მთავარი,სიახლეები

ლავასოღლის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის შეწყვეტა მოსთხოვა

02.10.2018
ლავასოღლის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის შეწყვეტა მოსთხოვა

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების შეწყვეტა ოთხივე ბრალდებულმა მოითხოვა, რომლებსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავება გამოძიება. მათ შორისაა მინდია ლავასოღლი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში იმყოფება. სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი იცავს.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ბრალდებულებს საქმის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება წინასასამართლო სხდომის ბოლო ეტაპზე ეძლევათ, როცა მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს თუ არა. ამას მოსამართლე იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ დაინახა, რომ პროკურატურა აშკარად უსაფუძვლოდ და კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებით ცდილობს ბრალის დამტკიცებას.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თითქოს ლავასოღლი ინტერნეტსივრცეში რაღაცას აგვარებდა…“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. იგი სასამართლოში ლავასოღლის ინტერესებს იცავს.

არსებით განხილვამდე საქმის შეწყვეტა და პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება ასევე მოითხოვეს: ივანე გიგიაძის, ზაალ ახვლედიანის და შოთა კეკელიძის ადვოკატებმა. ეს ბრალდებულები სასამართლო პროცესს ესწრებიან ლავასოღლისგან განსხვავებით.

წინასასამართლო პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა საქმის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

„საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს,“ – უთხრა მოსამართლემ ადვოკატებს.

მოსამართლემ ადვოკატების არც ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლითაც ისინი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდნენ.

„შინაარსობრივ განხილვაში ვერ შევალ…“ – თქვა მოსამართლემ ადვოკატების პოზიციების მოსმენის შემდეგ.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების ადვოკატებმა რამდენიმე დარღვევაზე მიუთითეს მოსამართლეს, მაგალითად, ბრალდებულის ხმის ექსპერტიზაზე.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, რაც ადასტურებს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ყალბია. ექსპერტი სამ საათში ვერ მოისმენდა იმ აუდიოჩანაწერებს, რასაც ალტერნატიული დასკვნის მიხედვით, მინიმუმ ერთი თვე დასჭირდებოდა.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ ნიმუშად აიღო ბრალდებულის სასამართლო დარბაზში გაჟღერებული ხმა, რაც ნიმუშად ვერ გამოდგებოდა,“ – აღნიშნა გიორგი წაქაძემ, ბრალდებულ ივანე გიგიაძის ადვოკატმა.

მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ არსებობს სამართლებრივი სტანდარტები, რასაც მოსამართლე ვერ დაარღვევს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დასაშვებად მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების და დაცვის მხარემ წარმოადგინა სასამართლოში.

წინასასამართლო სხდომა ამავე საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულების მიმართ ახლაც გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია, რომელი მოსამართლე გამოუტანს განაჩენს ბრალდებულებს. მოსამართლეს, რომელმაც წინასასამართლო პროცესი ჩაატარა, საქმის არსებითად განხილვის უფლება არ აქვს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა ელით 7-დან 10 წლამდე ვადით.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/147761/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: