მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი გარემოს დაცვა; ადგილობრივი კულტურული გარემოს მიზანმიმართული განვითარება/ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმას სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის. „კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება შემოთავაზებული მეთოდოლოგია, მეთოდიკა და კონცეფტუალური მოსაზრებები დასახული მიზნების მისაღწევად,“ – აცხადებს სამინისტრო.

კონკურსის პირობების მიხედვით, გეგმის შედგენისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ხეობის განვითარებისთვის უმთავრესი ამოცანები, მათ შორის:

[checklist]

  • ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების [ყოფა-ცხოვრება, წესჩვეულებები, ტრადიციები, ფოლკლორი, არქიტექტურა, გასტრონომია და სხვა] დაცვა და პოპულარიზაცია
  • ხეობაში ჰარმონიული ეკონომიკური აქტივობების გაზრდის ხელშეწყობა
  • ეთნოსოფლის დაგეგმვის და განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
  • ტყის, მდინარის და ხევების დაცვის არეალების განსაზღვრა, ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენა
  • საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა; ენერგოეფექტურობის საკითხების შემუშავება ტრადიციული და ალტერნატრიული
    ენერგიების გამოყენების საფუძველზე
  • საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა და განვითარება; ტურისტულ-საინფორმაციო მომსახურების ცენტრების განვითარება; რეგიონული და ადგილობრივი დონის ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და განვითარება; განვითარების ეტაპებისა და რიგითობის განსაზღვრა
  • კერძო და სახელმწიფო ინტერესების შეჯერება

[/checklist]

ხეობაში კვლევების ჩატარება და შემდეგ განვითარების გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან საბოლოო შეჯერების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, კონკურსში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს მყარი არგუმენტები დაგეგმილი საკითხების გადასაწყვეტად.

მაჭახელას ხეობის განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ეთნოსოფელის მართვის გეგმა; საჭიროების შემთხვევაში დადგინდეს გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების კონტურები; უნდა შედგეს დეტალური საპროექტო სამუშაოების ნუსხა, შესასყიდი ობიექტების ტექნიკურ დავალებებთან ერთად, შემდგომში მათი სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში დასაზუსტებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ნივთების ნუსხა და პასპორტიზაცია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს გადატანა. უნდა მომზადდეს რეკომენდაციები საკვანძო ადგილებში განთავსებული შენობა-ნაგებობების ვიზუალური აღქმის არეალში ფონური შენობების, ღობეების, არქიტექტურული დეტალების აღდგენის, შეკეთების ან დემონტაჟის შესახებ.

მაჭახელას ხეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მდებარეობს. ხეობა მიმზიდველია ტურისტებისთვის. აქ არის სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები, მურყანის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები.

მაჭახელას ხეობაში შექმნილია ეროვნული პარკი. მიმდინარე წლის 18 ივნისს კი საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა დაამტკიცა, რომელიც ძალაში იქნება მომდევნო 6 წელი.

„მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნის მთავარი მიზანია უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, მსოფლიო მნიშვნელობის კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა-აღდგენის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია რეგლამენტში.

მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი, 2015 წელს ჩატარებული დემარკაციის მიხედვით, შეადგენს 7333,18 ჰა-ს.

მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებს – შავი ზღვის სიახლოვეს.  მანძილი ზღვიდან ტერიტორიის უახლოეს პუნქტამდე დაახლოებით 25 კმ-ია.

ეროვნულ პარკს ესაზღვრება:  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები – ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ქოქოლეთი/ქვედა ქოქოლეთი, სკურდიდი, ჩიქუნეთი, ქედ-ქედი/სინდიეთი, აჭარის აღმართი, ცხემლარა, კირნათი; ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი უჩხითი. მაჭახელას ეროვნულ პარკს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება თურქეთის რესპუბლიკა [ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი].

სოფელი ზედა ჩხუტუნეთი. მაჭახლის ხეობა/თამარ ნერგძის ფოტო
ნალია. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი. მაჭახლის ხეობა/თამარ ნერგაძის ფოტო
მაჭახლის ხეობა / თამარ ნერგაძის ფოტო

ამ თემაზე:

შენი საზაფხულო მარშრუტი – „მაჭახელას თოფის“ გზა  

50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე იუსტიციის სახლის გავლით

მოქალაქეს, რომელიც იუსტიციის სახლში მომსახურების საფასურს საკრედიტო ბარათით ტერმინალის საშუალებით იხდის, თითოეულ ტრანზაქციაზე ანგარიშსწორების საკომისიოს სახით 50 თეთრს ახდევინებენ, ნაღდი ფულით გადახდის შემთხვევაში კი საკომისიო ერთ ლარს შეადგენს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ  კონკრეტული ტიპის მომსახურების სანაცვლოდ,  რასაც სახელმწიფო სერვისი სთავაზობს, მოქალაქეს  სახელმწიფოსვე დადგენილ ტარიფზე მეტის გადახდა უწევს.

ბანკი ერთ შემთხვევაში მომხმარებელს კონკრეტულ მომსახურებას მომხიბვლელი შეთავაზებით  – საკომისიოს გარეშე სთავაზობს, თუმცა იგივე მომსახურებისთვის წარმატებით მიაქვს თანხა, საკომისიოს სახით იუსტიციის სახლის გავლით.

იმ მთელი რიგი მომსახურებების გათვალისწინებით, რასაც მოქალაქე იუსტიციის სახლის  გვერდის ავლით ვერსად მიიღებს, ეს უნდა იყოს  გარანტირებული სოლიდური შემოსავლის ერთ-ერთი გზა ბანკისთვის.

მოქალაქე ქეთი პაპავა  ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც იუსტიციის სახლში მომსახურების საფასურის POS TERMINAL – ით დაფარვის შემდეგ დამატებით საკომისიოს გადახდის მოთხოვნა გააპროტესტა და მისი „წარმომავლობით“ დაინტერესდა:

„თანხას, რომელიც კონკრეტული მომსახურებისთვის უნდა გადამეხადა, მოყვა მეორე ქვითარი, დავინტერესდი რისი საფასური იყო და აღმოჩნდა, რომ გადასახდელ თანხას დაემატა 50 თეთრი. პირველად როცა ვკითხე კონსულტანტს ამის შესახებ, მითხრა, რომ ეს იყო მომსახურების საკომისიო.  ავუხსენი, რომ ის ცდებოდა, რადგან  ტერმინალით ვიხდიდი და ბანკი საკომისიოს ვერ ჩამომაჭრიდა, როგორც წესი ეს ორგანიზაციების ვალდებულებაა.“

ქეთი ამბობს, რომ იუსტიციის სახლის კონსულტანტმა მას დასაბუთებულად ვერ აუხსნა, თუ რისთვის იხდიდა დამატებულ ორმოცდაათ თეთრს მომსახურების კონკრეტული ტარიფის გარდა და მენეჯერთან გადაამისამართა:

„ მენეჯერი ძალიან დამცინავად მოიქცა, თითქოს ეს 50 თეთრი არ უნდა ყოფილიყო სალაპარაკო ჩემგან, როცა  ამხელა სერვისს ვიღებდი. ავუხსენი, რომ სერვისში თანხას ვიხდიდი და მაინტერესებდა რაში ვიხდიდი ამ 50 თეთრს.“

ამ შემთხვევის შემდეგ ქეთის იუსტიციის სახლის მომსახურება ისევ დასჭირდა, ამჯერად მას გადაახდევინეს არა 50 თეთრი სრული მომსახურებისთვის, არამედ 50-50 თეთრი თითოეულ ტრანზაქციაზე ტერმინალით მომსახურებისთვის.

„ბათუმელებმა“ მოიპოვა ასევე ქვითრები, როცა მოქალაქეს თითოეულ ტრანზაქციაზე დამატებით 50 თეთრი გადაახდევინეს, რომელმაც იუსტიციის სახლის გავლით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და ასევე, ქვითრები, როდესაც მოქალაქემ ონლაინ შეიძინა კონცერტის ბილეთები, გადაიხადა ონლაინ მომსახურების საფასური და დამატებით ჩამოაჭრეს მომსახურების საკომისიო – ამ შემთხვევაში მოქალაქე შესაბამისი დოკუმენტების შეგროვებით არის დაკავებული და აპირებს სასამართლოს მიმართოს.

[red_box]იუსტიციის სახლის განმარტება[/red_box]

იუსტიციის სახლში განმარტეს, რომ მომხმარებლები, ფასიანი მომსახურების საფასურს იხდიან როგორც ფილიალებში არსებული ბანკების სალაროების მეშვეობით, ისე უშუალოდ იუსტიციის სახლის ოპერატორთა მაგიდებთან განთავსებული  ე.წ. POS TERMINAL-ების მეშვეობით. ორივე შემთხვევაში ისე როგორც სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში ბანკს ტრანზაქციაზე დაწესებული აქვს საკომისიო გადასახადი, როგორც სალაროში ნაღდი ფულის გადახდის ისე ე.წ. POS TERMINAL-ებით გადახდისას:

„მოქალაქეთათვის დროის დაზოგვისა და მეტი კომფორტის შექმნის მიზნით და ასევე, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ ბანკთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოპერატორთა მაგიდებზე განთავსებულია ე.წ. POS TERMINAL-ები, რაც მომხარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ მიღებული მომსახურების თანხა იქვე ოპერატორთან გადაიხადოს და არ დახარჯოს თუნდაც დამატებითი რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ მივიდეს სალაროში და იქ განახორციელოს ტრანზაქცია“ – ნათქვამია განმარტებაში, რომელიც იუსტიციის სახლმა წერილობით გამოგვიგზავნა.

განმარტებაში არ არის დასახელებული, თუ რომელ ბანკთან აქვს გაფორმებული იუსტიციის სახლს მემორანდუმი, თუმცა მომხმარებლებმა იციან, რომ სახელმწიფო სერვისების  გადასახადს „თიბისი ბაკის“ ტერმინალების საშუალებით იხდიან. ზემოთ აღწერილ შემთხვევაშიც მომხმარებელმა „თიბისი ბანკის“ ბარათით ისარგებლა, ამიტომაც კითხვით, რა გადასახადი გადაახდევინეს მომხარებელს იუსტიციის სახლში საკომისიოს სახით, „თიბისი ბანკს“ მივმართეთ.

[red_box]თიბისი ბანკის განმარტება[/red_box]

ბანკის პრესსამსახურში განმარტეს, რომ სტანდარტულად, ნებისმიერ  ობიექტში ბარათით ანგარიშსწორებისას, ბარათის მფლობელი არ იხდის საკომისიოს, გამონაკლისია სახელმწიფო სტრუქტურები. ამ შემთხვევაში კანონი კრძალავს სახელმწიფო ორგანიზაციის მხრიდან საკომისიოს გადახდას, შესაბამისად საკომისიოს იხდის კლიენტი:

„ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, იუსტიციის სახლსა და თიბისი ბანკს შორის  გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბანკის მომსახურების საკომისიო თითოეულ ტრანზაქციაზე შეადგენს 0.50 ლარს  და  საკომისიოს  იხდის მომხმარებელი. შესაბამისად, იუსტიციის სახლი მომსახურებას ახორციელებს კანონით განსაზღვრულ ფასებში.“

[red_box]რატომ იხდის მომხმარებელი სახელმწიფო სერვისის მისაღებად სახელმწიფოსვე განსაზღვრულ ტარიფზე მეტს? – სამართლებრივი შეფასება[/red_box]

იურისტის განმარტებით, პირდაპირი საკანონმდებლო რეგულაცია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს მოქალაქეს სახელმწიფო სერვისების მიღებისთვის საკომისიოს გადახდის ვალდებულება, არ გვაქვს და ამ შემთხვევაში გამოიყენება წესი, რაც ზოგადად არის დადგენილი კომერციული ბანკებისთვის:

„ … მაგრამ, მიმაჩნია, რომ წესის არ არსებობა უკვე სამართლებრივი ხარვეზია, ვინაიდან როდესაც მოქალაქეს უდგენ მოსაკრებლის ოდენობას, მაგრამ მას დამატებით უწევს გადახდა საკომისიოს სახით, ამან შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი, რაც სამართლიანია. მაგალითად, კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში მოქალაქეს აქვს არჩევანის შესაძლებლობა და იგი თავად საზღვრავს, რა არის მისთვის მისაღები,“ – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. ის დაუშვებლად მიიჩნევს, ასევე, იმ შემთხვევას, რომ ტერმინალით მომსახურების მიწოდების უფლება მემორანდუმის საფუძველზე მხოლოდ ერთ ბანკს მიეცა:

„ ამას ცალსახად დაუშვებლად მივიჩნევ, ვინაიდან ჩვენ სახეზე გვაქვს სახელმწიფო რესურსების ხარჯზე კომერციული ბანკის მიერ შემოსავლების მიღებაზე, რაშიც იგი უკონკურენტოა. დაუშვებელია მხოლოდ ერთ ბანკს მიენიჭოს უპირატესობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კომერციული ბანკების საქმიანობის ფართო არჩევანი გვაქვს. ამ ტიპის შესყიდვას, იუსტიციის სახლი საჯარო ფორმით [ტენდერით] უნდა ახდენდეს, რათა ყველა ბანკს მისცეს შესაძლებლობა პროექტში ჩართვის, ხოლო მაღალი კონკურენციის პირობებში არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ გაუმჯობესებული სერვისი და ფასი შესთავაზო მოქალაქეებს, “ – ამბობს იურისტი.

[red_box]დასკვნის სახით[/red_box]

საქართველოში მოქალაქეს მხოლოდ იუსტიციის სახლის გავლით შეუძლია მიიღოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დაბადების მოწმობა, ატესტატი, რეგისტრაციის, ან რეგისტრაციიდან მოხსნის, ქონებისა და ბიზნესის, ქორწინების თუ სხვა სახის რეგისტრაციის მომსახურებები. იუსტიციის სახლის პრეროგატივაა სააღსრულებლო და საარქივო სერვისებით მომსახურებაც.

იფრინე ზღვაზე დელტაპლანით – ტურისტული სერვისი, რომელსაც არავინ ზედამხედველობს

ბათუმში დელტაპლანი უკვე ორჯერ ჩამოვარდა, ერთი გასული წლის მაისში და მეორე – 2018 წლის 10 ივლისს. წელს ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დელტაპლანი, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა. აპარატის ჩამოვარდნის შედეგად არც საფრენ მოწყობილობაში და არც სანაპიროზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შემთხვევაში მართვადაკარგული აპარატი შეიძლება ნაპირთან ახლოს ან ზედ პლაჟზე არ ჩამოვარდეს.

არსებობს თუ არა რაიმე რეგულაციები საფრენ აპარატებთან დაკავშირებით ბათუმში, ამოწმებენ თუ არა დელტაპლანებს ტექნიკურად და რა სანქციები ტარდება იმ შემთხვევაში, თუკი დელტაპლანის მფლობელები დადგენილ ტექნიკურ ნორმებს არღვევენ?

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რადგან  ამ ეტაპზე ჰიდრომოტოდელტაპლანები დარეგისტრირებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, ტექნიკურ ზედამხედველობასაც  აღნიშნული სააგენტო უნდა უწევდეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მათთან საჰაერო საშუალებებს მხოლოდ არეგისტრირებენ, როგორც მცურავ საშუალებებს.  შესაბამისად, უწყება პასუხისმგებელი არ არის თუ მოწყობილობა ჰაერში აფრენის შემდეგ დაზიანდა. „ტექნიკური ზედამხედველობა კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევალება“.

საქართველოს საჰაერო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს  „ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA-ს ინსპექტორი.“

ეხება თუ არა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს დელტაპლანების ტექნიკური ნორმების შემოწმება? – „ბათუმელებს“ ამ კითხვაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ უპასუხეს.

სააგენტოს წარმომადგენელი ვერიკო ბახტაძე ამბობს, რომ კოდექსით გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნები ეხება ყველას, ვინც ფრენას ახორციელებს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, შეისწავლა თუ არა სააგენტომ გასულ წელს ან წელს, 10 ივლისს დელტაპლანის ჩამოვარდნის მიზეზები, სააგენტოში გვეუბნებიან, რომ შემთხვევებს ჯერ სწავლობენ: „ამ ინციდენტებიდან გამომდინარე, ჩვენგან რამდენიმეჯერ იყვნენ სიტყვიერად გაფრთხილებული და იქნება ზომები მიღებული“.

რა იგულისხმება „ზომების მიღებაში“? – სააგენტოში ვერც ამას აკონკრეტებენ.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს საკითხის შესწავლა… შარშანაც რომ ჩამოვარდა დელტაპლანი, ჩატარდა მოკვლევა, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციას არ ვფლობ,“ – ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი.

ვერიკო ბახტაძე ვერც იმას აზუსტებს, ტექნიკური ნორმების დაღვევის შემთხვევაში რამდენია ჯარიმა.

„ამის განსაზღვრა სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ხდება. გააჩნია კონკრეტულ შემთხვევას, ასე არ არის განსაზღვრული. ჯერ ინცინდენტის ხასიათი უნდა დადგინდეს, სერიოზული იყო საავიაციო შემთხვევა თუ არა და ასე შემდეგ. კომპლექსური თემაა“.

ბათუმის მერიასა და „ბათუმის ბულვარშიც“ აცხადებენ, რომ დელტაპლანების ტექნიკური ნორმების საკითხი მათ ფუნქციებში არ შედის.

 

რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

„სოკარმა“ ბოლო თვეების განმავლობაში ასამდე აბონენტი გამოავლინა, რომლებიც განზრახ დაზიანებული მრიცხველის საშუალებით უკანონოდ მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. რამდენია ჯარიმა ასეთ დროს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს – ამის შესახებ „ბათუმელები“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორს, დავით ლეკიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო დავით, რა გზით ახერხებენ გაზის უკანონოდ მიტაცებას მოქალაქეები და როგორია ასეთი შემთხვევების სტატისტიკა?

უახლოესი ორი თვის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გახშირდა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტები. გვაქვს ინფორმაცია, რომ მუშაობს თაღლითთა ჯგუფი, რომელიც ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ, სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს გარიგებას [გაზის უკანონოდ მიტაცებაში დახმარებას].

არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება იყვნენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც კვალიფიციური არიან ამ საკითხში, რადგან მომხმარებელმა, რომელიც ვერ ერკვევა ამ საკითხში, არც იცის როგორ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის დატაცება.

თითოეულ მომხმარებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენთან უმაღლესი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფაა და ასეთი შემთხვევების იდენტიფიცირება ჩვენთვის არ არის რთული. ძალიან კარგად ვიცით, რა საშუალო მოხმარება გვაქვს ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, პლუს ამას, ვიცით თუ რა სახის დანადგარები აქვს თითოეულ მომხარებელს, ამიტომ ყველა არაადეკვატური მოხმარება იწვევს გარკვეული სახის ეჭვებს და ხდება აბონენტის გადამოწმება უკვე ადგილზე გასვლით. ბოლო ორი თვის განმავლობაში იდენტიფიცირებული იქნა ასამდე მომხმარებელი. გაზის მრიცხველები დაზიანებულია სხვადასხვა სპეციფიკით, რაც იწვევს მოხმარებული ბუნებრივი გაზის არასწორ ასახვას მრიცხველზე. მაგალითად, თუ ადამიანმა მოიხმარა გარკვეული რაოდენობის გაზი, მისი მრიცხველი წერს ნაკლებს.

ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ჩვენი თანამშრომლები ასეთ დროს ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, მოქმედებს სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტები და ხდება სავარაუდო დარიცხვა, საცხოვრებელ ბინაში განთავსებული გაზის დანადგარების მიხედვით. დარიცხვა წარედგინება აბონენტს და ვახდენთ დარიცხული თანხის ადმინისტრირებას. ვერ გეტყვით, თუ რა ჯარიმა შეიძლება იყოს თითოეულ აბონენტზე, რადგან ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და იმაზე, თუ რა სახის დანადგარები აქვს მომხმარებელს. ყველა დანადგარს აქვს თავისი მინიმალური და მაქსიმალური საათობრივი ხარჯი, ტექნიკური მახასიათებლები და აქედან გამომდინარე ხდება ჯარიმის მოცულობის დადგენა. შეიძლება ადამიანი ერთი წლის განმავლობაში იტაცებდეს გაზს უკანონოდ, მაგრამ ჩვენ შეზღუდულები ვართ ნორმატიული აქტებით – ჩვენი მაქსიმალური ზღვარი არის სამი თვე. ეს არის კომპენსირება იმ ფინანსური ზარალის, რაც კომპანიას მომხმარებლის მხრიდან მიადგა.

  • როგორ ხდება ამ თანხის გადახდა, ერთიანად თუ შესაძლებელია გადანაწილება?

აბონენტს აქვს ვალდებულება, ერთიანად გადაიხადოს ეს თანხა. ზოგადად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სოციალური ფონი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მომხარებელს ხელს ვუწყობთ, რომ დავალიანების შემთხვევაში მოხდეს ამ დავალიანების გადანაწილება, არ არის ჩვენი მიზანი, რომ აბონენტებს დისკომფორტი შევუქმნათ და გაზი გავუთიშოთ, მაგრამ დატაცების ფაქტის შემთხვევაში აქ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს განვიხილავთ ინდივიდუალურად. არც ჯდება ლოგიკაში, რომ აქ ვიყოთ ლოიალურები, რადგან სახეზე გვაქვს კანონმდებლობის უხეში დარღვევა. მთავარია ამ პროცესში ადამიანის სიცოცხლეს არ შევუქმნათ საფრთხე, შეიძლება იყოს ოჯახში ავადმყოფი, ჩვილი ბავშვი და აუცილებელი იყოს გაზის მიწოდება…  შესაძლოა ასეთი სახის ფაქტორები გავითვალისწინოთ, თუ მომხარებელი დაგვიდასტურებს ამას. ასეთ გამონაკლის შემთხვევებში ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ვართ ლოიალური.

  • აღნიშნეთ, რომ ადგილზე იწერება ოქმი. თუ არის შემთხვევა, როცა ოქმს ხელს არ აწერს აბონენტი და რა იცვლება ამით?

ეს არის მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, დაეთანხმოს ან არ დაეთახმოს ჩვენ მიერ აღმოჩენილ სამართალდარღვევას და რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევები. თუ მოქალაქე ოქმს ხელს არ აწერს, ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ხდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და საპატრულო პოლიცია მძღოლს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობს, მძღოლი შეიძლება არ დაეთანხოს და გაასაჩივროს, სხვა მხრივ, ეს არაფერს არ ცვლის.

ყველა დაზიანებული მრიცხველი ჩვენ მიერ ილუქება, ექვსი თვის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია გამოითხოვოს მრიცხველი და თავადაც ჩაუტაროს ექსპერტიზა.

  • მას შემდეგ, რაც ხდება მრიცხველის დალუქვა, როგორ იქცევით? მომხმარებელი მრიცხველისა და გაზის გარეშე რჩება?

იმ ეტაპზევე, როცა ხდება მრიცხველის დალუქვა, ვამონტაჟებთ ახალ მრიცხველს. მომხმარებელს არ უწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანიის იურისტები განიხილავენ თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად, დაადგენენ, იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აცნობებენ მომხმარებელს ოქმის განხილვის დღეს და მას შეუძლია თავად დაესწროს ოქმის განხილვას და მისცეს დამატებითი განმარტებები. ეს დაახლოებით ათდღიანი პროცედურაა. მას შემდეგ, რაც მოხდება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის ფაქტის ცნობა, სემეკის მეთოდოლოგიით ხდება დატაცებული გაზის დაანგარიშება და მომხმარებელს დაერიცხება ეს ანგარიშზე. აბონენტს ეძლევა ათდღიანი ვადა ამ თანხის გადასახდელად, ამ დროს მას ჩვეულებრივ მიეწოდება გაზი. თუ ათ დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის ამ თანხას, მას გაეთიშება ბუნებრივი აირი. თუ აბონენტი არც ერთი თვის შემდეგ არ გადაიხდის თანხას, უკვე ვიწყებთ სამართლებრივ პროცესს.

  • ახალი მრიცხველისთვის მომხმარებელს უწევს თანხის გდახდა?

დიახ, რადგან მრიცხველი არის კომპანიის საკუთრება, მრიცხველის ღირებულებაც ერიცხება აბონენტს. ჩვეულებრივ, გავრცელებული მრიცხველის ფასი დაახლოებით 155 ლარია.

  • მრიცხველს ჩვეულებრივ აყენებენ კომპანია „სოკარის“ თანამშრომლები, მოქალაქე მრიცხველს ვერ დააყენებს დამოუკიდებლად, ანუ კომპანიის თანამშრომლებიც მიდიან გარიგებაზე. რას აკეთებეთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს?  

რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებს კომპანიაში სისტემატურად ვახორციელებთ, რომ თანამშრომლებმა იმოქმედონ სამართლიანად. თითოეულმა ჩვენმა თანამშრომელმა იცის, რომ ასეთ გარიგებაში შესვლის შემთხვევაში ჩვენ მიერ იქნება ძალიან მკაცრი ღონისძიებები გატარებული. თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შევნიშნავთ, ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაცრი.

ჩვენს კომპანიაში ასეულობით ადამიანი ეწევა საველე სამუშაოებს და ყოველდღიური კონტროლი საკმაოდ რთულია. ამ ფაქტებისგან არც ერთი ჩვენნაირი სპეციფიკის კომპანია არ არის დაზღვეული.

მთავარი აქ ისაა, რომ მომხმარებელი რჩება დაზარალებული. ამიტომ, ასეთ გარიგებაზე არ უნდა წავიდნენ და თუ რაიმე სახის გარიგება/შეთავაზება იქნება კომპანიის თანამშრომლებისგან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე, რომ ასეთი კანონდარღვევები თავიდან ავირიდოთ.

სხვათა შორის, ყოფილა ასეთი შემთხვევა, ცოტა ხნის წინ დაგვიკავშირდნენ მსგავს ფაქტზე და სამართალდამცავები სწავლობენ ამ საქმეს.

  • თუ აბონენტი თავად გადაწყვეტს, რომ დაზიანებული მრიცხველის აღმოჩენამდე გაცნობოთ, რომ გაზს უკანონოდ  მოიხმარს, ამ  შემთხვევაში რაიმე ტიპის შეღავათს ითვალისწინებთ?

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ, რომ თუ ითანამშრომლებენ ამ პროცესში, ჩვენ ვალდებული ვართ, შევადგინოთ ოქმი, მაგრამ თუ ადამიანი ითანამშრომლებს, შეგვიძლია გავითვალისწინოთ გარკვეული შეღავათები. თუ ამ თვის ბოლომდე მოქალაქეები თავად მოგვმართავენ, ამას გავითვალისწინებთ.

ავტოავარია ქობულეთში [ფოტო]

ავარია მოხდა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს მინივენი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.

თამარ ნერგაძის ფოტო

გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ.

აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა. თვითნებურად აშენებული ბუნგალოს მფლობელს კი იქამდე შეუძლია საქმიანობის გაგრძელება, სანამ მერია აუქციონს არ გამოაცხადებს იმ ნაკვეთზე, სადაც ბუნგალო დგას. აუქციონის გამოცხადებას და გამარჯვებულის გამოვლენას კი იმდენი დრო დასჭირდება, რომ მიმდინარე სეზონი დასრულდება კიდეც.

წლევანდელი სეზონისგან განსხვავებით, გონიო-კვარიათის პლაჟი, გასულ წლებში, აუქციონის წესით [ნაკვეთები], იჯარით გაიცემოდა. წინა წლებში დროებითი მოსარგებლეები იჯარის ქირასაც იხდიდნენ… ახლახან კი „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ გონიო-კვარიათში ბუნგალოსა და სხვა კვების ობიექტების განთავსება, კანონით წინა წლებშიც დაუშვებელი იყო. საქმე იმაშია, რომ გონიო-კვარიათის ტერიტორია წარმოადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას [ლსზ] და იქ ასეთი ობიექტების განთავსება, საკრებულოს 2012 წლის შესაბამისი დადგენილებით, აკრძალულია.

ამის მიუხედავად, ბუნგალოები და კაფე-ბარები პლაჟზე მიმდინარე სეზონზეც უკვე ფუნქციონირებენ. სწორედ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ყველა ასეთი ობიექტი, რაც აღნიშნულ ზონაშია განთავსებული, საკრებულოს დადგენილებიდან გამომდინარეა უნებართვო.

გონიო-კვარიათში ბუნგალოებისა და სხვა კვების დროებითი ობიექტების განთავსების დასაშვებობაზე მუნიციპალიტეტი ახლა მუშაობს. შესაბამის ცვლილებას კანონში კი, დაახლოებით ერთი თვე მაინც დასჭირდება. შემდეგ უნდა გამოცხადდეს აუქციონები, რასაც ასევე დასჭირდება გარკვეული პროცედურები და დრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონზეც, ეს ობიექტები გონიო-კვარიათში უკანონოდ გააგრძელებენ მუშაობას.

„დაწყებულია წარმოება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში შენობების დასაშვები სახეობების ჩამატებასთან დაკავშირებით. საუბარია კვების ობიექტებსა და დროებით ნაგებობებზე. ამას სჭირდება საჯარო წარმოება, რომელიც არის დაახლოებით 30-დღიანი პროცესი. პროექტი გამოქვეყნდა საჯაროდ და თუ ვინმეს ექნება შენიშვნები, მოხდება მათი გათვალისწინება. თუ დაინტერესებულმა მხარეებმა არ წარმოადგინეს შენიშვნები, ამ შენიშვნების წარმოდგენის ვადის გასვლის შემდეგ, საკრებულოს მომავალ სხდომაზე გავა საკითხი დასამტკიცებლად“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მირიან მეტრეველმა.

მირიან მეტრეველის თქმით, დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური ზონებისა და სექტორების მიხედვით ჩაატარებს აუქციონს, დადგენილი იქნება კონკრეტული პირობები და ნაკვეთები იჯარით გაიცემა. მერიაში ჯერ არ იციან, პლაჟზე ნაკვეთები მხოლოდ სეზონურად [ერთი სეზონისთვის] გაიცემა თუ რამდენიმე წლით.

რაც ზუსტად არის ცნობილი, მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟი 41 სექტორად დაყო, რომლებზედაც აპირებს აუქციონის გამოცხადებას. „ამ სექტორებში თუ არის ბუნგალო ან კვების ობიექტი განთავსებული, ყველა არის უნებართვო, ზოგს იქ კუსტარულადაც აქვს გაკეთებული. აუქციონის შემდეგ კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს. ლოგიკურად, როცა სექტორი გავა აუქციონზე იჯარით გასაცემად და ვიღაცა არალეგარულადაა იქ შესული, მას მოუწევს იმ ადგილის დატოვება. ან თვითონ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამას ვერ გეტყვით“, – აცხადებს მირიან მეტრეველი.

რამდენი უნებართვო ობიექტი ფუნქციონირებს დღეს გონიო-კვარიათში? – ამ კითხვის პასუხად ბათუმის მერიის ა[ა]იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ „ყველა არა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის უკანონო“.

სააგენტში დაგვპირდნენ, რომ აღნიშნულ ზონაში განთავსებული ობიექტების შესახებ ზუსტ მონაცემებს მოგვაწვდიდნენ, თუმცა შემდეგ გვითხრეს, რომ ამას ჯერ ვერ ახერხებენ.

„გონიო-კვარიათში განთავსებული ობიექტები ჩვენი სამსახურის მიერ გადამოწმდა, მოხდა იდენტიფიცირება არსებული ბუნგალოების, ვის ეკუთვნის, როგორ… იქ არის ობიექტები, რომლებზედაც ნებართვა ადრე გაცემული აქვს ხელვაჩაურის ყოფილ გამგეობას, ზოგიერთზე ნებართვა გაცემულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ზოგი ობიექტი უნებართვოა. ახლა მიმდინარეობს ამ მონაცემების დამუშავება და ერთ კვირაში მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, რათა შეცდომაში არ შევიდეთ“, – გვითხრა დავით ჩხარტიშვილმა, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

იხდიან თუ არა გადასახადს ქალაქის ბიუჯეტში იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც გონიო-კვარიათში უნებართვო საქმიანობას ეწევიან? – ბათუმის მერიაში ამასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ „რახან დაკავებული აქვთ ბათუმის მერიის კუთვნილი ტერიტორია, მუნიციპალური სერვისების სააგენტომ გადაამოწმა და მიღებული მონაცემების დამუშავების შემდეგ დაეკისრება მათ [ობიექტების მფლობელებს]  ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდა“.

რატომ არ მოაგვარა მერიამ ეს საკითხი სეზონის გახსნამდე? – ამ კითხვაზე მერიის ოფიციალური პასუხი ასეთია: „აუქციონის გამოცხადება დამოკიდებულია დადგენილებაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებაზე. მუშაობა რამდენიმე თვეა დაწყებულია და ეს პროცესი ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობდა. მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“. 

„ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბერის დადგენილებით, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში [ლსზ] უძრავი ქონების [ობიექტების] დასაშვები სახეობებია:

[checklist]

  • პარკები; ბაღები; სკვერები; ბულვარები;
  • სანაპირო პლაჟები; დეკორატიული გაფორმების ობიექტები;
  • მცირე არქიტექტურული ფორმები [საპარკო პავილიონები, როტონდები, კიოსკები, შადრევნები,
    დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა];
  • საწყალოსნო ობიექტები [ნავსადგომები, პირსები, ელინგები];
  • გასახდელები, საშხაპეები, საზოგადოებრივი ტუალეტები;
  • პლაჟის ინვენტარის ღია საწყობები;
  • სამაშველო სამსახურის სადგურები;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები.

[/checklist]

ბათუმის მერია ახლა სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ამ ჩამონათვალს დაემატოს:

[crosslist]

  • ბუნგალო და კვების სხვა დროებითი ობიექტები.

[/crosslist]

 ამ თემაზე:

მერია: თუ მოქალაქე კვარიათის პლაჟზე დაყრილ მიწას არ გაიტანს, სასამართლოს მივმართავთ

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

მოძალადე მამა 20 წლის გოგოს ცემაზე: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა პოლიციაში“ 

„ერთხელ მოუვიდა“, „ცოლ-შვილთან შერიგებულია,“ – ამ ფრაზებით სცადა ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ ბრალდებულის დაცვა, რომელსაც ოჯახში ძალადობა, კონკრეტულად კი, ცოლ-შვილის ხელებით და ფეხით ცემა ედება ბრალად.

„ვაღიარებ დანაშაულს, ვინანიებ, ვითხოვ პატიებას,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა, ვალერიან კ.მ. იგი 59 წლისაა.

გამოძიების ვერსიით, ვალერიან კ.-მ 30 მაისს ჯერ ცოლს, შემდეგ კი 20 წლის გოგოს სცემა, „რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“. პოლიციას დაზარალებულმა შვილმა მიმართა.

გამოძიების ვერსია ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ამ საქმეზე მოსამართლემ ვერც ერთი მოწმის ჩვენება ვერ მოისმინა.

„როგორც ვიცი, სადავოა მხოლოდ დაზარალებულების ხელწერილების ნამდვილობა,“ – მიმართა მოსამართლემ პროკურორს.

საუბარია წერილებზე, რითაც ნაცემმა დედა-შვილმა სასამართლოს მიმართა და ითხოვა, რომ ბრალდებული არ დაესაჯათ.

პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ თქვა, რომ ეს მტკიცებულებაც აღარაა სადავო, თუმცა „ისინი შესაძლოა კვლავ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი,“- დასძინა პროკურორმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს დანაშაულს და ინანიებს, მას უნდა შეეფარდოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობით,“ – უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

„განაჩენი ჩემ მაგივრად გამოიტანეთ?“ – იკითხა თამარ ბეჟანიშვილმა, თუმცა რამდენიმე წუთში მას სასჯელის იმ სახით გამოცხადება მოუხდა, რაც ადვოკატმა დააანონსა.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე მოსამართლემ ხაზი გაუსვა დაზარალებულების წერილებს – დედა-შვილი წერს, რომ აქამდე ვალერიანს ძალადობივი ქმედება არ გამოუვლენია.

კიდევ ერთი დეტალი – პატიმრობიდან დასახსნელად გირაო 5 ათასი ლარი დაზარალებულ ქალს გადაუხდია. ეს დეტალიც მოსამართლემ გაიხსენა იმის საჩვენებლად, რომ დაზარალებულები ბრალდებულთან რეალურად შერიგდნენ.

„კარგად მოიქცა თუ არა თქვენი გოგო, რომელმაც 30 მაისის საღამოს პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა?“ – ვკითხეთ მსჯავრდებულს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„ეს მას ჰკითხეთ… კომენტარს არ ვაკეთებ,“ – გვითხრა მსჯავრდებულმა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შეყოვნდა და დაამატა: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა… გააჩნია ცემას.“

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები სასამართლო პროცესს არ დასწრებიან.

მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო,  საარქივო სამმართველო და გზების დეპარტამენტი.

რას უპირებს ამ უწყებებს აჭარის მთავრობა? – მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ ეტაპზე მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ელიან.

ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს ავალებს ამ საკითხის მოგვარებას 2019 წლის პირველ იანვრამდე.

„ამ ეტაპზე ეს საკითხი ღიად არის დატოვებული. უმაღლესმა საბჭომ და აჭარის მთავრობამ ერთად უნდა უზრუნველყონ  აჭარის ხელისუფლების ორგანოების სტატუსის აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. უნდა შემუშავდეს ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ.

რომელი სამინისტროების დაქვემდებარებაში უნდა გადავიდნენ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები და რა ფორმით  –  იურისტის თქმით, კანონი კონკრეტულ დათქმას არ აკეთებს და ეს ხელისუფლების ხედვაზეა დამოკიდებული.

ვიდრე ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეიცვლებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობაში განიხილებოდა ახალი სამინისტროების შექმნის საკითხი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ტურიზმის სამინისტროს შექმნას გეგმავდა. ახალი სამინისტროების შექმნის საშუალება აჭარის ახალმა კონსტიტუციამ გააჩინა.

კომპანია „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან, არქეოლოგიურ ზონაში ტრაქტორი შეიყვანა

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქორლოგიურ ზონაში, კომპანიამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა, პარალელურად აგრძელებენ სამშენებლო ნარჩენების შეტანას. ამის გამო ცოტა ხნის წინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართა. ტერიტორია „მეტრო ჯორჯია პეტროლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ამჯერად სამშენებლო მასალები არ შეაქვთ:

„ჩვენ მხოლოდ ორი მანქანა სამშენებლო მასალები შევიტანეთ იმისათვის, რომ ტერიტორია მოგვესუფთავებინა. შემდეგ კი იქ მოსახლეობამ დაიწყო ნაგვის დაყრა. ამჯერად კი შევიყვანეთ ტრაქტორი, რომ გამოვიტანოთ ის მასალები, რაც უკვე შეტანილია და ტერიტორია მოვასწოროთ, ამის თაობაზე პოლიციის განყოფილებიდანაც დაგვიკავშირდნენ“, – ამბობს კომპანიის დირექტორი თენგიზ მიქელაძე.

მისი მონაყოლისგან აბსოლუტურად განსხვავებული სურათია იმ კადრებში, რომელსაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს. ის ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

როგორც სატელეფონო საუბარში გვითხრა, პოლიცია უკვე გამოიძახა და რამდენიმე წუთში ადგილზე იქნება სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მირზა ცეცხლაძეც.

 

კომპანიის დირექტორი კი ამბობს, რომ არ იცის ვის შეაქვს სამშენებლო მასალები მათ კუთვნილ ტერიტორიაზე და აპირებს ამ საკითხის გარკვევას.

გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები დაახლოებით ორი კვირის წინ შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას.

ამ მუხლის ერთ-ერთი პუნქტი უშუალოდ ნარჩენების დაყრას ეხება და კრძალავს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრას“ არქეოლოგიურ ზონაში.

არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა იწვევს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კოდექსის 254-ე მუხლის მესამე პუნქტით.

ამავე თემაზე: „მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება

 

 

 

აქცია საჯარო რეესტრის წინააღმდეგ – „რეესტრმა ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა“

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჭავჭავაძის 89-სა და ჰაიდარ აბაშიძის 33-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამართეს. ისინი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობენ, სასამართლოს კი დავის დროულად განხილვას სთხოვენ.

ამ მისამართზე მცხოვრებმა 13-მა ოჯახმა საკუთარი სახლები 2008 წელს იმ პირობით დათმო, რომ ორი წლის შემდეგ იმავე მისამართზე ახალ კორპუსში მიიღებდნენ ბინებს. კორპუსის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ვერ დასრულდა. საცხოვრებელი კორპუსი დაუსრულებელია დღესაც.

„კომპანია ჰოლდერი აშენებდა და ვერ დაასრულა, გაკოტრდა ის ბიზნესმენი, ვერ შეგვისრულა პირობა. ახლა ამ კომპანიის წინააღმდეგ აღარ ვდაობთ, რადგან აზრი აღარ აქვს… ქუჩაში დაგვტოვეს, სამი წელია ბინის ქირის ფულსაც ჩვენ ვიხდით,“ – გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.

მოქალაქეები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელმაც ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა. ეს სტატუსი ჰქონდათ მოქალაქეებს მშენებარე კორპუსის ნაწილის გასხვისებამდე. სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანია „ჰოლდერის“ ქონების ნაწილი აუქციონზე გაიტანეს და მას ახლა ახალი მესაკუთრე ჰყავს.

„საჯარო რეესტრმა ისე გააკეთა, რომ ამ ახალ მესაკუთრეს აღარ აქვს ვალდებულება ჩვენ დაგვაკმაყოფილოს. მანამდე ისე იყო ჩანაწერებში, რომ ჩვენ ვიყავით მომავალი მესაკუთრე. ამიტომ ვდაობთ რეესტრის წინააღმდეგ,“ – ამბობს აქციის მონაწილე ლალი ჟორჟოლიანი.

მოქალაქეების ინტერესებს იურისტი თეონა ჭუმბურიძე იცავს. იგი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი სავარაუდოდ უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას დაეყრდნო, სადაც აღნიშნულია, რომ „მომავალი მესაკუთრე“ იგივე ნარდობის ხელშეკრულებაა და იგი არ უნდა გადაყვეს ახალ მესაკუთრეს.

„იგივე უზენაესი სასამართლო ანალოგიურ საქმეზე ამბობს, რომ როცა მესაკუთრეს და პირს შორის ფორმდება ხელშეკრულება და მას „მომავალი მესაკუთრის“ სტატუსი ენიჭება, ეს უფლებამოვალეობა უნდა გადაყვეს ახალ მესაკუთრეს. შესაბამისად, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ამ კუთხით არ არსებობს,“ – აღნიშნავს თეონა ჭუმბურიძე.

სარჩელი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოში ორი თვის წინ შევიდა. საქმე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანაძესთანაა, თუმცა ამ დრომე პროცესი არ ჩანიშნულა. სასამართლოს დღეს არ განუმარტავს, რატომ არ დაიწყო საქმის განხილვა ამ დრომდე.
რით იხელმძღვანელა საჯარო რეესტრმა, როცა მან ჩანაწერი „დროებითი მესაკუთრე“ გააუქმა – საჯარო რეესტრი ამ საკითხზე განმარტებას დაგვპირდა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სპეცმასწავლებლები დამატებით საათებს ვეღარ აიღებენ

სკოლაში დასაქმებულ სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი უკვე მიენიჭათ, თუმცა მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, კანონის აღსრულებას თავისი ვადები აქვს და თუ გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც სპეცმასწავლებლებს პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ, ძალაში არ შევა, ცვლილებები ვერ განხორციელდება.

თუმცა მანამდე, სანამ სამინისტრო სპეცმასწავლებლის განვითარების სტანდარტს საბოლოოდ შეიმუშავებს, სპეცმასწავლებლებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – მათი უმეტესობა სხვა საგნების მასწავლებელია, ახალი სტანდარტის მიხედვით კი, მათ უფლება აღარ ექნებათ სხვა საგნის საათები დაიმატონ.

„სპეცმასწავლებელმა უნდა გააკეთოს არჩევანი – ან დარჩება სპეცმასწავლებლად, ჩაერთვება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში და განვითარდება ამ პროფესიით, ან დარჩება იმ საგნის მასწავლებლად, რასაც დამატებით ასწავლის“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

სპეცმასწავლებლის ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან სხვა პედაგოგების ხელფასს გაუთანაბრდება. „ახლა მიმდინარეობს დაფინანსების მოდელზე მუშაობა, ჯერ გამართული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, ისე იქნება, როგორც სხვა პედაგოგების ანაზღაურება.

როგორ დალაგდება საათობრივი ბადე, როგორი იქნება მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია, ამ დეტალებს ახლა გავდივართ“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა შეაფერხოს განათლების მინისტრის ცვლილებამაც. ეკა დგებუაძე: „ისე დაემთხვა, რომ  შეიძლება ახალი მინისტრი მოვიდეს, ველოდებით სიახლეებს. ახალ მინისტრს თავიდან უნდა ავუხსნათ ეს დეტალები. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სტანდარტი იყოს დამტკიცებული“.

 

სუპერგმირები – 13 ილუსტრაცია ტაილანდელი ბიჭების გადარჩენის თემაზე

სოციალურ მედიაში არაერთი ილუსტრაცია გამოჩნდა, რომლებიც ტაილანდში, მღვიმეში დარჩენილი ფეხბურთის გუნდის – თორმეტი მოზარდისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად მიმდინარე სამაშველო ოპერაციას ასახავს. მაშველებს, რომლებმაც ურთულეს სიტუაციაში შეძლეს მუშაობა და ყველას გადარჩენა, გმირებს უწოდებენ.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია სრულიად მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის უმეტესი ნაწილი დაფარა. ჯგუფი ოთხი კილომეტრის სიღრმეში იმყოფებოდა. მათ ცხრა დღის განმავლობაში ეძებდნენ და 2 ივლისს იპოვეს ბრიტანელმა მყვინთავებმა. 8 ივლისს დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. ბიჭები და მათი მწვრთნელი 10 ივლისს, სამდღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს მღვიმედან. გამოყვანის ოპერაციის შედეგად დაიღუპა ტაილანდელი მყვინთავი, 38 წლის სამან გუნანია.

„არასდროს დაკარგო იმედი“ – ილუსტრაცია, რომელიც ბიჭების პოვნის დღეს, 2 ივლისს გავრცელდა. ავტორი: John Wilde
„13 იმედი. იყავი ძლიერი, ჩვენ მოვდივართ“ twitter
წყარო: twitter
ერთ-ერთ ილუსტრაციაზე მაშველები „მარველის“ სუპერგმირებადაც გამოსახეს
ავტორი: tuagomstudio
„წავედით!“ სამაშველო ოპერაცია. ავტორი: ავტორი: tuagomstudio
ბიჭების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაცია. წყარო: twitter
წყარო: twitter
მღვიმიდან ბიჭების გამოყვანის ოპერაცია არაერთი მხატვრისთვის გახდა შთაგონების წყარო. ფეხბურთის გუნდს „ველური ტახები“ ჰქვია, ამიტომაც ბევრ ილუსტრაციაზე სწორედ ეს ცხოველია გამოსახული
„მისია შესრულებულია“. ამ ილუსტრაციაზე მხატვარმა საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავი, 38 წლის სამან გუნანიაც გამოსახა, რომელიც სამაშველო ოპერაციის შედეგად დაიღუპა. ავტორი: tuagomstudio
„მადლობა!”
ილუსტრაციაზე ფეხბურთის გუნდის 25 წლის მწვრთნელია გამოსახული, რომელმაც ბოლოს დატოვა მღვიმე.
ავტორი: Stephff

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამო ქედაში

ქედის საბიბლიოთეკო განყოფილების ორგანიზებით, პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილესთან დაკავშირებით, პოეზიის საღამო გაიმართა.

პოეტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მისი შემოქმედება მიმოიხილეს ადგილობრივმა პოეტებმა, საზოგადოების წევრებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა და ნორჩმა დეკლამატორებმა.

ქედის მერმა ლევან გორგილაძემ პოეტს ჰონორარის სახით ფულადი საჩუქარი გადასცა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ, პოეტს ჰონორარის სახით ფულადი საჩუქარი გადასცა.

„მინდა ბატონ ანზორ ლორთქიფანიძეს საჯაროდ მივულოცო დაბადების დღე და ვუსურვო ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალი შემოქმედებითი გამარჯვებები! მის მეტად საინტერესო, უაღრესად ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეულ ლექსებს, ლამის ბავშვობიდანვე ვკითხულობთ და აზრის სიღრმესა და ფილოსოფიურობასთან ერთად, ყოველთვის გვხიბლავს ძალუმი მხატვრული სიტყვის სურნელი და სისადავე, კოლორიტულ სახეთა სიმრავლე, შემოქმედის ამოუწურავი ტალანტი.

ჩვენ შევეცადეთ მცირედი საჩუქრით გამოგვეხატა ყურადღება ყველასათვის საყვარელი პოეტის საიუბილეო დღის აღსანიშნავად და ქედის მერია ჰონორარის სახით იუბილარს 500 (ხუთას) ლარს გადასცემს,”- ასე მიესალმა ლევან გორგილაძე პოეტ ანზორ ლორთქიფანიძეს.

 

პოეტს იუბილე მიულოცეს ასევე  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილე
პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილე

ღონისძიებას მუსიკალურად კვარტეტი ,,ელესა” აფორმებდა.

ანზორ ლორთქიფანიძე 1941 წლის 10 ივლისს ქედის რაიონის სოფელ ვაიოში დაიბადა.

1966 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა აჭარის მთიანეთში პედაგოგად და მოზარდ თაობას დიდი სიყვარულით ასწავლიდა მშობლიურ ენას.

მოღვაწეობდა ქედის რაიონული გაზეთის კორესპონდენტად, ბათუმის სოციალურ – პოლიტიკურ ინსტიტუტში მართლწერის მასწავლებლად.

პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილე
პოეტ ანზორ ლორთქიფანიძის იუბილე

ანზორ ლორთქიფანიძე ოთხ ათეულ წელზე მეტია პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. ნიჭიერი პოეტის დაინტერესების სფეროა როგორც ქართულის, ასევე აჭარის ეტიმოლოგიური, ლიტერატურული თუ მართლწერის მეცნიერული საკითხები. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1966 წელს, შემდეგ მრავალი ლექსი, სამეცნიერო ნაშრომი სისტემატიურად იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

მკითხველი დღემდე მის შემოქმედებას იცნობს, როგორც ჟურნალ-გაზეთებით, ასევე ორი პატარა კრებულით: „დედასავით ერთადერთო“ და „ლექსები“. უდიდესი წვლილი მიუძღვის პოეტს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში. ასევე  თავისი ლექსებით მან აჭარული დიალექტი გამოიტანა სამოღვაწეო ასპარეზზე.

ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში დაფიქსირდა. აქ არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს. 17 შემთხვევიდან 5 დაზიანება მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე არასრულწლოვანმა ა.-მ ორთვენახევრის განმავლობაში მიიღო – პირველი იანვრიდან 15 მარტამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასრულწლოვანმა ა.-მ უთხრა, რომ მხოლოდ ერთხელ მიაყენა დაზიანება სხვა მსჯავრდებულმა, სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ტრავმა იყო.

არასრულწლოვანი ა. ერთ-ერთია იმ არასრულწლოვნებს შორის, რომელთა ისტორიასაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კვლევაში შეხვდებით. კვლევაში ნახავთ დასკვნასაც, რომ სხეულის თვითდაზიანებები და საყოფაცხოვრებო ტრავმები, რასაც არასრულწლოვნები ოფიციალურად ასახელებენ, დამაჯერებელი არ არის და საქმე სუბკულტურასთან ანუ „ქურდული სამყაროს“ გავლენასთან გვაქვს, რაც შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ არასრულწლოვანი და ქალი პატიმრების მდგომარეობა სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში შეისწავლა. კვლევაში წერია, რომ არსებობენ პრივილეგირებული არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებიც „არაფორმალურ მმართველობას ახორციელებენ რეპრესიული მეთოდებით“.

„მე-11 დაწესებულებაში პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა, რაც ხშირად ხდება პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი. აღნიშნული შემთხვევების სრულყოფილ გამოკვლევასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ამ თემაზე დაწესებულების შიგნით ღიად საუბარს ერიდებიან.

კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმრების გარკვეული ნაწილი, რომლებიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს,“ – აღნიშნულია კვლევაში.

ნინო ცაგარეიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი უშუალოდ შეხვდა და ესაუბრა არასრულწლოვნებს. მას განსაკუთებით ის არასრულწლოვანი დაამახსოვრდა, რომელსაც ორთვე-ნახევარში 5 დაზიანება ჰქონდა მიღებული, მაგრამ ვერ თქვა, რომ მასზე ძალადობდნენ.

„საკმაოდ საეჭვოა ეს შემთხვევები. არასრულწლოვან პატიმრებს გაუჭირდათ ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა თქვეს, რომ ადგილი აქვს დაცინვას, ჩაგვრას, გარიყვას, გარკვეულ დავალებებს სხვა არასრულწლოვანი პატიმრების მხრიდან. როცა ამას სამიზნე არ ემორჩილება, არის ეჭვი, რომ ამის ნიადაგზე ხდება დაზიანება. ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ არასრულწლოვნებთან გასაუბრება დასკვნის შესაძლებლობას, რომ დაწესებულებაში ნამდვილად აქვს ადგილი ჩაგვრას და სუბკულტურის გავლენას,“ – გვითხრა ნინო ცაგარეიშვილმა.

„დაზიანებების ხასიათი და ლოკალიზაცია ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ პატიმრების განმარტება დაზიანების წარმომავლობის შესახებ დიდი ალბათობით არ შეესაბამება სინამდვილეს და დაზიანება შეიძლება მიყენებულია სხვა პირის მიერ,“ – აღნიშნულია კვლევაში.

სხეულის დაზიანებები ციხის ადმინისტრაციას დოკუმენტურადაც აქვს გაფორმებული. რა რეაგირებას ახდენს დაწესებულების ადმინისტრაცია ჩაგვრის ფაქტებზე? – ნინო ცაგარეიშვილი გვიყვება, რომ მან ამ კითხვაზე პასუხი ადმინისტრაციისგან ვერ მიიღო.

„გვიპასუხეს, რომ რეაგირების მიზნით სხეულის დაზიანების რამდენიმე შემთხვევა გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში. შემდეგ რა მოხდა, არაა ცნობილი. კვლევის პრეზენტაციის დროს ჩვენ საჯაროდაც დავსვით ეს შეკითხვა, მაგრამ პასუხი სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცია,“ – აღნიშნა ნინო ცაგარეიშვილმა.

კითხვებზე პასუხად სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ კვლევა და მისი ავტორები საჯაროდ გააკრიტიკა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს კვლევა სანდო არ არის და არც სახალხო დამცველი იყო კვლევის მომზადებაში ჩართული.

კონკრეტულად რა რეაგირება მოჰყვა საპატიმრო დაწესებულებაში არასრულწლოვანი პატიმრების სხეულის დაზიანების 17 შემთხვევას? – სასჯელაღსრულების სამინისტრო კითხვაზე პასუხის გაცემას გუშინ, 10 ივლისს, დაგვპირდა, მაგრამ ამ დრომდე ინფორმაცია სამინისტროსგან არ მიგვიღია.

„ჩვენ ამ პრეტენზიებს არ ვიზიარებთ. კვლევა არის სანდო და დასაბუთებული. ეს არის მონიტორინგის შედეგი და ეს კონკრეტული პრობლემები გამოვლინდა იქ, მათ შორის ის ნაწილი, სადაც სუბკულტურის გავლენაზეა საუბარი,“ – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. იგი განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მემორანდუმის საფუძველზე მისცა სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლება. დაწესებულებებში კვლევის პროცესს სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ამ პროცესის შემდეგ ჩვენ ჩვენი შენიშვნები მივაწოდეთ, მათ საბოლოო სახე მისცეს და გამოაქვეყნეს. რაც შეეხება სუბკულტურას არასრულწლოვან პატიმრებში, ეს არის საკითხი, რაზეც ისინი გახსნილად არ საუბრობენ. გარკვეული ინფორმაციით, რაც პატიმრებმა მოგვაწოდეს, გამოვლინდა ის, რაც ანგარიშში წერია,“ – გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ.

„აუცილებელია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ გააცნობიეროს, თუ რა გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებაში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და შეიმუშავოს ამ პრობლემის დაძლევის სტრატეგია,“ – ამ რეკომენდაციით სრულდება კვლევა არასრულწლოვან პატიმრებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსი – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარაში და ქალაქ ბათუმში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

11-12 ივლისს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა იქნება:

  • დღისით: 27-32 გრადუსი 
  • ღამით: 20-25 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 27-32 გრადუსი 
  • ღამით: 12-17 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26,6 გრადუსია, ტალღის სიმაღლე –10 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

კურორტ გოდერძიზე კვადროციკლის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კურორტ გოდერძიზე 10 ივლისს, საღამოს, უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირი დაშავდა. მთის კურორტების მართვის კომპანიის ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანიის თანამშრომელი იყო, ის კურორტის საბაგიროზე მუშაობდა.

„რაც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი, ისაა, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ სამსახურეობრივი მოვალეობა, კვადროციკლით მოდიოდნენ ჭანჭახის მთიდან, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ეს ფატალური შედეგი დადგა. სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება მეორე თანამშრომელს, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და ველოდებით, რომ წუთი-წუთზე უნდა გამოწერონ. ჩაუტარდა გამოკვლევები, მსუბუქი დაჟეჟილობები ჰქონდა.“ – გვითხრეს კომპანია „მთის კურორტებში“.

კომპანიის ინფორმაციით დაღუპული ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში ცხოვრობდა. ადგილობრივია დაშავებულიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით.

რა ვერ შეცვალეს ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შემდეგ – ჟურნალისტები შენობაში

იმის სანახავად, თუ რა შეცვალეს შენობაში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ხანძრის შემდეგ, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერმა ალბერ ფინაშმა დღეს, 10 ივლისს, სასტუმროში  ჟურნალისტები დაპატიჟა. სასტუმრო უკვე რამდენიმე თვეა „ველმონდის“ სახელით ფუნქციონირებს და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, დღეის მდგომარეობით 280 სტუმარი ჰყავს.

ჟურნალისტების დაპატიჟების გადაწყვეტილება სასტუმროში მას შემდეგ მიიღეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და სასამართლოს სასტუმროსა და სამორინეს ექსპლუატაციის შეჩერების თხოვნით მიმართა.

სასტუმროს მენეჯერმა, ალბერ ფინაშმა, დღეს ჟურნალისტებს აჩვენა რამდენიმე ახალი გასასვლელი, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალ გასასვლელზე სპა სალონიდან, რომელიც საევაკუაციო კიბეს უკავშირდება და იქვე არსებულ ცეცხლმაქრ ბალონებზე.

სახანძრო კიბე, რომელიც მანამდე მხოლოდ ორ სართულს წვდებოდა, ამჯერად ექვს სართულს ფარავს და უკავშირდება შენობის სახურავს. სასტუმროს მენეჯერმა ისაუბრა ასევე სახურავის ქვეშ დამონტაჟებულ სიგნალიზაციაზე, რომელიც დაკვამლიანების შემთხვევაში უნდა ჩაირთოს. გარდა ამისა, სართულებზე დამონტაჟებული კამერებით აკვირდებიან, რა ხდება სართულების ფოიეში.

სასტუმროში დარწმუნებულები არიან, რომ  დღეს სასტუმრო უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად გამართულია, ამიტომაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოთხოვნის მიუხედავად, მუშაობის შეჩერებას არ გეგმავენ. სასტუმროს იურისტი სარჩელს ამზადებს, რომლითაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სასტუმროსა და სამორინე „ველმონდის“ ექსპლუატაციის შეჩერების თაობაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სასტუმროში აღიარებენ, რომ სააგენტოს 43 მოთხოვნიდან, მხოლოდ ნახევარი შეასრულეს და ამბობენ, რომ სხვა მოთხოვნების შესასრულებლად გონივრული ვადა აქვთ, 2018 წლის დეკემბრამდე. შეუსრულებელი მოთხოვნების ჩამონათვალშია კიდევ ერთი ალტერნატიული სახანძრო კიბის მოწყობა და კვამლის გამწოვი სისტემის დამონტაჟება…

სპეციალისტების დასკვნით, ის, რომ შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. ​

გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტების დასკვნებით კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

დღეს სასტუმროს იურისტმა კახა წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააგენტოს 17 მაისის განცხადება სასტუმროს ადმინისტრაციას არ ჩაჰბარებია. გარდა ამისა, მისივე თქმით, სასტუმროს გახსნის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციას მერიასთან ან სხვა რომელიმე სტრუქტურასთან არ შეუთანხმებია, რადგან ასეთი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა.

ალბერ ფინაში

რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი 

„მინივენით მგზავრების გადაყვანა არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას,“ – აცხადებს საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი, იურისტი პაატა კოპალეიშვილი. მას ვთხოვეთ განმარტება ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებაზე, რომელიც დღეს გააავრცელეს ქართველი მძღოლების პრეტენზიებთან დაკავშირებით.

ტურისტული კომპანიების მძღოლებმა დღეს, 10 ივლისს საპროტესტო აქცია სწორედ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან გამართეს. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. ამ დროისთვის 16 მინივენი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

თურქეთის საკონსულომ განმარტა, რომ „ვისაც არ აქვს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი, მათთვის შეუძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელება“. საკონსულოში დამატებით კომენტარზე უარი გვითხრეს. „ბათუმელებს“ სურდა პასუხი მიეღო კითხვებზე: რას გულისხმობს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი და რატომ არ ითხოვდა აქამდე მსგავს დოკუმენტს თურქეთის პოლიცია.

იურისტი პაატა კოპალეიშვილი კონკრეტულ ნორმატიულ აქტზე მიუთითებს – „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“.

„ეს შეთანხმება 1995 წელს არის რატიფიცირებული და ამ დოკუმენტის მიხედვით, ზოგადად, რეგულირებას სამგზავრო გადაზიდვებში ექვემდებარება 8+1 სამგზავრო ადგილების მქონე სამგზავრო ტრანსპორტი, ანუ მინივენები და კომერციული დანიშნულებით გამოყენებადი ტაქსები ამ რეგულაციის ფარგლებში არ ხვდება. რვა ადგილზე მეტი ადგილის მქონე ტრანსპორტს მინიმუმ ერთწლიანი ნებართვის აღება სჭირდება.

როგორც ჩანს, თურქეთში გააქტიურდა ეს თემა. შეხედეს, რომ კარგავენ კლიენტს და თურქეთის მთავრობა უფრო მწვავედ რეაგირებას მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვიდრე ჩვენი. დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, თურქეთში შეიმუშავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის მექანიზმი და ამის შესაბამისად მოქმედებს პოლიცია,“ – ამბობს იურისტი პაატა კოპალეიშვილი.

იურისტის თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შერეული კომისიის შექმნას, რომელიც მეთვალყურეობის ხელშეკრულების შესრულებას, მიმდინარე საკითხების შესრულებას და გაუთვალისწინებელი საკითხების გადაწყვეტას. კომისია ეკონომიკის სამინისტროში უნდა არსებობდეს.

არსებობს თუ არა მსგავსი კომისია საქართველოში და განიხილავს თუ არა იგი ქართველი მძღოლების პრობლემას – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრს მიმართა. ამ საკითხზე უწყების განმარტება ჯერ არ გვაქვს, შესაბამისად,  მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა – მაშველებმა ზღვიდან ორი ტურისტი გამოიყვანეს

საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა.

მაშველებმა ტურისტები გამოიყვანეს. მაშველების ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა დღეს, 10 ივლისს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მთავარი ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის ხუთ თვეში 362 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დღეს 16 ლიცენზირებული კომერციული ბანკი ფუნქციონირებს. საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2018 წლის პირველ ხუთ თვეში 362 მილიონ 467 ათასი ლარი შეადგინა, რაც 10 მილიონ 422 ათასი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რომელიმე კომერციული ბანკის ოფიციალური თხოვნა ლიცენზიის გაუქმებაზე სებ-ში შესული არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ დრომდე ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება სამი ბანკი: ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი, კაპიტალ ბანკი და პროგრეს ბანკი:

[checklist]

  • ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი – ლიცენზია გაუუქმდა 2017 წლის 1 მაისს. მშობელმა ბანკმა მიმართა ეროვნულ ბანკს თხოვნით გაუქმებულიყო თბილისი ფილიალი და მის სანაცვლოდ დააფუძნა შვილობილი ბანკი სს „ზირაათ ბანკი საქართველო“, რომელზეც საბანკო ლიცენზია გაიცა 2017 წლის 27 აპრილს.
  • კაპიტალ ბანკი – ლიცენზია გაუუქმდა 2016 წლის 14 ნოემბერს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმების დარღვევის გამო.
  • პროგრეს ბანკი – ლიცენზია გაუუქმდა 2016 წლის 18 ოქტომბერს. 2016 წლის სექტემბერში პროგრესს ბანკის აქტივების და პასივების უდიდესი ნაწილი შეიძინა TBC ბანკმა, რის შემდგომ ბანკის მფლობელმა მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.

[/checklist]

ამ თემაზე:

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკება გასულ, 2017 წელს, ჯამში 869 მილიონ 798 ათას 259 ლარის წმინდა მოგება ნახეს:

შარშან ყველაზე მეტი – 371,7 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკმა“ მოიგო

ბოლო 5 წელში კი საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 2 მილიარდ 953 მილიონ 233 ათასი ლარის წმინდა მოგება ნახეს. ბანკების წმინდა მოგება 2013 წლიდან ყოველწლიურად იზრდება:

კომერციულმა ბანკებმა საქართველოში ბოლო ხუთ წელში 2,9 მილიარდი ლარი მოიგეს

რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს

თურქეთის საკონსულთან ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქცია  კონსულთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. თურქეთის პოლიციის მიერ დაჯარიმებული მძღოლები კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ჩვენთან მოვიდა აჭარის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა. ხვალ გვექნება შეხვედრა მთავრობაში,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი.

ტურისტული კომპანიების მძღოლების თქმით, მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. ამ დროისთვის 16 მინივენი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საკონსულომ მხოლოდ წერილობით განმარტა:

„მათ, ვისაც არ აქვს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი, მათთვის შეუძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელება. ეს არის საერთაშორისო რეგულაცია და საქართველოშიც ანალოგიურად მოქმედებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ყველა სატრანსპორტო საშუალება ჯარიმდება და ეს პირობა ვრცელდება ორივე მხარეს.“

რას გულისხმობს „საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი“ და რატომ არ აჯარიმებდნენ აქამდე სხვა მძღოლებს, ვინც ამ დრომდე საქართველოდან თურქეთში ტურისტების ტრანსპორტირებას ახორციელებდა? – თურქეთის საკონსულოში განმარტებაზე უარი გვითხრეს.

აქციის მონაწილე მძღოლების თქმით, ნებართვას საერთაშორისო გადაზიდვებზე მხოლოდ ავტობუსები საჭიროებს, „მინივენები“ კი, ავტობუსის კატეგორიაში არ გადის. მათთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო თურქეთის პოლიციამ ქართველი მძღოლების დაჯარიმება.

მძღოლები სარფში თურქული ავტობუსებისთვის გზის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ხვალ საკონსულოსგან და აჭარის მთავრობისგან პასუხს ვერ მიიღებენ.

 

 

 

“საქართველოს რკინიგზამ” პარა ტაიკვანდოს სპორტსმენებს ახალი ფორმები გადასცა

დღეიდან პარა ტაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა.

პარა ტაიკვანდოს ფედერაცია, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პარა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო  ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარა სპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ ხელმძღვანელმა, ელდარ ფერცულიანმა გადასცეს.

საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გააგრძელებს პარასპორტის მხარდაჭერას.

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით.

„ველმონდის“ წარმომადგენელი: სასტუმრო მუშაობის შეჩერებას არ აპირებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს. სამსახურის ინფორმაციით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოება კვლავ არ არის დაცული. ამის შესახებ „ბათუმელებისთვის“ დღეს გახდა ცნობილი. „ველმონდის“ წარმომადგენლმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მუშაობის შეჩერებას სასტუმრო არ აპირებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასტუმრო „ველმონდის“ წარმომადგენლის, კახაბერ წერეთლის ინფორმაციით, „აღნიშნულ სამსახურთან იყო სრული კოორდინაცია, მიმდინარეობდა რეკომენდაციების შესრულება და მათი მხრიდან მიღებული იქნა ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენთვის მოულოდნელად… ამ ეტაპზე სასტუმრო და სამორინე მუშაობას განაგრძობს და ვაპირებთ კანონიერი პროცედურების ბოლომდე დაცვას და სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამისთვის 48-საათიანი ვადა გვაქვს. შეჩერებას სასტუმრო არ აპირებს, რადგან ეს არის დიდი დარტყმა ბიზნესზე, თან სეზონზე. შენობაში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კეთდებოდა ყველაფერი, რაც იყო რეკომენდაცია და გაწერილი ვადების მიხედვით. გარკვეულ პუნქტში იყო წინსწრება, გარკვეულ პუნქტში იყო ჩამორჩენა… იყო ჩვეულებრივი მუშა პროცესი და არ ყოფილა რაიმე გაფრთხილება, რომ ამაში გაქვთ ჩამორჩენა, გამოასწორეთ და ა.შ. ამიტომ იყო მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება“.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა ახალი სახელით – „ველმონდი“ – 2018 წლის მაისიდან გააგრძელა.

ამ თემაზე:

„ლეოგრანდი“ სახელს იცვლის – სასტუმროში რემონტია

სოფელ ვაიოს მცხოვრები: სარწყავს ვინ დაეძებს, პირის დასაბანი წყალი არ გვაქვს

„ახლა, ამ წუთას, სოფელში საცოდაობაა უწყლობის გამო. ძირითადად სარწყავი წყლის პრობლემაა, მაგრამ ისეთი ოჯახებიც არის, ვისაც პირის დასაბანი წყალიც კი არ აქვს. წერილობით მივმართეთ მერიას. იყვნენ ამოსული სოფელში, ჭაბურღილზე ილაპარაკეს, მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა“, – გვიყვება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მცხოვრები იოსებ მახაჭაძე.

სოფელ ვაიოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ, რაც მდინარეში წყალი შრება, სოფელს ალტენატიული წყალი არ აქვს – ნარგავები კი უწყლობის გამო ხმება და მოსახლეობა მოსავლის გარეშე რჩება.

ვაიოში ასამდე ოჯახი ცხოვრობს, ისინი მთავრობის დახმარებას დიდი ხანია უშედეგოდ ელიან. იოსებ მახაჭაძის თქმით, მათ ახლა  არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების იმედი აქვთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საბჭოს წევრი გავხდი. ასეთი პიროვნება, მალხაზ ჭკადუა გეცოდინებათ, ამოსული იყო ჩვენთან. სიუჟეტი გავაკეთეთ, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს. თქვენც დაგვეხმარეთ, გააკეთეთ ყველაფერი, რასაც შეძლებთ და მე რკინის ქალამნებს ჩავიცმევ, ისე მინდა ეს საქმე გამოვიდეს, ერთი ჭაბურღილი მაინც დაიდგას სოფელში.“

ქედის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან გორგილაძე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ვაიოში სარწყავი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულია, თუმცა მათ 2019 წლამდე ამ მიმართულებით საიმედოს ვერაფერს ჰპირდება.

„ … არ არის წყლები, რომელთა მობილიზებაც შეიძლება, ძალიან შორი მანძილიდანაა მოსაყვანი. ჩვენს რაიონში ორი ასეთი პროექტი უკვე არის განხორციელებული და სამომავლოდ იგეგმება წყლის სისტემის შექმნა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი „აჭარის წყლის ალიანსი“ უწევს ამას კოორდინაციას და მთელი სისტემა უნდა ამუშავდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არის მხოლოდ ინდივიდუალურად მოყვანილი წყალი. მათ უნდათ სარწყავად გამოიყენონ ჭაბურღილის წყალი“.

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის [ KFW ] მიერ დაფინანსებული პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტბში სარწყავი წყლის მოწესრიგება 2019 წლიდან დაიწყება, მანამდე მოსახლეობას წვიმის იმედად მოუწევს დარჩენა.

ქედის მერის ინფორმაციით, ვაიოში ჭაბურღილის წყლის მიწოდება რამდენიმე წლის წინ სცადეს, თუმცა არ გაამართლა: „როცა ამოიღეს წყალი, მისი შემცველობა ისეთი იყო, რომ ირგვლივ ნათესები მოსპო“.

სოფელში კი ამბობენ, რომ მერიამ მაშინ ჭაბურღილი არასწორ ადგილზე, ოქროს საბადოს ტერიტორიაზე მოაწყო:  „ ამბობენ, რომ ჩინელებს ჰქონიათ შესყიდული, რამდენად მართალია, არ ვიცი“

ვაიოში იციან, რომ მათგან ყველაზე ახლო პუნქტი, საიდანაც წყლის მილებით გამოყვანაა შესაძლებელი, სოფელი მერისია: „ეს მაინც შორია და ძვირი ჯდება, ამიტომ ჩვენ შერჩეულ ადგილზე ორ ჭაბურღილს ვითხოვთ, რაც დაახლოებით 120 000 ლარის ხარჯია.“

ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქედაში, ძირითადი, სოფლები ინდივიდუალურ წყაროებზეა დამოკიდებული, რადგან ერთიანი სარწყავი სისტემა არ არსებობს.

 

ქედაში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს

ქედის მუნიციპალიტეტში ას წელს გადაცილებული სამი ქალი ცხოვრობს, მათგან ერთ-ერთს, აიშე ბერიძეს, დაბადებიდან 100 წელი დღეს შეუსრულდა.

აიშეს იუბილე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაალ მიქელაძემ და ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მიულოცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მას 1000 ლარი გადასცა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში.

აიშე ბერიძე სოფელ აქუცაში ცხოვრობს. სამინისტროს ცნობით, მას ჰყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 19 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი.

ქედის მუნიციპალიტეტში აიშე ბერიძის გარდა 100 წელს გადაცილებული კიდევ ორი ქალი ცხოვრობს – 106 წლის ზექიე მჟავანაძე და 101 წლის ფატყუმე ბოლქვაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 34 მოქალაქე ცხოვრობს, ყველა მათგანი ქალია. 4 მოქალაქეს 100 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდება.

აჭარაში უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ფიქრიე ირემაძეა, ის 1905 წელს დაიბადა და 2018 წელს 113 წელი შეუსრულდა.

 

საგანგებო: სასტუმრო „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს, რისთვისაც მათ სასამართლოს უკვე მიმართეს. „ველმონდის“ წარმომადგენლის განცხადებით კი, სამსახურის მოთხოვნა მათთვის მოულოდნელი იყო და მას გაასაჩივრებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას, რომელიც სამსახურმა დღეს გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. ​გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

​კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

​სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში.

სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ამავე თემაზე:

„ველმონდი“ – ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა განაახლა

საპროტესტო აქცია – მძღოლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ, კონსული შვებულებაშია

რამდენიმე ტურისტული სააგენტოს მძღოლი ამ წუთებში თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავს. მათი თქმით, თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ.

თურქეთის საკონსულოდან მძღოლებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

“გვეუბნებიან, რომ დოკუმენტში უნდა გვეწეროს ავტობუსი და არა მინივენი. 1500 ლირით გვაჯარიმებენ,” – აცხადებენ მძღოლები.

თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა მძღოლებს უთხრა, რომ კონსული შვებულებაშია და მოთხოვნა აქციის მომაწილეებმა საკონსულოს წერილობით უნდა მიაწოდონ.

საკონსულოსთვის წარმომადგენელს წერილის მიწერაზე აქციის მონაწილეებმა უარი უთხრეს. ისინი კონსულის თანაშემწესთან ითხოვენ შეხვედრას.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სარფის საბაჟოზე თურქულ ავტობუსებს გადაუკეტავენ გზას, თუკი საკონსულოს წარმომადგენლები მათ არ მოუსმენენ.

 

აჭარაში მე-12 საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი ჩატარდება

17-22 ივლისს  რიგით XII საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი საქართველოში შუახევში, ჩიხურის მთაზე ჩატარდება.

ეს ფესტივალი წლებია ტარდება სხვადასხვა ადგილებში და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჯიპერები მონაწილეობენ. ორგანიზატორების ცნობით, წელს ფესტივალზე ელოდებიან მონაწილეებს: ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ფესტივალზე თავს მოიყრის 300-მდე ავტომობილი.

შეჯიბრის განრიგი ამ ეტაპისთვის გამოიყურება შემდეგნაირად:

17 ივლისი
12:00-18:30 სტუმრების მიღება, დაბანაკება
19:00 ოფიციალური გახსნა
20:00 კონცერტი/მომდევნო დღის გეგმების გამოცხადება

18 ივლისი
08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ტურისტული ექსპედიციების სტარტი
10:00-13:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
13:00-15:00 შესვენება
15:00-19:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
19:00-21:00 შესვენება
21:00 დღის ექსპედიციების დასასრული და ბანაკში დაბრუნება
21:00 საღამოს გასართობი პროგრამა/კოცონი, გიტარა, დისკოტეკა და ა.შ.

19 ივლისი
08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ტურისტული ექსპედიციების სტარტი
10:00-13:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
13:00-15:00 შესვენება
15:00-19:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
19:00-21:00 შესვენება
21:00 დღის ექსპედიციების დასასრული და ბანაკში დაბრუნება
21:00 საღამოს გასართობი პროგრამა/კოცონი, გიტარა, დისკოტეკა და ა.შ.

20 ივლისი
08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ტურისტული ექსპედიციების სტარტი
10:00-13:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
13:00-15:00 შესვენება
15:00-19:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
19:00-21:00 შესვენება
21:00 დღის ექსპედიციების დასასრული და ბანაკში დაბრუნება
21:00 საღამოს გასართობი პროგრამა/კოცონი, გიტარა, დისკოტეკა და ა.შ.

21 ივლისი
08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ოფროუდ შეჯიბრების დაწყება
17:00 შეჯიბრის ფინიში
18:00 წინასწარი შედეგები
20:00 დაჯილდოვება/კონცერტი/ფეიერვერკი

22 ივლისი
09:00-12:00 ბანაკის დახურვა

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ისეთი გასართობი შეჯიბრებები და ესტაფეტები, როგორიცაა: ტალახში სირბილი, ტომრით სირბილი, ჰაიჯეკის გადაგდება, სირბილი ჰაიჯეკებით, მორების გადაჭრა ნაჯახით, ახვეული თვალებით სიარული რაციის დახმარებით, ნელი სვლა, ბაგირის გადაქაჩვა, არმ რესლინგი, ვალეიბოლი, ტალახის რაგბი, წყლის შეჯიბრებები და სხვა.

მონაწილე ეკიპაჟის ფესტივალზე რეგისტრაცია ფასიანია. დეტალებისა და სარეგისტრაციო ფორმის სანახავად გადადით ბმულზე.

ფესტივალი იმართება საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ოფროუდის ფედერაციის, ფესტივალის ავტორებისა და შუახევის მერიის თანაორგანიზებით.

„თურქეთში ტურისტების გადაყვანის დროს მანქანები ჩამოგვართვეს“ – აქცია საკონსულოსთან

მძღოლები საპროტესტო აქციის გამართვას დღეს თურქეთის საკონსულოსთან გეგმავენ. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა.

„პრობლემა ეხება ათობით მძღოლს, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან მუშაობენ. თურქეთის პოლიცია მათ ტურისტების საქართველოდან გადაყვანის საშუალებას არ აძლევს. მძღოლები 1500 ლირით არიან დაჯარიმებული, ხოლო მინიბასები საჯარიმოზეა გადაყვანილი,“ – ამბობს ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი, ირაკლი ბარამიძე.

მძღოლები და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დღეს თურქეთის კონსულთან მოითხოვენ შეხვედრას. მათი მოთხოვნაა ქართველ მძღოლებს, ვისაც საქართველოდან თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ, მუშაობის საშუალება მისცენ.

„რამდენიმე დღის წინ ტრაბზონში მიმყავდა უცხოელი ტურისტები, ერთდღიანი ტური იყო,“ – გვიყვება ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც გვთხოვა მისი ვინაობა არ დავასახელოთ. -„სარფის საბაჟოზე გავედით ჩვეულებრივად და თურქეთის მხარეს გაგვაჩერა საგზაო პოლიციამ. გვითხრა, რომ საბუთებში „მინიბასი“ უნდა ეწეროს და არა „მინივენი“. ჩვენი კანონმდებლობით ავტობუსს თავისი პარამეტრები აქვს და მინივენი ავტობუსის კატეგორიაში არ გადის. დამაჯარიმეს 1000 ლირით და მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. საჯარიმოდან მანქანის გამოყვანის ფასი დამატებით 500 ლირაა. აღმოჩნდა, რომ ჩემს მდგომარეობაში სხვა ტურისტული კომპანიების მძღოლებიც არიან. საჯარიმოზე სულ 14 მინივენი იდგა. ის მძღოლებიც ჩემ მსგავსად დააჯარიმეს. პოლიციამ იქვე გამოიძახა ტაქსი და წაიყვანა ჩემი მგზავრები. ტურისტებს დამატებით თანხის გადახდა მოუწიათ,“ – ამბობს ის.

„ბათუმელები“ განმარტებისთვის საქართველოში თურქეთის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს სწავლობენ. საელჩოს განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მთავარ ფოტოზე: დაჯარიმებული ავტომანქანები თურქეთში საჯარიმო ავტოსადგომზე. ფოტო „ბათუმელებს“ დაჯარიმებულმა მძღოლმა მოაწოდა.

ბათუმში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ

ბათუმში გუშინ, 9 ივლისს, შავშეთის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გუშინვე გადაიყვანეს ბათუმის „მედცენტრში“, კლინიკიდან დღეს გაწერეს.

„პაციენტს ზურგის არეში, ხერხემალთან ჰქონდა ღრმა ჭრილობა. დასჭირდა მცირე ოპერაციული ჩარევა,“- გვითხრეს „მედცენტრში“.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის არავინ არ არის დაკავებული.

რა ხდება ქალთა საპატიმროებში – გაშიშვლება, ბუქნები, 10-20%-ით ძვირი მაღაზიები

ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ამ დაწესებულების პატიმარი ქალების მდგომარეობა შეფასდა და გამოიკვეთა ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციებს სთავაზობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

მონიტორინგის ანგარიში ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ქვემოთ მოცემული ანგარიშის მიმოხილვა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას შეეხება, ამ და სხვა დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე კი დემოკრატიის ინსტიტუტი ზრუნავს. ორგანიზაცია ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“, რომელშიც აჭარის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩართვა. პროგრამა ყოფილი პატიმრების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, დასაქმებას, სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

[red_box]ზოგადი მდგომარეობა ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში [/red_box]

კვლევის პროცესში გამოიკითხა 91 ქალი პატიმარი: უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე მსჯავრდებული, 22 ბრალდებული ქალი, დედათა და შვილთა განყოფილებაში კი 3 მსჯავრდებული ქალი.

პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას ქალ პატიმრებს სრული პირადი შემოწმებისას ისევ აშიშვლებენ და სთხოვენ ბუქნების გაკეთებას მენსტრუალური ციკლის დროსაც კი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ქალი პატიმრები აღნიშნავენ, რომ ეს პროცედურები მათთვის ძალიან დამამცირებელია და დიდ მორალურ ზიანს იღებენ.

N5 დაწესებულების საცხოვრებელ საკნებში არ არის საკმარისი ხელოვნური ვენტილაცია. რიგ საკნებში იატაკი არის ბეტონის. საკნებში არ არის ცხელი წყალი. საღამოს 20 საათის შემდეგ იკეტება კორპუსები და საკნის კარებიც. ამის შემდეგ პატიმრებს არ აქვთ საკნიდან გამოსვლისა და აბაზანით სარგებლობის უფლება, პირადი ჰიგიენის დასაცავად პატიმარი ქალები წყალს საკანში აცხელებენ.

კბილის პასტა, საპონი და ტუალეტის ქაღალდი ქალ პატიმრებს უფასოდ ურიგდებათ თვეში ერთხელ, რაც არასაკმარისია. ჰიგიენურ საშუალებებს პატიმრები, ძირითადად, მაღაზიაში ყიდულობენ. არ რიგდება ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და პატიმრები მაღაზიაზე არიან დამოკიდებული. აქვს არასასიამოვნო სუნი, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ხელებზე ალერგიულ გართულებებს.

პატიმრებისვე გადმოცემით, დაწესებულების წყალი ზედმეტი დაქლორვის გამო უვარგისია, როგორც სასმელად, ისე რეცხვისას. მათი გადმოცემით, წყალს აქვს არასასიამოვნო სუნი, იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებსა და ხელებზე ალერგიულ გართულებებს. აზიანებს კბილებს, იწვევს თმის ცვენასა და კანის გამოშრობას. პატიმრების უმრავლესობას წყლის ყიდვა დაწესებულების მაღაზიაში უწევს.

ქალ პატიმართა უკმაყოფილებას იწვევს პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების მაღალი ფასები დაწესებულების მაღაზიაში.

კვლევის მიხედვით N5 დაწესებულების მაღაზიაში პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ფასები დაახლოებით 10-20%-ით აღემატება ჩვეულებრივი მაღაზიის ფასებს.

საპატიმრო განყოფილების საკნებში სტანდარტების შეუსაბამოა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საკნები გასარემონტებელია, ბეტონის იატაკი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ბრალდებულებს საშხაპით სარგებლობა მხოლოდ კვირაში ორჯერ შეუძლიათ.

[red_box]უცხოელ ბრალდებულ (მსჯავრდებულ) ქალთა მდგომარეობა[/red_box]

პენიტენციურმა დაწესებულებამ ბრალდებულები და მსჯავრდებულები სეზონის შესაფერისი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვა პირადი ნივთებით უნდა უზრუნველყოს.

N5 დაწესებულებაში უცხოელი პატიმრებისთვის ახალი ტანისამოსის და ფეხსაცმლის მარაგი არ არის. საჭიროების შემთხვევაში „მეორად“ ტანსაცმელს საპატრიარქო და სხვა უწყებები გადასცემენ დაწესებულებას. უცხოელი პატიმრები ტანსაცმელს, ძირითადად, ქართველი პატიმრებისგან ყიდულობენ.

ენობრივი ბარიერის გამო უცხოენოვანი პატიმრებისთვის მიუწვდომელია საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო, გასართობი აქტივობები, არ არსებობს სატელევიზიო არხები მათთვის გასაგებ ენაზე. მართალია, მათ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს სთავაზობენ, თუმცა მსგავსი კურსები არარეგულარულია და პრობლემას ვერ წყვეტს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგისას 275 პატიმარს მხოლოდ 2 ფსიქოლოგი ემსახურებოდა, მათგან მხოლოდ ერთი ფლობდა ინგლისურ ენას.

ყველა ზემოჩამოთვლილი მოცემულობის გამო უცხოენოვანი პატიმრები სრულ სოციალურ იზოლაციას განიცდიან. მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობას ბევრწილად ამძიმებს ის, რომ არ აქვთ კონტაქტი ოჯახის წევრებთან: უცხოეთში დარეკვა ძვირი ღირს, რისი საშუალებაც დაწესებულებაში მყოფებს ხშირად არ აქვთ. საჭიროების მიუხედავად უცხოელ პატიმრებს იშვიათად ეძლევათ ფსიქოლოგთან შეხვედრის შესაძლებლობა. ფსიქოლოგის ჩართულობა კი პატიმართა რეაბილიტაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გაეროს ქალ პატიმართა მოპყრობის შესახებ წესების (ე.წ. ბანგკოკის წესები) თანახმად, განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე ქალი პატიმრების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი მომსახურებით.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„მეტრო ჯორჯია პეტროლმა“ გონიოს ციხესთან სამშენებლო ნარჩენები დაყარა – დაწყებულია გამოძიება

გონიოს ციხის მიმდებარედ, არქეოლოგიური დაცვის ზონაში, სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს. კანონდარღვევა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააფიქსირა, რის შემდეგაც პოლიციის გონიოს განყოფილებას მიმართეს და ფოტომასალაც მიაწოდეს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მეორმოცე მუხლით, არქეოლოგიური დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს ზონაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას, განადგურებას, მისი აღქმის გაუარესებას ან ხელს შეუშლის მასზე სრულფასოვანი მეცნიერული კვლევის ჩატარებას.

ამ მუხლის ერთ-ერთი პუნქტი უშუალოდ ნარჩენების დაყრას ეხება და კრძალავს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების, აგრეთვე არქეოლოგიური გათხრების დროს დაგროვილი ფუჭი ქანების დაყრას“ არქეოლოგიურ ზონაში.

არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა იწვევს ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კოდექსის 254-ე მუხლის მესამე პუნქტით:

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ანდა დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა მას, ასევე არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, გონიოს მიმდებარედ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიება სწორედ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

„სახეზე გვაქვს არქეოლოგიური ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანებისა და განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს. როდესაც მივმართე სამართალდამცავ ორგანოს, დავაფიქსირე ასევე სააგენტოს მოთხოვნა, რომ გაიტანონ იქ დაყრილი ნარჩენები, რადგან ეს შეუძლებელს ხდის იქ სრულყოფილი მეცნიერული კვლევის წარმოების შესაძლებლობას. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკუთვნის ტერიტორია. მნიშვნელოვანია ის, რომ აღვკვეთოთ იქ უკანონო საქმიანობა, რაც ეწინააღმდეგება ზონის დაცვის პრინციპს,“ – განმარტა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ცეცხლაძემ.

ტერიტორია, რომელზეც სამშენებლო ნარჩენები შეიტანეს, რეესტრის მონაცემებით „მეტრო ჯორჯია პეტროლს“ ეკუთვნის. კომპანიას ბათუმში რამდენიმე ბენზიგასამართი სადგური აქვს და კომპანია „მეტროს“ ერთ-ერთი შვილობილია, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში სასტუმრო აპარტამენტების ქსელს აშენებს.

„ბათუმელები“ „მეტროს“ ერთ-ერთ დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც „მეტრო ჯორჯია პეტროლის“ ერთ-ერთი დირექტორის ტელეფონის ნომერი მოგვაწოდა, თუმცა მასთან დაკავშირება მაინც ვერ შევძელით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეტრო ჯორჯია პეტროლი“ გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 3864 კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს.

 

ფოტო მოგვაწოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არქეოლოგიური დაცვის ზონაში სამშენებლო ნარჩენის შეტანა შეჩერებულია. სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსი, ისტორიკოსი ლაშა ასლანიშვილი ითხოვს, რომ ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს, რადგან  გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური დაცვის ზონაში მიმდინარე პროცესები მომავალ თაობებს ართმევს ციხე-ნაქალაქარის სრულფასოვანი შესწავლის შესაძლებლობას. მსგავსი ფაქტები არა მარტო ციხე-ნაქალაქარის, არამედ მსოფლიო ისტორიის მეტად საინტერესო მონაკვეთს ანადგურებს:

„გონიო-აფსაროსის ციხე-ნაქალაქარი თავისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით და ისტორიული მნიშვნელობით წარმოადგენს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ძეგლს. არქეოლოგიური გათხრებით, გერმანელ და პოლონელ სპეციალისტთა მიერ თანამედროვე ტექნიკური, მათ შორის კოსმოსური საშუალებების გამოყენებით მიღებული შედეგებით დასტურდება, რომ უძველესი ნაქალაქარი გაშენებული იყო  ციხის ჩრდილოეთით… არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გავლებული სასინჯი თხრილების შედეგად, არქეოლოგიურ დაცვის ზონაში ფიქსირდება სხვადასხვა ეპოქის შენობა- ნაგებობათა ნანგრევები და მძლავრი კულტურული ფენები.

გონიო-აფსაროსი ერთადერთი ძეგლია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც წერილობით წყაროებში დაცული ინფორმაციით ციხის გარეთ I-III საუკუნეში ფუნქციონირებდა ჰიპოდრომი და თეატრი. გარდა ამისა, განსაკუთრებით საინტერესოა 300 წლის მანძილზე მოქმედი ქალაქის თანადროული მოსახლეობის ანტიკური ხანის სამაროვანი, სადაც საკმაოდ მდიდრული სამარხების აღმოჩენაა მოსალოდნელი. “

 

 

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში პირველი აგვისტოდან ბილეთები აღარ გაიყიდება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ბილეთები აღარ გაიყიდება. მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ BATUMI CARD-ის მეშვეობით შეეძლებათ. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ მეტრომანიც.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ბესო დათიაშვილის თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტში გაუქმდება კონდუქტორების სისტემაც.

როგორც დათიაშვილი ამბობს,  ბოლო მონაცემებით ავტოტრანსპორტში 200-მდე კონდუქტორი მუშაობდა. „აქედან დაახლოებით 50 კონდუქტორი კონტროლიორად შეიძლება დარჩეს, ნაწილი კი ახალ პროექტში დასაქმდება, რომელსაც მერია და „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ერთობლივად ქმნის,“-ამბობს დათიაშვილი.

მოქალაქეებს სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD-ის აღება შეუძლიათ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.

ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.

პლასტიკური ბარათის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია: EXSPRESS CARD-ი, SOLO, VISA ELECTRON-ი, ARMY და სხვა.

მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეღავათიანი ბარათის აღება შეუძლიათ „მეტრო სერვისს +“– ის სერვისცენტრში (ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 55).

სტუდენტური ბარათის STUDENT CARD-ის აღება შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვისცენტრებში, მოსწავლის ბარათის SCOOL CARD-ის აღება კი  -„საქართველოს ბანკის“ ფილიალებში.

რატომ აღჭურვა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრები რუსული ნივებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის სოფლებში მდებარე სამედიცინო ცენტრები რუსული წარმოების „ნივებით“ აღჭურვა. სამინისტრომ სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე  51 პჯდ ცენტრს გადასცა ავტომანქანა „ნივა“.

რატომ შეაჩერა არჩევანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული წარმოების ავტომობილზე? აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ გადამწყვეტი გეოგრაფიული არეალი იყო – აჭარის მაღალმთიანეთში მაღალი გამავლობის ავტომანქანებია საჭირო:

„ეს პროცესი დაიწყო 2014 წელს, მაშინ გაეროს მოსახლეობის ფონდმა წამოაყენა წინადადება, რომ აჭარაში არსებული 56 პჯდ ცენტრისთვის ეტაპობრივად შეგვეძინა მანქანები. შესწავლილი იქნა საჭიროებები და გეოგრაფიული სიტუაცია, გაეროს ფონდი შემოვიდა საკმაოდ დიდი დაფინანსებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო -თანადაფინანსებით. გაერომ წარმოადგინა ტექნიკური კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა მომწოდებელს, ტენდერში არ ყოფილა მითითებული [მარკა], ტენდერი იყო ღია, ყველას შეეძლო მონაწილეობა. ტენდერში გაიმარჯვა „ნივას“ მომწოდებელმა და სრულად დააკმაყოფილა ტენდერის მოთხოვნები. 2014 წელს,  პირველ ეტაპზე, შეძენილი იქნა 21 ასეთი მანქანა. 2016 წელს, უკვე მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, გაეროს ფონდის გარეშე გააგრძელა პროგრამა და წელს დავასრულეთ.”

წელს ტენდერი 8 ავტომობილის შესაძენად სამინისტრომ 200 ათას ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთმა მონაწილემ, „გლობალ მოტორს ჯორჯია ჯი ემ ჯიმ“, გაიმარჯვა, რომელმაც სამინისტროს 196 ათას ლარად შესთავაზა ავტომობილების შეძენა. ეს კომპანია საქართველოში რუსული და ჩინური წარმოების ავტოტექნიკის შემომტანია.  წინა წლებშიც სწორედ ეს კომპანია იყო ტენდერში გამარჯვებული.

კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია მთავრობამ რუსული წარმოების ავტომობილი შეიძინოს, მაშინ, როცა საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს:

„მწარმოებელი შეიძლება იყოს რუსული, მაგრამ კომპანია ქართულია. 2014 წელს დაიწყო შესყიდვა, მაშინაც ისეთი ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, როგორც დღეს გვაქვს, მაშინ თვითონ გაეროც უარყოფდა და დაბლოკავდა ამ თემას. ეს იყო ერთობლივი პროექტი. შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომობა არის ძალიან დიდი ფუფუნება. მოგეხსენებათ, რა ძნელია მიაღწიო, მიხვიდე პაციენტამდე მაღალმთიან სოფლებში.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ, რომელმაც წარმოადგინა მანქანა, რომელიც ხარჯთეფექტურიც არის, გამავლობაც მაღალი აქვს. მოგეხსენებათ, ასეთ გზებზე არის იმის ალბათობა, რომ დასჭირდება შეკეთება და ამ სერვისების ხელმისაწვდომობა იქნებოდა უფრო იოლი.“

„ნივა“ საქართველოში პოპულარული ავტომობილი რომ არ არის, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული ავტოპარკის მიმოხილვაც მოწმობს, სადაც საქართველოში გავრცელებული ავტომანქანების ბრენდების ათეულში „ნივა“ არ შედის.

უშუალოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 7 ავტომანქანა აქვს, მათ შორის ერთი „ნივაა“.

 

Exit mobile version