სიახლეები

ნათია კაპანაძე: სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მხოლოდ ორი დღით მოიხსნა

25.10.2018
ნათია კაპანაძე: სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის ეთერიდან მხოლოდ ორი დღით მოიხსნა

დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან დასკვნით შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის წამყვანმა, სოფო ხალვაშმაც იმღერა. სწორედ ამის გამო ტელევიზიამ მომღერლის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო და წამყვანი ორი დღით – შაბათ-კვირას ეთერიდან მოიხსნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მსგავს აქტივობაში ტელეწამყვანის მონაწილეობა მიკერძოებად მიიჩნევა.

„ეს ეხება საარჩევნო პროცესს – ჩვენ [სოფო ხალვაშთან] მიმოწერა გვქონდა ამ საკითხზე. სოფომ იცოდა, რომ მიკერძოებად ითვლება მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ჩვენ შაბათ-კვირას ვგეგმავთ საარჩევნო თემატიკის გაშუქებას, კვირას ეთერში იქნება არჩევნების პროცედურებისა თუ სხვა საარჩევნო თემატიკის განხილვა. შესაბამისად, ეს გადაკვეთა [სოფო ხალვაშის სტუდიაში მუშაობა] ეთერში ვერ მოხვდება ვერც ერთ შემთხვევაში. შემდეგ, დისციპლინური წარმოების ფარგლებში შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ეხება, ჯერჯერობით, ორ გადაცემას – წინასაარჩევნო და არჩევნების დღის პერიოდს“, – აცხადებს ნათია კაპანაძე.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებულ მასალებს შემდეგში შეისწავლიან და „ამ მოცემულობის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას“.

შემეცნებით-გასართობი პროგრამა „დილის ტალღა“, რომელსაც სოფო ხალვაში სხვა თანაწამყვანებთან ერთად უძღვება, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის ყოველ შაბათ-კვირას, შესაბამისად, გავა 28 ოქტომბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების დღესაც.

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.