მთავარი,სიახლეები

როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს

02.10.2018 • 4551
როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ოქსოდეგრადირებადი, ასევე, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის [ცელოფნის] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები კი 2019 წლის პირველი აპრილიდან მთლიანად აიკრძალება და დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები.

ბიოდეგრადირებადი პარკები არ არის იდეალური გამოსავალი მაგალითად, ზღვებისა და ოკეანეებისთვის. ასეთი მასალისგან დამზადებული პარკი წყალში იძირება და ზღვის ფსკერზე მისი დაშლა არ ხდება.

„თუ გარემოზეა საუბარი, უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფოს არა პარკების აკრძალვაზე, არამედ მათ შეგროვებაზე ეფიქრა, ვინაიდან ცელოფნის ალტერნატივა არის მუყაო, რომლის დამზადებასაც ხე-ტყე სჭირდება და ამ კუთხითაც თუ შევხედავთ, სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ცელოფანი, პლასტმასი განახლებადი პროდუქტია, რომელსაც შესაბამისი დანადგარებით გადაამუშავებ და ხელახლა იღებ პროდუქციას. დღეს საწარმოებს არ უღირთ მეორადი პარკებისა თუ ბოთლების ჩაბარება, იმიტომ, რომ ისეთი ფასებია, თავის მხრივ, მოსახლეობას არ უღირს მისი შეგროვება და ჩაბარება [ჯართისგან განსხვავებით]. მაგრამ საწარმოს მიერ დადებულ ფასს რომ სახელმწიფომ რაღაც თანხა დაამატოს, მოსახლეობას მოტივაცია გაეზრდებოდა და ნარჩენ მასალებს ჩააბარებდა,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე, რომელიც ქობულეთში ცელოფნის პარკების საწარმოს ამუშავებს.

მისივე თქმით, მსგავსი მეთოდი ევროპის ქვეყნებში აპრობირებულია, სადაც მეორადი ნედლეულის მიღებაზე სახელმწიფო გარკვეულ თანხას ამატებს:  „მაგალითად, 33 ცენტად თუ იყიდება გერმანიაში წყალი პლასტმასის ბოთლში, 25 ცენტად ბარდება უკან ცარიელი ბოთლი. საწარმოს 25 ცენტის გადახდა, რა თქმა უნდა, არ უღირს, ურჩევნია სხვა ნედლეული იყიდოს,  ვინაიდან გადამუშავებას თავისი ხარჯი აქვს. 25 ცენტიდან კი 10 ცენტს იხდის საწარმო და 15 ცენტს სახელმწიფო ამატებს, ასეთ შემთხვევაში უღირს საწარმოს მიიღოს უკვე გამოყენებული ბოთლები. თუმცა, სამოქალაქო განათლების ამაღლებაც საჭიროა მომხმარებლებში, რომ არა მარტო ჩააბაროს და ფული აიღოს, არამედ მან უნდა იცოდეს, რომ შეაგროვოს ასეთი მასალები, რათა ნაგავსაყრელზე, გარემოში არ მოხვდეს. თუ ეს ორი კომპონენტი იმუშავებდა, ვფიქრობ, რომ ცელოფნის ამოღება არ იქნებოდა საჭირო“.

ნარჩენების სეპარაცია, ანუ გადარჩევა [გამოცალკევება] და შეგროვება 2019 წლის თებერვლიდან მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. მათ ამას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ავალდებულებს. ძირითადად, უნდა მოხდეს ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და ლითონის გამოცალკევება.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას 2019 წლისთვის მაინც პილოტური ხასიათი ექნება და ის რამდენიმე მსხვილ ქალაქში დაიწყება: „არის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც ნიშნულებია გაწერილი, რასაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ გარკვეულ პერიოდში. ძირითად ათვლის წერტილებად აღებულია 2020, 2025 და 2030 წელი. პარალელურად უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის მიჩვევა, რომ სეპარირებული იქნეს ნარჩენები და შესაბამისად, ისინი სხვადასხვა კონტეინერში ჩააგდონ“.

„ახლა ვმუშაობთ, თუ რამდენი კონტეინერი დაგვჭირდება ამისთვის, რამდენი გადამზიდავი მანქანა. იქნება თუ არა საჭირო დამატებით ადგილების გამოყოფა, სადაც ხელახალი გადარჩევა მოხდება ნარჩენების, ვინაიდან მოსახლეობამ შეიძლება მაინც აურიოს ეს ნარჩენები. სამინისტრო არ მუშაობს აჭარის რეგიონსა და თბილისზე. თუ რა და რამდენი იქნება საჭირო, ამას USAID-ის პროექტის ფარგლებში დაითვლიან. დედაქალაქსა და აჭარაში ეს პროექტი მუშაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ალვერდ ჩანქსელიანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი.

კოდექსით არის მეორე ვალდებულებაც, რომელიც მეწარმეებს შეეხება და რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შედის. ეს არის ე.წ. „წარმოების გაფართოებული ვალდებულება“, ანუ მწარმოებლის ვალდებულება, მის მიერ წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენები თავად შეაგროვოს და გადაამუშაოს.

მაგალითად, თუ მეწარმე ცელოფნის პარკს ან პოლიეთილენის ბოთლებს აწარმოებს, ის თავად იქნება ვალდებული შეაგროვოს მეორადი პარკები და ბოთლები და მიიტანოს გადამამუშავებელ საწარმოში.

„შეფუთვის ნარჩენების შეგროვებაში „წარმოების გაფართოებული ვალდებულება“ ნაწილობრივ გადაფარავს სეპარირებული შეგროვების სისტემას და გარკვეული თანამშრომლობა ჩამოყალიბდება მეწარმეებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. მომავალი წლის დეკემბრის ბოლოდან სეპარირება-შეგროვებას ექვემდებარება „შეფუთვის ნარჩენები [პარკები, ბოთლები, როგორც პლასტმასის ასევე ლითონის], აკუმულატორები, ბატარეები, ნახმარი ზეთები, საბურავები, მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, ასევე, ელექტრონული მოწყობილობები. კანონი მიუთითებს, რომ ეს შეგროვება უნდა განახორციელოს მწარმოებელმა ინდივიდუალურად ან კოლექტიურად,“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

მისივე თქმით, ევროპაში კოლექტიური მეთოდია მიღებული, როცა მსგავსი საწარმოები ერთიანდებიან, აკეთებენ არამომგებიან აიპ-ის მსგავს ორგანიზაციას, რომელიც შემდეგ ნარჩენების შეგროვების და გადამუშავების მენეჯმენტს ახორციელებს.

„მეწარმეს ექნება შენატანი იმ ორგანიზაციაში – მის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის და გადამუშავების სირთულის მიხედვით. ეს პროდუქციას გარკვეულწილად გააძვირებს, თუმცა არა იმდენად, რომ რიგით მომხმარებელზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სამაგიეროდ, ფინანსების აკუმულირება ხდება ერთ სივრცეში, რომელიც შემდეგ მოხმარდება ნარჩენების გამოცალკევებას და მის პირველად თუ შემდგომ გადამუშავებას“ – ამბობს ჩანქსელიანი.

ამ მექანიზმსა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაზე სამინისტრო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობს. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, წლის ბოლომდე იქნება ყველა ნორმატიული აქტის პროექტი და მთავრობას შეთავაზებენ  განსახილველად: „აქ დეტალურად იქნება გაწერილი რა ვალდებულება ექნება მწარმოებელს. როგორი ორგანიზაცია უნდა შექმნას, ის ორგანიზაცია როგორ უნდა დარეგისტრირდეს, როგორი იქნება მისი ფინანსური ინსტრუმენტები ზოგადად, მონიტორინგის სისტემა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს მუნიციპალიტეტი მასთან და ა.შ“.

მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის [ამოცანა სამოქმედო გეგმიდან]:

რაც შეეხება შეფუთვის მასალების ჩაბარებას, ალვერდ ჩანქსელიანი ამბობს, რომ ეს არის ე.წ. დეპოზიტის სისტემა, რომელიც „წარმოების გაფართოებული ვალდებულების“ ქვეშ მოიაზრება:

„არის წარმოების გაფართოება დეპოზიტის გარეშე და დეპოზიტით. როცა კონტეინერები განთავსებულია მოსახლეობისთვის ხელსაყრელ ადგილებში, მოსახლეობას გამოაქვს სეპარირებული ნარჩენები, ყრის შესაბამის კონტეინერში და შემგროვებელს მიაქვს გადასამუშავებელ საწარმოში – ესაა დეპოზიტის გარეშე. მეორე კი, ამასთან ერთად როცა არის დეპოზიტის სისტემაც, ანუ შეგიძლია მაგალითად ბოთლები შეაგროვო, შესაბამის პუნქტში ჩააბარო და მიიღო თანხა. ევროპის ზოგ ქვეყანაში არის ეს სისტემაც. დგას შესაბამისი მიმღები დანადგარი, სადაც სოციალურად დაუცველთა თუ სხვა ანგარიშებიცაა გამოკრული. თუ შენ ვალდებულება შეასრულე, მიიტანე ვთქვათ ბოთლები ჩააბარე და ეს თანხა არ გჭირდება, შეგიძლია თანხა, რაც გეკუთვნის, იქვე გადარიცხო რომელიმე ანგარიშზე. ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ ყველგან არა“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მუშაობენ იმაზეც, თუ რომელი სისტემა იქნება მისაღები საქართველოსთვის – დეპოზიტით, თუ დეპოზიტის გარეშე.

„შესაფუთი ნარჩენების მიღების ფასი ისეთი უნდა იყოს, რომ პირს უღირდეს შეგროვება და ჩაბარება. კანონი არ კრძალავს ისეთი კომპანიების არსებობასაც, რომლებიც იმუშავებენ დახარისხებული ნარჩენების მიღებაზე, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი ავტორიზაცია და ლიცენზია გარემოს სამინისტროსგან. ასეთი რამდენიმე საწარმო დღესაც არის. 2020 წლიდან კი ასეთი საწარმოებს მოუწევთ ითანამშრომლონ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებთან. ეს თანამშრომლობა კი იქნება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

ნაჩენების შეგროვების ვალდებულება დაეკისრება ადგილობრივ მეწარმეს, ასევე იმპორტიორს, რომელთა ადგილზე წარმოებულ თუ იმპორტირებულ პროდუქტებსაც ექნება სპეციფიკური ნარჩენები, რომლებიც სეპარირებას ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/50086/#sthash.uCh1izry.dpbs

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: