მთავარი,სიახლეები

„ეს არის უტიფრობა“ – ერეკლე დეისაძე ივანიშვილისგან ღარიბების დამცირებაზე

27.10.2018 •
„ეს არის უტიფრობა“ – ერეკლე დეისაძე ივანიშვილისგან ღარიბების დამცირებაზე

„არ გამკვირვებია, მაგრამ ივანიშვილის ამ განცხადებამ მეტი სიცხადე შეიტანა იმაში, თუ როგორ უყურებს ხელისუფლება ღარიბებს… ეს არის ცინიზმი, ეს არის უტიფრობა,“ – ეს შთაბეჭდილება დარჩა მწერალ ერეკლე დეისაძეს, როცა მან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მოუსმინა, კონკრეტულად კი, მის შეხედულებას ღარიბ ადამიანებზე.

ციტატა ბიძინა ივანიშვილის 24 ოქტომბრის სატელევიზიო ინტერვიუდან:ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს, საკუთარ პრობლემებს… როგორც წესი, ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი დაადანაშაულონ, სულ ეძებენ ხელისუფლებაში და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ კიდეც, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში და შექმნილ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ბრალეულობა არ არის ამაში… საერთოდ, ადამიანებს, ფილოსოფიურად, ძალიან უჭირთ და ერთეულები ახერხებენ საკუთარი თავის დადანაშაულებასა და ღრმა კრიტიკას.“

როდის არიან გულწრფელი და როდის გვატყუებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, რატომ ვერ იცვლება რეალურად დამოკიდებულება ღარიბი ადამიანების მიმართ და რა აჩვენა ბიძინა ივანიშვილის ბოლოს განცხადებამ, როცა მან ღარიბებს უთხრა, რომ მათ „საკუთარი თავის დადანაშაულება უჭირთ“?

„ბათუმელები“ მწერალ ერეკლე დეისაძეს ესაუბრა.

ერეკლე, რა აჩვენა თქვენთვის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, როცა მან თქვა, რომ სიღარიბეში მყოფ ადამიანებს საკუთარი თავის დადანაშაულება უჭირთ? 

მან მარტივად თქვა, რომ თუ მშიერი ხარ, ეს შენი ბრალია. ეს არის ცინიზმი, ეს არის უტიფრობა… ამ ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს და არც იარსებებს. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, რომელსაც მილიარდერი მართავს, ჩვენ ვართ ღარიბი მრევლი, რომელსაც მდიდარი საპატრიარქო ჰყავს. ქვეყანა აბსოლუტურ ჩიხშია. ჩემი აზრით, ქვეყანა გაიხრწნა, დალპა და ყარს. ყველა ადამიანს აწუხებს ეგ და ყველა ადამიანი იგრძნობს ამ სუნს.

ეს დამოკიდებულება იგივეა, რაც თავის დროზე პატრიარქმა გვითხრა, რომ ნუ მიეჩვევით სიღარიბეს. სახელმწიფო და ეკლესია ჩვენ ერთ მხარეს გვევლინება, მეორე მხარეს უამრავი მშიერი ადამიანი. ისინი აბსოლუტურად დაშორდნენ რეალობას… ეტყობა, შუშის კედლებიდან არ ჩანს ეს სიღარიბე.

არ ჩანს, თუ ამის დანახვა არ უნდათ? 

უფრო მეორე. რასაც ვუსმინე, მუდმივად იყო საუბარი „რუსთავი 2“-ზე და იმაზე, თუ 6 წლის წინ რას აკეთებდა ხელისუფლება. ეს არის არაადეკვატურობა, თუ არ ვიცი, რა დავარქვა. სიღარიბე ის მომენტია, რომელსაც ექვსი წლის წინანდელ ხელისუფლებას ვერ დააბრალებ, რადგან ექვსი წელია უკვე შენ ხარ და სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება. ამიტომაც რაღაც ხომ უნდა აეხსნათ და დააბრალეს ისევ ღარიბებს.

ეს რიტორიკა არ იყო უცნობი. მოულოდნელი არაფერი ყოფილა ამ ნათქვამში, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღარიბ ადამიანებზე თქვა. ამ ნათქვამმა, უბრალოდ, უფრო მეტი სიცხადე შეიტანა იმაში, თუ როგორ უყურებს ხელისუფალი ღარიბებს.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, გიორგი კვირიკაშვილთან ჩემი მთავარი შენიშვნა სიღარიბის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირდებაო, ანუ UNICEF-ის ბოლო კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 16,4 პროცენტით გაიზარდა. 

ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. ამას გეუბნება მილიარდერი თანაც, რომელიც ამბობს, რომ ქველმოქმედია. აღმოჩნდა, რომ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებით აკეთებდა. ჩვენ მივიღეთ ერთ მხარეს ძალიან მოკლე დროში გამდიდრებული ჩინოვნიკები სხვადასხვა ბიზნესით და მეორე მხარეს შიმშილობს უამრავი ადამიანი. ეს სურათი ცალსახაა და ლოგიკურად დასასრულამდე აუცილებლად მივა.

ღარიბებზე, სოციალური პრობლემებზე ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად წინასაარჩევნოდ საუბრობს. თუკი რამდენიმე დღის წინ იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ის „წუხილს გამოხატავს“ ქვეყანაში არსებული სიღარიბის გამო. ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ ყოფილ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან სწორედ ამ კუთხით ჰქონდა ყველაზე მეტად შენიშვნები.

რა შეიძლება იყოს ლოგიკური გაგრძელება? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის გათვალისწინებით გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება რეალურად გადადგმას ნაბიჯებს სიღარიბის მაჩვენებლის შესაცვლელად? 

როდესაც ქვეყნის არაფორმალური მმართველი ამბობს, რომ ღარიბებმა თავიანთ თავში უნდა ეძებონ პრობლემა, ბუნებრივია, აქ რაიმე სახის გადაჭრის გზებზე ზედმეტია საუბრები. ჩვენ არ გვყავს პარლამენტი, პოლიტიკური გუნდი, ისინი არიან ფულის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები და მათ რეალობის აღქმის უნარი დაკარგული აქვთ. რაიმე ქმედით ნაბიჯს მათგან არ უნდა ველოდოთ.

იგივე UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის ბავშვების 6,8 პროცენტი, პენსიონერების 3,7 პროცენტი… 

აი, პენსიონერების დადანაშაულება მართლა ცინიზმია. მათ საარსებო მინიმუმსაც ვერ აძლევს სახელმწიფო და ბავშვების, რომლებიც ისედაც დასჯილი არიან იმის გამო, რომ ასეთ სოციალურ ფონში უწევთ ცხოვრება, ეს მართლა უტიფრობაა.

სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ ეთერში ჰკითხეს და მან ვერ დაასახელა ღარიბების რაოდენობა ქვეყანაში. კითხვა მას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დაუსვა. „ნაცმოძრაობის“ მიმართაც იყო ანალოგიური კრიტიკა, რომ რეალურად ღარიბებისთვის არაფერი იცვლებოდა. თქვენი აზრით, რატომ ვერ შეიცვალა წლების განმავლობაში ღარიბების მიმართ დამოკიდებულება? რატომ ვერ გახდა ღარიბი ადამიანი ანგარიშგასაწევი? 

ამ ყველაფერს სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ცოდნა, ნება… ნებისმიერი ხელისუფლების განწყობა ასეთია, რომ დამნაშავე მშიერი თვითონაა, ის პასუხისმგებლობას იხსნის, დგება განზე და უყურებს ამ მასკარადს. ამიტომ ამ მოცემულობაში ერთი რიტორიკაა, ერთი ადამიანის ფიქრებია და რამდენიმე მონა ახმოვანებს უნისონში. დიალოგიც კი გაქრა ხალხთან, აღარც გველაპარაკებიან, იმდენად მოწყდნენ რეალობას.

თქვენი აზრით, რატომ უჩნდება ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება ღარიბების მიმართ? 

მათ პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანზე მაღლა დგას ბიზნესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანების სასაკლაოდ არის ტყიბული ქცეული. აბა, ვის ახსოვს, რომ ამ ზაფხულს ვითვლიდით ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ. სიცოცხლის უფლებაც კი უკვე ჩვენთან კონკრეტულ ადამიანებზე ვრცელდება. შესაბამისად, აქედან უნდა ამოვდიოდეთ. როცა ამ უფლებასაც გართმევენ, იოლია დაგადანაშაულონ, რომ შენ გითხრან ეს.

არათანაბარი კონკურენციის პირობებში ადამიანები კიდევ უფრო ღატაკდებიან და ერთეულები მდიდრდებიან, რეალურად ქვეყანა ერთ დიდ ბანკად არის ქცეული და ჩვენ გვყავს არა მმართველი, არამედ დირექტორი. ქვეყანა არის შპს.

რამ შეიძლება შეცვალოს ეს დამოკიდებულება?

ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია, ჩვენი ქვეყანა გამოვიდა სხვა ცვლილებებიდან, მაგრამ ესენი იმდენად დაშორებული არიან რეალობას, რომ არჩევნებსაც ყოველთვის ისინი მოიგებენ, ასე ჰგონიათ. მე მგონია, რომ გამოსავალი არის ის, რომ ახალი მიმართულება აიღოს ქვეყანამ, მაგრამ კრიზისია: ვინ უნდა გააკეთოს ეს, ამასაც ვერ ვხედავ. ეს ორი პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთით სულდგმულობს.

მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რადიკალური ცვლილებების დროა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, მართლა ჩიხში ვართ. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ კრიზისია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: