მთავარი,სიახლეები

სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა

01.10.2018 • 9097
სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა

რამდენიმე საჯარო სკოლამ სპეციალური მასწავლებლის ასაყვანად კონკურსი განათლების მინისტრის ახალი ბრძანების შემდეგ გამოაცხადა. სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად მუშაობენ, განათლების სამინისტრომ პარალელურ რეჟიმში გაკვეთილების ჩატარება აუკრძალა. ზოგიერთმა სპეცპედაგოგმა მასწავლებლობა არჩია.

„სპეცპედაგოგები საქმეს ვეღარ აუდიან, ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება სპეცმასწავლებელი. რამდენიმე სკოლის დირექტორმა მითხრა, ჩვენ რა ვქნათო… ბავშვი აუტისტია. რეპეტიტორებთან მუშაობის დროს შედეგი გვქონდა, ფსიქოლოგთანაც დავდიოდით. საჯარო სკოლაშიც ჩანს სურვილი, რომ დაგვეხმარონ, მაგრამ ამის რესურსი არაა, ბავშვს მკვეთრად დაეტყო უკუსვლა,“ – ეს ერთ-ერთმა მშობელმა გვითხრა, ვისი შვილიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა.

სპეციალური საგანამანათლო საჭიროების  სტატუსის მქონე რამდენი მოსწავლეა ქვეყნის მასშტაბით და რამდენი სპეციალური მასწავლებელი? – „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოითხოვა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქართველოში დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 7981 ბავშვი დადის სკოლაში, მათ კი 952 სპეცმასწავლებელი ემსახურება.

ბათუმში 26 საჯარო სკოლის შესახებ მოგვაწოდა მონაცემები განათლების სამინისტრომ. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში სულ 297 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა და 34 მასწავლებელი.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე“, განათლების შესახებ კანონის მიხედვით, ნებისმიერი ბავშვია, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდი იღებს. ამ გუნდის წევრი ბათუმიდან, ფსიქოლოგი ციალა ტუღუში ამბობს, რომ რეალურად გაცილებით მეტ ბავშვს სჭირდება სპეცმასწავლებლის დახმარება, თუმცა ხშირად მშობლები წინააღმდეგნი არიან.

„სკოლის დირექტორებიც ამბობენ, რომ რეალურად ბევრს სჭირდება დახმარება, მაგრამ კანონი ისეა, რომ თუკი მშობელი წინააღმდეგი წავა, მხოლოდ სკოლა და ჩვენ ვერ მივანიჭებთ ამ სტატუსს მოსწავლეს… სპეციალური საჭიროება არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობას. პირიქით, შესაძლოა ბავშვი შშმ პირი იყოს და შესანიშნავი შედეგი ჰქონდეს სწავლაში,“ – გვიყვება ციალა ტუღუში, საქართველოს განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი.

ახალი სასწავლო წლიდან სპეცმასწავლებლებისთვის რეალობა შეიცვალა: მათ გაკვეთილების ჩატარების უფლება აღარ აქვთ და არ უნდა იმუშაონ ხუთზე მეტ ბავშვთან. სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარამდე გაიზარდა.

შეზღუდვა დაწესდა მოსწავლეთა რაოდენობაზეც – სკოლამ სპეციალური საჭიროების ყოველ ხუთ მოსწავლეზე ახალი სპეციალური მასწავლებელი უნდა აიყვანოს. შეფასების დოკუმენტით კი ინდივიდუალური საჭიროებები განისაზღვრება: მაგალითად, ფსიქოლოგის ჩართვა, მეტყველების თერაპევტი და ასე შემდეგ.

განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში რთული არ არის იპოვო სკოლა ბათუმში, სადაც სპეციალური მასწავლებლის რაოდენობა ბევრად მცირეა, ვიდრე კანონით არის ეს გათვალისწინებული.

„სამი სპეცმასწავლებელი გვყავდა და ახლა ერთია მხოლოდ დარჩენილი, ჩვეულებრივი პედაგოგობა არჩიეს, დანარჩენზე ვაკანსია მაქვს გამოცხადებული,“ – გვითხრა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ეცადეიშვილმა. ამ სკოლაში სულ 16 მოსწავლეა სპეციალური საჭიროების მქონე. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ სკოლაში 20 მოსწავლეა სპეციალური საჭიროების მქონე, სპეცმასწავლებელი – 3.

„განახლებული არაა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია. 20 იყო, მაგრამ ზოგიერთმა შეწყვიტა სწავლა,“ – ამბობს დავით ეცადეიშვილი.

კონკურსი სპეცმასწავლებლის შესარჩევად გამოუცხადებია ბათუმის მეშვიდე სკოლასაც. აქ 26 მოსწავლესთან მხოლოდ ორი სპეცმასწავლებელი მუშაობს. სკოლის დირექტორის, მანანა ქონიაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამატებით ორი ფსიქოლოგი მუშაობს ბავშვებთან.

სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებად საჭიროა პედაგოგის კვალიფიკაცია და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის სპეციალური მომზადების კურსის გავლა.

ციალა ტუღუში, განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვერ გეტყვით, რომ ამ კონკურსებით სკოლა შეარჩევს პედაგოგს, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს უმაღლესი განათლება. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამა სპეციალური საჭიროების მქონე განათლებაზე ჯერ კიდევ არ არსებობს. ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა სამაგისტრო პროგრამა და ისიც შეჩერდა. არ ვიცი, რატომ.

სპეციალური გადამზადების კურსები გავლილი აქვთ იმ პედაგოგებს, რომლებიც სპეციალურ მასწავლებლად ამ დრომდე მუშაობდნენ. ახლა ამ პედაგოგების დაახლოებით ნახევარმა ჩვეულებრივი პედაგოგობა არჩია.  შესაბამისად, არ არსებობენ პედაგოგები, რომლებსაც საკუთარი ინციატივით აქვთ ეს კურსი გავლილი და ახლა კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ აქამდე ზოგიერთი სპეციალური მასწავლებელი განათლებით ფსიქოლოგი იყო. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, აუცილებლად განათლებით პედაგოგი უნდა იყოს სპეციალური მასწავლებელი,“ – აღნიშნა ციალა ტუღუშმა „ბათუმელებთან“.

მულტიდისციპლინარული გუნდის წევრს მოლოდინი აქვს, რომ კონკურსში პედაგოგები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის გადაამზადებენ. ციალა ტუღუშის თქმით, ინტენსიური გადამზადების პროგრამის გავლას თვენახევარი მაინც სჭირდება.

ახალ სასწავლო წლამდე სპეციალური მასწავლებლები 6-6 მოსწავლესთან მუშაობდნენ. „მე თუ მკითხავთ, ხუთიც ბევრია, მაგრამ ესეც წინგადადგმული ნაბიჯია, რაღაცები იხვეწება,“ – დასძინა ციალა ტუღუშმა.

როგორ წარმოუდგენია საქართველოს განათლების სამინისტროს სპეციალური მასწავლებლების პრობლემის მოგვარება? – კითხვით სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ და პასუხისმგებელი პირის კომენტარი მოვითხოვეთ. სამუშაო დღის ბოლომდე განათლების სამინისტროს განმარტება არ მოუწოდებია.

კიდევ ერთი სიახლე: ზოგადი განათლების შესახებ კანონში 20 ივლისიდან ამოქმედბეული ცვლილების მიხედვით, სპეციალურმა მასწავლებელმა, რომელიც მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობს, 2022 წლის იანვრამდე უნდა ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა.

_____________________

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/weekly1/36421/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: