მუსლიმური პანსიონი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს – პარლამენტს ლიცენზიის გადავადება მოსთხოვეს


ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში მდებარე მუსლიმური პანსიონის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, პანსიონს 3 ათასი ლარით აჯარიმებენ. სამართალდარღვევის არსებობა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს.

„ლიცენზიის არქონის გამო დაგვაჯარიმეს 3 ათასი ლარით. სასამართლო პროცესი გადაიდო… აჭარაში სულ 15-მდე პანსიონია, სხვა არ დაუჯარიმებიათ, როგორც ვიცი. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. უმჯობესია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ“,  – გვითხრა ომარ დუაძემ, ჩელტის პანსიონის დირექტორმა.

მუსლიმურ პანსიონში, ასევე სამედიცინო რეგულირების სააგენტოში, დაჯარიმების შესახებ საუბარი არ სურთ. სააგანეტოს პრესცენტრში აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. დაჯარიმებული პანსიონის ადვოკატმა, ლია ვაჩეიშვილმა კი მხოლოდ ის გვითხრა, რომ სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერს კონკრეტული გარემოებების გარკვევის მიზნით გადაიდო.

შესაბამისი ლიცენზიის მიღებას კანონი პანსიონებს, მათ შორის რელიგიური დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებს, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე ავალებს. 2016 წელს კანონში „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც პანსიონებმა სპეციალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: მაგალითად, პანსიონის საძინებლის ფართობი 6 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს და იქ ორ მოზარდზე მეტს არ უნდა ეძინოს.

კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, ანუ 2016 წელს, მუსლიმურ პანსიონებში აცხადებდნენ, რომ ლიცენზიის პირობებს პანსიონები ვერ დააკმაყოფილებდნენ და კანონი რეალურად მათ დასახურად მიიღეს. მაშინ სამოქალაქო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზეც, რომ ამავე კანონის მიხედვით, ლიცენზიის პირობების დაკმაყოფილება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებს 2020 წლამდე არ მოეთხოვებათ.

რამდენი პანსიონი დააჯარიმეს სულ და რამდენმა მოიპოვა ლიცენზია კანონის მოთხოვნის შესაბამისად? – სამედიცინო რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ კითხვაზე პასუხს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან. მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემ კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პანსიონებმა პარლამენტს ლიცენზიის პროცესის გადავადება სთხოვეს.

„ჩემთან ჰქონდათ ამ თემაზე საუბარი პანსიონების დირექტორებს. შემდეგ იყო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისში. მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, მაგრამ ვიცი, რომ მოამზადეს ერთიანი მიმართვა პარლამენტისადმი გადავადების თხოვნით. მოთხოვნაში ავტორებს არ ჩაუწერიათ კონკრეტული დრო, როდემდე უნდა გადავადდეს ლიცენზიის მიღების დრო. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტს მიმართვა გაუგზავნეს, როგორც მუსლიმური, ასევე სხვა აღმსარებლობის პანსიონებმა. ეს იყო დაახლოებით ერთი თვის წინ… მერე რა მოხდა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პანსიონი გავხსნათ, ვმუშაობთ მაგაზე,“ – გვითხრა ბეგლარ ქამაშიძემ.

რა რეაქცია მოჰყვა პარლამენტში პანსიონების დირექტორების მოთხოვნას? – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში გვითხრეს, რომ მათთან მსგავსი მოთხოვნა არ შესულა. საორგანიზაციო სამსახურში კი ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.

2018 წლის სექტემბერში მუშაობა შეაჩერეს სოფლების: ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონებმა. მედიაში ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ ეს პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება და „ისინი მოექცევიან სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს“.

კანონი „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ ლიცენზიის მიღებას არ ავალდებულებს იმ პანსიონებს, რომლებიც განათლების სამინისტროს აქვს დაფუძნებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი