მთავარი,სიახლეები

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში

25.10.2018 • 1793
სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში

სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე “საქართველოს ფოსტიდან” უკანონოდ გათავისუფლებული გუგული შამილაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს ფოსტას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ყოველთვიურად 625 ლარის ოდენობით 2017 წლის პირველი აგვისტოდან ამ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

გუგული შამილაძე საქართველოს ფოსტაში 1990 წლიდან იყო დასაქმებული. 2011 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს ფოსტის ხელვაჩაურის სერვისცენტრში კურიერის პოზიციაზე.

პროფკავშირების ინფორმაციით, გასული წლის 8 მაისს შამილაძეს დამსაქმებელმა შეატყობინა, რომ სერვისების გაუმჯობესებისა და ფოსტის სწრაფად ჩაბარების მიზნით, კურიერს უნდა ჰქონდეს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის წარსადგენად მას 1 თვის ვადა განუსაზღვრეს. გუგული შამილაძე მუშაობდა ხელვაჩაურში, სადაც არ არის ავტოსკოლა, ამასთან მუშაობდა კვირაში 6 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 6 საათამდე, ხოლო შაბათს – 3 საათამდე. ამის გათვალისწინებით, ის ვერც ბათუმში ვერ შეძლებდა ავტოსკოლაში სწავლას.

2017 წლის 28 ივნისს საქართველოს ფოსტამ შეატყობინა, რომ A კატეგორიის მართვის მოწმობის ვერ წარდგენის გამო ის გათავისუფლებულია სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი ნაწილის “ვ” პუნქტის საფუძველზე (კვალიფიკაციის შეუსაბამობა).

პროფკავშირების ინფორმაციით, ხელვაჩაურის სერვისცენტრში დასაქმებული იყო 3 კურიერი, მათგან 2 ქალი. ორივე დასაქმებულ ქალს მოსთხოვეს 1 თვის ვადაში აეღო „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა მაშინ, როდესაც იმავე სერვისცენტრში დასაქმებული კაცისთვის იგივე მოთხოვნა არ წაუყენებიათ.

მოპასუხეს არ ჰქონდა იმის არგუმენტაცია, თუ რატომ არ მოსთხოვა იმავე სერვისცენტრში დასაქმებულ კაცს „ა“ კატეგორიის მართვის მოწმობა. ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ სხვა სერვისცენტრში დასაქმებულ კაცებს წაუყენეს იგივე მოთხოვნა მართვის მოწმობასთან დაკავშირებით.

დისკრიმინაციის გამოსარიცხად საქართველოს ფოსტამ განმარტა, რომ ისინი მოპედების შესყიდვას აპირებენ და რომ მხოლოდ მოპედების მეშვეობით გადაადგილდებოდნენ კურიერები. თუმცა პროფკავშირებმა სასამართლოს წარუდგინა საქართველოს ფოსტის ვებგვერდიდან ამოღებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, სადაც სხვადასხვა დროს გამოცხადებული იყო ფეხით მოსიარულე კურიერის ვაკანსიები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი სქესის ნიშნით და მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

 

გადაბეჭდვის წესი