კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

02.07.2016 • 6842
ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

ქარიან ამინდში აუცილებლად შეამჩნევთ ქალაქის თავზე მფრინავ პოლიეთილენის პარკებს. პარკებს ნახავთ ხის ტოტებზე, ქალაქის ქუჩებში, ბუნებაში… მიზეზი მარტივია, საქართველოში ერთი მოსახლე, საშუალოდ, 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია. ერთი წლის წინ გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა კიდეც კამპანიას, თუმცა, რამდენად შემცირდა ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების რაოდენობა, ჯერ არავის დაუთვლია – პროცესი ნებაყოფლობითია. სამინისტროს ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებისთვის კიდევ სამწლიანი ვადა აქვს.

პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, მაშინ როცა ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს გარემოში დაშლას და 12-24 თვეში სრულად იშლება. იმის გამო, რომ ბიოდეგრადირებადი პარკი ვიზუალურად თითქმის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკისგან, ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ „გუდვილის“, „ნიკორას“ და კიდევ რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელი უკვე ასეთ პარკებში ალაგებს შენაძენს.

„ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, ყოველდღიურად დაახლოებით 110 ათას მომხმარებელს ემსახურება. როგორც კომპანიაში გვითხრეს, პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება მათ 2015 წლის ივლისში დაიწყეს და ამ ეტაპზე პროცესი დასრულებულია. ბიოდეგრადირებადი პარკები გამოიყენება “ნუგეშის”ქსელშიც, რომელიც „ნიკორას“ გასულ წელს შეუერთდა.

„გუდვილის“ ქსელის ბათუმის ხელმძღვანელი ირაკლი ხალვაში განმარტავს, რომ ბიოდეგრადირებადია არა მარტო ის დიდი პარკები, რომლებშიც სალაროსთან ალაგებენ პროდუქტს, არამედ ის თხელი პარკებიც, რომლებშიც ასაწონი პროდუქციაა დაფასოებული: „თხელი პარკებიც ბიოდეგრადირებადია. ჩვენთან ფერების მიხედვით არის, ბოსტნეულს აქვს მწვანე შეფერილობის პარკი, მზა კვებას – ყვითელი, თევზეულის განყოფილებას – ცისფერი, ხორცსა და ხორცპროდუქტებს – წითელი“. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე „გუდვილის“ მაღაზია 3000-3500 ასეთ პარკს გასცემს დღე-ღამეში.

საქართველოში მსხვილ კომპანიებს პროდუქტებისთვის პარკებით კომპანია „აა პლასტი“ ამარაგებს, რომელიც შიდა ბაზარზე პოლიეთილენის სფეროში ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ბიწაძე ამბობს, რომ საქართველოში ბიოდეგრადანტის შემოტანა მათ გასული წლის თებერვლიდან დაიწყეს:

„ძირითადად ჩვენ ვართ ბიოდეგრადანტის შემომტანი საქართველოში. თვეში დაახლოებით 10 ტონა ასეთი პარკით ვამარაგებთ პარტნიორებს. თავიდან არ იყო ბევრი კომპანია ამით დაინტერესებული, ეს ფასსაც ზრდის, თუმცა რეკლამამ და ამ თემებზე საუბარმა შედეგი გამოიღო – ერთი წლის განმავლობაში დამკვეთები 10-12 კომპანიამდე გაიზარდა ჩვენთან. არიან კომპანიები, რომლებიც უცხოეთიდან ყიდულობენ ბიოდეგრადირებად პარკებს,“ – ამბობს ის.

როგორც „აა პლასტში“ გვითხრეს, ბიოდეგრადანტის შემცველ და უბრალო პოლიეთილენის პარკების ფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის:

„შედარებისთვის რომ გითხრათ, თუ იქამდე ერთი კილო პარკი, ბიოდეგრადანტის გარეშე 5 ლარი ღირდა, ბიოდეგრადანტით ეს პარკი 5 ლარი და 20 თეთრი იქნება, მაგრამ ქართულ ბაზარზე ბევრი მცირე მეწარმე მაინც თავს იკავებს,“ – ამბობს ლევან ბიწაძე. მისივე განმარტებით, კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც პატარა კომპანიები თავს იკავებენ ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენისგან, ამ თემაზე საკმარისი ინფორმაციის არქონაა: „მეტი რეკლამირება სჭირდება ამ ყველაფერს, რადგან შიშიც არის ხოლმე, როცა ეს სიტყვა ესმით – „ბიოდეგრადირებადი“. რაღაც ქიმიური ჰგონიათ, ამიტომ მეტი ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო,“ – ამბობს ის.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ია ფრანგიშვილის ფოტო

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა. ია ფრანგიშვილის ფოტო

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი სააფთიაქო თუ სავაჭრო ქსელი იყენებს ბიოდეგრადირებად და ეკოლოგიურად სუფთა პარკებს, კვლავ მრავლადაა იმ მაღაზიათა რაოდენობა, სადაც ჯერ კიდევ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ. მათ რიცხვშია „ფუდმარტის“ მარკეტებიც, სადაც ამბობენ, რომ აპირებენ პოლიეთილენის ჩანაცვლებას, მაგრამ ჯერ ზუსტ ვადას ვერ ასახელებენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ანა ბერეჟიანი ამბობს, რომ პოლიეთილენით გარემოს დაბინძურება გლობალური პრობლემაა.

„ყველა კომპანიას ერთიანად ვერ გადავიყვანთ ბიოდეგრადირებად პარკებზე, განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის ასეთი სტანდარტი დაკანონებული – ბიოდეგრადირებად პარკებზე გადასვლისა. შეიძლება ითქვას, ჩვენ ამბიციურ იდეას ვეჭიდებით,“ – ამბობს ის.

მაღაზიებში, სადაც ჯერ ისევ პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, ამბობენ, რომ ხშირად კლიენტის ინიციატივაა, რომ ყველა პროდუქტი ცალ-ცალკე პარკში ჩაულაგო. ხელვაჩაურში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტ „ნას-ილ-ბეს“ დირექტორი მირზა კახაბერიძე ამბობს, რომ პარკებში სეპარირებულად უნდა ჩალაგდეს – ქიმია, მშრალი და სველი საკვები პროდუქტები, სხვა შემთხვევაში ეს მომხმარებლის მხრიდან პოლიეთილენის გადაჭარბებულ და არამიზნობრივ მოხმარებად მიიჩნევა.

„ზეთთან თუ ძმარი და ტომატი მოთავსდება, ეს არ უნდა იყოს პრობლემა. ასევე, ცალკე შეიძლება ჩალაგდეს ის პროდუქტი, რაც თხელ პარკშია შეფუთული და არის რისკი, რომ პარკი გაიხეს. მაგრამ უმეტესად მაინც ყველაფერზე ცალკე ითხოვენ პარკს. ძირითადად დიდი პარკები მიაქვთ, რომელსაც შემდეგ სხვა ნარჩენებისთვის იყენებენ სახლში,“ – ამბობს მირზა კახაბერიძე.

ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკები არ არის იდეალური გამოსავალი ზღვებისა და ოკეანეებისვის. როგორც ახლახან გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის UNEP-ას მთავარმა მეცნიერმა ჟაკლინ მაკგლეიდმა ბრიტანულ გამოცემა “გარდიანთან” განმარტა, ბიოდეგრადირებადად წოდებული პლასტმასი, ისეთი, როგორიცაა სავაჭრო პარკები, გარემოში დაიშლება მხოლოდ 50 გრადუს ცელსიუსზე და ეს ვერ მოხდება ზღვებსა და ოკეანეებში, რადგან ასეთი მასალისგან დამზადებული პარკი წყალში იძირება, შესაბამისაც მასზე ვერ იმოქმედებს ულტრაიისფერი სხივები და პარკი არ დაიშლება.

ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივად მიიჩნევა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს. მაღაზიებში ამბობენ, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ხელჩანთებით მიდიან პროდუქტების საყიდლად, ძალიან ცოტაა.

„ნარჩენების მართვის იერარქიის მიხედვით, #1 არის პრევენცია, ანუ თავიდანვე უნდა ავიცილოთ ნარჩენების წარმოქმნა. მათი განთავსება ამ პირამიდის საბოლოო პუნქტია,“ – განმარტავს ანა ბერეჟიანი. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე შემუშავებულია მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მყარი ნარჩენების სეპარირებაზე 2019 წლიდან უნდა გადავიდეს, იქამდე კი ეს ყველაფერი პილოტურ რეჟიმში, ნებაყოფლობით ხდება.

საქართველოში ნაჭრის ან სხვა მასალისგან დამზადებული ჩანთები, რომელიც საყიდლებზე წასვლისას შეიძლება გამოვიყენოთ, ძირითადად თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში იყიდება, ბათუმში ასეთ ჩანთებს წიგნის ან სუვენირების მაღაზიაში თუ შეხვდებით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: