მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოფესტივალი დარტყმის ქვეშ – მერია დაფინანსების მოდელს ცვლის

25.10.2018 • 2932
ბათუმის კინოფესტივალი დარტყმის ქვეშ – მერია დაფინანსების მოდელს ცვლის

ბათუმის მერია საერთაშორისო ფესტივალების დაფინანსებას ახალი მოდელით იწყებს. ხვალ, 26 ოქტომბერს, საერთაშორისო ფესტივალების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება, სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, გარდა საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისა. ერთი ფესტივალის მიერ მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ჯამში კი, მერია საერთაშორისო ფესტივალებს 500 000 ლარით დააფინანსებს.

ბათუმში ამ დრომდე სულ ექვსი საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მათ შორის ყველაზე დიდ დაფინანსებას საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ იღებდნენ. „ღამის სერენადები“ მერიამ წელს 120 000 ლარით დააფინანსა, კინოფესტივალი კი – 200 ათასამდე ლარით.

ახალი მოდელის თანახმად, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ბიუჯეტი განახევრდება.

კინოფესტივალი ბათუმში 13 წელია ტარდება და ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი საერთაშორისო ფესტივალია ქალაქში. მისი მთავარი მხარდამჭერი წლებია ბათუმის მერიაა. ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადებისგან“ განსხვავებით, სადაც ბილეთის ფასი 30-დან 90 ლარამდეა, ბათუმის კინოფესტივალზე დასწრება უფასოა.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურში ამბობენ, რომ ეს ფესტივალები მოსწონთ, თუმცა ბათუმში ჩატარებული ყველა საერთაშორისო ფესტივალი მერიის მიერ შეთავაზებული დაფინანსების ახალ მოდელს უნდა მოერგოს:

„ვადასტურებ, ეს ფესტივალები [„ღამის სერენადები“ და BIAFF] ჩვენთვის ღირებულია. წლებია მათთან ვთანამშრომლობთ და ორივე ფესტივალი სასიკეთო საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის, ნამდვილად არ ვართ უკმაყოფილო. ეს მოდელი იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ჩვენთვის მთავარია თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ ხელოვნების ყველა მიმართულება. ყველა ფესტივალი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში და კომისია გადაწყვეტს, ვინ მიიღებს დაფინანსებას. თუმცა ვერც ერთი ფესტივალი ვერ მიიღებს ასი ათას ლარზე მეტს, ასე იქნა გადაწყვეტილი, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ფესტივალი არ მიიღებს 100 000 ლარს, ამას კომისია შეაფასებს, გონივრული ხარჯთაღრიცხვა უნდა იქნეს წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ ყველა აპლიკანტი თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ლამზირა ბოლქვაძემ, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის განათლების, კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი ერთ კვირას გრძელდება, „ღამის სერენადები“ – 10 დღეს. შედარებით უფრო ხანმოკლეა ბათუმში გამართული სხვა საერთაშორისო ფესტივალები და სხვაა ამ ფესტივალების სპეციფიკაც. ამის გათვალისწინებით, რამდენად გამოდის მერიის მიერ შეთავაზებული ახალი პირობები თანაბარი სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ხანგრძლივობისა და მასშტაბის მქონე ფესტივალებისთვის?

კითხვაზე ლამზირა ბოლქვაძე პასუხობს, რომ ნაკლები თანხა არ ნიშნავს დაბალ ხარისხს და მართალია, ფესტივალების სპეციფიკა ესმის, მაგრამ მერიის მიდგომა ამჟამად ასეთია – ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა. „მე ყველას ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ,“ – აღნიშნა მან.

ლამზირა ბოლქვაძე, ასევე, დასძენს, რომ ამ ფესტივალებს ჰყავთ სხვა პარტნიორები და მათ აქვთ შესაძლებლობა, მოიძიონ დაფინანსების სხვა წყაროებიც.

„ბათუმელები“ „ღამის სერენადებისა“ და ბათუმის კინოფესტივალის მენეჯმენტს დაუკავშირდა მათი პოზიციის გასარკვევად. ლიანა ისაკაძის ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გვიპასუხეს, რომ ფესტივალის დირექტორი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ბათუმის კინოფესტივალის მენეჯმენტში კი ამბობენ, რომ მათთვის ბათუმის მერიის ახალი მოდელი მოულოდნელია და ეს საკითხი პრობლემური იქნება ფესტივალისთვის.

„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით BIAFF-ი დგება სერიოზული დარტყმის ქვეშ. 13 წელი დაიხარჯა იმაში, რომ მიგვეღწია საერთაშორისო ფესტივალის დონისთვის, ფესტივალს დაემატა სექციები, ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ხელს უწყობს ქართული კინოს განვითარებას. აშშ-ში ჩავდივართ ნოემბერში, სადაც ქართული კინოს დღეებს ვაკეთებთ ჩვენს პარნტიორ ფესტივალთან და საუბარი იქნება სამომავლო თანაშრომლობის ნაბიჯებზე… მსგავსი ფესტივალების, რომლებიც არტთან, კულტურასთანაა დაკავშირებული, სახელმწიფოს ფინანსური მხარდამჭერის წილი ყოველთვის მაღალია, იმიტომ, რომ ამას სხვაგვარად ვერ გააკეთებ (გამონაკლისია, მაგალითად, როკ-ფესტივალები და ა.შ. ევროპასა და ამერიკაში).

რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, მაგალითად, გაქვს ბიუჯეტი 100 000 დოლარი, თუ კერძო სექტორი [რაც თითქმის გამორიცხულია ჩვენთან] დაგეხმარა და მოგცა 50 000 დოლარი და ამავე დროს სახელმწიფომ 50 000 მოგაკლო, როგორ განვითარდები?! დამატებითი მხარდამჭერების მოძიება ფესტივალის მასშტაბების გაზრდას უწყობს ხელს, თორემ სახელმწიფომ თუ თავისი წვლილი შეამცირა, ამით რა განვითარებაზეა საუბარი – მსგავსი არგუმენტი, ცხადია, მცდარია. სხვა საკითხია ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რადგან ლიცენზიას [ფილმის ჩვენების] და ავიაბილეთების საფასურს ვალუტაში იხდი,“ – ამბობს ზვიად ელიზიანი, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერი, რომელიც ამ პოზიციაზე კინოფესტივალის დაარსების დღიდან მუშაობს.

იგი ვარაუდობს, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მერიის კულტურის სამსახურის მიერ მომზადებული პროექტია, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას:

„ამ მიდგომაში არ ჩანს ფესტივალების სპეციფიკის ცოდნა, ზოგადად, კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობის გაცნობიერება და შესაბამისი კომპეტენცია. ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს შევხვდეთ. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება წარმატებული ფესტივალების დარტყმის ქვეშ მოქცევა და დარწმუნებული ვართ, ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც BIAFF-ის ფესტივალის და ბათუმის, როგორც საფესტივალო ქალაქის განვითარებას სჭირდება. მით უმეტეს ზაფხულში მქონდა შეხვედრა ბატონ ლაშასთან და სულ სხვა ტიპის მოდელზე იყო საუბარი, რასაც ჩვენც დავეთანხმებოდით.

გამოდის, რომ რასაც მივაღწიეთ მინიმალური რესურსებით, ყველაფერი იკარგება, რადგან ბიუჯეტის განახევრება აისახება პროგრამაზე, მასშტაბზე, სტუმრების რაოდენობაზე და ა.შ. ვამბობთ, რომ ბათუმი საფესტივალო ქალაქია და ამ დროს წარმატებულ ფესტივალებს ექმნებათ პრობლემა. BIAFF-მა უკვე დაამტკიცა, რომ ის წარმატებული ფესტივალია, უხდება ბათუმს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქის კულტურულ ცხოვრებასა და ბათუმის პოპულარიზაციაში. ბათუმში კულტურის სფეროში ბევრი პრობლემური საკითხია, რაც მოითხოვს მოგვარებას და ჯობს ალბათ ამ საკითხებით დაწყება, ვიდრე წარმატებული ფესტივალისთვის პრობლემის შექმნა“ – ამბობს ზვიად ელიზიანი.

კინოჩვენება ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე. 2018 წლის სექტემბერი

წელს ბათუმის მერიამ ქალაქში გამართული საერთაშორისო ფესტივალები ჯამში 430 000 ლარით დააფინანსა. ეს ფესტივალებია: საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, „ღამის სერენადები“, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი და გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი.

ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება იყო წელს „ბათუმობა“, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გაგრძელდა და ამისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 160 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.

საერთაშორისო ფესტივალების დაფინანსების კონკურსში ბათუმის მერიაში განცხადებები მიიღება 26 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით. განცხადებებს  7 დეკემბრამდე განიხილავენ და კომისია კონკურსში გამარჯვებულებს დაასახელებს. ვინ იქნებიან კომისიის წევრები, უცნობია, თუმცა ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კომისიაში იქნებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბათუმის საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის და ბათუმის მერიის წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: