მთავარი,სიახლეები

სავალდებულოა თუ არა მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე

03.10.2018 • 4533
სავალდებულოა თუ არა მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე

კომპანიები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბრამდე იყო, თუმცა 28 სექტემბერს იუსტიციის სახლებში რეგისტრაციის მსურველთა გრძელი რიგების გამო, მთავრობამ რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. 31 ოქტომბრიდან, დაურეგისტრირებლობისთვის, შესაბამისი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

რიგები ძირითადად გამოიწვია იმან, რომ იუსტიციის სახლებს რეგისტრაციისთვის მიმართა ყველამ, მიუხედავად იმისა, ეხებოდა თუ არა სავალდებულო რეგისტრაცია, კონკრეტულ განმარტებებს კი მეწარმეები რეესტრისგან ვერ იღებდნენ. საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ დღეს უთხრეს, რომ რეესტრი არეგისტრირებს ყველას, ვინც მას მიმართავს.

მოეთხოვებათ თუ არა მაღაზიებს, კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს ხელახალი რეგისტრაცია, რომლის ვადაც 30 ოქტომბერია? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მომსახურების სექტორს [მათ შორის მაღაზიებს, სუპერმარკეტებს, კაფე-ბარებს, რესტორნებს] ამ ეტაპზე არ ეხება. შესაბამისად, მათ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ. რეგისტრაცია ეხება მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომელთა სამუშაო შეფასებულია, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი და სასიშპირობებიანი. ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი კი, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით,“ – გვითხრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საკვები პროდუქტების წარმოებას რაც შეეხება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ამჯერად მხოლოდ ეხება იმათ, ვინც ფქვილსა და შაქარს აწარმოებს [და არა რეალიზაციას. კანონი არ ეხება ასევე, მაგალითად, პურის საცხობს, არ ეხება საკონდიტრო წარმოებას]. მაღაზიებს ჩვეულებრივ შეუძლიათ ასეთი პროდუქტები მიიღონ, დაასაწყობონ და გაყიდონ.

„2019 წლიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორს დაფარავს. შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტული ვალდებულებები თუ თარიღები შემდეგ დაზუსტდება,“ – აცხადებენ სამინისტროში.


[red_box]რატომ გახდა აუცილებელი ხელახალი რეგისტრაცია და რატომ გაჩნდა დიდი რიგები იუსტიციის სახლებში?[/red_box]

საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება, 2018 წლის 21 მარტიდან ამოქმედდა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობას უნდა განესაზღვრა, ჩამონათვალის დამტკიცებიდან 60 დღის განმავლობაში კი, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში, ამიტომ შესაბამისი საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია 60 დღეში, ანუ 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა მომხდარიყო.

28 სექტემბერს აღნიშნული საქმიანობის რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა და ბოლო ვადად 2018 წლის 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლებს 28 სექტემბერს [რეგისტრაციის ბოლო დღე, ვინაიდან 29 და 30 სექტემბერი შაბათი-კვირა იყო], უამრავმა ინდმეწარმემ და შპს-ს წარმომადგენელმა მიმართა, რომელთა ერთი ნაწილი არ იყო ბოლომდე გათვითცნობიერებული, თუ რომელი საქმიანობის ხელახლა რეგისტრაციას ითხოვდა კანონი; ბევრი მათგანი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდა იუსტიციის სახლში, თუმცა მათთვის კონკრეტული პასუხის გამცემი პირის პოვნა, იქ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელი აღმოჩნდა. ბათუმის იუსტიციის სახლში იმ დღეს არ აღმოჩნდა პირი, ვინც „ბათუმელების“ შეკითხვებსაც უპასუხებდა.

რეგისტრაციის ვადის გადავადების მიუხედავად, 28 სექტემბერს იუსტიციის სახლებში მოქალაქეთა მომსახურება სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

[checklist]

  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505

[/checklist]

________________________________________________

მთავარი ფოტო: რიგი ბათუმის იუსტიციის სახლში /28.09.2018 / ფოტო: ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: