მთავარი,სიახლეები

აქცია მწვანე კონცხის ჩაბეტონების წინააღმდეგ – „ბათომი“ მერიას სასამართლოში უჩივლებს

03.10.2018 • 6088
აქცია მწვანე კონცხის ჩაბეტონების წინააღმდეგ – „ბათომი“ მერიას სასამართლოში უჩივლებს

საზოგადოება „ბათომი“ ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ პრესრელიზის ტექსტს, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა: „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.  მათ შორის ერთის – 54-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და აპირებს მიმართოს სასამართლოს.

კანონი დაირღვა მწვანე კონცხის სანაპიროს ერთ ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსი საქმიანი ზონით შეცვლის დროსაც.

გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 28 სექტემბერს მიიღო, ამით  სამშენებლო კომპანიას საშუალება მიეცა ორი 28-სართულიანი კორპუსი ააშენოს.

კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა სჭირდება, მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონა, მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. ეს თავად აღიარა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია.

სანაპირო ზოლისა და ლანდშაფტის დამახინჯების თვალსაჩინო მაგალითი უკვე გვაქვს კვარიათის მაგალითზე, სადაც  მთასა და ზღვას შორის უსახური და უპროპორციო, გარემოსთან შეუსაბამო ბეტონის კორპუსებია აღმართული.

მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილებები აუარესებს ჩვენს  საცხოვრებელ გარემოს, ვკარგავთ სანაპირო ზოლს, რეკრეაციულ სივრცეს და ქალაქის ისტორიულ კულტურულ ღირებულებას.

შემოგვიერთდით, კვირას, 7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 14:00 საათზე.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებისა და მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში მიწის გასხვისების ფაქტის შესწავლა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „გამჭვირვალობა საქართველომ“, „ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“,  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა, სადაც მიიჩნევენ, რომ მაღალია ალბათობა კანონმდებლობა იყოს დარღვეული.

ჩვენს საპროტესტო აქციებს უერთდება „ჰამქარი“ და „მწვანე მუშტი“.

ვიწყებთ ბათუმის დასაცავად – საზოგადოება „ბათომი“  ბათუმელებთან ერთად ამჯერად სანაპირო ზოლისა და რეკრეაციული სივრცეებში ჩინოვნიკების უხეში და მავნებლური ჩარევებით, საზოგადოებრივი სივრცეების მიტაცებას ვაპროტესტებთ.“

„ბათომი“ ამ თემაზე ბრიფინგს დღეს,  14 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ გამართავს.

______________

ამავე თემაზე: 

28-სართულიანი კორპუსები მწვანე კონცხზე – “ბათომის“ პროტესტი საკრებულოში

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: