მთავარი,სიახლეები

სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერ აქციაზე აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანმაც უმღერა

25.10.2018
სალომე ზურაბიშვილს მხარდამჭერ აქციაზე აჭარის ტელევიზიის ტელეწამყვანმაც უმღერა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს სახელისუფლებო გუნდი უჭერს, დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მის მხარდასაჭერად მისული იყვნენ ქართული ესტრადის მომღერლები. მათ შორის იყო მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სახეა. ხალვაშს ყოველ შაბათ-კვირას აჭარის ტელევიზიით “დილის ტალღა” მიჰყავს.

“ბათუმელებმა” სოფო ხალვაშს ჰკითხა, ხომ არ უქმნიდა უხერხულობას ის ფაქტი, რომ მან, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, პოლიტიკოსს საჯაროდ დაუჭირა მხარი.

“მე არ ვარ ჟურნალისტი. მე იმიტომ ვარ აჭარის ტელევიზიის სახე, რომ მე ვარ მომღერალი. მაშასადამე, მე, როგორც მომღერალს, შემიძლია ჩემი, ასე ვთქვათ, რაღაც პოზიცია მქონდეს. ამიტომ მე თვითონ გადავწყვიტე ასე. ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არაფერი არ მქონია, იმიტომ, რომ მე მგონია, შემიძლია ჩემი აზრი დავაფიქსირო,” – თქვა სოფო ხალვაშმა.

რა შინაგანაწესი აქვს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეუძლია თუ არა მის თანამშრომელს რომელიმე კანდიდატისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატოს? – ეს  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, გია ქარცივაძეს ვკითხეთ.

ქარცივაძის თქმით, “მაუწყებლის ყველა თანამშრომელი გაფრთხილებულია, რომ პოლიტიკურ აქციებში არ უნდა იყოს ჩართული. ამ შემთხვევაში დაიწყება დისციპლინური წარმოება, მოვისმენთ მის განმარტებას, შევაფასებთ მის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და გადაწყვეტილებას მივიღებთ მერე”.

კითხვაზე, წაიყვანს თუ არა სოფო ხალვაში 27-28 ოქტომბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “დილის ტალღას”, გია ქარცივაძე ამბობს: “სანამ დისციპლინური წარმოება არ დასრულდება, წაიყვანს ჩვეულებრივად. თანამშრომელია ჩვენი”.

შემეცნებით-გასართობი პროგრამა “დილის ტალღა”, რომელსაც სოფო ხალვაში სხვა თანაწამყვანებთან ერთად უძღვება, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის ყოველ შაბათ-კვირას, შესაბამისად, გავა 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩევნების დღეს სოფო ხალვაში “დილის ტალღას” არ წაიყვანს.

 

სოფო ხალვაში მღერის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ აქციაზე

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.