მთავარი,სიახლეები

მშობელი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი მას შვილით დაემუქრა, დირექტორი უარყოფს

27.10.2018 • 2026
მშობელი ამბობს, რომ საბავშვო ბაღის დირექტორი მას შვილით დაემუქრა, დირექტორი უარყოფს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ამბობს, რომ მას საბავშვო ბაღის დირექტორი, არჩილ აბაშიძე დაემუქრა. არჩილ აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატისთვის „ქართული ოცნების“ სახელით მუშაობს, როგორც კოორდინატორი. დირექტორი მუქარას უარყოფს.

ბავშვის მშობელი დავით გორგაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მან არჩილ აბაშიძეს, როგორც არჩევნებში მმართველი პარტიის კოორდინატორს,  საარჩევნოდ დასაქმება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მისი თქმით, ამბავი 16 ოქტომბერს მოხდა.

„ადრეც „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ვმუშაობდი და ახლაც ვთხოვე საარჩევნოდ სადმე დამასაქმე-მეთქი. მითხრა, შენ საეჭვო კაცი ხარ და ვერაო. თუ საეჭვო ვარ, მაშინ ოპოზიციაში ვიმუშავებ-მეთქი.

მეორე დღეს, როცა ბაღში ბავშვის წამოსაყვანად მივედი, დამიძახა, კაბინეტში შემიყვანა და შეურაცხყოფა მომაყენა. ისიც მითხრა, ოპოზიციაში თუ ჩადგები, შენს შვილს ბაღში არ გაგიხარებო. რა იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ ასე დამემუქრა.

მაგის შემდეგ ბავშვი ბაღში აღარ მიმიყვანია. ნახეთ ქვეყანაში რა ხდება, პოლიტიკის გამო ალბათ ყველაფერს იზამენ. ჩემი შვილის უსაფრთხოება სანამ არ იქნება დაცული, მანამდე ვერ გავუშვებ“, – გვეუბნება დავით გორგაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აცნობა თუ არა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს, დავით გორგაძე ამბობს, რომ ჯერ არა:

„მთაში ვიყავი წასული, კარტოფილი მქონდა ამოსაღები და ამან წაიღო დრო. ეს ამბავი 17 ოქტომბერს მოხდა, კვირაზე მეტია ბავშვი ბაღში არ წასულა და არც მოუკითხიათ, რატომ არ მოდისო. მინდოდა ადგილზე ბაღის ხელმძღვანელის ნახვა ისევ, მაგრამ მითხრეს შვებულებაშიაო“.

დავით გორგაძის თქმით, კაბინეტში მასსა და ბაღის დირექტორს შორის დაპირისპირებას სოფელში ხულოს მერის წარმომადგენელიც შეესწრო.

„ბათუმელები“ მერის წარმომადგენელს ხიხაძირის ერთეულში გურამ ხალვაშს ესაუბრა. მისი თქმით, მშობელსა და ბაღის დირექტორს შორის „რაღაც პატარა გაუგებრობა იყო“.

გურამ ხალვაში ამბობს, რომ ბავშვი მშობლებს შეგნებულად არ დაჰყავს, რადგან „ალბათ ფიქრობენ, რომ ამით დირექტორს პრობლემას შეუქმნიან სამსახურში“.

სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით, ის ბავშვის ორივე მშობელს ესაუბრა: „მე ვუთხარი, თუ დაგიშავათ რამე და შეურაცხყოფა მოგაყენეს მიმართ სამართალდამცავებს-მეთქი. ბავშვის მიმართ რაიმე უარყოფითი დამოკიდებულება რომ გამოავლინონ, მაგაზე პირადად მე დავაყენებ საკითხს“.

თავად საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, არჩილ აბაშიძე მისი ბაღის აღსაზრდელის მშობელთან, დავით გორგაძესთან დაპირისპირების ფაქტს საერთოდ უარყოფს.

„არანაირი უთანხმოება არ მაქვს არც ერთ მშობელთან“, – გვეუბნება ის. კითხვაზე, მართლა დაემუქრა თუ არა გორგაძეს თავისი შვილით, არჩილ აბაშიძე ამბობს, რომ არა. „ტყუილია, არავითარი კამათი არ ყოფილა ჩვენს შორის. რაც შეეხება ბავშვს, მე მითხრეს, რომ გაცივებულია, გრიპი აქვს და ამიტომ არ დადისო“.

არჩილ აბაშიძე იმასაც უარყოფს, რომ გორგაძემ მას საარჩევნოდ დასაქმება სთხოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: