მთავარი,სიახლეები

დენის, გაზისა და წყლის კომპანიებს „იდუმალი მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შეამოწმებენ 

02.10.2018 • 2123
დენის, გაზისა და წყლის კომპანიებს „იდუმალი მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შეამოწმებენ 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ რეგიონებში პროექტის – „მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ განხორციელებას იწყებენ.

„საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ 11 კომპანიაში შემოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს კომპანიები განსაზღვრულ ვადებში არ აღმოფხვრიან, კომისია მათ წინააღმდეგ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს,“ – აცხადებს სემეკი.

„მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შემოწმდება შემდეგი მომსახურებები: ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმება; ელექტრონული ქვითარი და ტექსტური შეტყობინება; გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა; გეგმიური წყვეტა; ქოლცენტრის მომსახურება.

კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება:

[checklist]

  • სს „თელასი“;
  • სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
  • შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“;
  • შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“
  • სს „საქორგგაზი“;
  • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
  • შპს „ინტერგაზი“;
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
  • შპს „ბათუმის წყალი“;
  • შპს „რუსთავის წყალი“.

[/checklist]

სემეკის ინფორმაციით, „მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ 4 სერვისი“ განახორციელებს.

სემეკის განცხადებით „კომისიამ „მისტიური (იდუმალი) მომხმარებლის“ პროექტის განხორციელება ქ. თბილისში 2017 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. გადამოწმების შედეგად დადასტურდა დარღვევების უმეტესი ნაწილის გამოსწორება“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/158422/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: