აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლების 3D გრაფიკის შექმნაზე მუშაობს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ძეგლების 3D გრაფიკის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. სააგენტო პრეზენტაციას „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 3 განზომილებიანი გრაფიკა“ ხვალ, 3 აგვისტოს, 12:00 საათზე, განათლების სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გამართავს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 3-განზომილებიანი გრაფიკის პირველი ნიმუში. ასევე, წარმოდგენილი და განხილული იქნება მოდელირების პროცესი.

სააგენტოს მიერ შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 3-განზომილებიანი გრაფიკა, ერთგვარი საინფორმაციო ბაზაა და მოიცავს ძეგლების არსებული მდგომარეობის ამსახველ ვიზუალურ და გრაფიკულ ინფორმაციას.

“აღნიშნული რესურსი ერთდროულად მოემსახურება სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზნებს და გამოყენებული იქნება: ა) როგორც მტკიცებულება, ბ) როგორც არქიტექტურული პროექტების შემადგენელი ნაწილი, გ) ეფექტური საინფორმაციო-ვიზუალური რესურსი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნებისათვის, დ) რესურსი ძეგლების 3D მაკეტების მომზადებისათვის,” – წერია ღონისძიების ანონსში.

მარტვილის კანიონს შვიდ თვეში 86 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

მარტვილის კანიონი ბუნების ძეგლია და იგი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, ჩაჭრის სიღრმე კი – 20-30 მეტრი.

კანიონში ორ ადგილზე შემონახულია კირქვის ბუნებრივი ხიდები, შუა წელში წარმოიშობა 12-15 მეტრი სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი ჩანჩქერი ცნობილია „დადიანების საბანაოს“ სახელით. აქ ჩასასვლელად კირქვის დიდი კვადრატებისგან აშენებულ კიბეს უნდა ჩაუყვეთ.

ქვით მოკირწყლული წრიული საფეხმავლო ბილიკი  ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და  დადიანების ისტორიულ ბილიკს გაივლის. ბილიკზე განლაგებულია ორი ხიდი, სამი გადასახედი პლატფორმა და კირქვის დიდი ლოდებისგან აგებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს მდინარეზე გასეირნება შეუძლიათ გასაბერი ნავებით. ნავში აუცილებლად უნდა გეცვათ უსაფრთხოების ჟილეტი. ნავის მართვა მენავესთან ერთად ტურისტებსაც შეუძლიათ.

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს მარტვილის კანიონს 147 644 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო  2018 წელს, შვიდი თვის განმავლობაში, 86 096 ვიზიტორი, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია. ვიზიტორთა 48 პროცენტი ქართველია, ხოლო 52 პროცენტი – უცხოელი.

მარტვილის კანიონი
ფოტო: ლელა დუმბაძის

ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 8 პროცენტით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა – 24 პროცენტით.

მარტვილის კანიონზე სტუმრობისას „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება: „არის შემთხვევები, როცა დღეში 1000 – 1500 ტურისტიც კი მიგვიღია“.

შესვლის ღირებულება

  • საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი პირები – 9 ლარი
  • სტუდენტი და სკოლის მოსწავლე – 5 ლარი
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე – 15 ლარი
  • ნავით გასეირნება 1 ადამიანისთის-  13 ლარი

დამატებითი შეთავაზება:

  • სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი – 100 ლარი;
  • კანიონში ყვინთვა – 50ლარი.
ვიზიტორთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით

ბათუმში გარევაჭრობისა და ხმის დონის დამრღვევებს ადგილზე დააჯარიმებენ

დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომლებს უფლება აქვთ, სამართალდამრღვევვები დააჯარიმონ და ადგილზევე შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

აქამდე ეს ფუნქცია, როგორც მერიაში ამბობენ, მხოლოდ მერიის ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა, სადაც მონიტორინგის კუთხით სამი თანამშრომელი მუშაობს. მუნიციპალური სერვისების სააგენტოში კი, ამ მიმართულებით 44 თანამშრომელია დასაქმებული.

სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის 28 და ხმის დონის მონიტორინგის 16 თანამშრომელი ქალაქში 24-საათიან რეჟიმში ჩაატარებს რეიდებს.

ქონების აღრიცხვის, ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის 28 თანამშრომელი ქალაქში ძირითადად უკანონო გარევაჭრობასა და კაფე-ბარებისა თუ სხვა სავაჭრო ობიექტების მიერ უკანონოდ გადაკეტილ ტროტუარებს გაუწევენ მონიტორინგს.

მერიამ მათთვის სპეციალური უნიფორმებიც შეკერა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ფორმების შემოღების მიზანია, მოქალაქეებმა მონიტორინგის თანამშრომლები ამოიცნონ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადვილად დაუკავშირდნენ მათ. სააგენტოს ინფორმაციით, ეს თანამშრომლები მერიაში რეორგანიზაციამდეც მუშაობდნენ სხვადასხვა სამსახურში.

სააგენტოს ინფორმაციით, ივლისის თვეში ხმის დონის დარღვევისთვის ქალაქის მასშტაბით 100-მდე პირი გააფრთხილეს და 28 დააჯარიმეს. ჯარიმა ფიზიკურ პირზე   150, იურიდიულ პირზე კი  500 ლარია. განმეორების შემთხვევაში, შესაბამისად – 300 და 1 000 ლარი.

საზოგადოებრივი ადგილების [ტროტუარი და სხვა] სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის შემთხვევაში ფიზიკური პირი – 500, იურიდიული პირი კი, 2 000 ლარით დაჯარიმდება. პირველად დაჯარიმებიდან 20 დღეში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 4 000 ლარით.

______________________________________

მთავარი ფოტო: მონიტორინგის თანამშრომლები ბათუმის მერიასთან / მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ფოტო

6000-მდე ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა სარფში

31 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 102.18 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5,721 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა –  5,721 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ავარია ქედაში – დაშავებულია ორი არასრულწლოვანი

ქედაში, სოფელ დოლოგანთან, ავტოავარია მოხდა – ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანია დაშავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმში 10 აგვისტოს ხელოვნების ფესტივალი იწყება

10 აგვისტოს ბათუმში ხელოვნების ფესტივალი ARGANI დაიწყება, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. ბათუმის ცენტრალურ პარკში მოეწყობა მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენები.

„ფესტივალი უმასპინძლებს ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგას ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქეებსა და ჩვენი ქალაქის სტუმრებს.

ფესტივალზე ნახავთ ქართველი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას, მასტერკლასებს, შოუპროგრამებს, რომლებიც  საოცარ ხელოვნებისა და სილამაზის ატმოსფეროში გადაგიყვანთ,“-ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალზე დაგეგმილია არტობიექტებისა და გრაფიტის შექმნა.  ბავშვთა ზონა დატვირთული იქნება სპორტული და არტაქტიურობებით.

მოეწყობა  ქართული და უცხოური ფილმების კინოჩვენება ღია ცის ქვეშ.  ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება Fire Show-ი, მუსიკალური ჯგუფების – DJ -სეტები და Session-ი.

აჭარაში 105 კილომეტრამდე შიდა სასოფლო ბეტონის გზა დაიგება – დაიხარჯება 5,5 მილიონი [ფოტო]

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობაა. სამუშაოები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. კალენდარული წლის ნახევარზე მეტი გავიდა და, შესაბამისად, დაგეგმილი პროექტების უმრავლესობა უკვე დასრულებულია ან გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

წელს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში 105-კილომეტრამდე ბეტონის გზა დაიგება, რაშიც 5,5-მდე მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიგება 28 კმ-ზე მეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 23 კმ-მდე, ქედის მუნიციპალიტეტში – 23 კმ-მდე, შუახევის მუნიციპალიტეტში 18 კმ-ზე მეტი, ხულოს მუნიციპალიტეტში – 15 კმ-ზე მეტი.

დაგეგმილ პროექტებს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ასრულებს. სამუშაოები საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

გთავაზობთ აჭარის მუნიციპალიტეტებში დასრულებული პროექტების ნაწილის ფოტო ისტორიას.

 

მულტიკულტურული ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

31 ივლისს ბათუმის ბულვარში ეთნიკურ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბათუმში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მიიღეს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო  გერმანული,  ბერძნული, უკრაინული, ებრაული,  სომხური დიასპორებისა და აჭარის აფხაზური გაერთიანების  ნაციონალური კერძები, ფოტოსურათები, სამოსი და სხვა  ნივთები, რომლებიც ასოცირდება თითოეულ ეროვნებასთან.

“შეიძლება ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. მნიშვნელოვანი იყო ეს ფესტივალი ჩვენთვის, ურთიერთობების განმტკიცებისათვის,” – უთხრა “ბათუმელებს” ბერძნული დიასპორის წარმომადგენელმა მარინა პოლიტოვამ.

საქართველოში გერმანული დიასპორის თავმჯდომარე ირმა ტუნაძე ამბობს, რომ ფესტივალმა საშუალება მისცა, ბათუმში გერმანული დიასპორის არსებობის შესახებ მეტი ადამიანისთვის ეცნობებინა.

“ასეთი ფესტივალები ხელს უწყობს იმას, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ერთმანეთი გაიცნონ. ტურისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩანს, თუ რამდენად მულტიკულტურულები ვართ ბათუმში,” – ამბობს  ირმა ტუნაძე.

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში

ნაციონალური სამზარეულოს კერძების დაგემოვნების შემდეგ ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა კოლონადებთან განთავსებული   სცენისკენ გადაინაცვლეს, სადაც კონცერტი გაიმართა, რომელშიც  მონაწილეობა ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლებმა, მუსიკალურმა ჯგუფებმა და მომღერლებმა მიიღეს.

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში – 2018
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში – 2018
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში
ბერძნული დიასპორის წარმომადგენლებმა ფესტივალზე ცეკვა “სირტაკი” შეასრულეს

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში
ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში
უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებმა ფესტივალზე ცეკვა “პოლკა” შეასრულეს

 

 

ავარია ბათუმში

თვითმხილველის ინფორმაციით, დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველმა მოგვაწოდა

მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო მიწაზე კერძო კომპანია უნებართვო მშენებლობას აგრძელებს. არის თუ არა გარიგება კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის? – ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის თანამშრომლები „არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან“, აცხადებენ, რომ ტერიტორიით სარგებლობასა თუ სამუშაოების წარმოებაზე კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 3022 კვ/მ ტერიტორიას „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სარგებლობს – მშენებლობასაც აწარმოებს და კაპიტალურად ღობავს.

„ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს უნებართვოდ ატარებს. „აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით მერიის მიერ გაცემული იყო მითითება, რომელიც გულისხმობს გონივრულ ვადაში კომპანიამ მოახდინოს დემონტაჟი და ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გამოიცა დადგენილება მშენებლობის იძულებით შეჩერებაზე და ჩაბარდა კომპანიას“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

აღნიშნული ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, ანუ სახელმწიფო ქონებაა. ამ ქონების განმკარგავი აჭარის მთავრობა, კონკრეტულად კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

„სამინისტროს თანამშრომელი იმყოფებოდა ადგილზე და გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, იქ იმყოფებოდნენ მერიის სამსახურების წარმომადგენლებიც, ესაუბრნენ კომპანიას, გატარდა შესაბამისი ზომები, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პროცესს მიეცა მსვლელობა სასამართლოს მიმართულებით“, – გვითხრეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში.

რატომ ვერ იცავს აჭარის მთავრობა სახელმწიფო ქონებას და რას უპირებს სამინისტრო ამ მიწის ნაკვეთს? „ორგანო, რომელიც რეაგირებას ახდენს ასეთ შემთხვევაში, არის მერია და ახლა უნდა დაველოდოთ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. რაც შეეხება ქონებას, თუ ვინმე დაინტერესდება ამ მიწის ნაკვეთით, სამინისტრო მზად არის იმსჯელოს და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება ქონების განკარგვაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

აღნიშნული ტერიტორიის უნებართვოდ შემოღობვისთვის „ორბი ჯგუფი ბათუმი“, როგორც მერიაში განაცხადეს, ერთხელ უკვე დააჯარიმეს. სამინისტრომ კი კომპანია უნებართვო სამუშაოების შესახებ გააფრთხილა. მიუხედავად ამისა, კომპანია მშენებლობას და შემოღობვას აგრძელებს. გამორიცხული არაა სამინისტრომ აღნიშნული ტერიტორია კომპანიას საკუთრებაშიც კი გადასცეს, რისი იმედიც ეტყობა „ორბი ჯგუფი ბათუმს“ აქვს და სახელმწიფო ნაკვეთზე უნებართვო და უკანონო საქმიანობას აგრძელებს.

[red_box]ამ თემაზე: 

მერია: „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ტერიტორია უნებართვოდ შემოღობა – რა ხდება სასპორტო სკოლასთან[/red_box]

ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის გვერდით, 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე იყო დარეგისტრირებული.

კომპანიას მიმდინარე წლის მაისში მშენებლობა უნდა დაეწყო, თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, „მწვანე ხეივანს“ ნაკვეთის თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მასთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმეს და ნაკვეთი კვლავ აჭარის საკუთრებად დაარეგისტრირეს.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ ამ ნაკვეთზე უნებართვო სამუშაოები.

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობა ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 31.07.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო

 

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობა ფიროსმანის ქუჩაზე, ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ / 31.07.2018 / გურამ მურვანიძის ფოტო
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებლობა სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე / 1.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მშენებლობა სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთზე / 1.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ შემოღობილი სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთი / კომპანიამ გაფრთხილების შემდეგ ღობეზე მხოლოდ დაფები მოხსნა /1.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო

სად შეგიძლიათ BATUMI CARD-ის აღება მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის

დღეიდან, პირველი აგვისტოდან, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთები აღარ იყიდება და მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ BATUMI CARD-ის მეშვეობით შეუძლიათ.

მოქალაქეებს სამგზავრო უკონტაქტო პლასტიკური ბარათის BATUMI CARD-ის აღება შეუძლიათ „საქართველოს ბანკის“ სწრაფი გადახდის ტერმინალების EXPRESS PAY–ს საშუალებით, რომლებსაც გააჩნია სამგზავრო ბარათის გაცემის ფუნქცია.

ბარათის ასაღებად EXPRESS PAY–ს ტერმინალის მენიუში უნდა მოძებნოთ „სამგზავრო ბარათის შეკვეთა“ და შემდეგ მიჰყვეთ ინსტრუქციას, ჩარიცხოთ 2 ლარი, რომელიც აისახება ანგარიშზე.

პლასტიკური ბარათის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად.

ბათუმის ავტოტრანსპორტმა დღეს ის მისამართები გამოაქვეყნა, სადაც BATUMI CARD-ის აღებაა შესაძლებელი ტერმინალით. ეს მისამართებია:

  • გორგილაძის ქ. N2 
  • გორგილაძის ქ. N27
  • გორგილაძის ქ. N74
  • ხიმშიაშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთა
  • ბარათაშვილის ქ. N26
  • გოგებაშვილის ქ. N4
  • გოგებაშვილის ქ. N32
  • რუსთაველის ქ. N10
  • რუსთაველის ქ. N24
  • რუსთაველისა და მელიქიშვილი ქუჩების კვეთა
  • ზ.გამსახურდიას ქ.N31
  • კ.გამსახურდიას ქ.N43/26
  • ჭავჭავაძის ქ. N26
  • ჭავჭავაძის ქ. N39
  • ჭავჭავაძის ქ. N52
  • ჭავჭავაძის ქ. N90
  • ტ.აბუსერიძის ქ.N46
  • ჯავახიშვილის ქ. N63
  • აღმაშენებლის ქ N32
  • ტაბიძის ქ.N6
  • ლერმონტოვის ქ. N94ა
  • წერეთლის ქ. N28
  • წერეთლის ქ. (თბ. მოედანი)
  • მაიაკოვსკის ქ. N4
  • მაიაკოვსკის ქ. N23
  • ინასარიძის ქ. N5
  • ინასარიძის ქ.N14ა
  • ინასარიძის ქ.N16
  • კობალაძის ქ.16
  • ხიმშიაშვილის ქ. N11
  • ხიმშიაშვილის ქ.N25
  • ლეხ და მარია კაჩინსკების N1
  • შავშეთის ქ. N15
  • პუშკინის ქ.N77
  • პუშკინის ქ.N80
  • პუშკინის ქ. N93
  • სულხან–საბა ორბელიანის ქ N13
  • სულაბერიძის ქ.N47
  • მახინჯაური(უნივერსიტეტი)
  • მახინჯაური (რკ.სადგური)
  • თამარის დასახლება N14ბ
  • თამარ მეფის გზატკეცილი N5 (რესტორანი ოქროს თევზი)
  • თამარ მეფის გზატკეცილი (ბათუმი ცენტრალი)
  • აეროპორტის გზატკეცილი N88 (ბავშვთა საავადმყოფო)
  • ახალ სოფლის დასახლება
  • სარფი
  • მეჯინის წყალი
  • ფ.ხალვაშის გამზირი N86
  • ფრიდონ ხალვაშის გამზირი N160

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ასევე შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ყველა უკონტაქტო ბარათით, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო ფუნქცია: EXSPRESS CARD-ი, SOLO, VISA ELECTRON-ი, ARMY და სხვა.

მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეღავათიანი ბარათის აღება შეუძლიათ „მეტრო სერვისს +“– ის სერვისცენტრში (ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 55).

სტუდენტური ბარათის STUDENT CARD-ის აღება შესაძლებელია EXPRESS BANK-ის სერვისცენტრებში, მოსწავლის ბარათის SCOOL CARD-ის აღება კი  -„საქართველოს ბანკის“ ფილიალებში.

10 წელი აგვისტოს ომიდან – დისკუსია და წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია ბსუ-ში

9 აგვისტოს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის “(S)hero(es)” პრეზენტაცია გაიმართება.

დისკუსია და წიგნის პრეზენტაცია რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორიები არიან ბსუ და გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”.

წიგნის ავტორები მწერალი სალომე ბენიძე და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა წარადგენენ ფოტოწიგნს “(S)hero(es)”. ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნი გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში“ გამოსცა. წიგნის მთავარი გმირები ის ქალები არიან, რომლებიც აგვისტოს ომის თვითმხილველები და მონაწილენი გახდნენ, რომლებმაც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კონფლიქტოლოგი ირაკლი გორგილაძე და ომის მონაწილე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაწყებითი სამხედრო მომზადების კურსის სერჟანტი, მასტერ სერჟანტი ლევან ჯანგირაშვილი.

 

აგვისტო წვიმიანი დღეებით დაიწყო – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-2 აგვისტოს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა,ზოგან –  ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 28 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 13-18 დმ – 4 ბალი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი.

სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მაინც არ ჩერდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უმაღლესი საბჭოს წევრის, დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანია მშენებლობას არ აჩერებს. მშენებლობის მომიჯნავე სახლში მცხოვრებლებმა, რომლებიც კომპანიას სასამართლოში კუთვნილი სივრცის ათვისების გამო ედავებიან, ამასთან დაკავშირებით დღეს პოლიციას მიმართეს და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვეს.

მოსარჩელეების იურისტის, გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობის გამო გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსით.

„მოპასუხე შპს „ჩემ სახლს” აეკრძალოს ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქ. N20-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე… IV კლასს მიკუთვნებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გაგრძელება ერთი თვის ვადით“, – ეს განჩინება მოსამართლე სალიხ შაინიძემ 25 ივლისს გამოსცა. კომპანიას სასამართლოში მშენებლობის გვერდით მცხოვრებმა ორმა პირმა უჩივლა.

საქმე იმაშია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სამშენებლო  კომპანიამ ცოტა ხნის წინ მისი სამშენებლო ტერიტორიის მეზობლად სამსართულიან სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრებთან კედელი ამოაშენა. ახლა კი  მეზობელი სახლის სახურავის სივრცეც აითვისა ისე, რომ „აქ მცხოვრებლებს მომავალში ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა წაართვა“.

კომპანია„ ჩემი სახლი“ სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს

გვინდოდა გვეკითხა, რატომ არ ასრულებს სასამართლო გადაწვეტილებას კომპანია, მაგრამ კომპანიის იურისტმა ამირან ცეცხლაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. კომპანიის დირექტორის გოჩა შერვაშიძის თქმით კი, ამ თემაზე კომპენტარი მან უნდა გააკეთოს.

ამავე თემაზე:

სასამართლომ დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანიას მშენებლობა შეუჩერა – მან ამის შესახებ არ იცის

უცხოელი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში

სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“, უცხოენოვანი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობას საპატიმროებში ცალკე თავი ეთმობა.

ანგარიშის მიხედვით საქართველოში უცხოელი პატიმრების პრობლემები მრავალმხრივია:

   სატელეფონი და წერილობითი კავშირის არარსებობა

ისინი მათთვის გასაგებ ენაზე სათანადოდ ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებაც კი არ არიან. ახლობლებისგან სიშორის გამო უცხოელი პატიმრები ვერ სარგებლობენ პაემნების უფლებით, საერთაშორისო ზარების განხორციელება, წერილის გაგზავნა ახლობლებთან და უცხოეთიდან ამანათის მიღება ძვირია. იგივე პრობლემა აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, პატიმრებს, რომლებსაც ახლობლები უცხოეთში ჰყავთ.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, გადახდისუუნარო უცხოელი პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის ხარჯებს სახელმწიფო უნდა ანაზღაურებდეს.

            ვიდეოპაემნების არახელმისაწვდომობა

ვიდეოპაემნები საპატიმროებში ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის N55 ბრძანების მიხდვით. თუმცა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი მსჯავრდებულებისთვის პრაქტიკულად არ არის ხელმისაწვდომი ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება: საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვიდეოპაემნის განხორციელების შესაძლებლობას საქართველოში მსჯავრდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და საზღვარგარეთ მყოფ პირებს შორის.

სულ სხვაგვარია უცხოელ მსჯავრდებულთა მდგომარეობა ნიდერლანდებში, ესპანეთსა და ნორვეგიაში. ამ ქვეყნებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები ვიდეოპაემნებს უმნიშვნელოვანეს გზად მიიჩნევენ ახლობლების მოსანახულებლად, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გარესამყაროსთან საკონტაქტოდ.

ვიდეოპაემნები ფინანსურადაც კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალებაა. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამონახოს გზები, რომ უცხოელმა პატიმრებმაც ისარგებლონ ვიდეოპაემნებით კომუნიკაციის უფლებით.

         უცხოელ პატიმართა სოციალური იზოლაცია

პატიმრებისათვის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მწირია საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო და გასართობი პროგრამები. უცხოენოვანი პატიმრებისთვის არ არის ხელმისაწვდომი სატელევიზიო არხები მათთვის გასაგებ ენაზე, ეს ყველაფერი მათ სოციალურ იზოლაციას განაპირობებს. მათ სთავაზობენ ქართული ენის შემსწავლელ კურსებს, მაგრამ კურსები რეგულარული არ არის.

„N5 დაწესებულებაში მოთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი პატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის სოციალურ იზოლაციას სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის – ენობრივი ბარიერისა და ოჯახის წევრებთან კონტაქტის არქონის გამო, რაც მძიმედ აისახება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე“, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

     არახელმისაწვდომი ფსიქოლოგიური დახმარება

№5 დაწესებულებაში 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივნისამდე (კვლევის პერიოდში) 275 პატიმარი იყო მოთავსებული, რომლებსაც მხოლოდ 2 ფსიქოლოგი ემსახურებოდა, მათგან მხოლოდ ერთი საუბრობდა ინგლისურად. უცხოელი პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ ფსიქოლოგისგან კონსულტაციების მიღების საშუალება იშვიათად ეძლეოდათ.

გაეროს ქალ პატიმართა მოპყრობის შესახებ წესების თანახმად განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებელმა ინსტანციებმა, რომ ქალი პატიმრები სათანადოდ იყვნენ უზრუნველყოფილნი ფსიქოლოგთა მომსახურებით.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

აჭარის განახლებული მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა

ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

მისი თქმით, პროფესიული სასწავლებელი საშუალებას მისცემს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და თავიანთი წვლილი შეიტანონ მომავალში მაღალმთიანეთში ტურიზმის განვითარების საქმეში.

ხულოს პროფესიული სასწავლებელი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ ფილიალი იქნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკური შედეგები, რაც რეგიონში მიიღწევა, აჭარის თითოეულ მკვიდრზე უნდა აისახოს. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად იქნება მიმართული აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ და ხელს შეუწყობს დასაქმებას.

„ეკონომიკური განვითარების ხაზი რა თქმა უნდა გადის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე და ეს გულისხმობს აჭარის თითოეულმა მკვიდრმა თავის თავზე იგრძნოს ის ეკონომიკური შედეგები, რაც ჩვენს ქვეყანაში მიიღწევა. ამისთვის კი ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, როგორც ტურიზმის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით, ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ჩვენ ამ კონკრეტული ინიციატივებით ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი საქმიანობის და ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგები თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.

საგადასახადო შეღავათები მიმართული იქნება აჭარისა და ბათუმის მეტი პოპულარიზაციისკენ. როგორც კორპორატიული, ასევე წარმომადგენლობითი ოფისებისთვის შეიქმნება კონკრეტული საგადასახადო ინიციატივები, რომელიც ჩვენს რეგიონს მოუტანს როგორც ახალ წარმომადგენლობით ოფისებს, ასევე ხელს შეუწყობს დასაქმებას”- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ტურიზმის ელჩის ინიციატივის შესახებ.

„ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომელიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია აღნიშნული პროექტის. ეს ასევე იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას და მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს აჭარაში. ელჩების სტატუსს შევთავაზებთ როგორც საქართველოს, ასევე ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, რომლებიც დაინტერესებული არიან აჭარის, ბათუმის პოპულარიზაციით. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ წვდომა იმ ტურისტულ სეგმენტებზე, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. იმ ადამიანების კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც ამ სტატუსით ისარგებლებენ, თქვენთვის მალე გახდება ცნობილი. “ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილა.

აჭარის ა.რ. მთავრობამ განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთვის წარდგენას.  ორი კვარტლის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.

აჭარის ა.რ. მთავრობამ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება „სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის N12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განმარტა,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება მოცემულ ეტაპზე არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, რადგან, როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების დამატებითმა გათვლებმა ცხადყო, მოცემულ ეტაპზე მსგავსი ტიპის დაწესებულების უპირობოდ შექმნისა და ფუნქციონირების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს.

აჭარის ა.რ. მთავრობის სხდომაზე მიიღეს ასევე განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი 6 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ.

კაპიტანთა კლუბი და მეზღვაურთა ქალაქის პრობლემები

კაპიტანთა კლუბი საზღვაო ქალაქისთვის  აუცილებელი ორგანიზაციაა. ამ ორგანიზაციას არა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთი ნებაყოფლობითი ორგანიზაციის წევრობა განსაკუთრებით გადამდგარი საზღვაო ოფიცრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კლუბში მოქმედი კაპიტნები და უფროსი მექანიკოსები უფრო მეტნი არიან.

ბათუმის კაპიტანთა კლუბი შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“ დამფუძნებლისა და რექტორის, ანზორ დიასამიძის ინიციატივით შეიქმნა.

ორგანიზაციამ არსებობის მანძილზე ბევრი საზოგადოებრივი საქმე ითავა. უფრო მეტი, სამწუხაროდ, ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო ჯერაც ვერ დასრულდა.

ფოტო გადაღებულია 2015 წელს. ხეივნის გაშენების დროს საქართველოს საზღვაოს სააგენტოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, მამაუკა ახალაძემ და ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის ანრის დამფუძნებლისა და რექტორის ანზორ დიასამიძემ მიიღეს აქციაში მონაწილეობა
ფოტო გადაღებულია 2015 წელს. ხეივნის გაშენების დროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს იმდროინდელმა დირექტორმა, მამუკა ახალაძემ და ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“ რექტორმა, ანზორ დიასამიძემ  ხეების დარგვის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

4  წლის წინ კაპიტანთა კლუბმა ბათუმის მერიასა და ბულვარის ადმინისტრაციას მიმართა, უფლება დაერთო, საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის წინ მდებარე ახალი ბულვარის ზოლში ხეივნის განაშენიანებაზე. ბულვარმა განაშენიანების გეგმა შეადგინა. მეზღვაურებმა გეგმის მიხედვით შეიძინეს მცენარეები და დეკორატორის ზედამხედველობით დარგეს გამოყოფილ ადგილას. აქციაში მონაწილეობა მიიღეს „ანრის“ სტუდენტებმა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქცია ნაციონალურმა არხებმა და ბეჭდურმა მედიამ გააშუქა.

კლუბმა მიმართა მერიის სახლდების კომისიას თხოვნით, ამ ხეივნისთვის სიმბოლურად მეზღვაურთა ხეივანი ეწოდებინათ. მეზღვაურები კი ხეივნის კეთილმოწყობაში მატერიალურ და ფიზიკურ მონაწილეობას საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევდნენ. წლების განმავლობაში წერილებსა და მიმართვებს შედეგი არ მოჰყოლია. მეზღვაურთა მიერ გაშენებულ ხეივანს არც სახელი ეღირსა და შესაბამისად, კაპიტანთა კლუბიც მოკლებულია უფლებას, მეტი გაუკეთოს საკუთარ ქალაქს.

ასეთივე ბედი ეწია კლუბის ინიციატივას, სასწავლებლის წინ მდებარე უსახელო ქუჩას ღვაწლმოსილი კაპიტნის ოთარ ჩახვაძის სახელი მინიჭებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის „ანრის“ მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსით ამ ქუჩაზე ბევრი რამ გაკეთდა. მათ შორის, დაირგო მწვანე ნარგავები. სახელდების კომისიამ და საკრებულომ გადაწყვეტილება ვერც ამ საკითხზე გამოიტანეს. ამდენად, სასწავლებელი დღემდე კონკრეტული მისამართის გარეშე არსებობს და მისი მიგნება მხოლოდ ასე შეიძლება – შერიფ ხიმშიაშვილის  47-ის მიმდებარე ტერიტორია.

კაპიტანთა კლუბში გაერთიანებულ ადამიანებს კიდევ ბევრი საინტერესო ინიციატივა აქვთ. მათ აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი საზოგადოებრივ საქმეში.

 

კონკურსი აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად

აჭარის აგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:

  • 2015, 2016 და 2017 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
  • ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 % -სა.

დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან – (ქედა, შუახევი, ხულო, ასევე “მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლები);
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;
  • სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარადგინონ  სამინისტროში 2018  წლის პირველი აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსი იმართება სამინისტროს „განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში.

ულტრაბგერა და მისი როლი ორსულობის დროს

დღეს სამედიცინო დიაგნოსტიკის შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა. ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ერთიორად იმატებს, როდესაც საქმე ნაყოფის ჯანმრთელობას ეხება. ორსულთა პატრონაჟის სწორად წარმართვაში უდიდეს როლს ასრულებს ექოსკოპიური კვლევა. ამ მეთოდის უპირატესობას ერთიორად ზრდის მისი უსაფრთხოება.

 

დღეს ორსულობა ულტრაბგერითი კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. თითქმის ყველამ იცის, რომ ორსულობის მე-12 კვირიდან ექოსკოპიურად შესაძლებელია ნაყოფის სქესის დადგენა, ბევრიც საგულდაგულოდ ინახავს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილის სურათს… მაგრამ ულტრასონოგრაფიის შესაძლებლობები ამით როდი ამოიწურება.

რა ინფორმაციას გვაწვდის ექოსკოპიური კვლევა, ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა და რამდენჯერ უნდა ჩაიტაროს ის ორსულმა?

ექიმი-რადიოლოგი თამუნა გოგიტიძის რჩევები:

ქალების უმრავლესობა ორსულობის დიაგნოსტიკისთვის ექსპრესტესტს მიმართავს, მაგრამ ორსულობის ამ გზით დადგენის შემდეგ მისი ექოსკოპიურად დადასტურებაც აუცილებელია.

ექიმი-რადიოლოგი თამუნა გოგიტიძე
ექიმი-რადიოლოგი თამუნა გოგიტიძე

ულტრაბგერითი კვლევით საშვილოსნოს ღრუს ორსულობისას სანაყოფე პარკის დანახვა მეხუთე კვირიდან არის შესაძლებელი, ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) მიდგომით კი მისი ვიზუალიზაცია ხდება მეოთხე კვირიდანაც, როდესაც სანაყოფე პარკის დიამეტრი სულ 2-3 მმ-ია. მართალია, ამ ვადებზე ორსულობის დიაგნოსტიკა ტესტითაც შეიძლება, მაგრამ შარდით ექსპრესდიაგნოსტიკა ვერ გვაწვდის ინფორმაციას სანაყოფე პარკის ადგილმდებარეობაზე (საშვილოსნოს ღრუშია თუ მის გარეთ), თანაც პასუხი ყოველთვის არ არის სწორი, ამიტომ ორსულობის ექოსკოპიურად დადასტურება აუცილებელია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ორსულობა არ მთავრდება ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებით. ნაყოფის განვითარების ადრეულ ეტაპზე დაახლოებით 6% შემთხვევაში ვლინდება რომელიმე სინდრომის ულტრაბგერითი ნიშნები.

პირველი ეტაპი, რომელმაც შეიძლება გამოავლინოს ან უარყოს ნაყოფის განვითარების მანკების არსებობა ულტრაბგერითი კვლევაა. ულტრაბგერით კვლევებში არსებობს ე.წ. ულტრაბგერითი მარკერები. ამ მარკერებს წარმოადგენს ის ხილული ანატომიური ცვლილებები, რომელთანაც დაკავშირებულია ესა თუ ის სინდრომი ან განვითარების მანკი. უამრავი მასალა დაგროვდა ულტრაბგერით გამოკვლევებში, როგორც ფოტო ისე ვიდეომასალის სახით, რომლებზეც ასახულია ყველა აშკარა და ირიბი ნიშნები ამა თუ იმ მანკების შესახებ.

სინდრომების დიაგნოსტიკა, მისი ნორმიდან გადახრის გამოვლენა შესაძლებელია ორსულობის 11-დან მე-14 კვირის ჩათვლით, სწორედ ეს ვადაა მიჩნეული პირველ სკრინინგულ კვლევად ამ პათოლოგიების გამოსავლენად.

საბოლოო არბიტრს კი წარმოადგენს ამნიოცენტეზით ან ქორიონის ბიოფსიით მიღებული მასალის გენეტიკური კვლევა.

ავტომანქანის გაქურდვის ბრალდებით ბათუმში 19 წლის ბიჭი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ბ. ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 29 ივლისს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის ახალი მთავრობის მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია ვარშალომიძის დადგენილებით

„მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეიძ­ლე­ბა გამოცხადდეს საჯაროდ“, – ეს არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ვარშალომიძის შემდგომ  მთავრობის არც ერთ თავმჯდომარეს [არჩილ ხაბაძე, ზურაბ პატარაძე], ფაქტობრივად, აღარ გამოუყენებია.

აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, რომელიც მან ჟურნალისტებთან მთავრობის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სხდომების პირველი ნაწილი იქნება ღია. მხოლოდ ოპერატორებს შეუშვებენ კადრების გადასაღებად თუ ჟურნალისტებსაც მიეცემათ სხდომაზე დასწრების საშუალება, ეს მას არ დაუკონკრეტებია.

„მთავრობის რეგლამენტი პირდაპირ განსაზღვრავს მთავრობის სხდომის საჯაროობის ნაწილს, ეს ერთი და მეორე – რაც შეეხება მთავრობის სხდომების ფორმატს,  პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ინტენსიურად გვქონდეს მთავრობის სხდომები და თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც ჩატარდეს. როგორც დღის წესრიგი, ასევე სხვა დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები იქნება საჯარო და ეს როგორც მთავრობის ვებგვერდზე და ასევე მთავრობის სხვა პორტალებზე იქნება ატვირთული,“  – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

დადგენილება, რომელზეც თორნიკე რიჟვაძე საუბრობდა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ 2008 წელსაა გამოცემული.  აჭარის მთავრობის იურიდიული  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიასამიძემ  სწორედ 2008 წელს გამოცემული დადგენილება მოიშველია ჟურნალისტებთან და თქვა, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც და სხდომის დახურვის ან ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს:

„… თითოეული მთავრობის სხდომის წინ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ რა ფორმატში იმუშავებს მთავრობის სხდომა და რამდენი წუთი იქნება ღია ჟურნალისტებისთვის. მთავრობაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს დახურული იქნება სხდომა თუ საჯარო.“

სხდომის დახურვის გადაწყვეტილება დღეს ჟურნალისტებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ასეთ ფორმატში მუშაობა მიუღებელია:

„ძალიან სამწუხაროა, რომ განახლებული მთავრობის პირველივე სხდომაზე ჟურნალისტებმა ვერ მოვისმინეთ იმ საკითხების განხილვა, რასაც დღეს განიხილავენ. რატომ დაიხურა სხდომა, ჩვენთვის უცნობია,“ – ამბობს მარი კეკელიძე, „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის  თქმით, გადაწყვეტილება, რომ დღეს მედიასაშუალებები სხდომაზე მხოლოდ ათი წუთით შეეშვათ, მთავრობის სხდომაზე მიიღეს, ოღონდ ამ ათი წუთითაც კი სხდომაზე მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს კადრების გადასაღებად, ათი წუთის შემდეგ კი მათ სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

 

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე მერიაში განაცხადი ჯერ არ შესულა

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა განცხადებების მიღება მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში გუშინ, 2018 წლის 30 ივლისს, დაიწყო და ხვალ, პირველ აგვისტოს, 18 საათზე დასრულდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის [12:40] მერიის მიერ შექმნილ საკონკურსო კომისიაში ნებართვის მაძიებელთა არც ერთი განაცხადი არ შესულა.

დღეს არსებულ სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, ბათუმის მერიის ინფორმაციით, მხოლოდ ოთხ კომპანიას აქვს.

სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა.

ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება, მაგალითად, კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა. კონკურსის ახალი პირობები და სხვა კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს დადგენილებაში.

ნებართვის მაძიებელთა მიერ საკონკურსო კომისიაში წარდგენილი მიკროავტობუსების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება ბათუმში, გოგოლის ქ. N1-ში [„მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორია], 2018 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სანებართვო მოსაკრებელი ერთ სამარშრუტო ხაზზე თვეში 5 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ერთ სამარშრუტო ხაზზე გაიცემა ერთი ნებართვა.

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდა, რომლებზეც მოძრაობის ახალი სქემები და ინტერვალები საკრებულომ დაამტკიცა.

ეს სამარშრუტო ხაზებია: № 20, 21, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 36, 39, 40, 42, 44, 45, 46, 47, 49, 52, 56.

კონკურსის შემდეგ ქალაქში აღარ იმოძრავებს სამარშრუტო მიკროავტობუსები, მაგალითად, შემდეგი ნომრებით: 22, 26, 35, 51, 55.

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობის ახალი სქემები:

რა მარშრუტით და რამდენი მიკროავტობუსი იმოძრავებს ბათუმში – დეტალური რუკები

 

 

თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარას სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები ეყოლება. შესაბამის კონცეფციაზე კი მუშაობა დაწყებულია და პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება. აჭარის მთავრობის სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართასხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს.

„ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომლებიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენ შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია აღნიშნული პროექტის. ეს ასევე იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მოდელი, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას და მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტს აჭარაში,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ტურიტული სეზონის შესახებ განცხადება დღეს, მთავრობის  სხდომაზე გააკეთა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ორი კვარტალის მაჩვენებლით აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 23%-იანი მატებაა, ბათუმის აეროპორტში კი – 46%-იანი ზრდა.

 

მთავარი ფოტო: თორნიკე რიჟვაძე / ფოტო: აჭარის მთავრობა

ქედის სახელოვნებო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი“ გასტროლით ბულგარეთში იმყოფება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე წელს დაბა ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი” გრანპრის მფლობელი გახდა (ხელმძღვანელი ნაზი სურმანიძე). ანსამბლი დაჯილდოვდა ასევე ოქროს მედლით, ხალხური საკრავით, ფულადი თანხითა და გასტროლით საზღვარგარეთ.

29 ივლისს ანსამბლ ,,ჩანგის“ წევრები და ხელმძღვანელები ბულგარეთში, ქალაქ ნესებურში გაემგზავრნენ გასტროლით, სადაც 10 დღის განმავლობაში ადგილობრივებისთვის კონცერტებს გამართავენ.

სარფში 20 კგ ყაყაჩოს თესლი ამოიღეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ა.ს-ს, კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 20 კგ. ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს.

„სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყაყაჩოს თესლი [„arifiglu Mavi hashas blue poppy seeds 01/062020 P.NO:012 NET.80G“] ნარკოტიკულ საშუალებებს მორფინსა და კოდეინს შეიცავს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაყაჩოს თესლი სარფში მიმდინარე წლის 16 ივლისს ამოიღეს.

აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოცხადდება – ამის შესახებ განკარგულება აჭარის მთავრობამ დღეს, 31 ივლისს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდება შემდეგ თანამდებობზე:

  • აჭარის დასაქმების სააგენტოს უფროსი
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი
  • ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი
  • ბათუმის ბულვარის დირექტორი
  • ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის უფროსი
  • აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსი

აჭარის მთავრობის განკარგულებით, ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისი კონკურსის გამოცხადება და ჩატარება უნდა უზრუნველყოს იმ ორგანომ, რომელიც ახორციელებს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს.

აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაუქმდა საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახური, რომელიც ზურაბ პატარაძის მთავრობამ შექმნა.

აჭარის მთავრობის სხდომა დღეს, 31 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო. სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური გაუქმდა – თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილება

აჭარის მთავრობამ დადგენილება „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადა.

ამ სამსახურის შექმნა ზურაბ პატარაძის მთავრობის თამჯდომარეობის დროს გადაწყდა, გამოცხადდა კონკურსი და უკვე შერჩეული იყო  სამსახურის უფროსიც – ოლეგ ბოლქვაძე.

აჭარის ახალმა მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

„როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების დამატებითმა გათვლებმა ცხადყო, მოცემულ ეტაპზე მსგავსი ტიპის დაწესებულების უპირობოდ შექმნისა და ფუნქციონირების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადაწყვეტილება აჭარის ახალმა მთავრობამ დღეს, 31 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მიიღო, რომლის გასაშუქებლადაც ჟურნალისტები არ შეუშვეს.  

აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს, 31 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო, ჟურნალისტებს არ უშვებენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს სხდომის გაშუქებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცემათ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავრობას აქვს უფლება სხდომა დახუროს. ჟურნალისტების სხდომაზე არ დაშვების მიზეზად პრესცენტრმა ასევე სხდომათა დარბაზში უადგილობა დაასახელა.

პრესსამსახურის თქმით, განმარტებას, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ სხდომის დახურვა, მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ დიასამიძე მოგვიანებით გააკეთებს, რადგან ახლა მას არ სცალია – ის სხდომის მომხსენებელია.

აჭარის მთავრობის სხდომაზე დღეს მხოლოდ ოპერატორები დაუშვეს – ისიც 10 წუთით, რათა მათ კადრები გადაეღოთ.

მთავრობის პრესსამსახურის თქმით, მთავრობა განმარტებას, თუ რა საკითხები განიხილეს სხდომაზე, სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ეს არის პირველი სხდომა, რაც თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ტარდება.

მთავარი ფოტო: ჟურნალისტები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში

სარფის საბაჟოზე 64 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა და ორი პირი პასუხისგებაში მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში  ბრალდებულმა  ერთ-ერთი კომპანიის სახელით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით, საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში  ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას  11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებულს 773 190 ლარის საბაჟო ღირებულების პროტეინი გადაჰქონდა.

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი  „სარფის“ გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით,  საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება  63 988 ლარს  შეადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით. 

ბათუმში ახალგაზრდა ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ოცდაათ წლამდე ასაკის ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალი მსუბუქად დაშავდა.

ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ორმოც წლამდე ასაკის კაცი ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე, დენის დარტყმით გარდაიცვალა

დღეს ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარედ [ანგისის #85-ში], დაახლოებით 19:00 საათზე, 40 წლამდე ასაკის კაცი სამშენებლო ობიექტზე  მუშაობისას  დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ის კლინიკა „ბაუში“  შოკურ მდგომარეობაში, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ნიშნებით გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი ბათუმში

ხვალ, 31 ივლისს, 19:00 საათიდან  ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან,  ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა  „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმანული,  ბერძნული, უკრაინული, ებრაული,  სომხური დიასპორებისა და აჭარის აფხაზური გაერთიანების  ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა  ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან.  კოლონადებთან განთავსებულ  იმპროვიზებულ სცენაზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია:

19:15 საათი – ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;

19:30 საათი – სხვადასხვა ეროვნული და ეთნიკური ჯგუფების ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება;

20:00 საათი – სომხური, ბერძნული, უკრაინული ქორეოგრაფიული ნომრები;

20:30 საათი – დაუკრავს მულტიკულტურული ბენდი „ერთად“.

სომხური დიასპორა

  • სომხური ნაციონალური კერძების დაგემოვნება;
  • ფოტოხელოვან სეირან ბაროიანის ფოტოსურათების გამოფენა. სპეციალურ ბანერზე განთავსდება 25 ფოტოსურათი;
  • სომხურ დიასპორასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „ეგნარ“-ის საცეკვავო ნომრები;
  • მომღერალ მარგარიტა ხუმარიანის საკონცერტო პროგრამა;
  • თვითნასწავლი ხელოვანის, კარინა კუზიკიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

უკრაინული დიასპორა

  • მასტერკლასი ნაციონალური თოჯინის დამზადებაში;
  • უკრაინული ცეკვის ელემენტების შესწავლა;
  • უკრაინული ენისა და ანბანის შესწავლა;
  • მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ ნაციონალური ტანსაცმელი და მოაწყონ ფოტოსესია;
  • ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა და კერძების დაგემოვნება;
  • ხატვა ფერადი ცარცებით;
  • ნაციონალური გვირგვინის დამზადების მასტერკლასი;
  • ნაციონალური სუვენირების გამოფენა-გაყიდვა;
  • საქართველოში უკრაინელთა ყოფის  ამსახველი ფოტოგამოფენა;
  • უკრაინული და ქართული ცეკვის შესრულება;
  • უკრაინელი ხელოვანის ფოტოგამოფენა.

ბერძნული დიასპორა

  • ნაციონალური ქორეოგრაფიის საცეკვაო ნომრები;
  • ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება;
  • ბერძნული ხელოვანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • მუსიკალური საკონცერტო ნომრები;
  • მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ ნაციონალური ტანსაცმელი და მოაწყონ ფოტოსესია.

გერმანული დიასპორა

  • ისტორიული ფოტოების გამოფენა;
  • გერმანული სამზარეულოს დაგემოვნება;
  • წიგნის პრეზენტაცია;
  • DJ Max-ის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციები;

ებრაული დიასპორა

ებრაული მუსიკალური ნაწარმოების შესრულება.

აჭარის აფხაზური გაერთიანება

  • ნაციონალური სამზარეულოს დაგემოვნება;
  • აფხაზი ხელოვანის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტი ხორციელდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია.

____________

მთავარ ფოტოზე: ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი, 2017 წელი. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ინტერნეტის რეაქცია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ივლისს, ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

გთავაზობთ ინტერნეტის რეაქციას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.






ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა.

„ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის პრესსამსახურთან დაეზუსტებინა, რას ნიშნავს „მეჩეთი ჯერ არ აშენდება“, რაზედაც გვითხრეს, რომ „მეჩეთის თემის გააქტიურება ერთი კვირაა მიზანმიმართულად ხდება“, რომ „თორნიკე რიჟვაძეს მსგავსი ფრაზა გადაცემაში არ უთქვამს“ და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამ თემაზე „მთავრობის თავმჯდომარის ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”.

როგორც აჭარის ტელევიზიის, ისე აჭარის რადიოს სიუჟეტის სრულად ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თორნიკე რიჟვაძეს მსგავსი ფრაზა მართლაც არ უთქვამს. მან თქვა: „ყველა სახელმწიფოებრივად და ასევე პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, ვთვლი, რომ ბოლომდე გაერკვეოდა ჩემი განცხადების შინაარსსა და მიზანში.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე. შესაბამისად, ჯერ გადაწყვეტილების ნაწილში უნდა იქნას კონსენსუსი მიღწეული, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ფორმას, ეს უკვე არის შემდგომი მსჯელობის საგანი“.

გადაცემის წამყვანს აღარ უკითხავს, თუ როგორ წარმოუდგენია აჭარის ხელისუფლების პირველ პირს ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევა. შესაბამისად, ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია აჭარის მთავრობაში, რას ნიშნავს „საზოგადოებრივი კონსენსუსი“, რამდენად შესაძლებელია მეჩეთის თემაზე კონსენსუსის მიღწევა და იმ შემთხვევაში, თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, თუ აშენდება მეჩეთი. მთავრობის პიარში გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლებამოსილება მათ არ აქვთ და უმჯობესია ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პირადად ვკითხოთ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი კი თვლის, რომ სიუჟეტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ კომენტართან.

„არასწორი ინტერპრეტაცია არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიკეთებია. არც ბატონი თორნიკეს შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში. მან ისაუბრა ამის შესახებ ვრცლად ჩვენთან „კომპეტენტურ პასუხში“ და რეპორტიორმა, რაც იყო ამ ინტერვიუდან მთავარი გზავნილი მიაწოდა მაყურებელს. მან ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არაა, გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით და საზოგადოების ჩართულობით. ჩვენც ვთქვით ასეთი რამ, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ახალი მეჩეთის აშენება. ზუსტად ამას ნიშნავს. ვინ რაში გვადანაშაულებს გაუგებარია,“ – ამბობს შორენა ღლონტი.

აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში მუსლიმი საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა  ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე კატეგორიული პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი ისედაც გახსნილია, „მალე დაიწყება მისი მშენებლობა და ამას ხელს ვერავინ შეუშლის“.

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მუსლიმები წყვეტენ ხელისუფლებასთან ორი წლის წინ დაწყებულ კონსულტაციებს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე. ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც ამავდროულად მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია, „ბათუმელებს“ უთხრა:

“როგორც თავიდან გვაქვს გაცხადებული, ჩვენ ამ თემას მივიყვანთ ბოლომდე სამართლებრივად, რის უფლებასაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონი გვაძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ, მაგრამ თუ ხელისუფლება დაიწყებს რაღაც კონსენსუსზე საუბარს, რომ უნდა გაითვალისწინოს „ქართული მარშის“ და ვიღაცეების აზრი, ჩვენ ამ თამაშში ვერ შევალთ და განვახორციელებთ იმ უფლებას, რაც გვაქვს. ჩვენ მზაობას ყოველთვის გამოვხატავთ, რომ ეს თემა ხელისუფლებასთან ერთად, სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყდეს და სამართალი აღადგინოს ხელისუფლებამ ქართველ მუსლიმებთან მიმართებით, რადგან ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა“.

ტარიელ ნაკაიძე თვლის, რომ მსგავსი ურთიერთსაპირისპირო განცხადების გაკეთების უფლება ხელისუფალს არ აქვს: „ის [თორნიკე რიჟვაძე] დღეს იძახის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, ხვალ იძახის, რომ შემდგომში უნდა აშენდეს, მერე ვიღაცებთან შეთანხმებაზე საუბრობს და გულისხმობს იმ ჯგუფებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ – ეს არასწორი მიდგომაა. თუ ასე გააგრძელებს თავის დამოკიდებულებას ხელისუფალი, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთს იმ წესით, რის უფლებასაც გვაძლევს კანონმდებლობა, ისე, როგორც ააშენეს ბათუმში 25 ეკლესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კანონი და ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ დაიცვას მუსლიმისა თუ არამუსლიმის უფლებები თანაბრად“.

მუსლიმი მრევლი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას ბოლო 20 წელია ითხოვს

ტარიელ ნაკაიძის თქმით, მსგავსი განცხადებები, „მუსლიმების ფსიქიკაზე ზედმეტი თამაშებია“, რაც დაუშვებელია: „გასცემს ნებართვას? – უნდა თქვას, რომ მე ვარ ხელისუფალი და დავიცავ ადამიანების უფლებას. ვერ აკეთებს და არ ეკუთვნის მუსლიმ თემს ეს უფლება, მაშინ თქვას, რომ არ აქვს მუსლიმ თემს ამის უფლება. შუალედური დამოკიდებულება იწვევს ვითარების დაძაბვას. ჩვენ ვიცავთ კანონს და თუ კანონს არ დაიცავს ხელისუფალი, მაშინ ჩვენ ვაიძულებთ მას ამ კანონის დაცვას”.

აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ თავის პირველ კომენტარში თქვა, რომ „ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს“, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში მის მიმართ აგრესიული კამპანია დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძემ მეჩეთის მშენებლობაზე ფაქტობრივად იგივე თქვა, რაც მისმა წინამორბედმა ზურაბ პატარაძემ სულ რაღაც 40 დღის წინ. ზურაბ პატარაძე მსგავს განცხადებებს, რომ „მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია“ და მხოლოდ „ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ“, ორი წლის განმავლობაში რეგულარულად აკეთებდა. თუმცა, მაშინ ამისთვის არც მედიას და არც ფეისბუქსაზოგადოებას დიდი ყურადღება არ მიუქცევია.

რა მოხდა თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში და მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და საბოლოოდ უარს აცხადებს მეჩეთის მშენებლობის უფლების გაცემაზე? – ვითარების შესაფასებლად „ბათუმელებმა“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს მიმართა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში.

თამთა მიქელაძე:

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ნამდვილად გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი და გარკვეული სპეციალური დაძაბულობის საფუძველი სწორედ იმიტომ, რომ მთავრობას არ ეყო გამბედაობა და გონიერება თავის დროზე მიეღო ეს გადაწყვეტილება, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი და ძალიან მარტივი საკითხი – სალოცავის გახსნა. ჩვენ ვხედავთ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები ყველა ჯერზე სხვადასხვა არგუმენტით სპეკულირებენ და მუდმივად ხდება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადავადება, გაჭიანურება. ვფიქრობ, ბოლო განცხადებები, რომელიც ახალმა ხელმძღვანელმა გააკეთა იყო წინააღმდეგობრივი – ჯერ საუბრობდა, რომ მეჩეთი აშენდება, ამას მოჰყვა წინააღმდეგობა, შემდგომში აღმაშენებლის ძეგლის მშენებლობით დაბალანსდა და ბოლოს ერთ-ერთ რადიოში თქვა, რომ ეს საზოგადოების კონსენსუსის საკითხი უნდა გახდეს და ამ ეტაპზე მშენებლობის გეგმა არ არსებობს.

თამთა მიქელაძე

საინტერესოა რა ტიპის კონსენსუსზე საუბრობს. თუ საუბარია ადგილობრივ ქრისტიანულ ჯგუფებს შორის კონსენსუსზე (რომლებიც წინააღმდეგი არიან მეჩეთის მშენებლობის), კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფებზე, ცხადია, ასეთი კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. მაგრამ მე ვიცი, რომ ბათუმში, აჭარაში არის ძალიან ბევრი სამართლიანი ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად მონიშნავს და რომელიც ფიქრობს, რომ მუსლიმ თემს აქვს ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლება. შესაბამისად, საზოგადოებაში არსებული ეს პოზიტიური განწყობა მთავრობამ უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამდენად კონსენსუსი შედგება ამის უკან ძალიან დიდი პოლიტიკური ინტერესი რომ არ არსებობდეს ან არასწორი წარმოდგენები სამართლებრივი და სეკულარული სახელმწიფოსი.

მეორეს მხრივ, თუ საზოგადოებრივ კონსენსუსში იგულისხმება მუსლიმი თემის შიგნით მთავრობის მიერ ხელოვნურად შექმნილი ორი მხარე, რომელიც რეალურად არ არსებობს – სამმართველო, რომელიც, სამწუხაროდ, არის ინსტრუმენტალიზებული მთავრობის მხრიდან და მეორე – თვითორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ახალ მეჩეთს აშენებს, თუ მათ შორის კონსენსუსზეა საუბარი, ესეც უსამართლო დალაგებაა აქტორების, რადგან სამუფთო სამმართველო დღეს მთლიანად სახელმწიფო ნებაზეა მიბმული. თუმცა სამუფთო სამმართველო ვერ ახერხებს თქვას უარი იმაზე, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის საჭიროება არსებობს.

სწორედ იმის გამო, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი ამ საკითხის გარშემო მოძლიერდება და მთავრობას უნდა ეყოს კეთილი ნება, ისეთი პოზიციონირება გააკეთოს, რომ ანტიისლამური განწყობები კიდევ უფრო არ გაძლიერდეს და თვითონ არ გახდეს ამის ხელშემწყობი.

თუმცა ამ პოლიტიკური გონიერების ნიშნებს მე ამ მთავრობაში ვერ ვხედავ, რადგან უკვე ბევრი შეცდომა დაუშვეს.

მუსლიმი თემი 2014 წლიდან ელოდებოდა „ქართული ოცნების“ დაპირების შესრულებას – რომ მეჩეთს ააშენებდნენ. 2015-16 წლებში თემმა ისევ მისცა სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომ აეშენებინა მეჩეთი, მაგრამ მათ პასუხიც კი არ გასცეს. საბოლოოდ, თემმა თანხა შეაგროვა და მიწის ნაკვეთი შეიძინა, მაგრამ მთავრობამ ამჯერადაც არ მისცა აშენების ნებართვა. ანუ მუსლიმმა თემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საკითხი არ გამხდარიყო პოლარიზების საფუძველი ჯგუფებს შორის.

ამის შემდეგ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. შემდეგი ეტაპი იყო მოლაპარაკების პროცესი მერიასთან, მაგრამ ის განცხადება, რაც მერმა გააკეთა, იყო პრობლემური. მან თქვა, რომ მეჩეთის მშენებლობა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცემოდა მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. ეს თემისთვის პრინციპულად მიუღებელია. ცხადია, ისინი ამას არ დასთანხმდნენ…

ჩვენ სასამართლოს მივუბრუნდით და ვთხოვეთ, რომ პროცესი გაგრძელდეს, რადგან მოლაპარაკებებმა სამართლიანად არ ჩაიარა. ახალი მთავრობის პირობებში რაიმე შეიცვლება თუ არ ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა ამას არც აქვს მნიშვნელობა, რადგან მოპასუხე მხარე სასამართლოში ბათუმის მერიაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ მუსლიმი თემის ყველა ნაბიჯი იმისკენ იყო მიმართული, რომ მეჩეთის მშენებლობა არ გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი. ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, კარდაკარ შეაგროვეს თანხა საჭირო ნაკვეთის შესაძენად. ეს ახალგაზრდები საკუთარი ხელით ასრულებენ მეჩეთში სამუშაოებს, ამდენად მათ უფრო ძლიერი ემოციური კავშირები აქვთ ამ მეჩეთთან, ვიდრე, ვთქვათ, სხვა შემთხვევაში ექნებოდათ.

პრინციპში ისინი ბოლო განცხადებებით არც აღელვებულები არიან და არც განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ მთავრობების მიმართ. მათი განცდა ასეთია – მუსლიმი თემი აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას.

მთავარი ფოტო ახალი მეჩეთი ბათუმის გარეუბანში – ფიცრული, სადაც მუსლიმები ბოლო ერთი წელია ლოცულობენ

მარიხუანის მოხმარება ლეგალურია – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების – ზურაბ ჯაფარიძისa და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მოხმარებისათვის.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ისეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიშ შედეგებს, არ გააჩნია ღირებული საჯარო ინტერესი.

მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოპასუხის პოზიციით მარიხუანის მოხმარება არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა დაცვა მარიხუანისგან მომდინარე ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებისგან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა, და შესაბამისად ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

სარჩელი განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მაია კოპალეიშილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მერაბ ტურავა.

„ზაფხულში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან” – როგორ ავარიდოთ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია

ივლისის ბოლოს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ბავშვთა მოწამვლის შემთხვევების რაოდენობამ იმატა. ამის მიზეზად საავადმყოფოში სეზონურობას ასახელებენ.

„ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველწლიურად მატულობს ნაწლავური ინფექციების რაოდენობა, ეს ეპიდემია არ არის. მატების ტენდენცია აგვისტო-სექტემბერში შეიმჩნევა განსაკუთრებით“ – ამბობს „ბათუმელებთან“ინფექციონისტი რევაზ ნაკაშიძე, რომელსაც „ბათუმელები“ ნაწლავური ინფექციების გამომწვევ მიზეზებსა და რეკომენდაციებზე ესაუბრა.

„მოწამვლის მიზეზები სხვადასხვაა. ეს შეიძლება მოხდეს ინფიცირებული საკვების, წყლის ან დაუბანელი ხელის შეხების შემთხვევაშიც. ცხელ და ტენიან პირობებში ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება, ამას ემატება ის, რომ ადამიანები იღებენ დიდი რაოდენობით წყალს, ზოგჯერ ისეთს – რომელიც არ არის საიმედო, ასევე, იღებენ დიდი რაოდენობით ხილს, ზოგჯერ – გაურეცხავს. არის შემთხვევები, როცა ბავშვი ან მოზარდი პლაჟზე მიირთმევს ჩამოტარებულ საკვებს, ჰგონია, რომ რახან ზღვაში იყო, ხელები სუფთა აქვს, სინამდვილეში კი ასე არ არის, ხელებს ზღვის შემდეგადაც სჭირდება დაბანა,“ – ამბობს რევაზ ნაკაშიძე.

ნაწლავურ ინფექციას საკმაოდ იოლად ამოსაცნობი სიმპტომები აქვს. ესენია: ტემპერატურის მატება [თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს მაღალი ტემპერატურის გარეშეც] გულისრევა, ღებინება და დიარეა. ნაწლავური ინფექციის შემთხვევები ზაფხულში მოზრდილებშიც ხშირია, თუმცა ბავშვების შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა.

„დაავადება ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. თუ ბავშვი 4-5 წლამდე ასაკისაა, ღებინების შემთხვევაში მაშინვე უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს. ასევე უნდა მოიქცეს ცხელების და დიარეის დროს. მნიშვნელოვანია ბავშვი იყოს აქტიური, ხალისიანი. თუ ბავშვი მოდუნდა, მოიწყინა, სითხე არ მიიღო, რა თქმა უნდა, იმ წუთასვე სჯობს მშობელმა მიმართოს ექიმს. განსაკუთრებით, თუ სისხლიანი განავალი აქვს ბავშვს, ამ დროს აუცილებელია ექიმის ჩართვა, არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანის შემთხვევაში.“ – ამბობს რევაზ ნაკაშიძე.

თუ ღებინება და დიარეა ერთ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს და ბავშვი/მოზრდილი რეანიმაციაშიც კი მოხვდეს ორგანიზმის გაუწყლოების შედეგად. რევაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები იშვიათად, თუმცა მაინც ხდება.

ექიმის რეკომენდაციები ნაწლავური ინფექციის თავიდან ასარიდებლად:
  • ბავშვებს ხშირად დაბანეთ ხელები
  • მიეცით ბავშვს სასმელად მხოლოდ საიმედო წყალი
  • კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, გაფცქვენით/გათალეთ დაბანილი ხელებით
  • ადრე მომზადებული, მაცივარში შენახული კერძი ჭამამდე აუცილებლად აადუღეთ
  • თუ საზამთროს დაჭრით, მიირთვით და აღარ შეინახოთ მაცივარში 
  • მოერიდეთ ბუზებს, რომელთაც მრავლად და მარტივად გადააქვთ სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ინფექციები 

რევაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ წესების დაცვა აუცილებელია ზღვაში ბანაობის დროსაც, არ არის რეკომენდებული საკვების მიღება სანაპიროზე, ზღვის პირას და საჭიროა სუფთა წყლის გადავლება ზღვაში ბანაობის შემდეგ. მისი თქმით, ასე ზღვის წყლით ინფიცირების რისკი მცირდება.

Exit mobile version