ნეტგაზეთი • RU

რუსთაველზე კორპუსის ფასადის შეცვლისთვის ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციოდ ქალაქის მერიამ 531 346 ლარი გამოყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, სახლის ფასადზე ლითონის კონსტრუქციები, მოაჯირები და მზისგან დამცავი ალუმინის ჟალუზები მოეწყობა.

ფასადის გარდა, ამავე ტენდერის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიც გარემონტდება.

„რუსთაველის 41-დან რამდენიმე განცხადება იყო შემოსული მერიაში ფასადის რეაბილიტაციის მოთხოვნით. გარე ფასადი მაქ არის ბამბუკის კონსტრუქციით მოწყობილი. შევიძინეთ პროექტი, თუმცა მოსახლეობამ უარი თქვა შუშის აივნებზე და შემდეგ შევაცვლევინეთ ლითონის კონსტრუქციით. ამან წაიღო გარკვეული დრო“, – გვითხრა სულხან ევგენიძემ, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსმა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს შეწყდება. სახლის ფასადზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 2 ივნისამდე პერიოდში უნდა დასრულდეს.

სულხან ევგენიძის თქმით, მერია მუშაობს კონკურსის გამოცხადებაზე რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გარკვეულ კორპუსებთან მიმართებაში, თუ რომელი ფერები იქნეს შერჩეული და როგორი იყოს ამ სახლების ვიზუალი:

„აქ შედის 12-სართულიანი კორპუსები თეატრის მიმდებარედ, ასევე თეატრის გვერდით, რუსთაველის 10-ში მდებარე კორპუსი, ვაჟა-ფშაველას 5 [ბარბარეს ეკლესიასთან], რუსთაველის 57-61 კუთხის სახლი [ე.წ. კგბ-ს ბინები]. პირველად ამ ზოლს ავიღებთ და გამოვაცხადებთ კონკურსს – ვნახავთ რას შემოგვთავაზებენ საპროექტოები [აქცენტი გვაქვს საღებავის ხარისხზე, მოაჯირების ვიზუალზე] და შემდეგ შევისყიდით პროექტს და ხარჯთაღრიცხვას. სამუშაოებისთვის თანხა, სავარაუდოდ, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“.

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე სახლის არსებული ფასადი და ფასადის ესკიზი [მოაჯირები და ჟალუზები] რეკონსტრუქციის შემდეგ

სახლი ბათუმში, რუსთაველის 41-ში [გვერდითი ფასადი] და ლითონის მოაჯირის დეტალის ესკიზი, რომელიც უნდა მოეწყოს ამ სახლის ფასადზე

სახლი ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების გაკვეთაში ბათუმში / ქალაქის მერია სამომავლოდ ამ და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სხვა სახლების გარე ფასადების შეცვლას გეგმავს

მთავარი ფოტო: სახლი ბამბუკის ფასადით რუსთაველის 41-ში, ბათუმში, რომლის გარე ფასადის რეაბილიტაციისთვის ბათუმის მერიამ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com