“საქართველოს რკინიგზამ” სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი დუალურ პროგრამებზე სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების დაუფლებას სთავაზობს. კოლეჯის პირველი სტუდენტებისა და პროფესიული სასწავლებლის პრიორიტეტებზე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის  ხარისხის მართვის მენეჯერს მანანა მოისწრაფიშვილს ვესაუბრეთ.

ქ-ნო მანანა, პირველ რიგში, საინტერესოა რატომ გაჩნდა რკინიგზის კოლეჯის დაფუძნების იდეა?

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში რკინიგზაში პროფესიონალი კადრების მომზადების დეფიციტი  გაჩნდა და ბუნებრივი დაბერება მოხდა. ამ მიზეზიდან გამომდიანრე და სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შექმნას დაედო საფუძველი. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ შეუერთდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი, რომელსაც დღეს უკვე შეგვიძლია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ვუწოდოთ.

პროფესია რკინიგზელი – ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, რკინიგზის დაარსების დღიდან  პროფესიონალი კადრების მომზადება პროფტექნიკუმებში ხდებოდა. გამოდის, რომ დღეს ისევ გაჩნდა პროფესიული კოლეჯის დაარსების აუცილებლობა?

საქართველოში რკინიგზისათვის ტექნიკური პერსონალის მომზადება ჯერ კიდევ 1878 წლიდან ხდებოდა, რაც წარმოებასთან მჭიდრო კავშირით ხორციელდებოდა.  სამწუხაროდ, როგორც აღნიშნეთ, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან ეს სისტემა მოიშალა, რამაც სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულებების ფუნქციის დაკარგვა და მომზადებული კადრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ განათლება, რომელიც დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, ფუნქციას კარგავს, შედეგად კი ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა. პროფესიონალი კადრების დეფიციტი აფერხებს კომპანიების განვითარებას და გარკვეული დროის შემდეგ ისინი დგებიან კადრების  ალტერნატიული მეთოდებით გადამზადების აუცილებლობის წინაშე.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მსგავსი ტიპის სასწავლებლების შექმნა წაახალისა, ბაზარზე ბევრი პროფესიული კოლეჯი გაჩნდა. რით განსხვავდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სხვა სასწავლებლებისაგან, რა პრიორიტეტები და პრივილეგიები აქვს მას?

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კოლეჯის დაფუძნების მთავარი პრიორიტეტი საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი იყო, რომელიც დუალურ მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა. ანუ, ჩვენი მიზანი რკინიგზისათვის მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების პროფესიონალი ტექნიკური პერსონალის მომზადება იყო. მაღალკვალიფიციური კადრი კი, კომპანიას   ასაკოვანი თანამშრომლის უმტკივნეულოდ ჩანაცვლების შესაძლებლობასა და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფდა. ამრიგად, კოლეჯის იდეის ირგვლივ, მოტივირებული პიროვნებების ძლიერი გუნდი შეიკრიბა, რომელმაც ურთულესი საგრანტო კონკურსით ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსება – 2 291 900 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო. საქართველოს რკინიგზამ კი, კოლეჯისათვის 1 829 141 აშშ დოლარი გაიღო.

კოლეჯის შენობის მშენებლობა დღეს უკვე დასრულებულია. რითი არის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილი?

ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ იმისათვის, რომ საგრანტო თანხები რაციონალურად გადაგვენაწილებინა, მით უფრო რომ უამრავი წინამოსამზადებელი სამუშაო იყო ჩასატარებელი. კოლეჯის მშენებლობა, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ: შეკეთდა სრულად ამორტიზებული შენობა, მოეწყო და აღიჭურვა სასწავლო ფართობები, კოლეჯის ეზოში  სასწავლო პოლიგონის ფუნქციით ლიანდაგი დაიგო, მოეწყო ლოკომოტივის მართვის თანამედროვე სიმულატორები, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების ტრენაჟორი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დუალური სწავლების მეთოდი გაქვთ. როგორ  შეარჩიეთ პედაგოგები და რას გულისხმობს ეს მეთოდი?

ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ სასწავლო პროგრამების შემუშავება, დუალურ სწავლებაში საუკეთესო გამოცდილების მქონე პარტნიორის – გერმანიის რკინიგზის ტრენინგცენტრის DB E & C-ს დახმარებით მოხდა.  გერმანიაში სასწავლო – გაცნობითი ტური გაიმართა, სადაც პედაგოგების, მენეჯერებისა და პროგრამების ხელმძღვანელების გადამზადდნენ. გერმანელი პარტნიორის დახმარებით, კოლეჯისათვის საჭირო საგამოცდო მასალები, სასწავლო – მეთოდური ლიტერატურა და სადემონსტრაციო მასალები მომზადდა. გარდა ამისა, კადრები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში  გადამზადდნენ ჩვენს მეორე პარტნიორ – ,,აიოვას“ სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

როგორც ცნობილია, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სპეციალობებს  დაეუფლებიან კოლეჯის სტუდენტები?

დიახ, ჩვენ წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან შევათანხმეთ და დარგობრივ საბჭოზე დავამტკიცეთ 4 ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც 8 ძირითად სარკინიგზო სპეციალობას მოიცავს. ესენია: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგის  მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა, რკინიგზის ელექტრომომარაგების მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, ლოკომოტივის მემანქანის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, სავაგონო მეურნეობის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, სარკინიგზო გადამზიდავის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა და რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა.

საინტერესოა, რა პრივილეგიები ექნებათ კოლეჯის კურსდამთავრებულებს?  

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიზანია, ყველა კურსდამთავრებულის გარანტირებული დასაქმებით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ მისაღები კონტიგენტის დაგეგმვისას პერმანენტულად ,,საქართველოს რკინიგზასთან“ ვითანამშრომლებთ. ჩვენს გუნდს  აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის საუკეთესო კოლეჯი, შესაბამისად, ის სასწავლო და მართვის პროცესს მენეჯმენტი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს. აღნიშნული მონიტორინგის მიზანია, დაკვირვების შედეგების ანალიზზე დაყრდნობითა და საქართველოს რკინიგზის მოთხოვნათა ცვალებადობის ფონზე, უწყვეტი განვითარების პროცესის დანერგვა, პედაგოგიური რესურსის შევსება  და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზის გაძლიერება. ჩვენ, ასევე, დაგეგმილი გვაქვს კამპუსის მოწყობა და სტუდენტებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. თუმცა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მენეჯმენტის უმთავრესი მიზანია, სარკინიგზო სპეციალობების პოპულარიზაცია და ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანა საქართველოს რკინიგზის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში!

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება

3-8 სექტემბერს აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივების გარდა რეგიონს ორნითოლოგები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც ეწვევიან.

ყოველდღიურად ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა  და გიდების თანხლებით მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე: ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ასევე, გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, რომლებზეც დასწრება, ისევე როგორც ექსკურსიებში მონაწილეობა, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად მიიჩნევა და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება. ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს გაიხსნება და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

______________________

მთავარ ფოტოზე მტაცებელი ფრინველების ნაკადი. წყარო batumiraptorcount.org

გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

დღეს, 30 ივლისს, გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა.  გარდაცვლილი სავარაუდოდ, აჭარაში, მდინარე ჭოროხში დაკარგული მამაკაცია, რომელსაც მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

51 წლის მამაკაცი 27 ივლისს სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ მდინარე ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საბანაოდ შესვლა გადაწყვიტა მდინარეში. წინასწარი ინფორმაციით, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრებმა მისი მდინარიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13  – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ქედის მერთან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა საქმიანი აუდიენცია გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, დემნა ძირკვაძემ, ქედის მერთან, ლევან გორგილაძესთან, საქმიანი შეხვედრა გამართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

როგორც საუბრისას გამოიკვეთა, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ამ დარგის განათლების ხელშეწყობის კუთხით დაიგეგმა, რომლის დეტალური მოკვლევა და პრიორიტეტების გამოკვეთის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა, რომლის მიზანია დაავადებისგან თავისუფალი ზონის შექმნა აჭარაში

აჭარის რეგიონი ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივას შეუერთდა. ეს პროექტი გულისხმობს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებულ სკრინინგს და ტუბერკულოზის გამოსავლების გაუმჯობესებას აჭარის რეგიონში. პროექტის ფარგლებში იგეგმება ინოვაციური, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვა.

პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გუშინ, 29 ივლისს, დაიწყო და 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აჭარის რეგიონი ხასიათდება დაავადების მაღალი დონით ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, 2017 წელს რეგიონში რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 323 ახალი შემთხვევა (ინციდენტობის მაჩვენებელი 79), მ.შ. ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 247 შეადგინა. მიუხედავად ყოველწლიური კლებადი დინამიკისა, აღნიშნული მაჩვენებელი მაღალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ინციდენტობა 2017 წლისათვის ქვეყნის დონეზე შეადგენს 57-ს 100 ათას მოსახლეზე. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ მარტის თვეში აიღო ვალდებულება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართვის გზით,  პროექტის ფარგლებში გარკვეული აქტივობების თანადაფინანსებისა. ინიციატივის განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნებით, ცენტრისათვის მიმდინარე წელს გამოყოფილ იქნა 89 172 ლარი, რომელიც მოიცავს აქტივობებს აგვისტო-დეკემბრის პერიოდში.

პროექტი მოიცავს 2019 წელს სრულად.

 

რეზერვისტებს სახელმწიფო წელიწადში 2760 ლარს გადაუხდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. პირველი აგვისტოდან  საქართველოს სამ რეგიონში – კახეთში, აჭარასა და გურიაში  მცხოვრებ 18-დან 50 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ საპილოტე პროგრამაში.

“ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან საპილოტე რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლამდე ასაკის სტუდენტებს, რომლებიც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადას დაასრულებენ,  სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

პირი, რომელიც რეზერვში ჩაირიცხება, სარეზერვო სამსახურს თავისივე რეგიონში გაივლის.

ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიიღება პირველი აგვისტოდან 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.  აჭარა-გურიის რეგიონში მცხოვრებლებმა საბუთები ბათუმში, ადლიის ქუჩა N76-ში უნდა მიიტანონ, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში. კახეთში მცხოვრებლებმა კი – თელავში თამარ მეფის ქუჩა N36-ში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში;  სპეციალისტთა რეზერვისთვის – თავდაცვის სამინისტრო, კვინიტაძის 20.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, 1  ფოტოსურათი 3/4, ჯანმრთელობის ცნობა და  სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი.

 

 

როგორ იქცნენ ყოფილი პატიმრები მეწარმეებად

ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გარდა დასაქმების, სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერისა, მცირე ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარება. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და გურიაში.

პროექტის წელიწადზე მეტხნიანი მოქმედების პერიოდში რამდენიმე ათეული ბიზნეს იდეა დაფინანსდა. მცირე ტიპის საცხობები, სუვენირებისა და ავეჯის სახელოსნოები, მეფუტკრეობა, მანქანების სახელოსნოები, ხელსაქმე და ა.შ.

მერაბ მიქელაძეც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია, სახლის სარდაფში მოწყობილ სახელოსნოში ამზადებს ბამბუკისა და ნიჟარებისგან სუვენირებს. ადრე მძღოლი იყო, ახლა ხელსაქმითაა დაკავებული. ნივთების დამზადებასა და შეღებვაში მეუღლე და შვილიც ეხმარება. მერაბმა ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარა და საოჯახო სასტუმროს გასაძლიერებლად გრანტიც მიიღო. სასტუმროს მოწყობას შინ, ციხისძირში აპირებს, სადაც მუდმივადაა ტურისტების ნაკადი.

39 წლის არჩილ ქაქუთია კი მეფუტკრეა. სამეგრელოს სოფელ ყულეშკარში 20 ოჯახი ფუტკარს უვლის. საპატიმროში 6 წელი გაატარა, ჯანმრთელობის გართულებული პრობლემები გადაიტანა, მაგრამ საქმემ ყველაფერი დააძლევინა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორმა ორგანიზაციამ, ფონდმა „თანაზიარმა“ მას მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი შეაძენინა. მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის შესანახად მეფუტკრეობას ნორმალურ, შემოსავლიან საქმედ მიიჩნევს.

არჩილ ქაქუთია, მეფუტკრე. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი

გოგი გელაძე (ყოფილი პატიმრის სურვილისამებრ სახელი და გვარი შეცვლილია) ძირითადად თურქეთში მუშაობდა ზაფხულობით და თხილს კრეფდა. ეს მათი ოჯახის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პირობით მსჯავრი აქვს, ქვეყნის საზღვრებს ვერ ტოვებს. გოგიმ მანქანების სახელოსნო მოაწყო შინ – აჭარის ერთ-ერთ სოფელში, რაშიც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დაეხმარა. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და იმასაც ამბობს, რომ სხვაგან მუშაობას ისევ ასე შრომა სჯობს.

პატიმრის დედას, 70 წლის ლარისა თორიას სკოლის ბუფეტი აქვს. ორგანიზაცია „თანაზიარის“ მეშვეობით „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების  მხარდაჭერის პროგრამაში“, პროექტების წერა ისწავლა. საქმეში ნათესავი დაიხმარა და ღუმელი, ჭურჭელი, სკოლის ბუფეტისთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინა, მცირე ბიზნესი გააუმჯობესა. სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს, ისე, რომ სკოლის გარდა სოფლის მოსახლეობისთვის მომსახურებაც შეძლოს.

32 წლის გიორგი უნგიაძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში ცხოვრობს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა ამერიკული კაკლის, ჩანდლერის ნერგები გაეშენებინა, რაშიც მას ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დაეხმარა. ჩანდლერის ნერგები საკმაოდ ძვირი ღირს და გიორგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი სახსრებით ამას ვერ შეძლებდა. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ჩანდლერის ბაღის გარდა მამისეული სოფლის სახლის საოჯახო სასტუმროდ გადაკეთებასაც აპირებს, რის შემდეგაც არ იქნება დამოკიდებული არცერთ სამსახურზე და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე იზრუნებს.

გიორგი უნგიაძე. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარი

დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში – ფონდ თანაზიარს – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ბენდი „ერთად“ მახუნცეთის ცენტრში მუსიკალურ პერფორმანსს 4 აგვისტოს გამართავს

“მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” –  ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ცენტრში 4 აგვისტოს ჩატარდება. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინფორმაციით, შეხვედრის თარიღი მოსალოდნელი ამინდის გამო შეცვალეს.

მუსიკალურ პერფომანსს ბენდი “ერთად” ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ცენტრში ნაცვლად 29 ივლისისა, ჩაატარებს 4 აგვისტოს, 16:00 საათზე.

პერფორმანსი მზადდება პროექტის ფარგლებში –  „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, შეხვედრის მიზანია, პროექტის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის მასშტაბით, რათა აჩვენონ აუდიტორიას, რამდენად მცირეა განსხვავება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის.

სამაშველო: „ოცნების ქალაქში“ ხანძარი სრულად ჩავაქრეთ“

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქში“ ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. დაიწვა ერთი სახლის მეორე სართული, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი, რომელიც ხისგან იყო აშენებული: „პირველი სართული გადარჩა“.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

 

 

ფოტო: როინ გუნდაძე

„ოცნების ქალაქში“ ხანძარია

„ოცნების ქალაქში“ კაკაბაძეების 6-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი  იწვის. ადგილზე უკვე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ჯგუფი.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები პირის თქმით, ადამიანებმა მოახერხეს გარეთ უვნებლად გამოღწევა. მისივე თქმით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა და გაჩენის მიზეზი უცნობია.

 

 

ფრანების ფესტივალი ბათუმის პლაჟზე

დღეს, 28 ივლისს, ბათუმში ფრანების ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორ დღეს გასტანს. დღეს, საღამოს 6 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პლაჟზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს, მივიდეს და ფესტივალში მიიღოს მონაწილეობა.

29 ივლისს ფრანების ფესტივალი დღის 12 საათზე განახლდება და საღამომდე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორი Kitedreams Georgia -ა, გენერალური სპონსორი კი – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მთავარი ფოტო: Kitedreams Georgia-ს ფეისბუქგვერდიდან

ფოტო: Kitedreams Georgia
ფოტო: Kitedreams Georgia

გრიბოედოვის ქუჩის მცხოვრებნი თეთრი პეპლის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებას ითხოვენ

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობა ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვის. “ბათუმელებს” ფოტოები ამ ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მოაწოდა და დახმარება გვთხოვა. მოქალაქის თქმით, ქუჩაში ხეები, ასევე ეზოები ამერიკული თეთრი პეპლითაა დაფარული.

ამაერიკული თეთრი პეპელა საკარანტინო მავნებელთა ნუსხაშია შეყვანილი – აზიანებს მოსავალს და ხეებს.  მასთან ბრძოლა სურსათის უვნებლობის სამსახურს ევალება. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი ილია სირაბიძე ამბობს რომ დღეისათვის ამერიკული თეთრი პეპელა ბათუმში, რამდენიმე ადგილზეა დაფიქსირებული.

“ზარი შემოვიდა გრიბოედოვის ქუჩიდან და ხვალ გავალთ და ადგილზე ვნახავთ,” – ამბობს ილია სირაბიძე.

მისივე თქმით “ჯერჯერობით არანაირი ღონისძიება არაა დაგეგმილი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გარდა. თუ აღმოჩნდება რომ ამერიკული პეპელაა და არის საჭიროება მისი შეწამვლის, ასეთ შემთხვევაში  შეიწამლება. მიმართული გვაქვს უკვე თბილისში და ალბათ გამოყოფენ მანქანას და შეიწამლება მხოლოდ ამერიკული პეპელა”.

 

 

 

მაშველებმა ოთხი ფრანგი ტურისტი ზღვიდან გამოიყვანეს

ბათუმში  მაშველებმა ოთხ უცხოელი ტურისტს აღმოუჩინეს დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საფრანგეთის მოქალაქე ოთხი ტურისტი შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე ნაპირიდან 5 კილომეტრში  კატარღით სეირნობდა, რა დროსაც კატარღა გაფუჭდა და ტურისტები ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ.

ამ დროისთვის ყველა ტურისტი გამოყვანილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ვაგნერის მუსიკა ამსტერდამის უნივერსიტეტის ორკესტრის შესრულებით ბათუმში

დღეს, 28 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სველინკს ორკესტრი ვაგნერის “ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე” დაუკრავს.

დირიჟორი: კონრადინ ჰერცოგი.

დასწრება თავისუფალია.

დასაწყისი: 19 საათზე.

სველინკს ორკესტრი 1878 წელსაა დაფუძნებული იგი ნიდერლანდებში ერთ-ერთ უძველეს ორკესტრად მიიჩნევა.

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

საქართველოში „იუნისეფი“ სექტემბერში იწყებს 2-იდან 10 წლამდე ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე, რომლის შედეგებიც მომავალი წლის პირველ კვარტალში იქნება ცნობილი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება და რა ზომებს უნდა მიმართოს პაციენტმა მკურნალობისთვის? „ბათუმელები“ ამ თემაზე პედიატრ თემურ მიქელაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თემურ, როგორი მკურნალობა ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ?

ტყვიით ინტოქსიკაციის დროს ინიშნება გამომძევებელი თერაპია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ძალიან მაღალია მისი შემცველობა და აშკარად გამოხატულია სიმპტომები. გამომძევებელი თერაპია ყოველთვის არ სჭირდება პაციენტს, მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ არის  მძიმე მოწამვლა. ეს საკითხი ტოქსიკოლოგთან ერთად უნდა გადაწყდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვატარებთ ტყვიაზე მკურნალობას.

  • მკურნალობა მხოლოდ სტაციონარულად ხდება, თუ სახლის პირობებშიც შესაძლებელია? 

სპეციალური ნივთიერებებია, რომლებსაც პაციენტი იღებს. პირველად ეს უნდა მოხდეს კლინიკაში, შემდეგ შეუძლია სახლშიც გააგრძელოს მკურნალობა. ინდივიდუალურად განისაზღვრება მკურნალობა.

  • რა რაოდენობის ტყვიის შემცველობა მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის საზიანოდ?

მძიმე მოწამვლად მიიჩნევა დაახლოებით 50-დან 150 მიკროგრამი დეცილიტრზე. მაგრამ აქ საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა კლინიკური გამოვლინებებია. ანუ პაციენტი მივარდნილია, ადინამიური, არის რეანიმაციაში. თუმცა მე პრაქტიკაში არ მქონია ასეთი შემთხვევა, რადგან  ასეთი მკურნალობა არ სჭირდებათ პაციენტებს. საერთოდ ორგანიზმიდან ტყვიის გამომძეველი თერაპია უფრო ცუდია, ვიდრე მისი მაღალი შემცველობა სისხლში. უმჯობესია ეს პროცესი კვებით დავარეგულიროთ.

ტყვიის განსაზღვრის მიზანია, რომ აღმოაჩინო ტყვიით ინტოქსიკაციის წყარო, თუ საიდან ხდება მისი ქრონიკული მოწოდება. კვლევა იმიტომ კეთდება, რომ სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები ტყვიის შემცველი პროდუქტების რეალიზაციაზე და აღარ მოხდეს ტყვიით დაბინძურებული მასალების იმპორტი ქვეყანაში. ტყვიაზე კვლევას მაშინ აქვს აზრი, თუ ტოქსიკაციის წყარო აღმოიფხვრება.

  • თქვენ ამბობთ, რომ მკურნალობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ინიშნება. გარდა ტოქსიკური წყაროს აღმოფხვრისა, რა ზომები უნდა მიიღოს კიდევ ადამიანმა, რომ ორგანიზმში შემცირდეს ტყვიის შემცველობა?

თუ პაციენტის ორგანიზმში ნორმის ფარგლებშია რკინა და კალიუმი, მაშინ ტყვია აღარ შეიწოვება. ამიტომ ბავშვის და თუნდაც მოზრდილის ორგანიზმში ამ მიკროელემენტების შემცველობას უნდა მიექცეს ყურადღება. განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო ლაბილურია და უფრო ადვილად ზიანდება ნერვული სისტემა.

ტყვია არის მსოფლიოს პრობლემა. აშშ-ში, 80-იან წლებში როცა ჩატარდა კვლევები, მოსახლეობის 88 პროცენტს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, თუმცა 2010 წელს ჩატარებულმა კვლევებმა 0,88 პროცენტი აჩვენა იგმავე პაციენტებში. ეს იმიტომ, რომ აშშ-ის მთავრობამ შეამცირა ტყვიის შემცველი ნაწარმის რეალიზება, სამშენებლო მტვერი, მასალები, საღებავები, ბენზინი ნორმალური შეიტანა, ძველი ავტომანქანები  შემცირდა, რაც აისახა კიდეც შედეგზე. იგივე უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამაც.

ამ ნივთიერების არსებობა აუცილებელია როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სამრეწველო საქმიანობაში, მაგრამ აქ საუბარია მის სწორად მოხმარებაზე. მთავარია, ადამიანის ორგანიზმში არ უნდა მოხდეს მისი მაღალი შემცველობა.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/294273/

სააგენტო: არარეგისტრირებული მოტოდელტაპლანები საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქის საპროტესტო აქციას ეხმაურება, რომელმაც აჭარის მთავრობის სახლთან ხეზე მიიჭედა ხელი – ვასიკო ტაკიძემ ასე გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას დელტაპლანის გაქირავების ნებართვას არ აძლევენ.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მოტოდელტაპლანების ოპერატორების საყურადღებოდ 10 ივლისს გაკეთებულ უსაფრთხოების მითითებას ზოგიერთი ოპერატორის მხრიდან გაღიზიანება მოყვა. ერთ-ერთმა მათგანმა, სამწუხაროდ, პროტესტის მძიმე ფორმას მიმართა.

ოპერატორებს უმოკლეს ვადებში უნდა განეხორციელებინათ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. ბოლო 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც არაერთხელ განემარტათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და მიეცათ გაფრთხილება კანონის მოთხოვნების დაცვის შესახებ.

სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მოტოდელტაპლანების რეგისტრაციის მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აჭარის რეგიონის სანაპირო ზოლში ფუნქციონიერებენ არარეგისტრირებული მოტოდელტაპლანები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

მეტიც, როგორც სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევიდან ირკვევა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) და შესაბამისად, მწარმოებელი ვერ უზრუნველყოფდა გაურკვეველ პირობებში და გაურკვეველი კომპონენტებით დამზადებული აპარატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენას.

ვინაიდან მოტოდელტაპლანების მფლობელებმა სააგენტოში ვერ წარმოადგინეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მათი კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რეგისტრაცია.

შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია როგორც ოპერირების ზონაში სხვა საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებისთვის, ისე მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის” – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“

ნანა ფარჩუკაშვილი ყოფილი პატიმარია, რომლის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო.

ამ ბრძანების მიხედვით, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება იმდენჯერ მოეთხოვა, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. ნანა ფარჩუკაშვილი გაშიშვლების მეთოდის საერთოდ გაუქმებას და სკანერით ჩანაცვლებას მოითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ნანა ფარჩუკაშვილი საადვოკატო საქმიანობას ეწევა და აქტიურად მუშაობს პატიმრების უფლებების დაცვაზე.

ნანა, რა შეიცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რას შეცვლის ეს შედეგი საპატიმროებში?

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ქალთა მეხუთე დაწესებულებაში შემოწმების პრაქტიკა უკვე შეცვალა…

არაადამიანური მოპყრობის თითოეულმა მსხვერპლმა უნდა მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ჩემთვის ძალიან უმნიშვნელოა თანხა, რასაც შეიძლება მორალური ზიანის გამო გიხდიდეს სახელმწიფო. ჩემთვის მთავარია, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ვუთხრათ სისტემას, რომ პატიმრებს, ისევე როგორც ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს, აქვთ პატივი და ღირსება, რომლის შელახვაც დასჯადია.

ჩემი პატიმრობისას ყოფილა შემთხვევები დაწესებულებებში მსჯავრდებულთა გაშიშვლების, მერე კი მათი დაცინვის. ახლა მე თვითონ ვიცავ  სხვების უფლებებს და ყველას უფასოდ ვთავაზობ იურიდიულ დახმარებას, ვინც ყოფილა მსხვერპლი ციხეში არაკონსტიტუციური, უკანონო და არაადამიანური მოპყრობისა.

სოციალური ქსელებით, პირადი კონტაქტებით, ყველა საშუალებით ვაპირებ მივაწვდინო ხმა პატიმრებს, რომლებსაც მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ.

ჩვენ ყველას, ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“. ეს ზიანი, ვფიქრობ ბოდიშის მოხდით მაინც უნდა ანაზღაურდეს, თუ მატერიალური საზღაურით არა“.

ხომ არ ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის მოგება განაპირობა თქვენმა იურიდიულმა განათლებამ და დაინტერესებამ – დაგეცვათ საკუთარი უფლებები ბოლომდე?

ცხადია, ბევრს ნიშნავს ინფორმირებულობა, საკუთარი უფლებებისა და კანონების ცოდნა, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ვინც გრძნობს, რომ მისი ღირსება ილახება, იურიდიული განათლების გარეშეც შეუძლია მიაღწიოს მიზანს: მთავარია, არავის მივცეთ უფლება შეილახოს ჩვენი ღირსება არსად, მათ შორის საპატიმროშიც.

ასეთ შემთხვევებში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, ორგანიზაციები, რომლებიც დაგეხმარებიან.

ნანა ფარჩუკაშვილი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარია. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მაშველები მდინარე ჭოროხში შუახნის კაცს ეძებენ

შარაბიძეებში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მაშველები მდინარე ჭოროხში მამაკაცს ეძებენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო, იგი ჭოროხის ნაპირას მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და საბანაოდ შესვლა გადაწყვიტა მდინარეში. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მეგობრებმა მისი მდინარიდან გამოყვანა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ.

„ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე ამჟამად 15-მდე მაშველი მუშაობს, მათ შორის არიან მყვინთავებიც.

სასამართლომ დეპუტატ ხვიჩა შარაშიძის კომპანიას მშენებლობა შეუჩერა – მან ამის შესახებ არ იცის

„მოპასუხე შპს „ჩემი სახლი”-ს აეკრძალოს ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქ. N20-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე… IV კლასს მიკუთვნებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გაგრძელება ერთი თვის ვადით“, – ეს განჩინება მოსამართლე სალიხ შაინიძემ 25 ივნისს გამოსცა. კომპანიას სასამართლოში მშენებლობის გვერდით მცხოვრებმა ორმა პირმა უჩივლა.

სამშენებლო კომპანია „ჩემი სახლი” 50%-ი დეპუტატ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნის. იმაზე, რომ სასამართლომ შეაჩერა მშენებლობა, ხვიჩა შარაშიძე ინფორმაციას არ ფლობს. „არ გაქვთ სწორი ინფორმაცია, ვიცი, რომ მასეთი რაღაც არ არსებობს“, – უთხრა დეპუტატმა „ბათუმელებს“.

საქმე იმაშია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სამშენებლო  კომპანიამ ცოტა ხნის წინ მისი სამშენებლო ტერიტორიის მეზობლად სამსართულიან სახლზე სახანძრო კიბე მოჭრა და ფანჯრებთან კედელი ამოაშენა. ახლა კი  მეზობელი სახლის სახურავის სივრცეც აითვისა, ისე რომ „აქ მაცხოვრებლებს მომავალში ამ სივრცის გამოყენების შესაძლებლობა წაართვა“.

შპს „ჩემი სახლი“ ტერიტორიაზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს.

ხვიჩა შარაშიძემ გვირჩია საკითხზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად სხვა პირებისთვის მიგვემართა: „კომპანიას ჰყავს დირექტორი, იურისტი – გააჩნია რა საკითხთან დაკავშირებით რეკავთ მითხარით და გადაგამისამართებთ.“

კითხვაზე – ის, რომ კომპანიამ აქამდე არ შეასრულა ბათუმის მერიის დადგენილებები, შესაბამისად, დაარღვია კანონი, მას როგორც მესაკუთრესა და კანონმდებელს ხომ არ უქმნის უხერხულობას?  – დეპუტატმა თქვა:

„თუ რამეს არღვევს მე შემიძლია ჩავერთო. მე, ფაქტობრივად, მართვაში არ ვერევი. ჩემი ინფორმაციით იქ არანაირი კანონდარღვევა არ არის. როგორც ვიცი, მიდის რაღაც სასამართლო დავა, მეზობელმა უჩივლა მე მგონი კომპანიას. სასამართლო წესით გადაწყდება და როგორც კანონი, რიგი და წესია ისე იქნება ყველაფერი. არ შეიძლება, რომ კანონი დაარღვიოს კომპანიამ, ამაში გეთანხმებით სრულიად“.

ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ გამოცემული დადგენილებები კი ნამდვილად ადასტურებს, რომ „ჩემი სახლი“ მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აგრძელებს, რაზეც  ჯერ მითითება  შემდეგ კი გაფრთხილება მიიღო მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. თუმცა უშედეგოდ, მშენებლობა გრძელდება.

სასამართლომ მშენებლობა ერთი თვით იმ მოტივით შეაჩერა, რომ მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩატარება შეძლოს და გაირკვეს აითვისა თუ არა სამეზობლო სივრცე კომპანიამ, რადგან კომპანია ამას უარყოფს.

სასამართლოს მშენებლობის მომიჯნავედ არსებული სახლის მესაკუთრეებმა – გიზო ჩერგეიშვილმა და მაია ბაკურიძემ მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობის პროცესი უშუალო ზიანს აყენებს მათ საკუთრებას:

„რადგან კომპანიამ დაარღვია სამეზობლო მიჯნა და მშენებარე კორპუსის ნულოვანი ნიშნულის შემდგომ თითოეული სართულის იატაკი იჭრება ამხანაგობა „თანადგომის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში და ზემოდან ედგმის მათ საცხოვრებელ ფართებს.“

იმ შემთხვევაში კი, თუ  ამხანაგობა “თანადგომა” ან თავად მესაკუთრეები გადაწყვეტენ თავიანთ საცხოვრებელ ფართობს დააშენონ სართული, მათ ამის შესაძლებლობა არ ექნებათ, ამიტომაც ამტკიცებენ, რომ კომპანიამ მათ საკუთრების უფლება ხელყო.

ამასთან დაკავშირებით „თანადგომის“ წევრებმა წერილობითი კომპანიასაც მიმართეს, მაგრამ მოპასუხის მხრიდან მათ მოთხოვნას ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია, მშენებლობა გრძელდება.

მესაკუთრეების ინტერესებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი განმარტებით, მოსარჩელეებმა მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, პროექტისა და მიმდინარე მშენებლობის კანონიერების შესწავლის მიზნით. ბიურომ განმცხადებლებისგან მოითხოვა გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ კომპანია ფლობს. ადვოკატის თქმით, კომპანია  ამ ინფორმაციის გაცემაზე კატეგორიულ უარს აცხადებს:

„კომპანიამ სამშენებლო მოედანზე არ შეუშვა ბიუროს ექსპერტი შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად და ამის პარალელურად ცდილობს მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში დაასრულოს მშენებლობა. რადგან მისთვის ცნობილია, რომ მრავალსართულიანი კორპუსის დანგრევის არც ტექნიკური და არც ფინანსური შესაძლებლობა არცერთ მხარეს არ ექნება. “

კომპანიის იურისტი ამირან ცეცხლაძე ამტკიცებს, რომ კომპანია სამეზობლო სივრცეში არ შეჭრილა და დავა უსაფუძვლოა: „ამიტომაც ჩვენ თვითონ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, მივმართეთ სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს და კვლევის შედეგი დაახლოებით ერთ კვირაში ხელთ გვექნება, რაშიც ეჭვს ვერავინ შეიტანს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შევუშვით მოსარჩელე მხარის ექსპერტი – ის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესის დროს მოგვადგა და უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე არ შევუშვით. შესაბამისი დროც  ვერ შევთავაზეთ, რადგან ერთხელ მოვიდა და მეტჯერ არ მოუმართავს.“

კომპანიის იურისტს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა. მან ამის შესახებ „ბათუმელებისგან“ გაიგო:

„ერთი თვით შეაჩერა? – ასეთ რაიმეს კანონმდებლობა არ ცნობს. ასეთი გადაწვეტილება არ ჩაგვბარებია“.

განჩინება მხრეს დღეს, 27 ივლისს ჩაბარდა.

 

 

www.keda.ge -ს ინგლისურ ენოვანი ველის პრეზენტაცია გაიმართა

ქედის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და საკრებულოს აპარატის ორგანიზებით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის –www.keda.ge -ს ინგლისურ ენოვანი ველის პრეზენტაცია გაიმართა.

keda.ge ინგლისურ ენაზე ითარგმნა, რაც გვერდის უცხოენოვან მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაეცნონ მათთვის ყვალა საჭირო ინფორმაციას დეტალურად
keda.ge ინგლისურ ენაზე ითარგმნა, რაც გვერდის უცხოენოვან მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაეცნონ მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად

ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ საიტის სტრუქტურას, მუშაობის პრინციპს, ახლადდანერგილ სიახლეების ველს, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებს.

ონლაინ პეტიციის დანერგვის შემდეგ, keda.ge ინგლისურ ენაზე ითარგმნა, რაც გვერდის უცხოენოვან მომხმარებლებს მისცემს საშუალებას გაეცნონ მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად. ეს იქნება – ტურიზმი და მოგზაურობა, ღირსშესანიშნავი ადგილები, ტურისტული გზამკვლევი, გეოგრაფია და ბუნება, ისტორია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 3 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს ინგლისურ ენოვანი თარგმანისთვის 1000 ლარი.
პროექტისთვის ბიუჯეტიდან 3 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს ინგლისურ ენოვანი თარგმანისთვის 1000 ლარი.

როგორც ვებ გვერდის ადმინისტრატორებმა აღნიშნეს, თვითმმართველობის მიზანია ეტაპობრივად გაძლიერდეს ვებპლატფორმა და გაიზარდოს  სერვისის ხარისხი, რისთვისაც სისტემატიურად ტარდება ქმედითი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ გვერდი ორიენტირებულია როგორც პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, ასევე საჯარო ინფორმაციისა და ახალი ამბების განთავსებაზე ყოველდღიურ რეჟიმში. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება წლის განმავლობაში გვერდის პოპულარიზაციისთვის არაერთ აქტივობას გეგმავს, ასევე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.

გვერდის რედაქტირება სარეკლამო კომპანია ,,შინდმა“ 2016 წელს განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს ინგლისურ ენოვანი თარგმანისთვის 1000 ლარი.

რატომ მიიჭედა ხეზე ხელი მოქალაქემ აჭარის მთავრობის სახლთან

შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ივლისს, მოხდა. მოქალაქე ვასიკო ტაკიძემ, რომელიც აცხადებს, რომ დელტაპლანის გაქირავების ბიზნესი ჰქონდა, გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას დელტაპლანის გაქირავების ნებართვას არ აძლევენ.

„74 000 დოლარი ჩავდე ამ საქმეში. მე მგონი არის ამ ქვეყანაში ხალხი, ვინც გვერდით დამიდგება და ტურიზმს გააცოცხლებს, ბანკში მაქვს ჩადებული ფული, ოთხი შვილი გარეთ დამრჩება. 12 ოჯახი მყავს დასაქმებული, რა გავაკეთო ამაზე მეტი.

წინასწარ ეთქვათ მაშინ, არ ჩადო ამდენი თანხა და არ განავითარო ეგ ბიზნესიო. ოთხი წლის მანძილზე 150-მდე კაცია აფრენილი ჩემთან. მოიტანე დოკუმენტიო, მივიტანე, ეს არ კმარა, კიდევ მოიტანეო, ამდენ ხანს ბანკი არ დამელოდება, არავინ დამარცხებულა ჩემთან,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ვასიკო ტაკიძემ.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ მოქალაქეს საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა დელტაპლანების გაქირავება ტექნიკური ხარვეზების გამო, აჭარის მთავრობას ეს საკითხი არ ეხება და მოქალაქემ შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც ვასიკო ტაკიძე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების გაცნობა ქობულეთიდან დაიწყო. ქობულეთში აქტიური ტურისტული სეზონია და მთავრობის თავმჯდომარემ სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ქალაქის მერისგან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მოისმინა. თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც გაესაუბრა და მათი შეფასებები მოისმინა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოების მდგომარეობას, რომლის 650 მეტრიანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია.

თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც გაესაუბრა
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც გაესაუბრა

„აღნიშნულ პროექტზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა მყისიერ გადაწყვეტას და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ჩართულობით მოესწრო თითქმის ნახევარზე მეტი სამუშაოს დასრულება. ტურისტების გამოკითხვის შედეგადაც უკვე ვლინდება, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში მთლიანად მოწესრიგდება სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა, რომელიც ქობულეთს და ქობულეთის ტურისტებს ესაჭიროება მომავალში. ჩვენ არ მოვადუნებთ ყურადღებას და ძალიან ხშირად გავაკეთებთ მონიტორინგს ადგილზე, რადგან გვქონდეს ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი გრაფიკით მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ როგორც ქობულეთის მაცხოვრებლებს, ისე ჩვენს სტუმრებს“ -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ნაპირდამცავი კედლის პროექტს ქობულეთში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამში 2 კმ-მდე ახალი ჯებირის აშენება და სავალი ნაწილის კეთილმოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ნაპირსამაგრი სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც ზაფხულამდე ვერ მოესწრო, ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე გაგრძელდება.

დაბა ოჩხამურის სოციალურ სახლში 8 ოჯახს ბინები გადაეცა

დაბა ოჩხამურში სტიქიის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა. ახლად აშენებული სოციალური სახლი მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან, ქობულეთის მერ მირიან ქათამაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათ ახალი საცხოვრებელი მიულოცა.

სტიქიის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა
სტიქიის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა

,,დაბა ოჩხამურში აშენდა ახალი სოციალური სახლი. აღნიშნული, ქობულეთის მერიის მხარდაჭერით აშენდა და მადლობა მინდა ვუთხრა მერიის ხელმძღვანელობას.  მოხარული ვარ, რომ 8 ოჯახს  ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. დღეს ჩვენ გვაქვს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი და მოსახლეობასთან შეხვედრები. მოვუწოდებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირი კომუნიკაცია იქონიონ მოსახლეობასთან, რათა იცოდნენ რა აწუხებთ  მათ და რა პრობლემები აქვთ“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის განსახორციელებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა.
პროექტის განსახორციელებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯა.

საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო ამორტიზებული იყო, რომლის მდგომარეობაც გასული წლის აპრილის თვეში ქარიშხლის შედეგად დამძიმდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში  გიორგი რომანაძე.

წყავროკა-სატეხიის გზის რეაბილილტაცია

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად  წყავროკა-სატეხიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო
ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო

ასფალტის საფარი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო. პროექტის ფარგლებში,  მოწყობილია  რკინა ბეტონის კიუვეტები და საყრდენი კედლები. 4 ადგილზე მოეწყო 122 გრძ.მეტრი გაბიონი, არსებულ ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ჯამში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარი   9 574 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 490 998  ლარს შეადგენს.

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სულ 29,790 კმ ასფალტობეტონის საფარის და 8700 კუბური მეტრი ბეტონის მოწყობაა გათვალისწინებული. დაგეგმილია 8 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებულ ხიდის რეაბილიტაცია, ასევე 76 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა.

სულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის  18 224 785 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27-28 ივლისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27  – 32  გრადუსი  
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 – 30  გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

ტალღის სიმაღლე 5-10 დმ – 2-3 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ივლისის ბოლო დღეებში მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი.

__________________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

სად და რა ფასად შეიძლება აჭარაში კარვის გაშლა

კარვით ბუნებაში დასვენებას სხვადასხვა მხარე აქვს: თუ კოღოებთან ბრძოლა და მიწაზე თხელი პარალონით ძილი ვერ წარმოგიდგენიათ, კარვის იდეა თავიდანვე უნდა უარყოთ და სასტუმროების ძებნა დაიწყოთ, მაგრამ თუ კომფორტის არარსებობა და ბონუსად ღია ცის ქვეშ: ტყეში, ან ზღვასთან ახლოს ძილი მოგწონთ, მაშინ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

ბათუმსა და ქობულეთში კარვებისთვის ადგილი ოფიციალურად გამოყოფილი არ არის. ბათუმისა და ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ აკრძალულია კარვის გაშლა ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს და ასევე, პარკებსა და სკვერებში, თუმცა აჭარაში არის ადგილები, სადაც ზღვასთან ახლოს კარვების გაშლა დაშვებულია.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე კარვით ერთი ღამის გათევა ღირს:

[checklist]

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 ლარი
  • უცხოელებისთვის 20 ლარი
  • საფასურში ბოტანიკური ბაღის დათვალიერებაც შედის

[/checklist]

საკემპინგე ტერიტორია, ბოტანიკური ბაღის მწვანე ტყეშია მოწყობილი, საიდანაც ზღვის სანაპირომდე სულ რაღაც 100 მეტრია. ადგილზე გამართულია საკემპინგე ინფრასტრუქტურა: ახლომდებარე კაფე-ბარში შესაძლებელია კერძების შეკვეთა, ადგილზე არის მაყალი – ბოსტნეულისა და ხორცის შესაწვავად, იქვეა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოც, თუმცა არ არის საშხაპე. ტერიტორია დაცულია და დაცვა მთელი ღამე მორიგეობს.

გაითვალისწინეთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე კარავი, პარალონი და საძილე ტომრები არ ქირავდება. ამიტომ თუ ასე დასვენება გსურთ, საკუთარი აღჭურვილობით უნდა ეწვიოთ ბოტანიკურ ბაღს.

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნულ პარკში ბევრნაირადაა შესაძლებელი ღამისთევა: ვიზიტორთა ცენტრის სასტუმროში, საოჯახო სასტუმროებსა და ხის ქოხში – ტურისტულ თავშესაფარში. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია საკემპინგე – საკარვე ადგილებიც. თუ აღჭურვილობა არ გაქვთ პარკის ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ იქირავოთ:

[checklist]

  • ორადგილიანი კარავი ერთი ღამით – 10 ლარად
  • პარალონი – 5 ლარი
  • ზურგჩანთა – 5 ლარი
  • საკარვე ადგილი – 5 ლარი

[/checklist]

თუ საკუთარი კარვითა და აღჭურვილობით ეწვევით დაცულ ტერიტორიას, მხოლოდ საკარვე ადგილის საფასურის გადახდა მოგიწევთ. საკემპინგე ტერიტორიებზე მაგიდები და ცეცხლის დასანთები ადგილებია გამოყოფილი. კარვის გასაშლელი ყველა გამოყოფილი ადგილი  მტირალას პარკის ტურისტულ რუკებზეცაა დატანილი.

                  მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნულ პარკში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ კარვების გაშლა. საკემპინგე ინფრასტრუქტურა ჯერ აქ მოწყობილი არ არის და არც კარვები ქირავდება, მაგრამ საკუთარი აღჭურვილობით შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე დაბანაკდეთ უფასოდ. როგორც პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბილიკები და საკემპინგე ინფრასტრუქტურა მაჭახელას ეროვნულ პარკში ზაფხულის ბოლომდე მოეწყობა და ზაფხულის შემდეგ სეზონზე შესაძლებელი იქნება საკემპინგე აღჭურვილობის ადგილზე დაქირავებაც, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე კარვით დარჩენაც შესაბამისად, ფასიანი გახდება.

კინტრიშის ნაკრძალი

კინტრიშის ნაკრძალში მოწყობილია როგორც ტურისტული ბილიკები, ასევე საკემპინგე ინფრასტრუქტურაც. აქ ბზის კორომებისა და თამარის თაღოვანი ხიდის ტურები მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. ვიზიტორთა ცენტრში იქირავებთ კარავსა და აღჭურვილობას იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი კარავი არ გაქვთ:

[checklist]

  • კარვის დაქირავება დღეში – 10 ლარი
  • საძილე ტომარა – 5 ლარი
  • პარალონი – 3 ლარი
  • ზურგჩანთა – 5 ლარი
  • საკარვე ადგილი, ერთი ადამიანი – 5 ლარი

[/checklist]

კომპანიას, რომელიც პირსს ვერტმფრენის სადგომად იყენებდა, ბიუჯეტის სასარგებლოდ არაფერი გადაუხდია

დღეს, 27 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #13- ის მიმდებარედ, ზღვის პირას არსებულ მიწის ნაკვეთისა და ამ ნაკვეთზე მდებარე შენობის [444 კვ.მ] საიჯარო ფასი განსაზღვრეს. საკრებულომ  ქონების წლიური საფასურის სახით 36 000 ლარი დაადგინა. ეს ქონება მოიცავს ასევე საზღვაო პირსს, რომლითაც ბოლო პერიოდში ვერტმფრენი სარგებლობს.

ვერტმფრენით გასეირნების სერვისს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს კანადური კომპანია სთავაზობს. ვერტმფრენი ახალ ბულვარში არსებულ პირსზე დგას დილიდან საღამოს 7 საათამდე, საღამოს 8 საათიდან კი ვერტმფრენებს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე აჩერებენ.

დღეს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ოპოზიცია დაინტერესდა, აქვს თუ არა კანადურ კომპანიას პირსის გამოყენებაზე მერიასთან ხელშეკრულება დადებული და იხდის თუ არა ქონებით სარგებლობის საფასურს ბათუმის ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაზეც მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გოგა ლომაძემ უპასუხა, რომ არა, გარდა ამისა, მან თქვა, რომ მერიას არ აქვს მონაცემები „თუ რამდენჯერ მოახდინა ვეტმფრენმა დაშვება ბათუმის ტერიტორიაზე.“

ტერიტორია ამ დრომდე საიჯარო წესით „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა, ხელშეკრულებას ვადა პირველ ივლისს გაუვიდა. ქონება 2014 წელს მერიის ტურისტული ობიექტების სააგენტომ იჯარის წესით გაასხვისა.

გოგა ლომაძეს არც იმაზე ჰქონდა ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა კანადურ კომპანიას „საქართველოს ბანკთან“  რაიმე სახის კონტრაქტი მის სარგებლობაში არსებული მუნიციპალური ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მოიჯარეს მერიისთვის ამის შესახებ უნდა ეცნობებინა, გოგა ლომაძის თქმით კი შეტყობინებას მერია იღებს მხოლოდ ჩანაცვლების შემთხვევაში.

ვერტმფრენით გასეირნების ფასი ბათუმში 250 ლარია. მსურველებს ვერტმფრენით სხვადასხვა ტურებსაც სთავაზობენ ბათუმიდან ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის, ასევე მესტიის მიმართულებით. ფასები 700 აშშ დოლარიდან [ექვივალენტი ლარში, ქობულეთის ტური] იწყება და 5250 დოლარამდე ადის [ექვივალენტი ლარში, მესტიის ტური].

სოციალურად დაუცველი ჯგუფების ულტიმატუმი აჭარის ახალ მთავრობას

დღეს, 27  ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ სოციალურად დაუცველი  ჯგუფები შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მათი განცხადებით, თუკი ხელისუფლება „ოცნების ქალაქის“ პრობლემას საბოლოოდ არ მოაგვარებს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ხელისუფლებას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ იპოთეკით დაზარალებული პირებიც.

კახა ხიმშიაშვილი, „ოცნების ქალაქიდან“:  „წლები გადის და ყველა ხელისუფლება გვპირდება „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ გადაწყვეტილებას არავინ არ იღებს. დავიღალეთ. ჩვენ ვითხოვთ აჭარის ახალი მთავრობისგან, რომ ერთხელ და საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ვიცოდეთ რა გველოდება“.

თამილა დუმბაძე, „ოცნების ქალაქი“:  „ჩვენ, მოვითხოვთ რომ დროულად დაიწყოს კორპუსების მშენებლობა, რადგან იმ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოცხალი თავით არ დავთმობთ იქაურობას“.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იმყოფებოდნენ იპოთეკური სესხებით დაზარალებული ოჯახებიც.

„როცა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი იყო, თქვა, რომ მზადდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ ვიყავით 28 ივნისს ჩასული პარლამენტში და მოვიკითხეთ ამ კანონპროექტის ბედი. ამ ცვლილებებით უნდა დარეგულირებულიყო პროცენტების საკითხი, საუბარი იყოს შავი სიების გაუქმებაზე და მევახშეობის საქმიანობის აკრძალვაზე იმ პირებისთვის, ვისაც არ ექნებოდა ეროვნული ბანკის ლიცენზია და არ გადაიხდიდა ბიუჯეტში თანხას.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

ჯერ-ჯერობით ეს ცვლილებები არ განხორციელებულა. ამიტომ, თუ პირველ სექტემბრამდე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციები დაიწყება პარლამენტთან და აჭარაშიც“-ამბობს საბანკო და სამევახშეო სისტემის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ლალი ზაქარეიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრო გოდერძი მახარაძეც. მისი თქმით, ჰესების მშენებლობამ სოფლის გზა დააზიანა, რის გამოც, სოფელი ერთ წელზე მეტია ვერ სარგებლობდა გზით.

„იყო საუბარი, რომ გზა აღარ გაკეთდებოდა, რადგან გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, მეწყრული პროცესები იყო ნიადაგში განვითარებული. სოფელი ამჟამად შემოვლითი გზით სარგებლობს. ჰესების მშენებელმა კომპანიამ უარი თქვა შემოვლითი გზის გაკეთებაზე, რადგან ძალიან ძვირი ჯდებაო და ახლა დაიწყეს ისევ სოფლის ძველი გზის მშენებლობა.  გავამაგრებთ, ჩამოვასხამთო – გვეუბნებიან. თუ დასკვნა ამბობს, რომ გზა ვეღარ გაკეთდება და სახიფათოა, ახლა როგორ აკეთებენ?!“ – ამბობს გოდერძი მახარაძე.

ის ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას სთხოვს პასუხისმგებლობა აიღონ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

შეხვედრას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ყურად იღოს მოქალაქეების მოთხოვნები და ყველა წარმოდგენილი ჯგუფის პრობლემებზე მოახდინოს დროული და ეფექტური რეაგირება.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები, იპოთეკით და მეწყერით დაზარალებულები შეიკრიბდნენ. ისინი ხელისუფლებას მათი პრობლემების დროულ გადაჭრას სთხოვენ

 

ხელვაჩაურის სოფლებს ფაროსანას შემდეგ პეპელა შეესია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მავნე მწერების უჩვეულო მატებაზე საუბრობენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მწერების ამ რაოდენობა სოფელში აქამდე არ ყოფილა, მცირე ზომის პეპლები აზიანებენ მცენარეებს და სახლშიც შედიან. მწერზე არ მოქმედებს ფაროსანას შესაწამლი პრეპარატი, ახლა ახალსოფელსა და მიმდებარე სოფლებში ფაროსანა თითქმის არ არის, თუმცა მოსახლეობა პეპლებს ვერ იგერიებს.

„შეწამლეს ფაროსანა და დავისვენეთ. მერე გაჩნდა ბუზები, ორ კვირაში წავიდნენ და მოვიდნენ პეპლები, რომლებიც აღარ მიდიან. ასე მგონია, საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ. ხმება ხეხილი, ბოსტნეული. მძივებივით არიან ასხმული,  მცენარეს რომ არხევ, ასობით პეპელა მოცვივა, ფოთლები ხმება. არ ვიცი ამ მწერის ბრალია თუ არა ეს, არც ის ვიცი კონკრეტულად რა მწერია, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ვართ, ამ რაოდენობის პეპლები არასდროს ყოფილა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რენა ფერცელიძე.

მწერები სახლში

„ძალიან შეგვაწუხა, ვერც ლობიო მოვკრიფეთ, ვერც კიტრი, ძალიან გავრცელებულია პეპელა, რა გვეშველება არ ვიცით. საჭმლის ჭამაც აღარ შეიძლება ისე ბევრია. დღისით უმეტესად მცენარეზეა, მაგრამ საღამოს ცხოვრება შეუძლებელია. არასდროს ყოფილა ამდენი პეპელა სოფელში“ – ამბობს მალხაზ გოგიტიძე, რომელიც ახალსოფელში რვა წელია ცხოვრობს.

„ამ პეპლებს არ ვნებს ფაროსანაზე წამლობა, როგორც მოსახლეობა ამბობს. ფაროსანაზე არის შედეგი, მაგრამ ამ პეპლებს ვერ ერევა. მოსახლეობა შეწუხებულია, მაგრამ რა ვქნათ. ბუზს და პეპელას ვერ მოერია შეწამვლა. სანამ ფაროსანა არ იყო, მანამდე იყო ეს პეპლები, ფაროსანა რომ გამოჩნდა, მერე პეპელა არ იყო. ახლა ისევ გამოჩნდა“ – ამბობს ბათუმელებთან რეზო სურმანიძე, ახალსოფელი-ავგიის უმცროსი სპეციალისტი.

ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან:

„ველოდებით სურსათის უვნებლობის სააგენტოდან პასუხს, თუ რა მწერია ეს, რომ ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, რა პრეპარატით ვებრძოლოთ, რა ღონისძიებები გავატაროთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროც საქმის კურსშია“ – უთხრა „ბათუმელებს“ რეზო ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსმა.

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს, 27 ივლისს, მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების,  ქონების,  ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. N13-ის მოპირდაპირედ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა  და  შენობა ნაგებობის (საზღვაო პირსი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 36 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ასევე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გონიოსა და კვარიათის სანაპირო ზოლში მდებარე, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი მიწის ნაკვეთების ქირის საწყისი წლიური საფასური, კერძოდ: საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსების უფლებით გაცემისას – კვარიათის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე – 29,0 ლარი,  გონიოს დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე – 27,0 ლარი; მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის (გართობისა და კვების ობიექტი) განთავსების უფლების გაცემისას – 60,0 ლარი; ზომამცირე გემების და წყლის გასართობი საშუალებების (ბანანი, სკუტერი, პარაშუტი) ბაზირების უფლებით გაცემისას – 134,0 ლარი.

ბათუმის საკრებულოს სხდომა

ცვლილებები შევიდა „ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოობის დადგენის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №10-ე დადგენილებაში. დადგენილებაში ცვლილების შეტანა განპირობებული იყო, მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციიდან გამომდინარე, რამაც რიგ მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილების შეტანის საჭიროება გამოიწვია. ცვლილება შეეხო მხოლოდ აღნიშნული დადგენილების პრეამბულას, რომელიც ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ანალოგიური სახის ცვლილებები განხორციელდა „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში მიღებული III და IV კლასის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შენობების ფასადების საგარანტიო პერიოდის განსაზღვრის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 3 მაისის №25 დადგენილებაშიც.

ცვლილება შეეხო „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებასაც, კერძოდ: ორი პუნქტი ამოღებული იქნა დადგენილებიდან, ვინაიდან ამ მუხლებით დადგენილი მოსაკრებელი, რომლის ოდენობა 400 ლარით იყო განსაზღვრული, ძალაში იყო 2018 წლის პირველ იანვრამდე.

მორიგი ცვლილება განხორციელდა „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“  საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50-ე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისთვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს დაემატა ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების – ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისთვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას. ასევე, შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა პატრონობის მიზნით.

სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობა კანონის შესაბამისი იქნება

ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 ივლისს  გამართულ მორიგ სხდომაზე მიღებული განკარგულებით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კერძოდ:

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფები დაკომპლექტდება არაუმეტეს 25 ბავშვისა, 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე  ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფები – არაუმეტეს 30 ბავშვისა.

ამასთან, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობა 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფებში  იქნება 1:13-ზე თანაფარდობით, ხოლო 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფებში  – 1:15-ზე თანაფარდობით.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მერაბ ქიძინიძე
ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი მერაბ ქიძინიძე

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ სხდომაზე საკითხის წარდგენისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა შექმნას ხელსაყრელი გარემო თანამედროვე, ხარისხიანი, აღსაზრდელებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის  და ბავშვების სასკოლო მზაობისთვის.

მისი ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ქ. ბათუმში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და დამატებით 1300-მდე აღსაზრდელს მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა ამ მუნიციპალური მომსახურებით:

„ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფუნქციონირებს 32 მუნიციპალური საბავშვო ბაღი, ბაღებში აღსაზრდელთა ზღვრული რაოდენობა შეადგენს  7 825-ს, ჯგუფების საერთო რაოდენობა კი – 225-ს. თითოეულ ჯგუფს ემსახურება 2 აღმზრდელი და 1 აღმზრდელის თანაშემწე. ვინაიდან მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა საბავშვო ბაღების რეალურ შესაძლებლობებს, 2013 წლიდან ბათუმის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, თითოეული საბავშვო ბაღის საამღზრდელო ჯგუფებში აღსაზრდელთა მაქსიმალური რაოდენობა, როგორც დროებითი ღონისძიება, განისაზღვრა არაუმეტეს 35 აღსაზრდელით. თუმცა, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან გამოწვევად და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“.

მერაბ ქიძინიძის განცხადებით, „არსებული რეალობის მიუხედავად,  მუნიციპალიტეტს აკისრია ვალდებულება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები დააკომპლექტოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობების გათვალისწინებით ამავე კანონით დადგენილ ვადებში. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აღმზრდელ პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სამოქმედო გეგმის დამტკიცება“.  

სხდომა ბათუმის საკრებულოში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე იქნება, რომელიც აქამდე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე ამ თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი მუშაობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნინო ნიჟარაძეს აღნიშნულ უწყებაში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012 წელს დაინიშნა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ, მანამდე იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ეპიდემიოლოგი არაინფექციურ დაავადებათა მართვის საკითხებში, ასევე, მთავარი სპეციალისტი პროგრამების მართვის მიმართულებით. 2008-2010 წლებში მუშაობდა სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციაში, პროექტის ,,ტუბერკულოზის მართვა და კოორდინაცია“ კოორდინატორად.

რაც შეეხება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა მოადგილეებს, მათ საკადრო ცვლილებები არ შეხებიათ.

ზურაბ თენიეშვილი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კვლავ სოციალურ მიმართულებას უხელმძღვანელებს, ის მინისტრის მოადგილედ 2014 წელს დაინიშნა.

მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება ნონა გალოგრე – მას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2008 წლიდან მუშაობს.

პოსტს ინარჩუნებს რამაზ ჯინჭარაძეც, რომელიც უწყებაში 2004 წელს დასაქმდა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო მინისტრის მოადგილედ 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ თანამდებობა არ შეუცვლია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სულ ოთხი მოადგილე ჰყავს.

 

პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 %-ით განისაზღვრა

ბათუმის  საკრებულოში დღეს, 27 ივლისს, გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარდგენილ დადგენილების პროექტს – პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობის 0,5 პროცენტით განსაზღვრის თაობაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.

სხდომა ბათუმის საკრებულოში

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  86-ე  მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლითაც აქამდე ბათუმის საკრებულო ხელმძღვანელობდა,  პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს და საერთო კრებას. თუმცა ამჯერად დადგენილების პროექტის ინიციატორმა ისარგებლა ამავე კოდექსის ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, რომელიც ამბობს, რომ „მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას“.  კანონის სწორედ ამ ნორმით იხელმძღვანელა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ  და საკრებულოს მიმართა ინიციატივით ერთპროცენტიანი ბარიერის 0,5 პროცენტამდე დაწევის თაობაზე.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „პეტიციის წარდგენისთვის საჭირო ამომრჩეველთა ერთპროცენტიანი ბარიერის 0.5 პროცენტამდე დაწევა მოქალაქეებს გაუადვილებს მათი ინიციატივებისა და იდეების მუნიციპალიტეტამდე მოტანას და ხელს შეუწყობს მათი ჩართულობის გაზრდას ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

მიღებული დადგენილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

ანბანის კოშკთან დაჭრილი ორი ახალგაზრდა რეანიმაციაშია, ერთს კი ოპერაცია უტარდება

27 ივლისს, გამთენიისას ბათუმში, ანბანის კოშკთან დაჭრილი ოთხი ახალგაზრდიდან სამი საავადმყოფოში რჩება. როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა „ბათუმელებს“ უთხრა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი დაჭრილია შეიყვანეს.

„აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთ ჰქონდა მსუბუქი ჭრილობა ბარძაყის არეში, დავუმუშავეთ და დღესვე გაეწერა, მეორეს ბარძაყის არტერიაში ჰქონდა ჭრილობა და ჩაუტარდა ოპერაცია. მესამეს ჰქონდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება“.

კიდევ ერთი დაჭრილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაყვანილი. მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია.

შემთხვევა 27 ივლისს, გამთენიისას მოხდა ბათუმში, ანბანის კოშკთან. შს სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს სამი მოადგილე ეყოლება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.

მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა მამუკა თურმანიძემ დაიკავა. იგი 2017 წლის მარტიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. მამუკა თურმანიძე სოფლის მეურენობის სამინისტროში 2013 წლიდან მუშაობს, იყო სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი შემდეგ კი სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი.

რუსლან ქორიძე პროფესიით ეკონომისტია და მას 2016 წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიცია უკავია. იგი 2014-2016 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი იყო.

ჯამბულ ხოზრევანიძე პროფესიით ინჟინერია. იგი 2018 წლის თებერვალში დაინიშნა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. მანამდე ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

მოადგილეები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნენ.

ბათუმის ცენტრში „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

თანამედროვე გარემო, განსხვავებული ინტერიერი და მაღალი დონის მომსახურება – ბათუმის ახალი „მაკდონალდსი“ მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა. თუ ბათუმში ხართ და ევროპის მოედანზე მოხვდით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანი.

რესტორანი ორ სართულზეა განლაგებული, სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი გარე ტერასაა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დაისვენოს და მიირთვას ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი კიოსკის აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას, ამისთვის კი მხოლოდ შესაკვეთ კიოსკზე შესაბამისი ოფციის მონიშვნა და ნომრის აღებაა საჭირო. რესტორანში მოსულ მომხმარებლებს, სტუმართმოყვარეობის ლიდერი დახვდება, რომელიც უფრო კომფორტულს და სასიამოვნო ხდის სტუმრობას.

„მაკდონალდსი“ ევროპის მოედანზე

ბათუმის „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიულ კომპანია Schloffer-ის მიერ, მშენებლობისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. „მაკდონალდსში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით.

„მაკდონალდსი“ ევროპის მოედანზე

ბათუმის მეორე „მაკდონალდსის“ ინვესტიცია ჯამურად შეადგენს 8 280 000 ლარს.

დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 75,690,517 ლარს შეადგენს.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 14 ობიექტს მოიცავს.

ბათუმის საკრებულო მერიის ა(ა)იპ-ისა და სამსახურების უფროსების სხდომაზე მისვლას ითხოვს

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე მერიის ა(ა)იპ-ისა და სამსახურების უფროსების სხდომაზე მისვლა მოითხოვეს.

ეს მოთხოვნა გაისმა საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდანაც.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა სირაბიძის თქმით, საკრებულოს წევრებს აქვს კითხვები და უკვე მერამდენე სხდომაა მათ მისვლას უშედეგოდ ითხოვენ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ ეს კითხვები უკავშირდება კორუფციასა და ნეპოტიზმს: „თუ მოსვლა არ ვაიძულეთ, მალე ტელეფონზეც არ გვიპასუხებენ“ – აღნიშნა მან.

საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე დაპირდა როგორც უმრავლესობას ასევე ოპოზიციას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს.

ბათუმის მერიას 12 ა(ა)იპ-ი და რვა სამსახური აქვს.

Exit mobile version