკოვსკის ქუჩა, გოროდოკის დასახლება / ფოტო: „ბათუმელები“

სტადიონის ზედამხედველობისთვის თანხა 1 მილიონით შემცირდა – ხელახალი ტენდერი

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ კი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი ამ დრომდე ვერ შეარჩია. ვინაიდან 2018 წლის 21 ივნისისთვის უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო, ზედამხედველის შესარჩევი ტენდერი შეწყდა. „სტადიონმა“ ახალი ტენდერი კი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა.

ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო გათვლილი. ამჯერად ეს თანხა 2 437 431 ლარამდე შემცირდა. ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება კი 2018 წლის 23 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს შეწყდება.

ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის მიხედვით, „სამშენებლო ობიექტზე დასრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა: მოსამზადებელი, მიწის, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის პირველი დონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ელემენტების მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ვერტიკალური ელემენტების [სვეტები, კოჭები] მოწყობის სამუშაოები და დასრულების პროცესშია ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ჰორიზონტალური ელემენტების [გადახურვის ფილა] მოწყობის სამუშაოები“.

ხელახალი ტენდერი დამატებით დროს მოითხოვს, ამ დროში კი მშენებლობის ზედამხედველობას კვლავ „სტადიონის“ თანამშრომლები გააგრძელებენ.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის ყველაზე ნაკლები თანხა – 2 მილიონ 847 ათასი ლარი „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ ჰქონდა შეთავაზებული.

ეს კომპანია ჯერ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს, შემდეგ კი დისკვალიფიკაცია მისცეს.

კომპანიამ დავების საბჭოსაც მიმართა, თუმცა „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად, ტენდერის შეწყვეტამდე ორი დღით ადრე, დაადგინა, რომ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მიერ წარდგენილ სპეციალისტს არ გააჩნდა შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელიც ტენდერის პირობით იყო მოთხოვნილი.

რა ევალება საფეხბურთო სტადიონის მომავალ ტექნიკურ ზედამხედველს, რომელიც ტენდერით უნდა გამოვლინდეს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ბათუმში / ცაგო კახაბერიძის ფოტო

ამავე თემაზე:

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში დღეს, 7 ივლისს, ესტაკადა გაიხსნა.

ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრია. პროექტის ფარგლებში ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება, ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი.

ესტაკადაზე სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ესტაკადა  სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

ბათუმის პორტთან ესტაკადა გაიხსნა / ავტომანქანების პირველი ნაკადი ახალგახსნილ ესტაკადაზე / 7.07.2018/ თედო ჯორბენაძის ფოტო

ბათუმის ესტაკადაზე ავტომანქანების მოძრაობა 1 ან 2 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გზა დღეს გაიხსნა.

ესტაკადაზე მოძრაობის დაწყების პარალელურად ორმხრივად გაიხსნა ბაქოს ქუჩაც.

ესტაკადის მშენებლობის გამო მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართული იყო მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილი იყო.

ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებდა.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ესტაკადის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონ 297 ათას 410 ლარი იყო გამოყოფილი.

მშენებლობას ზედამხედველობს შპს „ოიკო ჯგუფი“, რომელთანაც ხელშეკრულება სამინისტროს 137 ათას ლარზე აქვს გაფორმებული; მშენებლობის განხორციელების ეტაპების საექსპერტო შეფასებისთვის კი, ფიზიკურ პირს – ბეგლარ კახიძეს, აჭარის ბიუჯეტიდან 37 ათას ლარს გადაუხდიან.

მთავარი ფოტო: ბათუმის ესტაკადა/07.07.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტო

ვინ არის თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი „ოცნებიდან“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ დღეს, 6 ივლისს წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძე 29 წლისაა. იგი პროფესიით იურისტია და აქვს განათლება ენერგეტიკის მიმართულებითაც.

2017  წლიდან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი იყო.

უფრო ადრე, 2017 წელს, იგი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

2013 -2017 წლებში რიჟვაძე აჭარისწყალი ჯორჯიას [TATA POWER, CLEAN ENERGY INVEST, IFC -ის ერთობლივი საწარმო] მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელეტროსადგურებს აშენებს.

2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის  მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში;  2011-2012 წლებში მუშაობდა „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯიას“ აჭარის რეგიონალურ მენეჯერად, 2010-2011 წლებში კი იყო ბიზნეს კონსულტანტი, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

თორნიკე რიჟვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა – სამართლის ბაკალავრი, მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნესის მაგისტრი MBA/საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით, სწავლობდა უცხოეთში. კერძოდ: 2012-2013 წლებში სწავლობდა სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში – სამართლის მაგისტრი LLM- საერთაშორისო ბიზნეს სამართალი; 2012 წელს იყო ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი ლიჰაის უნივესტიტეტში [პენსილვანია, აშშ] და დღემდე არის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი – Ph.D „ენერგეტიკის სამართალი“.

თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს მეუღლე, მაგდა მამულაძე და ორი შვილი – ელიზაბეტ და დავით რიჟვაძეები.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის ქონებას, დეკლარაციის თანახმად, იგი ფლობს 69 კვმ ბინას თბილისში, რომელიც გასულ წელს შეუძენია 61 000 დოლარად და 50 კვ.მ კომერციულ ფართობს ბათუმში, რომელიც 65 000 დოლარად შეუძენია 2014 წელს. დეკლარაციის თანახმად, მას აქვს დანაზოგიც – 15 000 დოლარი, 2 300 ევრო და 5 500 ლარი.

თორნიკე რიჟვაძეს აქვს სესხიც, 95 000 დოლარი, საქართველოს ბანკში.

თორნიკე რიჟვაძის მეუღლე ბათუმში ფლობს 59 კვ.მ ბინას, რომელიც მას ნაჩუქრობით მიუღია 2007 წელს და „ტოიოტა ქამრის“, რომელიც მას დეკლარაციის თანახმად, 8 500 დოლარად შეუძენია 2016 წელს.

თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსია.

„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა

აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას სთავაზობს.

„მინდა დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, ეს გახლავთ პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ წარმოვადგინო მთავრობა, მთავრობის განახლებული შემადგენლობა და ასევე ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჟურნალისტებთან ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ილია ნაკაშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭომ რამდენიმე კანდიდატურა განიხილა:

„ხუთზე მეტი კანდიდატი იყო წარმოდგენილი და შევჯერდით თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე. მიუხედავად მისი ასაკისა, მას ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს მიღებული, კარგად იცნობს ჩვენს კოლეგებს თბილისში და კარგად ერკვევა რეგიონულ პრობლემებში“, – აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.

კითხვაზე, ვინ იყვნენ დანარჩენი კანდიდატები, ილია ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საუბარი იყო მამუკა ვასაძეზე, რესან ქიქავასა და კიდევ რამდენიმე კანდიდატზე საქართველოს პარლამენტიდან.

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა სუბიექტთან – პარტიებთან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში არიან. ამ კონსულტაციების შედეგად წყვეტს პრეზიდენტი ვისი კანდიდატურა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია პრეზიდენტმა არც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატი არ წარადგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად. თავის მხრივ, აჭარის უმაღლეს საბჭოსაც შეუძლია პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს. ასევე, კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ ეს ორგანო ზედიზედ ორჯერ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მომდევნო კვირაში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართავს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ბათუმში აპირებს ჩამოსვლას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან 4 ივლისს გადადგა. ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის – გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო. პატარაძე თანამდებობიდან მას შემდეგ წავიდა, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტი კვირიკაშვილმა დატოვა და პრემიერი მამუკა ბახტაძე გახდა.

„დიდი პატარა ტყუილები”- წიგნი ოჯახში ძალადობასა და ბულინგზე

ლიან მორიარტის წიგნი „დიდი პატარა ტყუილები“ ოჯახში ძალადობისა და სკოლის ბულინგს ეხება. 2014 წელს გამოცემული წიგნის ქართული თარგმანი წელს გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“. „დიდი პატარა ტყუილების“ მთარგმნელი მარი კორინთელია, რომელმაც თარგმანის პრეზენტაციაზე, 4 ივლისს მორიარტის ტექსტის თავისებურებებზე ისაუბრა.

მარი კორინთელი: „მიუხედავად ოჯახში ძალადობისა და ბულინგის თემებისა, წიგნი დიდი იუმორითაა დაწერილი,  რამაც ის თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტექსტად აქცია. წიგნი განსაკუთრებულ ბიძგად იქცა ძალადობის მსხვერპლი  ქალებისთვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან, ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ გამოსავალს“.

ლიან მორიარტიმ ბევრ კითხვას გასცა პასუხი, რაც მსხვერპლ  ქალებს აწუხებთ  და შესთავაზა მათ გამოსავალი, ჩაკეტილი, მოჯადოებული წრიდან.

„დიდი პატარა ტყუილების” პრეზენტაცია

წიგნში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ძლიერი, განათლებული, ლამაზი და რეალიზებული ქალია, რომლის ოჯახიც სამაგალითოდ ითვლება და მას სწორედ ამ ილუზიის დამსხვრევა უჭირს, გაურბის იმის გაცნობიერებას, რომ მსხვერპლია და თავს მთელი ცხოვრება პატარ-პატარა ტყუილებით იბრუებს.

მთელ წიგნს რეფრენად გასდევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლად შეიძლება ყველა ადამიანი იქცეს.

რამდენად მწვავედ დგას ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში და როგორია სტატისტიკა,  ამ საკითხებზე აჭარის იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა მდინარაძემ ისაუბრა წიგნის პრეზენტაციაზე:

„დღე არ გავა ჩვენთან კარი ქალებმა არ შემოაღონ. ოჯახში ძალადობის ტენდენცია სამწუხაროდ მზარდია და შესაბამისად იმატა შემაკავებელი ორდერების რიცხვმა. მიმდინარე წელს  ოჯახში ძალადობის 118 ფაქტზე აქვს გამოძიება დაწყებული შსს-ს, როცა შარშან ასეთი მხოლოდ 18 შემთხვევა იყო.

ციფრებს შორის ამხელა სხვაობა არ ნიშნავს იმას, რომ შარშან არ ხდებოდა ძალადობა ოჯახში. მიზეზი ცნობიერების ზრდაა. სამი წლის წინ, როცა 112-ში დარეკავდა მსხვერპლი ქალი, პოლიციის ეკიპაჟი მას არწმუნებდა, რომ ეს ოჯახის მოსაგვარებელი პრობლემაა და შემაკავებელი ორდერის გამოწერა არ ღირს“.

ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო ცეცხლაძემ წიგნის პრეზენტაციაზე ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობის პრაქტიკულ მხარეებზე ისაუბრა:

„როცა ქალი მოდის ცენტრში დასახმარებლად, 5-კითხვიან ტესტს ვავსებინებთ, თუ ყველა კითხვაზე პასუხი დადებითია მე, როგორც სოცმუშაკს, მაქვს უფლება მსხვერპლის თანხმობის გარეშეც დავურეკო პოლიციას.

ძალიან ბევრი ქალი მოგვმართავს, არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ქალები იჩენენ მეტ თავისუფლებას და რისკავენ მოძალადის დატოვებას შვილებით, ცხოვრების სრულად შეცვლას და ყველაფრის თავიდან დაწყებას. მართალია ასეთი ათიდან ერთია, მაგრამ პროტესტი, ღირსების დაცვის სურვილი, დამოუკიდებლობისკენ  სწრაფვის ტენდენციები, რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მზარდია ქალების მხრიდან“.

„დიდი პატარა ტყუილების“ მიხედვით HBO -მ სერიალიც გადაიღო 2016 წელს, ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, შეილინ ვუდლი,  რიზ უიზერსპუნი, ლორა დერნი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ.

რა აჩვენა კვლევამ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰეპა პლუსმა“ ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანაავტორი, გენდერის სპეციალისტი გვანცა კვინიკაძე ამბობს, რომ კვლევის მთავარი ფოკუსი იყო ტრანსგენდერი ადამიანების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე (იგულისხმება კერძო და უფასო სერვისები, რასაც საყოველთაო  დაზღვევის პროგრამა აფინანსებს). 

კვლევა, რომელშიც 14 ტრანსგენდერი ადამიანი მონაწილეობდა, 2018 წლის  იანვარ-ივნისში ჩატარდა. 

რესპონდენტების განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათთვის ძალიან  მწირია, განსაკუთრებით სახელმწიფო და კერძო კლინიკების ბაზაზე.  რესპონდენტებს არ გააჩნიათ ნდობა პოლიკლინიკების მიმართ, სადაც შესაძლებელია სოციალურად დაუცველის სტატუსით უფასო სერვისის მიღება ან ამ სტატუსის არქონის შემთხვევაში – შედარებით იაფის, ამიტომ ისინი ასეთ სერვისებს უბრალოდ არ იღებენ.

„აქ დისკრიმინაცია  და სტიგმა არის მთავარი პრობლემა, ამ ადამიანებს ძალადობისა და ჩაგვრის საფუძვლიანი შიში აქვთ, როგორც პაციენტებისგან, ისე ექიმებისგან. რიგში დგომის დროსაც აწყდებიან პრობლემებს,” – ამბობს გვანცა კვინიკაძე.

კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ ტრანსგენდერებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური სერვისებიდან საქართველოში მხოლოდ მკერდის ოპერაციას თუ გაიკეთებ, დანარჩენ შემთხვევაში საზღვარგარეთ გამგზავრებაა საჭირო.
სტიგმისა და დისკრიმინაციის მიღმა ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ტრანსგენდერთა გარკვეულმა რაოდენობამ უკვე დატოვა ქვეყანა, ან სურს, რომ დატოვოს. „ყველა მაინც ამ ქვეყნის დატოვებაზე ოცნებობს, ბელგიაში, გერმანიაში ან ჰოლანდიაში ვიცხოვრებდი.“ – ამონარიდი ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალის ინტერვიუდან.

გვანცა კვინიკაძე განმარტავს, რომ ის ტრანსგენდერები, რომელთაც რაიმე ფორმით აქვთ ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იცნობენ “თანხლების სერვისს”, როცა სოცმუშაკი მიგყვება ექიმთან და ხშირად, ამ სერვისს მიმართავენ, რაც უადვილებს მათ ექიმთან ურთიერთობას, თავიდან არიდებს დისკრიმინაციის რისკსა და მთელ რიგ უხერხულ კითხვებს, რომლებიც ამ პროფილის ექიმს არ ეხება (მაგალითად,  სექსუალურ პრაქტიკაზე).

უმრავლესობამ აღნიშნა ალკოჰოლის მოხმარების ეპიზოდები, განსაკუთრებით მათ, ვისაც სექსმუშაობის გამოცდილება ჰქონია, რაც, მათი თქმით, ეხმარებათ სამუშაოში, რომელიც გარდა იმისა, რომ ისედაც სპეციფიკურია, განსაკუთრებით სახიფათოა ტრანსგენდერების შემთხვევაში. ნარკოტიკები და ალკოჰოლი მათ მეტ გამბედაობას სძენს და სითამამეს ანიჭებთ, აგრეთვე  ეხმარება მათთვის უსიამოვნო კონტაქტების დახმარების სტრესის დაძლევაში. მეორე მხრივ, ალკოჰოლის/ ნარკოტიკის მოხმარება ზრდის დაუცველი სექსუალური კონტაქტების ალბათობას, რადგან ამ დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინსტინქტიც მოდუნებულია.

ჰორმონული თერაპია

რესპონდენტების განცხადებით, საქართველოში ჰორმონოთერაპიის სერვისი ხელმისაწვდომი არაა, თუ ჰორმონების მიღება ხდება არა ექიმის დანიშნულებით და ფრაგმენტულად. აგრეთვე შეუძლებელია სქესის კორექციის სრული პროცესის გავლა საქართველოშივე. არც კერძო და არც სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა არ აფინანსებს სქესის კორექციის ქირურგიულ ოპერაციებს. სქესის კორექციის ოპერაცია კი, როგორც წესი, ძვირადღირებულია და ხელმისაწვდომი არაა საქართველოში, თუმცა მხოლოდ სქესის სრული კორექციის  შემდეგაა შესაძლებელი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის გრაფის ცვლილება.

ზოგი მათგანისთვის დაბრკოლება მხოლოდ ფინანსურ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ კი პრობლემა ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანების დამოკიდებულებაა. გამოკითხულთა უმრავლესობას სურს სქესის კორექცია, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული აქვთ ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები.  ამ ეტაპზე  რესპონდენტების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს ჰორმონების თვითნებურად მიღებაზე  (სექსუალური პრაქტიკიდან გამომდინარე), აგრეთვე სტიგმის მაღალი ხარისხის გამო, მაგრამ გადამწყვეტია ის, რომ არ არსებობს სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფდა ყველა ეტაპის საქართველოშივე გავლასა და სრული შედეგის მიღებას, რაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს. 

[red_box] ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა

აბსოლუტურად ყველა რესპონდენტს, გამონაკლისის გარეშე, განუცდია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა. ამას იმდენად ხშირი ხასიათი აქვს, რომ რესპონდენტები ძალადობად არ მიიჩნევენ ასეთ ფაქტებს, თუ ეს სისტემატურ ხასიათს არ ატარებს. ფსიქოლოგიური ზეწოლა ადრეული ბავშვობიდან იწყება. თითქმის ყველა რესპონდენტი საკუთარ  გენდერულ იდენტობას 5-6 წლიდან აცნობიერებს და 14-15 წლის ასაკში აკეთებს ე.წ. „ქამინგაუთს“ გარკვეულ სოციუმში. სწორედ ამ ეტაპზე ხდებიან ისინი ფსიქოლოგიური ძალადობის, ოჯახიდან გარიყვის და ოჯახის წევრებთან გაუცხოების მსხვერპლი. რესპონდენტების ნაწილი ამ ასაკიდან უკვე ჩართულია სექსსამუშაოში.

ყველა რესპონდენტს გამოუცდია როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკური – ცემა, ნივთის ჩარტყმა. ნაწილისათვის მიუყენებიათ დაზიანება ცივი იარაღით და ცეცხლსასროლი იარაღითაც.

რესპონდენტების ნაწილს გამოუცდია სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება, მომხდარა მათი ინფორმაციის სხვა პირზე გაცემა, მათზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება და შემდგომი კიბერბულინგი. [/red_box]

[gray_box] პოლიციის დამოკიდებულება

რესპონდენტებს პოლიციასთან ურთიერთობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიციის მხრიდან არასწორადაა აღქმული დისკრიმინაცია და/ან ზოგჯერ ძალადობაც. საზოგადოების მიერ თემის მიუღებლობა აისახება უკეთეს შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლების დაბალი მგრძნობელობით საკითხის მიმართ და უარეს შემთხვევაში მათივე ზეწოლით, დაცინვით, შანტაჟითა და ფიზიკური ძალადობით.

„112 -დან მოსული ეკიპაჟის მხრიდან …მოძალადეს ეუბნებიან „საპასუხო საჩივარი დაუწერეო, ეგენი მაკიაჟით ხომ ვერ მოვლენ დღისით სასამართლოზეო, მე მაინც ვუწერ, ბოლომდე მივყვები, მაგრამ იქ კიდევ უფრო მეტ უგულებელყოფას ვაწყდები, და ძალადობას“… „ხელი ამომიგდო, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია“  – ამონარიდი ერთ-ერთი რესპონდენტის ინტერვიუდან.

არაერთმა რესპონდენტმა ახსენა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ არ შეცვალა დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ პოლიციის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ დამოკიდებულება გაუარესდა. [/gray_box]

[yellow_box]სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოხვედრის გამოცდილება

რესპონდენტების ნაწილს აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნის გამოცდილება, რომელიც ორი შემთხვევის გარდა მცირე პერიოდს ითვლის და არ არის დაკავშირებული ნარკოტიკის მოხმარებასთან. ამ გამოცდილებაზე საუბარი რესპონდენტებს ყველაზე მეტად უჭირთ და არ სურთ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტრანსგენდერი ქალები ხვდებიან კაცებთან, რაც განსაკუთრებულ დისკომფორტს ქმნის, როგორც ტრანსგენდერებისათვის, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვისაც. [/yellow_box]

კვლევაში გამოიკვეთა, რომ ტრანსგენდერ პოპულაციაში სხვა პოპულაციასთან შედარებით მაღალია ალკოჰოლის მოხმარება, ზოგიერთ მათგანს აქვს  ნარკოტიკების მოხმარების ეპიზოდები, მაგრამ ძალიან დაბალია მათი ჩართულობა ზიანის შემცირების ალკო და ნარკორეაბილიტაციის პროგრამებში.

„მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა რომ ავიღოთ, რომელიც არ არის გენდერულად სენსიტიური, ქალებისთვის ამ სერვისის მიღება ბევრად უფრო დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, ვიდრე კაცებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჯგუფი განიცდის დისკრიმინაციას როგორც გარე სამყაროდან, ისე სხვა, კაცი მომხმარებლების მხრიდან, რის გამოც ბევრი ქალი უარს ამბობს, რომ მივიდეს და ამ სერვისით ისარგებლოს. ასეთი სერვისები მორგებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ქალებზე, იმიტომ რომ ეს უფრო დიდი ჯგუფია, ვიდრე ტრანსგენდერი ადამიანები. ქალებსაც ბევრი პრობლემა აქვთ ამ მიმართულებით და ამის შემდეგ ბევრად უფრო გამარტივდება ტრანსგენდერ ადამიანებზე ადაპტირება ამ ტიპის სერვისებისა,” – ამბობს გვანცა კვინიკაძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გადაწყვეტილებით, ტრანსიდენტობა ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის სიიდან ამოიღეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ტრანსგენდერობა, როგორც გენდერული იდენტობა, არის სექსუალური ჯანმრთელობის საკითხი და არა ფსიქიკური აშლილობის ნაწილი, როგორც აქამდე მიაჩნდათ.

ქონება აჭარის მთავრობისგან პარლამენტარებს უფასოდ, დღის ცენტრის გასახსნელად

საქართველოს პარლამენტის ორი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ 2016 წელს, უსასყიდლოდ და უზუფრუქტის წესით, ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, ორსართულიანი შენობა გადასცა. დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავენ.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში დაასრულებდა შენობის რეაბილიტაციას და მოაწყობდა სარეაბილიტაციო ცენტრს. გარდა ამისა, ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ყველაფერში 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ კი დაასაქმებდა საქართველოს ოც მოქალაქეს.

როგორც ირკვევა, ორგანიზაციამ დათქმულ ვადაში აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და მთავრობას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების გადავადება სთხოვა.

„…მოგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი არაკომერციულია და მისი მიზანია შშმ პირთა, ასევე მიუსაფარ ბავშვთა რესოციალიზაცია. პროექტის განსახორციელებელი ფულადი რესურსის მოზიდვა უნდა განხორციელდეს დამფუძნებელთა შენატანით, ასევე ერთ-ერთ წყაროდ გვესახება ქველმოქმედება“, – ნათქვამია წერილში, რომლითაც დეპუტატის შვილმა და ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზვიად ყურშუბაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა. რამაზ ბოლქვაძეს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მან კიდევ ერთწლიანი ვადა სთხოვა.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დეპუტატების ორგანიზაციის თხოვნა გაითვალისწინა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი 12 თვით გადაუვადა.

„თანალმობა“ დეპუტატმა ფატი ხალვაშმა 2015 წლის მარტში დააფუძნა, თანადამფუძნებლები არიან მისი კოლეგა კობა ნაკაიძე, ასევე დეპუტატის ძმა, ბიზნესმენი ნიაზ ხალვაში, შვილი – ზვიად ყურშუბაძე.

ფატი ხალვაში ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია. ვიდრე ის კოლეგასთან – კობა ნაკაიძესთან და ოჯახის წევრებთან ერთად ორგანიზაციას დააფუძნებდა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში თავად მონაწილეობდა იმ კონვენციების განხილვაში, რომელთა დამტკიცების შემდეგაც კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დღის ცენტრებისთვის, თითოეულ შშმ პირზე გარკვეულ დაფინანსებას ითვალისწინებს.

„ …ამ საკითხების განხილვის დროს აღმოვაჩინე, რომ იყო დღის ცენტრებიც. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცოდი, რომ დღის ცენტრები არსებობდა, ეს არის დღის ცენტრი შშმ პირებისთვის – 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც თანხას გამოყოფს სახელმწიფო. ვინაიდან მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ჩავთვალე თავი მოვალედ შემესწავლა რა მდგომარეობა იყო ქობულეთში. იქ ამ პერიოდისთვის არ ყოფილა და ახლაც არ არის დღის ცენტრი, მსგავსი მომსახურებით. ამიტომ გადავწყვიტე რაღაც მომეფიქრებინა, რადგან აღმოჩნდა, რომ 250-ზე მეტ ბავშვს სჭირდებოდა ამ მიმართულებით დახმარება“, – ამბობს დეპუტატი.

ფატი ხალვაშის თქმით, ვიდრე ამ პროექტის წამოწყების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან მოიარა სხვა დღის ცენტრები და შესაბამისი კონსულტაციები აჭარის მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრთან, ნუგზარ სურმანიძესთანაც გაიარა.

დეპუტატი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ შენობას ბიზნესის შემოწირულობების ხარჯზე არემონტებს:

„დღის ცენტრებს, ძირითადად, საზოგადოება და ბიზნესსექტორი აფინანსებს, ორგანიზაცია NDI-მ გამიწია კონსულტაცია, რომ ვინაიდან ეს არ არის კომერციული პროექტი, შეგიძლიათ სხვადასხვა ჯგუფს გააცნოთ პროექტი და დახმარება სთხოვოთო. ბიზნესსექტორი ორგანიზაციას სამშენებლო მასალებითა და ფიზიკური შრომითაც დაეხმარა.“

დეპუტატის ინფორმაციით, „თანალმობა“ დღის ცენტრის გახსნის შემდეგ  სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებადაც მიმართავს. კანონმდებლობით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ თითოეულ შშმ ბავშვს [დღის ცენტრის მიერ გაწეულ მომსახურებას], სახელმწიფო დღეში 18 ლარით აფინანსებს.

დღის ცენტრის გახსნა სახელმწიფოსა და ბიზნესის დახმარებით, რატომ არ უქმნის უხერხულობას, მით უმეტეს, როცა ეს თემა საზოგადოებისთვის სენსიტიურია და მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად შეიძლება გამოდგეს; შეძლებდა თუ არა სხვა პირი იგივე წარმატებით სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ ქონების მიღებას მსგავსი მიზნებისთვის ? – დეპუტატ ფატი ხალვაშს ეს კითხვები აკვირვებს.

„ … მე ყველაფრით ვაჭრობა არ შემიძლია, ეს არ არის ისეთი დიდი პროექტი, რომ მასები მოიცვას და პოლიტიკური იყოს. ეს არის ძალიან სენსიტიური და საჭირო თემა. მივესალმები თუკი ამას ვინმე გაუწევს ლობირებას და გააკეთებს. თქვენ ალბათ გაცნობილი არა ხართ იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც არსებობს იმ ოჯახებში, სადაც, მაგალითად, ტყუპები შეეძინათ და ორივე შეზღუდული შესაძლებლობისაა. როცა დავიწყე შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მძიმე ტვირთია“, – უთხრა ფატი ხალვაშმა „ბათუმელებს“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ შენობის გადაცემა უსასყიდლოდ ან სხვა სახის მხარდაჭერა უმჯობესია ხორციელდებოდეს კონკურსის წესით, თავიდანვე იყოს ცნობილი ამის შესახებ, რადგან შესაძლებელია სხვასაც აინტერესებს/უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით, ან სულაც  უკეთესი შეთავაზება აქვს:

„ამის [კონკურსის] გამოცხადებას წინასწარი კვლევა და ინფორმირება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ემსახურება რომელიმე ჯგუფს, ვგულისხმობ ქონების მიმღებს და არა მომხმარებელს ცხადია, აქ კიდევ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი, მაგალითად, ეს ა(ა)იპი როდის არის დაფუძნებული და დაფუძნებიდან  რა ვადაში აქვს მიღებული ქონება. თუ ეს ა(ა)იპი არ არის გამოცდილების მქონე და წლების განმავლობაში ნამუშევარი არ აქვს ამ მიმართულებით, ანუ ეს ხდება დროის მცირე მონაკვეთში, ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება ეს თემა წინასწარვე იყო შეთანხმებული“.

 

 

 

Belhouse-ში სრულ კოლექციაზე 40%-იანი ფასდაკლებაა

ავეჯის სახლი „ბელჰაუსი“ 10 ივლისამდე, საქართველოში არსებულ ყველა ფილიალში ავეჯის სრულ კოლექციაზე 40 %-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

„ბელჰაუსი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია იმ მომხმარებელთა შორის, რომლებიც უპირეტასობას ანიჭებენ ხარისხს, ფასსა და მრავალფეროვნებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვიპოვეთ ფეისბუქზე: ბელჰაუსი Belhouse

ან გვეწვიეთ  მისამართებზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N88, ბათუმი მოლი, მე-3 სართული.

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N14 ; თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N11; თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი N12

ტელ.: +995 32 230 95 50

ტერორიზმის თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ცენტრი განმარტებას აკეთებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე  არგუმენტირებულ ესესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში თემები არგუმენტირებული ესესათვის პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე შეირჩა. აბიტურიენტებს მოეთხოვებოდათ ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ტერორიზმის შესახებ მსჯელობა. ამ ტიპის დავალების მიზანი აბიტურიენტის კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის შეფასებაა.

რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ.

ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია.

კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები.
დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს“-ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებაში.

ცენტრი ასევე განმარტავს: რაც შეეხება დავალების წყაროს: Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონი („…ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“) https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=2683
დავალების სრულად გაეცნობისა და ობიექტურად შეფასებისათვის გთავაზობთ ბმულს: https://naec.ge/…/kartulienadaliteratura-IV-Varianti-2018.p…

ბათუმში „ლაზიკა კაპიტალის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, კ. გამსახურდიას 51-ში, „ლაზიკა კაპიტალის“ მე-18 ოფისი გაიხსნა. აჭარის რეგიონში „ლაზიკა კაპიტალის“ ხუთი ოფისია: სამი ბათუმში, ორი კი – ხულოსა და ქობულეთში.

გარდა სესხის მიღებისა და ფულადი გზავნილებისა , მომხმარებლებს „ლაზიკა კაპიტალის“ უკვე ახალ ფილიალში შეუძლიათ ისარგებლონ ვალუტის გაცვლისა და კომუნალური გადახდების მომსახურებითაც.

ბათუმში, კ. გამსახურდიას 51-ში, „ლაზიკა კაპიტალის“ მე-18 ოფისი გაიხსნა

გიორგი წულეისკირი, „ლაზიკა კაპიტალის“ კომერციული დირექტორი:

„კომპანიის მეხუთე ფილიალი გავხსენით უკვე აჭარის რეგიონში. 20 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე „ლაზიკა კაპიტალი“ და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრომიმართულების განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვისაა მნიშვნელოვანი. ბათუმის ამ ახალ ფილიალში დასაქმდება 15-ზე მეტი თანამშრომელი და რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზრდება.

ჩვენი უპირატესობა მომსახურების მაღალი ხარისხი და პროდუქტების ყველასთვის ხელმისაწვდომობაა. სესხებს გავცემთ ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. გვაქვს საოპერაციო მომსახურებაც: მომხმარებლებს შეუძლიათ ფულადი გზავნილებით და სწრაფი კონვერტაციებით სარგებლობა“.

ბათუმში, კ. გამსახურდიას 51-ში, „ლაზიკა კაპიტალის“ მე-18 ოფისი გაიხსნა.
ბათუმში, კ. გამსახურდიას 51-ში, „ლაზიკა კაპიტალის“ მე-18 ოფისი გაიხსნა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“  ქსელი დასავლეთ საქართველოშია წარმოდგენილი. კომპანიას აქვს გონივრული საპროცენტო განაკვეთი, რასაც დაინტერესებული მომხმარებლების რაოდენობის მზარდი ტენდენცია ადასტურებს.

„ლაზიკა კაპიტალი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქართველოში და ამ ბაზარზე უკვე საკუთარი, ურყევი ადგილი აქვს დამკვიდრებული.

მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიაში 300-მდე თანამშრომელია დასაქმებული, მათგან 70-75 პირი მუშაობს ,,ლაზიკა კაპიტალის“ აჭარის ფილიალებში.

მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალი“ 2000 წელს დაარსდა და 2007 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას ეწევა. კომპანიის ძირითადი მისია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში საკუთარი წვლილის შეტანაა.  18 წელია „ლაზიკა კაპიტალი“ დაბალ და საშუალოშემოსავლიან მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება

კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკვე დაასრულა, თუმცა დეპუტატებს დღის ბოლომდე ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე შეჯერდა. ინფორმირებული პირების თქმით, თუ რაიმე სახის „ფორსმაჟორი არ მოხდა“, მმართველი პარტია რიჟვაძის კანდიდატურას დღეს ან ხვალ ღიადაც დაასახელებს.

ჯერჯერობით სასურველი კანდიდატი არ ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ „პრეზიდენტს გამბედაობა არ ეყოფა თავისი კანდიდატი წარმოადგინოს“. „ევროპული საქართველო“ კანდიდატის დასახელებას არ აპირებს და საზოგადოების ჩართვას ითხოვს კანდიდატის შერჩევის პროცესში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს მას შემდეგ, როცა იგი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გაივლის. კანდიდატს უმაღლესი საბჭო უყრის კენჭს. თუკი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატს უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს ამ ორგანოს დათხოვნა შეუძლია.

„პრეზიდენტი უნდა იყოს პრინციპული. სხვა შემთხვევაში იგი იქნება „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული და მისი ლიდერების ახირებაზე ორიენტირებული,“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი. ეს პარტია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტისთვის თავისი კანდიდატურის შეთავაზებას არ აპირებს. პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი, პირველ რიგში, საზოგადოების აზრით უნდა დაინტერესდეს.

„ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და ვნახავთ, რამდენად ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. შეძლებს თუ არა იგი წარადგინოს კანდიდატურა, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მოწონებას. ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა გამოავლინოს კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტიურმა სამოქალაქო ჯგუფებმა და ეს საკითხი არ უნდა წყდებოდეს სადღაც თბილისში, ხელისუფლების კულუარებში. გააკეთონ გამოკითხვები, 21-ე საუკუნეა, ფეისბუქის ერაა და მარტო კაბინეტში არ უნდა წყდებოდეს საკითხი. შეხვდეს პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას, იქაც დასახელდება კანდიდატები. ვინ არის ღირსეული, ეს მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის,“ – აღნიშნავს პეტრე ზამბახიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ჩართული არ არის. პრეზიდენტს კანდიდატის დასასახელებლად არც უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. პეტრე ზამბახიძე შენიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის შერჩევის ეს მოდელი ახალ პრეზიდენტზე გათვალა და ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს.

„არ ეგონათ, რომ ზურაბ პატარაძე წავიდოდა და გიორგი მარგველაშვილს მოუწევდა აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის დასახელება. უმრავლესობის თანხმობა არ ჩაწერეს, რადგან იყო გათვლა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს შესაძლოა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აღარ ჰყოლოდა. პრეზიდენტს უფლებამოსილება ეწურება, მაგრამ ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად წავა იგი რისკზე,“ – დასძენს პეტრე ზამბახიძე.

„პარტიის შიგნით გვექნება კონსულტაციები და შემდეგ გვექნება პოზიცია. კანდიდატი შეიძლება არც გვყავდეს. ჯერჯერობით არანაირი კონსულტაცია პარტიის შიგნით არ მიმდინარეობს,“ – ამბობს გია აბულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მისი შეფასებით, კონსულტაციებს მმართველ პოლიტიკურ გუნდში მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი აქვს. „რეალურად ყველა ელოდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. უფრო კულუარული განხილვებია და არა კონსულტაციები. ისინი მიიღებენ დავალებას, რომელსაც შეასრულებენ,“ – ამბობს ის.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა – ზაზა ოქუაშვილმა და გიორგი ცინცქილაძემ. ამ დრომდე უცნობია ამ პოლიტიკური ძალების პოზიცია, ეყოლებათ თუ არა თავიანთი კანდიდატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან მომდევნო კვირაში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართავს. მისივე თქმით, პრეზიდენტი ბათუმში აპირებს ჩამოსვლას.

ესეი ტერორიზმის შესახებ ეროვნულ გამოცდებზე – პედაგოგის შეფასება

„ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება.  გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება”.

„როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმე ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი“.

აღნიშნული დავალება აბიტურიენტებმა 2018 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე მიიღეს. სოციალურ ქსელ ფეისბუკში ესეის თეზისს, ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ თეზისი აბიტურიენტს უბიძგებს გაამართლოს ტერორიზმი, როგორც „პრობლემის გადაჭრის უკიდურესი საშუალება“.

ფეისბუკში მოქალაქეები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ  გამოცდების ეროვნულმა ცენრმა მათი აზრით, ტერორიზმი როგორც პრობლემის „გადაჭრის“ საშუალება, ისე წარმოაჩინა.

არის თუ არა აღნიშნული თეზისი პრობლემური გააზრების თვალსაზრისით და რამდენად მკაფიოდ არის ნაჩვენები დავალების მიზანი? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, განათლების სპეციალისტს ნინო ლომიძეს ესაუბრა.

შეიცავს თუ არა ტერორიზმის ამგვარი ფორმულირება იმის რისკებს, რომ მსჯელობა წავიდეს ტერორიზმის გამართლებისკენ?

„მე გავამახვილებდი ყურადღებას მოცემული დავალების სირთულეზე, რადგან ცოტა რთული გასაგებია, კონკრეტულად რის შესახებ მსჯელობას ითხოვს ეს თეზისი და რამდენად არის დაკავშირებული პირველი თეზისი – „ტერორიზმი არის რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება“, მეორე სამსჯელო თეზისთან, – „როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას“. ცოტა კავშირი მაფიქრებს, თუ რამდენად გასაგებად არის ჩამოყალიბებული.

თეზისის შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება,  ესეის ერთი დიდი დადებითი მხარე ის არის, რომ მოსწავლეს არ მოეთხოვება დათანხმება ან არდათანხმება, არამედ საკუთარი მოსაზრების წარმოჩენა. შესაბამისად, მოსწავლეს შეუძლია არ გაიზიაროს ან ერთი, ან მეორე შეხედულება“, – ამბობს ნინო ლომიძე.

მისი აზრით, თუკი ეროვნულ გამოცდაზე დაწერილი ესეის დიდ ნაწილში ტერორიზმი იქნება წარმოჩენილი, როგორც „პრობლემის გადაჭრის უკიდურესი საშუალება“, ეს იქნება კარგი ინდიკატორი იმის, თუ რა ღირებულებებს ვასწავლით და როგორ აზროვნებას ვუყალიბებდით ადამიანებს 12 წლის მანძილზე:

„ამ თეზისის პრობლემა გამოიკვეთება მაშინ, თუკი აბიტურიენტების დიდი ნაწილი თავის არგუმენტებს ტერორიზმის გასამართლებლად გამოიყენებს“.

ნინო ლომიძის თქმით, გაკვეთილებზე შეიძლება ნებისმიერ თეზისზე უხდებოდეს მოსწავლეს მსჯელობა, მათ შორის ისეთ მიუღებელ საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა მკვლელობა:

„ვთქვათ, რამდენად შეიძლება ყოფილიყო გამართლებული ნესტანის და ტარიელის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი კლავენ ნესტანის საქმროს. ასეთი მსჯელობები კლასში გაკვეთილზე მიმდინარეობს. ამიტომ, საკუთრივ ამ ფორმულირებაში ვერ ვხედავ პრობლემას, უფრო თეზისის სირთულეშია პრობლემა, თუ რამდენად გასაგებად არის ჩამოყალიბებული გასააზრებელი საკითხი“.

კითხვაზე, შეფასდება თუ არა ესეი მაღალი ქულით, თუკი მსჯელობა ტერორიზმის გამართლებისკენ წარიმართება? ნინო ლომიძე ამბობს, რომ გამსწორებელი ასწორებს არა პოზიციის სისწორეს ან მართებულობას, არამედ არგუმენტების სიმყარეს:

„კრიტერიუმებში ასეა გაწერილი და არსად არ არის მითითებული, რომ აზროვნების ან შეხედულებების სისწორეს ამოწმებს ვიღაც. თუკი ამ კრიტერიუმით შეფასდება, ეს დაუშვებელია. თუნდაც ეს პოზიცია იყოს მიუღებელი“.

ნინო ლომიძის აზრით, მისაღები გამოცდები ღირებულებების თემაზე ვერ იმუშავებს, ეს უნდა იყოს 12 წლის განმავლობაში სამუშაო საკითხი, კურუკულუმებში, გაკვეთილებზე, მეთოდიკებში, ტექნიკებსა და სახელმძღვანელოებში: „ის, რასაც ესეიში დავინახავთ, უკვე პროდუქტია და შედეგია. თუკი ეს შედეგი არ მოგვწონს, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მათ [მოსწავლეებს] სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბდეთ“.

პედაგოგის თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმებში და მიზნებში ასეც არის გაწერილი, მაგრამ მსგავსი საკითხები, იქნება ეს ტერორიზმი, ქსენოფობია, გენდერული საკითხები თუ სხვა, სიღრმისეულად არ ისწავლება სკოლაში და ამის ბევრი მიზეზი არსებობს:

„პროგრამული მასალა არის დიდი და მასწავლებელი იძულებულია გადაირბინოს, შინაარსობრივი მხარე რომ მოასწროს. ამიტომ მსჯელობისთვის, სიღრმისეული გააზრებისთვის და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის დრო ნაკლები რჩება“.

ლომიძის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ სკოლებში ძალიან ცოტა დრო ეთმობა არგუმენტირებული თუ შეპირისპირებული ესეის წერას.

„რეპეტიტორების ინსტიტუტი ჩვენთან იმიტომაც არის მომძლავრებული, რომ აცდენაა სასკოლო და ეროვნული გამოცდების პროგრამებს შორის. თუმცა თუკი მასწავლებელი 12 წლის განმავლობაში სწორად მუშაობს, იგივე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე, ყველა ის უნარი, რაც მოეთხოვება აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებზე, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს“.

პედაგოგის თქმით, აბიტურიენტების მიერ დაწერილი ესეების კვლევა და ანალიზი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ამ ყველაფერმა შეიძლება კარგად აჩვენოს ამ თაობის ღირებულებათა სისტემა.

 

რა ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში აჭარაში და ქალაქ ბათუმში ძირითადად ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

6-7 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი 
  • ღამით: 18-23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი 
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, ტალღის სიმაღლე – 7-12 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს  უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ივნისში საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 105 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით კი 65 ფაქტი დაფიქსირდა.

დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2572 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 100 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 16 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

საგამოძიებო სამსახურმა შებოლილი თევზის ფალსიფიცირების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების,  ე.წ. შებოლილი „მოივას“, „სტავრიდას“ და „სკუმბრიას“ წარმოება ხდებოდა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე, შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
Exit mobile version