Batumelebi | რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

რას იგებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? – ინტერვიუ

„სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, ზეპარტიული,“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან. ამ განცხადებების ფონზე „ქართული ოცნება“ თითქმის სრული შემადგენლობით უჭერს მხარს „დამოუკიდებელ კანდიდატს“. „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ოფიციალურად არ ჰყავს, თუმცა საარჩევნო შტაბებიც კი გახსნა პარტიამ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად. შტაბებს არჩეული მერები ხელმძღვანელობენ.

რატომ და ვინ არჩია სტატუსი „დამოუკიდებელი“, რა პოლიტიკური გათვლაა ამ ნაბიჯის უკან და რა საფრთხე გველის ქართულ პოლიტიკაში სამომავლოდ, თუკი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდება პრეზიდენტი, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში მმართველი პოლიტიკური ძალა შეახსენებს ამომრჩეველს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი – „ბათუმელები“ პოლიტოლოგს, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელს, ლევან ცუცქირიძეს ესაუბრა.

ბატონო ლევან, რა გათვლებით იმოქმედა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე, სალომე ზურაბიშვილმა, როცა ამომრჩეველთან მივიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი? 

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა არის მხოლოდ ფიქცია. სალომე ზურაბიშვილი არაა დამოუკიდებელი კანდიდატი და ამას ყველა ცალსახად ხედავს. ის არ იყო დამოუკიდებელი არც მაშინ, როცა მაჟორიტარი კანდიდატი იყო. მას თავის დროზეც ეხმარებოდა „ქართული ოცნება“ და მისი აქტივი. დღესაც, თუ შევხედავთ პარტიულ მხარდაჭერას, ამ ფონზე კიდევ ვინმეს თუ ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, არ ვიცი. მე ასეთ ადამიანს ვერ ვპოულობ.

ჩემთვის გაუგებარია, რა ტაქტიკური მიზანი ჰქონდა ამ ნაბიჯს. სავარაუდოდ არჩიეს იმიტომ, რომ დასავლეთს ვეტყვით, აი, რა დემოკრატიულები ვართ, საპრეზიდენტო ოფისს დამოუკიდებელ კანდიდატს ვაბარებთო. ასევე იყო გათვლა, რომ მერე თუ რაღაც მოხდა, ვიტყვით, ეს ხომ ჩვენი კანდიდატი არ იყოო. მაგრამ არ ვიცი, ვინ უნდა დაიჯეროს ეს, რომელმა ჩვენმა პარტნიორმა და გულშემატკივარმა.

ხომ არ ყოფილა დამოუკიდებელ კანდიდატის კუთხით რჩევა ევროპელი პარტნიორებისგან? 

არა მგონია, ევროპელი პარტნიორები რამეს ასე ეუბნებოდნენ ხელისუფლებას. ზოგადად, ჩვენი ნამდვილი მეგობრები საკმაოდ შეშფოთებულები არიან, მაგალითად, ერთპარტიული სისტემის შექმნის საფრთხით და იმით, რომ ძალაუფლება მოქცეულია ადამიანების ვიწრო წრეში… საზოგადოებას შესაძლოა უნდოდეს ამ ფონზე ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ასეთი არ არის. იგი დგას „ქართული ოცნების“ მხრებზე და მათ გარეშე იგი არაფერს წარმოადგენს.

რას იგებს პოლიტიკურად „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერით? 

პირიქით, აგებს. პარტია გვეთვალთმაქცება, როცა მთელი პარტიული რესურსი დარაზმულია ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად…

წინასაარჩევნო კლიპებშიც „ოცნების“ ლიდერები ხაზს უსვამენ კანდიდატის დამოუკიდებლობას. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ კლიპში საუბრობს სალომე ზურაბიშვილის ზეპარტიულობაზე და იმაზე, რომ ის მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკას შეძლებს. 

როგორც ჩანს, ასე შეთანხმდნენ, რომ ეს ხშირად უნდა იმეორონ, ერთგვარი ფასადი ჩამოიფარეს. ჩათვალეს, რომ რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებდნენ ამ ზეპარტიულობას, ამას ხალხი დაიჯერებს. ვფიქრობ, რომ აცდენილია შეხედულება საზოგადოებაზე, რადგან ხალხი ყოველდღიურად ხედავს პარტიულ აქტივობას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

საერთოდ, ჩვენთან, პოლიტიკოსების ნათქვამი ხშირად არის აცდენილი რეალობისგან. მნიშვნელოვანია, კანდიდატი დამოუკიდებლად ახერხებდეს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლად არაფერი შეუძლია.

თუკი სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, რა საფრთხე შეიძლება მივიღოთ პოლიტიკურად? 

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი, ზოგადად, სახიფათო პოლიტიკური კანდიდატია, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე გაკეთებული განცხადებებით. რაც შეეხება საფრთხეს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს – „ოცნება“ ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებზე იმის თქმით, რომ იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დგება მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რა წერია ქაღალდზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება იმის მიხედვით, თუ რა ხდება რეალურ პოლიტიკაში. თუკი სალომე ზურაბიშვილი შექმნის მომავალში პრობლემებს, ამაზე პასუხი მოეთხოვება სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ერთიანად.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი