მესამე კლასის ბუნების ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომელიც სულაკაურის გამომცემლობას ეკუთვნის, მზის სისტემის შესახებ საგაკვეთილო მასალაში დამატებით ინტერნეტწყაროდ მითითებულია youtube-ის გაუქმებული ლინკი.
„თუ გსურთ მეტი შეიტყოთ მზის სისტემის შესახებ, ესტუმრე ვებგვერდს…“ – წერია ფოტოზე მითითებული ლინკის ზემოთ, თუმცა, როცა აღნიშნულ ლინკს კრეფ, მასალა არ იხსნება.
რამდენად სწორად არის მითითებული წიგნში წყარო? – ვკითხეთ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელს, მარიამ გოგუაძეს.
პედაგოგი ამბობს, რომ ჯერ ამ კონკრეტულ თემამდე არ მისულან, თუმცა მისი აზრით, ელექტრონული წყაროების ამ ფორმით მიწოდება, მთლად მიზანშეწონილი არ არის.
„როცა ინფორმაცია „იუთუბშია“ მოსაძიებელი, ჩვენ მშობლებს ვთხოვთ, რომ მათ გარეშე ბავშვებმა არ მოიძიონ, რადგან შეიძლება ისეთი ინფორმაცია ამოვარდეს, რაც მათი ასაკისთვის შეუფერებელია.
ამ შემთხვევაში ისედაც შეიძლება საძიებო სისტემაში ჩაწერო „მზის სისტემა“ და უამრავ წყაროს ამოაგდებს. მაგრამ თუ კონკრეტული მასალის მიწოდება გვინდა, მაშინ ამ ფორმით წყაროს მითითება, ვფიქრობ, არ ამართლებს,“ – გვეუბნება პედაგოგი.
კლასში „ბათუმელების“ ყოფნის დროს მოსწავლეებს კომპიუტერები არ ჰქონდათ, მათ შორის არც მასწავლებელს, ამიტომ ადგილზე ვერ ვნახეთ, როგორ მუშაობენ მოსწავლეები წიგნებში მითითებულ ინტერნეტწყაროებთან.
„დამატებით მასალებს, ძირითადად, მე ვეძებ და ვაწვდი მოსწავლეებს,“ – გვითხრა მარიამ გოგუაძემ.
განათლების სამინისტროს მოწვეული ექსპერტი, „ჯეოლაბის“ დირექტორი, სანდრო ასათიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო სამინისტროში საუბარი და მომავალი გრიფირების დროს გამომცემლებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ:
„თუკი, რომელიმე გამომცემელი სახელმძღვანელოში უთითებს ლინკებს, მან პირდაპირ ლინკი კი არ უნდა მიუთითოს, არამედ უნდა შექმნას ონლაინრესურსი, რომელიც იქნება სახელმძღვანელოს თანმდევი.
მე მიყიდია პროგრამირებაში უცხოური წიგნები, სადაც მოყვანილ მაგალითებთან წერია, რომ ამ თემის შესაბამისი მასალა იხილეთ ამ ბმულზე. ანუ, ვინც წიგნი გამოუშვა, მანვე შექმნა ვებგვერდი, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული სასწავლო რესურსები“.
სანდრო ასათიანის თქმით, ის ბმულები, რომლებიც დღეს ქართულ სახელმძღვანელოებშია მითითებული, ხშირად წაშლილია „იუთუბიდან“.
„ის, ვინც გააკეთა სახელმძღვანელო, თავისთავზე იღებს ვალდებულებას, რომ ამ რესურს განაახლებს და მსგავსი რამ, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, გამოირიცხება.
ახლანდელი გრიფირებისას მსგავსი ვალდებულება არ ჰქონდათ გამომცემლებს, მაგრამ სამომავლოდ მათ ეს ვალდებულება დაეკისრებათ,“ – ამბობს სანდრო ასათიანი.
მისივე თქმით, გრიფირების პერიოდში გამომცემლობა ასევე პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ მათ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს თანმდევი რესურსი გამართულად მუშაობდეს.