რატომ არ უნდა აშენდეს ბათუმში ცათამბჯენები

რეალურად რა პრობლემებს უქმნის ბათუმს ცათამბჯენები, თუ ეს მართლა კომპლექსია, როგორც ამას ბათუმის მერი ამბობს? და თუ ეს ასეა, რამ გააჩინა ასეთი კომპლექსი? – ამ თემებზე „ბათუმელებს“ ურბანისტი, კულტუროლოგი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი, ცირა ელისაშვილი ესაუბრა.

  • ქალბატონო ცირა, ბოლო დროს ბათუმში ნებართვაგაცემული პროექტების უმეტესობა მაღლივია, რაც საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტს იწვევს, მერი კი ამბობს, რომ საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი აქვს. თქვენი აზრით, რატომ არ შეიძლება ბათუმში ე.წ. ცათამბჯენების მშენებლობა? 

რა საინტერესო მერი გყავთ. ნებისმიერი ქალაქის განვითარების ხაზს განსაზღვრავს ამ ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილი, თუ ჩვენ საკითხს ვსვამთ ასე, რომ ცათამბჯენები უნდა აშენდეს ძველი ბათუმის ნგრევის ხარჯზე, პასუხი ცალსახაა – ამის გაკეთება არ შეიძლება. თუ საუბარია იმაზე, რომ ქალაქგანვითარების თვალსაზრისით ახალი ტერიტორია გაჩნდეს ახალი ბათუმის სახით და იქ განაშენიანების კოეფიციენტები იყოს უფრო მაღალი, ვიდრე დანარჩენ ქალაქში, ამის განხილვა კიდევ შეიძლება. ეს თემა შეიძლება იყოს სამსჯელო, სადავო და ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება კონსესუსს მივაღწიოთ ან არ მივაღწიოთ, მაგრამ ეს განსჯის საგანია.

რაც შეეხება ცათამბჯენების საკითხს.  არქიტექტურა, რომელიც უნდა აშენდეს, [კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, არა ისტორიული ბათუმის ტერიტორიაზე და არა კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ხარჯზე], ისეთი უნდა იყოს, რომელიც არ ჩამოუვარდება დროს, იქნება ახალი და ინოვაციური სიტყვა არქიტექტურაში, რომელიც, გვთავაზობს საპორტო, საზღვაო ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე დაპროექტებულ ქალაქს. ეს ის თემაა, რაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება იყოს  საკამათო, მაგრამ ამაზე მსჯელობა ღირს.

  • ანუ კომპლექსი შეიძლება მართლა არსებობდეს?

თუ ეს კომპლექსი არსებობს, რატომ გვაქვს ეს კომპლექსი? იმიტომ, რომ მაგალითები, რომლებიც არსებობს ბათუმის ტერიტორიაზე, ეს არის ისეთი ქრესტომათიული, რომლებიც შეიძლება მოვიყვანოთ სალექციო კურსის ფორმატში ქეისად, როგორც წარუმატებელი, ანუ შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ. ამით თუ იქნება ბათუმი სამაგალითო, ანუ ნეგატიური კონტექსტით, სამწუხაროდ და არა დადებითი თვალსაზრისით. ასეთი ტიპის ცათამბჯენებმა ჩაკეტა ბათუმისთვის ტრადიციული გამჭოლი, სივრცეები. თქვენ რომ დადგეთ ქუჩის ნებისმიერ მონაკვეთზე და გაიხედოთ ზღვის სანაპიროსკენ,  ეს გამჭოლი ქუჩები, რომლებიც პირდაპირ გადიოდა ზღვაზე, ახლა ჩახერგილია მრავალსართულიანი შენობებით, რაც არ არის სწორი განვითარების მაგალითი. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას და თუ კომპლექსი არსებობს, ამის კიდევ ერთი საფუძველი გახლავთ ის რომ, არ შეიძლება ასეთი ტიპის ნაგებობები აშენდეს პირველ ზოლში, რომელიც გადის სანაპიროზე, იმიტომ, რომ პერსპექტივა არსებობს ზღვის სანაპიროდან და ქალაქიდან ზღვისაკენ, რომელიც უნდა იყოს დაცული.

თუ მრავალსართულიანს პირდაპირ პირველ ზოლზე დგამ, ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენ ქალაქს აკარგვინებ ზღვის თემას, ისე, რომ ზღვას აღარ უშვებ ქალაქში. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა, რომელიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ვეჭვობ, რომ ეს გაანალიზებულია ბათუმის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და ამიტომაც ვამბობთ, რომ თუ ვინმე ეწინააღმდეგება განაშენიანებას, სწორედ იმიტომ, რომ ანალიზი არ გაკეთებულა იმისა, რა მოხდა. აქედან გამომდინარე, არ ვიცით რა არის შეცდომა და ამ შეცდომას ჩვენ არ ვითვალისწინებთ უკვე შემდგომი განვითარებისათვის.

  • ახალი მერი საუბრობდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მნიშვნელობაზე, ძველი ბათუმის გადარჩენაზე. დღეს არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მთავარია პროექტი იყოს მისაღები და ის შესაძლოა მოსაწონი არც იყოს, მთავარია ინვესტორი არ გაბრაზდეს. 

ბათუმი არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით, მაგრამ რადგან ბათუმზე ვსაუბრობთ, ვთქვათ, რომ ბათუმის ყველა ხელისუფლებისათვის ინვესტორი წარმოადგენდა ღმერთს, ისინი უპირობოდ ემორჩილებოდნენ ინვესტორის სურვილებს, ინტერესებს, მადას და ასე შემდეგ. აი, ეს არის სწორედ ურბანული ქაოსის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ბათუმმა დაკარგა ის ისტორიული სახე, რომელიც მას ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. რას ნიშნავს, რომ პროექტი უნდა იყოს მისაღები, რა კრიტერიუმებით ვაფასებთ?!

  • მერიაში ამბობენ, რომ მთავარია, ის პასუხობდეს რეგულაციებს.

და რამდენი მაგალითის დასახელება შეგვიძლია, როცა ეს რეგულაციები დაირღვა და ისე აშენდა ესა თუ ის ნაგებობა, რამდენი მაგალითი ვიცით, როდესაც ძეგლის სტატუსის მქონე შენობას სტატუსს არ უხსნიან, თუმცა დანგრევის საშუალებას აძლევენ ინვესტორს და მერე სიმბოლურად აჯარიმებენ, უმეტეს შემთხვევაში კი საერთოდ არ ჯარიმდება ეს ადამიანი და იქ ვიღებთ მაღალსართულიან მშენებლობას. 

ბათუმი იმიტომ იყო გამორჩეული სხვა ქალაქებისაგან, რომ ის თავის დროზე ადამიანის მასშტაბზე მორგებული ქალაქი იყო.  ფორმულა, რითაც ეს ქალაქი აშენდა, რომ ქუჩაზე სახლის სიმაღლე არ უნდა ყოფილიყო ქუჩის სიგანეზე მეტი, დარღვეულია იმ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვეძახით ისტორიულ ბათუმს. თბილისშიც  ხდება იგივე, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ მასშტაბი ჩარევისა ბათუმში უფრო მეტია და უფრო მძაფრად აღიქმება, ვიდრე თბილისში. ბათუმი თავისი არქიტექტურული ხასიათით უფრო ერთგვაროვანია. აქედან გამომდინარე, აქ ხელისგულივით ჩანს ყველა დარღვევა, შეცდომა და დანაშაული, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უფრო მასშტაბური და რთული პროექტებია განხორციელებული. 

  • მშენებლები უმეტესად აქცენტს აკეთებენ ზღვისპირა ზოლზე, იმიტომ რომ აქ უფრო ძვირად იყიდება ბინები. ისიც ხომ არ არის პრობლემა, რომ მერიამ ვერ მოახერხა საინტერესო იდეების შეთავაზება სხვა უბნებისთვის, ვერ დააინტერესა ამ მხრივ ინვესტორები?

ეს ნამდვილად არის პრობლემა. სულაც არ არის აუცილებელი მერი იყოს ურბანისტი, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ შექმნას პროფესიონალთა ჯგუფი, რომელსაც დაეკითხება და ის უნდა ხედავდეს ქალაქის განვითარების მისეულ გეგმას, ეს არის მნიშვნელოვანი. ნიკო ნიკოლაძე არ ყოფილა ურბანისტი, არც არქიტექტორი, მაგრამ ქალაქის განვითარების მისი იდეები ნიკოლაძის შემდეგაც ათწლეულების მანძილზე ხორციელდებოდა, იმიტომ, რომ ეს მიმართულება და ხედვა იყო სწორი. ამ შემთხვევაში ეს არის პრობლემა, რომ ისინი სამწუხაროდ ასათვისებელ ტერიტორიას ხედავენ მხოლოდ არსებული ბათუმის ხარჯზე და არა სადმე სხვაგან, იმ არსებული ლანდშაფტის ხარჯზე, რომელსაც, ჰქვია მწვანე კონცხი ან რაიმე სხვა სახელი. აი, ეს არის პრობლემა, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და ვხედავთ თუ არა გამოსავალს, არც ერთ ამ კონტექსტში მათ გამოსავალი ვერ ექნებათ.

  •  ჩვენ გვაქვს ასევე მოცემულობა, როცა მოქმედი მერის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, მათ მიერ დანიშნული არქიტექტურის სამსახურის უფროსები სამშენებლო კომპანიებში წავიდნენ სამუშაოდ. ეს რაიმეს გვეუბნება?

ეს პირდაპირ გვეუბნება სათქმელს. მენაშენე არქიტექტორები, რომლებიც ხან გადაწყვეტილებების მიმღებები არიან და ხან ოდიოზური პროექტების ავტორები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ღუპავენ ქალაქს. საერთოდ ჩვენში არსებობს კოლეგიალობის ძალიან არასწორი გაგება, რაც ბათუმზეც აისახება. არქიტექტორი თუ დღეს არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და თავისი კოლეგის პროექტზე უარს იტყვის, არსებობს შესაძლებლობა, რომ ხვალ ის ჩაანაცვლოს არიქიტექტორმა, რომელსაც  დღეს მასთან  შემოაქვს პროექტი განსახილველად.  ამიტომ არის, რომ ხელი ხელს ბანს ამ თვალსაზრისით და ესენი ერთმანეთის ტყავს არ ხევენ. ამ პერსპექტივაში გათვლილი ნაბიჯის გამო და ეს უფრო კორუფციულ სქემას ჰგავს. ისე, არქიტექტორები ძალიან სცოდავენ ბათუმთან მიმართებაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშენებენ იქ, სადაც არ უნდა ააშენონ, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ აშენებენ ისე, როგორიც არ უნდა აშენდეს.

ამავე თემაზე: 

ქალაქი შენი ფანჯრიდან

ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ მიმდინარეობს

ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ მიმდინარეობს. ფესტივალი პირველ ოქტომბერს გაიხსნა და 6 ოქტომბერს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები იმართება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურისა და ქედის კულტურის სახლებში. ამ წუთებში ბათუმის ამერიკულ კუთხეში, ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასი ტარდება ანიმაციაში.

დღევანდელი საფესტივალო განრიგი ასე გამოიყურება:

 

 14:00

საუკეთესო საბავშვო ფილმის

ბათუმის თოჯინების თეატრი 

 

14:00

ვორკშოპი ანიმაციაში 2D

ქართული სახლი „გულები“

 

16:00

საუკეთესო ფილმი უფროსებისთვის

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

 

 

5 ოქტომბერი 

10:00

საუკეთესო საბავშვო ფილმი 

ბათუმის თოჯინების თეატრი 

 

11:00

ექო-თოფუზის ვორქშოპზე შექმნილი ფილმები

ბათუმის თოჯინების თეატრი

 

10:00

გრან პრი 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

 

10:00

ვორკშოპი ანიმაციაში „Stop-Motion” 

ქართული სახლი „გულები“

 

12:00

საუკეთესო საბავშვო ფილმი 

ბათუმის თოჯინების თეატრი 

 

12:30

მასტერკლასი ანიმაციაში 

ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 

 

13:00

ვორკშოპი ანიმაციაში „Stop-Motion” 

ქართული სახლი „გულები“

 

16:00

პიტჩი

ქართული სახლი „გულები“

 

18:00

პრეზენტაცია: ინტერნეტგაყიდვები ანიმაციაში 

ქართული სახლი „გულები“

 

 

6 ოქტომბერი 

12:00

პიტჩი 

ქართული სახლი „გულები“

 

15:00

თოქ-შოუ თოფუზი 2018 

ქართული სახლი „გულები“

გოგონათა საერთაშორისო დღე და ესეების კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტში

,,ახალგაზრდა გოგონათა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტი გოგონებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს სახელწოდებით ,,ჩემი სივრცე და საზოგადოება“. ესეების წარდგენა 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  ქედის მუნიციპალიტეტის საბაზო-საშუალო სკოლის (VIII-XII კლასები) მოსწავლეებს.
კონკურსანტმა თემა უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად.  ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.  ნამუშვრებიდან გამარჯვებულ ესეებს გენდერული საბჭო გამოავლენს.

წარდგენის პირობებსა და აპლიკაციის ფორმას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 11 ოქტომბერს, 15 საათზე, ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში.
ნომინაციებში: ,,საუკეთესო ესე”,  ,,კრეატიული ნაშრომი” და  ,,საუკეთესო მხატვრული გადმოცემა” გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადაეცემათ.

კონკურსი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია მოზარდები დააფიქროს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვაზე, განათლების ხელშეწყობაზე, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე.

აკრძალული ცელოფნის პარკების გამოყენებაზე ბათუმში 105 მაღაზია გააფრთხილეს

სავაჭრო ობიექტებში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების [ერთჯერადი, თხელი ცელოფნის პარკების] რეალიზაცია საქართველოში 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან აკრძალულია, თუმცა ასეთი პარკები მაღაზიებში დღესაც არის. აღსანიშნავია, რომ სხვა სახის ცელოფნის პარკების რეალიზაცია არ არის აკრძალული და ის 2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს დაწყებული აქვს კონტროლი და ბათუმში 3 ოქტომბერს 105 მაღაზიას, რომელიც ახდენს ცელოფნის პარკების რეალიზაციას, ცნობის სახით გადაეცა გაფრთხილება.

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

 

აკრძალული ცელოფნის პარკების კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ ინფორმაციით, ბათუმში დაეკისრათ:

[crosslist]

  • თავად ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს
  • შპს „სანდასუფთავებას“
  • ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“, სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებს, მხოლოდ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ან/და მოვლა-პატრონობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიებზე.

[/crosslist]

პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს ქვეყნის მასშტაბით შემდეგი უწყებები ახორციელებენ:

  • პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
  • პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
  • პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ 2 ოქტომბერს განუცხადეს, რომ „მათი ამოცანა სადამსჯელო ღონისძიებების გატარება არაა და ამ ეტაპზე მეწარმეებსა და პოლიეთინელის პარკებით მოვაჭრეებთან ცვლილებების შესახებ შეხვედრებს მართავენ“.

პლასტიკის პარკების მთლიანად აკრძალვა არ ნიშნავს იმას, რომ მაღაზიებში, ზოგადად სავაჭრო ქსელში ცელოფნის პარკები არ იქნება. პლასტიკის პარკები მომავალი წლის აპრილიდანაც იქნება რეალიზაციაში, თუმცა დაშვებულია, მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები, შესაბამისი წარწერით.

დეტალურად:

რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

ამავე თემაზე:

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

„დავმეგობრდეთ, ხო?“- რა სურთ დღის ცენტრის ბავშვებს

ყველას უყვარს ეთო. ეთოსაც ყველა უყვარს: დედა, მამა, საბა, ბიძინა, გიგა, ნუკრი, ზურიკო, ორი გელა: დიდი და პატარა, ნუკრი, ქეთი, დათა, გოგიტა, ლელი, ნიკა, მარიამი, ლაშა, ვახო, ქეთი, მარიამი, ანზორი, მზარეულები და მასწავლებლები, აღმზრდელები და დარაჯები – კითხვაზე, თუ ვინ არიან მისი მეგობრები ასე ვრცლად გვპასუხობს და ჩამონათვალი არ წყდება, უსასრულოა…

ეთო კალანდაძე 18 წლისაა და მას შემდეგ, რაც კოლეჯში გაკვეთილები უმთავრდება, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, მახინჯაურის დღის ცენტრში მოდის. ზემოთ ჩამოთვლილი მეგობრებიც აქ გაიცნო, საუბრისას სულ გიღიმის და დამშვიდობებისას აუცილებლად გეტყვის: „დავმეგობრდეთ, ხო?“.

ამ ნახატზე საკუთარი თავი დახატა: „ეთო კალანდაძეა ეს, კიდე 5 ყვავილი და ერთი მზე“ – გვეუბნება და ბევრ სხვა რამესაც გვიჩვენებს, გამოძერწილ ფიგურებს, დიდი, გაშლილი კაბების ნახატებს, მღერის, ცეკვავს და სეირნობისას ყველას ეკითხება ვინ როგორ გრძნობს თავს, ხომ ყველაფერი კარგად აქვს ცხოვრებაში. ასეთია ეთო. ყველა უყვარს და ყველას უყვარს.

ეთოს გარდა დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბავშვი და 25 ზრდასრული ატარებს დღის გარკვეულ მონაკვეთს.

ყველაზე მცირეწლოვანი ბენეფიციარი დღის ცენტრში 6 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 38-ის.

დღის ცენტრის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათთვის ყოველდღიური, ყოფა-ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების განვითარება და იმ დაფარული უნარების აღმოჩენაა, რაც ყველა მათგანს აქვს.

„გირშელი, მაგალითად, მეტყველებით კომუნიკაციაში არ შემოდის, მაგრამ სხვა უნარები აქვს განვითარებული. ჩვენი მიზანი ამ უნარების აღმოჩენაა და სააზროვნო მექანიზმების იმ საქმით განვითარება, რაც გამოსდის. კარგად თამაშობს თამაშებს, სადაც იმის მსგავსი ნახატები, ფიგურები უნდა იპოვოს, რასაც ვაჩვენებთ, ფერების ამოცნობაც ძალიან უყვარს: ლურჯ ფიგურებს ერთად ალაგებს, წითლებს ცალ-ცალკე“, – გვეუბნება დღის ცენტრის ფსიქოლოგი მარინე მასხულია.

მიზანი არ არის ვინმემ ბევრი ისწავლოს ან ცოტა, მიზანია ახარებდეთ ის, რაც გამოსდით – გირშელი ფიგურებს რომ ამოიცნობს და სპილოს ნახატს მეორე სპილოს ნახატზე თავისით დაადებს – ტაშს უკრავს და თვალები ენთება.

ზრდასრულ შშმ პირებთან დღის ცენტრში სხვა მიზნებიც აქვთ, აქ შრომა-თერაპიისთვის ცალკე დროა გამოყოფილი – ბიჭები ხისგან ჩარჩოებს ამზადებენ, გოგონები – კერძებს, რამდენიმემ კულინარიის კურსებიც გაიარა და დასაქმდა.

ბიძინა ბერიძე 33 წლისაა, თავადაც დღის ცენტრის ბენეფიციარია და ეტლიან ბავშვებს გადაადგილებაში ეხმარება, თითქმის ყოველდღე აქ არის, ცოტა ხნის წინ ცენტრის ეზოში ბალახი მოცელა, სადილის შემდეგ კი ეტლიანი მეგობრები გაასეირნა.

როგორც დღის ცენტრის დირექტორი, ნანა საყვარელიძე გვეუბნება, ცენტრზე დიდი მოთხოვნაა, რიგი დიდია და მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად გასცემს ვაუჩერს.

ბავშვები დღის ცენტრში უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტირებით, ორჯერადი კვებით თვრამეტ წლამდე და ერთჯერადით – 18 წლის ზემოთ. წელიწადში რამდენჯერმე აქვთ კონცერტი, ერთი ან ორი კონცერტი მაინც მუსიკალურ ცენტრში ან საზაფხულო თეატრში.

ცენტრში ცალ-ცალკეა ჰუმანიტარული საგნებისა და მათემატიკის, გასართობი, ფილმებისა და მუსიკის, ცეკვის ოთახები.

„ბავშვები განსაკუთრებით ბედნიერები არიან, როცა საკუთარი ხელებით ქმნიან რაიმეს, ერგოთერაპია ეწოდება ყველაფერს, რისი შექმნაც ხელით შეიძლება. სულ ცდილობენ ბავშვები არ დაზიანდეს ნახატები, ნაკეთობები და საგულდაგულოდ ინახავენ. ჩვენი ყოველი დღე ახალი აღმოჩენების დღეა“, – ამბობს ერგოთერაპევტი, გუგული ღოღობერიძე.

34 წლის მარიამ ქელეხსაევა ზღვას ხატავს. ამბობს, რომ აქ ბევრი მეგობარი ჰყავს, მოსწონს, რომ ცენტრში სიმშვიდეა და მასწავლებლებსაც ემეგობრება.

თერაპიის ოთახში ბავშვები ხატავენ, ძერწავენ. სენსორულ ოთახში სპეცპედაგოგი და ფსიქოლოგი რამდენიმე ბავშვთან სპეციალურ თერაპიას გადის. ცალკეა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და ნევროპათოლოგის კაბინეტები.

მასაჟისა და ვარჯიშის სივრცეში ბავშვებს ინდივიდუალური, მათ საჭიროებებზე მორგებული პროცედურები უტარდებათ.

„მოლაპარაკება გვაქვს აჭარის მთავრობასთან, რომ შეიქმნას ღრმა და მძიმე ჩამორჩენილობის მქონე ბავშვთა ცენტრი, რადგან მსგავსი ცენტრი ბათუმში არ არის. არიან ჩვენთან ასეთი ბავშვები, მაგრამ, ვფიქრობ, მათი უფლებები ნაწილობრივ ირღვევა, რადგან მათ სჭირდებათ მეტი მომსახურება, სხვაგვარი მომვლელი, ოკუპაციური თერაპია და ა.შ. იმედი გვაქვს, ერთი ასეთი ცენტრი მაინც გაიხსნება“, – ამბობს ცენტრის დირექტორი, ნანა საყვარელიძე.

ნატალია ხელაძე დღის ცენტრის სპეცმასწავლებელია, აქ 10 წელია მუშაობს და ამბობს, რომ ყველა ტიპის შეზღუდული უნარის მქონე ბავშვთან უმუშავია. მისი თქმით, შედეგი ყველა მათგანთან შესაძლებელია დადგეს.

„ბავშვი, რომელიც დღის ცენტრში მოყვანისას თვალებზე ხელებს იფარებდა და იმალებოდა, მალე ღიმილით და ხელის ქნევით გვესალმება. დასაწყისისთვის ეს ყოველთვის სასურველი შედეგია, კომუნიკაცია შედგა, ურთიერთობების სურვილი გაჩნდა, ყველაფერი ამით იწყება. ყველა დედას, ვისაც შშმ ბავშვი ჰყავს, ვურჩევ აუცილებლად მიიყვანონ შვილები ბაღშიც, სკოლაშიც და დღის ცენტრშიც, ყველგან, სადაც ისინი სხვებთან ურთიერთობებს შეძლებენ“, – ამბობს სპეცმასწავლებელი.

მისივე თქმით, ხშირად მშობლებს მცდარი და არარეალური დამოკიდებულებები აქვთ თავიდან და ფიქრობენ, რომ ასო-ბგერების სწავლა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ვიდრე ხელების დაბანა და ჰიგიენის წესების ცოდნა, თუმცა საუბრებისა და ურთიერთობების შემდეგ მშობლები ბავშვებს განამტკიცებინებენ შინ იმ უნარებს, რაც დღის ცენტრში უვითარდებათ.

დღის ცენტრში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ ბავშვს იღებენ.

 

ქართული ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლა

“თავისუფალი სივრცე” ქართული ჟესტური ენის შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის უფასო კურსს აცხადებს.
ქართული ჟესტური ენის ალტერნატიული სკოლის მიზანი ჟესტური ენის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულთა მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების დამკვიდებაა.

გაკვეთილები “თავისუფალ სივრცეში” ჩატარდება. ჟესტური ენის მასწავლებელი პალინა ჯაღატაშვილია, თარჯიმანი კი – მზია მელაძე.
სასწავლო კურსი 40 საათს შეადგენს და იგი 13 ოქტომბრიდან დაიწყება. გაკვეთილები ჩატარდება შაბათობით, 11:00 – 13:00 საათებში.

“თავისუფალი სივრცე მდებარეობს ზ. გამსახურდიას 6 ნომერში.

რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ განაცხადი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით “თავისუფალ სივრცეს” ნომერზე: 555 121091.

 

პუტინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ბათუმში „ფიდეს“ ახალ პრეზიდენტად აირჩიეს

დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის 89-ე კონგრესზე ცნობილი გახდა „ფიდეს“ ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციას არკადი დვორკოვიჩი [რუსეთი] უხელმძღვანელებს.

„ფიდეს“ ხელმძღვანელი კენჭისყრის შედეგად აირჩიეს – 185  ხმიდან 103 ხმით.

„ფიდეს“ პრეზიდენტობის პოსტისთვის კიდევ  ორი კანდიდატი იბრძოდა: გეორგიოს მაკროპულოსი და ნაიჯელ შორტი, თუმცა ამ უკანასკნელმა კენჭისყრის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მაკროპულოსმა არჩევნებამდე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ეს ბრძოლა პოლიტიკური იყო და ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციას ხმის მიცემას აიძულებდნენ.

არკადი დვარკოვიჩი 2018 წლის გაზაფხულამდე რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე. 2007 წელს იყო რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მან „ფიდეს“ პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ წელს, ივნისში განაცხადა.

რა თანხას ინახავს განათლების მინისტრი საბანკო ანგარიშებზე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ნინო დოლიძე თბილისში, მთაწმინდის შესახვევში 300 კ/მ ბინას და 17 კ/მ ავტოფარეხს ფლობს.

2018 წელს ნინო დოლიძემ მეუღლისგან საჩუქრად მიიღო 36 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი MAZDA CX 5, ამავე წელს თავად მიხეილ ბატიაშვილმა შეიძინა 2017 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი LAND ROVER RANGE ROVER VELAR-ი, რაშიც 83 500 ლარი გადაიხადა.

მინისტრის და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშები

27 აგვისტოს მდგომარეობით, მიხეილ ბატიაშვილს საქართველოს ბანკში  20 005 დოლარი აქვს, ამავე ბანკში ასევე აქვს 11 527 ევრო და სახელფასო – 26 960 ლარი.

მისი მეუღლის სახელფასო ანგარიშზე „თიბისი“ ბანკში 579 ლარი ირიცხება, ანაბარსა და მიმდინარე ანგარიშზე კი – 12 933 დოლარი. ასევე აქვს სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სესხი და ბარათები.

მიხეილ ბატიაშვილის სახელზე „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო 81 744 ლარი და საკრედიტო ბარათზე 4000 ლარი ირიცხება.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელი ფიგურირებს ხუთ შპს-ში, თუმცა საწარმოებიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ ერთში – შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ფიქსირდება. წლის განმავლობში ამ სასწავლებლიდან მიხეილ ბატიაშვილმა, როგორც კომპანიის დირექტორმა, 25 ათასი ლარი მიიღო.

2017 წელს მიხეილ ბატიაშვილი შპს „აკა“-ში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, საიდანაც ანაზღაურების სახით, წლის განმავლობაში, 2500 ლარი მიიღო. ამავე წელს ბატიაშვილი საქმიანობდა „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრში“ მენეჯერ-კონსულტანტის პოზიციაზე, ანაზღაურება წლის განმავლობაში – 126 062 ლარი.

მინისტრის მეუღლე ნინო დოლიძე გასულ წელს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში – ექიმად, ტრენერად და კონსულტანტად მუშაობდა და მთლიანობაში 55 ათასზე მეტი ლარი გამოიმუშავა.

მინისტრის ბიზნესსაქმიანობა და წილები

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ბატიაშვილი სულ ხუთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილეა. ამა წლის 20 ივლისს, ანუ გამინისტრების შემდეგ, ბატიაშვილმა ერთ-ერთ მათგანში – წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, თავისი კუთვნილი წილი – 5% გაყიდა. ამ კომპანიას, რომელიც მინისტრს 2016 წელს დაუფუძნებია პარტნიორებთან ერთად, შემდეგი წლის განმავლობაში შემოსავალი საერთოდ არ ჰქონია. ამის მიუხედავად, მან კომპანიაში თავისი წილი 45 ათას ლარად გაასხვისა.

ამავე რიცხვში გაასხვისა წილი მინისტრმა კიდევ ერთ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც. დეკლარაციის მიხედვით, მინისტრს შარშან არც ამ კომპანიიდან აქვს რაიმე სახის მოგება მიღებული, თუმცა, თავისი წილი [27%] კომპანიაში 160 ათას ლარად გაყიდა.

გასულ წელს განათლების მინისტრმა ორჯერ შეიძინა ავიაბილეთები. ერთში 1986 ლარი გადაიხადა, მეორეში კი – 3 168 ლარი. სასტუმროში კი 1 196 და 854 ლარი დახარჯა.

ამავე წელს მიხეილ ბატიაშვილმა სამჯერ შეიძინა სამოსი, რაშიც ერთ შემთხვევაში 2 276 ლარი გადაიხადა, მეორე შემთხვევაში –  557 ევრო, მესამედ კი – 667 ევრო.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

 

სავალდებულოა თუ არა მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების რეგისტრაცია 31 ოქტომბრამდე

კომპანიები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებენ, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციის ვადა პირველ ოქტომბრამდე იყო, თუმცა 28 სექტემბერს იუსტიციის სახლებში რეგისტრაციის მსურველთა გრძელი რიგების გამო, მთავრობამ რეგისტრაციის ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. 31 ოქტომბრიდან, დაურეგისტრირებლობისთვის, შესაბამისი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

რიგები ძირითადად გამოიწვია იმან, რომ იუსტიციის სახლებს რეგისტრაციისთვის მიმართა ყველამ, მიუხედავად იმისა, ეხებოდა თუ არა სავალდებულო რეგისტრაცია, კონკრეტულ განმარტებებს კი მეწარმეები რეესტრისგან ვერ იღებდნენ. საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ დღეს უთხრეს, რომ რეესტრი არეგისტრირებს ყველას, ვინც მას მიმართავს.

მოეთხოვებათ თუ არა მაღაზიებს, კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს ხელახალი რეგისტრაცია, რომლის ვადაც 30 ოქტომბერია? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართეს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი მომსახურების სექტორს [მათ შორის მაღაზიებს, სუპერმარკეტებს, კაფე-ბარებს, რესტორნებს] ამ ეტაპზე არ ეხება. შესაბამისად, მათ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ. რეგისტრაცია ეხება მხოლოდ ისეთ კომპანიებს, რომელთა სამუშაო შეფასებულია, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი და სასიშპირობებიანი. ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი კი, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით,“ – გვითხრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საკვები პროდუქტების წარმოებას რაც შეეხება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ამჯერად მხოლოდ ეხება იმათ, ვინც ფქვილსა და შაქარს აწარმოებს [და არა რეალიზაციას. კანონი არ ეხება ასევე, მაგალითად, პურის საცხობს, არ ეხება საკონდიტრო წარმოებას]. მაღაზიებს ჩვეულებრივ შეუძლიათ ასეთი პროდუქტები მიიღონ, დაასაწყობონ და გაყიდონ.

„2019 წლიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორს დაფარავს. შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტული ვალდებულებები თუ თარიღები შემდეგ დაზუსტდება,“ – აცხადებენ სამინისტროში.


[red_box]რატომ გახდა აუცილებელი ხელახალი რეგისტრაცია და რატომ გაჩნდა დიდი რიგები იუსტიციის სახლებში?[/red_box]

საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება, 2018 წლის 21 მარტიდან ამოქმედდა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობას უნდა განესაზღვრა, ჩამონათვალის დამტკიცებიდან 60 დღის განმავლობაში კი, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში, ამიტომ შესაბამისი საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია 60 დღეში, ანუ 2018 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა მომხდარიყო.

28 სექტემბერს აღნიშნული საქმიანობის რეგისტრაციის ვადაში ცვლილება შევიდა და ბოლო ვადად 2018 წლის 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლებს 28 სექტემბერს [რეგისტრაციის ბოლო დღე, ვინაიდან 29 და 30 სექტემბერი შაბათი-კვირა იყო], უამრავმა ინდმეწარმემ და შპს-ს წარმომადგენელმა მიმართა, რომელთა ერთი ნაწილი არ იყო ბოლომდე გათვითცნობიერებული, თუ რომელი საქმიანობის ხელახლა რეგისტრაციას ითხოვდა კანონი; ბევრი მათგანი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდა იუსტიციის სახლში, თუმცა მათთვის კონკრეტული პასუხის გამცემი პირის პოვნა, იქ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელი აღმოჩნდა. ბათუმის იუსტიციის სახლში იმ დღეს არ აღმოჩნდა პირი, ვინც „ბათუმელების“ შეკითხვებსაც უპასუხებდა.

რეგისტრაციის ვადის გადავადების მიუხედავად, 28 სექტემბერს იუსტიციის სახლებში მოქალაქეთა მომსახურება სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

[checklist]

  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505

[/checklist]

________________________________________________

მთავარი ფოტო: რიგი ბათუმის იუსტიციის სახლში /28.09.2018 / ფოტო: ბათუმელები“

 

უნდა შენდებოდეს თუ არა ბათუმში ცათამბჯენები – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი

თქვენი აზრით, უნდა შენდებოდეს თუ არა ბათუმში მაღალსართულიანი სახლები ზღვასთან ახლოს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში? – ეს გამოკითხვა „ბათუმელებმა“ 28 სექტემბერს გამოაქვეყნა. გამოკითხვაში მონაწილეობა ანონიმური იყო და ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთხელ იყო ხმის მიცემა შესაძლებელი.

6 დღის განმავლობაში გამოკითხვაში 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბათუმში, ზღვასთან ახლოს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცათამბჯენები არ უნდა შენდებოდეს.

პასუხების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა:

[checklist]

  • არ უნდა შენდებოდეს, არ უხდება ბათუმს ცათამბჯენები – 71 % [1423 ხმა]
  • კი, უნდა შენდებოდეს, მე მომწონს – 20 % [407 ხმა]
  • არ ვიცი, სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ – 9 % [170 ხმა]

[/checklist]

გამოკითხვის შედეგები მოცემულია 2018 წლის 3 ოქტომბრის [18:30] მონაცემებით.

გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატული.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას პერიოდულად მიმართავს ბათუმის მერია, მხოლოდ ნაკლებად პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, ახალი ავტობუსების ფერი ან „ბათუმობის“ თარიღი.

ამავე თემაზე: 

როდის ატარებს ბათუმის მერია ხალხის გამოკითხვას

“ენერგო-პრო ჯორჯია” ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

8 345 ლარს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში სთხოვს. ეს ზიანის ანაზღაურების თანხაა. კომპანიის განმარტებით, ზიანი უნივერსიტეტის დაუდევრობამ გამოიწვია.

დავის საგანია ფიროსმანის ქუჩაზე ელექტროკაბელების დაზიანება. ამ ქუჩაზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მდებარეობს. ელექტროკაბელები მიწის ქვეშ მაშინ დაზიანდა, როცა უნივერსიტეტის მიერ დაქირავებული კომპანია „არტეფიქსი“ ფიროსმანის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას აწარმოებდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნივერსიტეტს წერილობით აცნობა კაბელების დაზიანების შესახებ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა, მოსარჩელის თქმით, წერილობით პასუხიც არ მიუღიათ.

„მე მაინტერესებს, როგორ დადგინდა კაბელის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი?“- იკითხა უნივერსიტეტის იურისტმა, რამინ მაჭარაშვილმა სასამართლო პროცესზე.

„იმ საღამოს შუქი გაითიშა ფიროსმანის ქუჩაზე… როგორც წესი, გავიდა ჯგუფი მიზეზის დასადგენად“ – უპასუხა შეკითხვას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა, ჯულიეტა მგალობლიშვილმა.

„აქტი შედგენილია ადგილზე მისვლის და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ყოველგვარი ექსპერტიზის დასკვნის და სხვა დამატებითი მტკიცებულების გარეშე,“- თქვა უნივერსიტეტის იურისტმა. მან ეჭვქვეშ დააყენა ზიანის ანაზღაურებაც, რადგან მისი თქმით, დოკუმენტებით არ დასტურდება ის, რომ დაზიანებული ქონების ფასი ნამდვილად 8 345 ლარი იყო.

„ხომ შეიძლებოდა ამ კაბელებს ექსპლუატაციის ვადა გასვლოდა ან სხვა ბუნებრივი მოვლენის გამო დაზიანებულიყო?“- იკითხა ისევ რამინ მაჭარაშვილმა.

„ცოტა ისეთი შეკითხვაა…“ – აღნიშნა ენერგოკომპანიის იურისტმა და განაგრძო:

„ჩვენი ჯგუფი როცა მივიდა ადგილზე, იქ დახვდა კომპანია, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს. ნათელი იყო ყველაფერი. ექსპერტიზის ჩატარება ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია,“- თქვა ჯულიეტა მგალობლიშვილმა.

„ამ კაბელს ხელით ვერავინ შეეხებოდა და მიწის სიღრმეში იყო, როგორც ჩანს… როგორ ფიქრობთ, შემსრულებელს რა დროს და როგორ შეიძლებოდა იგი დაეზიანებია?“- ჰკითხა მოსამართლემ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტს.

„დამიწება ჰქონდა, საფრთხის შემცველი ამიტომაც არ იყო მასზე შეხება…“- უპასუხა მოსამართლეს ჯულიეტა მგალობლიშვილმა. მისი თქმით, კაბელი ამწეს მუშაობის დროს დაზიანდა, თუმცა კონკრეტულად როგორ, ეს ადგილზე მისულ ჯგუფს აქტში არ ჩაუწერია.

სასამართლო პროცესს, გაფრთხილების მიუხედავად, არ ესწრება შპს „არტეფიქსი“. ამ კომპანიას გაჰყავდა საკანალიზაციო არხი უნივერსიტეტის ტერიტოტორიაზე. ეს კომპანია სასამართლო პროცესში მესამე პირად არის ჩართული.

„ამ საქმეს სპეციალისტის მეტი ჩართულობა სჭირდება,“- მიიჩნევს მოსამართლე. მისი თქმით, კვალიფიციური სპეციალისტის ჩართულობის გარეშე გაუჭირდება მას გადაწყვეტილების მიღება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურისტმა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე ასევე უთხრა, რომ კაბელების ჩაჭრის პრობლემა შპს „ზიმოსთანაც“ შეიქმნა სხვა ადგილზე.

„ამ კომპანიამ უპრობლემოდ აანაზღაურა ზიანი,“- დასძინა ენერგოკომპანიის იურისტმა პროცესის დასრულებამდე.

 

მესამე კლასის ახალ სახელმძღვანელოში დამატებითი წყარო youtube-ის გაუქმებული ლინკია

მესამე კლასის ბუნების ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომელიც სულაკაურის გამომცემლობას ეკუთვნის, მზის სისტემის შესახებ საგაკვეთილო მასალაში დამატებით ინტერნეტწყაროდ მითითებულია youtube-ის გაუქმებული ლინკი.

„თუ გსურთ მეტი შეიტყოთ მზის სისტემის შესახებ, ესტუმრე ვებგვერდს…“ – წერია ფოტოზე მითითებული ლინკის ზემოთ, თუმცა, როცა აღნიშნულ ლინკს კრეფ, მასალა არ იხსნება.

მესამე კლასის ბუნების ახალი სახელმძღვანელო.
ფოტო: ლელა დუმბაძე

რამდენად სწორად არის მითითებული წიგნში წყარო? – ვკითხეთ ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებელს, მარიამ გოგუაძეს.

პედაგოგი ამბობს, რომ ჯერ ამ კონკრეტულ თემამდე არ მისულან, თუმცა მისი აზრით, ელექტრონული წყაროების ამ ფორმით მიწოდება, მთლად მიზანშეწონილი არ არის.

„როცა ინფორმაცია „იუთუბშია“ მოსაძიებელი, ჩვენ მშობლებს ვთხოვთ, რომ მათ გარეშე ბავშვებმა არ მოიძიონ, რადგან შეიძლება ისეთი ინფორმაცია ამოვარდეს, რაც მათი ასაკისთვის შეუფერებელია.

მარიამ გოგუაძე მესამეკლესელებთან, გაკვეთილზე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ამ შემთხვევაში ისედაც შეიძლება საძიებო სისტემაში ჩაწერო „მზის სისტემა“ და უამრავ წყაროს ამოაგდებს. მაგრამ თუ კონკრეტული მასალის მიწოდება გვინდა, მაშინ ამ ფორმით წყაროს მითითება,  ვფიქრობ, არ ამართლებს,“ – გვეუბნება პედაგოგი.

კლასში „ბათუმელების“ ყოფნის დროს მოსწავლეებს კომპიუტერები არ ჰქონდათ, მათ შორის არც მასწავლებელს, ამიტომ ადგილზე ვერ ვნახეთ, როგორ მუშაობენ მოსწავლეები წიგნებში მითითებულ ინტერნეტწყაროებთან.

„დამატებით მასალებს, ძირითადად, მე ვეძებ და ვაწვდი მოსწავლეებს,“ – გვითხრა მარიამ გოგუაძემ.

განათლების სამინისტროს მოწვეული ექსპერტი,  „ჯეოლაბის“ დირექტორი,  სანდრო ასათიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო სამინისტროში საუბარი და მომავალი გრიფირების დროს გამომცემლებს ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ:

„თუკი, რომელიმე გამომცემელი სახელმძღვანელოში უთითებს ლინკებს, მან პირდაპირ ლინკი კი არ უნდა მიუთითოს, არამედ უნდა შექმნას ონლაინრესურსი, რომელიც იქნება სახელმძღვანელოს თანმდევი.

მე მიყიდია პროგრამირებაში უცხოური წიგნები, სადაც მოყვანილ მაგალითებთან წერია, რომ ამ თემის შესაბამისი მასალა იხილეთ ამ ბმულზე. ანუ, ვინც წიგნი გამოუშვა, მანვე შექმნა ვებგვერდი, რომელზეც განთავსებულია ელექტრონული სასწავლო რესურსები“.

სანდრო ასათიანის თქმით, ის ბმულები, რომლებიც დღეს ქართულ სახელმძღვანელოებშია მითითებული, ხშირად წაშლილია „იუთუბიდან“.

„ის, ვინც გააკეთა სახელმძღვანელო, თავისთავზე იღებს ვალდებულებას, რომ ამ რესურს განაახლებს და მსგავსი რამ, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, გამოირიცხება.

ახლანდელი გრიფირებისას მსგავსი ვალდებულება არ ჰქონდათ გამომცემლებს, მაგრამ სამომავლოდ მათ ეს ვალდებულება დაეკისრებათ,“ – ამბობს სანდრო ასათიანი.

მისივე თქმით, გრიფირების პერიოდში გამომცემლობა ასევე პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ მათ მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს თანმდევი რესურსი გამართულად მუშაობდეს.

ინგლისურ ენაზე თარგმნილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია ბათუმში

5 ოქტომბერს, 19 საათზე, მაღაზიაში “წიგნები ბათუმში” ქართველი მწერლების ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართება.

“კარს მიღმა” – ასე ჰქვია კრებულს, რომელშიც  ერლომ ახვლედიანის, გურამ რჩეულიშვილის, ლაშა თაბუკაშვილის, გოდერძი ჩოხელისა და აკა მორჩილაძის მოთხრობები და პიესებია შესული.  ნაწარმოებები ინგლისურ ენაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული ენის შემსწავლელმა სტუდენტებმა თარგმნეს.

წიგნის რედაქტორი ლია ჩოკოშვილია, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია ოქსფორდის უნივერსიტეტის ენების ცენტრში სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის.

“სწავლების პროცესის ერთ-ერთი ნაწილია თარგმანი. ქართული ენით დაინტერესებულმა სტუდენტებმა: ალექს მაკფარლეინმა, კლიფორდ მარკუსმა, ემილი ტამკინმა, ჯეფრი გოსბიმ, ოლივერ მათეუსმა და უოლკერ თომსონმა ქართველი მწერლების მოთხრობები ქართულიდან ინგლისურ ენაზე სწორედ ენის სწავლებისას თარგმნეს. მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით თარგმანების კრებულის წიგნად გამოცემაც გახდა შესაძლებელი,” – აღნიშნავს ლია ჩოკოშვილი კრებულის წინათქმაში.

გამოცემას თან ერთვის ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის, პროფესორ დონალდ რეიფილდის შესავალი, სადაც ის მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაზე, ქართველ მწერლებსა და ქართული ენის თავისებურებებზე საუბრობს.  კრებული, პროფესორ რეიფილდის აზრით, ქართველისთვის, რომელსაც ინგლისურად სურს კითხვა და ინგლისელისთვის, რომელიც ქართულს სწავლობს, ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

კრებული „კარს მიღმა“ გამომცემლობა „სეზანმა“ გამოსცა. წიგნის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

აქცია ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ ევროპის მოედანზე – კვირას, 7 ოქტომბერს

კვირას, 7 ოქტომბერს, 14 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საზოგადოება „ბათომი“ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, 3 ოქტომბერს, განაცხადეს საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა.

„ბათომმა“ დღეს ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე, საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

„მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.  მათ შორის ერთის – 54-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და აპირებს მიმართოს სასამართლოს.

კანონი დაირღვა მწვანე კონცხის სანაპიროს ერთ ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსი საქმიანი ზონით შეცვლის დროსაც.

გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 28 სექტემბერს მიიღო, ამით  სამშენებლო კომპანიას საშუალება მიეცა ორი 28-სართულიანი კორპუსი ააშენოს.

კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა სჭირდება, მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონა, მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. ეს თავად აღიარა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა.

_____________

მთავარი ფოტო: მანანა ქველიაშვილი, „ბათუმელები“

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის [თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით] სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული. დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი. ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები.

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად.

ამავე თემაზე:

კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

_______________

მთავარი ფოტო: „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ შეჩერებული მშენებლობა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

უნდა მივიდეს თუ არა პროკურორი ადვოკატთან – მოსამართლის განმარტება

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 3 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლითაც იგი სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე.“

ადვოკატი ზაზა პაპიძე პროკურატურაში არ მივიდა ამ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ჩასაბარებლად. ზაზა პაპიძემ პროკურორს ბათუმში, საადვოკატო ბიუროში შესთავაზა მტკიცებულებების ჩაბარება. პროკურორმა ბათუმში მყოფ ადვოკატთან მისვლის ნაცვლად, ქუთაისში, ციხეში, პატიმართან არჩია ჩასვლა.

ადვოკატი ზაზა პაპიძე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარე ვალდებულია, გადასცეს მტკიცებულებები დაცვის მხარეს.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის შეფასებით, კანონი უნდა განიმარტოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და მტკიცებულებათა გაცვლის, როგორც საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. „ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ მტკიცებულებები გაიცვალოს არა პროკურატურაში, არამედ საადვოკატო ბიუროში,“ – ამბობს საია-ს იურისტი.

„მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე განმარტა, რომ, მართალია, საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს მტკიცებულებების გადაცემის ადგილს და ჩემი მოთხოვნა საფუძვლიანიც იყო, თუმცა ადვოკატები შექმნილი პრაქტიკის მიხედვით მიდიხართ საგამოძიებო ორგანოში და იბარებთ მტკიცებულებებსო. ამ პრაქტიკის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა ჩემი შუამდგომლობა, რადგან სხვა საქმეებშიც ძირითადად ეს პრაქტიკა არისო… გასაგებია, რომ ადვოკატების უმრავლესობა თავად მიდის პროკურატურაში და იბარებს მტკიცებულებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადვოკატს ამის ვალდებულება აქვს,“ – გვითხრა ზაზა პაპიძემ. 

 

ვალდორფის ბაღი ბათუმში – ადგილი, სადაც ბავშვს თავისუფალ აზროვნებას ასწავლიან

პირველი ოქტომბრიდან ბათუმში პირველად გაიხსნა ვალდორფის ბაღი. ვალდორფის პირველი სკოლა და ბაღი დაახლოებით ასი წლის წინ დაარსდა გერმანიაში, 2019 წელი ვალდორფის სკოლა-ბაღებისთვის საუკუნის წელია. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვალდორფის პედაგოგიკაზე დაფუძნებული არაერთი ბაღია.

საქართველოში ვალდორფის პირველი სკოლა 25 წლის წინ თბილისში გაიხსნა, რასაც ბაღის გახსნაც მოჰყვა.

თავისუფლება, დამოუკიდებელი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარი თავის მნიშვნელობა სამყაროში და სხვისი სივრცის გაფრთხილება, შეცდომებისადმი უშიშარი დამოკიდებულება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზნებისა, რაც ვალდორფის ასწლოვან, გერმანულ პედაგოგიკას აქვს.

ეხებიან, აგემოვნებენ, ყნოსავენ - ასე შეიმეცნებენ თავიდან ბავშვები სამყაროს.
ეხებიან, აგემოვნებენ, ყნოსავენ – ასე შეიმეცნებენ აქ თავიდან ბავშვები სამყაროს.

როგორ ეცნობიან ბავშვები სამყაროს – ვალდორფის ბაღის მეთოდი

ეხებიან, აგემოვნებენ, ყნოსავენ – ასე შეიმეცნებენ თავიდან ბავშვები სამყაროს. ხშირად ბაღებში ამ უნარების განვითარებას მხოლოდ ინტელექტზე ზეწოლით ცდილობენ. სკოლამდელებისთვის ამა თუ იმ საგნის შესწავლა, მშრალი ინფორმაცია და ზეპირებული ლექსები მხოლოდ დაუმუშავებელ ინფორმაციად რჩება.

წვიმასთან, ტალახთან, ქვიშასთან, ბუნებრივ მასალებთან შეხება ბავშვებს უზომოდ სიამოვნებთ და ამშვიდებთ, მათთვის ეს ერთგვარი თამაშიცაა და შემეცნების პროცესიც. ვალდორფის ბაღში ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, წვიმასა და ქარში მათ შესაბამისი აღჭურვილობა აქვთ გარეთ გასასვლელად და დასაკვირვებლად: როგორ წვიმს, თოვს ან როგორ აცხუნებს მზე. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ყველაფერს შეეხონ და თავად დააკვირდნენ.

ვალდორფის ბაღის ხელნაკეთი თოჯინები ბავშვებს

ვალდორფის ბაღში ვერ ნახავთ პლასტმასის სათამაშოებს. სკამები და მაგიდები ხისაა, ასევე, ყველა სათამაშო ხისა და ცვილისგანაა დამზადებული.

ნაჭრის, მატყლისა და სხვა ბუნებრივი მასალებისგან აქ მშობლები სპეციალურ სახელოსნოში თავად ქმნიან საკუთარი შვილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა თოჯინებს, ასე ისინი ვალდორფის ბაღის ცხოვრებაში ერთვებიან და საკუთარი შვილების უსაფრთხოებაში შეაქვთ წვლილი.

ბავშვები თავად წყვეტენ რა ითამაშონ, თავად ინაწილებენ როლებს, წესებსაც იგონებენ
ბავშვები თავად წყვეტენ რა ითამაშონ, თავად ინაწილებენ როლებს, წესებსაც იგონებენ.

ბაღი, სადაც ბავშვები გემრიელად მიირთმევენ

ბაღის სამზარეულოში ყველა კერძის დამზადებაში, რაც კეთდება, ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას: აცხობენ ორცხობილებს, იმზადებენ საუზმეს, ცხადია აღმზრდელებისა და მზარეულის დახმარებით.

ბავშვები თითქმის ვერასდროს ამბობენ უარს იმის მირთმევაზე, რის დამზადებაშიც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვით. აქ ხელით არავის აჭმევენ, უბრალოდ ეხმარებიან, ბავშვმა ჭამა თავად ისწავლოს. იგივე წესები მოქმედებს პირადი ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებითაც.

ვალდორფის ბაღში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებმა თავად სცადონ ყველაფერი და ასე დააგროვონ გამოცდილება. მიდგომა, რომ „მე ვაჭმევ და უფრო მალე შეჭამს“, „მე უფრო სუფთად დავბან“ – ვალდორფის ბაღში უცხოა,  ბავშვებთან ამგვარ დამოკიდებულებას აქ დათვურ სამსახურად მიიჩნევენ.

თავისუფალი თამაშები ფანტაზიის განვითარებისთვის

ვალდორფის ბაღში დღე თავისუფალი თამაშით იწყება, ბავშვები თავად წყვეტენ რა ითამაშონ, თავად ინაწილებენ როლებს, წესებსაც იგონებენ – შედეგად არ მეორდება ერთი და იგივე თამაში, ასაკის მატებასთან ერთად კი თამაში რთულდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება – ასე ბაღში ბავშვების უსასრულო ფანტაზიას მაქსიმალური განვითარების საშუალებას აძლევენ.

იმისთვის, რომ ბავშვების უშრეტ ფანტაზიას ბარიერები არ შეუქმნან, ვალდორფში თითქმის არ იყენებენ ამკრძალავ სიტყვებს: „არ ქნა“, „არ შეიძლება“… ცხადია, არსებობს აკრძალვები, მაგრამ სხვაგვარად ფორმულირებული, არაკატეგორიული და არგუმენტირებული.

აქ მშობლები სპეციალურ სახელოსნოში თავად ქმნიან საკუთარი შვილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა თოჯინებს
აქ მშობლები სპეციალურ სახელოსნოში თავად ქმნიან საკუთარი შვილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა თოჯინებს.

მშობლების ვალდორფული ცხოვრება

ვალდორფის პედაგოგიკა მშობლების ჩართულობის გარეშე არ არსებობს. ბავშვისთვის რეალობაში ჰარმონიულად ცხოვრების სწავლება თანაბრადაა დამოკიდებული როგორც მშობლებზე, ასევე ბაღზე. საუზმის მომზადება, ხელნაკეთი თოჯინების დამზადება – ამ ყველაფერში მშობლები ბავშვებთან ერთად მონაწილეობენ. ბავშვს ვალდორფის ბაღში არ აქვს შეგრძნება, რომ ბაღი და ოჯახი ორი სხვადასხვა, განსხვავებული და გახლეჩილი სამყაროა.

 ბაღის სამომავლო გეგმები ბათუმში

ბაღს მომავალში ექნება ქალაქიდან ოდნავ მოშორებით ეზოიანი და გამწვანებული საკუთარი შენობა, ეზო ბაღჩით, ბოსტნითა და შიგ მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით.

ბაღი, ბავშვი, ოჯახი – ვალდორფის პედაგოგიკისთვის ეს უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც უნდა გაძლიერდეს და მხოლოდ ამის შედეგად დადგეს საუკეთესო შედეგი.

ვალდორფის ახალი ბაღი ბათუმში ელის მშობლებს, რომლებიც საკუთარი შვილების დამოუკიდებელ ადამიანებად ჩამოყალიბებას მიიჩნევენ უმთავრეს მიზნად და გაცნობიერებული აქვთ, რომ თავისუფლად  აზროვნების უნარი ბავშვობიდანვე ყალიბდება.

ანა, ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებული: „მიჭირს თქმა, ვინ უფრო მეტი მასწავლა: მშობლებმა თუ ვალდორფის სკოლამ. აქ, პირველ რიგში, ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვას გასწავლიან, სამყაროში საკუთარი თავის მნიშვნელობის გააზრებას, სხვათა პატივისცემას და უშიშარ დამოკიდებულებას სიახლეებისადმი“.

დაუკავშირდით ვალდორფის ბაღს: 591 93 93 40

სკამები და მაგიდები ხისაა, ასევე, ყველა სათამაშო ხისა და ცვილისგანაა დამზადებული.
სკამები და მაგიდები ხისაა, ასევე, ყველა სათამაშო ხისა და ცვილისგანაა დამზადებული.

 

როგორი იქნება რომაული ბანაკი გონიოს ციხეში

გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ბანაკისთვის ანგარისა და ამფითეატრის მოწყობა იგეგმება, ასევე დაიდგმება კარვები და განთავსდება რომაული ბანაკისთვის დამახასიათებელი საბრძოლო და სხვა ინვენტარი. ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 220 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი.

„რომაული ბანაკი, ეს არის კონცეფცია. ისტორიულად ციხეში რომაული გარნიზონები იდგა და როგორი ტიპის კარვებშიც ცხოვრობდნენ, იმის ანალოგიური გაკეთდება. შევისყიდით შესაბამის ატრიბუტიკას და განვათავსებთ, რაც რომაული ჯარის ყოფა-ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგვიქმნის. ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ რომაული ყოფა, რაც არსებობდა ამ ციხის ტერიტორიაზე“ – გვითხრეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

რომაული ბანაკის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერები არ შედგა და სააგენტომ ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

კარვებისა და ინვენტარის დამზადებისთვის სატენდერო თანხა 114 ათასი ლარია. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 5 ოქტომბერს დასრულდება; ბანაკისათვის ანგარისა და არენის მოსაწყობად კი  107 500 ლარია გათვალისწინებული. ეს ტენდერი 19 ოქტომბერს დასრულდება.

ანგარისა და არენის მოსაწყობად ადრე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რომელიც არ შედგა, სავარაუდო თანხა 178 500 ლარი იყო, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი თანხა 71 ათასი ლარითაა შემცირებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ „პროექტში დაჯამება იყო არასწორი.“

რაც შეეხება არშემდგარ ტენდერებს, სააგენტოში გვითხრეს, რომ მათი აზრით, მთავარი პრობლემა იყო პრეტენდენტის სამუშაო გამოცდილებაში მოთხოვნა, რომ მას უშუალოდ ძეგლზე უნდა ჰქონოდა ჩატარებული სამუშაოები. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტს ძეგლზე მუშაობის გამოცდილება აღარ მოეთხოვება.

„ვინაიდან უშუალოდ ძეგლზე არ არის სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი, ამიტომ შესაბამისი გამოცდილება მოთხოვნიდან ამოვიღეთ. გავაფართოვეთ მონაწილე პირების სპექტრი, პრეტენდენტისგან ვითხოვთ სამშენებლო და სხვა შესაბამის  გამოცდილებას, თუმცა თამასა თანხის [იმ სამუშაოების რაც ადრე აქვს შესრულებული] ავწიეთ. ბაზარზე ასეთი კომპანიები არის,“ – გვითხრეს სააგენტოში.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ რომ „რომაული ბანაკის მოწყობა დაეხმარება, ერთი მხრივ, გონიოს ციხის პოპულარიზაციას და ასევე, ამ კომპლექსის კომერციალიზაციას“.

ანგარი / ფოტოები და ამონარიდი სატენდერო დოკუმენტებიდან

რომაული სამხედრო ბანაკი /კარვების ანალოგიები / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამ თემაზე:

114 ათასი ლარი გონიო-აფსაროსში რომაული ბანაკის მოსაწყობად

განათლების საკითხებზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ოთხმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველომ“, ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა.

შერჩეულ საგრანტო პროექტებს განახორციელებენ ორგანიზაციები: „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, „მშობლები განათლებისთვის“, „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“ და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“.

კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა საგნობრივ ასოციაციას, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს მინიმუმ ერთი წელი.

„განათლება ყველასთვის-საქართველოს“ ინფორმაციით, კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს ასოციაციებს თავიანთი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში, „რაც ემსახურება ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიცაა: ახალი წევრების მოზიდვა, საწევრო გადასახადების სისტემის ამოქმედება და წევრებისათვის ინოვაციური სერვისების მიწოდების შემუშავება“.

 

აქცია მწვანე კონცხის ჩაბეტონების წინააღმდეგ – „ბათომი“ მერიას სასამართლოში უჩივლებს

საზოგადოება „ბათომი“ ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს საზოგადოების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ პრესრელიზის ტექსტს, რომელიც „ბათომმა“ გაავრცელა: „მერმა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები, რომელიც ძველ უბანს ცათამბჯენებისგან დაიცავდა, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა, მოგვიანებით თვითნებურად შეცვალა. დაცვის ზონიდან გაქრა ქალაქისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცე, ბათუმის რივიერა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები. სწორედ იქ, სადაც 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება.  მათ შორის ერთის – 54-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია.

საზოგადოება „ბათომი“ მიიჩნევს, რომ ლაშა კომახიძემ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და აპირებს მიმართოს სასამართლოს.

კანონი დაირღვა მწვანე კონცხის სანაპიროს ერთ ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსი საქმიანი ზონით შეცვლის დროსაც.

გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 28 სექტემბერს მიიღო, ამით  სამშენებლო კომპანიას საშუალება მიეცა ორი 28-სართულიანი კორპუსი ააშენოს.

კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა სჭირდება, მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონა, მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. ეს თავად აღიარა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ამ უკანონო გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება, რომელიც უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია.

სანაპირო ზოლისა და ლანდშაფტის დამახინჯების თვალსაჩინო მაგალითი უკვე გვაქვს კვარიათის მაგალითზე, სადაც  მთასა და ზღვას შორის უსახური და უპროპორციო, გარემოსთან შეუსაბამო ბეტონის კორპუსებია აღმართული.

მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილებები აუარესებს ჩვენს  საცხოვრებელ გარემოს, ვკარგავთ სანაპირო ზოლს, რეკრეაციულ სივრცეს და ქალაქის ისტორიულ კულტურულ ღირებულებას.

შემოგვიერთდით, კვირას, 7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, 14:00 საათზე.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებისა და მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში მიწის გასხვისების ფაქტის შესწავლა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „გამჭვირვალობა საქართველომ“, „ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“,  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა, სადაც მიიჩნევენ, რომ მაღალია ალბათობა კანონმდებლობა იყოს დარღვეული.

ჩვენს საპროტესტო აქციებს უერთდება „ჰამქარი“ და „მწვანე მუშტი“.

ვიწყებთ ბათუმის დასაცავად – საზოგადოება „ბათომი“  ბათუმელებთან ერთად ამჯერად სანაპირო ზოლისა და რეკრეაციული სივრცეებში ჩინოვნიკების უხეში და მავნებლური ჩარევებით, საზოგადოებრივი სივრცეების მიტაცებას ვაპროტესტებთ.“

„ბათომი“ ამ თემაზე ბრიფინგს დღეს,  14 საათზე, დრამატულ თეატრთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ გამართავს.

______________

ამავე თემაზე: 

28-სართულიანი კორპუსები მწვანე კონცხზე – “ბათომის“ პროტესტი საკრებულოში

 

 

სოციალურად დაუცველების აქცია ქობულეთში – სააგენტოს პოლიცია იცავს

ქობულეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობას ამ წუთებში [10:51 საათი, 3 ოქტომბერი] პოლიცია იცავს. სააგენტოს შენობის წინ სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ, ისინი სოციალური სააგენტოს უფროსთან, თემურ ჭანტურიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე, სურთ სააგენტოს უფროსმა პირადად შეამოწმოს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები.

“სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი პოლიციით იცავს თავს ხალხისგან და აყენებს შეურაცხყოფას,” – უთხრა ბათუმელებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ხათუნა მიქელაძემ. ათეულობით სოციალურად დაუცველი სააგენტოს უფროსისგან ითხოვს განმარტებას, თუ რატომ შეუჩერდათ სოციალური დახმარება.

აქციის მონაწილის თქმით, გუშინ, 2 ოქტომბერს, მივიდნენ სააგენტოში სიტუაციის გასარკვევად, რა დროსაც სააგენტოს უფროსმა შეურაცხყოფა მიაყენა მათ.

“გუშინ ვუთხარი აგვიხსენი, რატომ მოხდა და რატომ შეგვიჩერდა დახმარება-მეთქი. ერთხელ რომ აგვიხსნეს და ვერ გავიგეთ, კიდევ ვთხოვეთ ახსნა. “თქვენ ვერ მიხვდითო. მიუხვედრელები ხართო, არ გაქვთ იმის უნარი, რომ მიხვდეთო, – ასე გვითხრა თემურ ჭანტურიშვილმა,” – ყვება „ბათუმელებთან“ ხათუნა მიქელაძე.

ფოტო მოგვაწოდა ბონდო თედორაძემ

ამავე თემაზე:

რატომ დატოვა სახელმწიფომ 17 ბავშვი და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3-4 ოქტომბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21  – 26  გრადუსი  
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20  გრადუსი 
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 22,5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12 დმ (2-3 ბალი).

5 ოქტომბერს, ღამის და დილის საათებში, მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი. მომდევნო 2 დღეს, 6-7 ოქტომბერს, ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“-აქციას „ანრის“ სტუდენტები და ადმინისტრაცია შეუერთდა

დღეს უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს. სტუდენტების ნაწილი დღეს პირველად გახდა დონორი თუმცა , მათ გამოთქვეს სურვილი და მზად არიან, ითანამშრომლონ სისხლის ბანკთან და არამარტო აქციის დროს, არამედ სხვა საჭირო დროსაც გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.

„ანრი“ ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც გაარძელებს ამ ინიციატივის მხარდაჭერას, რადგან აქციაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე უამრავი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

ანრის სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
„ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
ანრის სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
„ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
ანრის სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
„ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
ანრის სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს
„ანრის“ სტუდენტებმა და პედაგოგებმა სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლი გაიღეს

დენის, გაზისა და წყლის კომპანიებს „იდუმალი მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შეამოწმებენ 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ რეგიონებში პროექტის – „მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ განხორციელებას იწყებენ.

„საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ 11 კომპანიაში შემოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს კომპანიები განსაზღვრულ ვადებში არ აღმოფხვრიან, კომისია მათ წინააღმდეგ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს,“ – აცხადებს სემეკი.

„მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შემოწმდება შემდეგი მომსახურებები: ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმება; ელექტრონული ქვითარი და ტექსტური შეტყობინება; გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა; გეგმიური წყვეტა; ქოლცენტრის მომსახურება.

კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება:

[checklist]

  • სს „თელასი“;
  • სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
  • შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“;
  • შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“
  • სს „საქორგგაზი“;
  • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“
  • შპს „ინტერგაზი“;
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“;
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
  • შპს „ბათუმის წყალი“;
  • შპს „რუსთავის წყალი“.

[/checklist]

სემეკის ინფორმაციით, „მისტიური [იდუმალი] მომხმარებლის“ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ 4 სერვისი“ განახორციელებს.

სემეკის განცხადებით „კომისიამ „მისტიური (იდუმალი) მომხმარებლის“ პროექტის განხორციელება ქ. თბილისში 2017 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად. გადამოწმების შედეგად დადასტურდა დარღვევების უმეტესი ნაწილის გამოსწორება“.

ამ თემაზე:

დენის, გაზისა და წყლის მიმწოდებელ კომპანიებს მომხმარებელი იუსტიციის სახლიდანაც მიმართავს – სიახლე

საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვაზე ბათუმში ჩილელი მომღერალი იმღერებს

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის სპეციალური სტუმარი, ჩილელი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი იუგა ეწვევა – ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.

„იუგა მუსიკალურ სამყაროში 2008 წელს გამოჩნდა და ყურადღება მიიპყრო ჟანრის მრავალფეროვნებით – მღერის ბლუზს, კლასიკურ როკს, ოპერას, შანსონსა და პოპს. გამოშვებული აქვს 3 CD, ავტორია რამდენიმე თეატრალური შოუსი, რომელთაგან გამორჩეული იყო ედიტ პიაფისადმი მიძღვნილი სანახაობა, რომელმაც დიდი წარმატება ჰპოვა არგენტინასა და ურუგვაიში – იუგა ედიტ პიაფად გარდაისახა.

დღესღეობით იუგას ახალი გატაცება აქვს – ჭადრაკი და მუსიკა. პირველ ასეთ კომპოზიციას „ო, კაპაბლანკა“ ეწოდა, რომელიც კომპოზიტორმა 2018 წლის აგვისტოში გამოუშვა. სწორედ ამ ახალი კომპოზიციითა და პერფორმანსით ეწვევა იუგა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. როგორც ჩილელი არტისტი აცხადებს, ეს საქართველოსა და ბათუმის ოლიმპიადისადმი, და, ზოგადად, ჭადრაკისადმი განკუთვნილი საჩუქარია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იუგა უსასყიდლოდ ჩამოდის საქართველოში და ჰონორარის გარეშე მიიღებს მონაწილეობას 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალში, რომელიც 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, 20 საათზე გაიმართება.

„შემოდგომა ქედაში -2018“ სიახლეებით გამოირჩეოდა

„შემოდგომა ქედაში – 2018“ სასიამოვნო სიახლით გაიხსნა. მახუნცეთში, თამარ მეფის ხიდთან, ქედის მუნიციპალიტეტსა და უკრაინის ქალაქ კრემენცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ხელი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და კრემენეცის მერმა ალექსეი კოვალჩუკმა მოაწერეს. მხარეები კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ითანამშრომლებენ.

ცერემონია ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ „ელესას“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერით“ და უკრაინულ და ქართულ ენაზე აჟღერებული „სულიკოთი“ გაიმართა.

ქედის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კრემენცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ხელი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და კრემენეცის მერმა ალექსეი კოვალჩუკმა მოაწერეს.
ქედის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კრემენცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ხელი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და კრემენეცის მერმა ალექსეი კოვალჩუკმა მოაწერეს.

დასასრულს, უხუცესთა ანსამბლმა „ფესვებმა“ „ხორუმი“ წარმოადგინა.

„ევროპული წლის“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგების ფერმერებმა, მეღვინეებმა, მეთაფლეებმა, მეთამბაქოეებმა, ქედის ღვინის საწარმომ – „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ – KTW“-მა, ხილის საწარმომ „ნენამ“ და სიგარების საწარმომ „იმერმა“ პროდუქცია ქედის ხიდზე გამოფინეს. პუბლიკაციები გამოფინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „სენმა“, „დემოკრატიის ინსტიტუტმა“, ნატოს საინფორმაციო ცენტრმა და ქედის განვითარების ჯგუფმა #ქედალიდერმა. გამოფენაზე მისულ ვიზიტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ასევე, სულხან სალაძის წიგნი, „უცნობი ძველი აჭარა“ შეეძინა.

ქედის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კრემენცს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს ხელი ქედის მერმა ლევან გორგილაძემ და კრემენეცის მერმა ალექსეი კოვალჩუკმა მოაწერეს.
„შემოდგომა ქედაში 2018“

ღონისძიების ფარგლებში, დილიდან მახუნცეთსა და დაბა ქედის ქუჩებში, #ქედალიდერის მოხალისეები ქედის განვითარების ჯგუფის მიერ დაბეჭდილ პროგრამებს ავრცელებდნენ, ხოლო ქედის ღვინის საწარმოს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ფინანსური მხარდაჭერით, მოეწყო ღია ტიპის ავტომობილით მსვლელობა. ახალგაზრდების მიერ ქედის მერიაში შემოტანილი პროგრამის  – „სთრით-არტის“ პრეზენტაცია დაბაში გაიმართა, სადაც მოხალისეებმა მოხატული ცენტრალური კიბის კედელი და მოხატული გადასასვლელი ვიზიტორებისთვის ფოტოსესიის ადგილად აქციეს.

სახალხო დღესასწაულს სპორტული აქტივობები 1975 წლიდან შეუერთდა, მას შემდეგ ღონისძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სახალხო დღესასწაულს სპორტული აქტივობები 1975 წლიდან დაემატა, მას შემდეგ ღონისძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სახალხო დღესასწაულს სპორტული აქტივობები 1975 წლიდან დაემატა, მას შემდეგ ის ღონისძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ტრადიციისამებრ, ქართულ ჭიდაობაში გამოვლენილი ფალავანი დიეგო მახარაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, შუქრი თურმანიძემ, ცხვრით დააჯილდოვა.

ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშების, რეწვის მასალების, ტრადიციული კულინარიის, სოფლის მეურნეობის ნობათების გამოფენები, დეკორატიული კუთხეები, აჭარული კერძების მომზადების იმიტაციები, ინსცენირება ფილმიდან ,,მევლუდი“, ზაზა ხალვაშის ფილმის „ნამეს“ ექსკურსი, ბავშვთა გასართობი კუთხე და პეტიციის საფუძველზე ცენტრალური პარკისთვის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭება – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ტრადიციული ღონისძიების ფარგლებში ცენტრალურ პარკში გაიმართა, რომელსაც მალე ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭება.

ტრადიციულ ღონისძიებაზე საპატიო ქედელის დასახელებას გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი. სხვადასხვა ნომინაციაში წელს სულ 8 მოქალაქე დაჯილდოვდა: 3 „ღვაწლმოსილი ქედელის“ წოდებით, ერთი – „საპატიო ქედელის“, ხოლო ერთს გადაეცა „საპატიო ქედის მოქალაქის“ წოდება. წელს ნომინაციებს შეემატა „კოლორიტის“ წოდება და 2 მოქალაქე დაჯილდოვდა, ხოლო ერთს გადაეცა მადლობის სიგელი გაწეული ღვაწლისთვის.

ღონისძიება სოფელ ვაიოში, მალხაზ გორგილაძის ვენახში, ყურძნის დაკრეფისა და ღვინის დაწურვის ცერემონიით დასრულდა. 2011 წლიდან ოჯახი რეგიონში ცნობილი ერთ-ერთი საოჯახო ტიპის ღვინის მარნის – „მახოს მარანი“ – მეპატრონეა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – უკრაინიდან, აშშ-დან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, ტაჯიკეთიდან, ისრაელიდან და ა.შ, ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად ჰყავს სტუმრად.

საღამო დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.

„ჯივილის“ ორმაგი აქცია ერთგული მომხმარებლებისთვის

ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში „ჯივილი“- ორმაგი აქციაა:  #აიღე 2 ერთის ფასად და #70 % ფასდაკლება.

აქცია გრძელდება 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.

#ჯივილშიუკეთესია

გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქუჩა N88

როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ოქსოდეგრადირებადი, ასევე, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის [ცელოფნის] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკები კი 2019 წლის პირველი აპრილიდან მთლიანად აიკრძალება და დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები.

ბიოდეგრადირებადი პარკები არ არის იდეალური გამოსავალი მაგალითად, ზღვებისა და ოკეანეებისთვის. ასეთი მასალისგან დამზადებული პარკი წყალში იძირება და ზღვის ფსკერზე მისი დაშლა არ ხდება.

„თუ გარემოზეა საუბარი, უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფოს არა პარკების აკრძალვაზე, არამედ მათ შეგროვებაზე ეფიქრა, ვინაიდან ცელოფნის ალტერნატივა არის მუყაო, რომლის დამზადებასაც ხე-ტყე სჭირდება და ამ კუთხითაც თუ შევხედავთ, სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე. ცელოფანი, პლასტმასი განახლებადი პროდუქტია, რომელსაც შესაბამისი დანადგარებით გადაამუშავებ და ხელახლა იღებ პროდუქციას. დღეს საწარმოებს არ უღირთ მეორადი პარკებისა თუ ბოთლების ჩაბარება, იმიტომ, რომ ისეთი ფასებია, თავის მხრივ, მოსახლეობას არ უღირს მისი შეგროვება და ჩაბარება [ჯართისგან განსხვავებით]. მაგრამ საწარმოს მიერ დადებულ ფასს რომ სახელმწიფომ რაღაც თანხა დაამატოს, მოსახლეობას მოტივაცია გაეზრდებოდა და ნარჩენ მასალებს ჩააბარებდა,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე, რომელიც ქობულეთში ცელოფნის პარკების საწარმოს ამუშავებს.

მისივე თქმით, მსგავსი მეთოდი ევროპის ქვეყნებში აპრობირებულია, სადაც მეორადი ნედლეულის მიღებაზე სახელმწიფო გარკვეულ თანხას ამატებს:  „მაგალითად, 33 ცენტად თუ იყიდება გერმანიაში წყალი პლასტმასის ბოთლში, 25 ცენტად ბარდება უკან ცარიელი ბოთლი. საწარმოს 25 ცენტის გადახდა, რა თქმა უნდა, არ უღირს, ურჩევნია სხვა ნედლეული იყიდოს,  ვინაიდან გადამუშავებას თავისი ხარჯი აქვს. 25 ცენტიდან კი 10 ცენტს იხდის საწარმო და 15 ცენტს სახელმწიფო ამატებს, ასეთ შემთხვევაში უღირს საწარმოს მიიღოს უკვე გამოყენებული ბოთლები. თუმცა, სამოქალაქო განათლების ამაღლებაც საჭიროა მომხმარებლებში, რომ არა მარტო ჩააბაროს და ფული აიღოს, არამედ მან უნდა იცოდეს, რომ შეაგროვოს ასეთი მასალები, რათა ნაგავსაყრელზე, გარემოში არ მოხვდეს. თუ ეს ორი კომპონენტი იმუშავებდა, ვფიქრობ, რომ ცელოფნის ამოღება არ იქნებოდა საჭირო“.

ნარჩენების სეპარაცია, ანუ გადარჩევა [გამოცალკევება] და შეგროვება 2019 წლის თებერვლიდან მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. მათ ამას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ავალდებულებს. ძირითადად, უნდა მოხდეს ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და ლითონის გამოცალკევება.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას 2019 წლისთვის მაინც პილოტური ხასიათი ექნება და ის რამდენიმე მსხვილ ქალაქში დაიწყება: „არის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც ნიშნულებია გაწერილი, რასაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ გარკვეულ პერიოდში. ძირითად ათვლის წერტილებად აღებულია 2020, 2025 და 2030 წელი. პარალელურად უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის მიჩვევა, რომ სეპარირებული იქნეს ნარჩენები და შესაბამისად, ისინი სხვადასხვა კონტეინერში ჩააგდონ“.

„ახლა ვმუშაობთ, თუ რამდენი კონტეინერი დაგვჭირდება ამისთვის, რამდენი გადამზიდავი მანქანა. იქნება თუ არა საჭირო დამატებით ადგილების გამოყოფა, სადაც ხელახალი გადარჩევა მოხდება ნარჩენების, ვინაიდან მოსახლეობამ შეიძლება მაინც აურიოს ეს ნარჩენები. სამინისტრო არ მუშაობს აჭარის რეგიონსა და თბილისზე. თუ რა და რამდენი იქნება საჭირო, ამას USAID-ის პროექტის ფარგლებში დაითვლიან. დედაქალაქსა და აჭარაში ეს პროექტი მუშაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ალვერდ ჩანქსელიანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი.

კოდექსით არის მეორე ვალდებულებაც, რომელიც მეწარმეებს შეეხება და რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შედის. ეს არის ე.წ. „წარმოების გაფართოებული ვალდებულება“, ანუ მწარმოებლის ვალდებულება, მის მიერ წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენები თავად შეაგროვოს და გადაამუშაოს.

მაგალითად, თუ მეწარმე ცელოფნის პარკს ან პოლიეთილენის ბოთლებს აწარმოებს, ის თავად იქნება ვალდებული შეაგროვოს მეორადი პარკები და ბოთლები და მიიტანოს გადამამუშავებელ საწარმოში.

„შეფუთვის ნარჩენების შეგროვებაში „წარმოების გაფართოებული ვალდებულება“ ნაწილობრივ გადაფარავს სეპარირებული შეგროვების სისტემას და გარკვეული თანამშრომლობა ჩამოყალიბდება მეწარმეებსა და მუნიციპალიტეტებს შორის. მომავალი წლის დეკემბრის ბოლოდან სეპარირება-შეგროვებას ექვემდებარება „შეფუთვის ნარჩენები [პარკები, ბოთლები, როგორც პლასტმასის ასევე ლითონის], აკუმულატორები, ბატარეები, ნახმარი ზეთები, საბურავები, მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, ასევე, ელექტრონული მოწყობილობები. კანონი მიუთითებს, რომ ეს შეგროვება უნდა განახორციელოს მწარმოებელმა ინდივიდუალურად ან კოლექტიურად,“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

მისივე თქმით, ევროპაში კოლექტიური მეთოდია მიღებული, როცა მსგავსი საწარმოები ერთიანდებიან, აკეთებენ არამომგებიან აიპ-ის მსგავს ორგანიზაციას, რომელიც შემდეგ ნარჩენების შეგროვების და გადამუშავების მენეჯმენტს ახორციელებს.

„მეწარმეს ექნება შენატანი იმ ორგანიზაციაში – მის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის და გადამუშავების სირთულის მიხედვით. ეს პროდუქციას გარკვეულწილად გააძვირებს, თუმცა არა იმდენად, რომ რიგით მომხმარებელზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სამაგიეროდ, ფინანსების აკუმულირება ხდება ერთ სივრცეში, რომელიც შემდეგ მოხმარდება ნარჩენების გამოცალკევებას და მის პირველად თუ შემდგომ გადამუშავებას“ – ამბობს ჩანქსელიანი.

ამ მექანიზმსა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაზე სამინისტრო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მუშაობს. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, წლის ბოლომდე იქნება ყველა ნორმატიული აქტის პროექტი და მთავრობას შეთავაზებენ  განსახილველად: „აქ დეტალურად იქნება გაწერილი რა ვალდებულება ექნება მწარმოებელს. როგორი ორგანიზაცია უნდა შექმნას, ის ორგანიზაცია როგორ უნდა დარეგისტრირდეს, როგორი იქნება მისი ფინანსური ინსტრუმენტები ზოგადად, მონიტორინგის სისტემა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს მუნიციპალიტეტი მასთან და ა.შ“.

მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის [ამოცანა სამოქმედო გეგმიდან]:

რაც შეეხება შეფუთვის მასალების ჩაბარებას, ალვერდ ჩანქსელიანი ამბობს, რომ ეს არის ე.წ. დეპოზიტის სისტემა, რომელიც „წარმოების გაფართოებული ვალდებულების“ ქვეშ მოიაზრება:

„არის წარმოების გაფართოება დეპოზიტის გარეშე და დეპოზიტით. როცა კონტეინერები განთავსებულია მოსახლეობისთვის ხელსაყრელ ადგილებში, მოსახლეობას გამოაქვს სეპარირებული ნარჩენები, ყრის შესაბამის კონტეინერში და შემგროვებელს მიაქვს გადასამუშავებელ საწარმოში – ესაა დეპოზიტის გარეშე. მეორე კი, ამასთან ერთად როცა არის დეპოზიტის სისტემაც, ანუ შეგიძლია მაგალითად ბოთლები შეაგროვო, შესაბამის პუნქტში ჩააბარო და მიიღო თანხა. ევროპის ზოგ ქვეყანაში არის ეს სისტემაც. დგას შესაბამისი მიმღები დანადგარი, სადაც სოციალურად დაუცველთა თუ სხვა ანგარიშებიცაა გამოკრული. თუ შენ ვალდებულება შეასრულე, მიიტანე ვთქვათ ბოთლები ჩააბარე და ეს თანხა არ გჭირდება, შეგიძლია თანხა, რაც გეკუთვნის, იქვე გადარიცხო რომელიმე ანგარიშზე. ეს სისტემა ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მაგრამ ყველგან არა“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მუშაობენ იმაზეც, თუ რომელი სისტემა იქნება მისაღები საქართველოსთვის – დეპოზიტით, თუ დეპოზიტის გარეშე.

„შესაფუთი ნარჩენების მიღების ფასი ისეთი უნდა იყოს, რომ პირს უღირდეს შეგროვება და ჩაბარება. კანონი არ კრძალავს ისეთი კომპანიების არსებობასაც, რომლებიც იმუშავებენ დახარისხებული ნარჩენების მიღებაზე, თუმცა მას სჭირდება შესაბამისი ავტორიზაცია და ლიცენზია გარემოს სამინისტროსგან. ასეთი რამდენიმე საწარმო დღესაც არის. 2020 წლიდან კი ასეთი საწარმოებს მოუწევთ ითანამშრომლონ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციებთან. ეს თანამშრომლობა კი იქნება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული“ – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

ნაჩენების შეგროვების ვალდებულება დაეკისრება ადგილობრივ მეწარმეს, ასევე იმპორტიორს, რომელთა ადგილზე წარმოებულ თუ იმპორტირებულ პროდუქტებსაც ექნება სპეციფიკური ნარჩენები, რომლებიც სეპარირებას ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

 

 

ლავასოღლის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის შეწყვეტა მოსთხოვა

დღეს, 2 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების შეწყვეტა ოთხივე ბრალდებულმა მოითხოვა, რომლებსაც ქურდული სამყაროს წევრობას ედავება გამოძიება. მათ შორისაა მინდია ლავასოღლი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში იმყოფება. სასამართლოში მის ინტერესებს ადვოკატი იცავს.

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 11 პირი 17 ივლისს ბათუმში დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ ქურდული „ობშიაკის“ შესავსებად. საქმის მასალებში არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც – კანონიერ ქურდობაში ბრალდებულები „დაზარალებულებს  ემუქრებოდნენ სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებით“. პროკურატურის თქმით, ბრალდებულები ბათუმში, გონიოსა და ახალშენში იბარებდნენ დაზარალებულებს და აიძულებდნენ ქურდული „ობშიაკისთვის“ თანხის შეწირვას.

ბრალდებულებს საქმის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება წინასასამართლო სხდომის ბოლო ეტაპზე ეძლევათ, როცა მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს თუ არა. ამას მოსამართლე იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ დაინახა, რომ პროკურატურა აშკარად უსაფუძვლოდ და კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებით ცდილობს ბრალის დამტკიცებას.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ თითქოს ლავასოღლი ინტერნეტსივრცეში რაღაცას აგვარებდა…“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. იგი სასამართლოში ლავასოღლის ინტერესებს იცავს.

არსებით განხილვამდე საქმის შეწყვეტა და პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება ასევე მოითხოვეს: ივანე გიგიაძის, ზაალ ახვლედიანის და შოთა კეკელიძის ადვოკატებმა. ეს ბრალდებულები სასამართლო პროცესს ესწრებიან ლავასოღლისგან განსხვავებით.

წინასასამართლო პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა საქმის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

„საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს,“ – უთხრა მოსამართლემ ადვოკატებს.

მოსამართლემ ადვოკატების არც ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლითაც ისინი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდნენ.

„შინაარსობრივ განხილვაში ვერ შევალ…“ – თქვა მოსამართლემ ადვოკატების პოზიციების მოსმენის შემდეგ.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების ადვოკატებმა რამდენიმე დარღვევაზე მიუთითეს მოსამართლეს, მაგალითად, ბრალდებულის ხმის ექსპერტიზაზე.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატიული ექსპერტიზა, რაც ადასტურებს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ყალბია. ექსპერტი სამ საათში ვერ მოისმენდა იმ აუდიოჩანაწერებს, რასაც ალტერნატიული დასკვნის მიხედვით, მინიმუმ ერთი თვე დასჭირდებოდა.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ ნიმუშად აიღო ბრალდებულის სასამართლო დარბაზში გაჟღერებული ხმა, რაც ნიმუშად ვერ გამოდგებოდა,“ – აღნიშნა გიორგი წაქაძემ, ბრალდებულ ივანე გიგიაძის ადვოკატმა.

მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ არსებობს სამართლებრივი სტანდარტები, რასაც მოსამართლე ვერ დაარღვევს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დასაშვებად მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც ბრალდების და დაცვის მხარემ წარმოადგინა სასამართლოში.

წინასასამართლო სხდომა ამავე საქმეზე დაკავებული სხვა ბრალდებულების მიმართ ახლაც გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია, რომელი მოსამართლე გამოუტანს განაჩენს ბრალდებულებს. მოსამართლეს, რომელმაც წინასასამართლო პროცესი ჩაატარა, საქმის არსებითად განხილვის უფლება არ აქვს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს თავისუფლების აღკვეთა ელით 7-დან 10 წლამდე ვადით.

ამ თემაზე:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, რომელსაც შსს-მ ბრალი წარუდგინა

4 ოქტომბერს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის 328-ე აუდიტორიაში გაიმართება მწერალ დათო ტურაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრა ტარდება ლიტერატურული კონკურსის – „შემოდგომის ლეგენდა“ – ფარგლებში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია.

კონკურსში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა 14 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გაგზავნონ: პროზაული ნაშრომი – მოთხრობა ან ნოველა [შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან] ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია [შრიფტი – Sylfaen, ზომა – 11] და შევსებული ანკეტა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გაიმართება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს: I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო; II ადგილი – 700 ლარი; III ადგილი – 500 ლარი.

ოქტომბერში ბათუმის ბულვარში 250 ათას ერთწლოვან ყვავილს დარგავენ

ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, ზღვისპირა პარკში ოქტომბრის ბოლომდე 250 ათასი ძირი სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების – პრიმულას, ვიოლასა და მიხაკის ჯიშის ჩითილები ძველ ბულვარში ეტაპობრივად დაირგვება.

მანამდე კი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ძველ ბულვარში სხვადასხვა მონაკვეთზე არსებულ საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა.

„მოხდა სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების ამოღება, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება და სარეველებისაგან გათავისუფლება.

წლის ბოლომდე კი, მცენარეთა კოლექციას 2 ათას 500 ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხე-მცენარეც შეემატება“.

 

მინისტრი: შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება

სკოლა-პანსიონების დახურვასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა განცხადება დღეს, 2 ოქტომბერს, გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფლების: ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება და „ისინი მოექცევიან სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს,“- ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და მათი მუშაობა დროებით შეჩერდა.

სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, რომელიც იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხო, სადაც ბავშვები და მოზარდები 24 საათის განმავლობაში რჩებიან.

კანონი ითვალისწინებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც გულისხმობს იმას, რომ დაწესებულებაში, სადაც ბავშვი 24 საათს ატარებს, საძინებელ ოთახში მხოლოდ ორ ბავშვს უნდა ეძინოს და ერთ ბავშვზე მინიმუმ 6 კვ/მ ფართობი უნდა იყოს გათვალისწინებული.

სტანდარტი მოითხოვს საძინებელში, კვების ობიექტებსა და სველ წერტილებში ჰიგიენური ნორმების დაცვას და დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტებას.

კანონის ამოქმედების შედეგად დაიხურა შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონები, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, 27 ბავშვი განათლების გარეშე დარჩა, რადგან სკოლა-პანსიონებმა სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს.

რეგულირების სააგენტოს, ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ბურდულაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებს ლიცენზიის მოპოვების თაობაზე სააგენტოსთვის არ მიუმართავთ.

„ლიცენზიების მოპოვების პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს, ამ პერიოდში სკოლა-პანსიონებს შეეძლოთ მიემართათ სააგენტოსთვის ლიცენზიის მოთხოვნით.

არიან დაწესებულებები, რომლებმაც ამ პერიოდიდან მოგვმართეს და ეს ლიცენზია მოპოვებული აქვთ. დღეის მდგომარეობით, შესაბამის სამსახურში სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად არც ერთი დაწესებულების განაცხადი არ არის შემოსული,“- ამბობს ის.

ბურდულაძის თქმით, განაცხადის გაკეთების შემდეგ პროცედურა ითვალისწინებს დოკუმენტაციის შესწავლას, შემდეგი პროცედურა  კი სალიცენზიო პირობების ადგილზე გადამოწმებაა, რაც მთლიანობაში 30 კალენდარულ დღეს მოიცავს.

2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ფშავ-ხევსურეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელ უწყებებს დროული რეაგირების განხორციელებისკენ მოუწოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში პანსიონების ფუნქციონირების აუცილებლობას ის ფაქტი მიუთითებს, რომ სოფლების ნაწილში არ არის საჯარო სკოლები, ბავშვები კი, ათეულობით კილომეტრის გავლას ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობისა და საგზაო პრობლემების მიზეზით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების განათლების უფლებაზე მისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის ბარიერების დაძლევის გზით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი გაგზავნილ მიმართვაში სახალხო დამცველი დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები გატარდა სასწავლოს წლის დაწყებამდე პანსიონებში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და წინასწარ შეატყობინეს თუ არა ბავშვების ოჯახებს პანსიონების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოუწოდა დროულად იქნას შესწავლილი საკითხი და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება ბავშვების განათლების უფლების უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი აცხადებს, რომ  ახლო მომავალში უნდა შემუშავდეს პოლიტიკა ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, „რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით.“

 

 

ამავე თემაზე:

 

ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს

 

 

ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე

„ცოტა ღრმა ანალიზი სჭირდება ამას მუნიციპალიტეტისგან. თუ მუნიციპალიტეტი იტყვის, რომ ხალხი უარს ამბობს, ერთიც ხალხია და მეორეც…“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ქობულეთის მერიის წარმომადგენელს “ქობულეთის პანსიონის საქმის” განხილვის დროს.

ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტს 2016 წელს მიმართა და ქობულეთის პანსიონის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა მოითხოვა.

საუბარია პანსიონზე, რომლის გახსნის საშუალება ადგილობრივმა მოსახლეობამ მუსლიმ თემს 2014 წელს არ მისცა. მაშინ პანსიონს პროტესტის ნიშნად ღორის თავი მიაჭედეს.

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე” დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიუხედავად, ქობულეთის მერია უკვე ორ წელზე მეტია დისკრიმინაციის აღმოფხვრას არ ცდილობს.

“არ შეიძლება ასე ცალსახად იმის თქმა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი არღვევს მუსლიმთა უფლებებს. პირიქით, ჩვენ დაინტერესებული ვართ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების, ჩვენ ვცდილობთ პრობლემის დეესკალაციას, რომ ისევ არ მოხდეს დაპირისპირება,”- მიმართა ქობულეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თეონა გეგიძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

“ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას…” – აღნიშნა თავის გამოსვლაში ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

საქმეში მესამე პირად ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა ურთიერთობაა” ჩართული. ეს ორგანიზაცია ხსნიდა პანსიონს ქობულეთში, ლერმონტოვის 13 ნომერში.

მოსამართლე დაინტერესდა, რა გააკეთა ქობულეთის მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად.

“ეს შენობა მჭიდროდ დასახლებულ ზონაში მდებარეობს. მოსახლეობა გამოხატავს პროტესტს, რადგან არ სურთ ტურისტულ ზონაში საგანმანათლებლო დაწესებულება,”- აღნიშნა თეონა გეგიძემ.

“მართლმადიდებლური პანსიონი თუ გაიხსნებოდა, იქნებოდა წინააღმდეგობა?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არ ვიცი”- მოკლედ უპასუხა შეკითხვას ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა.

მოსამართლემ გაოცება გამოხატა, როცა ქობულეთის მერიის იურისტმა თქვა, რომ დაპირისპირება “რელიგიური ხასიათის” არ არის.

მოსამართლე: “აბა, რა ხასიათის დაპირისპირებაა… მუნიციპალიტეტი ვერ ხედავს, თუ რა არის, ვერ გავიგეთ. რომ ამბობთ ვმუშაობთო, რაზე მუშაობთ მაშინ? თუ ვერ მივაგენით პრობლემის არსს, როგორ მოგვარდება იგი?”

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ქობულეთის მერიას სხდომის დასაწყისშიც უსაყვედურა. პროცესზე მუნიციპალური შპს “ქობულეთის წყალი” საერთოდ არ გამოცხადდა. ოფიციალურად ამ ორგანიზაციას გამგეობისგან დავალებული აქვს პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა.

“წარმომადგენელი ფეხმძიმედაა და შეუძლოდ გახდა,”- თქვა ქობულეთის მერიის იურისტმა, როცა მას”ქობულეთის წყლის” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შესახებ ჰკითხეს.

“დღეს ხომ არ გაუგია, რომ ფეხმძიმედ იყო?… პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინოს მხარემ, შუამდგომლობა მაინც წარმოედგინა,” – აღნიშნა მოსამართლემ და ქობულეთის მერიის იურისტს უთხრა, რომ მერიას საკმარისი დრო ჰქონდა სარჩელის შეტანიდან არსებითი განხილვის დაწყებამდე პრობლემის მოსაგვარებლად.

“სასამართლო ვერ ხედავს შედეგს… რა გახდა ეს მიერთება ასეთი. სასამართლოს არ მიუღია ინფორმაცია, თუ რამ შეუშალა ხელი ქობულეთის მუნიციპალიტეტს სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეესრულებინა…”- თქვა მოსამართლემ.

სარჩელი სასამართლოში ჯერ კიდევ მაშინ შევიდა, როცა ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე იყო. სარჩელში მოპასუხედ სულხან ევგენიძეა მითითებული, რომელიც ახლა ბათუმის მერიაში მუშაობს.

ქობულეთის მერიის იურისტმა დღეს არსებული დაპირისპირების საილუსტრაციოდ თქვა, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ჩანს ეს.

“ჩვენ ცნობიერების ამაღლების კუთხით ვმართავთ შეხვედრებს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგიანად ვერ დავასრულეთ ეს მოლაპარაკება,”- დასძინა თეონა გეგიძემ.

“ორგანიზაციას გადახდილი აქვს წყალარინების საფასური… წყალი და კანალიზაციის სისტემა მჭიდროდ დასახლებულ ზონაშია საჭირო. ტყეში შეიძლება არ იყოს საჭირო,”- მოუჭრა მოსამართლემ მერიის წარმომადგენელს.

საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება და მას ისევ არ შეასრულებს ქობულეთის მერია, მერიის პასუხისმგებელ პირებს უკვე სისხლისსამართლებრივი წესით მიედავებიან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

 

 

მეხანძრე-მაშველების ხელფასი მომავალი წლიდან შესაძლოა ასი ლარით გაიზარდოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, სამაშველო სამსახურის დაფინანსების გაზრდაა გათვალისწინებული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თუკი პარლამენტი ამ ცვლილებას დაამტკიცებს,  მომავალი წლიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასები გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის 87.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან 5,5 მილიონი ლარი კი  – მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთის მეხანძრე-მაშველების საშუალო ხელფასი 700 ლარია, პროექტის მიღების შემთხვევაში კი „საშუალო ხელფასი, სავარაუდოდ, ასი ლარით გაიზრდება“. პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელფასებთან დაკავშირებით დეტალები კიდევ დაზუსტდება.

კორეაში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა

სეულში, სამხრეთ კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსტიტეტში, ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა.  ქართული ენის კურსს კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ოთარ ბერეჟიანი გაუძღვება.

“ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება,” – ნათქვამია კორეაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

კორეაში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქართული ენის შემსწავლელი კურსის გახსნა კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტთან ჩატარებული მუშაობის შედეგად იქნა შესაძლებელი. დღეს, 2 ოქტომბერს, ჰანკუკის უნივერსიტეტს კორეაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი ეწვია, რომელიც  ქართული ენის შემსწავლელი კურსის მიმდინარეობას გაეცნო და  სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.

ჰანკუკის უნივერსიტეტმა  2017 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან  ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

რატომ დატოვა სახელმწიფომ 17 ბავშვი და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ში, ძველის სკოლის შენობაში მცხოვრებ ექვს ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური შემწეობა შეუჩერა.

ოჯახებში ამბობენ, რომ მათთვის შემწეობა იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც საკვების შესაძენად  და გადასახადების გადასახდელად იყენებდნენ.

ხათუნა მიქელაძე მარტოხელა დედაა. სოციალური შემწეობით მიღებული 90 ლარი მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ოთახში, რომელშიც ხათუნა ცხოვრობს, იატაკი ამოყრილია, ორ ფანჯარაზე კი ცელოფანია აკრული. ერთი ცელოფანი დახეულია.

„სანამ სიცივე დაიწყება, იქნებ ცელოფანი ვიყიდო და ავაკრა. მაგრამ სოციალური თუ აღარ მოგვცეს, როგორ უნდა ვიყიდო, ესეც აღარ ვიცი.  მე თუ სოციალურს მომიხსნიან, მაშინ მითხრან როგორ ვიცხოვრო, ბავშვებს რა ვაჭამო?“ – კითხულობს ხათუნა.

ხათუნა მიქელაძე თავის საცხოვრებელ გარემოში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სოციალური აგენტი ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოდან მემედ აბაშიძის 116-ში ორი დღის წინ მივიდა. სწორედ მისგან შეიტყვეს აქ მცხოვრებლებმა, რომ 6 ოჯახს სახელმწიფომ დახმარება შეუჩერა. სახლში, რომელშიც ადრე სკოლა იყო, თვითნებურად შესახლებული რვა ოჯახი ცხოვრობს. შენობაში საცხოვრებლად მინიმალური პირობებია. რვა ოჯახის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია საერთო მრიცხველზე აღირიცხება. ოფიციალური მიზეზით ეს გახდა მათთვის დახმარების შეჩერების მიზეზი.

ნარიკო მიქელაძეც მემედ აბაშიძის 116-ში ცხოვრობს თავის ოთხ შვილთან ერთად. ისიც მარტოხელა დედაა და ბავშვებს მარტო ზრდის. ყველაზე უფროსი 15 წლისაა, უმცროსი – რვა წლის.

როცა მან სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ შეიტყო, ეს ამბავი არჩევნებს დაუკავშირა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რადგან არჩევნებია, ამ გზით უნდათ დაგვაშინონ, ხმა მოგვეცითო. აბა, რაზე მოხსნეს არჩევნებამდე დახმარება? ოფიციალურად გვითხრეს შუქის გამოო, მაგრამ არ მჯერა. მეზობელს, ხათუნა მიქელაძეს, სამი თვეა რაც აქვს სოციალური, მე – ხუთი თვეა. ჩვენ რომ დავინიშნეთ სოციალური, შუქი უკვე შემოყვანილი გვყავდა.

ან რატომ  დაგვინიშნეს და ან არჩევნების წინ რატომ მოგვიხსნეს?“ -კითხულობს ნარიკო მიქელაძე.

ნარიკო მიქელაძე თავის საცხოვრებელ სახლში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ის ამბობს, რომ სოციალურ დახმარებასთან ერთად უფასო სასადილოდან  საჭმელსაც იღებს.

„დახმარებაც რომ მომიხსნან და საჭმელიც, მერე არ ვიცი. ორი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ორი კიდევ გასაკეთებელი. ეს თუ მომიხსნეს, ბავშვებს როგორ მივხედო. თავისთავად მკვდრები არიან, ეგრე გამოდის. არც ბებია, არც ბაბუა, არც მამა. ერთადერთი სოციალური თუ მიხედავს. ეს ავეჯი, რასაც ხედავთ, ერთი ნაგავში ვიპოვე და მოვიტანე, მეორე – მაჩუქეს. აგენტის მოსვლის მეშინოდა, არის იმის შანსი, ახალი ნივთები შემოგიმატებიაო მითხრას. ახლა რა ვქნა?“ – კითხულობს ნარიკო მიქელაძე.

იმ ორი ოთახიდან, რომელშიც ცირა ზოიძე ცხოვრობს, ერთს სახურავი ნახევრად აქვს ახდილი. ცირა ორ დიდ ტაშტს გვაჩვენებს და გვიხსნის, თუ როგორ ცდილობს წვიმის დროს სახლი დატბორვას გადაარჩინოს.

„ოთხი ვართ ოჯახში. 260 ლარს ვიღებთ სოციალურ დახმარებას. თუ არ აღვიდგინეს, ალბათ შიმშილით დავიხოცებით. ზამთარი მოდის და ჯერ არ ვიცი, რითი უნდა გავთბეთ. ფული არ გვაქვს, რომ შეშა მოვიტანოთ,“ – ამბობს ცირა ზოიძე.

ცირა ზოიძე უყურებს ჭერს, რომლიდანაც წვიმა ჩამოდის

ვარდო მოწყობილი ერთადერთია დასახლებაში, ვინც პირველ ოქტომბერს საკუთარი ქულები გადაამოწმა სოციალური მომსახურების სააგენტოში. სააგენტოს მონაცემებით მისი სარეიტინგო ქულა 24150-ია. ამის მიუხედავად, მას დახმარება შეუჩერდა.

„სამი ბავშვი მყავს. 220 ლარს ვღებულობ, ეს თანხა ბავშვებისთვის პირველადი ნივთების შესაძენად და გადასახადებში მყოფნის. 10 ლარზე ვმუშაობ მთელი დღე, რომ საღამოს სახლში საჭმელი მოვიტანო. დახმარების გარეშე როგორ ვიარსებო?“ – კითხულობს ვარდო მოწყობილი.

ვარდო მოწყობილი

„ბათუმელებმა“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილების უფროსს, თემურ ჭანტურიშვილს სთხოვა განემარტა მიზეზი, თუ რის გამო შეუჩერდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს სოციალური დახმარება. თემურ ჭანტურიშვილის განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს.

„ყოველთვიურად თვის დასაწყისში ან თვის ბოლოს მოგვდის სიები შეჩერებული ოჯახების შესახებ, რომელზეც გამოიყოფა თითო ოჯახზე თითო სოციალური აგენტი და ეს აგენტი სწავლობს იმ პიროვნების პირობებს, დებს დეკლარაციას და ვაგზავნით ისევ თბილისში მისთვის თავიდან ქულების დასაწერად.

ცოტა ისეთი იყო ჩვენთვის, რომ ერთდროულად ერთ სახლში ექვს ოჯახს შეუჩერდა. ეს იყო გამონაკლისი, იშვიათი მომენტი. მაგრამ ამის გამართლებაც ვნახეთ ჩვენ. ესენი ყველა მიბმული არიან ერთ მრიცხველზე. გამომდინარე აქედან, ერთისთვის რომ გაჩერებულიყო და მეორესთვის არა, გამორიცხული იყო. შესასწავლია ის საერთო მრიცხველი და თავისთავად თავ-თავისი წილი რომელს რა აქვს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურიდან გამომდინარე. ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პროცესი,“ – განმარტავს თემურ ჭანტურიშვილი.

კითხვაზე, არის თუ არა ზღვარი დადგენილი, რა თანხას არ უნდა ასცდეს ოჯახი, სოციალური სააგენტოს უფროსი პასუხობს რომ არა.

„არ არსებობს ზღვრული თანხა, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმაროს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა საფასურს იხდის ელექტროენერგიაზე, ქულების დათვლაზე თავისთავად ახდენს გავლენას. ანუ ადამიანი, რომელიც მოგვმართავს სოციალურად დაუცველთა სიაში მოსახვედრად და სახელმწიფოდან ითხოვს თანხას და ამავდროულად 60-70 ლარს თვეში იხდის ელექტროენერგიისას, ისმება შეკითხვა, საიდან აქვს ეს ფული.  ანუ შენ გაქვს რაღაც შემოსავალი. ეს არის ერთ-ერთი მექანიზი გადაკონტროლების“.

თემურ ჭანტურიშვილის თქმით, გადამოწმების პროცესი ერთ თვეს გასტანს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვის აღუდგება დახმარება. ის ოჯახები, ვინც დახმარებას აღიდგენენ, გამოტოვებულ დახმარებასაც მიიღებენ.

მემედ აბაშიძის #116-ში სულ რვა ოჯახი, 33 სული ცხოვრობს. მათგან 17 ბავშვია. როგორც „ბათუმელებს“ იქ მცხოვრებმა უთხრეს, გასულ თვეში რვა ოჯახმა ჯამში 137 ლარის ელექტროენერგია მოიხმარა. თანხა სულადობის მიხედვით ნაწილდება. რაც ერთ სულზე 4.15 ლარს შეადგენს.

ძველი სკოლის შენობა, სადაც სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ
Exit mobile version