მთავარი,სიახლეები

სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა აჭარის მუნიციპალიტეტებში

02.10.2018
სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა აჭარის მუნიციპალიტეტებში

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალი პროგრამის “სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის” ამოქმედებას გეგმავს. პროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით.

პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული, სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები.

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ინდირა ნაკაიძე ამბობს, რომ ასეთ პროგრამას ბათუმის მერია მიმდინარე წელს ახორციელებს, თუმცა მისი ბენეფიციარები მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არიან. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა კი, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

საწყის ეტაპზე პროგრამაში ათამდე ბენეფიციარი ჩაერთვება, თუმცა ინდირა ნაკაიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა პროგრამაში ცვლილებებიც შევიდეს.

„მაგალითად, კოხლეარული იმპლანტის შემდეგ ბავშვებს გარკვეული დროის მანძილზე უტარდებათ რეაბილიტაცია, რადგან მათ მეტყველების პრობლემა აქვთ. ამიტომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 ვიზიტი მეტყველების თერაპევტთან და 4 – მუსიკოთერაპევტთან.“

წლის განმავლობაში სულ ორი კურსი ჩატარდება. თითოეული კურსი ექვსდღიანია, რომლებიც, სავარაუდოდ, საახალწლო და საზაფხულო არდადეგებს დაემთხვევა.

„ეს უნდა ჩატარდეს ბათუმში, ოჯახი უნდა ჩამოვიდეს იმ ერთი კვირით ბათუმში, რაც ზოგისთვის შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშრებული. სთეფ ფორვარდის (რომელთაც ჰქონდათ კომუნიკაცია ამ ოჯახებთან) სტატისტიკით, ამ გარემოებების გათვალისწინებით,  პროგრამაში 8-10 ბავშვი ჩაერთვება, მაგრამ თუ საჭიროება იქნება, ბიუჯეტი გადაიხედება.” – ამბობს ინდირა ნაკაიძე – „ამ პროცესში ჩართული იქნებიან მშობლები აუილებლად, ვიმუშავებთ მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებაზე, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რაც მშობლისთვის ერთგვარი საშინაო დავალება იქნება, რათა კურსიდან კურსამდე, შესვენების პერიოდში, ბავშვს არ შეუწყდეს რეაბილიტაცია.“

პროგრამის ბიუჯეტი 6 200 ლარია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: