განათლება,მთავარი,სიახლეები

რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს

24.10.2018 • 5311
რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს

წელს პირველად საჯარო სკოლები მშობლებთან კონტრაქტს გააფორმებენ. მსგავსი გამოცდილება მშობლებს და სკოლებს აქამდე არ ჰქონიათ.

„ბათუმელები“ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას გაეცნო, რომელიც ყველა სკოლაში იდენტურია. სკოლებში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობები თითქმის იმეორებს ზოგადი განათლებისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

რას ცვლის სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობაში აღნიშნული კონტრაქტი და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი კონტრაქტს დაარღვევს ან ხელს არ მოაწერს?

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე  გვეუბნება, რომ ამის თაობაზე ინსტრუქცია არ მიუღია. „არც ის ვიცი, ვალდებულია თუ არა მშობელი მოაწეროს ხელი ხელშეკრულებაზე“.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რაიმე ისეთ პასუხისმგებლობას არ აკისრებს სკოლასა და მშობელს, რომელიც აქამდე არ არსებობდა, ურთიერთობის ეს ოფიციალური ფორმა მეტად გაზრდის მშობლის პასუხისმგებლობას. „უნდა ვცადოთ, რომ გაიზარდოს მშობლის შეგნების დონე“, – გვეუბნება დირექტორი.

ნატალია მგელაძე მიიჩნევს, რომ ეს კონტრაქტი დაეხმარება მშობლების შესახებ ინფორმაციის მოძიებაშიც: „ბევრი გვყავს ისეთი მშობელი, რომელიც არ ვიცით სად ცხოვრობს, არ პასუხობს ტელეფონს და ა.შ.“

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი მოსწავლე დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს ან ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, მაგალითად, დააგვიანებს ან არ დაესწრება გაკვეთილებს, ან აღმოაჩნდება ისეთი ნივთი, რომლის ტარება არ არის მიზანშეწონილი?

დირექტორი ამბობს, რომ ასეთ დროს მოსწავლის მიმართ ოქმი დგება და ამ ინფორმაციას აწვდიან მშობელსაც.

„ცოტა ხნის წინ ცივ იარაღთან დაკავშირებით გამოვიძახეთ პოლიცია. დავუკავშირდით მშობელსაც. შინაგანაწესში არ წერია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება, მსგავსი რამ არც ხელშეკრულებაშია, ამიტომ ასეთი დეტალები, ვფიქრობ, კიდევ უნდა გავიაროთ“, – ამბობს ნატალია მგელაძე.

ხელშეკრულებაში არც ბულინგის შემთხვევების მართვაზეა საუბარი, ანუ რა პასუხისმგებლობა აქვს სკოლას და რა მშობელს. ეს პრობლემაც, დირექტორის თქმით, ინფორმაციის გაცვლით უნდა მოწესრიგდეს.

„ბათუმელების“ კითხვაზე – რა მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან ჩანაწერად ხელშეკრულებაში, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მშობელს აკისრებს პასუხისმგებლობას, არ შელახოს სკოლის ავტორიტეტი, არ შეურაცხყოს სკოლის რომელიმე თანამშრომელი. „ეს ყველაფერი დააფიქრებს მშობელს. „მეტი მე რა ვქნა“ და „ახლა სკოლამ მიხედეთ“ – ასეთი დამოკიდებულებაც შეიცვლება“, – ფიქრობს ნატალია მგელაძე.

რა მიიჩნევა ხელშეკრულების დარღვევად? – დირექტორს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. „ჩვენ მშობლებს ვერ დავსჯით, უბრალოდ, მივუთითებთ საჭიროებებზე და მათ შესრულებაზე“.

ხელშეკრულებაში ბუნდოვანია ჩანაწერი იმის შესახებაც, რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლას, თუ ვერ უზრუნველყო ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმოება, ტექნიკურ-მატერიალური ბაზით კლასების აღჭურვა და ა.შ.

ხელშეკრულებაში დისციპლინარული სახდელის სახით ორჯერ არის ნახსენები „სკოლიდან გარიცხვა“. თუმცა რა უფლებები აქვს ამ დროს მოსწავლეს ან მშობელს საკუთარი სიმართლის დასაცავად, უცნობია.

„მქონდა ერთი-ორი შემთხვევა, როცა მშობელი გადმოვიდა შეტევაზე და ამბობდა, რომ ჩემს პირად ინტერესებში იყო ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა. მე ვეუბნებოდი – „მომიწესრიგე სიტუაცია“. თუ მშობელი ვერ აგვარებს შვილთან ურთიერთობას, მაშინ სკოლამ უნდა ჩართოს სოციალური მომსახურების სამსახური – როცა მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სასწავლო პროცესზე დასწრებას, ბავშვის უფლება ირღვევა. ამის შესახებ მშობელმა უნდა იცოდეს და გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა“.

დირექტორის თქმით, ხელშეკრულებაში წერია, რომ სკოლა ვალდებულია მოსთხოვოს მშობელს ან მეურვეს ბავშვის უფლებების დაცვა და პირობების შესრულება.

„ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება საბოლოოდ ამ ხელშეკრულებებს, მაგრამ ვცდით და გვინდა, რომ ამის შესახებ მშობლებსაც გააზრებულად მივაწოდოთ ინფორმაცია“, – ამბობს მგელაძე. მისი თქმით,  იმ მშობლებს, რომლებსაც ხელშეკრულება გააცნო, რადიკალური შენიშვნები და პრეტენზიები ჯერ არ გამოუხატავთ.

დირექტორი ამბობს, რომ ყველა მშობლის ინფორმირებას და ხელშეკრულების გაფორმებას წლის ბოლომდე მოახერხებს.

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტში დანისპარაულის სკოლის დირექტორსაც ესაუბრა. ბადრი მგელაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ჯერ  მშობლებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით, სკოლაში „პრობლემური ქცევის“ მოსწავლეები არ ჰყავს და, შესაბამისად, ვერც ამ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას ხედავს.

„პატარა სკოლაა, 89 მოსწავლე გვყავს. სოფელში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ რომელიმე მოსწავლე რაიმეში იყოს შემჩნეული“.

დირექტორის აზრით, ბავშვების მიმართ სადამსჯელო ზომების მიღება გაუმართლებელია. „სიმკაცრე არ არის გამოსავალი, ბავშვი უნდა აღზარდო“, – გვეუბნება ის. რაც შეეხება მშობლების პასუხისმგბელობას, დირექტორი ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით მშობლების აქტიურობა გაზრდილია.

ხელშეკრულების თაობაზე ვესაუბრეთ ბათუმის 26-ე  საჯაროს სკოლის დირექტორს – თამარ გოგიშვილის სკოლაში 470 მოსწავლეა. დირექტორი გვეუბნება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება უკვე გააფორმა ყველა მშობელთან ან მეურვესთან.

მისი თქმით, კონტრაქტის შინაარსთან დაკავშირებით მშობლებს კითხვები არ გასჩენიათ: „ჩემს სკოლაში ბევრი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სწავლობს, მშობლების დიდი ნაწილი თურქეთშია სამუშაოდ წასული და მათთან პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, ამიტომ ამან შეიძლება გააჩინოს გარკვეული პრობლემები. თუმცა ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციას ვახერხებთ“.

დირექტორის აზრით, აღნიშნული კონტრაქტი „მთლად ფორმალურიც არ არის“ და პასუხისმგებლობის გაზრდას ხელს შეუწყობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: