მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვა სახელმწიფომ 17 ბავშვი და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

02.10.2018 • 2171
რატომ დატოვა სახელმწიფომ  17 ბავშვი  და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ში, ძველის სკოლის შენობაში მცხოვრებ ექვს ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური შემწეობა შეუჩერა.

ოჯახებში ამბობენ, რომ მათთვის შემწეობა იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც საკვების შესაძენად  და გადასახადების გადასახდელად იყენებდნენ.

ხათუნა მიქელაძე მარტოხელა დედაა. სოციალური შემწეობით მიღებული 90 ლარი მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ოთახში, რომელშიც ხათუნა ცხოვრობს, იატაკი ამოყრილია, ორ ფანჯარაზე კი ცელოფანია აკრული. ერთი ცელოფანი დახეულია.

„სანამ სიცივე დაიწყება, იქნებ ცელოფანი ვიყიდო და ავაკრა. მაგრამ სოციალური თუ აღარ მოგვცეს, როგორ უნდა ვიყიდო, ესეც აღარ ვიცი.  მე თუ სოციალურს მომიხსნიან, მაშინ მითხრან როგორ ვიცხოვრო, ბავშვებს რა ვაჭამო?“ – კითხულობს ხათუნა.

ხათუნა მიქელაძე თავის საცხოვრებელ გარემოში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სოციალური აგენტი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოდან მემედ აბაშიძის 116-ში ორი დღის წინ მივიდა. სწორედ მისგან შეიტყვეს აქ მცხოვრებლებმა, რომ 6 ოჯახს სახელმწიფომ დახმარება შეუჩერა. სახლში, რომელშიც ადრე სკოლა იყო, თვითნებურად შესახლებული რვა ოჯახი ცხოვრობს. შენობაში საცხოვრებლად მინიმალური პირობებია. რვა ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია საერთო მრიცხველზე აღირიცხება. ოფიციალური მიზეზით ეს გახდა მათთვის დახმარების შეჩერების მიზეზი.

ნარიკო მიქელაძეც მემედ აბაშიძის 116-ში ცხოვრობს თავის ოთხ შვილთან ერთად. ისიც მარტოხელა დედაა და ბავშვებს მარტო ზრდის. ყველაზე უფროსი 15 წლისაა, უმცროსი – რვა წლის.

როცა მან სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ შეიტყო, ეს ამბავი არჩევნებს დაუკავშირა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რადგან არჩევნებია, ამ გზით უნდათ დაგვაშინონ, ხმა მოგვეცითო. აბა, რაზე მოხსნეს არჩევნებამდე დახმარება? ოფიციალურად გვითხრეს შუქის გამოო, მაგრამ არ მჯერა. მეზობელს, ხათუნა მიქელაძეს, სამი თვეა რაც აქვს სოციალური, მე – ხუთი თვეა. ჩვენ რომ დავინიშნეთ სოციალური, შუქი უკვე შემოყვანილი გვყავდა.

ან რატომ  დაგვინიშნეს და ან არჩევნების წინ რატომ მოგვიხსნეს?“ -კითხულობს ნარიკო მიქელაძე.

ნარიკო მიქელაძე თავის საცხოვრებელ სახლში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ის ამბობს, რომ სოციალურ დახმარებასთან ერთად უფასო სასადილოდან  საჭმელსაც იღებს.

„დახმარებაც რომ მომიხსნან და საჭმელიც, მერე არ ვიცი. ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ორი კიდევ გასაკეთებელი. ეს თუ მომიხსნეს, ბავშვებს როგორ მივხედო. თავისთავად მკვდრები არიან, ეგრე გამოდის. არც ბებია, არც ბაბუა, არც მამა. ერთადერთი სოციალური თუ მიხედავს. ეს ავეჯი, რასაც ხედავთ, ერთი ნაგავში ვიპოვე და მოვიტანე, მეორე – მაჩუქეს. აგენტის მოსვლის მეშინოდა, არის იმის შანსი, ახალი ნივთები შემოგიმატებიაო მითხრას. ახლა რა ვქნა?“ – კითხულობს ნარიკო მიქელაძე.

იმ ორი ოთახიდან, რომელშიც ცირა ზოიძე ცხოვრობს, ერთს სახურავი ნახევრად აქვს ახდილი. ცირა ორ დიდ ტაშტს გვაჩვენებს და გვიხსნის, თუ როგორ ცდილობს წვიმის დროს სახლი დატბორვას გადაარჩინოს.

„ოთხი ვართ ოჯახში. 260 ლარს ვიღებთ სოციალურ დახმარებას. თუ არ აღვიდგინეს, ალბათ შიმშილით დავიხოცებით. ზამთარი მოდის და ჯერ არ ვიცი, რითი უნდა გავთბეთ. ფული არ გვაქვს, რომ შეშა მოვიტანოთ,“ – ამბობს ცირა ზოიძე.

ცირა ზოიძე უყურებს ჭერს, რომლიდანაც წვიმა ჩამოდის

ვარდო მოწყობილი ერთადერთია დასახლებაში, ვინც პირველ ოქტომბერს საკუთარი ქულები გადაამოწმა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს მონაცემებით მისი სარეიტინგო ქულა 24150-ია. ამის მიუხედავად, მას დახმარება შეუჩერდა.

„სამი ბავშვი მყავს. 220 ლარს ვღებულობ, ეს თანხა ბავშვებისთვის პირველადი ნივთების შესაძენად და გადასახადებში მყოფნის. 10 ლარზე ვმუშაობ მთელი დღე, რომ საღამოს სახლში საჭმელი მოვიტანო. დახმარების გარეშე როგორ ვიარსებო?“ – კითხულობს ვარდო მოწყობილი.

ვარდო მოწყობილი

„ბათუმელებმა“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების უფროსს, თემურ ჭანტურიშვილს სთხოვა განემარტა მიზეზი, თუ რის გამო შეუჩერდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება. თემურ ჭანტურიშვილის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს.

„ყოველთვიურად თვის დასაწყისში ან თვის ბოლოს მოგვდის სიები შეჩერებული ოჯახების შესახებ, რომელზეც გამოიყოფა თითო ოჯახზე თითო სოციალური აგენტი და ეს აგენტი სწავლობს იმ პიროვნების პირობებს, დებს დეკლარაციას და ვაგზავნით ისევ თბილისში მისთვის თავიდან ქულების დასაწერად.

ცოტა ისეთი იყო ჩვენთვის, რომ ერთდროულად ერთ სახლში ექვს ოჯახს შეუჩერდა. ეს იყო გამონაკლისი, იშვიათი მომენტი. მაგრამ ამის გამართლებაც ვნახეთ ჩვენ. ესენი ყველა მიბმული არიან ერთ მრიცხველზე. გამომდინარე აქედან, ერთისთვის რომ გაჩერებულიყო და მეორესთვის არა, გამორიცხული იყო. შესასწავლია ის საერთო მრიცხველი და თავისთავად თავ-თავისი წილი რომელს რა აქვს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურიდან გამომდინარე. ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პროცესი,“ – განმარტავს თემურ ჭანტურიშვილი.

კითხვაზე, არის თუ არა ზღვარი დადგენილი, რა თანხას არ უნდა ასცდეს ოჯახი, სოციალური სააგენტოს უფროსი პასუხობს რომ არა.

„არ არსებობს ზღვრული თანხა, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმაროს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა საფასურს იხდის ელექტროენერგიაზე, ქულების დათვლაზე თავისთავად ახდენს გავლენას. ანუ ადამიანი, რომელიც მოგვმართავს სოციალურად დაუცველთა სიაში მოსახვედრად და სახელმწიფოდან ითხოვს თანხას და ამავდროულად 60-70 ლარს თვეში იხდის ელექტროენერგიისას, ისმება შეკითხვა, საიდან აქვს ეს ფული.  ანუ შენ გაქვს რაღაც შემოსავალი. ეს არის ერთ-ერთი მექანიზი გადაკონტროლების“.

თემურ ჭანტურიშვილის თქმით, გადამოწმების პროცესი ერთ თვეს გასტანს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვის აღუდგება დახმარება. ის ოჯახები, ვინც დახმარებას აღიდგენენ, გამოტოვებულ დახმარებასაც მიიღებენ.

მემედ აბაშიძის #116-ში სულ რვა ოჯახი, 33 სული ცხოვრობს. მათგან 17 ბავშვია. როგორც „ბათუმელებს“ იქ მცხოვრებმა უთხრეს, გასულ თვეში რვა ოჯახმა ჯამში 137 ლარის ელექტროენერგია მოიხმარა. თანხა სულადობის მიხედვით ნაწილდება. რაც ერთ სულზე 4.15 ლარს შეადგენს.

ძველი სკოლის შენობა, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: