მთავარი,სიახლეები

რა თანხას ინახავს განათლების მინისტრი საბანკო ანგარიშებზე

03.10.2018 • 4371
რა თანხას ინახავს განათლების მინისტრი საბანკო ანგარიშებზე

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ნინო დოლიძე თბილისში, მთაწმინდის შესახვევში 300 კ/მ ბინას და 17 კ/მ ავტოფარეხს ფლობს.

2018 წელს ნინო დოლიძემ მეუღლისგან საჩუქრად მიიღო 36 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი MAZDA CX 5, ამავე წელს თავად მიხეილ ბატიაშვილმა შეიძინა 2017 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი LAND ROVER RANGE ROVER VELAR-ი, რაშიც 83 500 ლარი გადაიხადა.

მინისტრის და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშები

27 აგვისტოს მდგომარეობით, მიხეილ ბატიაშვილს საქართველოს ბანკში  20 005 დოლარი აქვს, ამავე ბანკში ასევე აქვს 11 527 ევრო და სახელფასო – 26 960 ლარი.

მისი მეუღლის სახელფასო ანგარიშზე „თიბისი“ ბანკში 579 ლარი ირიცხება, ანაბარსა და მიმდინარე ანგარიშზე კი – 12 933 დოლარი. ასევე აქვს სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სესხი და ბარათები.

მიხეილ ბატიაშვილის სახელზე „საქართველოს ბანკში“ საკრედიტო 81 744 ლარი და საკრედიტო ბარათზე 4000 ლარი ირიცხება.

ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელი ფიგურირებს ხუთ შპს-ში, თუმცა საწარმოებიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ ერთში – შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ფიქსირდება. წლის განმავლობში ამ სასწავლებლიდან მიხეილ ბატიაშვილმა, როგორც კომპანიის დირექტორმა, 25 ათასი ლარი მიიღო.

2017 წელს მიხეილ ბატიაშვილი შპს „აკა“-ში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, საიდანაც ანაზღაურების სახით, წლის განმავლობაში, 2500 ლარი მიიღო. ამავე წელს ბატიაშვილი საქმიანობდა „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრში“ მენეჯერ-კონსულტანტის პოზიციაზე, ანაზღაურება წლის განმავლობაში – 126 062 ლარი.

მინისტრის მეუღლე ნინო დოლიძე გასულ წელს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში – ექიმად, ტრენერად და კონსულტანტად მუშაობდა და მთლიანობაში 55 ათასზე მეტი ლარი გამოიმუშავა.

მინისტრის ბიზნესსაქმიანობა და წილები

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ბატიაშვილი სულ ხუთი კომპანიის დამფუძნებელი და მეწილეა. ამა წლის 20 ივლისს, ანუ გამინისტრების შემდეგ, ბატიაშვილმა ერთ-ერთ მათგანში – წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, თავისი კუთვნილი წილი – 5% გაყიდა. ამ კომპანიას, რომელიც მინისტრს 2016 წელს დაუფუძნებია პარტნიორებთან ერთად, შემდეგი წლის განმავლობაში შემოსავალი საერთოდ არ ჰქონია. ამის მიუხედავად, მან კომპანიაში თავისი წილი 45 ათას ლარად გაასხვისა.

ამავე რიცხვში გაასხვისა წილი მინისტრმა კიდევ ერთ – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც. დეკლარაციის მიხედვით, მინისტრს შარშან არც ამ კომპანიიდან აქვს რაიმე სახის მოგება მიღებული, თუმცა, თავისი წილი [27%] კომპანიაში 160 ათას ლარად გაყიდა.

გასულ წელს განათლების მინისტრმა ორჯერ შეიძინა ავიაბილეთები. ერთში 1986 ლარი გადაიხადა, მეორეში კი – 3 168 ლარი. სასტუმროში კი 1 196 და 854 ლარი დახარჯა.

ამავე წელს მიხეილ ბატიაშვილმა სამჯერ შეიძინა სამოსი, რაშიც ერთ შემთხვევაში 2 276 ლარი გადაიხადა, მეორე შემთხვევაში –  557 ევრო, მესამედ კი – 667 ევრო.

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: