მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს

26.10.2018 • 4464
რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს

რას ნიშნავს, როცა ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს საქართველოში 15 ადვოკატი უფასოდ იცავს, რას ეძახიან პატრიოტიზმს და სამშობლოს სიყვარულს საქართველოში და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, რომელიც ოლიგარქიული სისტემით იმართება? –  „ბათუმელების“ კითხვებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პასუხობს:

ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის ლიდერს 15 ადვოკატი იცავს, აჩვენებს გარკვეულ კეთილგანწყობას იმ იდეების მიმართ, რომელსაც ეს ადამიანი გამოხატავს. თუმცა აქ რაიმე ღირებულებებსა და იდეალებზე საუბარი შეუძლებელია, უფრო გატაცებაა ფაშიზმით, რომელიც თავიდან ბოლომდე სიძულვილის იდეოლოგიაა.

როგორც ჩანს, ამ სიძულვილს ბევრად ღრმა ფესვები აქვს ჩვენთან და ბევრად მეტი მიმდევარიც შეიძლება ჰყავდეს, ვიდრე ეს ჩვენ ერთი შეხედვით გვგონია და გვეჩვენება.

ბატონო გიორგი, კითხვაზე, რატომ იცავთ გიორგი ჭელიძეს? – ამ ადვოკატებმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრეს: „იმიტომ, რომ სამშობლოს მოყვარულია“, „ეროვნულ ღირებულებებს იცავს“, „ჯვარს იცავს“… რატომ აიგივებენ ფაშიზმს სამშობლოს სიყვარულთან ? 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ჰიტლერის რეჟიმი შედგა და მან შეძლო განეხორციელებინა მთელი რიგი სისასტიკეები და არაადამიანურობები, არის იურისტების დიდი დამსახურება. 1933 წელს, როდესაც ჰიტლერმა გააჩერა კონსტიტუციის მოქმედება, ამას მოჰყვა იურისტების დიდი მხარდაჭერა. ამდენად, ისტორიული თვალსაზრისით, იურისტობა თუ ადვოკატობა არ არის ღირებულებათა სისტემის განმსაზღვრელი, მით უმეტეს ჩვენთან, სადაც მთელი სასამართლო სისტემა არის დისკრედიტებული და ობიექტურადაც, რადგან არც ადვოკატის და არც მოსამართლის მიმართ ნდობა არ არსებობს.

ხშირად ეს ადამიანები არც ინტელექტით გამოირჩევიან და არც  საკუთარი საქმის ცოდნით თუ კეთილსინდისიერებით. წესით, ეს ხალხი უნდა იყოს სასამართლოს და სამართლიანობის, კანონის უზენაესი დამცველი და მათთვის გარკვეულ სიწმინდეს უნდა წარმოადგენდეს ეს. რა თქმა უნდა, ყველას არ ვაერთიანებთ ამ ნიშნის ქვეშ. მეორე მხრივ, ფაშიზმის სამშობლოს სიყვარულთან გაიგივება სუსტ ინტელექტუალურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

საბოლოო ჯამში მივდივართ ყველაზე მთავარ პრობლემასთან – იმასთან, თუ რა არის პატრიოტიზმი, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და რასთან იგივდება ის. რეალურად ეს ყველაფერი გაიგივებულია ძალიან დიდ სიმახინჯესთან თავისი ყველანაირი ექსტრემისტული ფორმის გამოვლინებით და დაფიქრება ღირს იმაზე, რატომ მოხდა, სამშობლოს სიყვარულის გაიგივება სიძულვილის ენის იდეოლოგიებთან.

სოციალურ ქსელში მასწავლებლების კომენტარები წავიკითხე – ეს ყველაფერი განათლების სისტემის დამსახურებაც არის, რადგან სკოლამ ვერ ჩამოუყალიბა ამ ადამიანებს სწორი ღირებულებებიო. სად და როგორ ისწავლება რეალურად სამშობლოს სიყვარული?

ძალიან ბევრის მომცველი თემაა. ჩვენთან არც უახლესი წარსულის გააზრება მომხდარა. გვაქვს რაღაც ტიპის პოლიტიკური შეფასებები, ვიღაცას ვაცხადებთ გმირად, ვიღაცას მტრად, თუმცა რა იგულისხმება ამ ფორმულის უკან, ამაზე არანაირი მსჯელობა არ მიდის.

არ გვაქვს გააზრებული, რატომ გაჩნდა საქართველოში ამდენი რელიგიური თუ ეთნიკური კონფლიქტი, ვინ გააჩაღა? ვიპოვეთ მარტივი გამოსავალი და შევთანხმდით, რომ რუსეთია დამნაშავე, სხვა პრობლემა არ გაგვაჩნია.

არის კიდევ უცხოელების თემა, რითაც იკვებება თანამედროვე ფაშიზმი. როცა ვამბობთ, რომ ორი მილიონი ქართველი გასულია, არ ვფიქრობთ იმაზე, არის თუ არა ეს ხალხი ტვირთი იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც არიან. მით უმეტეს მაშინ, როცა საკმაოდ ბევრი კრიმინალია მათ შორის. რა იწვევს მიგრაციას? ეს ადამიანები გასული არიან არა იმისთვის, რომ რაიმე ექსპანსია მოაწყონ, არამედ გაუსაძლისი მდგომარეობა და გაჭირვება დგას ემიგრაციის უკან. ის, რომ უცხოელი მოდის აქ, ალბათ კიდევ უფრო უარეს გაჭირვებაშია, რადგან ისეთ ქვეყანაში ჩამოდის, საიდანაც ქართველები გარბიან.

არგუმენტები, რომ ჩვენ ისედაც არ გვაქვს სამუშაო ადგილი და სხვა გვართმევს, მიწას გვართმევენ და ა.შ. არის მიზეზი ფაშისტური განწყობების გაძლიერების?

სოციალურ-ეკონომიკურ მიზეზებთან, რა თქმა უნდა, არის კავშირში, მაგრამ სოციალური სამართლიანობის პრობლემასთან უფრო გვაქვს საქმე. ვისთვის შენდება თბილისსა და ბათუმში ამდენი სახლი? ქართველი მოსახლეობისთვის არ შენდება, რადგან ამდენი სახლის საჭიროება ამ ქვეყანაში არ არის.

საქმე გვაქვს იმასთან, რომ სამშენებლო კომპანიები, დიდი ოლიგარქები, აკეთებენ ფულს და მათ არანაირი – არც სახელმწიფოებრივი, არც ეროვნული გრძნობები არ გააჩნიათ, გარდა საკუთარი გამდიდრებისა, ფულის მოხვეჭის და გაუმაძღრობისა. ისინი ანადგურებენ ქალაქებს. დაასახიჩრეს საქართველო, განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი და ამას აკეთებს ქართველი დეველოპერი, ქართული ბანკი. ქართული ბიზნესი მუშაობს სამშობლოს გაყიდვაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან მათ სხვა გასაყიდი არ აქვთ. და ამის გადაბრალება უცხოელზე, მდიდარი იქნება თუ ლტოლვილი, უბრალოდ, გონებრივი შეცდომაა. ანუ ვერ დაინახო რეალური პრობლემა და ზედაპირულად დაინახო ის, რომ უცხოელი შემოვიდა.

ვერცერთი უცხოელის შემოსვლა ვერაფერს უზამს ადგილობრივ მოსახლეობას და კულტურას, თუ მას საკმარისი საკუთარი სიმყარე აქვს. ჩვენ, ფაქტობრივად, ამით ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენი ცნობიერება, რომელიც დაავადებულია ნაციონალიზმის თუ თვითგანდიდების მანიით, სინამდვილეში არაფერზე არ დგას და კულტურის, სუვერენულობის სიმყარე არ გაგვაჩნია.

ხშირად ვიმეორებთ, რომ ვართ პირველი ევროპელები, რომ ჩვენი ფესვები და კულტურა დგას ევროპულ ღირებულებებზე. ევროპული ღირებულებები კი დგას ადამიანის თავისუფალ ნებაზე, თანასწორობაზე… რატომ არის რეალობა ასეთი განსხვავებული?

იმიტომ, რომ ეს გაცხადებული ღირებულებები ცარიელი, გაუაზრებელი და შინაარსს მოკლებული ლოზუნგებია. როგორ შეიძლება ქვეყანა იძახდეს, რომ მას აქვს ევროპული ღირებულებები და მთავარი ევროპული ღირებულება, მთავარი ევროპული გამონაგონი, რომელიც არის სოციალური თანასწორობა და სოციალური სახელმწიფო აგებული ზრუნვასა და სოლიდარობაზე, საერთოდ არ ფიგურირებდეს ქვეყანაში.

ევროპა და მისი ღირებულებები წარმოგვიდგენია მატერიალურ კეთილდღეობად. ეს არის დიდი სუპერმარკეტი, დიდი მაღაზიათა ქსელი, სადაც მივდივართ საყიდლებზე. ვისაც ფული აქვს, რა თქმა უნდა.

ევროპისკენ სწრაფვაზე როგორ შეიძლება სერიოზული ლაპარაკი, როდესაც გვაქვს არაფორმალური ოლიგარქიული სისტემა მთელი თავისი ცინიზმით. ჩვენ დავინახეთ მთავარი ოლიგარქის საუბარი, რომელსაც დაკარგული აქვს ყველანაირი რეალობის განცდა. მისდამი დაქვემდებარებულ კარისკაცებს კი, რომლებსაც ხან მთავრობა ჰქვია და ხან დეპუტატები, იმდენი ღირსების და თავმოყვარეობის გრძნობა არ გააჩნიათ, რომ არ იყვნენ მარიონეტები.

თუმცა ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ერთი ადამიანის ოლიგარქია, არამედ ოლიგარქიული სისტემა. რამდენიმე ბანკის, რამდენიმე დიდი ბიზნესმენის მმართველობა, რომლებიც ყველანაირ გადაწყვეტილებას იღებენ. ამის უკან დგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, როგორც მეწილე ფულის კეთების და ამ მახინჯი სისტემის მთავარი დამცველი.

არ მახსენდება ხელისუფლება, რომლის არჩევით და მუშაობით ხალხი იყოს კმაყოფილი. რატომ ვირჩევთ ასეთ ხელისუფლებას?

ჩვენში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიმეტა ხალხისთვის გადაეცა ძალაუფლება, რაც არის დემოკრატიის ამოსავალი პრინციპი. მხოლოდ აბსტრაქტულად არ ვლაპარაკობ, ავიღოთ პატარა დასახლებული ადგილი, სადაც ადგილობრივებმა უკეთ იციან რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება მოაგვარონ, მაგრამ არავინ აძლევს ამის უფლებას. ვიძახით, რომ მიუჩვეველია საზოგადოება, მაგრამ ეს იძულებითი პასიურობაა. ამ მიუჩვევლობას ქმნის პოლიტიკური სისტემა.

ამერიკა არის ნათელი მაგალითი თვითმმართველობების, რადგან იქ გაჩნდა ეს სისტემა. იქ ხალხი ირჩევს ვინც უნდა და ზემოდან ვერ მოახვევს ვერავინ ვერაფერს. ჩემს თავზე და საქმეზე რომ პასუხისმგებელი ვარ, ეს არის პოლიტიკური სისტემის შედეგად მიღებული და არა იმიტომ, რომ ამერიკელი ან იაპონელი რაიმეთი აღმატებულია.

ფაქტია, რომ ვერ ვცვლით მოცემულობას. რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები და ადამიანები ხელისუფლებაში მომხვეჭელობის მიზნით – არა აქვთ არანაირი ხედვა და იდეოლოგია. დღეს პოლიტიკა არის დეპოლიტიზებული. თავიდან ბოლომდე ანგარებაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებული.

და რა აჩენს ფაშიზმს – ეს ეხება არა მარტო საქართველოს, ნეოფაშიზმი ძირითადად ეფუძნება იმას, რასაც ნეოლიბერალური კაპიტალიზმი გულისხმობს. ყველანაირი სახელმწიფო რეგულაციების მოშლას, საკუთარ თავზე მორგებულ სისტემას, სადაც არანაირი სოლიდარობის პრინციპი და ზრუნვა სხვა ადამიანზე არ უნდა არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილმა რაც თქვა იმას – ღარიბები რომ არსებობენ, ეს მათი ბრალიაო.

ასეთ სისტემაში იშლება კოლექტიური ერთობის ყველანაირი ფორმა. ეს პრობლემა აქვს დღევანდელ ევროპასაც, ამერიკას და ა.შ. ის, რასაც შეიძლება წარმოადგენდეს ერი, მას ეცლება ეკონომიკური საფუძველი და რჩება ამ ერთობის პრიმიტიული, სისხლით ნათესაობის პრინციპი. ამ პრინციპზე არის აგებული თანამედროვე ნეოფაშიზმი და ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპა შეთანხმებულია გარკვეულ ღირებულებებზე, რაზე შეთანხმებაც ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს.

ეს იმიტომ, რომ იდეოლოგიურ დოგმებზე არავინ დაფიქრებულა და არ გადაუსინჯავს. ამ იდეოლოგიის დამკვიდრების უკრიტიკო მიღების შედეგია ის კონფლიქტები, რომლებიც საქართველოში გაჩნდა და დაგლეჯამდე მიიყვანა ქვეყანა.

თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ „მორალური და ზნეობრივი ხრწნის ძალიან ღრმა სტადიაში ვიმყოფებით“. საიდან შეგვიძლია ცვლილებების დაწყება?  

მორალის ამბავში კი, ეკლესიამაც ითამაშა დიდი როლი, რადგან ქართულ ეკლესიაში მორალური მოძღვრება შეცვლილია რიტუალით. მთავარია, სანთელს ვანთებდე, მოძღვარს ვჩუქნიდე საჩუქრებს და ვიფიქრო, რომ ამით ვარ განწმენდილი. მაშინ, როცა ქრისტიანობის საწყისი ადამიანის მორალური და ზნეობრივი გამყარება. ევროპას აქვს კიდევ გონებაზე დაფუძნებული მორალი და ზნეობა. ერთადერთი, რაზეც არსებობს შეთანხმება [საქართველოში], ადამიანის პირადი ცხოვრებაა და აქაც ვიჭრებით.

გამოსავალი, ალბათ, არის შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ, ჯერჯერობით, ვართ არშემდგარი ერი და დავიწყოთ ხელახლა ამაზე მუშაობა ყველა მიმართულებით. ამან უნდა გააჩინოს პოლიტიკური სივრცე, პირველ რიგში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: